22 იანვრიდან ჟენევაში, მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრში, შამბეზიში მუშაობას შეუდგა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისი.

სხდოდმა გახსნა ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ეკლესიათა პრიმატებს შეხვედრისათვის, კიდევ ერთხელ ჩამოთვალა 1976 წელს პანორთოდოქსულ შეკრებაზე ფიქსირებული 10 თემა, რომელიც უნდა გავიდეს განსახილველად დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაზე. შეეხო იმ საკითხებს, რომლებზეც მოსამზადებელი კომისიის შეხვედრებზე ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთსულოვანი თანხმობაა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია თანხმობის მიღწევა ყველა მათგანზე (ამჟამად შეუთანხმებელი საკითხებია ავტოკეფალია, დიპტიხი, შერეული ქორწინება და კალენდარი).

ყოვლადუწმინდესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „წმინდა და დიდი კრება წარმოადგენს ერისკაცთა, მონოზონთა, კლერიკოსთა და მთელი საქრისტიანოს ინტერესის საგანს“ და დასძინა რომ კრებაზე საჭიროა იმ ეკლესიათა თუ ქრისტიანულ დენომინაციათა წარმომადგენლების დამკვირვებლის სტატუსით მოწვევა, რომლებთანაც მართლმადიდებელი ეკლესია დიალოგშია.

ასევე საუბარი შეეხო ზოგიერთი „მართლმადიდებლობის დამცველის“ მხრიდან წმინდა და დიდი კრებისათვის წინასწარ „ავაზაკთა კრების“ წოდების კადნიერებას, პატრიარქ ბართლომეს რიტორიკული კითხვით: რომელი ავტორიტეტით ხდება მსგავსი დასკვნების გაკეთება, ან რა იქნება ამ დაუმორჩილებლობის კანონიკური შედეგები?

დასძინა, რომ სამწუხარო შესაძლებლობა ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მიერ კრებაზე დაუსწრებლობისა კრების ავტორიტეტს ოდნავადაც ვერ შელახავს, რადგან ისტორიას ახსოვს ისეთი მსოფლიო კრებებიც, რომლებზეც ყველა ეკლესია არ ყოფილა წარმოდგენილი. მისი აზრით კრება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ორი კვირა, სხვადასხვა რელიგიური ხასიათის ღონისძიებებთან ერთად.

„გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“ (2კორ. 13:11) ამ სიტყვებით დაასრულა ყოვლადუწმინდესმა ბართლომემ თავისი გამოსვლა.

წყარო: http://patriarhia.ro/