დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდება, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდებიან.

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება. პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

აეროპორტისკენ მომავალ გზაზე აპირებს მორწმუნეების ნაწილი აქციის გამართვას. როგორც ისინი აცხადებენ, აქცია 14 საათზე დაიწყება.

მათი თქმით, ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის, რაც ადასტურებს მათ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი საქადაგებლად და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის გასაძლიერებლად ჩამოდის.

პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 21 სექტემბერსაც, ვატიკანის საელჩოს წინ. “ლოცვითი დგომის აქციის” მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან იმასაც, რომ რომის პაპი უნდა შეხვდეს პატრიარქ ილია მეორეს და უნდა აღავლინოს წირვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ იგი მორწმუნეთა ჯგუფს ემიჯნება. საპატრიარქოს 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილისა და საპატრიარქოს მოწვევით ჩამოდის, ხოლო სტუმრობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

დღეს, რომის პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორეს შეხვდება, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება

ვიზიტის სრული განრიგი ასე გამოიყურება:

პარასკევი, 30 სექტემბერი, 2016

09:00  – გამომგზავრება რომიდან თბილისისაკენ / FIUMICINO-ს საერთაშორისო აეროპორტი
15:00 – ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (დახვედრის ოფიციალური ცერემონია)
15:30 საქართველოს პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილისა და  პაპი ფრანცისკეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.
16:00 – შეხვედრა ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. (საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
16:40 –  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და რომის პაპის შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში (პატრიარქის მიმართვა, რომის პაპის მიმართვა).
18:00 – შეხვედრა ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან, წმინდა სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის ლოცვა).

შაბათი, 1 ოქტომბერი, 2016

10:00 – წმინდა მესა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (რომის პაპის ქადაგება).
15:45 – შეხვედრა საქართველოში კათოლიკე, სასულიერო და საერო პირებთან, თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური ეკლესია (რომის პაპის მიმართვა).
17:00 – საქველმოქმედო ტაძრის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა, კამილიელი მამების სახელობის ცენტრი (რომის პაპის მისალმება).
18:15 –  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მონახულება, მცხეთაში (პატრიარქის მისალმება, რომის პაპის მისალმება)
კვირა, 2 ოქტომბერი, 2016

07:55 – დამშვიდობების ცერემონია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
08:10 – გამგზავრება ბაქოში

წყარო “ნეტგაზეთი”

იხილეთ პაპის მოკლე ბიოგრაფია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე