სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ

1xbet apk

ნაწილი IV

მთარგმნელი იოანე კაზარიანი

წინასიტყვაობანაწილი Iნაწილი II, ნაწილი III

31. ამგვარად, (ღვთის სიტყვამ) ადამიანი და ღმერთი გააერთიანა და ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის თანხმობა აღასრულა, (რადგან), სხვაგვარად, ის რომ არ მოსულიყო, უხრწნელებაში წილის დამკვიდრება ჩვენს ძალებს აღემატებოდა. რადგან, (სანამ) უხრწნელება უხილავი იყო და არ მოგვევლინა, მას ჩვენთვის არავითარი სარგებლობა არ ჰქონდა, ახლა კი ხილული გახდა, რათა ჩვენ უხრწნელების მიღებაში ყოველმხრივი თანამონაწილეობა მიგვეღო. რადგან პირველქმნილ ადამში ყველანი სიკვდილთან (ვიყავით) კავშირში ურჩობის მიერ, ამიტომ ეგებოდა და ღირს იყო, რომ (ღვთის სიტყვის) მორჩილებით, რომელიც ჩვენს გამო განკაცდა, სიკვდილი შემუსვრილიყო. სიკვდილი სხეულზე ბატონობდა, ამიტომ საჭირო იყო (სიკვდილის) დამარცხება სხეულით, რათა ადამიანი მისი შევიწროებისგან განთავისუფლებულიყო. ამიტომ განკაცდა სიტყვა, რათა იმავე სხეულით, რომლითაც ცოდვა ჩვენში გამყარდა და  ბატონობდა, განადგურებულიყო ცოდვა და აღარ ყოფილიყო ჩვენში. ამისათვის უფალმა პირველქმნილი (ადამის) ხორციელება მიიღო, რათა მამებისთვის ებრძოლა და (ახალი)  ადამით გაემარჯვა (მასზე) ვინც (ძველი) ადამით ჩვენ დაგვაქცია.

32. საიდან მომდინარეობს პირველქმნილის არსი? ღვთის ნებისა და სიბრძნისგან და ხელუხლებელი მიწისგან. „რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა“ – ამბობს წერილი (დაბ. 2, 5). ამ მიწისგან, სანამ ის ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, ღმერთმა აიღო მტვერი და მიწისგან შექმნა ადამიანი – კაცობრიობის დასაწყისი. უფალი, ამ ადამიანის ხელმეორედ სრულყოფისთვის, იგივე წესით განკაცდა: ღვთის ნებითა და სიბრძნით ქალწულისგან იშვა, რათა თავისი (განკაცებისა) და ადამის განკაცების წესის მსგავსება ეჩვენებინა და აღსრულებულიყო, რაც დასაწყისში ეწერა, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა41.

33. როგორც ქალწულის (ევას) ურჩობით ადამიანი დაეცა და მოკვდა, ასევე ქალწულის მიერ, რომელიც ღვთის სიტყვის მორჩილი იყო, კვლავ გაცოცხლებული ადამიანი სიცოცხლეს იღებს. უფალი დაკარგული ცხვრის მოსაპოვებლად მოვიდა, ეს დაკარგული ცხვარი კი ადამიანი იყო. ამიტომ უფალმა ახალი ქმნილება კი არ შექმნა, არამედ იმავე ქმნილების მიერ, რომელიც ადამიდან მომდინარეობდა, ქმნილების მსგავსება შეინარჩუნა. საჭირო იყო ქრისტეში  ადამის კვლავ სრულყოფა, რათა მოკვდავი უკვდავში შთანთქმულიყო. იგივეა ევასა და მარიამის შემთხვევაშიც – ქალწული ქალწულის შუამავალი გახდა და ქალწულებრივი მორჩილებით ქალწულებრივი ურჩობა შემუსრა. დანაშაულიც ხის მიერ მოხდა, რაც ხის მორჩილების მიერ გამოსწორდა – ღვთის ძე, მორჩილებით ხეზე გაეკრა, გაანადგურა ბოროტების შეცნობა და სიკეთის შეცნობა შემოიღო. ბოროტება ღვთისადმი დაუმორჩილებლობაა, სიკეთე კი – ღვთისადმი მორჩილება.

34. ამიტომ, სიტყვა, ესაია წინასწარმეტყველის მიერ – იმიტომაც არიან წინასწარმეტყველნი, რომ მომავალს აუწყებენ – მომავალ ტანჯვას წინასწარ აუწყებს და ამბობს: „ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა“ (ესაია. 50, 5-6). მაშასადამე, ხეზე ჩამოკიდულმა, მორჩილებით, რომელიც მან სიკვდილამდე არ დათმო, ხესთან დაკავშირებული ძველი ურჩობა გაანადგურა. ის არის ყოვლისშემძლე ღმერთის სიტყვა, რომელიც ჩვენში და მთელს სამყაროში უხილავად არის გავრცელებული – გრძედში, განედში, სიმაღლესა, სიღრმეში, რადგან მთელი სამყარო ღვთის სიტყვით იმართება, სამყაროში კი ღვთის ძეა ჯვარცმული და ჯვრის სახით ყველაფერშია აღბეჭდილი. ღირს იყო და ეგებოდა, რომ თავისი მოვლინებისას, როდესაც ის ხილული იყო, თავის ჯვართან ზიარება მიეცა ყველასთვის, რათა მოვლინებით თავისი ქმედება ხილული სახითაც ეჩვენებინა. რამეთუ ის სიმაღლეს, ანუ ზეცას განანათლებს და დედამიწის სიღრმეს42 ავრცელებს; მჭიდროდ კრავს და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გრძედს ჭიმავს; განედს გადაცურავს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს გაივლის და ყველა მხარეს განბნეულებს მამის შემეცნებისკენ მოუწოდებს.

35. ღმერთმა აბრაამს აღუქვა, რომ მისი შთამომავლობა ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი იქნებოდა და სიტყვამ აბრაამისთვის მიცემული აღთქმა აღარსულა. ქირსტემ ეს მაშინ აღასრულა, როდესაც ქალწულისგან იშვა, რომელიც აბრაამის გვარისა იყო. სიტყვამ თავისი მორწმუნენი სამყაროს მნათობებად აქცია და აბრაამთან ერთად რწმენით გაამართლა წარმართნი: „ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ“ (გალ. 3, 6). ღვთის რწმენით ჩვენც ასევე გავმართლდებით, რამეთუ „მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს“ (გალ. 3, 11). ამრიგად, აბრაამის აღთქმა არა რჯულისგან, არამედ რწმენისგანაა (რომ. 4, 13), რადგან აბრაამი რწმენით გამართლდა, ხოლო მართლისათვის რჯული არ არსებობს. მსგავსადვე, ჩვენც არა რჯულით, არამედ რწმენით ვმართლდებით, რომელიც რჯულში და წინასწარმეტყველთაგან არის დამოწმებული, რწმენით, რომელსაც ღვთის სიტყვა გვთავაზობს43.

36. მან დავითის აღთქმაც შეასრულა. ღმერთმა დავითს აღუქვა, რომ მისი საგვარეულოდან მარადიული მეფე წარმოსდგებოდა, რომლის მეფობასაც დასასრული არ ექნებოდა. ეს მეფე არის ქრისტე, ღვთის ძე, რომელიც განკაცდა მას მერე, რაც ქალწულმა შვა, ხოლო ქალწული დავითის საგვარეულოდან იყო წარმოშობით. ამიტომაც იყო აღთქმა მუცლის ნაყოფის შესახებ, რომელიც არის ქალის დაორსულების შედეგად განსაკუთრებულად საიდუმლო შობა – არა თესლისგან და არა საშოსგან შობა44, არამედ ჩვეულებრივი შობისგან განსხვავებული საიდუმლო შობა45. განსაკუთრებით საიდუმლო კი ის არის, რომ დავითის მოდგმის ქალწულებრივი საშოსგან46 გამოვიდა ნაყოფი. (აღთქმა) გვამცნობს, რომ (ქრისტე) დავითის სახლზე საუკუნედ მეფობს და მის მეფობას დასასრული არ ექნება.

37. ამგვარად, მან დიდებულად აღასრულა ჩვენი ცხონება და მამათა აღთქმა და ძველი ურჩობა შემუსრა. ღვთის ძე დავითის ძედ და აბრაამის ძედ იშვა, აღასრულა ეს ჯერ თავის თავში, რათა ჩვენ სიცოცხლე მოგვეპოვებინა. ღვთის ძე ხორციელად იშვა ქალწულის შესახებ განჩინების თანახმად, რათა შეემუსრა სიკვდილი და განეცოცხლებინა ადამიანი, რადგან ჩვენ ცოდვის ტყვეობაში ვიყავით, ცოდვილნი ვიბადებით და სიკვდილთან ერთად ვცხოვრობთ.

38. მრავალმოწყალეა მამა ღმერთი, რომ შემოქმედი სიტყვა მოგვივლინა, რომელმაც ჩვენთვის ცხონება აღასრულა და ჩვენს გარემოში და ჩვენს ადგილას იმყოფებოდა, რომელშიც ჩვენ სიცოცხლე დავკარგეთ, მან კი სატუსაღოს ბორკილები დახსნა. მისმა ნათელმა სატუსაღოს წყვდიადი განაბნია, ჩვენი შობა აკურთხა და სიკვდილი გააუქმა, ხოლო ბორკილები, რომლებითაც შებოჭილნი ვიყავით – დაამსხვრია. მან აღდგომა გვიჩვენა, თავად გახდა რა პირველი მკვდართაგან; დაცემული ადამიანი თავის თავში აღადგინა და აღამაღლა, მამის დიდების მარჯვნივ დასვა. ღმერთი წინასწარმეტყველის მიერ ამბობდა: „აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული“ (ამ. 9, 11), ანუ დავითისგან წარმომდგარ სხეული. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონება დიდებულად და ჭეშმარიტად აღასრულა, რათა ჩვენ ჭეშმარიტად აღვდგენილიყავით მამის სიცოცხლით. ვინც მის ქალწულისგან შობას არ აღიარებს, როგორ-ღა მიიღებს მის მკვდრეთით აღდგომას? ამაში არაფერია გასაკვირი, სასწაულებრივი ან უცნაური, რადგან თუ უშობელი მკვდრეთით აღდგა, მაშინ უშობელის მკვდრეთით აღდგომაზე ვერ ვისაუბრებდით. უშობელი და უკვდავი ხორციელი შობით რომ არ მოვლენილიყო ვერც მოკვდებოდა, რადგან ვინც ადამიანურ საწყისს არ იღებს, ის ვერც ადამიანურ აღსასრულს ვერ მიიღებს?47

39. შესაბამისად, თუ (ის) არ შობილა, (ე. ი.) არც მომკვდარა; და თუ არ მოკვდა, (ე. ი.) არც მკვდრეთით აღდგა; და თუ მკვდრეთით არ აღდგა, არც სიკვდილი დაუმარცხებია და არც სიკვდილის მეფობაა შემუსრული; და ხოლო თუ სიკვდილი არ დამარცხებულა, მაშ, სიკვდილს დაქვემდებარებულნი, როგორ-ღა ავმაღლდით სიცოცხლემდე? მაშასადამე, ისინი, რომელნიც ადამიანებს ცხონებას ართმევენ და არ სწამთ ღმერთის, რომ (ის) მათ მკვდრეთით აღადგენს, ჩვენი უფლის შობასაც უარყოფენ, რომელიც ჩვენს გამო იშვა, როდესაც ღვთის სიტყვა ხორცად იქმნა, რათა ხორცის აღდგომა ეჩვენებინა და ზეცისკენ ეწინამძღვრა ჩვენთვის. პირველშობილმა სიტყვამ, მამის ბჭობის პირველშობილმა ყოველივე აღასრულა – გაიარა სამყარო და წესრიგი დაამყარა მასში. ქალწულის პირველშობილი იყო, მართალი, წმინდა ადამიანი – კეთილმსახური, კეთილი, ღვთივსათნო, ყველაფერში სრულყოფილი; მან ყველა იხსნა ჯოჯოხეთისგან, ვინც კი მას გაყვა, რადგან მკვდართაგან პირველი არის თავად და ღვთიური სიცოცხლის საწყისი და თავი.

40. ამგვარად განმსჭვალავს ყოველივეს ღვთის სიტყვა, რადგან ის არის ჭეშმარიტი ადამიანი, საოცარი მრჩეველი და ყოვლის შემძლე. მან ღვთის მიერ კიდევ ერთხელ მოწოდებული ადამიანის ღმერთთან თანხმობა (დაამყარა), რათა ღმერთთან ურთიერთობით უხრწნელებაში თანამონაწილეობა მიგვეღო. მაშასადამე, ის ვინც მოსეს რჯულით და უზენაესი ყოვლისმპყრობელი ღმერთის წინასწარმეტყველთა მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, (როგორც) თავისი მამის ძე, რომლისგანაც ყველაფერი წარმოიქმნა, რომელიც მოსეს ელაპარაკებოდა – აი, ის მოვიდა იუდეაში, ღმერთისგან სული წმიდის მიერ ქალწულ მარიამში ჩასახული, რომელიც (მარიამი) დავითისა და აბრაამის შტოდან იყო; ეს იყო იესო, ღვთის ცხებული; მან მოავლინა თავისი თავი, როგორც წინასწარმეტყველთაგან ნაქადაგებმა.

41 იხ. დაბ. 1, 26.

42 ტექსტში გამოყენებულია სიტყვა ստորին [storin], რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც: ფსკერი, მიწისქვეშეთი, ტარტარი, ქვესკნელი და ჯოჯოხეთი.

43 აქ უნდა ვიგულისხმოთ ღვთის იპოსტასური სიტყვა, ანუ ღვთის ძე, რადგან ტექსტშია Բանն Աստուծոյ [Bann Astutsoi].

44 ანუ, წმ. ირინეოსი ღვთისმშობლის მიდგომის ზებუნებრიობას უსმევს ხაზს – ჩასახვას, რომელიც ბუნებრივი გზით არ მომხდარა.

45 ანუ, ადამიანის ბუნებრივი დაბადებისგან განსხვავებით, რომელიც ღვთისმობლისგან ლოგოსის საიდუმლო შობისგან (განკაცებისგან) განსხვავდება.

46 იგულისხმება ქალწული ღვთისმშობელი.

47 მოცემულ თავში განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რომ წმ. ირინეოსი გნოსტიკოსებთან პოლემიკაშია, რომლებიც განკაცების სინამდვილეს არ აღიარებდნენ, ანუ ქრისტეს ადამიანური ბუნების სინამდვილეს არ აღიარებდნენ.