ავტორი – იოანე კაზარიანი
კრეაციონისტები (შემდგომში „ტრადიციონალისტები“) ამ კითხვას ხშირად სვამენ. მათი აზრით, თუ დედამიწისეულ სამოთხეში „ორი პირველქმნილი ადამიანის“ „ცოდვით დაცემა“ არ მომხდარა, თეისტური ევოლუცია აზრს უკარგავს ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას და აღდგომას. ეს აზრი ტრადიციონალისტების ღრმა ცდომილებაა. ისინი ვერ წვდებიან ქრისტეს მსხვერპლის ევოლუციურ გაგებას ან არ სურთ ამის გაგება. რაშია ქრისტეს გამომხსნელი ჯვარცმის აზრი, თუკი არ არსებობს „ორი პირველქმნილი ადამიანის“ „ცოდვით დაცემა“, ხოლო მოკვდავობა იმთავითვე ადამიანური (და არა მხოლოდ ადამიანური) ბიოლოგიის იმანენტური იყო?
ეს საკითხი, ალბათ, ტრადიციონალისტებისთვის მთავარი დაბრკოლებაა ევოლუციის თეორიის, როგორც ბიოლოგიური ფაქტის, აღიარებაში. თუ ისტორიული „ადამი და ევა“ არ არსებობდნენ (ზუსტადაც ასე ესმის ევოლუციურ ღვთისმეტყველებას), ტრადიციული და სიტყვასიტყვით გაგებული ბიბლიური სქემა – „ცოდვით დაცემამ“ ადამიანის ბიოლოგიაში სიკვდილი შემოიტანა, ხოლო ქრისტემ „ადამიანის დაცემული ბუნება აღადგინა“ – ხელახალ გააზრებას მოითხოვს, რადგან ბიოლოგიური ევოლუციის თანახმად, სიკვდილი იმთავითვე არსებობდა და ევოლუციის მამოძრავებელიც იყო, აკვალიანებდა რა ცოცხალ არსებებს პერმანენტული სრულყოფილებისკენ.
თანამედროვე ქრისტიანი თეოლოგები (როგორებიც არიან: ჯონ პოლკინჰორნი, ჯეიმს კ. ა. სმიტი, გაისბერგ ვან დენ ბრინკი, ვენცელ ვან ჰაისტინი, ჯონ ჰოტი, არტურ პიკოკი, მიქაელ ჰელერი, დევიდ ბენტლი ჰარტი, ალან რიჩარდსონი და სხვ.) ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზას გვთავაზობენ.
ა) ცოდვით დაცემა, როგორც ეგზისტენციური არჩევანის მეტაფორა:
ამ კონცეფციაში, „ადამისა და ევას“ შესახებ თხრობა განიხილება არა როგორც წარსულის ისტორიული ქრონიკა, არამედ როგორც ფაბულა და ამავე დროს, თითოეული ადამიანის მდგომარეობის ასახვა. „ადამი და ევა“ თითოეული ჩვენგანია, „დაცემა“ კი ღრმად ინდივიდუალური შემთხვევაა (შეად. იაკობის ეპისტოლე 1, 14-15: „არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს“) და თითოეული ჩვენგანი თავის გონიერი პიროვნების მეშვეობით თავის ინდივიდუალურ ბუნებაზე მაღლა უნდა დადგეს. გონიერმა პიროვნებამ უნდა გაიმარჯვოს „ხორციელ სურვილზე“, რომელსაც (პრე)ისტორიულ ველურობამდე და წინაპრების მტაცებლობამდე მივყავართ. ევოლუციურ საკითხის არსით, ადამიანი ბიოლოგიური ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა და ღმერთისგან მიიღო ინსტინქტი, რომელის შემდგომი განვითარების შედეგადაც მივიღეთ გონება და თავისუფალი ნება. რა არის ცოდვის აზრი? – როგორც კი ადამიანმა ამ ხიფათით სავსე სამყაროში საკუთარი თავი გააცნობიერა, მან დაიწყო მტაცებლურ ბუნებასთან შერკინება და ეგოისტურად იყენებდა თავისუფლებას – ირჩევდა „მეს“ ღმერთის ნაცვლად. „ცოდვით დაცემა“ არ არის ერთჯერადი მოვლენა, რომელიც ისტორიის გარკვეულ მომენტში შეიძლება ვნახოთ, არამედ ეს არის კაცობრიობის მუდმივი მდგომარეობა, ღმერთისკენ ზურგის შექცევა ან ღმერთის უარყოფა. ამგვარად, „ადამისა და ევას“ „ცოდვით დაცემის“ შესახებ თხრობა ეტიოლოგიურ ხასიათს ატარებს. პირველ რიგში, ის გვიხსნის იმ არსებული პირობების მიზეზებს, რომლებშიც ადამიანი არსებობს: შემოქმედთან უშუალო ურთიერთობის შეუძლებლობა, ღმერთისადმი უნდობლობა, გარესამყაროს მტრული დამოკიდებულება, მშობიარობის ტკივილი, შრომაში ოფლის ღვრა (როგორც შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლის შედეგი), საზოგადოებაში ქალის დამორჩილებული მდგომარეობა, ჩვენი მოკვდავობა და ხრწნადობა. საინტერესოა, რომ ძველი აღთქმის ტექსტების თანახმად, ღმერთი თავისი ხელით მიწის მტვერისგან ნებისმიერ ადამიანს ქმნის, ისე, როგორც „ადამი“ შექმნა (იობ.10:8-11, 31:15, ფსალმ. 118:73, 138:13, ეკლ. 3:20, 12, 7). მაშასადამე, დაბადების წიგნის პირველ თავებში მოყვანილი „ადამისა და ევას“ შექმნის შესახებ თხრობა სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. მაშ, რა საჭიროა ჯვარი? ჯვარცმული ქრისტე საპირისპირო არჩევანის რადიკალურ მაგალითს გვაჩვენებს – ეს არის ღმერთისადმი სრული ნდობა და თავგანწირული სიყვარული, რომელიც მსხვერპლს გაიღებს. მან მშვენივრად იცოდა და აცნობიერებდა, თუ რაზე მიდის მოყვასისთვის, მთელი სამყაროსთვის და ამით „შიგნიდან“ კურნავდა ეგოისტურ ადამიანურ ბუნებას.
ბ) ადამიანი, როგორც „დაუსრულებელი სურათი“
აქ ევოლუცია წარმოგვიჩნდება, როგორც ღვთის შემოქმედების ინსტრუმენტი. შემოქმედება ჯერ არ დასრულებულა. ის მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში დასრულდება. წმ. გრიგოლ ნოსელი (ტრაქტატი „ადამიანის შექმნის შესახებ“) წერს, რომ კოსმოსი ჭეშმარიტად შეიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება „პირველ სიკეტესთან ყოველივეს შეერთებაში“, კაცობრიობა კი ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ შეიქმნება, როდესაც, ქრისტეს ცოცხალ სხეულში შეერთებული ყველა ადამიანი იმ „ღვთის მსგავსებად“ იქცევა, რომელიც არის „ადამიანობა ხატების მიხედვით“, ხოლო იმ მეცნიერული ფაქტის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც ბიოლოგიური ევოლუცია ერთ ადგილზე არ დგას, არამედ ყოველთვის პროგრესირებს, ღმერთის ქმედითი რეალობა ევოლუციაზე მეთვალყურეობაში, მის ლოგიკურ ესქატოლოგიურ დასრულებაში, თეოზისში მდგომარეობს, ანუ პან–ენ–თეიზმი (πᾶν ἐν θεῷ) რეალურად არის აღიარებული: ღმერთი რამდენადაც ტრანსცენდენტულია ქმნილი სამყაროს მიმართ, იმდენად იმანენტურია მის მიმართ ენერგიებში და სამყარო საბოლოოდ შეიქმნება მხოლოდ ღმერთთან – „პირველ სიკეთესთან“ – შეერთებისას. საკითხის არსი: ევოლუცია მარტივიდან რთულისკენ მოძრაობს. ადამიანი განვითარდა ფიზიკურად, ხოლო ევოლუციის გრძელ მანძილებზე კი სულიერად არასრულყოფილი დარჩა – დაექვემდებარა ვნებებს, ეგოიზმსა და სიკვდილის შიშს. ჯვრის გააზრება: ქრისტე არ არის „ხელოსანი“, „მესაათე“, რომელიც გაფუჭებულს არემონტებს. ის „ახალი ადამია“, ანუ ადამიანის ევოლუციის სახეცვლილი, უფრო ზუსტად კი, შემდგომი, უმაღლესი ეტაპი – Homo Dei. ჯვარზე ის ამარცხებს სიკვდილის შიშსა და ეგოიზმს, გვიჩვენებს მსხვერპლის გაღებისა და ალტრუიზმის უმაღლეს მაგალითს და კაცობრიობას განმღრთობისკენ უხსნის გზას. და კიდევ: ყველა წმინდა მამა როდი მიიჩნევდა, რომ „ცოდვით დაცემა“ მიზეზობრივად დაკავშირებულია განკაცებასთან, წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამტკიცებს, რომ განკაცება – ქმნილების პირველი და უპირობო მიზანია. ანუ, ლოგოსი განკაცდება არა მხოლოდ და არა იმდენად „ცოდვით დაცემის“ გამო, რამდენადაც ქმნილების გამო, რათა შეუერთდეს მას, როგორც მისი შემოქმედი. თუ როგორ შესრულდა განკაცება, რომელმაც ღვთაებრივი დიდება და ადამიანის ხანმოკლეობა შეაერთა – ეს ამოუცნობი საიდუმლოა, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ღმერთის ამ ქმედების მიზეზი და მიზანი გავიგოთ. წმ. მაქსიმეს თანახმად, ეს პირველმიზეზი და საბოლოო მიზანი არის – თავად განკაცება, რომლის შემდეგაც განკაცებულის სხეულში შევდივართ. წმ. მაქსიმე თავის აზრს მკაფიოდ გამოხატავს „თალასეს მიმართ კითხვა–პასუხში“, რაც არის პეტრეს პირველი ეპისტოლეს 19-20 მუხლების განმარტება (Quaest. ad Thalass., 60). ეს შეხედულება სრულ შესაბამისობაშია წმ. მაქსიმეს საღვთისმეტყველო აზრთან, რომელსაც ის არაერთხელ უბრუნდება როგორც თალასესადმი პასუხებში, ისე „ამბიგვაში“. მაგ., ეფეს. 1, 9-ს შესახებწმ. მაქსიმე ამბობს: „თავისი განკაცებით მან გვიჩვენა, თუ რისთვის ვართ შექმნილები და გვიჩვენა ღმერთის კეთილი ნება ჩვენდამი უკუნისამდე“ (PG 91, 1097C). ადამიანი, მთელი თავისი წყობით, მოიცავს „ღვთაებრივი განგების დიდებულ საიდუმლოს“, ანუ მთელი ქმნილების ღმერთში აღსრულებას. წმ. მაქსიმესთვის ღვთის განგების მთელი ისტორია ორ ეტაპად იყოფა: პირველი აღწევს მწვერვალს ლოგოსის განკაცებაში და არის ადამიანებსადმი ღმერთის დიდსულოვნების ისტორია, მეორე კი – ღმერთის დიდებისკენ (ანუ თეოზისისკენ) ადამიანის აღმასვლის ისტორია, ანუ განკაცების განვრცობა მთელს ქმნილებაზე (Quaest. ad Thalass., 22).
გ) ბუნებრივი მოკვდავობის დაძლევა:
ბიოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით, სიკვდილი არის პოპულაციის განახლების მექანიზმი; სიკვდილი არის ევოლუციის მამოძრავებელი, ეს არის დაბრკოლებებისა და სიძნელეების დაძლევის გზა – გზა მუდმივი სრულყოფისკენ. თუ ტრადიციულ ღვთისმეტყველებაში სიკვდილი არის ცოდვის შედეგი, ევოლუციურ ღვთისმეტყველებაში დიამეტრულად საპირისპირო რამ არის – სიკვდილი ბიოლოგიური ევოლუციის მამოძრავებელია, გზა მუდმივი ფიზიკური სრულყოფისკენ, რაც სულიერი თვითშემეცნების მამოძრავებელიც უნდა გამხდარიყო. მაგრამ, ევოლუციური ღვთისმეტყველება განასხვავებს ბიოლოგიურ სიკვდილს (სულის ხორცისგან განცალკევება) და სულიერ სიკვდილს (ღმერთისგან განდგომა, ღვთაებრივი ცხოვრების დაკარგვა). ამ შეხედულების თანახმად, თუმცა ადამიანის სხეული ევოლუციურად ვითარდებოდა, (პრე)ისტორიის გარკვეულ მომენტში (როდესაც გაჩნდა რეფლექსია, სინდისი და ნების თავისუფლება – თვითშემეცნება), პირველმა ადამიანებმა ჩაიდინეს ღმერთის უარყოფის აქტი. ამ აქტმა (ცოდვით დაცემამ) არ წარმოქმნა სიკვდილი, არამედ, სიკვდილის აღქმის ხარისხი შეცვალა: ბუნებრივი აღსასრულიდან ის იქცა კაცობრიობის ტრაგედიად და „უკანასკნელ მტრად“. ქრისტე არ მოვიდა ბიოლოგიური სიკვდილის გასაუქმებლად (ის მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში გაუქმდება) (რადგან ჩვენ ისევე ვკვდებით, როგორც ადრე ვკვდებოდით), არამედ „სიკვდილის ნესტოს“ (რაც სიცოცხლის წყაროსგან მუდმივი გაუცხოება მოგვიტანა) გასანადგურებლად. რა მივიღეთ შედეგად? თავისი განკაცებით ქრისტე სიკვდილის ტრანსფორმაციას ახდენს ჩვენი სულის შინაგან ძალებს გარდაქმნის. სიკვდილი აღარ არის ჩიხი და პიროვნების განადგურება, ის იქცა ღმერთთან მარადიული ცხოვრების კარად.
დ) ქრისტე, როგორც „ახალი ადამი“:
პავლე მოციქული ერთმანეთს უპირისპირებს ადამსა და ქრისტეს (რომ. 5; 1 კორ. 15). მაგრამ ებრაულ ენაზე ადამი – „ადამიანს“ ნიშნავს. ამ კუთხით, ადამი არ არის ყველა ადამიანის წინაპრის პირადი სახელი, არამედ არქეტიპია, მთელი კაცობრიობის კრებსითი სახეა, თითოეული ჩვენგანია. მსხვერპლის აზრი იმაშია, რომ ქრისტე ამ კოლექტიურ გამოცდილებაში შემოდის. ლოგოსმა ხომ კონკრეტული ადამიანი, სახელად იესოს, არ მიიღო, არამედ განკაცდება ჩვენთვის საერთო ადამიანურ ბუნებაში, თუ შეიძლება ითქვას, ხდება კოლექტიური პიროვნება, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, გადააქვს ჩვენი ცხოვრება და განიცდის მას თავის თავში. თუ კაცობრიობა ევოლციურ–კოლექტიურად (ევოლუციის ერთეული ხომ პოპულაციაა და არა ორი ინდივიდი) მივიდა ცოდვის მდგომარეობამდე (ეგოიზმის, ძალადობა, სიკვდილის შიში, მტაცებლობა), ქრისტე, როგორც „ახალი ადამიანი“ ბოლომდე იძენს ამ გამოცდილებას, მაგრამ ცოდვის გარეშე, რადგან ცოდვა ბუნების მიღმისეულია. ჯვარზე მან თავის თავზე აიღო მთელი ის ტკივილი და ღმერთისგან განცალკევება (ღმერთისგან მიტოვება, როგორც არ უნდა გვესმოდეს ეს), რომელიც კაცობრიობამ მთელი თავისი ტრაგიკული ევოლუციური ისტორიის მანძილზე დააგროვა. ქრისტემ გაიარა „ევოლუციური ჩიხი“ (სიკვდილი, როგორც ღმერთისგან მიტოვებულობა და ადამიანის ღმერთისგან გაუცხოვება) და აღდგომით შიგნიდან გაარღვია ის, სათავე დაუდო რა ახალ ევოლუციურ ეტაპს – სულიერ სხეულს, ანუ სხეულს, რომელიც ბუნების ლოგოსით იგივეა, მაგრამ ბუნების ტროპოსით უკვე სხვა ყოფაშია, რაც ჩვენთვის ყველასთვის იქცა მომავალი სიკეთეების მოდელად.
ე) მსხვერპლი, როგორც „ღვთაებრივი განმსჭვალვა“
ქრისტესმსხვერპლისაზრიიმაშია, რომ ის ჩვენ ონტოლოგიას განკურნავს და განწმენდს, შეიერთებს რა მას თავის თავში. აზრი ასევე იმაშია, რომ ღმერთი განკაცდება, რათა ადამიანის ბუნების, ადამიანის გონების სიღრმეებში შეაღწიოს, შეაერთოს ღვთაებრივი ბუნება და ადამიანური მატერია (ხორცი). თავის ღრმად კენოტიკური აქტით ღვთაებრივი ლოგოსი განწმენდს ჩვენს ბუნებას, აღწევს რა მის ღრმა ნეიროფიზიოლოგიურ რეალობამდე და შეიმეცნებს ადამიანს შიგნიდან, გადაიტანა რა ჩვენი ბუნების მთელი ტრაგედია და „დაცემულობა“. ლოგოსი არა მხოლოდ ჩვენს ხორცს განწმენდს, არამედ ამ (კოსმიური) აქტით ის მთელ სამყაროს განმსჭვალავს ჩვენი ბუნების კუთხით, შემხებლობაში მოდის რა დიდ კოსმოსთან მცირე კოსმოსის – ჩვენი ადამიანური ბუნების მოლეკულურ დონეზე – მეშვეობით, რადგან ლოგოსის მიერ მიღებული ადამიანური ბუნება მოლეკულურ დონეზე კოსმიური ბუნების იმანენტურია, მის ატომარულ დონეზე. ჩვენ ვიტევთ კოსმოსს, კოსმიურ ელემენტებს, რომლებისგანაც შედგება ვარსკვლავური მტვერი. ჯვარზე სიკვდილი არის ღვთაებრივი სიყვარულის კულმინაცია, რომელიც ადამიანური არარსებობისა და ჯოჯოხეთის ღრმა წერტილში აღწევს. თუ ადამიანი წარმოიშვა მიწისგან/მტვერისაგან (ევოლუცია მტვერისაგან შექმნის ფორმაა), კოსმიური მტვერისგან, მაშინ, ქრისტე ჩამოდის ამ მიწაში, რათა აიტანოს ის მამასთან და განგვწმინდოს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი სამყაროც განწმინდოს, რათა იოანეს მსგავსად თითოეულ ჩვენგან შეეძლოს თქმა: „მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.“ (გამოცხ. 21, 1-4).
ვ) მსხვერპლი, როგორც „ქმნილების გამართლება“
ევოლუცია ტანჯვასა და ბრძოლას მოიაზრებს. მრავალი ღვთისმეტყველი აღიარებს, რომ „ცოდვით დაცემა“ მეტაფორაა. ის აღწერს სულის კატასტროფას, რომელიც ადამიანს ევოლუციის პერიოდში, გონების წარმოქმნისას, დაემართა. ადამიანმა შეიმეცნა სიკეთე და ბოროტება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შეინარჩუნა მაღალი მოწოდების დონე, ვერ დაძლია თავისი ეგოიზმი, თავისი ველურობა, სისასტიკე და ხელიდან გაუშვა ან სულ მუდამ უშვებდა შესაძლებლობას, რომ თავისი პიროვნებით თავისი ბუნების ველურობაზე მაღლა დამდგარიყო (როგორც ღვთის მსგავსი, უფრო ზუსტად კი, ის ხატება, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა, ადამიანმა ღმერთს ვერ დაამსგავსა). ამ კონტექსტში, ჯვარი არის ღმერთის პასუხი ადამიანის ღვთაებრივი თავისუფლების ტრაგედიაზე; თავისუფლებისა, რომელსაც ადამიანი ბუნების თვითნებობით თრგუნავდა. ღმერთს არ შეუქმნია ცოდვილი სამყარო, არამედ, სამყარო, ჩამოყალიბების (ევოლუციის) პროცესში გარდაუვლად წარმოშობს ბოროტებას, როგორც თავისუფლების გვერდით ეფექტს იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანმა საკუთარი თავის გაცნობიერება დაიწყო, გახდა მეტყველი და გონიერი არსება. ღმერთი არ ალაგმავს ამ რეალობას (არ აბრუნებს ევოლუციას უკან), რადგან პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, არამედ თვითონ შედის ამ რეალობაში. ჯვარცმა არის მომენტი, როდესაც შემოქმედი ნებას რთავს ქმნილებას (ადამიანს), რომ მან ღმერთს ყველაზე ცუდი რამ გაუკეთოს რაც კი შეუძლია და ღმერთი ამ ბოროტებას გამარჯვებად აქცევს და აჩვენებს, რომ ვერანაირი ევოლუციური შემთხვევითობა და ვერანაირი ცოდვა ვერ განაშორებს ქმნილებას შემოქმედის სიყვარულისგან. ზუსტად ქმნილებისთვის იყო წინასწარ განჩინებული ღვთაებრივი ლოგოსი ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე (1 პეტრ. 1, 19-20) (მითუმეტეს, „ცოდვით დაცემამდე“), რათა განკაცებულიყო და შეერთებულიყო ქმნილებასთან.










