ავტორი – ელდარ ბუბულაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ავტორეფერატი.
ნაშრომი შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.
პრობლემის აქტუალობა. ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხების კვლევა მეტად აქტუალურია. ამ მხრივ, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ეგზარქოსობის პერიოდში ავტოკეფალიაწართმეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის შესწავლა. საკვლევი პერიოდი, მომხდარი მოვლენების თვალსაზრისით, ტრაგიკული ეტაპია ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მრავალსაუკუნოვანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისისათვის ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების სახით იყო წარმოდგენილი. აღმოსავლეთ საქართველო მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში შედიოდა, ხოლო დასავლეთ საქართველო ქუთაისში არსებულ აფხაზთა ანუ ლიხთ-იმერეთის კათალიკოსს ემორჩილებოდა. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოს გაუქმებას საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალური ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებაც მოჰყვა. ერთმორწმუნეობის მიუხედავად, რუსეთის ცარიზმმა მკაცრი განაჩენი გამოუტანა საქართველოს ეკლესიას. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად იგი თავისი პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩააყენა. რუსეთის სასულიერო უწყების გარდაქმნები შეეხო საქართველოს ეკლესიის თითქმის ყველა მხარეს, დაწყებული შესამოსელით და დამთავრებული წირვა-ლოცვით. გატარებული ღონისძიებებით საქართველოს ავტოკეფალიაწართმეული ეკლესია, რომელიც საეგზარქოსოს სახით იყო წარმოდგენილი, რუსეთის სინოდის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. საქართველოს საეგზარქოსოს მმართველობაში ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა გარდაქმნა მიზნად ისახავდა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული საეკლესიო ტრადიციების მოსპობას, რომლითაც საქართველოს ეკლესია მართლმადიდებლურ სამყაროში თავის თვითმყოფადობას ინარჩუნებდა.
ნაშრომი სრულად იხილეთ ბმულზე











