ავტორი – იოანე კაზარიანი
მოცემულ სტატიაში ერთიანად რამდენიმე ქრისტოლოგიურ ასპექტს შევეხებით. გვინდა მათ შესახებ ვიმსჯელოთ სრულიად სხვა (გარკვეულ წილად, ალტერნატიულ) თვალსაზრისით, ამიტომ, შეიძლება აქ გამოთქმული ვარაუდები და კერძო შეხედულებები აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებებს (და არა დოგმატებს) არ ემთხვევოდეს, შესაბამისად მკითხველი უნდა იყოს მზად ამისთვის. სტატიის ავტორს არ აქვს პრეტენზია იმაზე რომ მისი ეს წერილი – ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა, შესაბამისად, მოცემული სტატია – ავტორის ღია თეოლოგუმენია. დღეს, თანამედროვე აზროვნების ფონზე, აუცილებელია განვავითაროთ თავისუფალი ღვთისმეტყველება (რომელიც ყოველთვის იყო ეკლესიაში, იგივე წმინდა მამების ეპოქის დროს), რომელიც შუა საუკუნეების ეპოქალური ჩაკეტილობისგან არის თავისუფალი, რადგან ღვთის სული მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის („ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც“ (იოან. 3, 8), არამედ ის არის ჩვენი ცხოვრების ა–წ–მ–ყ–ო და მ–ო–მ–ა–ვ–ა–ლ–ი. მრავალი ჩვენი თანამედროვისთვის წმინდა მამათა მოსაზრება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი როდია, რაც სრულად ნორმალური მოვლენაა საღვთისმეტყველო ტრადიციის მობილურობის და ჯანსაღი აზროვნებისთვის (რომელიც მუდმივ კოგნიტურ განვითარებას გულისხმობს), რაც მუდამ ვითარდება სივრცე–დროის კონტინუუმში. არაფერი ქმნილი დგას ერთ ადგილას. წმინდა მამათა აზრი კოსმოლოგიურ და კერძოთ ბიოლოგიურ საკითხებში (რასაც ამ შემთხვევაში ეხება ავტორი) დამაკმაყოფილებელი იყო შუა საუკუნეებში, ანუ წმინდა მამათა დროში. დღეს, მრავალ კოსმოლოგიურ და ბიოლოგიურ საკითხზე პასუხს წმინდა მამებთან ვერ ვიპოვით ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს კითხვები მაშინ სხვა რაკურსით ისმოდა ან საერთოდ არ ისმოდა. თანამედროვე ბიოლოგია და კოსმოლოგია ძალიან განვითრდა და შესაბამისად ქრისტოლოგიური პერსპექტივასთან დაკავშირებით ჩვენ ვსვამთ ახალ კითხვებს, მითუმეტეს რომ ბიოლოგია და სამეცნიერო კოსმოლოგია დროთაგანმავლობაში ცალკე დარგათ გაფორმდა. ეს სტატია არის ერთერთი ასეთი მცდელობა ვუპასუხოთ ამ კითხვებს თანამედროვე მეცნიერების გათვალისწინებით, რადგან ლოგოსის განხორციელება ზუსტად და ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან კავშირშია და ექვემდებარება ამ ხილულ რეალობას და შესაბამისად – თანამედროვე ანალიზს. ამის შესახებ კი ქვემოთ ვისაუბრებთ.
მოხერხებულობის მიზნით, სტატიას ორ ნაწილად დავყოფთ:
ქრისტოლოგიურ–ბიბლიურ და (ნეირო)ბიოლოგიურ ნაწილებად.
* * * * *
I ნაწილი
როგორ თავსდება იესო ქრისტეში ღვთაებრიობის მთელი სისავსის (კოლ. 2, 9) მკვიდრობა მის ადამიანურ შეზღუდულობასა და განვითარებადობას? სახარებიდან ვხედავთ, რომ ისტორიული იესო ვითარდება, როგორც Homo sapiens-ის სახეობის ყველა წარმომადგენელი, ასევე, მას ახასიათებს ყველა ბ–უ–ნ–ე–ბ–რ–ი–ვ–ი ს–ა–ზ–ღ–ვ–ა–რ–ი, მათ შორის, ც–ო–დ–ნ–ი–ს ს–ა–ზ–ღ–ვ–ა–რ–ი (თუ ასე არ არის, მაშინ ქრისტეს ვერ ვუწოდებთ ჩვენს ერთარს ანუ – Homo sapiens-ს). მაგრამ, როგორ შევუთავსოთ ეს იმას, რომ პავლე ქრისტეს უწოდებს ღვთაებრიობის სისავსის სათავსოს? ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე არსებობს ორი, თანაბრად რელევანტური, პასუხი:
(1 პასუხი) ღვთაების რაიმეში განხორციელება (აქ საუბარია არაჰიპოსტასურ ადამიანურ ბუნებაზე) ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმნილი ბუნება მასში ღვთაებრიობის განხორციელების პირველივე წამიდან ამ სისავსის სრულ გამოხატულებად იქცევა. ამის გააზრება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება შევადაროთ ნათლობისა და მღვდლობის საიდუმლოებების ნიჭს: საიდუმლოებაში ყველანი ვიღებთ ნიჭის მთელ სისავსეს, მაგრამ მის განხორციელებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვსწავლობთ. ასევე, იესოც სწავლობდა მასში განკაცებული სისავსის განხორციელებას. ამასთან, ამ სისავსის გამოხატვის ს–ა–შ–უ–ა–ლ–ე–ბ–ე–ბ–ი შეესაბამება ამ სისავსის მიმღები ბუნების შ–ე–ზ–ღ–უ–დ–უ–ლ–ო–ბ–ა–ს და შესაბამისი ისტორიული კულტურის (რომელშიც ქრისტე იზრდებოდა) შეზღუდულობას. ანუ, იესო ს–წ–ა–ვ–ლ–ო–ბ–ს თავისი თავის, თავისი ღვთაებრიობის გ–ა–გ–ე–ბ–ა–ს იმ ტრადიციის კონტექსტში, რომელშიც აღიზარდა. გამოხატვა და გაგება ე–რ–თ–ი–ა–ნ–ი პროცესია, რომელიც კოგნიტურ ბიოლოგიას და კოგნიტურ კულტურას ეყრდნობა, რომელიც საერთოა გამომხატველისთვისა და მსმენელისთვის. დაახლოებით ასეთი გაგება ჰქონდათ ეკლესიის პირველ მამებს. მაგალითად, წმ. ირინეოს ლიონელი წერს:
„ღვთის სიტყვა ადამიანში მკვიდრობდა და ძე კაცისად იქცა, რათა ა–ს–წ–ა–ვ–ლ–ო–ს ადამიანი ღმერთის გაგებას და ა–ს–წ–ა–ვ–ლ–ო–ს ღმერთი ადამიანში მკვიდრობას [assuesceret hominem percipere Deum, et assuesceret Deum habitare in homine] მამის ნებით“ [ირინეოს ლიონელი. ერესების წინააღმდეგ 3: 20:2. // PG 7a: 944]. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ეს „ნესტორიანობა“ არის, მაგრამ ეს ერთი წუთითაც კი არ არის „ნესტორიანობა“. არავინ დაგმო წმ. ირინეოსი და არავის გასჩენია ეჭვი, რომ იგი „ერეტიკოსია“. უნდა გვესმოდეს, თუ რომელი ქრიტოლოგიური პოზიციიდან ღვთისმეტყველებს იგი.
ჩვენი აზრით, წმ. ირინეოსის ეს მოსაზრება ზუსტად ახასიათებს ისტორიულ „ადამიანს იესო ქრისტეს“ – (შეად. 1 ტიმ. 2, 5), პალესტინის კონკრეტული მცხოვრებს, ღარიბ მქადაგებელს, იუდეველს, სემიტს, Homo sapiens-ის სახეობის ერთ–ერთ წარმომადგენელს, რომლის ბიოლოგიურ სხეულს კოგნიტიური განვითარების ყველა ის ევოლუციური ნიშან–თვისება ახასიათებდა, რაც ჩვენ. აქ ჩვენთვის ორი სიტყვაა მნიშვნელოვანი: “assuesceret” [assuesco – რაიმეს სწავლება ან მიჩვევა, საკუთარ თავში დახელოვნებისა და უნარის გამომუშავება] და “percipere” [percipio – მიღება, წვდომა, გაგება, შეგრძნება და სხვ]. წმ. ირინეოსის თანახმად, არა მხოლოდ ადამიანს უნდა ესწავლა ღმერთში ცხოვრებას, არამედ ღმერთსაც უნდა ესწავლა, თავისი თავის ადამიანის სხეულში „შეგრძნებას“. ამისათვის საკმარისი არ იყო ლოგოსის განკაცება (ადამიანის იერსახის (უბრალოდ გარეგნულობის) მიღება), საჭირო იყო კიდევ ჩვენი ცხოვრების განვლა და ყველაფრის გამოცდა, ცოდვის გარდა: „რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი [πεπειρασμένον სიტყვიდან πειρασμός (გამოცდა, ცდა, შემოწმება)] ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრ. 4:15). ღმერთს ონტოლოგიურად უნდა გ–ა–მ–ო–ე–ც–ა–დ–ა ადამიანში ადამიანური ცხოვრება. ეს „მიჩვევა“/“სწავლა“ თ–ა–ნ–დ–ა–თ–ა–ნ ხდებოდა და ზუსტად ამაშია ქრისტეში ადამიანური და ღვთაებრივი ენერგიებისა და ქმედებების ურთიერთდამოკიდებულების განხილვის ალტერნატიული რაკურსი. ეს რაკურსი იმიტომ არის ალტერნატიული, რომ დღეს ზუსტად ბიოლოგიური ევოლუცია ქრისტოლოგიას უსვამს ახალ შეკითხვებს, რომლებზე თეისტურ ევოლუციას ჯერ კიდევ პასუხი აქვს გასაცემი. რასაც ჩვენ აქ ვწერთ – ეს მხოლოდ მცდელობაა.
(2 პასუხი) ამიტომ, იესო თავის გაგებას გამოხატავს მხოლოდ იმ ისტორიულ–ინდივიდუალური კულტურის ენით, რომელშიც ის ჩამოყალიბდა. პავლე მოციქულის როგორც რომაელთა მიმართ, ისე სხვა ეპისტოლეებში შეიმჩნევა იესო ქრისტეში ღვთაებრიობის სისავსის გ–ა–მ–ო–ხ–ა–ტ–ვ–ი–ს (ან „ჩამოყალიბების“) დ–ი–ნ–ა–მ–ი–უ–რ–ო–ბ–ა, რადგან ღვთის ძედ იგი თავის აღდგომაში გვევლინება „და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს“ (რომ. 1, 4). მაშასადამე, ღვთაებრივი სისავსე მასში გამოიხატებოდა დ–ი–ნ–ა–მ–ი–უ–რ–ა–დ და მხოლოდ აღმდგარი უფალი იესო სრულად გამოხატავს ღვთაებრივ სისავსეს. ეს უთავსდება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ზოგად ლეიტმოტივს (პავლე აქ იესო ქრისტეს მიმართებაში ორჯერ იყენებს ტერმინს τελειόω – სრულყო) (ებრ. 2, 10; 5, 9). აღსანიშნავია, რომ კოლ. 2, 9-ში პავლე ამბობს არა „მკვიდრობდა“ (წარსულ დროში), არამედ „მკვიდრობს“ – „κατοικεῖ“ (praesens). ანუ, ქრისტეს სახით „ჩვენთვის ახლა“ ცხადდება ღვთაებრიობის მთელი სისავსე (შეად. კოლ. 2, 9 და 1, 19 კონტექსტუალური წაკითხვის გათვალისწინებით).
მთელს ამ ისტორიაში უმთავრესი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიტყვას „კენოზის“. ამ ბერძნულ ტერმინს იყენებს იგივე პავლე მოციქული. ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება იყო დამდაბლება – ღმერთი დამდაბლდა და მუდმივად მდაბლდებოდა ადამიანური სხეულის შეზღუდულობაში. სიტყვა–ღმერთის კენოზისთან დაკავშირებით პავლე ამბობს: «…დაიმდაბლა თავი (ἐκένωσεν), მიიღო რა მონური სახე» (ფილ. 2, 6-7.). ἐκένωσεν მოდის სიტყვიდან κενόω ანუ „დაცარიელება“, „გადმოპირქვავება“, „წართმევა“, „მიტოვება“ და სხვ. ეს ძალიან ღრმა და მრავალმნიშვნელოვანი ტერმინია. პავლეს სიტყვებში განკაცება ძალიან ღრმად არის გააზრებული. იმის ფონზე, რაც ზემოთ ვთქვით, გამოდის, რომ მეტაფიზიკურმა ლოგოსმა, ფიზიკური განკაცების მომენტში, კენოზისი, ანუ დაცარიელება განიცადა. კერძოდ, რისგან ცარიელდება, რას ტოვებს ლოგოსი განკაცებისას? ან რა ტოვებს მას? ღვთაებრივი კენოზისი ხომ არ არის უბრალოდ მატერიალური ფორმის ან მატერიალური გარესახის, მატერიალური განხორციელების მიღება ან ამ განხორციელებაში საკუთარი თავის „შეზღუდვა“? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, თუ კენოზისს ასე ფორმალურად გავიგებთ, მაშინ გამოდის, რომ განკაცებულ ღმერთში არაფერი შეცვლილა განკაცების პროცესში, ანუ ეს იყო მხოლოდ ღმერთი ადამიანური სახით და არა ნამდვილად ადამიანი. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ლოგოსმა ჩვენი ბუნება სამოსელივით შეიმოსა, შინაგანი ონტოლოგიური თვითშეზღუდვის გარეშე. თუ ასეა, მაშინ ლოგოსის მთელი მიწიერი ცხოვრება მთლად თეატრული წარმოდგენა ყოფილა, თეატრალური სცენარი განკაცების რეალობის, ჩვენი შეზღუდული ბუნების ყველა კერძო ბიოლოგიური გამოვლინების გარეშე. ჩვენ გვწამს, რომ ლოგოსი რ–ე–ა–ლ–უ–რ–ა–დ განკაცდა და მთელი ჩვენი შეზღუდულობა, ყველა ჩვენი ფიზიკური უძლურებანი და ნაკლოვანებები მიიღო (ცოდვის გარეშე). ამიტომ, თუ ვამბობთ, რომ ლოგოსი განკაცდება, კენოტიკურად ეს ნიშნავს, რომ კენოზისი/განკაცება იყო არსებითი/ონტოლოგიური და არა მხოლოდ ფორმალური. თუ ლოგოსს აკლდება, მას ღვთაებრივი თვისებების სისავსე აკლდება (ანუ, სისავსე მასში კი იყო, მაგრამ არ ვლინდებოდა/არ გამოიხატებოდა მასში მთელი ძალით), აკლდება ღვთაებრივი გამოვლინების სისავსე; განკაცების მომენტში მას ღვთაებრივი სისავსის თვისებები „ტოვებს“ („ტოვებს“ – უხეში ტერმინია, უფრო – ვერ/არ მოქმედებს და მოქმედებს დროთაგანმავლობაში). სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს თვისებები მასში „ჩაწერილია“/“გაწერილია“, მაგრამ არ ვლინდება ყველა ერთიანად, არამედ თანდათანობით ვლინდება. ეს თვისებები მასში (განკაცების შემდეგ) თანდათან ვლინდება. რას ნიშნავს „თანდათან“? ეს ნიშნავს, ფიზიკურ და კოგნიტურ ზრდასთან ერთად. ზუსტად ამიტომ იყო ქრისტე ჭეშმარიტი ადამიანი, რომ მისი ადამიანური/ბიოლოგიური ზრდა აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენი ერთგვარი/თანაარსი იყო (ქალკედონის 451 წ. კრების დოგმატის თანახმად) და თუ, მაგალითად, ის (ქრისტე) ამბობს, რომ რამე არ იცის, ე. ი. მართლა არ იცის. მაშ, ნუ „შევარბილებთ“ მის ბუნებრივ ანუ – ადამიანურ – არცოდნას წმინდა მამათა „პედაგოგიკით“ (რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ), რომელიც ვითომდა (ადამიანური) არცოდნით ინიღბება. სავარაუდოთ ქრისტემ ნამდვილად არ იცოდა საშინელი სამსჯავროს დრო და როდესაც ჯერ კიდევ თავისი მ–ი–წ–ი–ე–რ–ი ცხოვრებისას მოციქულებს პასუხობს, რომ არ იცის, ე. ი. მართლა არ იცის, ხოლო ჯვარზე წამების შემდეგ პირდაპირ ეუბნება „თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა“ (საქმე. 1, 7). ასე მხოლოდ მ–ც–ო–დ–ნ–ე ადამიანი იტყვის. ანუ, აღდგომის შემდეგ მას უკვე აქვს ცოდნის სისავსე, რადგან მასში უკვე სრულად გამოვლინდა ღვთაებრიობის სისავსე (კოლ. 2, 9), რომელიც მას შეზღუდულად ჰქონდა მიწიერი ცხოვრებისას, ჯვარზე ტანჯვამდე, რადგან იგი კ–ე–ნ–ო–ტ–ი–კ–უ–რ–ა–დ ე–მ–ო–რ–ჩ–ი–ლ–ე–ბ–ო–დ–ა ადამიანურ შეზღუდულობას (ანუ ჩვენთვის საერთო შეზღუდულობის კანონს, ესაა იყო ჩვენი ერთარსი).
ზუსტად ამიტომ წერს ლუკა მოციქული: „ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე“ (ლუკა. 2, 40; 2, 52). მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო ქრისტეს სიბრძნით აღვსილიყო ფიზიკურ ზრდასთან ერთად: თუ მან აიღო თავის თავზე ნამდვილი (არა მოჩვენებითი) განკაცების კენოტიკური აქტი – ღვთაებრივი თვისებებისგან დაცლის აქტი, რითაც თავის ადამიანობას თავის თავში ისეთი გამოვლენის საშუალება მისცა, როგორც ეს ახასიათებს ქმნილ და შეზღუდულ ბუნებას. სხვაგვარად კი, ლუკა მოციქულის სიტყვები ფორმალურად, თეატრალურად, სიმბოლურად, ალეგორიულად, პედაგოგიურად და ა. შ. უნდა გავიგოთ (როგორც გინდათ, ოღონდ არა რეალურად). მაგრამ, არსად ჩანს, რომ ლუკას ასე ესმოდა – ერთ თავში ორჯერ ამბობს, რომ ქრისტე სიბრზნით ივსებოდა (ანუ, ლუკასთვის ამის ხაზგასმა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც პავლესთვის, რომელიც ორჯერ იყენებს ტერმინს τελειόω – „სრულყო“ ქრსტეს მიმართებით). ზუსტად ასე უნდა გავუგოთ პეტრე მოციქულს, რომელიც ამბობს: „მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შ–ე–ქ–მ–ნ–ა (ἐποίησεν) ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“ (საქმე. 2, 36). პეტრე მოციქულთანაც არ არის ფორმალობა. ის პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, რომ ღმერთმა, კენოზისის, ჯვარზე სიკვდილის და შესაბამისად აღდგომის პროცესში, იესო ქრისტედ და უფლად აქცია. უფრო ძლიერ მაგალითს ვხედავთ იოანე მოციქულთან: „ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე“ (საქმე. 17, 5). ბევრი ჩვენგანი, როდესაც ამ მუხლს კითხულობს, ვერ ამჩნევს ამ სიტყვების კენოტიკურ ძალას. ქრისტე მამას განდიდებას, ანუ იმ დიდების მიცემას სთხოვს, რომელიც მას მამასთან ჰქონდა ქვეყნის შექმნამდე. ანუ, ქრისტე მამას სთხოვს იმის დაბრუნებას, რაც მას განკაცებამდე ჰქონდა და რაც მან შემდეგ „დაკარგა“, ანუ აქ საუბარია მარადიულ დიდებაზე (ღვთაებრიობის ერთ–ერთი თვისება). დიდება ღვთაებრივი თვისებაა, რომელიც უქმნელი ბუნების სისავსეს განეკუთვნება; დიდება შეიძლება კიდევ ისე გავიგოთ როგორც ღვთაებრივი ძალის დემონსტრირება. დიდება კიდევ დროსა და სივრცეში ღვთაების მოქმედების სისავსისა და ყოფნის სიმბოლოა, ღვთაების სისავსე კი მთელი ძალით მხოლოდ აღდგომის შემდეგ ვლინდება. ლოგიკური ფიქრია, რომ ქრისტე არ ფლობდა მთელ, კერძოდ კი ქ–მ–ე–დ–ი–თ სისავსეს, მიწიერი ცხოვრების პერიოდში და ეს პირდაპირ ჩანს ახალი აღთქმის მუხლებში.
* * * * *
II ნაწილი.
ახლა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე ნეირობიოლოგიურ პერსპექტივის ჭრილში. თუ ქრისტეს ადამიანური ტვინი სიბრძნით ივსებოდა სიყრმიდანვე და ფიზიოლოგიური ჩამოყალიბების პერიოდში (ლუკა. 2, 40), სიბრძნით ავსება კი მხოლოდ ჰიპოსტასურად (პიროვნულად) არის შესაძლებელი, მოცემულ შემთხვევაში კი ჰიპოსტასი ღვთაებრივია, მაშინ, ის სიბრძნით მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ივსებოდეს – თუ ეს გ–ა–ნ–კ–ა–ც–ე–ბ–უ–ლ–ი ჰიპოსტასი ნებაყოფლობით თავისი თავი დაცალა ანუ – კენოტიკურად შეუერთდება ქმნილ/შეზღუდულ ბუნებას. ანუ ღვთაებრივი ჰიპოსტასი თავის თავს თავისივე ნებით ზღუდავს სიბრძნეში და (წმ. ირინეოსის აზრის შუქზე რომ ვთქვათ) ღმერთს ასწავლის ადამიანის შეზღუდულ გონებაში მკვიდრობას. ანუ, განკაცებისას ლოგოსი მთლიანად და ნებაყოფლობით მ–ი–ე–ც–ე–მ–ა მის მიერ მიღებული ადამიანური ბუნების შეზღუდულ რეალობას, ანუ შეზღუდულ კოგნიტურ ნეირობიოლოგიას. რას ნიშნავს ეს ნეირობიოლოგიის ენაზე? სიბრძნე არის გამოცდილების და გარემოსთან კონტაქტის მეშვეობით ცოდნაში ზრდის პროცესი (წმ. ირინეოსი: ღმერთი ადამიანში მკვიდრობას სწავლობდა). ეს გამოცდილება (ანუ ეს მუდმივი სწავლის პროცესი) ადამიანის თავში სულ უფრო მეტ ნეიროკვანძებს ქმნის, რაც ადამიანს, ამ სამყაროს შემეცნების მეშვეობით, კოგნიტიური პროგრესირების შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ასედაც ითქვას: ორგანიზმი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით იღებს გამოცდილებას და ამუშავებს მას ნერვული სისტემის მეშვეობით, თავად გრძნობის ორგანოებისა და ნერვული სისტემის განვითარება კი ჩვენს გენეტიკურ კოდზეა დამოკიდებული. თუ ვიტყვით, რომ პატარა ქრისტემ, რომელიც ბეთლემის ბაგაში იყო, თავისი ადამიანური ტვინით პრაქტიკულად ყველაფერი იცოდა – „დიდი აფეთქების თეორიით“ და კოსმოლოგიური სინგულარობით დაწყებული, ყველა სამეცნიერო აღმოჩენით დამთავრებული (რომლებიც მომავალში იქნება), მაშინ, არ იქნებოდა არანაირი რეალური განკაცება; თუნდაც ზოგ წმინდა მამას ეფიქრა, რომ ჩვილმა ქრისტემ ყველაფერი იცოდა. ეს არ არის ადამიანური ბუნების რეალობა. ასეთ შემთხვევაში, კენოზისი ცარიელი სიტყვაა, მხოლოდ ტერმინია, რომელიც ადამიანური სისავსის მხოლოდ სახეს გვაძლევს, სინამდვილეში კი ქრისტეში ჩვენი ერთარსება არ არის, რადგან ჩვენს ბუნებას ახასიათებს არცოდნა. არცოდნა – ცოდვა არ არის. ეს მხოლოდ ჩვენი კოგნიტიური ნეირობიოლოგიური შეზღუდულობაა და ეს ნორმალურია ჩვენი ბუნებისთვის, რომელიც მუდამ შეიმეცნებს სამყაროს ანუ მუდამ შემეცნებით პროცესშია. ჩვენს ანატომიურ ტვინს არშეუძლია ყველაფრის ცოდნა, და ეს ჩვენი ბიოლოგიის (ბუნების) ერთ–ერთი შეზღუდულებას წარმოადგენს. ახალ ნეიროკვანძებს ჩვენი კოგნიტური შემეცნება (პროგრესი იზრდება გამოცდილებასა და სწავლასთან ერთად) და ჩვენი მრავალრიცხოვანი გენები აყალიბებენ. გენები პირდაპირ მონაწილეობენ ადამიანის კოგნიტურ განვითარებაში. თუ პატარა ქრისტემ ყველაფერი იცოდა სიყრმიდანვე, ის აღარ არის ჩვენი ერთარსი ადამიანი, რადგან ჩვენი ადამიანური ფიზიოლოგიური განვითარება პირდაპირ ჩაწერილია/გაწერილია დნმ–ს მაკრომოლეკულაში, რომელიც (გენები დნმ–ში) ყოველთვის მრავლდებიან და მუტაგენეზს განიცდიან. თუნდაც, წმინდა მამათაგან ვინმე (მაგ., წმ. ათანასე, „სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ“, 3) ამბობდა, რომ ქრისტემ ადამიანურად არ იცოდა (საუბარია ბოლო ჟამის დღეზე), ღვთაებრივად კი იცოდაო, ესეც ცნობიერების გაორებისკენ მიმავალი გზაა, თანაც, მაშინ, როდესაც ქრისტეს ერთი ჰიპოსტასი აქვს. როგორ შეიძლება, რომ ერთიანი / ერთი და იგივე სუბიექტმა, ერთდროულად, იცოდეს და არ იცოდეს რამე? და თუ განკაცებული ღვთაების თვითცნობიერების ცენტრი ლოგოსის ღვთაებრივ ჰიპოსტასშია? ამიტომ, ლოგიკურია ლოგოსის ნამდვილი თვითშეზღუდვა მის მიერ მიღებულ ბუნებაში, აქედანვე ლოგიკურია ისიც, რომ ქრისტე სიბრძნით ივსება (ლუკა მახარებელი) და მამას სთხოვს მარადიული დიდების დაბრუნებას (იოანე მახარებელი), და სრულყოფისკენ მიდის (პავლე მოციქული), და ღვთაებრივი ლოგოსი სწავლობს ადამიანში მკვიდრობას (წმ. ირინეოსი) და ა. შ.
ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რ–ო–გ–ო–რ მოქმედებს კ–ე–ნ–ო–ტ–ი–კ–უ–რ–ა–დ ღვთაებრივი ბუნება ადამიანურ შეზღუდულ სხეულში, ჩვენ არ ვიცით მის ადამიანურ გონებაში ღვთაებრივი ბუნების მოქმედების თავად ეს „მექანიზმი“, მაგრამ, ვიცით, რომ იგი სიბრძნით აღივსებოდა და ეს ფაქტია, ეს წერილიდან პირდაპირ ჩანს. ვიცით, რომ იგი მამას სთხოვს მისცეს (დაუბრუნოს) მას მარადიული დიდება და ამ (სრულ) დიდებაში ქრისტე „ბრუნდება“ (თუ შეიძლება ასე ითქვას) აღდგომისას უკვე (ლუკა, 24, 26 „განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“). ვიცით, რომ ის სრულყოფისკენ მიდის (პავლე მოციქულის თანახმად). რაზე მეტყველებს ეს ყოველივე? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქრისტემ მართლაც არ იცოდა რაღაც. თუ მან სამარიტელზე და მის ქმრებზე იცოდა (იოანე, 4, 7-38), მან ეს იცოდა იმდენად, რამდენადაც მას ეს გ–ა–ე–ხ–ს–ნ–ა (მასში ორი ბუნების ჰიპოსტასურ შეერთებას ვითვალისწინებთ) მისი წინასწარმეტყველური ცოდნით (კენოტიკური შეზღუდვის გათვალისწინებით), რომელშიდაც მასში ჩნდება ღვთაებრივი თვისებების თანდათანობითი გამოვლინება. ამავე დროს, ვერავინ ხსნის კენოტიკურ შეზღუდულობაში მისი ღვთაებრივი თვისებების მოქმედების/გამოვლინების „მექანიკას“. შეუძლებელია ორი ბუნების პერიქორიზესის ახსნა, ამ შიდაჰიპოსტასურ ბუნებრივ ერთობის პროცესს მხოლოდ თავად ამ ბუნების მატარებელს შეუძლია ამის ახსნა, მეტი არავის. შეგვიძლია, მხოლოდ სახარებისეულ ფაქტებს ვადევნოთ თვალი, მაგრამ ვერ ვხსნით მათ მეტაფიზიკურ „მექანიზმს“ მის განკაცებაში. ამავდროულად, ქრისტემ არ იცის, ვინ შეეხო მას (მათე, 9, 20) (როგორ პედაგოგიურადაც არ უნდა ხსნიდნენ ამას შუასაუკუნეების განმარტებელნი, რომლებიც ამით მუდამ ცდილობენ, მიწიერ ქრისტეში მისი ღვთაებრივი სისავსის „გადარჩენას“). ჩვენ არ ვიცით ამ მოქმედების „მექანიზმი“, მაგრამ ეს მოქმედება ნამდვილად კენოტიკური ხასიათისაა. ანუ, ქრისტეს ადამიანურ სხეულში, ღვთაებრიობა „ე–მ–ო–რ–ჩ–ი–ლ–ე–ბ–ა“ ჩვენი ანატომიის ბუნებრივ და უცოდველ თვისებებს, რომლებიც ჩვენი ანატომიით არიან შეზღუდულნი და ეს სახარებისეული ფაქტია. განვმეორდებით: ღვთაება (უფრო ზუსტად კი, ლოგოსის ღვთაებრივი პიროვნება) ზუსტადაც რომ „ემორჩილება“ და თუ გნებავთ, ეს არის ღვთაებრივი თვინიერება. რადგან, „თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2, 8). თუ ვიტყვით, რომ ქრისტემ, თავის ორბუნებოვნებიდან გამომდინარე, ერთდროულად რაღაცა იცის და არ იცის, ქრისტეში შემოვიყვანთ მეორე სუბიექტს, რომელიც თავის არცოდნას აცნობიერებს (რასაც კლასიკურ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში „ნესტორიანელობა“ ეწოდება, თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ნესტერეს თეოლოგიური აზრები ჯერ კიდევ საკლევია). შეუძლებელია ერთდორულად ცოდნაც და არცოდნაც ერთი თვითცნობიერ ჰიპოსტასისში. ეს – გაორებაა. ან ქრისტეში ორი ცნობიერება უნდა ვაღიაროთ, ანუ ორი ვინმე, ვინც აცნობიერებენ (ან ორი თვითცნობიერი ვინმე), ანუ ორი მოაზროვნე სუბიექტი, მაგრამ ჩვენ, როგორც „ქალკედონიტები“, ხომ მასში ერთ (თვით)ცნობიერებაზე გვაქვს პრეტენზია.
ქრისტეს მოღონიერება სჭირდებოდა, ხომ ასეა? თუ არა, მაშინ, მთელი ეს „გეთსიმანიის ეპიზოდი“ სრული თეატრი იყო. სხვაგვარად ვერ ავხსნით მისი შიშების სინამდვილეს, ვერც მოძლიერებისა და ძალის საჭიროებას. თუ ვინმე ხსნის ამას ისე, რომ იგი თავს აჩვენებდა, თითქოს ეშინოდა ან შეშინებული ადამიანის სახეს იღებდა, მაშინ, ეს დოკეტიზმია. მაგრამ სახარება ამბობს, რომ ქრისტე „ურვობდა“ (ἐκθαμβεῖσθαι) (მარკ, 14, 33), ანუ შიშს განიცდიდა, ადამიანურ შიშს და ამიტომ სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა/დახმარება მოციქულთაგან. ქრისტე თავად ს–თ–ხ–ო–ვ–ს მოციქულებს ამას (მათე. 26, 36 – 46). შიში არის – ადამიანის ტვინში ჯაჭვური რეაქცია, რომელიც სტრესული სტიმულით იწყება და მთავრდება ქიმიური ნივთიერებების გამოსროლით (გამოყოფით), რომლებიც გახშირებულ გულისცემას, გახშირებულ სუნთქვას იწვევენ და კუნთებს ენერგიით ავსებენ. ანუ, ეს თვისებები ჩვენს ონტოლოგიას უკავშირდება – შეცვლილი ემოციური მდგომარეობის განცდას. ამიტომ განიცდიდა ქრისტე ძლიერ სტრესს არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ბიოლოგიურადაც: „ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა. 22, 44). ლუკა ყველაზე რეალისტურია. ლუკა. 22, 44 შეიძლება ისედაც გავიგოთ, რომ ქრისტეს ოფლი სისხლის „მსგავსი“ იყო და ისედაც, რომ „გეთსიმანიის“ ბრძოლისას ქრისტეს ნამდვილად სისხლი წამოუვიდა. ლუკასთან არის სიტყვა ἀγωνία,- „აგონია“, ანუ ქრისტე იყო აგონიაში, განიცდიდა რა სულიერ (რომელიც მის სხეულზეც აისახა) ბრძოლას, ღელვასა და შფოთვას, უკიდურესი ფსიქიური დაძაბულობისას, ადამიანს შეიძლება გაუსკდეს კაპილარები და სისხლი საოფლე ჯირკვლებიდან გამოდის (შეად. „ჰემატოჰიდროზი“). ეს უკავშირდება ადამიანის ძლიერ სტრესულ მდგომარეობას, რომელიც ნამდვილი განცდითა და შიშით არის გამოწვეული. ადამიანი ამას იმიტომ განიცდის, რომ განცდა მასში იწვევს ღრმა ბიოლოგიურ პროცესებს. აქ აღსანიშნავია, რომ შიშები ბიოლოგიური ევოლუციის პერიოდში გაჩნდა. მაგალითად, ღია სივრცეების შიშს ფესვები აქვს შორეულ წარსულში, როდესაც დაუცველ ადგილას ველური ცხოველების თავდასხმის საფრთხე არსებობდა; ასეთივე შიშს ადამიანი განიცდიდა რაიმე უცნობის წინაშე და ა. შ. ქრისტემ იცოდა, რაზედაც მიდიოდა, ის ჯვარზე მიდიოდა, მაგრამ მან არ იცოდა, რ–ო–გ–ო–რ–ი–ა, რამდენად ძლიერია და მომცველია ეს ტანჯვა ბიოლოგიურად და ზოგადად ფსიქოსომატურად. მისი ასეთი შიში სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან იგი ყველაფერში ჩვენი მსგავსი იყო, ცოდვის გარდა.
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთაებრიობა თანდათან ვლინდებოდა მის ადამიანურ ბუნებაში და იგი მას თანდათანობით აცნობიერებდა, რათა ღმერთი ადამიანში დამკვიდრებას მიჩვეულიყო (წმ. ირინეოსი) და ამიტომ ქრისტეს ღვაწლის მთელი ფასეულობა მისი ადამიანური ქცევის რეალურობაში გამოიხატებოდა.
ორთოდოქსულ, (თანამედროვე) კლასიკურ ღვთისმეტყველებაში, ქრისტე ძალიან ჰგავს არსებას, რომელიც ადამიანად მოჩანდა (ადამიანის იერსახე ჰქონდა), სინამდვილეში გიგანტური ძალა ჰქონდა და ბოლომდე ადამიანი არ იყო. და მართლაც, ჩვენს წარმოდგენაში ქრისტე უფრო მეტად ღვთაებრივი ძალით ვიდრე ადამიანურ უძლურებაში წარმოჩენილი პიროვნება არის (მაგრამ, ქრისტეს ძალა ხომ უძლურებაში აღესრულება – 1 კორ. 12, 9). ეს უკავშირდება ჩვენს მუდმივ ფობიას, არ დავკარგოთ ქრისტეში ღმერთი ან ღვთაებრივი სისავსე. ეს არის „ძე კაცისაში“ „ძე ღვთისას“ დაკარგვის შიში, რომელიც ქრისტოლოგიურ საკითხებზე არიანული დავების დროს გაძლიერდა (IV ს.) და იმის მერეც (ეს ფობია) ძლიერი იყო და მოგვზდევს დღემდე. წმინდა მამების წყალობით, ეკლესიამ არიანელობა დასძლია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ეკლესიის საღვთისმეტყველო სხეულზე უდიდესი იარა დატოვა მუდმივი ფობიების – ქრისტეში ღვთაებრიობის სისავსის დაკარგვის შიშის სახით. „ნიკეის ტრინიტარულმა ღვთისმეტყველებამ“ გააღვივა ეს საკითხი. თუ ნიკეამდელ ღვთისმეტყველებას მშვიდად შეეძლო ქრისტეში ადამიანის ბუნების რეალობის ჩვენება და მშვიდად ესაუბრა იმაზე, რომ ღმერთი ადამიანში დამკვიდრებას სწავლობს, არიანელობასთან (რომელიც ქრისტეში ღვთაებრიობას ამდაბლებდა) ბრძოლის ფონზე, ნიკეის ღვთისმეტყველებამ (ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნია) ქრისტეში ადამიანობა დააკნინა და უკვე ვხედავთ, რომ ნიკეის, განსაკუთრებით კი ნიკეის შემდგომი მამების ღვთისმეტყველებაში, ღარიბი ნაზარეველი რაბინი – „ადამიანი იესო ქრისტე“ (1 ტიმ. 2, 5) „ქრისტე პანტოკრატორად“ – დედამიწისა და ზეცის ყოვლისმპყრობლად – რომის პოლიტიკური მანქანის მამოძრავებელ ძალად იქცა. ამგვარად, მოხდა საღვთისმეტყველო აქცენტების ცვლა. ნიკეისა და ნიკეის შემდგომ წმინდა მამებს ეშინოდათ ქრისტეში ღმერთის დაკარგვა ან მასში ღვთაებრიობის დაკნინება. ცდილობდნენ რა მასში ღვთაებრიობის სისავსის შენარჩუნებას (ჩვენც ვემხრობით ღვთაებრიობის სისავსეს, ოღონდ იმ გაგებით, რომ იგი მასში თანდათანობით ვლინდებოდა).
ჩვენ რეალისტურ ღვთისმეტყველებას ვემხრობით, არა იდეალისტურს, წარსულისკენ მიმართულს, სადაც ქრისტე უფრო მეტად ღმერთია ვიდრე ადამიანი. დღეს, ბიოლოგიური ევოლუციისა და ანთროპოლოგიის აღმოჩენებს ქალკიდონის დოგმატს ადასტურებენ. ორ ბუნებოვნების დოგმატი არ იცვლება, ის ადგილზე დგას, ის – ურყევია, რაც მასში გაცხადებულია, უცვლელად რჩება. მეტიც, თანამედროვე ანთროპოლოგიური მონაცემები ქალკედონის დოგმატს ამყარებენ. მაგრამ სამეცნიერო მონაცემებს შეუძლიათ შეცვალონ და შეასწორონ ზოგიერთი წმინდა მამის მოსაზრება–განმარტება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მათი აზრი მათი დროისთვის სწორი ეგზეგეტური აზრი იყო, მაგრამ საღვთისმეტყველო ეგზეგეტიკა ადგილზე არ დგას, ის დროსა და მის გამოწვევებთან ერთად პროგრესირებს. ღვთის სული ღვთის ხალხში (ეკლესიაში) მუდამ ცხოვრობს და გვაძლევს ახალ აზრსა და განმარტებას, რათა გამოვხატოთ თავი და ვუპასუხოთ კითხვებს, რომლებსაც მსოფლიო გვისვამს. წმინდა მამებისთვის მათი აზრი – ნორმატიული იყო და ის დროული იყო შუასაუკუნური დროისთვის, მაგრამ XXI ს–ის რეალობაში, – როდესაც ბიოლოგია და კერძოთ ანთროპოლოგია წინ არის წასული და ახალ მონაცემების წინ გვაყენებს, რაც ახალ კითხვებს ბადებს, – მათი აზრი უნდა დაზუსტდეს და ზოგადად გადაიხედოს ამ დარგებში. ერთ–ერთ წინა სტატიაში ჩვენ ვწერდით (1), რომ ღვთისმეტყველება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი ღვთისმეტყველებას, რადგან ღვთის სული ღვთის ერში ცხოვრობს და მუდმივად მოქმედებს მასში. წმინდა წერილის გამოცხადება თ–ა–ნ–დ–ა–თ–ა–ნ გვიცხადებს თავის საიდუმლოებებს ჩვენი ეპოქალური და კულტურული მდგომარეობიდან გამომდინარე. წმინდა წერილი, თავის ახალ–ახალ ეგზეგეტიკურ აზრში მარადისობის დადგომამდე იმოქმედებს, სანამ მარადისობა არ დადგება თავისი ესქატოლოგიური სისავსით. საუკუნეების მანძილზე, წმინდა წერილი კიდევ შემოგვთავაზებს თავის ბევრ საიდუმლოებებს, რომელთა განმარტება მოგვიწევს ან ჩვენ ან მომავალ თაობებს, რათა უკეთ გავიგოთ ღმერთი და მისი მოქმედება ჩვენში…











