მართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
(გაგრძელება)
ვაგრძელებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი; დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ წიგნის მთარგმნელებს წიგნის უფასოდ მოწოდებისათვის.
(ნაწილი 1 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 2 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 3 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 4 იხილეთ ბმულზე)
ნაწილი 5
იუდეურ რელიგიურ ხელისუფლებასთან კონფლიქტი მოციქულთა საქმის მეორე თემაა. სწორედ ეს კონფლიქტი გახდება იუდეველობის ფარგლებს გარეთ ახალი რწმენის გავრცელების გარეგანი ბიძგი, იგი გაიყვანს ეკლესიას ისტორიის დიდ გზაზე.
კონფლიქტი თავიდანვე მწიფდება. მოციქულთა საქმის მოწმობით, სინედრიონის წევრებმა ორჯერ გასცეს ეკლესიის მეთაურთა დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ დაკითხვის შემდეგ დაპატიმრებულნი ორივეჯერ გაათავისუფლეს. სინედრიონის წევრები თვითონვე ყოყმანობდნენ: ქრისტიანები არ არღვევდნენ კანონს და მთელი მათი დანაშაული იესოს სახელისა~ და მკვდართა აღდგომის ქადაგება იყო. მაგრამ აღდგომის შესახებ სწავლებას მომხრეები თვით ებრაელთა შორისაც ჰყავდა – ფარისეველთა მიმდინარეობასა თუ სკოლაში. ამიტომ სინედრიონში არ იცოდნენ, როგორც მოქცეოდნენ ქრისტიანებს, ხოლო ერთი გამოჩენილი ფარისეველი გამალიელი პირდაპირ მოითხოვდა ბრძოლისაგან თავშეკავებას: `ხოლო უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაი ესე, გინათუ საქმე ესე, დაჰხსნდეს, ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ხელ-გეწიფების დახსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ~39. მოციქულთა საქმის ავტორი ყოველთვის ატარებს მისთვის ფუძემდებლურ აზრს იმის შესახებ, რომ იუდეველებს არაფერი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანების საწინააღმდეგო. ქრისტიანული ქადაგება არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება ძველ აღთქმას, არამედ დაფუძნებულია წმინდა წერილზე და არის მოწმობა `სჯულისა და წინასწარმეტყველთა აღსრულებისა.~ და ამიტომაც მხოლოდ ცრუმოწმეობის საფუძველზე შეიძლებოდა თვით ქრისტეს გასამართლება, ისევე როგორც ახლაც მხოლოდ ცრუმოწმეობის საფუძველზე შეუძლიათ ეკლესიის მტრებს ეკლესიისა და მისი მიმდევრების გასამართლება. ქრისტიანულ ცნობიერებაში კანონს მივყავართ ქრისტესაკენ, ქრისტეს უარყოფა კი არის `სჯულის დარღვევა~, რაც ებრაელებს მათი მხსნელისაგან განაშორებს.
ამ თემას სინედრიონის სასამართლოზე განავითარებს სტეფანე, მოციქულთა შვიდ დამხმარეთაგან~40 ერთ-ერთი, რომლის მკვლელობაც გახდება ეკლესიის აშკარა დევნის ნიშანი. ხანგრძლივ სიტყვაში იგი ხსნის ძველი აღთქმის ისტორიის საზრისს, როგორც რჩეული ერის მუდმივ წინააღმდეგობას იმათთან, რომელთაც ღმერთი წარმოუგზავნიდა ხოლმე რჩეულ ერს. და უარყოფისა და ღალატის ამ გრძელ რიგს მივყავართ მესიის – მხსნელის საბოლოო უარყოფამდე:
`რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინა¡სწარ უთხრობდეს მოსვლასა მას მართლისასა, რომლისა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკვლელ იქმენით. და რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისამებრ ანგელოზთა¡სა და არა დაიმარხეთ~41. აქ მოცემულია ისრაელის რელიგიური ბედის ტრაგიკული პარადოქსის ერთგვარი პირველი ქრისტიანული ფორმულირება: ისრაელმა სჯულით უარყო ის, ვისზედაც
მოწმობს სჯული და ვისკენაც მივყავართ სჯულს. ამიტომაც ეკლესია უფრო და უფრო ნათლად შეიმეცნებს საკუთარ თავს ძველი აღთქმის ერთადერთ მემკვიდრედ, ახალი აღთქმის ახალ ისრაელად.
იყო მას დღესა შინა დევნულებაი დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალემს, და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაისასა, თვინიერ ხოლო მოციქულთა… და რომელნი იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა~ (საქმე, 8:1-4). ამ დრომდე ეკლესია იერუსალიმში იმყოფებოდა. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ თავისი დანიშნულებით ეკლესიას საკუთარი თავი უნდა გამოევლინა როგორც ერთიანი,
მესიანური თემის ხილული კრებული, წმინდა ქალაქში შეკრებილი თორმეტი მოციქულის გარშემო, რათა დაემოწმებინა აღთქმული ღმრთის სასუფევლის დადგომა. ეს იყო ჯერ კიდევ რაიმეთი შეურყვნელი სიხარული ახალი ცხოვრებისა, რომელიც დაიწყო ძღვენთა სიუხვეში, ყველასთან სიყვარულში, გამარჯვების ზეობაში.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, შეუძლებელი იყო, ეს პირველი თავი არ დასრულებულიყო. ეკლესიას მართებდა თავისი გრძელი, მიწიერი, ადამიანური გზის, მთელი მხურვალების, მთელი მტვრის მიღება. და, აჰა, ეს გზა ახლა იწყება დევნით, იერუსალიმიდან ქრისტიანთა ძალადობრივი განდევნით. მხოლოდ ტანჯვით, მხოლოდ ერთგულების ძალისხმევით ხორციელდება ადამიანის ცნობიერების გაფართოება და იგი ხდება შემძლე, მიიღოს ის ძღვენი, რომელიც
აღემატება მის შესაძლებლობას. იერუსალიმელი ქრისტიანები – ებრაელები სისხლით, ფსიქოლოგიით, მთელი საუკუნოვანი ტრადიციით, რომელმაც აღზარდა ისინი – ბუნებრივად და უწინარესად ეკლესიაში ხედავდნენ თავიანთი
ისტორიის დაგვირგვინებას, იღებდნენ მას, როგორც თავისი ხალხისადმი ღმრთის უკანასკნელ და უმაღლეს ძღვენს, როგორც იუდეველობის სულიერ დასრულებას. მათი ადამიანური ცნობიერება ჯერ კიდევ ვერ იტევდა ეკლესიის მსოფლიო, საერთოსაკაცობრიო დანიშნულებას და `სისხლითა და ხორცით~ შეზღუდული რჩებოდა. ამიტომ მოციქულთა
საქმეში იერუსალიმში განხორციელებული დევნა ნაჩვენებია როგორც ერთგვარი პროვიდენციული მითითება ქრისტიანებისათვის – დაეტოვებინათ იერუსალიმი, გასულიყვნენ იუდეველობის ფარგლებიდან და ქრისტეს შესახებ ექადაგათ მთელი ქვეყნიერებისათვის.მითითება ვერ იქნა მაშინვე გაგებული და ყველას მიერ მიღებული.
ქრისტიანობაში წარმართების მიღების შესახებ საკითხი, რომელიც თავისი არსით სწორედ ზე-იუდეველობის~42, ეკლესიის საყოველთაო დანიშნულების შესახებ საკითხია, გახდება პირველი და მწვავე `ზრდის ავადმყოფობა~ ქრისტიანობისათვის. მით უფრო მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ ამ ზრდის პირველი მაგალითები, რომელიც მოჰყავს მოციქულთა საქმის ავტორს. ესაა ქადაგება სამარიელებისათვის, რომლებიც მართლმორწმუნე იუდეველებისაგან
დიდი ხნით ადრე იყვნენ გამოყოფილნი, რომაელი ასისთავის კორნელიუსის ქრისტიანობაზე მოქცევა, მოციქულ ფილიპეს მიერ ეთიოპიელი დიდებულის მონათვლა… ჩვენ ვხედავთ იერუსალიმელი ქრისტიანების გაკვირვებას, ზოგჯერ უნდობლობასაც კი – განა უფალი არ ეუბნებოდა მოციქულებს: `გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ~ (მათე, 10:5)? მაგრამ, აი, თვით პეტრე ამტკიცებს, რომ სამარიტელებზეც ისე გადმოვიდა სულიწმინდა, `…ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად~43, ხილვაში კი თვით ღმერთი უბრძანებს ქრისტიანებს, არ ჩათვალონ უწმინდურად ის, ვინც უფალმა განწმინდა… მართალია, ეს ჯერ კიდევ გამონაკლისია. სხვა მქადაგებლები მიდიან შორს – ფინიკიამდე, კვიპროსამდე, ანტიოქიამდე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ მაშინ, იერუსალიმიდან გამოსულებმა დააფუძნეს ეკლესია რომში, მაგრამ ყველა ამ მისიონერის შესახებ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ისინი არავის უქადაგებდნენ გარდა იუდეველებისა. და მაინც,`გარეშეთა~ მოქცევის საფუძველი ჩაყრილია, საკითხი დასმულია.
ებრაული თემი თუ საყოველთაო ეკლესია? ისრაელის ხსნა თუ ქვეყნიერების ხსნა? მოციქულთა საქმის თხრობაში ჩვენ ვხვდებით იმ ადამიანს, რომლის ხვედრიც იქნება, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ საკითხის გადაწყვეტას და წარმართთა მოციქულს წილად ხვდება თავისი მსახურებით დაასრულოს ეკლესიის დასაბამი.
___
39
საქმე, 7:52-53
40
იგულისხმება მოციქულთა მიერ ხელდასხმული შვიდი დიაკვანი: `და გამოირჩიეს
სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ
და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი. და დაადგინეს
წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი~ (იხ. საქმე, 6:5-6).
41
საქმე, 7:52-53
42
იგულისხმება იუდეველობის ფარგლებს გარეთ გასვლა.
43
საქმე, 11:15











