ავტორი: თეიმურაზ ბუაძე
(სტატია -ჟურნალ “გული გონიერის” N 12 ნომრიდან)
სტატიის დასაწყისიდანვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა იმდენად ადამიანის იერარქიული მდგომარეობა სამყაროში, არამედ პასუხი კითხვაზე – ეკუთვნის თუ არა ის მთლიანად ამ სამყაროს, თუ არის მასში რაღაც ისეთი, რის გამოც იგი ამ უკანასკნელზე მაღლა დგას¬? აზრი, რომ ადამიანი სამყაროზე მაღლა დგას და შეიცავს კიდეც მას, ბუნებრივია, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენება, მაგრამ ამ შეხედულებას დიდი ხნის ისტორია აქვს და მას ძველთაგანვე გამოუჩნდნენ თავისი მომხრეები, კერძოდ, ეკლესიის მამები. მანამდე ბერძენი ფილოსოფოსები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ძველი ბერძნები ადამიანს „მაკროკოსმოსს“ უწოდებდნენ. ეს ტერმინი ორი ბერძნული სიტყვისაგან – „მაკროს“ და „კოსმოს“ – შედგება. პირველი ნიშნავს დიდს, მთლიანს, მეორე კი – წესრიგს, ჰარმონიას (აქედანაა ნაწარმოები სიტყვა „კოსმეტიკა“).
როგორც ვხედავთ, ძველი ბერძენი სამყაროს, უპირველეს ყოვლისა, როგორც წესრიგს, კანონზომიერებას აღიქვამდა და ამ თვალსაზრისით, მისთვის ადამიანი „მიკროკოსმოსი“ ანუ სამყაროსთან შედარებით გაცილებით პატარა, მაგრამ ასევე მოწესრიგებული, ჰარმონიული რეალობა იყო. ძველი ბერძენი ფიქრობდა, რომ ადამიანი იმავე ელემენტებისაგან შედგებოდა, რომლისგანაც მთელი სამყარო, და ამავდროულად მინიატურულად ასახავდა მასში გამეფებულ წესრიგს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდა მამები არ იზიარებდნენ ამ შეხედულებას. მაგალითად, ადამიანთან მიმართებაში ტერმინი „მიკროკოსმოსი“ არ მოსწონდათ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს. მათი აზრით, მხოლოდ ცხოველი, მცენარე ან უსულო ნივთი იყო სამყაროს ნაწილი, ადამიანი კი, მართალია, სამყაროსეული ელემენტებისაგან შეფგებოდა, მაგრამ იგი ასევე შეიცავდა გონებით, თავისუფლებითა და სინდისით დაჯილდოებულ სულს, რითაც იგი სამყაროზე მაღლა იდგა. შესაქმის ბიბლიური თხრობა ამ ჭეშმარიტებას თავისებური ფორმით გადმოგვცემს. იქ ნათქვამია, რომ ღმერთმა ჯერ მიწის მტვერისაგან გამოძერწა ადამიანის სხეული და შემდეგ მასში სული შთაბერა. ეს ბიბლიური მონათხრობი მიუთითებს, რომ ადამიანის სხეული მთლიანად ამ სამყაროსეული ელემენტებისაგან შედგება, მაგრამ სული არაამქვეყნიურია, ღმერთისაგან მომდინარეობს, თუმცა ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სული ქმნილია, და, აქედან გამომდინარე, არც ღვთაებრივი ბუნების მატარებელია. ამ წმინდა მამების აზრით, ადამიანის სული სამყაროზე მაღლა რომ დგას, იქიდანაც ჩანს, რომ მთელი სამყარო გადაივლის, მოისპობა ქალაქები, ცივილიზაციები, კულტურები, ღმერთი ახალ ცასა და მიწას შექმნის, ადამიანის უკვდავი სული კი მარადიულად დარჩება. ადამიანი მხოლოდ ამ სამყაროს რომ არ ეკუთვნის იქიდანაც ჩანს, რომ იგი მთლიანად არაა განსაზღვრული ამ სამყაროში გამეფებული მიზეზ–შედეგობრივი კანონებით, მასში ჩანერგილი თავისუფლება მას გარკვეულ ავტონომიურობას ანიჭებს ამ სამყაროსთან მიმართებაში. ტერმინი „ავტონომიაც“ ორი ბერძნული სიტყვისაგანაა შედგენილი. პირველია „ავტოს“, რაც ნიშნავს თვითონ, თავად, მეორეა „ნომოს“ ანუ კანონი. ადამიანი ავტონომიური არსებაა, რადგან იგი სინდისის და გონების კარნახით თვითონაც უწესებს თავის თავს კანონებს. ამ მოსაზრების ილუსტრაცია შეიძლება ორი მაგალითითაც მოვახდინოთ: წარმოვიდგინოთ ოთახში მდებარე რაიმე უსულო საგანი, მაგალითად, მაგიდა. ამ მაგიდის ტემპერატურა მთლიანად განისაზღვრება ოთახის ტემპერატურით. თუ ამ უკანასკნელში ცივა ან თბილა, მაგიდაც შესაბამისად ცივია ან თბილი, მაგრამ ასე არ იქცევა ჯანმრთელი ადამიანის სხეული, მისი ტემპერატურა ყოველთვის 36–სა და 37 გრადუს შორისაა მოთავსებული, რადგან მას შინაგანი ავტონომიური, ბიოლოგიური თერმორეგულაციის უნარი გააჩნია. ამ კონტექსტში შეგვიძლია ასევე განვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის დიპლომატის მაგალითიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიპლომატი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იგი ვალდებული არაა, საქართველოში მოქმედ ყველა კანონს დაემორჩილოს, რადგან იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. წმინდა მამების აზრით, ყველა ადამიანი ამ დედამიწაზე ცხოვრობს, თუმცა დიპლომატის მსგავსად, რეალურად სხვა ქვეყნის – ზეციური სამეფოს მოქალაქეა, უფრო სწორად ამისთვის არის შექმნილი.
ადვილი მისახვედრია, რომ ასეთ აზრს ეწინააღმდეგებიან ფილოსოფოსები, რომლებსაც ან არ სწამთ ღვთის არსებობა, ან კიდევ არსებით განსხვავებას ვერ ხედავენ ღმერთსა და სამყაროს შორის. ანტიკურ სამყაროში სოკრატემდელი ფილოსოფოსების აბსოლუტურ უმრავლესობას ადამიანის სული ისეთივე ნივთიერ რეალობად მიაჩნდა, როგორც სხეული. მათი აზრით, სულის და თვით ღმერთების შემადგენელი ელემენტები (წყალი, ჰაერი, ცეცხლი და მიწა) ან ატომები უფრო ფაქიზი იყო, ვიდრე სხეულის შემთხვევაში. მხოლოდ ეს იყო სულიერ და ფიზიკურ რეალობებს შორის არსებული განსხვავება. ასეთ კონტექსტში შეუძლებელი იყო ადამიანის სამყაროსაგან დამოუკიდებელ ავტონომიურ არსებად წარმოდგენა. ადამიანის, როგორც სამყაროსაგან დამოუკიდებლის, თავისუფალი არსების უარყოფამ ფეხი განსაკუთრებით მე–17, მე–18 საუკუნეების ევროპაში, კერძოდ, ფრანგ ეგრეთწოდებულ „ფილოსოფოსებში“, ანუ „ენციკლოპედისტებში“ მოიკიდა. ფრანგული განმანათლებლობის ცნობილ წარმომადგენლებს – დიდროს, დალამბერს, ჰოლბახს, ჰელვეციუსს etc, საერთოდ არ სწამდათ სულის არსებობა. მათი აზრით, ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა მენტალური და ფსიქიური მოვლენა გარკვეული მექანიკური პროცესების შედეგი იყო და მეტი არაფერი (იმ ეპოქაში ადამიანს რთულ მექანიკურ არსებად აღიქვამდნენ, ვიდრე ბიოლოგიურ ორგანიზმად, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით). უნდა აღინიშნოს, რომ ყველა განმანათლებელი ფილოსოფოსი ასე არ ფიქრობდა. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ დიდი გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტიც გამოდგება, რომელმაც სპეციალური შრომაც კი დაწერა განმანათლებლობის არსის შესახებ. კანტი სამყაროს ორ ნაწილად ყოფს, ერთია ეგრეთწოდებული „ფენომენალური“ ანუ გამოვლენილი სამყარო. ეს სამყარო ფენომენოლოგიურია, რადგან ის ჩვენს გრძნობად აღქმებში, ანუ გამოცდილებაში მოიცემა. ადამიანის გონება ფენომენალურ სამყაროში ყველგან მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს ხედავს, აქ ყველაფერი აუცილებელ კანონებს ექვემდებარება. კანტის აზრით, არსებობს „ნოუმენალური“ სამყაროც, რომელიც გამოცდილებაში არ მოიცემა, ეს სამყარო მიუწვდომელია ჩვენი გრძნობათა ორგანოებისთვის, ის ღმერთის და თავისუფლების საუფლოა. ადამიანი ერთდროულად ორივე სამყაროს განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, კანტი წმინდა მამათა მსგავსად ამტკიცებს, რომ ადამიანი ჩვენს გარემომცველ სამყაროზე მაღლა დგას, რადგან მის „გარეთაც“ მყოფობს. ფილოსოფოსთაგან ზუსტად კანტი იყო, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ადამიანის ავტონომიურობას, მის მორალურ დამოუკიდებლობას სამყაროსაგან. ამ საკითხს ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით.
წარსული თუ თანამედროვე ფილოსოფოსების აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეხება ადამიანის ადგილს სამყაროში და მათ შორის არსებულ ურთიერთმიმართებას. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ადამიანი ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა. ამ თვალთახედვით, ფილოსოფოსები შეიძლება სამ კატეგორიად, სამ მიმართულებად დაიყოს. თითოეულ კატეგორიაში სამ–სამ ფილოსოფოსს ავირჩევთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თავიანთი მიმართულების არსს და ამავე დროს, ისე ავსებენ ერთმანეთის ნააზრევს, რომ თითოეულ კატეგორიაზე სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნიან.
პირველ მიმართულებას ათეისტი ფილოსოფოსების კატეგორია ქმნის. ისინი არამარტო ღმერთის, არამედ არამატერიალური სულის არსებობასაც უარყოფენ. ჩვენი აზრით, ასეთი ფილოსოფოსების წარმოდგენა ადამიანზე ყველაზე დეფექტური და ნაკლულევანია. ეს შემთხვევითი არაა, მონოთეისტურ რელიგიებსა და რელიგიურ–ფილოსოფიურ სისტემებში ღმერთი მორალური ან მეტაფიზიკური (ან ორივე ერთად) თვალსაზრისით, სრულყოფილი არსებაა, რომლის მიბაძვისა ან რომელთანაც საბოლოო გაერთიანებისთვისაა მოწოდებული ადამიანი . რაც უფრო ამაღლებულია ღმერთის ცნება მეტაფიზიკური და მორალური თვალსაზრისით, მით უფრო ამაღლებულია პერსპექტივა, რომლისგანაც ადამიანი თავის თავს უყურებს. როდესაც ღმერთის რწმენა არ არსებობს, გარემომცველი სამყარო ერთადერთი სარკეა, რომელშიც ადამიანი თავის თავს აირეკლავს. ამ დროს ადამიანი მასში ჩაბუდებული ყველაზე მდაბალი ირაციონალური იმპულსების გამოვლინებად ან მის გარეშე მოქმედი მატერიალური კანონების პროდუქტად გვევლინება. ამ მოსაზრების საუკეთესო ილუსტრაციას სამი თანამედროვე ფილოსოფოსი – ნიცშე, ფროიდი და მარქსი იძლევა. ეს სამი ფილოსოფოსი მრავალი ასპექტითაა მნიშვნელოვანი. მე–20 და 21–ე საუკუნის ბევრი გავლენიანი მოაზროვნე (ფუკო, ალთუსერი, ონფრეი etc.) აღიარებს, რომ ამ სამმა მოაზროვნემ ყველაზე დიდი დაღი დაასვა თანამედროვე საზოგადოების კულტურასა და მსოფლმხედველობას. სამივე მოაზროვნე ეგრეთწოდებული „ეჭვის ფილოსოფიის“ (Philosophy of Suspition) წარმომადგენლად მიიჩნევიან. ამ უკანასკნელის თანახმად, არასოდეს არ უნდა ენდო ადამიანს, როდესაც ის საკუთარ თავზე, საკუთარ არსზე საუბრობს, რადგან ამ დროს უნებლიედ თავს იჩენს ჩვენგან დამოუკიდებელი გარეშე ფაქტორები, რომლებსაც უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჩამოყალიბებასა და არსზე, ვიდრე თავად ცნობიერებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდი ინტუიცია არაა საჭირო, რათა ადრე ნახსენები სამი ფილოსოფოსის „მთავარ სათქმელს“ ჩავხვდეთ. სამივე ერთნაირად ამტკიცებს, რომ მათზე ადრე ვერავინ შეძლო ადეკვატურად ესაუბრა ადამიანის შესახებ და რომ მათ აღმოაჩინეს ძალები და გარემოებები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავენ ჩვენს რაობას.
შეიძლება ითქვას, რომ ნიცშე, ფროიდი და მარქსი მართლაც საუბრობენ ძალებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ცოდვით დაცემული, ღვთისაგან დაშორებული ადამიანის ცნობიერებას, გრძნობებსა და საერთოდ ცხოვრებას. ქრისტიანული ასკეტური ლიტერატურის თანახმად, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანურ ბუნებაზე სამი ფუნდამენტური ვნება ბატონობს. ესენია: სიამაყე, რომელიც სხვებზე ბატონობის, სხვაზე აღმატების სურვილში გამოიხატება; სიხარბე ანუ მომხვეჭელობისადმი დაუსრულებელი სწრაფვა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა, რომელიც ყველაზე ხშირად სექსსა და ჭამაში პოულობს დაკმაყოფილებას. ეს სამი ფილოსოფოსიც ამ სამ ვნებათაგან ერთ–ერთთან აიგივებს ადამიანს. ნიცშე ამბობს, რომ ადამიანის განმსაზღვრელი ერთადერთი ძალა სხვაზე ბატონობისაკენ სწრაფვაა; ფროიდი აცხადებს, რომ მთელი კულტურა, თვით რელიგიაც ადამიანის სექსუალური ენერგიის ანუ ლიბიდოს სუბლიმაციაა და მეტი არაფერი (სიტყვა „სუბლიმაცია“ ლათინური წარმოშობისაა და ამაღლებას, გაკეთილშობილებას ნიშნავს). ფროიდის წარმოუდგენით, ადამიანში არსებული ენერგია მხოლოდ სექსუალური ხასიათისაა და ის თავისუფალ გამოხატულებას ითხოვს. საზოგადოება ამის საშუალებს არავის აძლევს. თუ ადამიანმა მოახერხა, ეს ენერგია ხელოვნებაში, რელიგიაში, კულტურასა და საერთოდ საზოგადებისთვის მისაღებ ფორმებში გამოხატა, ძალიან კარგი, თუ არადა იგი ნევროზების, ფსიქოზების, ზოგადად ფსიქო–მენტალური აშლილობების მსხვერპლი ხდება. მარქსი ძალიან ჰგავს ფროიდს. იგი უარყოფს ღმერთისა და იდეალური სამყაროს არსებობას; ასწავლის, რომ ადამიანის ცნობიერება, მეტაფიზიკური პრინციპები, კაცობრიობის მთელი კულტურული, პოლიტიკური და ცივილიზაციური ისტორია „ზედნაშენი“ ანუ მეორადია თავისი ბუნებით; თურმე ყველაფრის რეალური საფუძვლები პირწმინდად ეკონომიური კანონზომიერებები და ადამიანების ცხოვრებაში მრავალგვარად გამოვლენილი ვნება – მატერიალური დოვლათის დაგროვებისაკენ სწრაფვაა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წმინდა მამები ვნებებს არაკონტროლირებად, ძლიერ სურვილებს უწოდებენ. ყოველ ადამიანს თითქოს დაბადებიდან დაჰყვება გარკვეული „ხასიათი“ ანუ ძალაუფლების ან ნივთების ფლობის სიყვარული, ან კიდევ რომელიმე კონკრეტული სიამოვნებისაკენ განსაკუთრებით გამოხატული მისწრაფება. ეს მიდრეკილებები ჩვენში გამუდმებით ბადებს ძლიერ სურვილებს. ამას ემატება ცხოვრების მანძილზე შეძენილი ძლიერი, ჩვევად ქცეული სხვა სურვილებიც. როდესაც ადამიანი წინააღმდეგობას აღარ უწევს ამ სურვილებს და უკანმოუხედავად მიჰყვება მათ, ისინი ჩვენზე გაბატონებულ, უკონტროლებელ ვნებებად იქცევიან და მთლიანად განსაზღვრავენ, წარუშლელ დაღს ასვამენ ჩვენს ცხოვრებას. ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების, ქრისტიანული ასკეზის მიზანი ამ ვნებების წინააღმდეგ ბრძოლა, მათი დაძლევა, შესუსტება და აღმოფხვრაა. როდესაც ადამიანი მოკლებულია ჭეშმარიტ სულიერ ცნობიერებას, ის არათუ ებრძვის ამ ვნებებს, არამედ საკუთარ თავს აიგივებს მათთან. ზუსტად ასე დაემართა ზემოხსენებულ სამ ფილოსოფოსს. თითოეული მათგანი იმ ვნებასთან აიგივებს საკუთარ თავს, ადამიანის არსს და კაცობრიული ისტორიის განმსაზღვრელ, მამოძრავებელ ძალას, რომელსაც ყველაზე ძლიერს პოულობს საკუთარ თავში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიცშესთვის ეს იყო ძალაუფლება ანუ სიამაყე, ფროიდისთვის – სექსი და მარქსისთვის – სიმდიდრისაკენ სწრაფვა ანუ სიხარბე. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც კოჭლი დაიბადა და მთელი ცხოვრების მანძილზე კოჭლების მეტი არავინ უნახავს, იგი ადვილად დაიჯერებს, რომ კოჭლობა ნორმალური მდგომარეობაა და ყველა ადამიანი ასეთი იყო და ასეთი უნდა იყოს ყოველთვის. მართლაც, ნიცშე აცხადებს, რომ ის, ვინც სხვაზე ძალაუფლების მოპოვების „ბუნებრივ“ სწრაფვას აკრიტიკებს, დეგრადირებული, სუსტი და თვალთმაქცია და მონური, ანუ ქრისტიანული მორალის გამოგონებით ცდილობს, ჯანსაღ ძლიერ ადამიანებზე გაბატონდეს; მარქსი ასწავლის, რომ პროლეტარიატი ყველაფერზე უნდა წავიდეს, არ უნდა მოერიდოს რევოლუციების მიერ დაღვრილ სისხლს, რათა დიქტატორული ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში და წარმოების საშუალებებს დაეუფლოს. ის, ვინც პროლეტარიატის ამ „ბუნებრივ“, „კანონზომიერ“ ძალადობას არ თანაუგრძნობს, დამარცხებისთვის განწირული „კლასობრივი მტერია“. ფროიდს კი ნორმალურად, თანდაყოლილ, უნივერსალურ კანონზომიერებად მიაჩნია ბიჭის სექსუალური ლტოლვა დედისაკენ, გოგოსი კი – მამისაკენ; თურმე დედისაკენ მიმართულმა ეროტიულმა ლტოლვამ და მამის, როგორც სექსუალური კონკურენტის, მოკვდინების დაფარულმა სურვილმა წარმოშვა და განსაზღვრა რელიგიების, კულტურების, ცივილიზაციების მრავალფეროვნება და სიმდიდრე. როგორც ადრე უკვე აღვნიშნეთ, ღმერთი ის სარკეა, რომელშიც ადამიანი თავის ყველაზე ამაღლებულ, საუკეთესო ნაწილს აირეკლავს. ამიტომ ის, ვინც ღმერთის არსებობას უარყოფს, სინამდვილეში უარყოფს ყოველივეს, რაც ადამიანში არაცხოველური წარმოშობისაა, რაც იდეალურია, რაც, ქრისტიანული თვალსაზრისით, სპეციფიკურად ადამიანურია. მართლაც, ნიცშე უარყოფს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ანუ სინდისის ხმის აუცილებლობას, იმას, რაც ჭეშმარიტი მორალის არსებობის აუცილებელი პირობაა; მარქსს შეუძლებლად მიაჩნია საზოგადოების მაღალ და დაბალ, მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის სოლიდარული, არამტრული დამოკიდებულება. იგი მხოლოდ კლასობრივ იდენტობას ხედავს და უარყოფს ნაციონალურს, ეროვნულს, ეთნიკურს, რელიგიურს და ასე შემდეგ. ფროიდი შეგნებულად ცდილობდა, მაქსიმალურად მიეჩქმალა განსხვავება ადამიანებსა და ცხოველებს შორის. იგი სიამაყით და ადამიანებისადმი მისთვის დამახასიათებელი ცინიკური და ზიზღნარევი დამოკიდებულებით აცხადებს, რომ სამმა ეპოქალურმა მოაზროვნემ განუკურნებელი ჭრილობა მიაყენა ადამიანის განსაკუთრებულობის პრეტენზიას . ამ სამ მოაზროვნეში ფროიდი საკუთარ თავს, კოპერნიკსა და დარვინს გულისხმობს. მისი აზრით, კოპერნიკამდე ყველა ფიქრობდა, რომ ადამიანის, როგორც შესაქმის გვირგვინის, სახლი ანუ დედამიწა სამყაროს ცენტრში იყო მოთავსებული და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ ამ დიდმა ასტრონომმა ბოლო მოუღო ამ ცრურწმენას. ამის შემდეგ დარვინმა აჩვენა, რომ ადამიანში არაფერია ღვთაებრივი, რომ მისი წინაპარი მაიმუნია და შემთხვევითი ევოლუციის წყალობით ჩამოყალიბდა ამ უკანასკნელისაგან. ბოლოს თავად ფროიდმა საბოლოო მახვილი ჩასცა ადამიანის სიამაყის უმთავრეს საგანს – გონებას, აღმოაჩინა რა, რომ ეს უკანასკნელი ჩვენი ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს განაგებს, მისი უდიდესი ნაწილი კი, ცხოველების მსგავსად, ირაციონალური, სექსუალური იმპულსებით იმართება. ფროიდმა მართლაც უკიდურესად დასცა ადამიანური ღირსება. ამის გასაცნობიერებლად კარგი იქნება თუ მის მოძღვრებას სხვა მანამდე არსებულ შეხედულებებს შევადარებთ. მაგალითად, ქრისტიანობა ასწავლის, რომ ადამიანის დანიშნულება საკუთარ თავზე ამაღლება, ღმერთთან უსასრულო მიახლოება და მიმსგავსებაა; პლატონი და არისტოტელე ფიქრობდნენ, რომ ადამიანს გონების გამოყენებით ბედნიერი, სრულყოფილი, ღირსეული ცხოვრების მიღწევა შეუძლია; ფროიდი კი შთაგვაგონებს, რომ ადამიანი ფაქტიურად იმავე ირაციონალური იმპულსების მიხედვით ცხოვრობს, რითაც ცხოველი და როდესაც ყველაფრის გონების კონტროლზე დაქვემდებარებას ცდილობს, ფსიქიურ ტრამვებს ვერ ასცდება.
ამ სამი ფილოსოფოსის ნააზრევი სხვა ასპექტითაც არის საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ღმერთის არსებობას უარყოფდა, ამ ფონზე, მათ შეგნებულად თუ უნებლიეთ, თავად დაარსეს ახალი, სეკულარული ანუ უღმერთო რელიგია. აქ იმის თქმა გვსურს, რომ ეს ფილოსოფოსები თავიანთ ნააზრევში ღმერთის ადგილზე აყენებენ ქმნილ რეალობას. მათ მოძღვრებებში, მოლოდინებში, რეკომენდაციებსა და პრეტენზიებში მეტნაკლები სიცხადით იკვეთება რელიგიური რწმენის, დოქტრინის და კულტის გარეგნული ნიშნები. ეს ზოგადად სულიერი ცხოვრების კანონია, იქ, სადაც ჭეშმარიტ ღმერთს უარყოფენ, მის ადგილს ცრუ ღმერთები ანუ კერპები იკავებს. ზუსტად ასეთ გაწარმართების პროცესს ვხედავთ ამ ფილოსოფოსებთანაც.
დავიწყოთ მარქსიზმით, კერძოდ, მისი თვალში საცემი, შეიძლება ითქვას, გამაოგნებელი გარეგნული მსგავსებით ძველი და ახალი აღთქმის რელიგიასთან. მარქსიზმსა და ბოლშევიზმში ვხედავთ მესიას (პროლეტარიატი), ცათა სასუფეველს (კომუნიზმი), პირველყოფილ ედემს (პირველყოფილი თემური წყობილება), ცოდვით დაცემას (კერძო საკუთრების გაჩენა), სატანას (განსხვავება ნივთის ღირებულებასა და ფასს შორის), ფარაონს და ეგვიპტის ტყვეობას (იმპერიალიზმი და კაპიტალიზმი), მოსეს (თავად მარქსი), ეკლესიას (კომუნისტური პარტია), საეკლესიო კრებებს (კომუნისტური პარტიის ყრილობები), საკუთარ დოგმატიკას, ერესიარქებს, მოწამეებს etc. ნიკოლოზ ბერდიაევის თქმით, მარქსმა იუდაიზმის ეთნო–რელიგიური მესიანიზმი პროლეტარიატის პოლიტიკურ და ეკონომიურ მესიანიზმად გადააქცია . მარქსმა უარყო რელიგია, მაგრამ ადამიანში ჩადებული რელიგიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად მის ადეპტებს რწმენის სუროგატი შეაჩეჩა. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რევოლუციები, მიტინგები, სადაც მონაწილეებს არისტოტელეს, დეკარტის, კანტის etc. სურათები და მათი ნაწერებით მიხედვით შედგენილი პლაკატები მოაქვთ? მაგრამ ამას აკეთებდნენ და აკეთებენ მარქსის შემთხვევაში, აქედანაც კარგად ჩანს, რომ მარქსიზმი არ არის მხოლოდ ფილოსოფიური მოძღვრება, ის რელიგიურ და იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს, აქ მიწაზევე ჰპირდება ადამიანებს უღმერთო სამოთხეს.
მარქსიზმის, როგორც რელიგიის სუროგატის, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება მისი დოგმატიზმია და რაკი ეს უკანასკნელი რელიგიური წარმომავლობის არაა, შეუძლებელია პათოლოგიად არ ჩაითვალოს. ქრისტიანულ და მარქსისტულ დოგმატიზმს შორის პარალელიზმის გავლება არ შეიძლება. მართლმადიდებელი ეკლესია დოგმებად აცხადებს მხოლოდ და მხოლოდ გამოცხადებით ჭეშმარიტებებს, ანუ ისეთს, რომელთა დამოუკიდებლად აღმოჩენა ადამიანის გონებას არ ძალუძს. ასეთი დოგმები ბევრი არაა, რადგან ისინი არსებითად მხოლოდ ტრიადოლოგიურ (სამებასთან დაკავშირებული სწავლება) და ქრისტოლოგიურ ჭეშმარიტებებს ეხება. ქრისტიანული დოგმატები იმდენად მცირერიცხოვანია, რომ ისინი მრწამსის მოკლე ტექსტში შეიძლება ჩაეტიოს . ქრისტიანული დოგმატები ადამიანის გონების თავისუფლებას არ ზღუდავს, რადგან ის მხოლოდ იმ სფეროს ეხება, რომელიც ადამიანის გონების კომპეტენციის გარეთ გადის, არც ერთი მათგანი არ იჭრება რომელიმე კერძო მეცნიერების სფეროში. აბსოლუტურად სხვაგვარადაა საქმე მარქსიზმის შემთხვევაში, რადგან ის დოგმებად ანუ უცვალებელ ჭეშმარიტებებად კერძო ადამიანების შეხედულებებს აცხადებს, რომელიც მეცნიერულ და ფილოსოფიურ კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდეს.
ნიცშეს, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათად იქცა მისი ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური ფრაზა: „ღმერთი მოკვდა“. იგი თვლიდა, რომ თავის თანამედროვე ნიჰილისტურ საზოგადოებაში შეუძლებელი იყო ქრისტიანული ღმერთის რწმენა და ქრისტიანობის მიერ დანერგილი ღირებულებებით ცხოვრება, ამიტომაც -ამბობს იგი – ღმერთი თანამედროვე ადამიანებმა მოკლეს. ნიცშემ თავისი ფილოსოფიით მიზნად დაისახა, მართლაც რელიგიური მისია – არსებულ ღირებულებათა გადაფასება . ნიცშემ მოინდომა გამოესწორებინა ის, რაც, მისი აზრით, ქრისტიანობამ გააფუჭა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ნიცშე თვლის, რომ ადამიანის არსი ძალაუფლებისკენ სწრაფვაშია. ეს ნება ზოგში ჯანსაღად ვითარდება, ზოგში კი – დეგრადირდება. მისი აზრის საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოვიდგინოთ ძლევამოსილი, წარმატებული, პატრიციული წარმომავლობის რომაელი გენერალი, რომელიც მძიმე სამუშაოთი დაკავებულ მონას უყურებს. ნიცშეს წარმოდგენით, ამ გენერალს ბუნებრივად გაუჩნდება აზრი: „მე ვარ ძლიერი, კეთილშობილი, კურთხეული, კარგი, ეს მონა კი მდაბალი, უბედური, დაქვემდებარებული და ცუდია. ნიცშე აცხადებს, რომ სანამ ძველი ებრაელები და ქრისტიანები აურევდნენ ადამიანებს გონებას, ყველა ასე უყურებდა სამყაროს (მისი აზრით, ამ შეხედულებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ენაში სოციალური წარმომავლობის აღმნიშვნელი ტერმინები: „კეთილშობილი“ და „მდაბალი“, „კარგის“ და „ცუდის“ სინონიმებია. ასევე ძველ ბერძნულ ტრაგედიებიც ყველაფერს ბედისწერა განაგებს, რომელიც ხშირად აბსოლუტურად აუხსნელია. იქ არავინ სვამს კითხვას – კეთილია თუ ბოროტი ბედისწერა, პერიპეტიები „უბრალოდ“ ხდება). ადამიანების, მათი ქმედებების შესაფასებლად ადრე არსებობდა მხოლოდ ორი სიტყვა: „კარგი“ და „ცუდი“ და არა – „კეთილი“ და „ბოროტი“. „კარგი“ იყო კეთილშობილური წარმომავლობის, ძლიერი ადამიანი, რომელიც დაუფარავად ცდილობდა სხვაზე გაბატონებას, პატივს სცემდა ღირსებას, ეძიებდა ღირსეულ, სახელოვან მტრებს, რათა მათში უკეთესად არეკლილიყო მისი ძალა, ამბიციები და შეუდრეკელობა. ასეთი ადამიანი არ ერიდება, ტკივილი მიაყენოს სხვას და საკუთარ თავსაც, რათა დიდი საქმეები აღასრულოს. „კარგმა“ ადამიანმა იცის, რომ რაც უფრო ძლიერია მისი მტერი, მით უფრო სახელოვანი და გამაძლიერებელია მასზე გამარჯვება, ამიტომ ის გამარჯვების მისაღწევად არაფრის გამო არ იხევს უკან.
ახლა ვნახოთ, ნიცშეს მიხდევით, როგორ იქცევა სუსტი, დაჩაგრული ადამიანი. მასში, ისევე როგორც ყველაში, სხვაზე გაბატონების ნება მოქმედებს. მაგრამ რაკი საკუთარი ძალებით არ შეუძლია ამ სურვილის აღსრულება, მის გულში ბოღმა ივანებს. ნიცშე აცხადებს, რომ თურმე ამ გულღრძო მონას სურს, ვერაგულად გადაუხადოს სამაგიერო ძლიერ ადამიანს, რომელიც მასზე ბატონობს და მხოლოდ ამიტომ იგონებს სიტყვებს: „სიკეთე“ და „ბოროტება“. ამის შემდეგ მონა ამბობს: „ჩემი ბატონი არის „ბოროტი“, რადგან შეუბრალებელი, ამაყი, ეგოისტი და მჩაგვრელია. მე კი „კეთილი“ ვარ, რადგან სხვა ჩაგრულებს თანავუგრძნობ, ვეძიებ მათთან სოლიდარობას, არ მიყვარს უსამართლობა, მოთმინებით და თავმდაბლობით ვიტან ჩემს მძიმე მდგომარეობას“. ნიცშე „მონური მორალის“ გავრცელებას საყოველთაო დეგრადაციის ფაქტორად მიიჩნევს, რადგან ეს, მისი აზრით, ასუსტებს ძლიერს და სუსტს კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაში აგდებს. დეგრადაციის უმთავრესს მექანიზმს ნიცშე „მონური მორალის“ მატარებელთათვის დამახასიათებელ ზნეობრივ თვითკრიტიკასა და საკუთარი თავის დადანაშაულებაში ხედავს. ნიცშე თვითონ დეტერმინისტი იყო; ფიქრობდა, რომ სამყაროში ყველაფერი აუცილებლობით ხდებოდა, ყველაფერი წინასწარ იყო განპირობებული, ამიტომ გაუმართლებლად მიაჩნდა ვინმეს რაიმეში დადანაშაულება. ნიცშე ამბობდა, რომ მისთვის გასაგები იყო, თუ ვინმე სხვას რაიმეში ადანაშაულებდა, რადგან ამ საბაბით მასზე გაბატონებას ცდილობდა, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი იყო საკუთარი თავის დადანაშაულება. ამაში იგი მხოლოდ ადამიანის დეგრადაციის ნიშანს ხედავდა. მისი აზრით, მორალური თვითკრიტიკის „ბაცილა“ კაცობრიობის ისტორიაში იუდეველმა ღვთისმსახურებმა შემოიტანეს; ისინი ებრაელებს გამუდმებით ასწავლიდნენ, რომ ღვთის რჩეული, ყველაზე აღმატებული ხალხი იყო და რომ ღმერთს მათთვის განსაკუთრებული ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა გამიზნული. ყველა ებრაელი ხედავდა, რომ ყოველდღიური რეალობა ბევრად ჩამორჩებოდა აღთქმულს, რადგან სხვა, უფრო განვითარებული, ძლიერი მეზობლები განუწყვეტლივ ავიწროებდნენ და იმონებდნენ ებრაელებს. აღთქმულსა და რეალურს შორის განსხვავების ასახსნელად სამღვდელოებამ და ერმა საკუთარი თავის დადანაშაულება დაიწყეს ღვთის წინაშე, მათი აზრით, ღმერთი ცოდვების გამო არ უსრულებდა ებრაელ ხალხს დანაპირებს. ნიცშე „მონური მორალის ყველაზე ნათელ, ყველაზე მავნებლურ გამოვლინებად ქრისტიანობას მიიჩნევდა. ის წერდა, რომ ქრისტიანობამ დიდებული, ამაყი რომაელები საზიზღარ გერმანელ ბიურგერებად გადააქცია. ნიცშე წერს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ორი „ნარკოტიკი“ ყველაზე მეტად ასუსტებდა ადამიანებს, ეს იყო ალკოჰოლი და ქრისტიანობა. წარუმატებელი სუსტი ადამიანები ალკოჰოლში ახშობდნენ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, ქრისტიანული რელიგია კი ღარიბებს ეუბნებოდა, რომ სიმდიდრის სიყვარული ცოდვაა, წარუმატებლებს ჩასჩიჩინებდა არაამსოფლიურობას, სუსტებს და დაჩაგრულებს – ყველაფრის თვინიერებითა და მადლიერებით გადატანას და ა. შ. ნიცშემ ზუსტად ქრისტიანობის მიერ დანერგილი „მონური მორალის“ შეცვლა მოინდომა. მისი სურვილი იყო აქლემს დამსგავსებული ადამიანი (მორალური პასუხისმგებლობების, ზნეობრივი კანონების ტვირთით დამძიმებული) ჯერ ამბიციურ, ამპარტავან ლომის მსგავს არსებად ექცია, შემდეგ კი ბავშვივით სიკეთისა და ბოროტების არ მცოდნე, სამყაროთი მოთამაშე ზეადამიანად. ნიცშე უარყოფდა რელიგიას, მაგრამ საკუთარ თავს ზუსტად რელიგიური მისია – ახალი ადამიანის ჩამოყალიბება, ღირებულებათა რადიკალური გადაფასება – დააკისრა.
ფროიდის შემთხვევაშიც ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. პირველი, იგი უარყოფს რელიგიას და მეორე, რელიგიის უარყოფის ფონზე, მის მიერ შექმნილ ფსიქოანალიზს, რელიგიური საიდუმლოებებისადმი ნიშანდობლივ ძალას და ფუნქციას ანიჭებს. ფროიდს წინასწარმეტყველების, შამანების, მაგების და სხვადასხვა რჯულის ოკულტისტების მსგავსად, პრეტენზია ჰქონდა, რომ მხოლოდ სიტყვის ძალის გამოყენებით შეეძლო განეკურნა უმძიმესი ფსიქიური აშლილობები. ახლა უფრო დაწვრილებით შევეხოთ ფროიდის ნააზრევის ამ ორ ასპექტს. იგი აცხადებს, რომ რელიგია სხვა არაფერია თუ არა უნივერსალური, ობსესიური ნევროზის გამოვლინება. ამ გამოვლენის მექანიზმზე ჩვენ უკვე მოკლედ ვისაუბრეთ: ყველა ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სექსუალური ლტოლვა მოწინააღმდეგე სქესის მქონე მშობლისადმი, მეორე მშობელს კი კონკურენტად აღიქვამს და მისი სიკვდილი სურს. ფროიდის მიხედვით, შვილმა, რომელმაც მამა მოკლა, რათა საკუთარ დედასთან დასაწოლად ხელის შემშლელი არ ჰყოლოდა, გვიანდელი სინდისის ქენჯნის გამო გააღმერთა მოკლული მამა. ფროიდი ყველა რელიგიის საფუძველს მხოლოდ ამ ინცესტური ოჯახის სიმბოლურ ისტორიაში ხედავს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ფროიდს არ სწამს რეალური ღმერთის არსებობა. სამაგიეროდ მტკიცედ სწამს, რომ საკუთარი დედისაკენ ეროტიული ლტოლვა უნივერსალური ფენომენია. იგი ამ ორ ინცესტურ და პერიციდულ (მამისმკვლელ) მისწრაფებებს ეგრეთწოდებულ id–ში ათავსებს. ფროიდის აზრით, ადამიანის მენტალური და ფსიქიური ცხოვრება სამი სფეროსაგან შედგება. პირველია უკვე ნახსენები id. ეს ადამიანის ენერგეტიკული, გონების კონტროლს დაუქვემდებარებელი, ირაციონალური ნაწილია. აქ წარმოიშობა გაუცნობიერებელი მისწრაფებები, სურვილები, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებითად ეროტიული ხასიათისაა. id–ის შემდეგ, ასე ვთქვათ, „მენეჯერის“ საფეხური მოდის. ეს გონება ანუ ჩვენი ცნობიერების ცენტრი ego–ა. ego–ს ფუნქციაა განსაზღვროს სად, როდის და როგორ შეიძლება ცალკეული სურვილის განხორციელება. ცხადია, ის ხშირად იძულებულია, უარი თქვას რომელიმე სურვილის აღსრულებაზე. ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენი სექსუალური სურვილების შეუფერხებელ დაკმაყოფილებას არც ერთი საზოგადოება არ დაუშვებს. ამის გამო ფროიდი ego–ს არსებითად id–ის შემავიწროებელ, მოწინააღმდეგე ძალად აღიქვამს. ამ საწინააღმდეგო ძალათა კონფლიქტს, ანუ დაუკმაყოფილებელ სურვილებს გარკვეული პრობლემები მოაქვს. საქმეს უფრო მეტად ართულებს კიდევ ერთი ინსტანცია, რომელსაც ფროიდი superego–ს უწოდებს. superego უფრო სინდისის ხმაა. ის ბავშვობაში ყალიბდება, მის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი მშობლიურ აკრძალვებს ეკუთვნის. ego–სა და superego–ს შორის სხვაობა ისაა, რომ ego პრაქტიკული მოსაზრებებით და საზოგადოებაში მიღებული წესებით ხელმძღვანელობს, superego კი ბავშვობის დროს ჩამოყალიბებული ზნეობრივი პრინციპებით. ego–ს და superego–ს კონტროლი მძიმე ტვირთად აწვება id–ს, რაც მენტალურ და ფსიქიურ აშლილობებს იწვევს. ეს აშლილობები მჟღავნდება აკვიატებულ აზრებში, ფროიდისტულ პარაპრაქსებში, ანუ წაცდენებსა და სიზმრების სიმბოლურ შინაარსში. სიზმრების ინტერპრეტაციის საყოველთაოდ დადგენილი, მით უმეტეს, მეცნიერული მეთოდი არ არსებობს. თავად ფროიდი პაციენტების სიზმრების ახსნისას საკუთარ ინტუიციას, ლიტერატურულ სახეებს, მითოლოგიას და სხვა რელიგიურ სიმბოლოებს იყენებდა. არაერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდი საკუთარი თეორიის ჭეშმარიტების დასაბუთებისას უფრო მის ლიტერატურულ და ფილოსოფიურ ერუდიციას ეყრდნობა, ვიდრე წმინდად მეცნიერულ ფაქტებს. მაგალითად, იგი ფიქრობდა, რომ მისი თეორიის სისწორე ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც დასტურდება. თურმე ძველმა ბერძნებმა გაუცნობიერებლად, სიმბოლური მითოლოგიური ენით გადმოსცეს მისი მოძღვრების მთავარი ასპექტები. აქ იგი მეფე ოიდიპოსის მითს გულისხმობს. ამ მითის მიხედვით, ოიდიპოსის დაბადებისას წინასწარმეტყველმა განაცხადა, რომ ის საკუთარ მამას მოკლავდა და დედას შეირთავდა ცოლად. ამის გამგონე მშობლებმა მისი მოკვლა განიზრახეს, თუმცა იგი ცოცხალი გადარჩა და ახალი მშობლებიც შეიძინა. როდესაც მოზრდილობისას, თავის შესახებ არსებული წინასწარმეტყველება შეიტყო, სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა, რათა ნაწინასწარმეტყველები საშინელება თავიდან აეცილებინა. ზუსტად ამ გონიერი გადაწყვეტილების დროს ის შემთხვევით გადაეყრება ნამდვილ მამას, კონფლიქტის მიზეზით მოკლავს მას და მერე საკუთარ დედას შეირთავს ცოლად (ცხადია, მან ამ დროს არ იცოდა ნამდვილი მშობლების ვინაობა). სანამ ოიდიპოსი საკუთარ დედას შეირთავს, სფინქსის ამოცანას გამოიცნობს, რომლის გამოცნობა მანამდე ვერავინ შეძლო. ამ გამოცანის პასუხი სიტყვა „ადამიანია“. როდესაც საბოლოოდ ოიდიპოსი გაიგებს, უნებლიედ რა საშინელება ჩაიდინა, საკუთარი თავის დასჯის მიზნით თვალებს დაიბრმავებს და ქვეყანაზე ხეტიალს იწყებს. ფროიდი თვლის, რომ ეს მითი მისი თეორიის ღრმა სიმბოლოა. ოიდიპოსს ამ ქვეყანაზე გაჩენისთანავე დაებედა საკუთარი მამის მოკვდინება და დედის ცოლად შერთვა. ფროიდის აზრით, ეს ჩვენში ჩაბუდებულ ინცესტურ და პერიციდულ მისწრაფებებს განასახიერებს. ოიდიპოსი ზუსტად მაშინ ჩაიდენს ამ საშინელ ცოდვას, როცა გონებით გადაწყვეტს ამ საშინელი პერსპექტივის თავიდან აცილებას. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ირაციონალური იმპულსები გონების კონტროლს და მათ რეგულაციას არ ექვემდებარება. სფინქსის ამოცანა, რომლის ამოცნობა ადამიანის სიღრმისეულ ცოდნის სიმბოლოა, ვერავინ შეძლო ოიდიპოსის გარდა, რომელმაც არ იცის საკუთარი სახელი, არ იცის, ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები, სად დაიბადა და ა. შ. ოიდიპოს არ შეუძლია განსაზღვროს თავისი იდენტობა, ანუ იგი ადამიანის ქვეცნობიერი ნაწილის სიმბოლოა. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, სად დაიბადნენ, იციან მშობლების ვინაობა და საკუთარი სახელი, საკუთარი იდენტობის დამაფიქსირებელ რაციონალურ გონებას განასახიერებენ. მათ არ შეუძლიათ სფინქსის ამოცანის ამოხსნა. ეს კიდევ ერთხელ სიმბოლურად მიუთითებს, რომ ადამიანის არსს განსაზღვრავს მისი ირაციონალური ნაწილი და არა რაციონალური გონება. ფროიდს სიზმრების სიმბოლური ენა დიაგნოზის დადგენაში ეხმარებოდა, თავად მკურნალობა პირწმინდად სიტყვიერ თერაპიას ეყრდნობოდა. ფროიდის ვერბალური სეანსების დროს დივანზე წამოწოლილი პაციენტი უმეტეს შემთხვევაში ბავშვობის დროინდელ მოგონებებს ყვებოდა, დივანის უკან მჯდომი ფროიდი უმეტესად დუმდა. ჩვენ მიერ უკვე ადრე ნახსენებ უაღრესად პოპულარულ წიგნში – „კერპის დაისი: ფროიდისტული მითი“ მიშელ ონფრეი თავად ფროიდის წერილებზე დაყრდნობით წერს, რომ მას ხშირად ეძინებოდა ამ სეანსებისას, თუმცა ძალიან მაღალ ჰონორარებს მაინც იღებდა, რადგან მიაჩნდა, რომ თვით მთვლემარე ფსიქოანალიტიკოსსაც დიდი სარგებელის მოტანა შეეძლო პაციენტისთვის. აქედან ჩანს, რომ მარქსისა და ნიცშესაგან განსხვავებით, ფროიდის მიერ შემოთავაზებული სუროგატული რელიგიური პრაქტიკა უფრო მშვიდობიან, შეიძლება ითქვას, კომიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე მეამბოხე ლუციფერიანულს.
ახლა გადავიდეთ ფილოსოფოსთა მეორე კატეგორიაზე, რათა გავეცნოთ, როგორია მთავარი პრინციპები, რომლებიც მათ შეხედულებებს განსაზღვრავენ სამყაროსა და ადამიანზე. ამ კატეგორიაშიც სამ ფილოსოფოსს ავირჩევთ. ესენია: პლატონი, არისტოტელე და პლოტინი.
სოკრატეს წინამორბედი ბერძენი ფილოსოფოსების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ადამიანის სული გარე სამყაროსავით ნივთიერი, თუმცა უხილავი რეალობა იყო. ასე არ ფიქრობდა თავად სოკრატე და მისი დიდებული მოწაფე პლატონი. პლატონი ასწავლის, რომ ადამიანის სული ღვთაებრივი წარმოშობისაა, ადრე ღმერთებთან ერთად ცხოვრობდა და იდეალური სამყაროს მშვენიერების ცქერით ტკბებოდა. იდეალური სამყარო პლატონის იდეების საუფლოა. ეს იდეები გონების პროდუქტებს არ წარმოადგენენ, როგორც ეს შეიძლება თანამედროვე ადამიანს ეგონოს. პლატონის „იდეა“ ეტიმოლოგიურად ბერძნული ზმნა eido–დან მომდინარეობს, რაც ქართულად ჭვრეტას, მზერას ნიშნავს. პლატონის იდეები ინტელიგიბელური რეალობებია, ანუ ისინი მხოლოდ გონების თვალით იხილვებიან და არა ხორციელით. პლატონის იდეები ჩვენს ხილულ სამყაროში არსებული რეალობების შეურყვნელი იდეალური არქეტიპებია. პლატონი ასწავლის, რომ ჩვენი ხილული სამყარო იდეალურის დამახინჯებული, სახეცვლილი ხატია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღმერთთან წილნაყარი ადამიანის სული ადრე ამ იდეალურ სამყაროში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ კატასტროფა მოხდა, სული დაეცა, ამ სამყაროში ჩამოვარდა და სხეული შეიმოსა. დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ამ მოძღვრების ქრისტიანობაში არამართებული გადმოტანა მოინდომა ორიგენემ. ის პლატონის მიბაძვით ასწავლიდა, რომ სულები (ეონები) მარადიულად არსებობდნენ ღმერთთან და მისი ჭვრეტით იყვნენ დაკავებულნი. შემდეგ ეს „მოსწყინდათ“, დაეცნენ და ღმერთს დაშორდნენ. ამ სულებიდან – იმისდა მიხედვით თუ რამდენად დაშორდნენ ღმერთს ამ დაცემისას – ერთნი ანგელოზებად გადაიქცნენ, მეორენი – ადამიანებად, მესამე ნაწილი კი – დემონებად. ორიგენეს ეს შეცდომა შეიძლება იმის გამოც მოუვიდა, რომ პლატონის მოძღვრება რაღაც აზრით ძალიან ჰგავს ქრისტიანულს. ქრისტიანობაშიც ადამი ჯერ სამოთხეში იყო, შემდეგ დაეცა, სამოთხიდან დედამიწაზე გამოაძევეს და ღმერთმა ნატიფი სულიერი სხეულის მაგივრად უხეში, მატერიალურით შემოსა. ამ გარეგნული მსგავსების მიუხედავად ქრისტიანობასა და პლატონიზმს შორის არაერთი ფუნდამენტალური სხვაობაა. მათგან მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავთ: პლატონის მიხედვით, სულმა მხოლოდ დაცემის გამო შეიმოსა სხეული და ეს უკანასკნელი პირველის საპყრობილეა. პლატონი იმასაც ფიქრობს, რომ ცოდვის, ბოროტების მიზეზი ადამიანში მისი სხეულია. ქრისტიანობა არც ერთ ამ დებულებას არ ეთანხმება. წმინდა წერილისეული სწავლებით, ღმერთმა ხილული სამყარო თავისი ნებით და კეთილად შექმნა. ეს ადამიანის დაცემამდე მოხდა. ადამიანს სხეული დაცემამდეც ჰქონდა და ამასთან ერთად, ფუნდამენტალურ დონეზე ადამიანის ცოდვის, მასში ჩაბუდებული ბოროტების სათავე სულიერი ვნებებია და არა მატერიალური სხეული. პლატონის ცნობილი ფრაზა – „სხეული სულის საპყრობილეა“, იმას ნიშნავს, რომ მატერიალური სხეულის გისოსებში მოქცეულ სულს აღარ შეუძლია, თავის „სახლში“ ანუ იდეათა სამყაროში იცხოვროს და მას ავიწყდება ყველაფერი, რასაც ღმერთის გვერდით ყოფნისას ხედავდა. პლატონის აზრით, ჭეშმარიტი ფილოსოფიის და ზოგადად ადამიანური ცხოვრების მთავარი მიზანი სხეულისაგან საბოლოო განთავისუფლებაა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანი (სული) მისთვის ადრე ნაცნობ ჭეშმარიტებებს გაიხსენებს (ანამნეზი). სანამ ადამიანი ამას არ მიაღწევს, გარდაცვალების შემდეგ მისი სული ერთი სატუსაღოდან მეორეში, ანუ ერთი სხეულიდან მეორეში გადავა. პლატონი და მისი მოძღვარი სოკრატე ფიქრობდნენ, რომ დავიწყებული იდეალური სამყაროსეული ჭეშმარიტებების გასახსენებლად აუცილებელია, შეეცადო პასუხი გასცე სწორად დასმულ ფილოსოფიურ კითხვებს. პლატონურ ფილოსოფიურ დიალოგებში სოკრატე სწორედ ამითაა დაკავებული. იგი განუწყვეტლივ უსვამს კითხვებს თავის თანამოსაუბრეებს მნიშვნელოვან ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით. სოკრატე ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება საკუთარ თავში ჩაღრმავებით, ცრუ შეხედულებათაგან განთავისუფლებით მიიღწევა და არა ცოდნის, ერუდიციის დაგროვებით. ის დარწმუნებულია, რომ ყოველი ადამიანი თავიანთ თავში მთვლემარე ფილოსოფოსს ატარებს, რომლის გამოღვიძებაა საჭირო. ამიტომ ადარებდა იგი თავის თავს ხან კრაზანას, რომელიც გაწუხებს და საშუალებას არ გაძლევს, მთელი არსებით მიეცე ამსოფლიურ ყოფით ამაოებას, ან კიდევ ბებიაქალს, რომელიც შენს წიაღში (სულში) უკვე არსებული ჭეშმარიტების „შობაში“, ანუ გამოთქმაში გეხმარება.
როგორც ვხედავთ, პლატონის შემთხვევაში ადამიანი (ანუ სული, რადგან დიდი ბერძენი ფილოსოფოსი ადამიანს მის სულთან აიგივებს) ზესამყაროსეული რეალობაა, რომლის მთავარი მისწრაფება სწორედ ამ სამყაროსაგან განთავისუფლება და ღმერთთან მყოფობაა. წინა კატეგორიის ფილოსოფოსთაგან განსხვავებით პლატონი თითქოს უსასრულოდ აღამაღლებს ადამიანს, მას სამყაროზე მაღლა და ღმერთის გვერდით აყენებს, თუმცა სინამდვილეში ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს – პიროვნულობას კარგავს. პლატონის მიხედვით, იდეალური სამყაროს ფორმები (იდეები), ადამიანის სული, თვით ღმერთიც მოკლებულნი არიან პიროვნულობას.
პლატონისაგან განსხვავებით, მისი გენიალური მოწაფე არისტოტელე სულის სხეულისაგან დამოუკიდებელ სუბსტანციალურ არსებობას არ აღიარებს. არისტოტელეს მიხედვით, სული სხეულის ფორმაა. საკუთარი აზრის საილუსტრაციოდ თავად არისტოტელეს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: თუ წარმოვიდგენთ, რომ თვალი სხეულია, მაშინ მისი სული ხედვის პროცესი იქნება. ანალოგიურად, თუ ჩავთვლით, რომ ლირა სხეულია, მაშინ მისი სული მისგან გამომავალი ჰარმონიული ჟღერადობა იქნება. ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე და ბევრად უფრო „ანთროპომორფული“ ილუსტრაცია მოვიყვანოთ: ეს იქნება რობოტი, რომლის „სული“ მასში ჩაწერილი პროგრამა გამოვა. პლატონის და არისტოტელეს კონცეფციებს შორის სხვაობა არსებითია. პლატონთან ყოველი კონკრეტული ადამიანი უპიროვნო, იდეალური არქეტიპის დამახინჯებული ეგზემპლარია, არისტოტელესთან კი ყოველი კონკრეტული ინდივიდი მთელი სისავსით შეიცავს ადამიანურ „ფორმას“, ანუ ადამიანობას. ამასთან არისტოტელისეული კონცეფციიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სიკვდილის შემდეგ სხეულის გახრწნასთან ერთად სულიც უნდა მოისპოს. თუმცა ეს მთლად ასე არაა. არისტოტელესთან, ისევე როგორც პლატონთან, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ „დარჩენილი“ უკვდავი ელემენტი წარმოშობით ღვთაებრივია და არა ადამიანური. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, პლატონის აზრით, მისგან ღვთაებრივი წარმოშობის სული რჩება, არისტოტელეს მიხედვით კი გონება, კერძოდ, „აქტიური გონება“, რომელიც ღვთაებრივია და არა ადამიანური. თუ ისევ თანამედროვე, თუმცა არც თუ იდეალურ მაგალითს მოვიშველიებთ, კაცობრივი გონება შეიძლება რადიომიმღებს შევადაროთ, რომელიც რადიოსადგურის (ღვთაებრივი გონების) ტალღებს აღიქვამს. არისტოტელეს მიხედვით, „აქტიური ინტელექტი“ საგნების არსს წვდება. თუ არისტოტელისეულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, აქტიური ინტელექტი საგნების „ფორმებს“ ხედავს, ანუ საგნების კონცეპტებს ქმნის. ბიბლიური ენა ამ ინტელექტუალურ ოპერაციას „სახელის დარქმევით“ მოიხსენიებს. აქ მხედველობაში გვაქვს ბიბლიური თხრობა, რომლის მიხედვით, ღმერთმა ადამს წინ ყველა ცხოველი დაუყენა და მათთვის სახელის დარქმევა ანუ მათი არსის წვდომა უბრძანა. ჩვენგან განსხვავებით, ადამს სამოთხისეული ყოფისას მისთვის ბოძებული ბუნებრივი ნათლით, ანუ გონებით საგნების არსის ჭვრეტა შეეძლო. არისტოტელეს ღმერთი არის გონება, თუმცა როგორაც არ უნდა გაგვიკვირდეს, იგი ინდივიდუალობას და პიროვნულობასაა მოკლებული. ასე რომ, მის ფილოსოფიაში ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს ინდივიდუალურს ვეღარ ინარჩუნებს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ამ კატეგორიის მესამე ფილოსოფოსად პლოტინი ავირჩიეთ. იგი ნეოპლატონიზმის ფუძემდებლად ითვლება, რომელსაც ზოგიერთი ავტორი ელინისტური, უფრო მეტიც ანტიკური ფილოსოფიის მწვერვალად მიჩნევს, თუმცა მასთან ადამიანური ინდივიდუალობა ყველაზე ენერგიულადაა უარყოფილი. პლოტინმა პლატონის და არისტოტელეს ფილოსოფიების სინთეზი მოახდინა სტოელების პანთეისტურ სისტემასთან. პლატონი ღმერთად აბსოლუტური სიკეთის იდეას მიიჩნევს, რომელიც ყველა სხვა იდეაზე, ფორმაზე ამაღლებული და გონებისთვის მიუწვდომელია. არისტოტელეს „უძრავი მამოძრავებელი“, ანუ ღმერთი არის უმაღლესი გონება, რომელიც თავის თავს შეიმეცნებს. სტოელები პანთეისტები არიან, ანუ ღმერთსა და სამყაროს ერთმანეთში აიგივებენ. სტოელების ღმერთი სამყაროსეული უპიროვნო სული ან პრინციპია, რომელიც ყველაფერს წარმართავს და აწესრიგებს.
თავად პლოტინის ღმერთი ტრიადისაგან შედგება. პირველი არის ერთი. ის პიროვნულობას მოკლებული, გონებისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი, განუმარტავი რეალობაა. ის ფაქტიურად პლატონის ღმერთია. მისგან „გადმოიღვრება“ (ემანაცია) ტრიადის მეორე წევრი გონება, რომელიც არისტოტელეს ღმერთს მოგვაგონებს. პლოტინის მიხედვით, ერთი აბსოლუტური სისავსე, ანუ პლერომაა. ის თავის თავში ვერ იტევს სიკეთესა და მშვენიერებას, ამიტომაც გადმოედინება. გონება პლატონურ იდეებს უჭვრეტს. გონება ერთზე უფრო დაბლა დგას, რადგან მასში პლატონური იდეების გზით სიმრავლე შემოდის. პლოტინის, ისევე როგორც ანტიკური ფილოსოფიის მიხედვით, სიმარტივე სიმრავლეს, ანუ შედგენილობას აღემატება. გონება ერთისაგან ემანაციის დროს სიმარტივეს კარგავს, მაგრამ მის მარადიულობასა და უცვლელობას ინარჩუნებს. გონებისგან გადმოიღვრება ტრიადის მესამე წევრი სული, რომელიც სტოელების ღმერთს მოგვაგონებს. სული გონების იდეებს უჭვრეტს და ასე ქმნის სამყაროს. ამას მასში ცვალებადობა შემოაქვს, რის გამოც ის გონებაზე დაბლა დგას. პლოტინის მიხედვით, ადამიანის სული არსობრივად ღვთაებრივი სულის იდენტურია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული ინდივიდუალური, პიროვნულობის მატარებელი არსებები არიან. ნეოპლატონიზმის მიხედვით, ეს ილუზია გონების დაბნელების, ხედვის არასწორი მიმართულების არჩევის ბრალია. თავისი შეხედულების საილუსტრაციოდ პლოტინს ხორუმის ცნობილი მაგალითი მოყავს. წარმოვიდგინოთ ხორუმის მოცეკვავეები, რომლებიც ხელმძღვანელის გარშემო ცეკვით წრეს უვლიან და მღერიან. როცა ისინი ხელმძღვანელს უყურებენ, ჰარმონიულად, ხმაშეწყობილად მღერიან და ცეკვავენ და ერთიანი მოძრავი ორგანიზმის მძაფრი განცდა აქვთ. როცა მოცეკვავეები ხელმძღვანელის საპირისპირო მხარეს იხედებიან, მათ სიმღერასა და მოძრაობებში დისჰარმონია შემოდის და საკუთარი ინდივიდუალობის ილუზორული განცდა უძლიერდებათ. პლოტინის მეორე შედარების თანახმად, ადამიანები ფოთლებს ჰგვანან, რომლებსაც თავი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ინდივიდებად წარმოუდგენიათ. სინამდვილეში კი ერთი ხის ნაწილები არიან, რომელიც მათ კვებავს და აცოცხლებს. პლოტინი იმასაც ასწავლის, რომ ჩვენი გონების უმაღლესი ნაწილი არც არასოდეს დაშორებია ერთს. ამიტომ როდესაც ჩვენი გონება განთავისუფლდება ინდივიდუალობის ილუზიისაგან, ჩვენი სული ისევ გაერთიანდება ერთთან, ანუ მის საწყისს დაუბრუნდება. აქაც მსგავს სურათს ვხედავთ, რასაც ამ კატეგორიის სხვა ფილოსოფოსებთან. პლოტინი პირდაპირ უტოლებს ადამიანს ღმერთს, თითქოს მას (ადამიანს) უსასრულოდ აღამაღლებს, მაგრამ სინამდვილეში ერთთან გაერთიანების შემდეგ ართმევს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძოდ, პიროვნულობას, ინდივიდუალურ გონიერებას და ზნეობას, ნების თავისუფლებას, აფექტაციის უნარებს, სიყვარულს, თანაგრძნობას, თავგანწირვას და ა. შ.
ახლა ფილოსოფოსების მესამე კატეგორიაზე გადავიდეთ. აქ ისეთი მოაზროვნეები შევარჩიეთ, რომელთა შეხედულებები ადამიანის შესახებ ან იდენტურია შესაბამის ქრისტიანულ სწავლებასთან, ან ძალიან ახლოს დგას მასთან. ესენია: ნეტარი ავგუსტინე, კანტი და კირკეგორი.
ნეტარი ავგუსტინეს სწავლება ადამიანის შესახებ ქრისტიანული ანთროპოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე ღრმა და შთამბეჭდავი გამოხატულებაა. ავგუსტინეს გავლენა აღმოსავლურ ქრისტიანობაზე მნიშვნელოვანია, დასავლურზე კი – განმსაზღვრელი, შეიძლება ითქვას, განუმეორებელი. ბევრი იცნობს ავგუსტინეს ცნობილ ფრაზას, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ადამიანის გულს ღმერთის გარდა ვერაფერი დააკმაყოფილებს“. ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს გამოცდილება, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს ამ გამონათქვამის სისწორეს ადასტურებს. ჩვენ მთელი არსებით მივისწრაფვით რაიმე მიზნისკენ, და თუ მას მივაღწევთ, მალე ვკარგავთ მისადმი მძაფრ ემოციონალურ დამოკიდებულებას და ჩვენი გული ახალი მიზნის ძებნას იწყებს. ამ ფაქტის უკან ღრმა ანთროპოლოგიური ჭეშმარიტება იმალება. ქრისტიანული რელიგია ასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია და რომ ეს მისი ყველაზე ადეკვატური, სრულყოფილი სახელია. სრულყოფილი სიყვარული კი სიყვარულის საგანს ეძიებს, უნდა მას სრულად გაუზიაროს თავისი სიმდიდრე და ნეტარება. ამიტომაც შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომელსაც განღმრთობა, ღმერთთან უსასრულოდ მიახლოების უნარი უბოძა. განღმრთობის მისაღწევად შემოქმედმა პირველ ადამიანში ღვთისადმი დაუოკებელი მისწრაფება, სიყვარული ჩანერგა. აქედან ნეტარ ავგუსტინეს ერთი შეხედვით პარადოქსული ჭეშმარიტება გამოჰყავს. იგი ამბობს, რომ ადამში ღმერთმა თავისუფალი ნება ჩადო, თუმცა ეს ნება არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება ნეიტრალური. ამ აზრის ნათელსაყოფად წმინდანი პარალელს ავლებს ნებელობასა და ხედვის უნარს შორის. ჩვენ გვაქვს თვალი, რომელსაც ხედვის უნარი გააჩნია. ამ უნარისაგან განსხვავდება თავად ხედვის პროცესი, რომელიც ამ უნარის შინაარსი, მისი კონკრეტული გამოყენებაა. ზუსტად ასევე, ადამიანს ნებელობის უნარი გააჩნია, მისი შინაარსი და კონკრეტული გამოვლინება კი რაღაცისადმი სიყვარული, მისწრაფებაა. ჩვენი ნება თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს რაიმე საგანი, მაგრამ ის არასოდეს არაა ნეიტრალური, რადგან ჩვენ ყოველთვის გვიყვარს რაღაც. სანამ ადამი დაეცემოდა, მას ღმერთი უყვარდა, დაცემის შემდეგ კი ეს სამყარო შეუყვარდა. ჩვენ ან ღმერთი გვიყვარს, ან ეს სამყარო, ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანის გაუკუღმართებული ნების გასწორება. ეს კი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მადლის მოქმედების გარეშე ადამიანს ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული აღარ ძალუძს, ვერ აკეთებს იმას, რისთვისაცაა შექმნილი, ანუ ვერ „ადამიანობს“ ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით; ხოლო როდესაც ადამიანზე მადლი იწყებს მოქმედებს, იგი ღმერთის სიყვარულით ივსება და ეს სიყვარული თვითონვე, თავისი ძალით აღასრულებს საქმეებს, რომლებსაც უფალი ითხოვს მისგან (ამიტომაც ეუბნება წმინდა სერაფიმე საროველი ცნობილ საუბარში თავის მოწაფე მოტივილოვს, რომ ადამიანის უპირველესი დანიშნულება ღვთაებრივი მადლის მოპოვებაა). ნეტარი ავგუსტინე დაცემულ ადამიანს დაავადებულ თვალს ადარებს, რომელსაც დღის სინათლე ტკივილს აყენებს და ნათელს გაურბის. მადლს მისი განკურნება ძალუძს და განკურნებულ თვალს არამარტო ქმნილი ნათლის ხილვა შეუძლია, არამედ, წმინდანის აზრით, ღვთის ხელთუქმნელი ნათლის ჭვრეტაც ხელეწიფება. სამოთხისდან გამოძევებული ადამიანი დამბლადაცემულ ათლეტს ჰგავს, რომელიც ძველი უნარების გამოყენებას ვეღარ ახერხებს. მართლაც, წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამი სამოთხეში „შინაგან სიტყვას“ ფლობდა; მისი საშუალებით უშუალოდ ესაუბრებოდა ღმერთს და დაცემულ ანგელოზს; მას შემოქმედის „ფეხის ხმა ესმოდა“, ანუ მთელი არსებით გრძნობდა მის სიახლოვეს; შეეძლო ქმნილებათა არსს ჩასწვდომოდა და სახელი დაერქმია მათთვის; მის სიტყვას ემორჩილებოდა სამოთხის ყველა ბინადარი. დაცემის შემდეგ ადამიანმა არათუ ეს უნარები გაკარგა, იგი მასზე დაბლა მდგომ სტიქიებს დაექვემდებარა და ამ სამყაროს მონა გახდა. მამის მარჯვენით დაჯდომით ქრისტემ ღმერთამდე აღამაღლა ადამიანის ბუნება. ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, საკუთარ ბუნებაზე ამაღლდეს და ღვთაებრივ ბუნებას ეზიაროს, მაგრამ ამ დროს ადამიანი მთლიანად ინარჩუნებს თავის კაცობრივ ბუნებას და ადამიანურ პიროვნებას. ეს არსებითი სხვაობაა ქრისტიანობასა და ზემოთ ნახსენებ ანტიკურ ფილოსოფიურ სწავლებებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ კანტი კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ, ერთ–ერთ ყველაზე ძალუმ ინტელექტს ფლობდა, ღმერთთან მიახლოების საშუალებად მას უფრო მორალური გრძნობა მიაჩნდა, ვიდრე ინტელექტუალური. ასეთი აზრის ჩამოყალიბებას, ალბათ, კანტის ბავშვობის პიეტისტურმა გარემომ შეუწყო ხელი. პიეტიზმი ისეთი პროტესტანტული დენომინაციაა, რომელიც პირწმინდად უარყოფს ყველა რიტუალის, საეკლესიო იერარქიის და დოგმების მნიშვნელობას. მისი აზრით, რელიგია მხოლოდ ღვთისმოსავ (pietas) გრძნობებსა და სათნო მორალურ იმპულსებზე დაიყვანება. კანტი აცხადებს, რომ ადამიანს „წმინდა გონებაზე“, ანუ მხოლოდ მკაცრ ლოგიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით არ შეუძლია ღმერთის არსებობის, სულის უკვდავების და საიქიო ცხოვრების რეალურობის დასაბუთება, მაგრამ იგი მათ აღიარებამდე მივა, თუ მასში ჩანერგილი მორალური გრძნობის „პრაქტიკულ“ ლოგიკას ბოლომდე მიჰყვება. თუ კანტის საფლავის ქვაზე გაკეთებულ წარწერას დავუჯერებთ, მას მთელი ცხოვრების მანძილზე აღაფრთოვანებდა და აოცებდა ორი რამ: ვარსკვლავებიანი ცა და მასში მოქმედი მორალური გრძნობა. კანტის მიხედვით, მორალური გრძნობა ადამიანს სიკეთის კეთებისაკენ მოუწოდებს და ამავე დროს შთააგონებს, რომ კეთილის მოქმედი ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ; მაგრამ რაკი ამ ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ბოროტი ადამიანი მძლავრობს კეთილზე, მორალური გრძნობა გვაფიქრებინებს, რომ უნდა არსებობდეს საიქიო ცხოვრება, სადაც ყველა თავის ნამდვილ საზღაურს მიიღებს, ეს გულისხმობს სულის უკვდავებას და სამართლიანი, ყოვლისმცოდნე მსაჯულის, ანუ ღმერთის არსებობას. როგორც ვხედავთ, კანტის აზრით, ადამიანი ღმერთამდე მორალურ გრძნობას მიჰყავს და არა მკაცრ ლოგიკურ მსჯელობას. კანტის ეს აზრი თანხმობაშია წმინდა წერილთან, რომელიც ურწმუნოებას ცოდვად მიჩნევს, ამბობს რა რომ ურწმუნოებს ღმერთის არსებობა არ აწყობთ. გონებას ღმერთის არსებობის უეჭველი დასაბუთება რომ შეძლებოდა, მაშინ ურწმუნოება ცოდვის გამოხატულება კი არ იქნებოდა, არამედ ინტელექტუალური ჩამორჩენილობის. კანტი იმასაც ამტკიცებს, რომ წმინდა გონებას ადამიანის თავისუფლების დასაბუთებაც არ შეუძლია. წმინდა გონება ყველგან მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს ხედავს, ამიტომ მისი თვალთახედვით, ადამიანი მთლიანადაა განპირობებული ამ სამყაროსეული კანონებით, მთლიანად ამ სამყაროს ეკუთვნის. კანტი თვლის, რომ ადამიანის თავისუფლების დანახვა მხოლოდ „პრაქტიკულ გონებას“ შეუძლია, ანუ ის საცნაური მხოლოდ მორალური პერსპექტივით შეხედვისას ხდება. ეს ასე უნდა გავიგოთ, მორალური გრძნობა ადამიანს აიძულებს მის მიერვე დადგენილ ეთიკურ პრინციპებს დაემორჩილოს, ამით იგი ამ სამყაროში გაბატონებული უპიროვნო, აუცილებელი კანონების სფეროდან გადის, რადგან ბუნების მიერ დადგენილ კანონებს კი არ ემორჩილება, არამედ საკუთარ პრინციპებს. კანტის მთავარი აზრი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: თუ ჩვენ ადამიანს მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით ვუყურებთ, იგი მთლიანად ამ სამყაროს ეკუთვნის, მასზე მორალური, რელიგიური თვალთახედვით ცქერისას აღმოვაჩენთ, რომ იგი ამ სამყაროს კანონების სრული მორჩილებიდან გადის და ამით მასზე მაღლა დგება.
ახლა ამ კატეგორიის ბოლო ფილოსოფოსზე – კირკეგორზე გადავიდეთ. ჩვენ კანტზე საუბრისას ვნახეთ, რომ მისი აზრით, ადამიანი თავისუფლებას მხოლოდ მაშინ ავლენს, როდესაც მის მიერვე დადგენილ მორალურ პრინციპებს ემორჩილება. ამ თვალსაზრისით, კირკეგორი კანტს ჰგავს, რადგან აცხადებს, რომ ადამიანი ინდივიდად, პიროვნებად მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც შინაგან მორალურ და რელიგიურ პრინციპებს ეყრდნობა. კირკეგორი პიროვნებად, მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად ჩამოყალიბების გზაზე სამ ეტაპს გამოყოფს. პირველს ესთეტიკურს უწოდებს. ესთეტიკური ადამიანების მთავარი ცხოვრებისეული მოტივი სიამოვნების მიღებაა, ამიტომ ისინი მოკლებულნი არიან ეთიკურ პრინციპებსა და ინდივიდუალობასაც. ასეთ ადამიანებს არ აქვთ შინაგანი მორალური პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც შეეძლებოდათ ბრბოს დაპირისპირებოდნენ და თავიანთი ინდივიდუალობა გამოემჟღავნებინათ, რასაც მაგალითად ალუდა ქეთელაური ან ვაჟას სხვა პერსონაჟები ან იბსენის დრამატული გმირები აკეთებენ. კირკეგორის მიხედვით, მეორე ეტაპი ეთიკური საფეხურია. ეთიკური ადამიანი თავის ცხოვრებას პასუხისმგებლობაზე აფუძნებს, ცდილობს, კეთილსინდისიერად შეასრულოს ყველა მოვალეობა და დაემორჩილოს ეთიკურ პრინციპებს, არაფრად აგდებს, მასზე ბრბო რას ფიქრობს და ძლიერი ინდივიდუალობის გამო თავისუფალია მისი გავლენისაგან.
მესამე ეტაპი რელიგიური საფეხურია. რელიგიური ადამიანი თავისი ქმედებისას უფრო რწმენას ეყრდნობა, ვიდრე რაციონალურ, ყველასათვის გასაგებ ეთიკურ პრინციპებს. რწმენითი აქტი ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის რაციონალურ – ეთიკურ ნორმასთან, ამ დროს რელიგიურ ადამიანს „რწმენის ნახტომის“ გაკეთება ევალება. ამ აზრის საილუსტრაციოდ განვიხილოთ კირკეგორის საყვარელი გმირის, ბიბლიური აბრაამის მაგალითი. ღმერთმა აბრაამს გამოსაცდელად საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. უდანაშაულო, საყვარელი შვილის მოკვლა ყველა მორალურ, ადამიანურ, რაციონალური გონებისათვის გასაგებ პრინციპს ეწინააღმდეგება. კირკეგორის აზრით, აბრაამმა ამ დროს „რწმენის ნახტომი“ გააკეთა. მან შეძლო, მისთვის ყველაზე ძვირფასი არსება ღმერთისთვის მიეძღვნა და ამავე დროს შეინარჩუნა რწმენა იმისა, რომ ღმერთი შეასრულებდა აღთქმას და მკვდრეთით აღადგენდა ისააკს, რათა მისი შთამომავლობა ისეთი მრავალრიცხოვანი გამხდარიყო, როგორც ცაზე ვარსკვლავები. აქაც, კირკეგორის ფილოსოფიაშიც, ვხედავთ, რომ აბრაამი რწმენის საშუალებით ბუნებრივ კანონებსა და ყველა ტიპის კონვენციონალურ მორალზე მაღლა დადგა.
სტატიის ბოლოს გვსურს, მისი მთავარი იდეის მოკლე რეზუმე გავაკეთოთ. ეკლესიის წმინდა მამები ადამიანს ქმნილებისა და ღმერთის შემაერთებელ რგოლად მიიჩნევენ. ეს თავისთავად გულისხმობს ორ შედეგს. პირველი: ადამინი მთლინად ამ სამყაროს საკუთრებას არ წარმოადგენს; და მეორე: იგი არც ღვთაებრივი არსის პირდაპირი გამოვლინებაა. ასეთი პოზიცია მხოლოდ ეგრეთწოდებულ „აბრამისტულ“ რელიგიურ სისტემებს ახასიათებს, რომლებშიც იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი იგულისხმება. ყველა სხვა რელიგიური ან ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ზემოხსენებული ორი დებულებიდან ერთ-ერთის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მაგალითად, ათეისტები ასწავლიან, რომ ადამიანი მთლიანად ამქვეყნიურ ძალებს ექვემდებარება; პანთეისტები და შესაქმის მანიფესტაციური მოდელის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ ქმნილება ღვთაებრივი არსის მრავალფეროვანი გამოვლინებაა. შესაქმის მანიფესტაციური მოდელი, კრეაციონისტურისაგან განსხვავებით, ამტკიცებს, რომ ღმერთი სამყაროს თავისი თავისაგან ქმნის (creatio ex Deo). მოცემულ ვითარებაში, ცხადია, რომ მთელი სამყარო და მათ შორის ადამიანიც ღმერთის გამოვლინებაა, რადგან ამ შემთხვევაში ღმერთი არ განსხვავდება მისი გამოვლინებისაგან. ადამიანს არ შეიძლება რეალურად გააჩნდეს თავისუფლება და მისი ცხოვრების მიზანი საკუთარი ღვთაებრივი იდენტობის მისტიკურ–ინტელექტუალური გაცნობიერების მიღწევა ან კერძო ინდივიდუალური ელემენტებისაგან განთავისუფლების მცდელობაა. ამას ასწავლის, მაგალითად, ნეოპლატონიზმი, ბუდიზმი და რელიგიურ–ფილოსოფიური აზრის სხვადასხვა პანთეისტური მიმართულება. შესაქმის კრეაციონისტული მოდელი გვეუბნება, რომ ღმერთმა სამყარო არაფრისაგან შექმნა (creatio ex nihilo). ამ შემთხვევაში ქმნილება, კერძოდ, ადამიანი, არსებითად განსხვავდება შემოქმედისაგან. რაკი ადამიანი არსებითად განსხვავდება ღმერთისაგან, მას, როგორც გონიერ არსებას, შეიძლება სხვადასხვანაირი დამოიდებულება ჰქონდეს ღმერთისა და სხვა ქმნილებების მიმართ. ეს განაპირობებს არჩევანის შესაძლებლობას, რაც ადამიანის თავისუფლების საფუძველია. თავად თავისუფლება კი ადამიანის ავტონომიურობის საფუძვლად გვევლინება. თავისუფალი არჩევანის გაკეთების უნარი ადამიანს მორალურ არსებად აქცევს, მას შეუძლია თავად დაუწესოს მორალური კანონები საკუთარ თავს. ეს უკანასკნელი ზუსტად ავტონომიურობას ნიშნავს და, ამასთან, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანი მთლიანად არ ეკუთვნის ამ სამყაროს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაქმის კრეაციონისტულ მოდელს იუდაიზმი ქრიტიანობა და ისლამი განეკუთვნება. მაგრამ რაკი იუდაიზმი და ისლამი განკაცებულ ღმერთს არ იცნობს, ქრისტიანობისაგან განსხვავებით, მათთან ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრულია და შეუძლებელია, მათ წიაღში განღმრთობის ქრისტიანული კონცეპცია მოიაზრებოდეს. არსებობს შესაქმის მესამე მოდელიც (ipsum creatio), რომელსაც ათეისტი მატერიალისტები იზიარებენ. მათი თვალთახედვით, მთელი სამყარო შემთხვევით შეიქმნა საკუთარი მატერიალური ელემენტებისაგან. ამ დროს ცხადია, რომ ადამიანის არსებობაც, მატერიალური ძალების და ელემენტების შემთხვევითი ურთიერთქმედების შედეგია. ამ დროს ადამიანი თავისუფლებას, მორალურ იმპულსებსა და გონებას მოკლებული ფსიქოსომატური ძალების გამოვლინებას და, არსობრივი თვალსაზრისით, მხოლოდ მათ ინდივიდუალურ ერთობას წარმოადგენს. ცხადია, ადამიანის შესახებ ასეთი შეხედულება რადიკალურად დეფექტურია ქრისტიანულთან შედარებით. აქედან გამომდინარე დავსძენთ, რომ ადამიანის მთელი ღირსების, მისი საბოლოო დანიშნულების, ამ სამყაროში მისი ადგილის ადეკვატური დანახვა მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური პერსპექტივიდან ცქერისას არის შესაძლებელი.











