ძვირფასო მკითხველო!
ექსკლუზიურად გთავაზობთ წმ. ირინეოს ლიონელის ცნობილ ტრაქტატს. რომელიც პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
წინამდებარე წიგნი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და ის ყოველკვირეულად განახლდება ჩვენს ბლოგზე.
წინასიტყვაობის ავტორი და ტექსტის მთარგმნელი – იოანე კაზარიანი
წინასიტყვაობა
წმ. ირინეოს ლიონელის ცხოვრება და მოღვაწეობა
„ირინეოსი, თავისი სახელის შესაბამისად,
საქმეშიც მშვიდობისმყოფელი აღმოჩნდა:
მოუწოდებდა ეკლესიაში მშვიდობისაკენ და ზრუნავდა მასზე“
(ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 24, 17).
მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი (დაახ. 130-202) ადრეული ეკლესიის ერთერთი პირველი და ამასთანავე გამოჩენილი აპოლოგეტი და შესანიშნავი ღვთისმეტყველია, რომელმაც შეძლო გადმოეცა როგორც ეკლესიის გადმოცემის, ისე მისი თანამედროვე მრავალრიცხოვანი ადრეული ეკლესიისადმი მტრული გნოსტიკური სექტების ცრუ სწავლებების არსი. ლიონელი მოძღვარი ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო საეკლესიო გადმოცემისა, რომელიც მან პოლიკარე სმირნელისგან მიიღო († 156), უსმენდა რა მის საუბრებსა და ქადაგებებს1 და მისი მოწაფე2 იყო. ამგვარად, საეკლესიო ტრადიცია, რომელიც წმ. ირინეოსმა მემკვიდრეობად მიიღო, მომდინარეობს წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისაგან, რომლის მოწაფეც გახლდათ წმ. მოწამე პოლიკარპე3. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას წმ. ირინეოსი საფუძვლიანად გადმოსცემს თავის ორ მთავარ თხზულებაში: პირველი სახელწოდებით „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“, რომელსაც მოკლედ ეწოდება „ერესების წინააღმდეგ“ (Adversus haereses) – ხუთ წიგნად, ხოლო მეორე ტრაქტატი სახელწოდებით „სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება“, რომლის თარგმანსა და განხილვას მკითხველს ქვემოთ ვთავაზობთ. წმ. ირინეოსმა სხვა ნაწარმოებიც დაწერა, მაგრამ ჩვენამდე მთლიანი სახით ორმა ზემოხსენებულმა ტრაქტატმა მოაღწია. როგორც აღინიშნა, გარდა საეკლესიო გადმოცემისა, ლიონელი მამა შესანიშნავად ერკვეოდა თავისი პერიოდის ერესოლოგიაში. იმ პერიოდის ერესები ძალიან აღელვებდა პირველ ეკლესიას. გახდა რა გნოსტიკური სექტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთი მთავარი გამომხატველი, წმ. ირინეოსი თავის ნაწარმოებში საფუძვლიანად გვაუწყებს გნოსტიკოსთა მნიშვნელოვან ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო თავისებურებებს. წმინდა მამის პერიოდის საინფორმაციო სიმწირის ფონზე, მის მიერ ქრისტიანობის პირველი ორი ასწლეულის ერეტიკოსთა შესახებ გადმოცემული დაწვრილებითი ცნობები მეტად მნიშვნელოვანია. წმ. ირინეოსის აპოლოგია გნოსტიკოსების წინააღმდეგ ავტომატურად უყრიდა საფუძველს მართლმადიდებელი ტრადიციის სისტემატურ გაგებას, რაც მომავალში აისახა იმ წმინდა მამების ნაშრომებში, რომლებიც ლიონელი მოძღვრის თხზულებებს მიმართავდნენ.
მიიჩნევა, რომ წმ. ირინეოსი წარმოშობით მცირე აზიელი ბერძენი იყო. სულ მცირე, წმინდა მამა ბერძნულენოვანი და ბერძნულად მოაზროვნე იყო – ყველა მისი თხზულების ენა ბერძნულია. განსხვავებით იმ წმინდა მამათაგან, რომლებსაც ფილოსოფიური განათლება ჰქონდათ, როგორიცაა წმ. იუსტინე მოწამე († 165), წმ. ირინეოს სპეციალური ფილოსოფიური განათლება არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ მოგვეპოვება წყარო, რომელიც მის უმაღლეს სისტემატურ ფილოსოფიურ განათლებაზე გვეტყოდა რამეს, თუმცა, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევისას შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ წმ. ირინეოსი კარგად იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას4. მისი თხზულებების ანალიზისას შეიძლება ითქვას, რომ მან განსაკუთრებით კარგად გაითავისა ფორმალური მხარე – დიალექტიკა და მთლიანობაში წმ. ირინეოსი არის საღი აზრის ადამიანი და კარგად ხედავს რელიგიურ რეალიებს-პრობლემებს, რომელთა წინაშეც მაშინდელი საეკლესიო საზოგადოება დადგა. წმ. ირინეოსი რომ ბერძენ ფილოსოფოსებს და კლასიკოს პოეტებს იცნობდა ეს დასტურედება მისი ტრაქტატებით, რომლებშიც ნათლად იკვეთება მის მიერ ჰომერის, ჰესიოდის, პლატონის და სხვათა თხზულებების გაცნობიერება. ქრისტიანული განათლება მან წმ. პოლიკარპესთან და სხვა მცირე აზიელ პრესვიტერებთან ურთიერთობით მიიღო. ის მათ არაერთხელ იხსენებდა5. ერთერთი ამ პრესვიტერთაგანი იყო წმ. ირინეოსის მასწავლებელი გნოსტიკოსებთან პოლემიკაში. წმ. პოლიკარპეზე თავად წმ. ირინეოსი ზუსტ მოგონებებს გვაწვდის6.
წმინდა მამის მიერ მცირე აზიის ეკლესიებში გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება აღმოჩნდა მისთვის სულიერი განვითარებისა და აპოლოგეტად ჩამოყალიბების მხრივ. მცირე აზიის ეკლესიებს სწავლების, ორგანიზების და მისიის კუთხით მნიშვნელოვანი, ერთერთი პირველი ადგილი ეკავა, ისევე როგორც პირველი ეკლესიის სალიტერატურო საასპარეზოზე. ეფესოში (სადაც გადმოცემის თანახმად მეოთხე სახარება დაიწერა) დამკვიდრებულმა წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველის ფიგურამ7 მთავარი როლი ითამაშა ქრისტიანული გადმოცემის გაღრმავებასა და განვითარებაში. ეს გადმოცემა თაობიდან თაობას გადაეცემოდა ძირითადად მცირე აზიელი პრესვიტერების მეშვეობით. მცირე აზიის ეკლესიების წარმომადგენლები მტკიცედ იცავდნენ ადგილობრივ სამოციქულო გადმოცემას და ზრდიდნენ მას თავიანთ წევრებში, რომელთაგან მრავალი სხვა ქვეყნებში და რომის იმპერიის პროვინციებში მისიონერი და მღვდელი ხდებოდა. ამ მისიონერების და აპოლოგეტების რიცხვს განეკუთვნება მცირე აზიის ეკლესიათა მიერ აღზრდილი წმ. ირინეოს ლიონელი, რომელიც 177 წელს, იმპერატორ მარკოს ავრელიუსის (160-161-დან 180-მდე) ცნობილი ქრისტიანთა „ლიონური დევნის“ დროს, უკვე პრესვიტერის ხარისხში, გალიის ქალაქ ლიონში (თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორია) აღმოჩნდა8. თავისი ნათელი გონებითა და დიალექტიკის უნარით წმ. ირინეოსმა რომის ამ ოლქში სახელი გაითქვა, რამაც მომავალში მისი პოპულარობის ზრდას ხელი შეუწყო. ამიტომ, ლიონის ეკლესიამ ის უკვე აპოლოგეტის ხარისხში ოფიციალურად მიავლინა წერილით რომის პაპის ელევთერის (175-189) საყდარზე. ირინეოსი პაპს უხსნის მონტანიზმის პრობლემებს, რომლებსაც წააწყდნენ ლიონის ქრისტიანები, რომლებიც სთხოვდნენ პაპს, რომ მას გალიის ოლქში საეკლესიო მშვიდობისთვის მხარი დაეჭირა. რომის პაპის მიმართ წერილში, ლიონელი ქრისტიანები წმ. ირინეოსს უწევდნენ რეკომენდაციას, როგორც „ქრისტეს მცნების მოშურნეს“9. უკან დაბრუნებული წმ. ირინეოსი ლიონის ეპისკოპოსად დააყენეს ყოფილი ეპისკოპოსის პოთინის ადგილზე, რომელიც წარმართებმა აწამეს. ამ მოვლენაზე წერს ევსები კესარიელი (დაახ. 263-340): „როდესაც გალიელ მოწამეებთან ერთად პოთინიც გარდაიცვალა სიცოცხლის ოთხმოცდამეათე წელს, მაშინ ლიონის ეკლესიის (რომელისაც პოთინი მართავდა) ეპისკოპოსობა ირინეოსმა მიიღო“10. მისიონერი ეპისკოპოსის ხარისხში წმინდა მამამ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა – შეისწავლა ადგილობრივი კელტი წარმართების ენა და კულტურა და მოაქცია ისინი ქრისტიანობაზე.
მოგვიანებით, წმ. ირინეოსი უფრო ცნობილი გახდა თავისი პოლემიკური საქმიანობით სხვადასხვა მიმდინარეობის გნოსტიკური სექტების წინააღმდეგ. განსაკუთრებული ძალისხმევა წმინდა მამამ მიმართა გნოსტიკოს ვალენტინის – რომის იმპერიის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და გავრცელებული სექტის დამაარსებლის წინააღმდეგ. ლიონელი ეპისკოპოსი ცნობილია აგრეთვე როგორც მშვიდობისმყოფელი-შუამავალი ეკლესიის ისტორიაში მცირე აზიელ და რომის ქრისტიანთა შორის ყველაზე ცნობილ დავაში (190 წ.) პასექის დღის აღნიშვნის თაობაზე. მცირე აზიელი ქრისტიანები აღდგომას 14 ნისანს აღნიშნავდნენ, ეყრდნობოდნენ რა წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისაგან მომდინარე ტრადიციას, მაშინ როდესაც რომაელი ქრისტიანები აღნიშნავდნენ პირველ კვირა დღეს. ეს დავები არ წარმოადგენდა სიახლეს წმ. ირინეოსისა და მისი თაობის ქრისტიანებისთვის, რადგან დავის ისტორია მოდიოდა ჯერ კიდევ წმ. პოლიკარპე სმირნელისა და რომის პაპ ანიკიტისგან, თუმცა, მაშინ ამ პოლემიკას სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და დავა არ გამოუწვევია. ამჯერად, ეს დავა განახლდა პაპ ვიქტორის (189-198) დროს, რომის პრესვიტერის, კვარტოდეციმანი ვლასტის პრეტენზიებთან დაკავშირებით11. ეს საკითხი წამოჭრილა სხვადასხვა კრებებზე, სადაც ძირითადად ყველა უჭერდა მხარს რომის პრაქტიკას, რომელსაც არ ეთანხმებოდნენ მცირე აზიელი პრესვიტერები წმ. პოლიკარპე სმირნელის მეთაურობით. წმ. ირინეოსის დროს განახლებულ დავაში მცირე აზიელი პრესვიტერების უდრეკმა წინააღმდეგობამ რომში პროტესტი გამოიწვია და პაპმა ვიქტორმა, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც მცირე აზიელები ურთიერთობისგან განყენებულად გამოაცხადა12. ამ დავაში წმ. ირინეოსმა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა თავისი თავი. პაპისადმი წერილში იგი ცალსახად შერიგების მომხრედ გამოვიდა. ამ წერილში ლიონელი მოძღვარი რომის პრაქტიკას იწონებდა, მაგრამ იმავე დროს მას მიაჩნდა, რომ წესებში სხვაობა სარწმუნოების ერთიანობისას არ უნდა გახდეს ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი. ამაში გამოიხატა წმ. ირინეოსის გამჭრიახი გონება და ნათელი სულიერი მზერა. თავისი შეხედულებებით იგი აშკარად უსწრებდა თავის დროს. ვფიქრობთ, რომ წმ. ირინეოსს, როგორც ბუნებით მცირე აზიელს და ადამიანს, რომელიც პირადად იცნობდა წმ. პოლიკარპერს, ქრისტიანებში შუღლის პრობლემა განსაკუთრებით აღელვებდა. პაპის წინაშე თავის არგუმენტაციაში წმ. ირინეოსმა შეახსენა მას წმ. პოლიკარპესა და პაპ ანიკიტას შორის უთანხმოების პრობლემა, რომელსაც არ მოუტანია ურთიერთობის გაწყვეტა, არამედ თითოეული მხარე თავის პრაქტიკაში დარჩა. ბოლოსდაბოლოს, წმ. ირინეოსის ბრძნულმა ჩარევამ ურთიერთობები დაალაგა.
წმ. ირინეოსმა განვლო ცხოვრება, რომელიც ერთის მხრივ სავსე იყო საკმაოდ ბრწყინვალე მოვლენებით, მეორეს მხრივ კი იგი ყოველ წუთს სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. წმ. ირინეოსმა მოწამეობრივად აღასრულა თავის სიცოცხლე 202 წლისთვის, იმპერატორ სეპტიმიუს სევერის (193-211) დევნის დროს. თუმცა, დღეს, ზოგიერთი მეცნიერი წმინდა მამის მოწამეობრივ აღსასრულში ეჭვდება იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი მოწმობა გვიანდელი წარმოშობისაა, ხოლო პირველ მონაცემებს ნეტარი იერონიმე (დაახ. 410 წ.) იძლევა ესასია წინასწარმეტყველის კომენტირებისას13. მაგრამ, წმინდა მამის მოწამეობრივ აღსასრულზე ერთხმად საუბრობს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ეკლესიის გადმოცემა, სადაც წმინდა მამის სიცოცხლის აღსასრული მოწამეობრივად არის მიღებული.
„მტკიცებულების“ ძველი მოწმობები და ამ თხზულების აღმოჩენა
წმ. ირინეოს ლიონელის ამ ნაწარმოების უადრესი ხსენება ევსები კესარიელთან გვხვდება, რომელიც წერს: „ირინეოსის ზემოხსენებული თხზულებებისა და წერილების გარდა, არის მისი ფრიად მოკლე, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელი სიტყვა ელინთა წინააღმდეგ, სახელწოდებით „შემეცნების შესახებ“. არის სხვა თხზულებაც, რომელიც მან ძმა მარკიანეს მიუძღვნა. ამ თხზულებაში შესულია სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება (καὶ ἄλλος, ὅν ἀνατέθεικεν ἀδελφῳ Μαρκιανῷ τοὔνομα, εἰς ἐπίδειξιν τοῦ ἀποστολικοῦ κηρύγματος). …»14. ევსების მიერ ნაუწყები წმ. ირინეოსის თხზულება, რომლის შესახებ (IV-V ს.) შემდგომში ისტორიკოსები წერდნენ, რომლებიც, არსებითად, ევსების იმეორებდნენ, დაიკარგა და 1907 წლამდე დაკარგულად მიიჩნეოდა და ამავე წელს გამოქვეყნდა. 1904 წლის დეკემბერში, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არქიმანდრიტი – მამა კარაპეტი (ტერ-მკრტიჩიანი), იმყოფებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერევნის ტაძარში, ათვალიერებდა იქ დაცულ ხელნაწერებს და შემთხვევით აღმოაჩინა რამდენიმე შუასაუკუნოვანი ხელნაწერი, რომლებიც გრაბარზე (ძველი სომხური ენა) იყო დაწერილი. მათ შორის იყო წმ. ირინეოს ლიონელის ხსენებული თხზულება. წმ. ირინეოსის ავტორობით მონიშნული ეს თხზულება ატარებდა სახელწოდებას „Իրենիոսի՝ Ցոյց առաքելական քարոզութեանն“ – „ირინეოსის – სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება“. ამ თხზულებასთან ერთად წმ. ირინეოსის უვრცელესი ანტიაგნოსტიკური თხზულების ორი წიგნიც იყო (IV და V) – „ერესების წინააღმდეგ“ და ასევე გრაბარზე დაწერილები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. ველებზე იყო შენიშვნები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ხელნაწერი გადაწერეს „არქიეპისკოპოსის, ბატონი იოანეს“ (արքեպիսկոպոսն զՏէր Յովհաննէս) ბრძანებით. მასვე ამ შენიშვნებში ეწოდება „րաբբուն“, ანუ სწავლული კაცი და „წმინდა მეფის ძმა“ (զեղբայրն սուրբ արքային). ამავე ტიტულით ცნობილი იყო კილიკიის სომხური სამეფოს მმართველი – მეფე ხეთუმ კილიკიელი (1226-1270). არქიეპისკოპოსი იოანე ცნობილი იყო წიგნებისადმი სიყვარულით. ის დიდ ბიბლიოთეკას ფლობდა და აქტიურად შეისყიდიდა ხელნაწერებს და თავადაც მონაწილეობდა მათ გადაწერაში. საეპისკოპოსო ქიროტონია მან 1270 წელს მიიღო. მღვდელმთავრის ტიტული აისახა ჩვენს მიერ დასახელებულ ხელნაწერში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერი XIII საუკუნის ბოლო მეოთხედში გაჩნდა, რადგან იოანე 1289 წელს გარდაიცვალა15.
რიგი მიზეზების გამო, მამა კარაპეტმა უცბად (1904 წ.) ვერ გამოაქვეყნა ეს ტექსტი. გრაბარიდან გერმანულ ენაზე პირველი თარგმანი მოგვიანებით შესრულდა, ერთი წლის შემდეგ, მეცნიერ ე. მინასიანცის დახმარებით. ეს თარგმანი, ორიგინალურ ძველსომხურ ტექსტთან ერთად, ცნობილ გერმანელ მეცნიერს – ა. ჰარნაკს გადაეცა, რომელმაც, თავის მხრივ, იგი შესამოწმებლად პრივატ-დოცენტ ფინკს გადასცა, რომელმაც თარგმანის შესანიშნავი თვისებები და სიზუსტე დაადასტურა – ძალიან ცოტა რამ იყო შესასწორებელი. ა. ჰარნაკმა, კითხვის გაადვილებისთვის, ხელნაწერის ტექსტი ას მცირე თავად დაყო და შენიშვნებში მოიტანა პარალელური ადგილებით თხზულებიდან „ერესების წინააღმდეგ“ და ასევე ძველი ქრისტიანული ლიტერატურის სხვა თხზულებებიდან16. ამ ყველაფრის შედეგად, 1907 წელს, გამოვიდა „სამოციქულო ქადაგების მტკიცებულების“ პირველი ბეჭდური გამოცემა, რომელიც მანამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. გამოქვეყნდა დედანი გრაბარზე და გერმანული თარგმანი. იმავე წელს (1907), ამ გერმანული თარგმანიდან შესრულდა რუსული თარგმანი პროფ. ნ. ი. საგარდას მიერ, სახელწოდებით „წმ. ირინეოს ლიონელის ახლად აღმოჩენილი თხზულება – სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება“, (სანქტ-პეტერბურგი), რომელიც ჯერ 1907 წლის „ქრისტიანულ კითხვაში“ («Христианское чтение») დაიბეჭდა, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოვიდა. პროფ. ნ. ი. საგარდა, გარდა თარგმანისა, თავის კომენტარებს იძლევა თარგმანის ტექსტის ისტორიაზე17. შემდგომში, 1908 წ., გამოვიდა მეორე გამოცემა გერმანულად, 1909 წ. – ჰოლანდიური თარგმანი და 1913-ში ახალი გერმანული გამოცემა. იმავე 1913 წელს, პარიზში გამოვიდა ინგლისური თარგმანი შესრულებული იმავე კარაპეტის (ტერ-მკრტიჩიანი) მიერ, ამჯერად იგი უკვე ეპისკოპოსის წოდებით გვევლინება (by His Lordship the Bishop Karapet Ter Mekerttschian). თარგმანს გრაბარის ორიგინალური ტექსტი ახლავს18. აი, ამ გამოცემიდან შევასრულეთ ჩვენი თარგმანი ქართულ ენაზე. ვმუშაობდით ხელნაწერის ტექსტთან, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება19.
ვერსია „მტკიცებულების“ სომხური თარგმანის გამოჩენის დროის შესახებ
მიიჩნევა, რომ ჩვენი XIII ს. სომხური ხელნაწერი თავდაპირველი ტექსტის მესამე გადმონაწერია, რომელიც ბერძნულიდან ითარგმნა20, რადგან, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ხელნაწერის ახლანდელი ტექსტი ცუდად შენახულია. თუმცა, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან მოცემულ ხელნაწერთან მუშაობისას განსაკუთრებით დიდი პრობლემები არ გამოგვიცდია (თუმცა, ტექსტში ზოგიერთი გაუგებრობა არსებობდა). არსებობს ცნობები, რომ „მტკიცებულების“ სომხური თარგმანის ციტატები გამოიყენებოდა X საუკუნის ხელნაწერში, რომლის ავტორიც „სტეფანე ფილოსოფოსი“ იყო. ამის თაობაზე მამა კარაპეტმა (ტერ-მკრტიჩიან) გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ცნობილი სომეხი ღვთისმეტყველი21, და ბერძნულის კარგი მთარგმნელი – სტეფან სიუნიკელი († 735), სიუნიკის ეპისკოპოსი (სიუნიკი – ისტორიული სომხეთის ერთერთი სამხრეთი მხარე), რომელიც, მისი ცხოვრების აღწერის თანახმად, „გარე ბრძენთა მთელი ფილოსოფიური მეცნიერება შეისწავლა“22. თუმცა, სტეფანამდე ადრე, „მტკიცებულების“ ციტატებს იყენებდა კათოლიკოს-ღვთისმეტყველი ისააკ III (678-703). ამ საფუძველზე, მამა კარაპეტმა დაასკვნა, რომ სომხური თარგმანი უკვე VII საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა, რაც დასტურდება წმ. ირინეოსის სახელის პირველად ხსენებით ისტორიკოს სებეოსის ისტორიულ ლიტერატურაში23. სებეოსი იმავე ასწლეულის შუახანებში მუშაობდა. ამ საკითხის უფრო ღრმა შესწავლისას მამა კარაპეტმა გაარკვია, რომ „მტკიცებულებას“ იოანე მაირაგომელი (დაახ. 572-650) ციტირებდა თავის ტრაქტატში „რწმენის ბეჭედი“. იგი სომხეთში ცნობილი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი იყო. ს. ა. ფედჩენკოვი იორდანეზე მითითებით მოწმობს, რომ „რწმენის ბეჭედში“ „მტკიცებულების“ ციტატები ადრე არსებული სომხური ტექსტიდან არის მოყვანილი24, იოანე მაირაგომელის ტრაქტატი კი კათოლიკოს კომიტასის დროს გამოჩნდა, ანუ 612-628 წლებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაზე ძველი ხელნაწერი სომხური თარგმანით VII საუკუნეს უნდა განვუკუთვნოთ. თუმცა, თუ იოანე მაირაგომელის მიახლოებით დაბადების წელს (VI საუკუნის 70-იანი წლები)25 გავითვალისწინებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ „მტკიცებულების“ სომხური თარგმანი შეიძლება გამოჩენილიყო VI საუკუნის მეორე ნახევარში. უნდა მივუთითოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც წმ. ირინეოს ლიონელის ხსენებული თხზულების გამოჩენის უფრო ზუსტ თარიღს დაადგენს.
სომხურ ისტორიულ წრეებში მიღებული ძველი ბიზანტიური პატრისტიკული და ბერძნული ფილოსოფიური ტრაქტატების სომხური თარგმანების კლასიფიკაცია იყოფა ოთხ პერიოდზე. პირობითად, ამ თარგმანებს „ბერძენოფილური სკოლის“ თარგმანები ეწოდება: I ეტაპი (შუა 450-იანი წლები – 480-იანების დასაწყისი); II ეტაპი (480-520- წლები); III ეტაპი (520-600-წლები); IV ეტაპი (610-720-წლები). ს. ს. არევშატიანი აღნიშნავს, რომ 80-90 წელიწადში (V საუკუნის მეორე ნახევრიდან VI საუკუნის შუა ხანამდე) დიონისე ფრაკიელის „გრამატიკით“ დაწყებული და დავით ანახტის – ცნობილი სომეხი ნეოპლატონიკოსი-ფილოსოფოსის (V-VI სს.) – ნაშრომებით დამთავრებული, შეიქმნა სპეციალური ფილოსოფიური ტერმინოლოგია და სომეხ მკითხველს წარედგინა ანტიკურობის ურთულესი ნაწარმოები26. ეს ტერმინოლოგია ორიგინალური სახით გამოყენებული იქნა „მტკიცებულების“ სომხურ თარგმანში, სადაც სომეხი მთარგმნელი იყენებს ისეთი ბერზნული ფილოსოფიური ტერმინების სომხურ ანალოგებს, როგორებიცაა „ὑπόστᾰσις“, „λόγος“, „οὐσία“ და სხვ. ეს სომხური თარგმანის მიახლოებითი დათარიღების საშუალებას გვაძლევს: VI ასწლეულის პირველი ნახევარი ან პირველი მეოთხედი. როდესაც მეცნიერთა წრეში დადგა საკითხი იმ ხელნაწერის თავდაპირველი ენობრივი კუთვნილებისა, რომლიდანაც განხორციელდა სომხური თარგმანი – სირიულიდან თუ ბერძნულიდან, მაშინ, წმ. ირინეოსის შემონახული ნაწარმოებების წმინდა წერილის სხვადასხვაენოვან ვერსიებთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე „მტკიცებულების“ ბერძნულ ორიგინალს მეტი მოწონება ხვდა წილად27. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ „მტკიცებულების“ ტექსტში (43 თ.) 1, 1 „Baresit bara elowim basan benuam samentares“ ბერძნული ტრანსკრიფციით არის მოცემული, განსაკუთრებით კი ზოგიერთი ბერძნული სიტყვა, რომელიც აძლიერებს იმ ვერსიას, რომ სომხური თარგმანი ბერძნული დედნიდან შესრულდა. მაგალითად, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „պոռնկութիւն“ (41 თ.) [pornkut’iun] რაც „გარყვნილებას“ ნიშნავს და მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „πορνεία“ [pornia] – „გარყვნილება“, – პირდაპირ არის ტრანსკრიბირებული სომხურ ენაში და სომეხი მთარგმნელი მათ იყენებს შესაბამისი სომხური ფორმით.
„მტკიცებულების“ თავდაპირველი დასათაურება და ადრესატი
რთულია იმის თქმა, არის თუ არა ევსები კესარიელის მოწმობა – „καὶ ἄλλος, ὅν ἀνατέθεικεν ἀδελφῷ Μαρκιανῷ τοΰνομα, εἰς ἐπίδειξιν τοῦ ἀποστολικοῦ κηρύγματος“ მოცემული ნაწარმოების სახელწოდება თუ ეს არის ამ ნაშრომის შინაარსის გადმოცემა. ამ საკითხზე ევსების მოწმობაზე მეცნიერები სხვადასხვა აზრს გამოხატავდნენ. ტრაქტატის ნამდვილი სახელწოდება რომ გავიგოთ, თავად სომხური ხელნაწერის მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ. სომხურ ხელნაწერში კი წმ. ირინეოსის ნაშრომი პირდაპირ აღნიშნულია, როგორც „Ցոյց առաքելական քարոզութեանն“ – „სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება“. დიდი ალბათობით, თავად წმ. ირინეოს ლიონელი ასე აღნიშნავდა, რადგან სომხური თარგმანი პირდაპირ აკოპირებს იმას, რაც თავდაპირველად იყო ბერძნული ხელნაწერის დედანში. კიდევ ორი ნიუანსი უნდა აღინიშნოს სტატიის სახელწოდების საკითხში: პირველი ნიუანსია სიტყვა ἐπίδειξις რაც ბერძნულად ნიშნავს „დემონსტრაციას“ ანუ „ჩვენებას“, ამიტომ მისი ქართული თარგმანი „გაცხადება“ მთლად სწორი არ არის. მით უმეტეს, რომ სომხური ხელნაწერიც ზუსტად გადმოსცემს/თარგმნის ბერძნულ დედანს და თანხმობაშია ევსები კესარიელის შეტყობინებასთან „ցոյց“, რაც სომხურად პირდაპირ ნიშნავს „ჩვენებას“, „არგუმენტს“ და სხვ., მაგრამ, ასევე „მტკიცებულებასაც“ ნიშნავს. ამიტომ, ამ ტრაქტატის სწორი დასათაურება იქნებოდა „ჩვენება“ ან „სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება“, მაგრამ ჩვენ დამკვიდრებულ სახელწოდებას ვემხრობით და ამიტომ მოცემულ ტრაქტატს ვუწოდეთ „გაცხადება“, რადგან რაიმეს მტკიცებულება ჭეშმარიტების (ამ შემთხვევაში, სამოციქულო ქადაგების ჭეშმარიტების) ჩვენებასაც ანუ გაცხადებას მოიცავს. მეორე ნიუანსი იმაშია, რომ თუ – ხელნაწერის ბოლოში თავად ტრაქტატს ეწოდება “Ցոյց“, ანუ „მტკიცებულება“ ან „ჩვენება“, ტრაქტატის სახელწოდება ხელნაწერის დასაწყისშივე მოცემულია მრავლობით რიცხვში, „ք“ დაბოლოებით, რაც მოცემულ არსებით სახელს ამრავლებს, ანუ „მტკიცებულებანი“ ან „ჩვენებანი“ სამოციქულო ქადაგებისა. თუმცა, ჩვენ ვემხრობით საეკლესიო ლიტერატურაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომელშიც წმ. ირინეოსის მოცემულ ნაშრომში მხოლობითი რიცხვია და ამიტომ სახელწოდება შევინარჩუნეთ, როგორც „სამოციქულო ქადაგების გაცხადება“, თუმცა ვიმეორებთ, რომ თავად ხელნაწერში გამოიყენება ამ არსებითი სახელის როგორც მრავლობითი, ისე მხოლობითი რიცხვი. დანარჩენ ორ სიტყვას (ტრაქტატის სახელწოდებიდან) ევსები კესარიელი გადმოსცემს როგორც „κήρυγμα“ „ქადაგება“, „ცნობა“, რაც სომხურ თარგმანში ნიშნავს– „քարոզութիւն“, ხოლო „ἀποστολικοῦ“ უთითებს, რომ ეს ქადაგება არის სამოციქულო ქადაგება, რაც სომხურად ჟღერს, როგორც – „առաքելական“.
„მტკიცებულების“ ადრესატი ვინმე მარკიანეა, რადგან ევსების თანახმად წმ. ირინეოსი ვინმე „ἀδελφῷ Μαρκιανῷ“ – „ძმა მარკიანეს“ წერს ამ ვრცელ წერილს. „მტკიცებულების“ სომხურ თარგმანში წმ. ირინეოსი, პირველივე წინადადებაში ადრესატს მიმართავს, როგორც „սիրելի իմ Մարկիանէ“ – „საყვარელო ჩემო მარკიანევ“, რაც წმ. ირინეოსისა და მისი ადრესატის ახლო და მეგობრულ ურთიერთობაზე უთითებს. ტრაქტატიდან გამომდინარე, ადრესატი წმინდა მამისგან, ანუ ლიონიდან შორს იმყოფება. წმ. ირინეოსის წერილის სივრცელე მეტყველებს, რომ მარკიანე მისთვის ძვირფასი ადამიანი იყო და როგორც 70 თავში ჩანს, მარკიანე იყო კათაკმეველთაგან, შესაძლოა, გნოსტიკოსთაგან, რომლებიც ემზადებოდნენ ნათლობისთვის. შეიძლება ის ახლად მონათლული, ანუ ნეოფიტი იყო, რომელიც, ასეთ შემთხვევაში, სულიერ განმტკიცებას ანუ კატეხიზაციას საჭიროებდა. წმ. ირინეოსი გნოსტიკურ თემას ეხება და საფუძვლიანად გმობს მას ტრაქტატის ბოლოს (99 თ.), სადაც (ამავე თავში) თავის ადრესატს უთითებს თავის უფრო ვრცელ ანტი-გნოსტიკურ ნაწარმოებისზე – „ერესების წინააღმდეგ“. წმ. ირინეოსი თავისი ნაწარმოების ბოლო თავებზე ამახვილებს მარკიანეს ყურადღებას, რაც მეტყველებს, რომ ანტი-გნოსტიკური თემა თავად ადრესატისთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მარკიანე ყოფილი გნოსტიკოსი იყო და წმ. ირინეოსი მას ნათლობისთვის ამზადებდა (ან ის უკვე მონათლული იყო და წმ. ირინეოსი მას ამგვარი ქადაგებით იცავდა). ამგვარად, ხსენებული ტრაქტატი შეიძლება განისაზღვროს პირველ რიგში როგორც კატეხიზმო წერილი ოფიციალური ეკლესიის რწმენის ჭეშმარიტებისა და საფუძვლების შესახებ. ამის შესახებ შეიძლება 70 თავის ნაწყვეტით დავასკვნათ. ამ თავში, წმ. ირინეოსი მარკიანეს არიგებს, რომ იგი ქრისტეს, მისი წამების სინამდვილის და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მიმდევარი იყოს.
„მტკიცებულების“ შინაარსი
როგორც ზემოთ ვთქვით, „მტკიცებულება“ არის კატეხიზმოს სახის ნაწარმოები, რომელიც მიმართულია ნეოფიტების – ჩვენს შემთხვევაში, მარკიანეს – რწმენის გაძლიერებისკენ. ამ ნაწარმოებას არ ჰქონდა პოლემიკური მიზანი, რასაც მოწმობს წერილის რბილი ტონი, რომელიც არ არის ისეთი ხისტი, როგორც წმ. ირინეოსის ვრცელი ანტი-გნოსტიკური თხზულება „ერესების წინაათმდეგ“. „მტკიცებულებაში“ ეს ოდნავ ხისტი ტონი ბოლო თავებში (და კიდევ მე-2 თავის ბოლოში) იგრძნობა, როდესაც წმ. ირინეოსი სექტანტ-გნოსტიკოსებზე საუბრობს („այլաղանդքն“) (99 თ.), თუმცა, წმინდა მამა იქვე უთითებს „ერესების წინააღმდეგ“. ამიტომ, უმეტეს წილად, ნაწარმოების ტონი დადებითი და მშვიდია. თუმცა, მთელი თხზულების მანძილზე, ავტორი გნოსტიკოსებს გულისხმობს და ეკლესიის სწავლებას მათი ცდომილებების საწინააღმდეგოდ განმარტავს. შინაარსობრივად, „მტკიცებულება“ იმეორებს აზრებს, რომლებიც წმ. ირინეოსს მოჰყავს ნაწარმოებში „ერესების წინააღმდეგ“, მაგრამ როგორც ჩანს, მარკიანესადმი წერილში არსებული ზოგიერთი აქცენტი თავად ადრესატს ახასიათებდა (მაგ., უფრო რელიეფურად იხსნება სწავლება წმ. სამების შესახებ). ანუ, წმ. ირინეოსი ეკლესიის გადმოცემის გარკვეულ მომენტებზე რამდენადმე მტკიცე აქცენტირებას ახდენს, რათა დაარწმუნოს მარკიანე მათ სწორ აღქმასა და სწორ ღვთისმეტყველებაში. თუმცა, მთლიანობაში, წმ. ირინეოსს აზრთა ორიგინალობა ახასიათებს. მაგალითად, ის არის ეკლესიის ადრეულ წმინდა მამათაგან ერთერთი, რომლებიც მამრეს მუხასთან აბრაამისთვის ანგელოზების გამოცხადებაში არა სამების სამი ღვთაებრივი პირის, არამედ ლოგოსის და ორი ანგელოზის გამოცხადებას ხედავდნენ (44 თ.). ამგვარად, თხზულების მთავარი თემაა ოფიციალური ეკლესიის „მრწამსი“. ამგვარად, მოგვყავს რა ამ წერილის შინაარსი, მოკლედ ვიტყვით თავების შინაარსის შესახებ.
უკვე პირველ და მეორე თავებში, წმ. ირინეოსი ყურადღებას ამახვილებს სულისა და ხორცის სისუფთავის დაცვაზე მცნებათა დაცვის მეშვეობით, რაც ახლად მონათლულთა ან კათაკმეველთათვის უმნიშვნელოვანეს კატეხიზმურ შეხსენებას წარმოადგენს. იგი საუბრობს რწმენაზე, რომელსაც ადამიანი ნათლობისას იღებს, ანუ მოკლედ გადმოსცემს მრწამსს; 3-5 თავებში, იგი მამა-ღმერთის შესახებ წერს; 6-8 თავებში – სიტყვაზე და სული წმიდაზე იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებშიც გნოსტიკოსები რწმენას ამახინჯებდნენ.; 9-41 თავებში წმ. ირინეოსი შვიდ ზეცას ახსენებს სული წმიდის შვიდი ნიჭის მიხედვით ღვთაებრივ განგებას აღწერს წმინდა წერილის მიხედვით, ყვება რა ადამიანის შექმნაზე და ასრულებს ლოგოსის განკაცებით, რაც ადამიანთა მოდგმის ცხონებას ემსახურება. იქვე იგი წერს მაცხოვრის მორჩილების, ტანჯვის, ჯვარზე სიკვდილის და აღდგომის შესახებ. შემდეგ, იგი საუბრობს მოციქულთა მსოფლიო ქადაგებაზე და ამ ქადაგების მტკიცებულებაზე საუბრობს ძველი აღთქმიდან დადასტურებებით. აღსანიშნავია, რომ „მტკიცებულების“ შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ წმ. ირინეოსი როგორც ალეგორიულ განმარტებებს, ისე ბიბლიის გარე იუდაურ წყაროებს იყენებდა, კერძოდ, იუდაურ აპოკალიფსურ ლიტერატურას. 42-48 თავებში წმ. ირინეოსი ამტკიცებს, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები ქრისტეს ღვთაებრიობაზე ლაპარაკობდნენ; 49-52 იგი ქრისტეს მარადიულ სამეფოზე საუბრობს; 53-56 თავებში – ღვთისმშობლისგან შობაზე; 57-58 თავებში საუბრობს იუდას მუხლისადმი კუთვნილებაზე; 59-67 დავითის გვარისადმი კუთვნილებაზე და ბეთლემში ხორციელ შობაზე; 83-84 თავებამდე იგი საუბრობს ტანჯვაზე, აღდგომაზე, ამაღლებაზე, მამის მარჯვენით ხორციელად ჯდომაზე და სამსჯავროზე მეორედ მოსვლაზე (85 თ.). 83-90 თავებში იგი წერს სამოციქულო ქადაგების მტკიცებულებებზე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებიდან, ახალი აღთქმის მიერ მოსეს რჯულის გაუქმებაზე. შემდეგ, 91-96 თავებში წარმართთა მოწოდებაზე და ცხონების შესახებ მსოფლიო ქადაგებაზე წერს. ამგვარად, აჩვენა რა სამოციქულო ქადაგების საფუძვლები და დაადასტურა ისინი ძველი აღთქმის წმინდა ტექსტებით, წმ. ირინეოსი წერდა სიფრთხილეზე, რათა ადამიანი არ გატაცებულიყო თანამედროვე ერეტიკული სწავლებებით. ამ შემთხვევაში, იგი გულისხმობს გნოსტიციზმს მთელი მისი განშტოებებით (გამოვლინებებით) და ელფერით, რაც ადამიანს მრწამსის სამი მთავარი დებულებისგან აცილებს, ანუ ის წმინდა სამებაზე საუბრობს.
„მტკიცებულებების“ ქართულ ენაზე თარგმანი
ეს ნაშრომი ქართულ ენაზე სრული თარგმნის პირველი მცდელობაა. ამგვარად, ქართულ მთარგმნელობით რეალობაში ეს არის ქართველი მკითხველისთვის წმ. ირინეოსის ნაწარმოების გაცნობის პირველი მცდელობა. მოცემულ ნაშრომში აღნიშნულ ტექსტს არ შევისწავლით ტექსტოლოგიური აკადემიური ანალიზის თვალსაზრისით და ასეთი ამოცანა არც დაგვისახავს (ამგვარი ანალიზი უკვე არსებობს ა. რუსოს შესანიშნავი ნაშრომის სახით, რაზედაც ქვემოთ მოკლედ ვწერთ). თუმცა, სქოლიოში, კომენტარის სახით შენიშვნებს ვიძლევით. შესაბამისად, ჩვენ სუფთა თარგმანს გთავაზობთ და ჩვენი აზრით ეს სავსებით საკმარისია ამ ნაწარმოების ტექსტის არსის გაცნობისთვის. ამგვარად, ჩვენ, პრაქტიკულად, ტექსტის სიტყვა-სიტყვით თარგმანს გთავაზობთ და ვცდილობთ წმ. ირინეოსის ორიგინალური აზრები შევინარჩუნოთ. ჩვენს მიერ ზემოხსენებულ პარიზის 1913 წლის გამოცემის ხელნაწერის თარგმანს პარალელურად ვადარებდით ინგლისურ და რუსულ თარგმანებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მთარგმნელს დედნის ტექსტის (ან შემონახული თარგმანის) თავისებური ხედვა და განცდა აქვს, რაც პიროვნულ ხასიათს ატარებს, რის გამოც სხვადასხვა თარგმანი ყოველთვის ვერ მოდის ერთმანეთთან ჰარმონიაში. ზოგჯერ რთულია ძველი იდიომატური გამოთქმების თანამედროვე ენაზე გადმოცემა ან ძველი სამეტყველო თქმის ხელახალი ფორმულირება, თუმცა, გრაბარის იდიომების ქართულ ენასთან მაქსიმალურად დაახლოებას და წინადადების სწორად გაფორმებას ვცდილობდით. აღვნიშნავთ, რომ თუ თარგმნის დროს რაიმე ბუნდოვანებას ვაწყდებოდით, ჩვენ ისინი სქოლიოში გადაგვქონდა და იქვე კომენტარსაც ვურთავდით.
1978 წ. Patrologia Orientalis (PO.39/1) სერიაში გამოქვეყნდა „მტკიცებულების“ და „ერესების წინააღმდეგ“ ახალი სომხური ფრაგმენტები იერუსალიმის წმ. იაკობის სომხური მონასტრის ხელნაწერის მიხედვით (XIV ს. ინახება სომხური სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბიბლიოთეკაში, სტამბულში. Cod. Galata. 54), რომლებიც სომხური პატრისტული ტექსტების ორიგინალურ კომპილაციას შეიცავს (დათარიღებულია VII საუკუნემდე პერიოდით). მათ შორის არის 52 ფრაგმენტი ტრაქტატიდან „ერესების წინააღმდეგ“ და 13 ფრაგმენტი „მტკიცებულებიდან“ (ტექსტის 15%). მიიჩნევა, რომ დღესდღეობით საუკეთესო კრიტიკული გამოცემაა ა. რუსოს 1995 წ. გამოცემა (Irénée de Lyon. Démonstration de la prédication apostolique / Introd., traduct., et notes par A. Rousseau. – Paris, 1995 – (Sources chrétiennes, № 406), სადაც გათვალისწინებულია ამ სომხური ახალი ფრაგმენტების გითხვათსხვაობაც. ა. რუსოს წიგნი არის აკადემიური გამოცემა თავად ტექსტის ისტორიის მიხედვით. ავტორი ცდილობს სომხური თარგმანების განვითარების სვლა, ტექსტოლოგიურ ლინგვისტურ არსი შეისწავლოს და სხვ. აკადემიური გამოცემით დაინტერესებულთ ვურჩევთ ა. რუსოს ამ გამოცემას გაეცნონ.
„მტკიცებულების“ ნამდვილობა და მნიშვნელობა
ს. ა. ფედჩენკოვს, რომელიც არის წმ. ირინეოსის და მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფი, მოჰყავს ამ ნაწარმოების ნამდვილობის და მისი წმ. ირინეოსისადმი კუთვნილების ყველა მტკიცებულება28. ის მოკლე ცნობები, რომლებსაც „მტკიცებულების“ თაობაზე ევსები კესარიელი გვაწვდის თავის „საეკლესიო ისტორიაში“, სრულ თანხვედრაშია ჩვენს ძველ სომხურ თარგმანთან: თხზულების სათაური, ავტორი, ადრესატი და შინაარსი. ზოგად აზრობრივ თავისებურებებს, საღვთისმეტყველო მსჯელობებს და არგუმენტაციას ბევრი საერთო აქვს „მტკიცებულებასთან“ და „ერესების წინააღმდეგთან“, რაც ორივე ნაწარმოების ავტორის იგივეობაზე მეტყველებს. მხოლოდ ზოგიერთ ადგილას „მტკიცებულება“ აზრის თავისებურებებით განსხვავდება, რასაც ნეოფიტი-მარკიანესადმის წერილის ხასიათი განაპირობებდა. როგორც ჩანს, მარკიანეს არ ესმოდა ეკლესიის „მრწამსის“ ესა თუ ის ადგილები და ამას განუმარტავდა მას წმ. ირინეოსი.
ს. ა. ფედჩენკოვს მოჰყავს იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ნაწარმოების ნამდვილობა აღიარეს. მათ შორის ისეთი დიდი ფიგურებია, როგორიც არის ა. ჰარნაკი, ი. ი. საგარდა და სხვ. ჩვენ ვეთანხმებით ს. ა. ფედჩენკოვს, რომ საღვთისმეტყველო ნაწილში „მტკიცებულება“ არაფერ ახალს არ გადმოგვცემს, სამაგიეროდ „რამდენადმე ავსებს წმ. სამების და ძველი აღთქმისაგან თავისუფლების შესახებ ნათქვამს“. წმ. სამების შესახებ სწავლება უფრო სისტემატურად არის გადმოცემული „მტკიცებულებაში“, რაც აშკარად მეტყველებს, რომ წმ. ირინეოსმა ის დაასრულა მას შემდეგ, რაც „ერესების წინააღმდეგ“ დაწერა, თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში. იგივე მეცნიერი აღნიშნავს, „მტკიცებულების“ მიხედვით შეიძლება „ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ესმოდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ქრისტიანობის არსი და რას წარმოადგენდა კათაკმევლობა ნათლობის წინ“. მით უმეტეს, გვესმის, რომ ეს არის კატეხიზმოს ტიპის თხზულება. ს. ა. ფედჩენკოვი აღნიშნავს, რომ: „ეს წიგნი შეიძლება სასარგებლო იყოს ყოველი მორწმუნისთვის, განსაკუთრებით კი ახალ მოქცეულთათვის ან მათთვის, ვინც ნაკლებად იცნობს ქრისტიანულ სწავლებას. აქ მოკლედ, ცხადად და მარტივად გადმოცემულია ქრისტიანული დოგმატიკის ძირითადი პუნქტები: ღმერთის, წმ. სამების პირთა, ქრისტეს და მისი გამომხსნელი ღვაწლის, ადამიანის, ძველი და ახალი აღთქმების შესახებ. მოკლედ არის გადმოცემული კაცობრიობის მთელი ისტორია, ადამიდან დაწყებული. ახალი აღთქმის, კერძოდ, ქრისტოლოგიის შესახებ ყველა დებულება, დასტურდება წმ. წერილის ტექსტებით, რაც გულწრფელი მორწმუნისთვის მთელი ქრისტიანული სწავლების უპირობო ჭეშმარიტების ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა“. თავის მხრივ, ნ. ი. სიგარდა წერს: „ამ ნაწარმოებს უდავოდ აქვს მნიშვნელობა ეკლესიის წმინდა მამის სწავლების ზუსტი და ყოველმხრივი გახსნისთვის, შეაქვს რა მასში ზოგიერთი ახალი შტრიხი, უკეთ აცხადებს მის სულს და თავად ირინეოსის პიროვნებას სხვადასხვა მხრივ წარმოაჩენს. ზემოხსენებულითა და იმით, რომ „სამოციქულო ქადაგების მტკიცებულების“ გამოქვეყნებას მეცნიერული ვნებათა ღელვა არ გამოუწვევია, ამ ნაწარმოებს უფლება აქვს დაიკავოს ადგილი Adversus haereses-თან გვერდით, ამ უკანასკნელისთვის არსებითი დამატების სახით“29.
1 ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 5, 8.
2 ნეტატი იერონიმე წმ. ირინეოსს პირდაპირ მოიხსენიებს წმ. პოლიკარპეს მოწაფედ (discipulum) თავის ნაწარმოებში „ცნობილ კაცთა შესახებ“, თ. 35 (De viris illustribus. Cap. XXXV) (იხ. Carl Albrecht Bernoulli. Hieronymus und Gennadius. De Viris Inlustribus. Freiburg i. B. und Leipzig, 1895. S. 25).
3 С.А.Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. С. 113-114.
4 იქვე. გვ. 104-112.
5 მაგალითად: ერესების წინააღმდეგ. II, 22, 5; ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 20, 4.
6 С.Л.Епифанович. Лекции по патрологии. СПб., 2010. გვ. 365.
7 И.Каравидопулос. Введение в Новый Завет. М., 2016. გვ.165.
8 ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 4, 1-2.
9 ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. იქვე.
10 ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 5, 8.
11 С.А.Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 306-310.
12 ამის შესახებ კარგად გადმოსცემს ს. ა. ფედჩენკოვი. იხ. მისი Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 269-288.
13 ნეტარი იერონიმე. Com. In Is., 17 // PL. T. 24. Col. 647A.
14 ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. V, 26. წმ. ირინეოსის მიერ „მტკიცებულების“ ტრაქტატის შედგენის დროს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ (როგორც ნ. ი. სიგარდა მსჯელობს) იმის გათვალისწინებით, რომ თავად წმ. ირინეოსი მოიხსენიებს მას თავის ვრცელ თხზულებაში „ერესების წინააღმდეგ“ (რომელიც დაიწერა რომის პაპ ელევთერიოსის დროს (175-189), შეიძლება დავასკვნათ, რომ „მტკიცებულება“ დაიწერა II ასწლეულის ბოლო ათწლეულში (Св. Ириней Лионский. Против ересей. Доказательство апостольской проповеди. СПб., 2010 (Издательство Олега Абышко). С. 570).
15 Ter-Mekerttschian Kar., dr. Des hl. Irenäus Schrift zum Erweise der apostolischen Verkündigung in armenischer Version entdeckt, heraus-gegeben und ins Deutsche übersetzt von Dr. Karapet Ter-Mêkêrttschian und Dr. Erwand Ter-Minassiantz, mit einem Nachwort und Anmerkungen von Adolf Harnack//Texte und Untersuchungen. Bd. LXXI. H. 1. Leipzig, 1907. S. IV.
16 Св. Ириней Лионский. Против ересей. Доказательство апостольской проповеди. СПб., 2010 (Издательство Олега Абышко). გვ. 566-567.
17 С.А. Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 349.
18 S.Irenaeus. ΕΙΣ ΕΠΙΔΕΙΞΙΝ ΤΟΥ ΑΠΟΣΤΟΛΙΚΟΥ ΚΗΡΥΓΜΑΤΟΣ. THE PROOF OF THE APOSTOLIC PREACHING with seven fragments. Armenian version edited and translated by His Lordship the Bishop Karapet Ter Me᷃ke᷃rttschian and The Rev. Dr. S.G.Wilson with the co-operation of H.R.H.Prince Maxe of Saxony (D.D. and D.C.L.). Paris, le 25 aoȗt 1913. გრაბარის ტექსტი პარალელური ინგლისური თარგმანით გამოქვეყნებული ამ გამოცემის 659-731 გვერდებზე.
19 Ter-Mekerttschian Kar. S. IV.
20 С.А. Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 497.
21 Ter-Mekerttschian Kar. S. IV-V.
22 Армянские жития и мученичества V-XVII вв. Ер., 1994. Перевод с древнеарм., вступ. статьи и примечания К.С.Тер-Давтян. გვ. 47.
23 Ter-Mekerttschian Kar. S. IV-V.
24 С.А. Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 498.
25 Л. Тер-Петросян. Древнеармянская переводная литература. Ер., 1984, С. 7-11.
26 С.С.Аревшатян. Формирование философской науки в древней Армении (V-VII вв.) Ер., 1973. გვ. 141-227.
27 С.А. Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. გვ. 500-501.
28 С.А. Федченков. Святой Ириней Лионский. Его жизнь и литературная деятельность. СПб., 2008. С. 519-520.
29 Св. Ириней Лионский. Против ересей. Доказательство апостольской проповеди. СПб., 2010 (Издательство Олега Абышко). გვ. 637.









