უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მიერ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წარმოთქმული სიტყვა აღსაყდრების დღეს.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, ღირსნო და პატიოსანნო მამანო, დედანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო!
დიდია მადლი და წყალობა უფლისა! ამ ღვთივკურთხეულ დღეს აქ, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი“ (ფს. 142, 8 ), რადგან მძიმეა ჯვარი და პასუხისმგებლობა მწყემსმთავრობისა.
ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღმერთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად.
„არავინ თავით თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ“ (ებრ. 5.4), – ამბობს მოციქული პავლე და მეც, განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ 13. 5).
ორი ათასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა, კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და „უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს“ (ინ. 8, 51), ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნებისა და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია.
სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღნიშნავს და განადიდებს მას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად კი განადიდებს წმინდა მოციქულ ანდრიას. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას.
1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად.
თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია, „სარწმუნო და გონიერი მონის“ (მთ. 24. 45-46) მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია, მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიცა და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია (გალ. 6, 2). საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს თქუენდა მსახურ“ (მთ. 20, 26).
ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით განმსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყნას. აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, „ყოველნი ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 21).
სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს.
ამიტომ დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც „კეთილმა მწყემსმა“, შევძლო „სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის“ (ინ. 10, 11) და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც „უღელი ტკბილი და ტვირთი სუბუქი“ (მთ. 11, 30).
ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურებისა, ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულს გასამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად.
დღეს თქვენ წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა-მეფე დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი დიდი მადლისა და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც…
ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირს შიოს მღვიმელსა და ღირს ალექსი სენაკელს (შუშანიას). ვმადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოს-პატრიარქობის ურთულეს გზაზე.
მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს, ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისათვის.
მადლობა მინდა, ვუთხრა ასევე, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ჩვენს საამაყო სამვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს ლოცვებისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის.
გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის! ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებითა და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს.
დაე, სიყვარულითა და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ „ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (ინ. 10, 16.). ამინ!
12 მაისი, 2026 წელი











