არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით
ავტორი – იაონე კაზარიანი
(ასტროთეოლოგიური პერსპექტივა)
ნაწილი I
„დადგება დრო, როდესაც გამოწვლილივითი და ხანგრძლივი კვლევები შუქს მოჰფენენ საგნებს, რომლებიც აქამდე ჩვენთვის დაფარული იყო. თუნდაც ცისადმი მთლიანად მიძღვნილი ერთი ცხოვრებაც კი არ კმარა ესოდენ ფართო საგნის შესწავლისათვის… ეს ცოდნა მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდგომ გამოვლინდება. დადგება დრო, როდესაც ჩვენს შთამომავლებს გაუკვირდება, რომ ჩვენ არ ვიცოდით საგნები, რომლებიც ჩვენთვის აშკარა… მრავალი აღმოჩენა გადადებულია მომავალი ასწლეულებისთვის, როდესაც ჩვენი ხსოვნა უკვე წარიშლება. ჩვენი სამყარო საცოდავ გაუგებრობად აღმოჩნდება, თუკი თითოეულ საუკუნეში მასში რაიმე ახალს არ იპოვიან…. ბუნება თავის საიდუმლოებებს ერთიანად და სამუდამოდ არ გვიმხელს“
სენეკა. ბუნებრივი საკითხები. წიგნი VII (ჩვ. წ. აღ. I ს.)
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ სამყარო ღვთის შემოქმედებაა. თუ ქმნილი სამყარო, ანუ კოსმოსი, ღვთის არაგონიერი ქმნილებაა, მაშინ გონიერი ბიოლოგიური სახეობები, რომლებიც ჰიპოთეტურად არსებობენ ამ ქმნილ სამყაროში, თავიანთი ღვთაებრივი შემოქმედის – ჰიპოსტასური ლოგოსის – „მცირე ლოგოსად“ უნდა მივიჩნიოთ. ერთის მხრივ, ასეთი საღვთისმეტყველო ხედვა ანთროპოლოგიურ პატრისტიკულ ხედვას შეესაბამება, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს აზრი კითხვას აჩენს ადამიანის უნიკალობასთან და მის განსაკუთრებულ შექმნასთან დაკავშირებით. ამავე აზრიდან გამომდინარე, ავტომატურად აქტუალური ხდება არამიწიერი გონიერების დაცემულობის/არადაცემულობის ამარტოლოგიური* საკითხი. არამიწიერ გონიერებასთან დაკავშირებული ამარტოლოგიური საკითხი არა მხოლოდ ბიბლიური ანთროპოლოგიური რეალობით არის გამოწვეული, არამედ მართლმადიდებელი პატრისტიკული პერსპექტივითაც ძლიერდება, რომლის თანახმადაც კაცობრიობის დაცემა ბუნებრივად და ხარისხობრივად აისახება მთელს ქმნილებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგი წმინდა მამა სხვაგვარად ფიქრობდა. მართლმადიდებელ პატრისტიკაში ამარტოლოგიური საკითხი პირდაპირ შემხებლობაშია სოტეროლოგიულ** პრობლემასთან და შესაბამისად, ლოგოსის კენოტიკურ*** აქტთან. ამიტომ, დაცემული ქმნილების პირობებში, ლოგიკურად ისმის კითხვა არამიწიერი გონიერებისთვის განხორციელების მიზეზების თაობაზე, ეს კი, თავის მხრივ, შემხებლობაშია „მრავალი განხორციელების“ და „ღრმა განხორციელების“ პრობლემატიკასთან. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა „ღრმა განხორციელების“ ღვთისმეტყველება. მოცემულ სტატიაში ავტორი წამოაყენებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ზემოხსენებულ საღვთისმეტყველო ასპექტებთან არიან კავშირში და შეძლებისდაგვარად პასუხობს მათ. ავტორი არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევს, რომ მისი საღვთისმეტყველო მსჯელობანი ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა. ის გთავაზობთ ამ საკითხის თავისებურ ხედვას (ასტრო)თეოლოგიური პერსპექტივის სახით, ანუ საზოგადოებას თავის ალტერნატიული ხედვას წარუდგენს.
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სვამს კითხვას არამიწიერი გონების, ან ნებისმიერი ბიოლოგიური ფორმით არამიწიერი არსებობის შესახებ. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია და როგორც ჩანს მისი აქტუალობა ყოველ წელს იმატებს კვლევითი ტექნოლოგიების სრულყოფის ფონზე. დღეს მრავალი მეცნიერია დაკავებული ამგვარი საძიებო/კვლევითი სამუშაოებით (ამ შრომების უდიდესი წილი დასავლეთის მეცნიერებს უკავიათ). ჯერ კიდევ 1984 წელს, ამ მიზნით შეიქმნა ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი SETI (Search for Extra Terrestrial Intelligence – არამიწიერი გონების ძიება), რომელიც განზრახ სიგნალებს ეძებს ოპტიკური/რადიო ტელესკოპების და ავტომატური ორბიტალური ობსერვატორიების მეშვეობით. SETI-ს მეცნიერები NASA-ს ამერიკულ პროგრამებში მონაწილეობენ, მაგ., „კასინი-გუიგენსის“ მისია, რომელიც პლანეტა სატურნს და მის თანამგზავრთა სისტემას შეისწავლის; ასევე, არის სხვა კოსმოსური პროგრამები, რომლებმაც შეიძლება მომავალში აღმოაჩინონ სიცოცხლის რაიმე ბიოლოგიური ფორმები ჩვენს მზის სისტემაში ან მის ფარგლებს გარეთ. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ ეს საკითხი საღად და ადეკვატურად აღვიქვათ და არამიწიერ ბიოლოგიაზე რაიმე წარმოდგენა გვქონდეს, აუცილებელია საკუთარი ანთროპომორფული წარმოდგენების ფარგლებს გავცდეთ და სულ სხვა, არამიწიერი წარმოდგენებისაკენ გავიდეთ. კაცობრიობა თავისი ანთროპომორფული რეალობის, თავისი ანთროპომორფული წარმოსახვის საზღვრებს უნდა გასცდეს, დატოვოს იგი როგორც ამოსავალი წერტილი, რათა გაიგოს, რომ სხვა პლანეტებზე გონიერ ან თუნდა უბრალოდ ბიოლოგიურ სიცოცხლეს შეიძლება სულ სხვა მორფოლოგია გააჩნდეს, რომელიც ჩვენგან განსხვავებული დნმ და რნმ სტრუქტურითაა განპირობებული. უნდა გავიგოთ, რომ არამიწიერი სიცოცხლის ქმნილი არსი შეიძლება დიდად განსხვავდებოდეს ჩვენგან, რადგან ჩვენი ადამიანური გონიერი (და ზოგადად, მიწიერი, ცხოველური, არაგონიერი) სიცოცხლე განპირობებულია დედამიწის კლიმატური პირობებით და ამ პირობებიდან გამომდინარე შესაბამის მორფოლოგიას ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით, თანამედროვე ასტრონომიაში, არამიწიერი სიცოცხლის კვლევებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩვენი მზის სისტემის პლანეტები, განსაკუთრებით ეგზოპლანეტები. ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ან ეგზოპლანეტებზე ბიოლოგიურ ფორმებს შესაძლოა ექნებათ (თუკი მათ აღმოაჩენენ) სხვა ფიზიკური სტრუქტურა და საფუძველი, რომლებიც იმ კლიმატური პირობებით იქნება განპირობებული, რომლებიც ამა თუ იმ ეგზოპლანეტისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, გრავიტაცია ბევრს ცვლის არსების ფიზიოლოგიაში. ადამიანური ბუნებისთვის გრავიტაცია მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ორგანიზმისა და მისი ფორმის, განსაკუთრებით კი ბიპედალიზმის, ჩამოყალიბებაში. მაგ., როდესაც ადამიანი უკვე უახლოეს მომავალში მარსის კოლონიზაციას მოახდენს, გრავიტაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ანატომიის ცვლილებაში. კოსმოსურ სივრცეში დედამიწის ზუსტი კლონის აღმოჩენის ალბათობა მკვეთრად იკლებს მთელ იმ ეგზოპლანეტებზე კლიმატური პირობების თავზარდამცემი მრავალფეროვნების გამო, რომელთა შესწავლას ადამიანმა ამ ეტაპზე შეძლო. მაგ., დედამიწის ბიოლოგიაში ნახშირბადი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ის არამიწიერ სიცოცხლეშიც მთავარი სამშენებლო მასალის როლს შეასრულებს. მაგალითად, სილიციუმი, როგორც სამშენებლო მასალა, შეიძლება იყოს შესაძლო საფუძველი რამდენადმე განსხვავებულ კლიმატურ პირობებში სიცოცხლის ჩასახვისათვის; შანსები აქვს აზოტსაც და ფოსფორსაც და ამიტომ, მაგალითად, სილიციუმის სიცოცხლეს შეიძლება სულ სხვაგვარი მორფოლოგია, ანუ მემკვიდრეობით ინფორმაციის მატარებელი, ჰქონდეს, რაც ამ არამიწიერი სიცოცხლის მორფოლოგიას განაპირობებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წყალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაერთად რჩება. ამა თუ იმ ეგზოპლანეტაზე წყლის არსებობა სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის, მით უმეტეს, რომ წყალბადი კოსმოსში ყველაზე გავრცელებული ელემენტია. წყალი, რომელსაც ისეთივე მახასიათებლები აქვს, რაც დედამიწაზე გააჩნია, იძლევა ისეთი სიცოცხლის გაჩენის შანსს, რომელიც რაღაცით შეიძლება ჩვენსას ჰგავდეს. თუმცა, ეგზოპლანეტაზე წყლის არსებობა არასაკმარისია იმისათვის, რომ მასზე სტრუქტურირებული ბიოლოგიური ფორმის არსებობაზე ვისაუბროთ, რადგან ასეთი ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ე. წ. „ბინადრობის ზონაში“ უნდა იმყოფებოდეს, რომ კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყონ მასზე რაიმე ბიოლოგიური აქტივობის დაბადებას და ევოლუციას. დღეს უკვე გვაქვს ასეთი ეგზოპლანეტების მაგალითები: Kepler-22 b, Kepler-452 b, Kepler-186 f და სხვ. ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ასეთი ეგზოპლანეტებისთვის მეცნიერებმა სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს – „დედამიწის მსგავსების ინდექსი“ (Earth Similarity Index, მოკლედ – ESI), ანუ პლანეტის ან თანამგზავრის სიცოცხლის ინდექსი, რომელიც ასტრონომებისგან, პლანეტოლოგებისგან, ბიოლოგებისა და ქიმიკოსებისგან შემდგარმა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა. ეს ინდექსი მხედველობაში იღებს მრავალ ფაქტორს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ეგზოპლანეტაზე შესაძლო ბიოლოგიური სიცოცხლე არსებობდეს: ეგზოპლანეტის ზომა, მასა, სიმკვრივე, მანძილი დედა-ვარსკვლავამდე და ტემპერატურა. ზოგადად, ასეთ პრობლემატიკას შეისწავლის ასტრობიოლოგია, რომელიც ასეთ პლანეტაზე ბიოლოგიური სიცოცხლის შესაძლო გაჩენას/არსებობას გვიჩვენებს.
რაც უფრო ახლოს ვაკვირდებით კოსმოსს, მით უფრო ძლიერ ვრწმუნდებით, რომ სიცოცხლისთვის არა მხოლოდ ჩვენი პლანეტა, არამედ მრავალი სხვა ეგზოპლანეტაც არის ვარგისი. მეცნიერული სამყარო უკვე დიდი ხანია ატარებს ბიოლოგიური სიცოცხლის კვლევით ძიებას როგორც ჩვენგან შორ ვარსკვლავთა სისტემებში, ისე ჩვენს მზის სისტემაში. მაგ., ჩვენი მზის სისტემაში, სატურნის სისტემაში არის რამდენიმე თანამგზავრი, რომლებიც მათზე რაიმე ბიოლოგიური აქტივობის კანდიდატები არიან. ამის იმედს მათზე წყლის არსებობა იძლევა. ენცელადაზე, რომელიც არის სატურნის სიდიდით მეექვსე თანამგზავრი, სიცოცხლის ყველა ქიმიური ინგრედიენტი აღმოაჩინეს. მის გეიზერებში აღმოჩენილია წყალბადისა და ჟანგბადის, ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის შენაერთები – პრაქტიკულად ყველა ელემენტი, რომლებიც ბიო-მოლეკულების შემადგენლობაში შედის. ამას წინათ კი, ამ სიას დაემატა ბოლო ელემენტი – ფოსფორი, რომელიც ნუკლეინური მჟავების საკვანძო ელემენტია. ეს აღმოჩენა ენცელადს კიდევ უფრო საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის არამიწიერი სიცოცხლის კვალის ძებნის თვალსაზრისით (1). ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ენცელადი ინტენსიური კვლევებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია.
ასეა თუ ისე, შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, რომ კვლევების ამ ეტაპზე და ამ კვლევების მონაცემებიდან გამომდინარე, ეგზოპლანეტებზე ან ჩვენი მზის სისტემის პლანეტების თანამგზავრებზე იმ პირველადი მასალების არსებობა, რომელთაგანაც აგებულია აბიოგენეზის ბლოკები, საფუძველს გვაძლევს ვილაპარაკოთ მათზე გარკვეული ბიოლოგიური აქტივობის არსებობაზე. ყოველივე ზემოთქმულის გარდა, რაც არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ექსპერიმენტული და დაკვირებითი მაგალითების სახით მოვიყვანეთ, მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიები, რომლებიც დღეს არამიწიერი სიცოცხლის ძებნისა და აღმოჩენის პროგრამებსა და მისიებში სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. ისეთი თეორიები, როგორებიცაა „დაისონის სფერო“, „ფერმის პარადოქსი“ ან „კარდაშოვის სკალა“ ან თუნდაც სამყაროს „დიდი დუმილი“, სამეცნიერო სამყაროსა და ზოგადად კაცობრიობას ამ საკითხის სიღრმისეული ხელახალი გააზრებასა და გაცნობიერებაში და მისდამი სხვა ლოგიკური თვალსაზრისით მიდგომაში ეხმარებიან. ჩვენ ახლა ყველა ამ თეორიას არ ჩავუღრმავდებით, რადგან მეცნიერები მათ მშვენივრად ხსნიან და ისინი ხელმისაწვდომია საინფორმაციო სივრცეში. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ არამიწიერი გონიერების ძებნის ან ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობის შესახებ საუბრები ზუსტი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ ამ საძიებო საქმიანობის შედეგები ასტრობიოლოგიისა და ასტროფიზიკის ფარგლებს სცილდება. ისინი პირდაპირ ფილოსოფიასთან და განსაკუთრებით რელიგიასთან არის შემხებლობაში. რელიგიას შეუძლია, ამ საკითხს თავისი საღვთისმეტყველო ახსნა მისცეს, რადგან ზუსტად რელიგიას შეუძლია გაიაზროს არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა მისი არსებობის მიზნის და აზრის თვალსაზრისით. მეცნიერება ასეთ კითხვებს, როგორც ცნობილია, არ სვამს.
კარლ საგანი, ცნობილი ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი ამბობს, რომ კოსმოსის ათვისება რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებსაც უკავშირდება, რაც დიდ მეცნიერს აკვირვებდა (2). კაცობრიობას (რომლის უმეტესობაც რელიგიური ადამიანები არიან) მომავალში მოუწევს გადაწყვეტა იმისა, ჰპოვებს თუ არა ადგილს არამიწიერი გონიერაბა მისი რწმენის სისტემებში და რა ახსნა შეიძლება მივცეთ მას ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული რწმენის, ყველა ტრადიციული რელიგიური სისტემის ფონზე? ან შეძლებს თუ არა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა ზებუნებრივის რწმენის დათრგუნვას? ამგვარი საკითხების შესწავლა „ასტრო-თეოლოგიის“ სფეროს განეკუთვნება (ინგლ. Astrotheology). პირველად, ეს ტერმინი და თავად ამ საკითხის ცნება გვხვდება ტრაქტატში “ასტროღვთისმეტყველება, ანუ ღმერთის არსის და ნიშან-თვისებების წარმოდგენა კოსმოსზე დაკვირვებებიდან”, რომელიც 1714 წელს ინგლისელმა მღვდელმა და მეცნიერმა ვილიამ დერემმა (William Derham) გამოაქვეყნა (Astrotheology: Or a Demonstration of the Being and Attributes of God From a Survey of the Heavens) (3). თუმცა, ჩვენ ამ ტერმინს, რა თქმა უნდა, ერთობ სხვანაირად გამოვიყენებთ, რადგან თანამედროვე მეცნიერება დედამიწის ფარგლებს გასცდა და გავიდა კოსმოსურ სივრცეში მისი ურიცხვი გალაქტიკებით და ასტროთეოლოგიის თაობაზე გონებრივი საღვთისმეტყველო ჭვრეტის დიდი არეალი მოგვცა. ამის შესახებ ფიქრი ახალ კითხვას ბადებს: ამდენად უნიკალურები ვართ სამყაროში, როგორც გვგონია ან გვეგონა? კოპერნიკმა 1543 წელს განაცხადა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს (ჰელიოცენტრიზმი) და შედეგად მოხმდარმა ინტელექტუალურმა რევოლუციამ პთოლემეუსის გეოცენტრიზმი მეცნიერების ისტორიის მუზეუმს ჩააბარა. შემდგომში, კოპერნიკის თეორია კეპლერმა და მრავალმა სხვა მეცნიერმა სრულყო. ამგვარად,ჩვენი პლანეტის და ადამიანის უნიკალურობამ სერიოზული ხელახალი გააზრება განიცადა „ახალი დროის“ ეპოქაში, რაც არ შეიძლებოდა, არ ასახულიყო მეცნიერებისა და იმ დროინდელი ოფიციალური ეკლესიის ურთიერთობებზე. XX საუკუნეში უკვე ვგებულობთ, რომ პლანეტა დედამიწა „ირმის ნახტომის“ გალაქტიკის განაპირას მდებარეობს, თავად ეს გალაქტიკა უსასრულო სამყაროში მხოლოდ ერთ-ერთი, არაფრით გამორჩეული გალაქტიკაა და სამყარო მილიარდობით ასეთი გალაქტიკითაა სავსე. მაგრამ მიუხედავად ასტრონომიაში დამტკიცებული (არა გეოცენტრისტული) თეორიებისა, ადამიანი და პლანეტა დედამიწა კაცობრიობის სიცოცხლეში მაინც ცენტრალურ მოვლენას წარმოადგენს, რადგან ზუსტად რომ ადამიანი აკვირდება ამ სამყაროს და თავის თავს მოიაზრებს მასში, სძენს მას აზრსა და არსებობის მიზანს (თუკი ადამიანზე ანთროპული პრინციპის კატეგორიებში ვისაუბრებთ). ამ თვალსაზრისით, თვითშეგნებულ ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს, რელიგიური გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი უნიკალურია, რადგან არსებობს, როგორც პიროვნული არსება (4), მაგრამ ფიზიკის სამყაროში და საერთოდ ქმნილი ბუნების სამყაროში ადამიანი სამყაროს ნაწილია – სამყაროსი, რომელშიც უნიკალურობები არ არსებობს, რადგან სამყარო მრავალი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან თითოეული თავის თავში სამყაროს ”ასრულებს“ (გადატანით მნიშვ.). სამყარო თავად არის უნიკალური. სამყაროს მთელი უნიკალობა მისი ონტოლოგიის ემერჯენტულ პრინციპში მდგომარეობს. შესაბამისად, ნებისმიერი არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ბიოლოგიური ფორმა – უნიკალურობას სძენს, როგორც ადამიანი, რომელიც ამ უნიკალობას თავის თავში ატარებს. თუმცა, თუ არამიწიერ გონებას აღმოვაჩენთ, ამ გონების, როგორც პიროვნული უნიკალობის განსაზღვრის საკითხი დადგება: პიროვნულობის რა „სტრუქტურის“ მფლობელი იქნება იგი? აქედან გამომდინარე კი უნდა გავიგოთ, რამდენად იდენტურია მიწიერი და არამიწიერი გონება მათი პიროვნულობის საკითხში? რათა მივიღოთ პასუხი არამიწიერი პიროვნული გონების მეტაფიზიკური უნიკალობის კითხვაზე. თუმცა, როგორც არ უნდა ვუყუროთ ჰიპოთეტური არამიწიერი პიროვნულობის თვისობრივ სხვაობას ჩვენთან შედარებით, ის ასევე უნდა მოვიაზროთ, როგორც ყოვლად სახიერი ღმერთის ქმნილება. ქრისტიანთა რწმენით ღმერთი ხომ ამ სამყაროს შემოქმედია და მანვე მისცა მას კურთხევა არსებობაზე. თუ ეს ასეა (არადა ზუსტადაც ასე არის, ვინაიდან ეს არის ჩვენი რწმენა), მაშინ, რა არის უცნაური იმაში, რომ ღმერთის მიერ კურთხეულ ამ კოსმოსში, სადღაც „პერიფერიასა“ თუ მის „ცენტრში“ (რა თქმა უნდა, კოსმოსში „პერიფერია“ და „ცენტრი“ ფარდობითი ცნებებია) გონიერ ან უბრალოდ ბიოლოგიურ სიცოცხლეს აღმოვაჩენთ? თუ ასეთი რამ რეალურია, მაშინ არამიწიერი არსებობის ყველა ფორმაც ღმერთის ქმნილებებს უნდა მიეკუთვნოს. აქედან გამომდინარე, არ არის არანაირი პრობლემა და წინააღმდეგობა ღვთის რწმენა/ღმერთისადმი ნდობაში და არ არის მიზეზი იმისა, რომ მის მეტაფიზიკურ არსებობაში დავეჭვდეთ. ასეთი შფოთი, ჩვენი აზრით, მოგონილი და უსაფუძვლოა. ჯერ ერთი, თუ გვწამს, რომ ღმერთი ამ ხილული სამყაროს შემოქმედია, მაშინ, ყველა ბიოლოგიური ფორმა ღმერთის მიერ აპრიორი კურთხეულია არსებობაზე; მეორე: რწმენას, რომ ღმერთი ადამიანებთან ურთიერთქმედებს და მათზე ზრუნავს, არასოდეს სჭირდებოდა იმის ფიქრი, რომ პლანეტა დედამიწა სამყაროს ცენტრში მდებარეობს. ეს ორი ასპექტი სავსებით საკმარისია, რომ მომავალში არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენასთან დაკავშირებით ყველა სირთულე მოიხსნას.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ გონიერი თუ არა გონიერი არამიწიერი სიცოცხლის არსებობა ღმერთის რეალობას არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ. არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა ეჭვქვეშ დააყენებს მხოლოდ ადამიანის „განსაკუთრებულ“ წარმომავლობას და იმ ბიბლიურ ფაქტს, რომ ადამიანი შემოქმედების გვირგვინია. მაგრამ ჩვენ ცოტა სხვაგვარად ვიტყოდით: ეს კი არ დგება ეჭვქვეშ, არამედ ადამიანის, როგორც ღვთის შემოქმედების გვირგვინის უნიკალობის საზღვრები ზუსტდება. რაც შეეხება ღმერთის მიერ ადამიანის „განსაკუთრებულ“ ან სხვაგვარად რომ ვთქვათ – ზებუნებრივ შექმნას (როგორც ამის შესახებ ვკითხულობთ დაბადების წიგნის პირველ ორ თავში), უნდა ითქვას, რომ ბიბლიური კოსმოლოგიის მითო-პოეტური სტილი ახლო აღმოსავლეთის კოსმოლოგიურ ტრადიციას შეესაბამება და ბიბლიის ლიტერატურული ჟანრის ეპოქისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს ასახავს. ადამიანი არის კოსმოლოგიური და ბიოლოგიური ევოლუციის ნაწილი და შედეგი, რომელიც თავის თავში, სულ მცირე, თავის რეალობაში, ღვთაებრივი ქმნილების გვირგვინის სიმაღლეს ასახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთის შემოქმედების ერთადერთი გვირგვინი ვართ. თუ ადამიანი, როგორც „ღვთის ხატი“ თავისი შემოქმედის – ლოგოსი-ღმერთის – „მცირე ლოგოსია“ და თუ ადამიანი არის „მცირე გონება“, რომელმაც გონიერების ნიჭი ზეგარდამო მიიღო და თუ ადამიანი არის „მცირე ლოგოსის“ მატარებელი, რომელსაც წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.) (PG. 44, col 145) განმარტავს, როგორც „λογικὸν ζῶον“ – „გონიერი ცხოველი“, ხოლო გონიერება და მეტყველება (λογικὸν) ადამიანის ცხოველისგან განმასხვავებელი ყველაზე გამომხატველი ნიშან-თვისებებია, მაშინ, არამიწიერი გონების აღმოჩენის შემთხვევაში, ისიც უნდა მივიჩნიოთ გარკვეულ „მცირე ლოგოსად“, რომელსაც გონიერება და გარკვეული „მეტყველებაც“ კი გააჩნია, რადგან გვწამს და ზუსტად ვიცით, რომ ზუსტად ლოგოსი არის მთელი ქმნილი სამყაროს შემოქმედი (იოანე. 1, 3). რადგანაც გონების მქონე ყველა არსება ღვთის სიტყვას (ლოგოსს) ენათესავება (ყოველი ადამიანის გონება ხომ თითქოს ღვთის სიტყვის „ნაწილია“), ე. ი. ყოველი ჰიპოთეტური არამიწიერი არსების გონება ამავე ღვთის ლოგოსის „ნაწილია“. არამიწიერი გონება უნდა იყოს (სავარაუდოდ) ინტენციალური შემეცნებისადმი, როგორც ასეთისადმი და მითუმეტეს კოგნიტიური განვითარებისადმი. ადამიანიც ხომ იმთავითვე მოწოდებულია ღმერთის და ყოველივე შექმნილის თავმდაბალი შემეცნებისადმი. მიწიერ სამოთხეში მიცემული მცნება – არ ეჭამათ „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან“ მიცემულია თავმდაბლობის შესანარჩუნებლად და ამავე მეშვეობით „სიცოცხლის ხის“ შეცნობისთვის (წმ. ანდრია კესარიელის (VI-VII სს.) განმარტებით, „სიცოცხლის ხე“ თავად ქრისტეს ნიშნავდა (PG. 106, Col. 233). შემეცნება თავისთავად უნდა იყოს არამიწიერი გონიერი არსებობის იმანენტური, მას ეპისტემოლოგიური ცნობიერება უნდა გააჩნდეს. ამიტომ, თუ ღმერთს ნებავს, რომ კიდევ ერთი ან ათი (შემმეცნებელი და თვითშემეცნებადი) ქმნილების გვირგვინი ჰყავდეს, მას ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის და ეს ჩვენს რწმენას არანაირად არ ავნებს. პირიქით, თუ ყოველმხრივ ვენდობით ღმერთს, მაშინ, ბოლომდე უნდა ვენდოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ ხატოვნად, ვიტყვით, მაშინ: „ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მათე. 3, 9). ბიბლიური ისტორია მიწიერ სამოთხეში ადამიანის დაცემის შესახებ ზუსტად იმის შესახებ გვითხრობდა, რომ ადამიანმა თავმდაბლობა უნდა მოიხვეჭოს და ღმერთისგან მიიღოს ის, რაც მას ნიჭად ეძლევა. მათეს 3, 9-ს საკმაოდ ხატოვანი გამოთქმის სახით მოგვყავს. ამით, მკითხველს ვაგებინებთ, რომ ღმერთს, როგორც აბსოლუტს, მხოლოდ ადამიანები ვერ ეყვარება, ხოლო თუკი გვწამს, რომ შემოქმედი აბსოლუტია, მაშინ, მისი სიყვარული მთელს ქმნილებაზე ვრცელდება, რომელიც, თავის მხრივ, თავის თავში შეიძლება სხვა ჰიპოთეტურ გალაქტიკურ გონივრულ სამყაროებს ან ვარსკვლავთა სისტემებს შეიძლება შეიცავდეს. ამ ჰიპოთეზით ვადასტურებთ მის აბსოლუტურ სიყვარულს, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო, რომელიც შემოქმედს აქებს (შეად. 148, 1-4, 13). ამგვარად, სხვა ბიოლოგიური სამყაროების შესაძლო არსებობა კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ამტკიცებს უზენაესი შემოქმედის სიყვარულის აბსოლუტურობას.
უსაზღვრო სამყაროში კოსმოსური სამყაროების სიმრავლეა. თითოეული ვარსკვლავური სისტემა ცალკეული სამყაროა თავის მოლეკულური თავისებურებებით. ყოველი ეგზოპლანეტაც ცალკეული სამყაროა. ჩვენი მზის სისტემა, თავისი მრავალფეროვანი ბიოლოგიური სიცოცხლით დედამიწაზე, ასევე, ცალკეული სამყაროა. კოსმოსში მრავალი სამყაროა – სამყაროთა მირიადებია (ურიცხვია). და ჩვენ გვწამს, რომ ყველა ეს სამყარო შემოქმედმა შექმნა. ასეთ შემთხვევაში, რა გვიშლის ხელს, რომ ჩვენი ეპოქის თვალსაზრისით თავად წმინდა წერილში დავინახოთ ღვთაებრივი შემოქმედებითი გამოვლინებების მინიშნებები? პავლე მოციქულთან ვკითხულობთ (ებრ. 1, 2), რომ ღმერთმა თავისი ლოგოსით შექმნა სამყაროები (τοὺς αἰῶνας), თავად ბერძნული ტერმინი αιών როგორც ბერძნულ, ისე რაბინულ ღვთისმეტყველაბში არა მხოლოდ დროის განსაზღვრულ პერიოდს, არამედ სამყაროს შინაარსსაც ეხება. ებრ. 1, 2-ში, გამოიყენება მრავლობითი რიცხვი – „ეონები“, სადაც საუბარი შეიძლება იყოს დროებზეც და სამყაროებზეც ქმნილების (ფიზიკურ) კატეგორიებში, თუმცა, „ეონი“, როგორც დრო, ასევე განეკუთვნება ქმნილ კატეგორიას. სეპტუაგინტაში სიტყვით „ეონ“ ითარგმნება ებრაულის სიტყვა „ოლამ“ – עולם , რაც შეიძლება ნიშნავდეს სამყაროს დროში. ამიტომ, არაფერი გვიშლის, რომ მთელი ეს ეონები კოსმიურ სამყაროებად ვაღიაროთ (თანავარსკვლავედები, გალაქტიკები, გალაქტიკათა გროვა) ქმნილ დროში მათი არსებობის თავისებურებებითურთ. აქედან გამომდინარე, არაფერი გვიშლის ვაღიაროთ, რომ ამ სამყაროების (ეონების) შემოქმედი ღმერთია (1. ტიმ. 1, 17). ეონების ცნებას ფართო იყენებდნენ ადრე-ქრისტიანული გნოსტიკოსებიც რაღაც სულიერი არსებების აღსანიშნავად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ მათი, როგორც ქმნილი ფიზიკური სამყაროების სუფთა ფიზიკურ ასპექტს – მათში შეიძლება სიცოცხლის ბიოლოგიური ფორმები სახლობდნენ. მსგავს საკითხებს დღეს მრავალი ღვთისმეტყველი ეხება. ზოგი მათგანი, თავიანთ საღვთისმეტყველო კვლევებში, არამიწიერი სიცოცხლის სოტეოროლოგიურ საფუძვლებამდე მიდის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ, რადგან ასე შორს წასვლა არ გვსურს, თუმცა ქვემოთ, ამ საკითხის სოტეოროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით შემოვიფარგლებით (იხ. სტატიის II ნაწილში). ღმერთი მთელი სივრცე-დროის კონტინუუმის შემოქმედია, წმინდა წერილი კი, ბერძენი ბიბლეისტის, იოანე კარავიდოპულოსის (5) ზუსტი გამოთქმით, როგორც „მარადიული აწმყოს“ წიგნი, ამ ჭეშმარიტებას ადასტურებს. მსგავსი ეგზეგეტური მეთოდი დღესაც უნდა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენი თანამედროვე სამყაროს, რომელშიც ეკლესია ცხოვრობს და არსებობს, ცხოვრებისეულ კონტექსტს შევეწყოთ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ წმ. გრიგოლ დიოლოღოსის (VI-VII სს.) სიტყვებით წმინდა წერილის კითხვის თაობაზე: „ღვთაებრივი გამონათქვამები მკითხველთან ერთად იზრდებიან“ (PL. 76, Col. 843). ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასული ასწლეულის შუა ხანებში ინგლისელი ღვთისმეტყველი და ბიბლეისტი, ალან რიჩარდსონი, წერდა. მან შემოიღო „პროგრესირებადი გამოცხადების“ ტერმინი. პროგრესირებადი გამოცხადება იმას ეფუძნება, რომ ღმერთის გამოცხადება კაცობრიობასთან ერთად პროგრესირებს. ანუ ყოველ თაობაში მკითხველს მხოლოდ ის ეხსნება, რის გაგებაც შეუძლია კულტურის მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით (6). ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვესმის წმინდა წერილის მთელი სიღრმე მის დროის მიღმა აქტუალობასთან მიმართებაში.
_ _ _ _ _
*(ჰ)ამარტოლოგია – (ბერძნ. ἁμαρτία — აცდენა, შეცდომა, ცოდვა; და λόγος — სწავლება) – საღვთისმეტყველო სწავლება ცოდვასა და მის შედეგებზე.
**სოტეროლოგია – (ბერძნ. σοτηρία – ცხონება და λόγος – სწავლება) – საღვთისმეტყველო დისციპლინა, რომელიც ხსნის მართლმადიდებელ სწავლებას ცხონების შესახებ და რომელიც არის დოგმატური ღვთისმეტყველების ნაწილი.
***კენოზისი – (ბერძნ. κένωσις – შემცირება, დაკნინება) – საღვთისმეტყველო ცნება, რომელიც ღვთის ძის ნებაყოფლობითი დაკნინების, მის მიერ დაკნინებული მდგომარეობის მიღების აღსანიშნავად გამოიყენება, რაც განკაცებასა და ადამიანის გამოსყიდვის აღსრულებასთან არის დაკავშირებული
_ _ _ _ _
1. Ocean on Saturn’s moon Enceladus could be rich in a key ingredient for life https://physicsworld.com/a/ocean-on-saturns-moon-enceladus-could-be-rich-in-a-key-ingredient-for-life/
2. Sagan, Carl. The Cosmic Connection: An Extraterrestrial Perspective. New York: Dell, 1973. P. 63. (ან იხ. ელექტრ. ვერსია https://www.academia.edu/8572594/CARL_SAGAN_The_Cosmic_Connection გვ. 55)
3. Derham, William. Astrotheology: Or a Demonstration of the Being and Attributes of God from a Survey of the Heavens. London: Innys, 1715.
4. John D. Zizioulas. Communion and Otherness. Further Studies in Personhood and the Church. London: T&T Clark, 2006.
5. Каравидопулос, Иоанн. Откровенность и богодухновенность Писания: толкование Нового Завета в Православной Церкви // Библия в Церкви. Толкование Нового Завета на Востоке и Западе. 2-ое изд. Москва. Библейско-богословский институт вс. Апостола Андрея. 2011. გვ. 157.
6. Richardson, Alan. The Rise of Modern Biblical Scholarship and Recent Discussion of the Authority of the Bible. Cahiers de Biblia Patristica III. 1963: P. 194-338.









