2016 წლის 9 აპრილს წმინდა საყდრის ოფიციალურმა საინფორმაციო საშუალებამ „ვატიკანის რადიომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია უმაღლესი პონტიფიკოსის საქართველოში ვიზიტის შესახებ: „მიიღო რა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის და სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მოწვევა საქართველოდან, ისევე როგორც აზერბაიჯანიდან, პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში, ეწვევა რა ამ ორ ქვეყანას 30 სექტემბერიდან 2 ოქტომბრამდე“.

როგორც „ვატიკანის რადიო“ აცხადებს, პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტამდე ეწვევა სომხეთს 24-26 ივნისს, მისი უწმიდესობის, სომხეთა უმაღლესი პატრიარქ კათოლიკოსის გარეგინ II ის მოწვევით.

უნდა აღინიშნოს, რომ რომის პაპი ფრანცისკესათვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია II -სთან ვიზიტი იქნება მისი პონტიფიკატის განმავლობაში პირველი შეხვდრა საქართველოს ეკლესიის მეთაურთან, მაშინ როდესაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II  საქართველოს ეკლესიის მეთაურის რანგში ორჯერ შეხვდა რომის პაპ იოანე პავლე II -ს, პირველად 1980 წლის ივნისში, ვატიკანში ვიზიტისას, ხოლო მეორედ 1999 წელს, პაპის საქართველოში ვიზიტისას. მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვატიკანში დიდი ავტორიტეტის პიროვნებად სცნობენ, და ცდილობენ საქართველოს ეკლესიის მეთაურთან უწყვეტ ურთიერთობას, რის დასტურადაც ისიც კმარა, რომ  2014 წელს საქართველოს ეწვივნენ ვატიკანის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, როგორიც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან უერთიერთობების მდივანი, მთავარეპისკოპოსი დომენიკ მამბერტი და ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი პონტიფიკალური საბჭოს თავმჯდომარე კარდინალი კურტ კოხი არიან.