ბაქარ ქავთარაძე
წყარო: “გული გონიერი” No 28/2005
შესავალი
ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ელეონორე რუზველტი (18841962), ამბობდა: „პატარა გონებები განიხილავენ ადამიანებს, საშუალო გონებები მოვლენებს, ხოლო დიდი გონებები იდეებს“.1 ეს თეზისი, ბევრნაირ ინ ტერპრეტაციას (ინტერპრეტაცია – საგნის2 დანახვის, გაგების, ფორმა და გზა) ექვემდებარება, რომლებიდანაც უპირატესობას მივანიჭებ შემდეგს: პიროვნებების, ისევე როგორც მოვლენების განხილვა, როგორც ადამიანის გონების აქტივობა, ნორმალური მოვლენაა. თუმცა, თუ ეს განხილვები იდეების ანალიზის გარეშეა, მაშინ ისინი მშრალ და არასიღრმისეულ განსჯად იქცევა, მაგალითად: ამერიკის შეერთებული შტატების მე40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის (პიროვნების განხილვა) ან პროტესტანტული რეფორმაციის (XVI საუკუნის ისტორიული მოვლენის) განხილვა, თუ არ გავაანალიზეთ იდეები პრეზიდენტის თანამდებობაზე, მმართველობის ფორმებზე, ქრისტიანობის არსზე, ერესებზე, ქრისტიანულ მიმდინარეობებსა და სხვა ფენომენებზე, ნამდვილად მშრა ლი და არასიღრმისეული გამოვა. ამის გათვალისწინებით, ნამდვილად სწორია შემდეგი აზრი: პიროვნებები და მოვლენები იდეების ფონზე უნდა გაანალიზდეს, რადგან ამის გარეშე მათი განხილვა მხოლოდ მშრალი აღწერები ან ახსნები (განმარტებები) გამოვა (დაზუსტება: სპეციფიკური იდეების სათვალით უნდა განვიხილოთ პიროვნებები და მოვლენები, ისევე როგორც კრიტიკულად გავაანალიზოთ თავად ჩვენი იდეები).
ზემოთქმულიდან ნათელია, რომ იდეების განხილვა, უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანური კვლევები სიღრმისეული და ფუნდამენტური იყოს. ამას გარდა, ფაქტია ისიც, რომ განსხვავებულ იდეებს (მაგალითად, ღმერთის იდეა და მეცნიერების იდეა) შორის მიმართების განხილვა, საინტერესო, მნიშვნელოვანი, ძველი, რთული და უნივერსალური (ინტერდისციპლინური – ის, რაც შეინიშნება ერთზე მეტ დარგში) ფენომენია. ამიტომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიაში ქრისტიანობასა და კონსერვატიზმს შორის მიმართების განვიხილავ, რადგან ორივე, სპეციფიკური იდეების კრებულის აღმნიშვნელი ცნებებია.
სტატიაში, ქრისტიანობისა და კონსერვატიზმის რამდენიმე დონის მოკლე აღწერისა და თითოეული ცნების დავიწროების შემდეგ, განვიხილავ მათ შორის მიმართებას, რის შედეგადაც, დავიცავ ორ საინტერესო თეზისს (თეზისი – „თხრობითი წინადადებით“ გამოთქმული შინაარსიანი აზრი, რომელიც „შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი, იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად აღწერს რეალობას“3), რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს მეცნიერული და ფილოსოფიური სიახლეების. 2. ქრისტიანს კონსერვატიული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანობის შიგნით არსებული დოგმატური ხედვების მიმართ.
ორიოდე სიტყვა კონსერვატიზმის შესახებ
ცნება კონსერვატიზმი (conservatism) მომდინარებს ფრანგული სიტყვიდან conservatisme (ლათ. Conservare), რაც ნიშნავს „დაცვას, შენახვას“.4 ამის გათვალისწინებით, ამ დონეზე, კონსერვატიზმი, როგორც ბუნებრივი ინდივიდუალური პოზიცია („ნატურალისტური კონსერვატიზმი“), ყოველთვის არ სებობდა კაცობრიობის ისტორიაში5, რადგან ყოველი ადამიანი (როგორც ადრე, ასევე დღესაც), ცდილობს დაიცვას და შეინახოს (დააკონსერვოს6) ის, რაც მისთვის ღირებული, არსობრივი და მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ისტორიულ დონეზე კონსერვატიზმი (კონსერვატიული იდეები), როგორც სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური და საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია ან იდეოლოგია,7 ფრანგული რევოლუციის (17891799)8 და ევროპული განმანათლებლობის (XVIIXVIII)9 საწინააღმდეგოდ წარმოიშვა და ამის შემდეგ მრავალი ფორმა მიიღო.10 ამიტომ ინდივიდუალური კონსერვატიზმი, ამა თუ იმ ფორმითა და დოზით, სულ არსებობდა, ხოლო ის, როგორც საჯარო და დეკლარირებული იდეოლოგია, XVIII საუკუნის მიწურულიდან იწყებს არ სებობას და ამის შემდეგ მრავალ განსხვავებულ ფორმას იღებს (პატერნალისტური კონსერვატიზმი, ფილოსოფიური კონსერვატიზმი, ავტორიტარული კონსერვატიზმი და ა.შ.).
კონსერვატიზმი მრავალფეროვანი და მოქნილი იდეოლოგიაა. მიუხედავად ამისა, კონსერვატიზმის ძირითადი შეხედულებები მიემართება ისეთ ფენომენებს, როგორებიცაა: ტრადიცია, ადამიანის ბუნება, საზოგადოება, იერარქია, ძალაუფლება და საკუთრება. ამიტომ, ადგილის სიმცირის გამო, ზოგადი წარმოდგენა რომ შეიქმნას კონსერვატიზმზე, ქვემოთ დავეყრდნობი პოლიტიკის ფილოსოფოსს, ენდრიუ ჰეივუდს, და მისი კვლევების გათვალისწინებით ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ კონსერვატიზმის ბაზისურ ხედვებს ზემოთ ჩამოთვლილ ფენომენებზე.11
კონსერვატიზმის ბაზისური ხედვები (ის ძირითადი კონსერვატიული ხედვები, რომელთა დიდი ნაწილსაც ბევრი კონსერვატორი დაეთანხმება), რომლებიც ტრადიციას, ადამიანის ბუნებას, საზოგადოებას, იერარქიას, ძალაუფლებასა და საკუთრებას მიემართება, შემდეგნაირად გამოიყურება:
ტრადიცია – კონსერვატიზმი პატივს სცემს ყოველივე იმას, „რამაც დროის გამოცდას გაუძლო“ (ადათწესებს, ინსტიტუციებს და ა.შ). ერთერთი ასეთი თვალსაჩინო რამ – ტრადიციაა, რომელიც „წარსულში დაგროვებულ სიბრძნეს“ ასახავს. ამის გამო კონსერვატიზმი ტრადიციების შენარჩუნებას როგორც ახლანდელი, ასევე მომავალი თაობის სასიკეთო აქტად თვლის, რადგან მიიჩნევს, რომ ის (ტრადიციები) საზოგადოების სტაბილურობისა და დაცულობის ერთერთი მნიშვნელოვანი საყრდენია.
ადამიანის ბუნება – კონსერვატიზმის აზრით, ადამიანის ბუნება, როგორც ეპისტემურად (ცოდნისმიერად), ასევე მორალურად (ცუდთან და კარგთან მიმართებაში), ნაკლოვანია (ადამიანი, „შეზღუდული, სხვაზე დამოკიდებული და მფარველობის მაძიებელია“). კერძოდ, ეპისტემურ დონეზე, სამყაროს სირთულის გამო, აბსტრაქტული პრინციპები და თეორიები არასანდოა, ხოლო მორალურ დონეზე ადამიანი სიხარბისკენ, ძალაუფლებისა და თავკერძობისკენ (ეგოიზმი) ისწრაფვის. ამიტომ ამ ორი გარემოების გათვალისწინებით, კონსერვატიზმი მიიჩნევს: საზოგადოებრივი „წესრიგის შენარჩუნებისთვის“ საჭიროა ვენდოთ „გამოცდილებას („ადამიანი მხოლოდ ათასჯერ ნაცადს ენდობა“), ისტორიასა და პრაგმატიზმს“, ხოლო ადამიანის მორალური ნაკლოვანებების გამოვლინების შესაკავებლად საჭიროა „ძლიერი სახელმწიფო, მკაცრი კანონები და დანაშაულის შესაბამისი სასჯელი“.
საზოგადოება – კონსერვატიზმის აზრით, საზოგადოება არა ადამიანის ან მისი აზროვნების მოქმედების შედეგია, არამედ „ბუნებრივი აუცილებლობა“, რომლის (ჯანსაღი და სტაბილური საზოგადოების) ჩამოყალიბებაში „ოჯახს, თემს, ერს“ და სხვას თავიანთი წვლილი შეაქვთ. ამას გარდა, რადგან საზოგადოება არ არის უბრალოდ „თავისი წევრების არითმეტიკური ჯამი“, მის (საზოგადოების) შესანარჩუნებლად მხოლოდ წევრთა ერთად მყოფობა არასაკმარისია. „საზოგადოებრივი თანხმობისა და ადამიანთა ერთობის შენარჩუნებისთვის“, აუცილებელია „საერთო კულტურა და ტრადიციული ფასეულობები“.
იერარქია – კონსერვატიზმის აზრით, საზოგადოებაში სტატუსებისა და სოციალური მდგომარეობების მიხედვით, არსებობს იერარქია, ანუ მეტნაკლებობა, რაც „ბუნებრივი და გარდაუვალი“ ფენომენია. მიუხედავად ამ იერარქიისა, ის არ ხდება კონფლიქტისა და ქაოსის მიზეზი, რადგან საზოგადოებას „საერთო პასუხისმგებლობა და ურთიერთვალდებულება“ აკისრია. ხოლო ამ იერარქიიდან გამომდინარე, ის მდგომარეობა, რომ ერთი ადამიანი, სოციალური ან სხვა სტატუსით, მეორეზე მაღლა დგას, რაც უსამართლობად შეიძლება აღვიქვათ, შემდეგი ფენომენით ბალანსდება: ის, ვინც სტატუსით ან სოციალური მდგომარეობით სხვაზე მეტია, ამის გამო მას სხვაზე მეტის გაღებაც მოუწევს.
ძალაუფლება – კონსერვატიზმის აზრით, ხელისუფლების ძალაუფლება, ყოველთვის ზემოდან ქვემოთ განივრცობა და მისი ერთერთი ფუნქციაა, წინამძღოლობა და მხარდაჭერა გაუწიოს მას, ვისაც ავტონომიურად რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება სწორედ „ცოდნისა და გამოცდილების“ ნაკლებობის გამო არ შეუძლია. ამიტომ, კონსერვატიზმის აზრით, ხელისუფლება, თავისი არსით (ბუნებით), პატერნალისტურია (მზრუნველი).
საკუთრება – კონსერვატიზმი დიდ პატივს სცემს საკუთრებას (მანქანა, სახლი და ა.შ.), რადგან მოიაზრებს, რომ ის მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოებისთვის, მისი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობისა და თვითშეფასებისთვის (როგორ აღიქვამ შენ თავს).
ყველასთვის ცხადია, რომ კონსერვატიზმის თემა, ძალიან ვრცელი, კომპლექსური და მრავალდონიანი საკითხია, რის გამოც მასზე იმაზე მეტი შეიძლება ყოფილიყო თქმული, ვიდრე ზემოთ ითქვა. მიუხედავად ამისა, ადგილის სიმცირის გამო, ზემოთ გადმოცემული აზრების შესაბამისად, წინამდებარე სტატიის მკითხველს შეექმნება ზოგადი წარმოდგენა (იმ ხარისხის წარმოდგენა, რაც საკმარისია წინამდებარე სტატიის ფარგლებში) კონსერვატიზმის შესახებ.
ორიოდე სიტყვა ქრისტიანობის შესახებ
ნებისმიერი საკვლევი საგანი, იქნება ეს რელიგია, ადამიანი, გრავიტაციის კანონი თუ კოსმოსი, იმდენ დონეზე შეიძლება აღიწეროს და აიხსნას, რამდენი დონეც მას აქვს ობიექტურად (ანუ ჩვენგან დამოუკიდებლად). ამას გარდა, როცა საკვლევ საგანს რამდენიმე (ყველა დონეზე, ან ბევრ დონეზე) დონეზე სწორად აღვწერთ (ან ავხსნით, ან ორივე) და მათ შევაერთებთ (გავაერთიანებთ, შევკრებთ), ამით მივიღებთ საკვლევი საგნის ნაწილობრივ ან სრულ „დიდ სურათს“ (დიდი სურათი – საკვლევი საგნის სხვადასხვა დონის ახსნებისა და აღწერების კრებული).12
ზემოთ გადმოცემული თეზისის ჭეშმარიტებას კარგად აჩვენებს ფრანკ როუდსის შემდეგი მაგალითი: ჩაიდანში არსებული წყალი დუღს და ჩვენ ამას ვაკვირდებით. ამ დროს ისმის კითხვა: რატომ დუღს წყალი? დასახელებულ კითხვაზე, სულ მცირე, შემდეგი ორი პასუხი შეიძლება არსებობდეს: 1. წყალი დუღს, რადგან „ენერგიის მიწოდებას ტემპერატურა იმ ნიშნულამდე აჰყავს, რაც წყალს ადუღებს“. 2. წყალი დუღს, რადგან ადამიანს ერთი ფინჯანი ჩაის დალევა სურს. მოხმობილი ორი პასუხის დასახელებისას ისმის შემდეგი დროული კითხვა: რომელი პასუხია სწორი? ცხადია, ორივე პასუხი სწორია13, რადგან ისინი საკვლევი ფენომენის სხვადასხვა დონეს (პირველი ფიზიკური მექანიზმის დონეს, ხოლო მეორე ტელეოლოგიურ, ანუ მიზნობრივ დონეს) შეესაბამება, რის გამოც, ერთის ხარჯზე მეორეს უარყოფა კი არ არის საჭირო ან პირიქით, არამედ მათი გაერთიანება, რათა ამით მისი (საკვლევი საგნის) „დიდი სურათი“ მივიღოთ.14 შესაბამისად, ცხადია, რომ საკვლევი ფენომენის დიდი სურათის დასაუფლებლად საჭიროა მისი რაც შეიძლება ბევრ დონეზე აღწერა და ახსნა და მათი გონივრული გაერთიანება. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, წინამდებარე თავში ქრისტიანობის დიდი სურათის დასახატად ქვემოთ მის რამდენიმე ფუნდამენტურ დონეს აღვწერ.
ქრისტიანობა, როგორც კვლევის ობიექტი, სულ მცირე, შემდეგ ხუთ დონეზე შეიძლება აღიწეროს და ეს აღწერები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ისტორიული დონე – ქრისტიანობა, ინდუიზმის, ბუდიზმის,
იუდაიზმის, ისლამის და მრავალი სხვა რელიგიის მსგავსად, ისტორიული რელიგიაა, რადგან ის სპეციფიკურ დროს წარმოიშვა. კერძოდ, ქრისტიანობა პირველ საუკუნეში წარმოიშვა და მას სათავე ისტორიულმა პიროვნებამ, იესო ნაზარეველმა (430),15 თავისი დაბადებით, ქადაგებით, სასწაულებით, სიკვდილით, აღდგომით, ეკლესიის დაფუძნებით და ამაღლებით დაუდო.16
2. სტატისტიკური დონე – ქრისტიანობა, რომელმაც წარმოშობის შემდეგ რომის იმპერიის მრავალრიცხოვან პროვინციებში დაიწყო გავრცელება,17 დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა. კერძოდ, 2012 წლის სტატისტიკით, ქრისტიანობას (იგულისხმება ქრისტიანობაში არსებული ყველა დენომინაციის წევრების ჯამი), რომელიც ყველა კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული,18 2.4 მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რაც მთლიანი მოსახლეობის 33 პროცენტია.19
3. თეოლოგიური დონე – ქრისტიანობა, იუდაიზმისა და ისლამის მსგავსად, გამოცხადების რელიგიაა, რადგან ის მიიჩნევს, რომ მასში არსებული ყველაზე ძირითადი ცოდნები (ცოდნა, რომ ღმერთი სამებაა, ცოდნა, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია, ცოდნა, რომ კაცობრიობა განისჯება და მსგავსი), თავად ღმერთმა განაცხადა „განსაკუთრებული გამოცხადებით“ (კოსმოსში და კაცობრიობის ისტორიაში აშკარა ხილული ჩარევით და მოქმედებით). ამის გათვალისწინებით, ქრისტიანობა, როგორც გამოცხადების რელიგია, მიიჩნევს, რომ ეს რელიგია ადამიანმა კი არ აღმოაჩინა რაიმე ბუნებრივი გზით (მეცნიერებით, ფილოსოფიით ან რაიმე სხვა ბუნებრივი გზით), არამედ ის თავად ღმერთმა განაცხადა და დააფუძნა თავისი „განსაკუთრებული გამოცხადებით“.20
4. ფილოსოფიური დონე–ქრისტიანობა,იუდაიზმისა და ისლამის მსგავსად, თეიზმის ერთერთი ვარიაციაა, რადგან ის აღიარებს კლასიკური თეიზმის მთავარ დოქტრინას, რო მელიც ამბობს: არსებობს „სამყაროს სუპერნატურალური შემოქმედი, ღმერთი, რომელიც არის აუცილებლად არსებული (შეუძლებელია არსებობა შეწყვიტოს), მარადიული (არ არის დროში), არამატერიალური (არ არის სივრცეში), ყოვლისშემძლე (ღმერთს აქვს უსასრულო ძალა ან მას შეუძლია გააკეთოს ყოველივე ის, რაც არის შესაძლებელი), ყოვლისმცოდნე (იცის ყველა ჭეშმარიტი თეზისი და არაფერს მიიჩნევს ჭეშმარიტად, რაც მცდარია. მან იცის ყველა რეალური ან პოტენციურად რეალური საგანი), ყოვლადკეთილი (სამართლიანობის, სიყვარუ ლისა და ყველა სხვა სიკეთის მფლობელი), უსრულყო ფილესი (რომელზე აღმატებულიც წარმოუდგენელია) და რომელიც სამყაროსთან ამყარებს კავშირს“.21 აქედან, სულ მცირე, შემდეგი ორი დასკვნა გამომდინარეობს: 1. ქრისტიანობა სამართლიანად არის წოდებული თეისტურ რელიგიად, რადგან ის ეთანხმება კლასიკურ თეიზმს და არა დეიზმს (ღმერთმა შექმნა სამყარო და შემდეგ აღარ ერევა მასში), პანთეიზმს (თავად სამყაროა ღმერთი), პანეთეიზმს (ღმერთი არის სამყაროს სული, ხოლო სამყარო მისი სხეული), პოლითეიზმს (არსებობს მრავალი ღმერთი, რომლებიც ადამიანების მსგავს დადებით და უარყოფით თვისებებს ფლობენ და მათგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ არიან უკვდავნი და სასწაულმოქმედნი) და ჰენოთეიზმს (არსებობს მრავალი ღმერთი და მათ შორის, ერთი არის სხვებზე აღმატებული).22 2. ქრისტიანობა იუდაიზმისა და ისლამისგანაც განსხვავდება (იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს იმ დოზით აქვთ საერთო ხედვები ღმერთზე, რომ ამის გამო თეიზმის სამ ვარიაციად იყვნენ მიჩნეულნი23), რის გამოც მას, უბრალოდ „თეისტური რელიგიის“ გარდა, „ქრისტიანულ თეიზმსაც“ უწოდებენ, რათა ამით მისი სპეციფიკურობა და მისი თეიზმის სხვა სისტემებისგან განსხვავებულობა გამოიხატოს.24
5. მსოფლმხედველობრივი დონე – მსოფლმხედველობა (ინგლისურად worldview. World – სამყარო view – ხედვა), ერთი თვალსაზრისით, საბოლოო კითხვებზე პასუხების კრებულია.25 ამიტომ, ამ კრიტერიუმით, ქრისტიანობა ნამდვილად არის მსოფლმხედველობა (თეისტური მსოფლმხედველობა), რადგან ის საკუთარ თავში საბოლოო კითხვებზე პასუხებს (მაგალითად: ქრისტიანობას აქვს პასუხები სამყაროს წარმოშობის, მისი მიზნის, მისი მომავლის, ადამიანის დანიშნულებისა და სხვა საბოლოო საკითხების შესახებ26) შეიცავს. სწორედ ასე გამოიყურება ქრისტიანობის რამდენიმე ფუნდამენტური დონის მოკლე აღწერა.
ქრისტიანობა და კონსერვატიზმი
კონსერვატიზმი ზოგჯერ განიმარტება როგორც უკვე არსებული სტატუსკვოს (ნებისმიერი, უკვე არსებული ფენომენისადმი მხარდაჭერა, იქნება ეს ტრადიცია, ცოდნა, ინსტიტუტი, ცხოვრების წესი თუ სხვა) მხარდაჭერა, მისი ერთგულება, ნებისმიერი სიახლის მიმართ შიში და მისი მიუღებლობა (ცხადია, ეს არის კონსერვატიზმის ერთერთი გაგება და ვარიაცია და არა ერთადერთი).27 აღსანიშნავია, რომ ამ სახის მიდგომა და პოზიცია ქრისტიანობის შიგნითაც არსებობს, რადგან მრავალ რიგით ქრისტიანს (როგორც ადრე, ასევე დღესაც), ისევე როგორც ქრისტიან თეოლოგს, აპრიორი მიუღებლობა აქვს სიახლეებისადმი, რადგან ეშინია, რომ ისინი ამა თუ იმ სახის პრობლემას შეუქმნიან ქრისტიანობას. ამის გათვალისწინებით, წინამდებარე აბზაცში, რამდენიმე გარემოების დაზუსტების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე წარმოვადგენ და დავიცავ სპეციფიკურ თეზისს (თეზისს, რომ ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს ფილოსოფიური და მეცნიერული სიახლეების), რაც შემდეგნაირად გამოიყურება: ქრისტიანობა (ქრისტიანული რწმენა) ჭეშმარიტებაა, ნიშნავს, რომ საგნები ისეთია, როგორც ქრისტიანობას მიაჩნია, რომ არის.28 მაგალითად: ქრისტიანული თეზისი, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო – ჭეშმარიტებაა, ნიშნავს, რომ ღმერთმა მართლაც შექმნა სამყარო. რაც შეეხება ცნებას „სიახლე“. ამ აბზაცის ფარგლებში მასში ვიგულისხმებ იმ სიახლეებს (ახალ თეზისებს, რომლებიც მეცნიერებაში და ფილოსოფიაში ფიქსირდება და რომლებიც სწორად მიიჩნევა29), რომლებიც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ფიქსირდება (მეცნიერული და ფილოსოფიური სიახლეების მაგალითებია: ევოლუციის თეორია, დიდი აფეთქების თეორია, მულტივერსის თეორია, თეზისი, რომ სამყარო ფართოვდება და ცივდება, თეზისი, რომ მეორადი ახსნის სწორად მიჩნევისთვის არ არის საჭირო თავად მისი ახსნაც ვიცოდეთ და ა.შ.).ამიტომ, ამ ორი ფენომენის დაზუსტების შემდეგ, შემდეგნაირად წარვადგენ და დავიცავ ზემოთ ხსენებულ თეზისს: ქრისტიანობასა და, შესაბამისად, ქრისტიანს, არ უნდა ეშინოდეს იმ სიახლეების, რომლებიც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ფიქსირდება და ამის მიზეზი არის შემდეგი გარემოება: ჭეშმარიტებას, როგორც ამას ქრისტიანი ფილოსოფოსი და თეოლოგი თომა აკვინელი (12251274) მიუთითებს, მხოლოდ სიცრუე უპირისპირდება და არა ისევ ჭეშმარიტება („შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“, წიგნი 1.7.1.7.6.). ამიტომ თუ ქრისტიანს სჯერა, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა (ცხადია, ქრისტიანს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანია, აუცილებელია ჰქონდეს ასეთი რწმენა), მაშინ მას არ უნდა ეშინოდეს მეცნიერული და ფილოსოფიური სიახლეებისა, რადგან თუ ამ სიახლეებიდან ნებისმიერი ასევე ჭეშმარიტებაა, მაშინ ის (ფილოსოფიური ან მეცნიერული სიახლე, რომელიც ჭეშმარიტია) შეუძლებელია შეეწინააღმდეგოს ან რაიმე პრობლემა შეუქმნას ქრისტიანობას, რომელიც ასევე ჭეშმარიტებაა (როგორც ეს ქრისტიანობას სჯერა). მაგალითად, თუ ქრისტიანული თეზისი – ღმერთმა შექმნა სამყარო – ჭეშმარიტებაა (როგორც ეს ქრისტიანობას სჯერა), მაშინ მას ვერ შეეწინააღმდეგება ან პრობლემას ვერ შეუქმნის ვერცერთი ის მეცნიერული (მაგალითად, კოსმოსში იმ ფორმის წესრიგია, რომ შესაძლებელია ადამიანის წარმოშობა და განვითარება30) ან ფილოსოფიური (მაგალითად: „ონტოლოგია ახდენს ეპისტემოლოგიის დეტერმინირებას – საკვლევი საგნის ბუნება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ და რა დოზით შეიძლება მისი შემეცნება“31) სიახლე, რომლებიც ასევე ჭეშმარიტია. შესაბამისად, ჩემი დასკვნა გასაგებია, რომ ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს არცერთი მეცნიერული და ფილოსოფიური სიახლისა, რადგან თუ ამ სიახლეებიდან რომელიმე ასევე ჭეშმარიტია, ის ვერ დაუპირისპირდება (ან შეუქმნის რაიმე პრობლემას) ქრისტიანობას, რომელიც ჭეშმარიტებად არის მიჩნეული ქრისტიანის მხრიდან (დაზუსტება: აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ორი განსხვავებული ჭეშმარიტება ზოგჯერ ავსებს ერთმანეთს, ზოგჯერ შეხება არ აქვთ, მაგრამ არასოდეს ეწინააღმდეგებიან და ყოველთვის შეთავსებადი არიან ერთმანეთთან).
ქრისტიანობის შიგნით არსებობს დოგმატური და არა დოგმატური საკითხები. კლასიკური ხედვით, დოგმატურ საკითხებზე (დოგმატური საკითხებია: ღმერთის სამპიროვნულობის, ქრისტეს ორბუნებოვნების, სამყაროს შექმნისა და მსგავსი საკითხები32) ქრისტიანობას აქვს ერთმნიშვნელოვანი ხედვები, რომელთაც თავად ქრისტიანობა ღმერთის გამოცხადების შედეგად, აბსოლუტურ ჭეშმარიტებად და უცდომლად მიიჩნევს. მეორე მხრივ, არადოგმატურ საკითხებ ზე (არადოგმატური საკითხებია: სულის უკვდავების თეზისის სისწორის ფილოსოფიურად დასაბუთების შესაძლებლობის საკითხი, ყველას სულიერი გადარჩენის საკითხი, მეცნიერებისა და ქრისტიანობის მიმართების საკითხი და ა.შ) ქრისტიანობის შიგნით არსებობს განსხვავებული ხედვები (მათი შეზღუდული რაოდენობა) ისე, რომ ქრისტიანი თავისუფალია ზოგიერთი დაიჯეროს, ხოლო ზოგიერთი არა, ისე, რომ ამით (ამ მოქმედებით) არ გავა ქრისტიანობის მიღმა. ამიტომ დოგმატური და არადოგმატური საკითხების განსხვავების გათვალისწინებით, წინამდებარე აბზაცის ბოლოს, წარმოვადგენ და დავიცავ თეზისს, რომ ქრისტიანობა (და შესაბა მისად ქრისტიანი) უნდა მოუფრთხილდეს, დაიცვას და შეინარჩუნოს ის ერთმნიშვნელოვანი ხედვები (ქრისტიანული ხედვები), რომლებიც დოგმატურ საკითხებს მიემართება, ანუ ის (ქრისტიანობა) საკუთარი დოგმატური ხედვების მიმართ უნდა იყოს კონსერვატიული. კერძოდ, კი აღვნიშნავ: კლასიკური ქრისტიანული განმარტებით, გამოცხადებითი ჭეშმარიტება არ შეიძლება შეიცვალოს ან არსობრივად დარედაქტირდეს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ის გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა, ანუ არის აბსოლუტური, უცდომელი და მარადიული ჭეშმარიტება. მაგალითად, ქრისტიანობა თავად ღვთის განცხადებად მიიჩნევს, რომ ღმერთი სამებაა, რომ ქრისტეს ორი (ღვთაებრივი და ადამიანური) ბუნება აქვს, რომ ღმერთმა სამყარო არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა, რომ საყოველთაო აღდგომის შემდეგ ღმერთი განსჯის ყველა ადამიანს და ა.შ.33 ყველასთვის ცხადია, ასეთი ხედვებიდან ვერცერთი ვერ შეიცვლება და ვერც არსობრივად დარედაქტირდება იმის მიხედვით, თუ რომელი ეპოქაა, რა ხდება მეცნიერებასა და ფილოსოფიაში ან რომელი პოლიტიკური წყობაა, რადგან ასეთი ხედვები, თავად ქრისტიანობის მიხედვით, უცდომელმა და უსრულყოფილესმა ღმერთმა განუცხადა კაცობრიობას, რის გამოც ისინი ზედროული ჭეშმარიტებებია (ლოგიკის მიხედვით, უცდომელი და უსრულყოფილესი მიზეზისგან მომდინარე ცოდნაც უცდომელი უნდა იყოს). შესაბამისად, გამოცხადებითი ჭეშმარიტების ბუნების მოკლე ანალიზის გათვალისწინებით, ჩემი დასკვნა ასეთია: ქრისტიანობა, მისი თვითაღქმიდან გამომდინარე, უნდა იყოს კონსერვატიული (ანუ შემნახველი, მზრუნველი და, კარგი გაგებით, „დამკონსერვებელი“) მის შიგნით არსებული დოგმატური ხედვების (თეზისების) მიმართ.
დასკვნა
წინამდებარე სტატიაში განხილულია ქრისტიანობისა და კონსერვატიზმის მიმართება. მას შემდეგ, რაც მოკლედ აღვწერე ქრისტიანობისა და კონსერვატიზმის რამდენიმე დონე და თითოეულის გაგება დავავიწროვე, ამის შემდეგ დავიცავი თეზისი/დებულება, რომ ქრისტიანობა არ უნდა იყოს ერთი გაგებით კონსერვატიული (არ შეეშინდეს იმ სიახლეების, რომლებიც ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ფიქსირდება), მაგრამ იყოს მეორე გაგებით კონსერვატიული (შეინახოს, მოუფრთხილდეს და, კარგი გაგებით, „დააკონსერვოს“ მის შიგნით არსებული დოგმატური ხედვები).
- Eleanor Roosevelt Quotes, https://www.brainyquote.com/quotes/eleanor_roosevelt_385439,
- იქნება ეს საგანი, ფენომენი, ტექსტი თუ მთლიანად რეალობა.
- კახელი თ., დაჯერების ხარისხების კონცეპტუალური ანალიზი, სამაგისტრო ნაშრომი,
თბილისი, 2024, 1.
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი (შემდგ. სამსონ ურიდია და სხვ. რედ. ვაჟა გურგენიძე),
თბილისი, 2004, 483.
- Hamilton A., Conservatism, https://plato.stanford.edu/entries/conservatism,
- დ. თინიკაშვილი წერს: „სიტყვა კონსერვატიული მიუთითებს რაღაცის შენახვაზე,
დაკონსერვებაზე“. თინიკაშვილი დ., პოლიტიკური მართლმადიდებლობა: ლიბერალური და კონსერვატიული იდეოლოგიების სპეციფიკა, ჟურნ. მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა, N2(3) თბილისი, 2022, 70.
- ჰეივუდის მიხედვით, სიტყვა კონსერვატიზმი სპეციფიკური პოლიტიკური იდეოლოგიის ან პოზიციის აღსაწერად პირველად XIX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს. ჰეივუდი ე., პოლიტიკური იდეოლოგიები, მთარგმნელთა ჯგუფი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2005, 78.
- საფრანგეთის რევოლუცია – 17891799 წლების ისტორიული მოვლენა (რევოლუცია – „მოკლე დროში მომხდარი დიდი ცვლილებები“), რომლის შედეგადაც აბსოლუტური მონარქიზმი („მონარქის მიერ შეუზღუდავი ძალაუფლების ფლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში“) შეიცვალა რესპუბლიკით (ქვეყნის მმართველის არჩევა გარკვეული დროით და ძალაუფლების დანაწილება). ანთაძე თ., რევოლუცია, თბილისი, 2013, 120. http://www. reading.ge/ka/bookspdf/?bk=books_bylevels/140411023148.pdf,
- განმანათლებლობა არის XVIIXVIII საუკუნეების ევროპული ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც განიხილავდა იდეებს ღმერთზე, ბუნებაზე, აზროვნებაზე, ხელოვნებასა და პოლიტიკაზე. განმანათლებლობის ცენტრალური რწმენა იყო ის, რომ გონებას (რაციონალიზმს) შეუძლია „სამყაროს გაგება და ადამიანის კონდიციის გაუმჯობესება“ (განმანათლებლობას ბევრი ისტორიკოსი „გონების ეპოქას“ უწოდებს). განმანათლებლობის რაციონალიზმის მიზანი იყო, დაუფლებოდა „ცოდნას, თავისუფლებასა და ბედნიერებას“ Duignan B., Enlightenment, https://www.britannica.com/event/EnlightenmentEuropeanhistory, 12.03.2025.
- ჰეივუდი ე., „პოლიტიკური იდეოლოგიები“, მთარგმნელთა ჯგუფი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2005, 7980.
- იხ.ჰეივუდი ე., „პოლიტიკა“, მესამე გამოცემა, გ. ჭუმბურიძისა და ზ. ჭელიძეს თარგმანი, თბილისი, 2008, 7577. ასევე: ჰეივუდი ე., „პოლიტიკური იდეოლოგიები“, მთარგმნელთა ჯგუფი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2005, 78120.
- ალისტერი წერს:„რაიმეს სრული აღწერა სხვადასხვა დონის ანალიზის ერთობლიობას გულისხმობს“. მაკგრეთი ა., ღმერთი როგორც გამონაგონი: სტატიები და ესეები, დ.თინიკაშვილის თარგმანი, თბილისი, 2023, 38.
- დასახელებულ ორ პასუხზე თავად როუდსი წერს:„ამრიგად, ეს ორი პასუხი სრულიად სხვადასხვაა… მაგრამ ორივე სწორია, ორივე მათგანი ურთიერთშემავსებელია და არა ურთიერთგამომრიცხავი. თითოეული პასუხი შეესაბამება მათთან დაკავშირებულ კოორდინატთა სისტემას. გარკვეული აზრით, ერთი პასუხი არასრულია მეორის გარეშე“. მაკგრეთი ა., ღმერთი როგორც გამონაგონი: სტატიები და ესეები, დ.თინიკაშვილის თარგმანი, თბილისი, 2023, 40.
იქვე, 3840.
- იქვე, 3840.
- ისტორიკოსი ბარტ ერმანი იესოს ისტორიულობაზე წერს:„რეალობა ისაა, რომ რასაც არ უნდა ფიქრობდე იესოზე, ის არსებობდა….. იესო თავად არ იყო მითი. ის რეალურად არსებობდა“. Ehrman, D. B., Did Jesus Exist?: The Historical Argument for Jesus of Nazareth, HarperOne, 2012, 4.
- თინიკაშვილი დ., ჯაში ზ,. მსოფლიო რელიგიები, თბილისი, 2012, 11278.
- იქვე, 8289.
- პაპუაშვილი ნ., მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბილისი, 2002, 20.
- MindBlowing Statistics About Christianity You Need to Know, https://www.holyart.com/blog/mindblowingstatistics
christianityneedknow/,
- რელიგიის ფილოსოფიაში განასხვავებენ ღმერთის გამოცხადების შემდეგ ორ ფორმას:1.
საერთო (ზოგადი, ბუნებრივი) გამოცხადება – ღმერთის გაცხადება ქმნილებების (ადამიანი, კოსმოსი) მეშვეობით 2. განსაკუთრებული (ზებუნებრივი, სუპერნატურალური) გამოცხადება – ღმერთის გაცხადება სიზმრების, ხილვების, თეოფანიების, ანგელოზების, წინასწარმეტყველების, ისტორიაში ჩარევის („ღმერთის ჩარევა ისტორიის მსვლელობაში“) და სხვა მსგავსი გზებით. იხ. რაირი ჩ., ღვთისმეტყველების საფუძვლები, ლ. მაისურაძის თარგმანი, თბილისი, 2016. 3139. 7580.
- Horn T., Answering Atheism: How to Make the Case for God with Logic and Charity, Catholic Answers Press, 2013, 1517. 6577.
- ქავთარაძე ბ., შესავალი ნატურალურ თეოლოგიაში, თბილისი, 2022, 1420.
- Turek F., Geisler L. N., I Don’t Have Enough Faith to Be an Atheist, Crossway, 2004, 46.
- Craig L. W., Reasonable Faith: Christian Truth and Apologetics, 3rd edition, Crossway, 2008, 20.
- მსოფლმხედველობა, – ეს არის რეალობის დიდი სურათი (Big picture of reality), ანუ მისი
საბოლოო დონეების აღწერებისა და ახსნების კრებული („საბოლოო კითხვები“ და მათზე პასუხები სწორედ რეალობის საბოლოო დონეებს მიემართება). იხ: Geisler N.L., Bocchino P., Unshakable Foundations: Contemporary Answers to Crucial Questions about the Christian Faith, Bethany House Publishers, 2001, 5960.
- ალისტერი შენიშნავს:„ქრისტიანობა არ არის უბრალოდ რელიგიური და თაყვანისცემითი
- პრაქტიკები ან ეთიკური ქცევის კულტივაცია. ის ასევე არის რეალობის დიდი სურათი (Big picture of reality) – ღმერთის, სამყაროს, ადამიანის იდენტობის და მიზნის გაგება“. McGrath E. A., Christianity An Introduction, Third Edition, Wiley Blackwell, 2015, 54.
- ჰეივუდის აზრით, კონსერვატიზმი შეიძლება ნიშნავდეს შიშს ცვლილებების მიმართ ან მისგან თავის არიდებას. ჰეივუდი ე., პოლიტიკური იდეოლოგიები, მთარგმნელთა ჯგუფი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2005, 78.
- სვინბერნი წერს:„ჩემი რწმენები ჭეშმარიტია მაშინ (და მხოლოდ მაშინ), თუ საგნები ისეთია, როგორადაც მე მჯერა, რომ არიან. ჩემი რწმენა, რომ პლანეტები ბრუნავს მზის გარშემო, ჭეშმარიტია მაშინ (და მხოლოდ მაშინ), თუ პლანეტები მართლაც ბრუნავს მზის გარშემო“. Swinburne R., Epistemic Justification, Clarendon Press, 2001, 1.
- ფილოსოფიაშიც და მეცნიერებაშიც, სხვადასხვა კვლევებით ხდება ახალი თეზისების დაუფლება, რომლებიც, დაუფლებისათვისების დროს სწორად მიიჩნევა. თუმცა ახალი კვლევებისა და მათი შედეგების გათვალისწინებით, ხშირად ხდება ამ თეზისების (მათი ნაწილის) დარედაქტირება (არსობრივი ან არაარსობრივი), ან სრული უარყოფა. ამიტომ ფილოსოფიაც და მეცნიერებაც რაღაც დოზით, დინამიკური (განვითარებადი და ცვალებადი) დარგებია და არა სტატიკური (უცვლელი და ერთ ადგილას გაყინული). იხ: McGrath E. A., Dawkins’ God: From The Selfish Gene to The God Delusion, Second Edition, Wiley Blackwell, 2015, 7780.
- იხ: McGrath A., Surprised by Meaning: Science, Faith, and How We Make Sense of Things, Westminster John Knox Press, 2011, 6674.
- McGrath A., Science & Religion: A New Introduction, 3rd Ed., WileyBlackwell, 2020, 185189.
- დოგმატური საკითხების ყველაზე მკაფიო ნიმუშია პირველ (325) და მეორე (381) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე შემუშავებული მრწამსი, რომელიც 12 მუხლისგან შედგება და რომელიც ქრისტიანული რწმენის „მოკლე შეჯამებას“ წარმოადგენს. მასში წარმოდგენილია ერთმნიშვნელოვანი ხედვები (ქრისტიანული) მრავალ ფუნდამენტურ თეოლოგიურ (დოგმატურ) საკითხზე (იქნება ეს საკითხი სამყაროს შექმნა, ღმერთის განკაცება, ღმერთის სამპიროვნულობა თუ საყოველთაო აღდგომა). თინიკაშვილი დ., ჯაში ზ,. მსოფლიო რელიგიები, თბილისი, 2012, 121122. McGrath E. A., Christian Theology: An Introduction, 3rd Edition, Wiley
Blackwell, 2001, 19. 581.
- იხ:პომაზანსკი მ., „დოგმატური ღვთისმეტყველება“, მე2 გამოცემა, ნ. ბელთაძის თარგმანი,
თბილისი, 2006,











