სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ
ნაწილი VIII
მთარგმნელი იოანე კაზარიანი
წინასიტყვაობა, ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III, ნაწილი IV, ნაწილი V, ნაწილი VI, ნაწილი VII
71. სხვა ადგილასაც ამბობს იერემია: „სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის“ (გოდება. 4, 20). ქრისტე რომ სული ღვთისა იყო და ტანჯვას დაქვემდებარებულ ადამიანად იქმნა, ამას წერილი გვაუწყებს და თითქოს გაოგნებული და გაკვირვებულია მისი ტანჯვით, რადგან ამგვარად უნდა გადაეტანა ტანჯვა მომავალში მას, რომლის ჩრდილშიც გვეგონა, რომ ვიცხოვრებდით, ხოლო ჩრდილში წინასწარმეტყველს მისი სხეული ესმის. რადგან, როგორც სხეულისგანაა ჩრდილი, ასევე ქრისტეს სხეული მისი სულისგანაა. ასევე, ჩრდილად აღნიშნა (წინასწარმეტყველმა) მისი დამცირება და სხეულის ტანჯვისათვის ადვილად მისაწვდომობა; როგორც სწორად მდგართა ჩრდილი მიწას ეცემა და იჯეგება, ასევე ქრისტეს სხეული, ტანჯვით მიწაზე დანარცხებული, მიწაზე ეცემა და მისი გათელვა შესაძლებელია. ქრისტეს სხეულს ჩრდილი (იმ გაგებითაც) ეწოდა, რომ სულმა გაანათა (ის) დიდებით და დაიფარა იგი. ასე მრავალჯერ, როდესაც უფალი ჩაივლიდა, გზაზე მრავალი დაავადებით შეკრულებს აწვენდნენ და ვისაც მისწვდებოდა მისი ჩრდილი, ისინი (სენისგან) იკურნებოდნენ.
72. იგივე წინასწარმეტყველი ისევ საუბრობს ქრისტეს ვნებებზე და ასე (ამბობს): „იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არავინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი. იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან“ (ესაია. 57, 1). სხვა არავინ არის მართალი, გარდა ღვთის ძისა, რომელსაც თავისი მორწმუნენი სრულ მართლობამდე მიიჰტავს, რომლებიც მის მსგავსად იდევნებოდნენ და იკვლებოდნენ. ხოლო ნათქვამი – „იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი“ – გვაუწყებს, თუ როგორ მოკვდა ჩვენი ცხონებისათვის, რადგან სიტყვა – „მშვიდობით“ – ცხონება აღინიშნება. ვინც ადრე ერთმანეთის მტერი და მოწინააღდმეგე იყო, მისი სიკვდილითა და მისდამი ერთობლივი რწმენით წუთისოფლად ერთმანეთთან მშვიდობით იყვნენ, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და შეიყვარეს ერთმანეთი მისი საერთო რწმენის გამო – და ასეც იქნება (მომავალში). როდესაც (წინასწარმეტყველი) ამბობს – „აღღებულ არს შორისისაგან“ – (ამით) მის მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს. თავისი დაფლვის შემდეგ მკვდარივით აღარ ევლინებოდათ, რადგან როდესაც კვდებოდა და აღდგებოდა – უკვდავი იყო. (ამის შესახებ) წინასწარმეტყველი ასე ამბობს: „რამეთუ სიცოცხლესა გთხოვდა და შენ მიეც მას მრავალნი დღენი უკუნისამდე“ (ფსალ. 20, 5). რატომ ამბობს: „ის სიცოცხლეს ითხოვდა“, თუ მომავალში უნდა მომკვდარიყო? მაშასადამე, (ამით) მის მკვდრეთით აღდგომას გვაუწყებს და როდესაც მკვდრეთით აღდგება – უკვდავი არის, რადგან სიცოცხლე მიიღო, რათა აღმდგარიყო და მრავალი დღე მიეცა უკუნითი უკუნისამდე, რათა უხრწნელი ყოფილიყო.
73. ისევ ამბობს დავითი ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაზე: „მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე“ (ფსალ. 3, 6). დავითს თავის თავზე არ უთქვამს ეს, რადგან როდესაც იგი მოკვდა – არ აღმდგარა, არამედ ეს ქრისტეს სულია, რომელიც სხვა წინასწარმეტყველებისა და ამჟამად დავითის მიერ საუბრობს მასზე: „დავწექი და დავიძინე და აღვდექი, რადგან უფალმა დამიცვა“. ძილს სიკვდილს უწოდებს, რადგან აღდგა.
74. და კვლავ ამბობს ქრისტეს ვნებაზე დავითი: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“ (ფსალ. 2, 1-2). რადგან ჰეროდე, ებრაელთა მეფე და პონტოელი პილატე, კეისარ კლავდიუსის პროკურატორი71, შეიკრიბნენ რა ერთ ადგილას, ჯვარცმა მიუსაჯეს მას72. რადგან შეძრწუნდა ჰეროდე, რომ როგორც კი (ქრისტე) მომავალში ქვეყნიერების მეფე გახდებოდა, (ჰეროდეს) სამეფო დაემხობოდა. ჰეროდემ და მისი გარემოცვის ებრაელებმა ქრისტეს სასიკვდილოდ გაწირვა აიძულეს პილატეს, რომელიც ამას დათანხმდა და არ წავიდა კეისრის წინააღმდეგ და არ გადაარჩინა ადამიანი, რომელსაც მეფე ეწოდა (შეად. იოანე. 19, 12).
75. ქრისტეს ვნებაზე ისევ იგივე წინასწარმეტყველი ამბობს: „ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი; და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი. დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ; და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა. აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა; გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა. დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ; შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი“ (ფსალმ. 88, 39-46); და რომ (ქრისტემ) ეს ყოველივე გადაიტანა და მამის ნებით (ამის შესახებ) აუწყა, რადგან მომავალში ვნება მამის ნებით უნდა გადაეტანა.
76. ზაქარია (წინასწარმეტყველი) ასე ამბობს: „მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი!“ (ზაქ. 13, 7). ასეც მოხდა, როდესაც (ის) იუდეველებმა შეიპყრეს, მისმა მოწაფეებმა კი დატოვეს, რადგან შეეშინდათ, მის გამო არ მომკვდარიყვნენ. (მათ) ჯერ კიდევ მტკიცედ არ სწამდათ მისი, სანამ მკვდრეთით აღმდგარი არ იხილეს იგი.
77. კვლავ ამბობს (წინასწარმეტყველი) თორმეტი წინასწარმეტყველის (წიგნში): „აიყვანეს იგი და მეფეს ძღვნად მიუყვანეს“73. პონტოელი პილატე იუდეის პროკურატორი იყო და იმ დროს ჰეროდეს, იუდეველთა მეფეს, ემტერებოდა. შემდეგ, როდესაც ქრისტე მის წინაშე შებოჭილი მიიყვანეს, პილატემ (იგი) ჰეროდეს გაუგზავნა, რათა მას (ქრისტე) დაეკითხა და ზუსტად გაეგო, თუ რა სურდა მასთან მიმართებაში და ქრისტეთი, როგორც მეფესთან შერიგების საბაბით ესარგებლა (შეად. ლუკა, 7-12).
78. იერემიას (წიგნში) ასე აუწყებს თავის სიკვდილს და ჯოჯოხეთში ჩასვლას: „უფალმა, ისრაელის წმიდამ, მოიხსენა თავისი მკვდრები, წინათ მიძინებულნი და ჩავიდა მათთან, რათა თავისი ხსნა აუწყოს, რათა იხსნას ისინი“74. აქ (ის) თავისი სიკვდილის მიზეზს აკმაყოფილებს, რადგან ის ჯოჯოხეთში მკვდართა ცხონებას ემსახურებოდა.
79. მის ჯვარზე ესაია ასე ამბობს: „ განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა“ (ესაია. 65, 2), რამეთუ ეს ჯვრის ნიშანია75. დავითი კიდევ უფრო თვალნათლივ ამბობს: „რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე, განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი“ (ფსალმ. 21, 17–18) და კიდევ ამბობს: „და განიბნინეს ყიველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა“ (ფსალმ. 21, 15) და ისევ ამბობს: „იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და განმსჭვალვისაგან ხორცნი ჩემნი, რამეთუ ბოროტთა სიმრავლემ გარემომიცვა“76. ამით (წინასწარმეტყველი) მის ჯვარცმას ნათლად გვანიშნებს. მოსეც ამგვარად იგივეს ეუბნება ხალხს: „და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა შეშინებულ იყო შენ დღე და ღამე და არა გრწმენეს შენ ცხოვრებაჲ თავი შენისაჲ“ (II რჯლ. 28, 66).
80. კვლავ ამბობს დავითი: „მათ მიხილეს მე … განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფსალმ. 21, 18-19). როდესაც მეომრებმა იგი ჯვარს აცვეს, (მისი) სამოსი გაიყვეს, მათი ჩვეულებისამებრ; მისი სამოსელი გახიეს და გაყვეს; (მისი) კვართი კი ზემოდან იყო ნაქსოვი და არა შეკერილი, ამიტომ მასზე წილი ჰყარეს, რომ ვისაც (წილად) შეხვდება, (იმას) ერგება.
71 ტექსტში წერია – գաւառապետ [gavarapet], რაც ოლქის მთავარს, გუბერნატორს ნიშნავს.
72 კლასიკური სახარებისეული ქრონოლოგია ქრისტეს სიკვდილს იმპერატორ ტიბერიუსის დროით ათარიღებს, ანუ ქრისტეშობიდან დაახლ. 30 წ. ამ შემთხვევაში კი წმ. ირინეოსი ამტკიცებს, რომ ქრისტეს ჯვარს ეცვა იმპერატორ კლავდიუსის დროს, ანუ არა უადრეს, ვიდრე 41 წ. ქრისტეშობიდან. ეს არ არის შეცდომა, რადგან ის ქრისტეს შობას იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის 41 წლით ათარიღებს (ერესების წინააღმდეგ. III, 21, 3), ანუ ქრისტეშობამდე დაახლ. 3 წ. სხვა ადგილას, ძველ ზეპირ გადმოცემაზე დაყრდნობით, რომელიც იოანე ღვთისმეტყველისგან მოდის, წერს, რომ ქრისტე 40-50 წლის ასაკში ეცვა ჯვარს, რაც ასევე იმპერატორ კლავდიუსის დროს ემთხვევა. წმ. ირინეოსის მცდარი მითითება, რომ პილატე იმპერატორ კლავდიუსის პროკურატორი იყო, კავშირშია მის მტკიცებასთან (იოანე. 8, 57 საფუძველზე) და პრესვიტერების გადმოცემასთან, რომ მაცხოვარი ჯვარცმისას დაახლ. 50 წლის იყო. ამიტომ, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების აღსასრულს ის კლავდიუსის იმპერატორობის დროს მოიაზრებდა და არა უფრო ადრე – 41 წელს, როგორც ვამბობდით. წმ. ირინეოსი ნაშრომში „ერესების წინააღმდეგ“ (II, 22, 5-6) წერს: „ყველა დამეთანხმება, რომ 30 წელი მამაკაცური ასაკის დასაწყისია, რომელიც 40 წლამდე გრძელდება; 40 წლის და 50 წლის შემდეგ კი ხანდაზმული ასაკი იწყება და ამ ასაკში ასწავლიდა ჩვენი უფალი, როგორც სახარება და ყველა პრესვიტერი მოწმობენ, რომლებიც ასიაში იოანესთან, უფლის მოწაფესთან, იკრიბებოდნენ – იოანესგან მიიღეს მათ ეს გადმოცემა… მეტიც, იუდეველებმა, რომლებიც იმ დროს უფალ იესო ქრისტეს ედავებოდნენ, იგივეს უთითებდნენ: როდესაც უფალმა უთხრა მათ: მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა, მათ უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? (იოანე. 8, 56-57) – ეს სიტყვები შეიძლებოდა ეთქვათ იმისთვის, ვინც უკვე 40 წელი იცოცხლა და უახლოვდება 50 წელს, მაგრამ არც შორსაა ამ ასაკისგან. 30 წლის რომ ყოფილიყო, ეტყოდნენ: ჯერ 40 წლისაც არ ხარ. ვისაც მისი მატყუარად წარმოჩენა სურდა, არ მოუმატებდნენ მას ასაკს და ამიტომ მისი ასაკის შესაფერისი წლები მისცეს მას, რადგან ხედავდნენ რომ ის 40 წლის ასაკს გადაცდა და არა 30-ს. შესაბამისად, ის 50 წლის ასაკიდან შორს არ იყო“. წმ. ირინეოსი ლუკა მოციქულის მოწმობას (3, 1-2), რომ ქრისტე იმპერატორ ტიბერიუსის მე-15 წელს მოინათლა და მაშინ 30 წლის იყო (3, 23), და თავის ვარაუდს იმ მოსაზრების საფუძველზე ათანხმებს, რომ ქრისტე მრავალი წლის მანძილზე ასწავლიდა და ყველა ასაკი განვლო და განწმინდა – ჩვილობიდან ხანდაზმულობამდე – რათა ყველაფერში სრულყოფილ მოძღვრად წარმოჩენილიყო (ერესების წინააღმდეგ. შეად.: 4). პონტოელ პილატესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იგი იუდეიდან ჩვ. წ. აღ. 37 წელს გაიწვიეს და ის იმპერატორ კლავდიუსის პროკურატორი არ ყოფილა.
73 ამ შემთხვევაში წმ. ირინეოსი წინასწარმეტყველს არ ასახელებს, მაგრამ თორმეტ წინასწარმეტყველს ახსენებს – ეს ე.წ. „მცირე წინასწარმეტყველები“ არიან, რომელთა შორისაც ოსია წინასწარმეტყველი იყო. როგორც ჩანს წმ. ირინეოსი, მეხსიერებით, ოსია წინასწარმეტყველს ციტირებს: „და მისთა ასსურასტანელსა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად“ (ოს. 10, 6). ეს იმით მტკიცდება, რომ ოსიას იგივე გამონათქვამს, როგორც ქრისტესა და მისი ვნებების წინასწარმეტყველებას, ტერტულიანესთანაც ვპოულობთ (Adv. Marcion. IV, 32: „როდესაც პილატემ ჰეროდეს ძღვნად მიჰგვარა, ამით ოსიას სიტყვები სარწმუნო ჰყო, რადგან ის ქრისტეზე წინასწარმეტყველებდა: შეკრული წაიყვანეს მეფესთან“); წმ. მოწამე იუსტინესთან (Dial. C. Tryph. Cap. 103: „როდესაც ჰეროდემ, არქელაოსის მემკვიდრემ, მისთვის შეთავაზებული ძალაუფლება მიიღო, პილატემ, რათა ესიამოვნებინა მისთვის, შებოჭილი იესო გაუგზავნა; ღმერთი ამას წინასწარ ხედავდა და თქვა: წაიყვანეს იგი ასირიელებთან, მეფისათვის ძღვნად“).
74 წმ. ირინეოსი, თავის ნაშრომში, „ერესების წინააღმდეგ“ (III, 20, 4) ამ სიტყვებს ესაია წინასწარმეტყველს მიაწერს (ესაიასთან ეს სიტყვები კი არ გვხვდება), IV, 22, 1-ში კი იერემია წინასწარმეტყველს. ამ სიტყვების იერემია წინასწარმეტყველს წმ. იუსტინეც განუკუთვნებს და იუდეველებს საყვედურობს, რომ მათ თავიანთი წმინდა წიგნებში, სხვა ადგილებთან ერთად, ესეც გამოტოვეს (Dial. C. Tryph. Cap. 72). წმ. იუსტინეს მოწმობის საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ მას და წმ. ირინეოსს ძველი აღთქმის წიგნების ან წინასწარმეტყველთა კრებულების (შეიძლება აპოკრიფულიც კი) ასეთი რედაქცია გააჩნდათ, რომელშიც ეს სიტყვები იერემია წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა, თუმცა იერემია წინასწარმეტყველის წიგნში ეს სიტყვები არ არის.
75 ჯვრის შესახებ, ასევე, 34 თავი იხილეთ.
76 აქ წმ. ირინეოსი დავითის ორი ფსალმუნის მუხლებს ერთმანეთში ურევს და ერთად ასაღებს (შეად. ფსალმ. 21, 17 და 21; 118, 120), თან ისინი ზეპირად მოჰყავს.