დიაკვნობის ბუნება

მართლმადიდებელ ეკლესიაში დიაკვნობა არ დგას რომაულ-კათოლიკური ეკლესიაში არსებული კრიზისის წინაშე, არც საერთოდ გამქრალა რეფორმატული ეკლესიებისაგან განსხვავებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არც მისთვის განკუთვნილ როლს დაჰბრუნებია. მხოლოდ საღვთიმსახურო ფუნქციამდე დაყვანილმა დიაკვნობამ დაკარგა სოციალური ასპექტი და შეიძინა ზოგიერთი ადმინიატრაციული ფუქნციის ხასიათი, ეს ყოველივე კი, შესაძლოა ვაქციოთ დიაკვნის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ დისკუსიის საწყის წერტილად.

დიაკვნობის ბუნება შეიძლება ახისნას უშუალოდ ხელთდასხმის განეგბითვე. ხელთდასხმა აღესრულება საკურთხეველში (ιερόν ან βήμα), საღმრთო ლიტურგიისას და დაუყოვნებლივ ადგენს ახალ ხელთდასხმულს მსახურებაზე.  ფაქტობრივად დიაკვნობა არის სამღვდელო ხარისხი (ιερατικόν τάγμα) და დიაკვნობის მიღებასთან ერთად ადამიანი ხდება კიდეც მღვდელმსახური. ამ აქტის სულიერ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის, რაც ხელთდასხმისას აღესრულება ხილული სახით: ჩვენ ვხედავთ დიაკვანს, რომელიც დგას საკურთევლის სიღრმეში (εντος τους βηματος) – ბალსამონისა და სხვა კანონისტების ტერმინოლოგიით.

ბიზანტიური ლოცვა, რომელიც ხელთდასხმისას იკითხება, წარმოადგენს საერთო მოდელს მთელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთისათვის და ასე ჟღერს: “საღმრთო მადლი, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, ხელთდასხმულ-ჰყოფს ღვთისმოშიშსა იპოდიაკვანსა დიაკვნად, ვილოცოთ, რათა მოვიდეს ამას ზედა მადლი ყოვლადწმინდისა სულისა”. ამ ლოცვის ფორმულა შესანიშნავად გამოხატავს საღმრთო მოწოდების იდეას. მომდევნო ლოცვაც პირდაპირ მოუწოდებს სული წმინდას გადმოიღავროს ხელთდასხმადზე. ფსევდო დიონისე კი საუბრობს “ღვთიურ გამორჩევაზე” (εκλογή), ეპისკოპოსი მხოლოდ ახმოვანებს (εκφαντορικός) ამ გამორჩევას, იგივე აზრს ვხვდებით XV საუკუნის დიდ მისტიკოსთან, სიმეონ თესალონიკელთანაც.[1]

ხელთდასხმის ბიზანტიურ განგებაში დიაკვნობა წარმოადგენილია როგორც სრულიად განსაკუთრებული რამ და არა როგორც დროებითი მსახურება და მხოლოდ მღვდლობის წინა საფეხური. დიაკვნის ფუქნციათა საფუძველი, ხელთადსხმის ლოცვების თანახმად, სახარებისეული სიტყვებია – “ვისაც უნდოდეს თქვენ შორის უფროსობა, იყოს თქვენი მსახური” (მკ. 10:44). ეს სიტყვები დიაკვნობის კონცეფციას სძენს გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ საღვთისმსახურო ფუნქციაა.

სომხურ ლიტურგიაში, ხელთდასხმის რიტუალში, რომელიც XIV საუკუნიდან გამოიყენება, მღვდელმთავარი ითხოვს სული წმინდისაგან ხელთდახმადის მართალი გზით წარმართვას, რათა “შესაბამის ჟამს ხელთდასხმულ იქნეს მღვდლად და აღასრულოს საეკლესიო საიდუმლონი”. ეს გვაჩვენებს, რომ ამ ეპოქიდან, სომხურ ეკლესიაში დიაკვნობა განიხილება როგორც პრევისტერობისკენ მიმავალი საფეხური. აქვე დავაზუსტებთ, რომ ხელთდასხმის რიტუალის თანახმად, დიაკვნის მოვალეობას წარმოადგენს სახარების კითხვა, კმევა და ლიტურგიული პროცესიებისას სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭლის გადატანა.

ჩანს კოპტურ განგებაშიც გვაქვს მითითება დიაკვნობის საფეხურის დროებითობაზე. წყაროთა თანახმად[2] ხელთდასხმის ლოცვებში საუბარია იმაზე, რომ ის შესაძლოა გახდეს ღირსი უფრო მაღალი ხარისხისა, ეპისკოპოსი ასე ლოცულობს “წარმართე მოწყალებითა შენითა და ჰაყვი ესე შენი წმინდა ტრაპეზის მსახურად, რათა ამ მსახურების აღსრულების შემდეგ, რომლის მინიჭებაც შენ სახიერმა და უცოდველმა მისთვის ინებე, ღირსად გამოჩნდეს უფრო მაღალი ხარისხის მიღებისა”.

  1. საღვთისმსახურო ფუნქცია

ღვთისმსახურების აღსრულებისათვის საჭირო წიგნის, სამღვდელო კონდაკის თანახმად დიაკვანი ღებულობს მონაწილეობას ყველა ლიტურგიაში, მისი არყოფნის შემთხვევაში კი დიაკვნისათვის განკუთვნილ ლოცვებს მღვდელი წარმოთქვამს.

მაშინ კი, როდესაც დიაკვანი მსახურობს მღვდელთან ან ეპისკოპოსთან, ის არა მხოლოდ წარმართავს და ახმოვანებს მორწმუნეების ლოცვას, როგორც ამას ხშირად მიუთითებენ, არამედ თავად მწირველსაც კი მოუწოდებს აღავლინოს მისი ხარისხისთვის შესაბამისი ვედრება. სიმართლე რომ ვთქვათ, სწორედ დიაკვნის ასეთი მოწოდებით იწყება ღვთისმსახურება: „გვაკურთხენ მეუფეო!“ მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მწირველი თავისი მსახურების აღსრულებას. საღმრთო ლიტურგიის დაწყების წინ კი, როდესაც დასრულდება კვეთა, დიაკვანი არ იწყებს პირდაპირ დიდი კვერექსის წარმოთქმას, ის ჯერ დიალოგში შედის მწირველთნ, შეახსენებს რა მას, რომ “ჟამი არის ღვთიმსახურებისა” და ამ დიალოგში ის გვევლინება ღვთიურ დესპანად (άγγελος), როგორც მღვდლისათვის ან ეპისკოპოსისათვის, ასევე მლოცველი ერისათვის, რომელიც თანამოქმედებს მწირველთნ ერთად.

დიაკვნის ძირითადი საღვთიმსახურო ფუნქცია ეკლესიის ლოცვათა და თხოვნათა წარმოთქმაა, ამდენად, თეოდორე მფსუესტელის სიტყვებით, იგი არის ეკლესიის ხმა. წირვაზე მდგომები დიაკვნის სიტყვების მიხედვით იგებენ რაზე იფიქრონ, რისთვის ილოცონ და როგორ იმოქმედონ. დიაკვანი წარმოთქვამს რა ქრისტიანული საზოგადოების საჭიროებისათვის აუცილებელ ყველა თხოვნას, ლოცვის პროცესში რთავს ასევე მგალობელთა გუნდსაც.[3]

დღესდღეობით მორწმუნეებისათვის დიაკვნის ამ თხოვნით ლოცვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მღვდლის მიერ საიდუმლოდ წაკუთხულ ლოცვებს. ცნობილი ლიტურგისტი, ანტონ აბუმშტარკი მიიჩნევს, რომ უძველეს ეპოქაში, როდესაც ითარგმნებოდა ლიტურგია სხვადასხვა ენებზე, პირველ რიგში ითარგმნებოდა ხოლმე დიაკვანის ეს მოწოდებები, შემდეგ წმინდა წერილის საკითხავები და მხოლოდ ამის შემდეგ სამღვდელო ლოცვები. ასე მოხდა, ამაგლითად არაბ ქრისტიანებში.[4] მართლმადიდებლობაში დიაკვანი წარმოადგენს ცოცხალ ძაფს, რომელიც აერთებს ერს და სამღვდელოებას და ის რაღაცა აზრით ამსუბუქებს კანკელით გაძლიერებულ გაყოფას საკურთხეველსა და ტაძრის ნავს შორის. დიაკვნის ყოველი გამოსვლა საკურთხევლიდან აღიქმება როგორც ღვთიური დესპანის გამოჩენა.

ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მღვდლისა და დიაკვნის დიალოგები, რომლებიც სხვა ტრადიციულ ინტერპრეტაციებთან ერთად გვიხატავენ დიაკვნის, როგორც თანამსახურის ხატს. ამ აზრით დიდი შესვლის შემდეგ არსებული დიალოგი მღვდელსა და დიაკვანს შორის ძალიან მნიშვნელოვანია[5]: მას შემდეგ რაც მწირველი უკმევს შესაწირ ძღვენს, მიმართავს დიაკვანს „მომიხსენე მე ძმაო და თანამწირველო (συλλειτουργέ)“. დიაკვანი ამ დიალოგში იწოდება თანამსახურად. ხოლო XIV საუკუნის დროინდელ დიატაქსისში, რომელიც პატრიარქ ფილოთეოსს ეკუთვნის, მღვდელი მიმართავს დიაკვანს: “ლოცვა ჰყავ ჩემთვის მეუფეო (δέσποτα)“.

ალბათ, საჭირო არის ლიტურგიული რეფორმა, რომელიც შეეხებოდა კვერექსებს, რათა დიაკვანს შეეძლოს ადგილობრივი თემის საჭიროებათა მიხედვით შეცვალოს თხოვნათა მუხლები. თანამედროვე ეპოქაში ამ თხოვნათა ზოგადი ხასიათის გამო, ხშირად ლოცვაში ვეღარ გამოიხატება კონკრეტული ქრისტიანული თემის დაზუსტებული საჭიროება.

  1. სოციალური ფუნქცია

ხელთდასხმისას დიაკვნის განსაზღვრულ ეკლესიაში დანიშვნა წარმოადგენს კოპტური წესის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც სამწუხაროდ ბიზანტიური წესში არ გვხვდება. კოპტური წესის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ასპექტს წარმოადგენს კურთხევისას დიაკვნისათვის მისი სოციალური ფუნქციის ახსნა: “შენ უერთდები პირველდიაკვან სტეფანეს სამწყსოს. უნდა იტრიალო ღვთის ერში, ეწვიო ქვრივებს, ობლებს და ავადმყოფებს, შეეწიო საჭიროებისაებრ, ვისი დახმარებაც შეგიძლია და იყო კეთილი მაგალითი მათთვის, რათა შეძლონ და მოგბაძონ. ხოლო როდესაც მღვდელს ან მღვდელმთავარს მიაცილებ, მიაქციე მათი ყურადღება გაჭირვებულებზე…” ამდენად, საეკლესიო განწესების თანახმად, კოპტი დიაკვანი უნდა ემსახუროს გაჭირვებულებს და შეატყობინოს მათ შესახებ ეპისკოპოსს[6].

ჩვენს დროში, საღვთისმსახურო ფუნქციათა გარდა, ხანდახან დიაკვანი მონაწილეობს საეკლესიო ღონისძიებებში და ეკლესიის ადმინისტრირებაშიც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიდი არქიდიაკვნის თანამედროვე დანიშნულება. მის მოვალეობაში შედის ღვთისმსახურებათა ორგანიზება და მქადაგებლეთა დანიშვნა, მათ შორის ეპისკოპოსებისაც. მის განსაკუთრებულ კავშირს პატრიარქთან კი ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ის მსახურობს მხოლოდ იმ მსახურებაზე, რომლზეც მსახურობს თავად პატრიარქი.

რუსეთში, XIX საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დიაკვანი ინიშნებოდა ყველა სამრევლოში, რომელიც შვიდას მოსახლეზე მეტს ითვლიდა (#3 ბრძანება სინოდისა, 4.03.1885), მოგვაინებით კი მათ დაეკისრათ სამრევლო სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუსხისმგებლობა (#1 ბრძანება სინოდისა, 3.03.1886). ამასთანავე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეემცირებინათ იმ დიაკვნების ხელფასები, რომლებიც ხელთდასხმულნი იყვნენ 1885 წლის შემდეგ, მაგრამ არ ჰქონდათ შესაბამისი განათლება, რათა ემასწავლებლათ სკოლებში[7].

სოციალური მსახურება კი სრულიად გაქრა სადიაკვნო საქმიანობიდან, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ქველმოქმედება აღარცერთ საეკლესიო ხარისხს აღარ ევალება. დიაკვნობის საღვთისმსახურო ასპექტი დაიჩრდილა მღვდლობით (მაგ. XIV საუკუნემდეც კი დიაკვანი იყო პროსკომიდიის აღმსრულებელი[8]), ხოლო სოციალური ასპქეტი სამოქალაქო საზოგადოებით. ამ ყველაფერმა დიაკვნობის ხარისხი ანაქრომიზმად აქცია.

XVI საუკუნეში, პოლონეთში მომძლავრებულ პროზელიტიზმთან დასაპირისპირებლად შეიქმნა მართლმადიდებელთა სამოქალაქო საძმოები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს საქველმოქმედო და სამასწავლებლო მსახურება. ზოგადად, აღმოსავლეთის ეკლესიაში ერის-კაცთა როლი დიდი იყო. 1856 წელს, ოტომანთა იმპერიაში მიღებული დადგენილებით, ჩამოყალიბდა უმცირესობათა წარმომადგენლობითი კომისიები, რომლის წევრებიც კლერისკოსებთან ერთად ერის-კაცებიც იყვნენ. კონსტანტინოპოლის პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდნენ ბერძნული თემის უხუცესთა საბჭიოს წევრები, ასევე ირჩეოდნენ ანტიოქიისა (1898) და იერუსალიმის (1873) პატრიარქები და ა.შ.

ამდენად ერის-კაცებმა აიღეს ხელში სამოქალაქო აქტივობის მთელი პასუხისმგებლობა. სოციალური მსახურება იქცა სამოქალაქო აქტივობად, დასავლური ეკლესიის პრაქტიკის მსგავსად, სადაც უკანასკნელი ასწლეულია (თუ მეტი არა) ყოველივე სულიერი კლირიკოსების ხელშია, ხოლო ყოველივე სამოქალაქო ერის-კაცებისა.

  1. დიაკვნობასთან დაკავშირებული შეკითხვები

როგორც ჩანს, თანამედროვე ეპოქაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კვლავაც აუცილებელია გააერთიანოს სოციალური ასპექტები საღვთისმსახურო და დოგმატურ ასპექტებთან. შესაძლებელია კი ამის განხორციელება იმ განსაკუთრებული საეკლესიო ხარისხის გარეშე, რომელსაც შეუძლია თავის თავზე ამ ინტეგრალური მისიის აღება?

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფო მოიცავს ყველა სოციალურ სფეროს. მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ეკლესიას არ აქვს სოციალური აქტივობის საშუალება. სიატუაცია, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, დიაკვნობას არ აძლევს საშუალებას განვითარდეს იმ ფორმით, რომლითაც ის ადრეულ ეპოქაში არსებობდა. შესაძლებელია ტოტალიტარიზმის პირობებში დიაკონიის რეალიზაცია, როგორც გასაჭირში მყოფთა მსახურებისა?  თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ კიდევ ჩნდება შეკითხვა: იმ საზოგადოებაში, სადაც სამოქალაქო სექტორი იღებს თავის თავზე სოციალურ მსახურებას, რა სახით არის შესაძლებელი ზოგადად სასულიერო პირების სოციალური მსახურება? განა შესაძლებელია, რომ დიაკვნობას დაეკარგოს სული წმინდის მიერ მონიჭებული ფუნქცია სოციალური მსახურებისა? რა სახის მსახურებად იქცევა ის? და ბოლოს, როგორი იქნება მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებასა და სამყაროს მსახურებას შორის კავშირი?

მოამზადა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

[1] იხ. J.M. Hanssens, La forme dans les ordinations sacerdolates de rite grec, Gregorianum V (1924), 208-277: VI (1927), 49-80; ასევე B. Botte, la formule d’ordination: “la grace divine…” dans les rites orientaux, in Orient Syrien 2, 1957, pp. 285-296.

[2] მაგ. ქაიროს კოპტური მუზეუმის არაბული ხელნაწერი #235, დათარიღებული 1364 წლით.

[3] ბიზანტიურ ლიტურგიაში დიაკვნის ფუნქციათა დეტალური აღწერისათვის იხ. S. Salaville/G. Nowack: Le rôle du diare du diacre dans la liturgie orientale, Paris-Athens, 1962.

[4] A. Baumstark, Vom gesichtlichen Werden der Liturgie, Freiburg i.B., 1923, pp.101-102.

[5] იხ. A. Raes, Le dialogue après la Grande Entrée dans la liturgie byzantine, в Orientalia Christiana Periodica, t.18 (1952), pp. 38-51.

[6] იხ. Yassa Abd-Ul-Massih, The diaconal order in the Coptic Church in Madaress al-Ahad Cairo 1955, NoNo 2,3,4,6 (არაბულ ენაზე).

[7] იხ. სტატია «Диакон» in (российской) Богословской энциклопедии (К.1068-9).

[8] Одинцов Н. Порядок общественного и частного богослужения в древней России до XVI века, СПб, 1881, с. 60; с. 200.