სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ

ნაწილი X

მთარგმნელი იოანე კაზარიანი

წინასიტყვაობანაწილი Iნაწილი IIნაწილი IIIნაწილი IV, ნაწილი V, ნაწილი VI, ნაწილი VII, ნაწილი VIII, ნაწილი IX

91. ამ აღთქმებს რომ წარმართნი დაიმკვიდრებენ, რომელთაც ახალი აღთქმა გამოეცხადათ, (ამის შესახებ) ესაია ამბობს: „ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას. აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს“ (ესაია. 17, 6-8). ეს აშკარად მათზეა ნათქვამი, ვინც კერპები მიატოვა და ღმერთი, ჩვენი შემოქმედი, იწამა ისრაელის წმიდის მიერ; ისრაელის წმიდა კი ქრისტეა, რომელიც ადამიანთათვის ხილული გახდა და მისდამი მივაპყარით (ჩვენი) მზერა და აღარ ვსასოებთ წარმართულ კერპებსა და ჩვენს ხელთა საქმეს.

92. ჩვენთვის რომ ხილული იქნება, რადგან ძე ღვთისა განკაცდა და ჩვენს მიერ შეცნობადია მაშინ როდესაც მისი შემეცნება არ გაგვაჩნდა, (ამის შესახებ) თავად სიტყვა85 ამბობს ესაიასთან: „მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქ ვარ – ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი“ (ესაია. 65, 1).

93. ეს ხალხი რომ წმინდა იქნება, თორმეტ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი ოსია ასე ამბობს: „ვეტყვი ხალხს, რომელიც ჩემი არ არის: ჩემი ხალხი ხართ და შეუყვარებელს შევიყვარებ; სადაც ეუბნებოდა მათ: ჩემი ხალხი არ ხართ, იქ ეწოდებათ მათ ცოცხალი ღვთის შვილები“86. იგივეს ამბობს იოანე ნათლისმცემელი: „ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მათე. 3, 9). ქვისადმი მსახურების გამო ამოიძირკვა ჩვენი გულები, ხოლო რწმენით განთავისუფლების შემდეგ ღმერთს ვხედავთ და აბრაამის შვილნი ვხდებით, რომელიც რწმენით გამართლდა. ამიტომ, იეზეკიელ წინასწარმეტყველის მიერ ღმერთი ამბობს: „მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ, რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები“ (იეზეკ. 11, 19-20).

94. ამრიგად, ღვთის სიტყვის მიერ ახალი მოწოდებით წარმართებს გული შეეცვალა, როდესაც (სიტყვა) განკაცდა და ადამიანთა (შორის) მეუფებდა, როგორც ამბობს მისი მოწაფე, იოანე: „სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის“ (იოანე. 1, 14). ამიტომაც მრავლად ნაყოფიანობს ეკლესია მათში ვინც ცხონდა. რადგან არც ელია (წინასწარმეტყველი) და არც მოსე შუამავალნი არ არიან, არამედ თავად უფალმა გვაცხოვნა, მან (უფალმა) ეკლესიას, პირველშობილთა კრებულს, მრავალი შვილი შესძინა, როგორც აუწყებდა ესაია: „გაიხარე, ბერწო, უშობელო!“ (ესაია. 54, 1). უნაყოფო აქ ეკლესიაა, რომელშიც წარსულში ღვთის შვილები არ ჩნდებოდნენ. „ სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს…(ესაია. 54, 1); პირველ კრებულს კი ქმრად რჯული ჰყავდა.

95. მოსეც ამბობს მეორე რჯულში, (რომ) წარმართნი პირველნი იქნებიან, ურჩი ხალხი კი ბოლო და კვლავ ამბობს: „გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ“ (რჯლ. 32, 21), რადგან მათ ჭეშმარიტი ღმერთი მიატოვეს და არარსებულ ღმერთებს სცეს თაყვანი; ღვთის წინასწარმეტყველნი მოკლეს და ბაალს წინასწარმეტყველებდნენ, რომელიც ქანაანელთა კერპი იყო; მათ განსაჯეს და მოიძულეს ჭეშმარიტი ღვთის ძე, ავაზაკი ბარაბა კი აირჩიეს, რომელიც მკვლელობის გამო იყო დაპატიმრებული; მარადიული მეფე უარყვეს და დროებითი მეფე – კეისარი – აღიარეს თავიანთ მეფედ. ამიტომ, კეთილ ინება ღმერთმა უგუნური წარმართებისთვის მემკვიდრეობის მიცემა, რომლებიც არც ღვთისნიერად ცხოვრობდნენ და არც იცოდნენ, თუ რა არის ღმერთი. შესაბამისად, ამ მოწოდებით სიცოცხლე მოგვეცა და ღმერთმა ჩვენში აბრაამისეული რწმენა კვლავ სრულყო, ანუ ვამბობ, რომ პირველ რჯულს არ უნდა დავუბრუნდეთ, რადგან უფლის – ღვთის ძის რჯული მივიღეთ და მისი რწმენით მთელი გულით უფლისა სიყვარულსა და მოყვასის, როგორც საკუთარი თავის სიყვარულს ვისწავლით; ღვთის სიყვარული კი ყოველგვარ ცოდვას მოკლებულია, მოყვასისადმი სიყვარული კი მოყვასს ზიანს არ აყენებს.

96. ამიტომ არ გვჭირდება რჯული აღმზრდელის სახით. (ჩვენ) მამას ვესაუბრებით და მის პირისპირ ვდგავართ; უკეთურებაში ჩვილნი ვართ, ყოველგვარ სიმართლესა და თვინიერებაში კი გავმყარდით. რჯული აღარ იტყვის – „არა იმრუშო“ (გამ. 20, 14) – მას, რომელსაც უნებლიე სურვილი არ აქვს და რომელსაც სხვისი ცოლი არ სურს (შეად. მათე. 5, 27-28); რჯული აღარ ეტყვის – „არა კაც ჰკლა“ (გამ. 20, 13) – მას, რომელმაც გულიდან ყოველგვარი მრისხანება და მტრობა ამოიგდო (შეად., მათე. 5, 21-22); რჯული აღარ ეტყვის – „არა ისურვო სახლი მოყვასისა შენისა, არცა ხარი მისი, არაცა სახედარი მისი“ (გამ. 20, 17) – მათ, რომელთაც მიწიერი ნივთები არ ადარდებთ, არამედ ზეციურ ნაყოფს კრეფენ; რჯული აღარ ეტყვის – „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ (გამ. 21, 24) – მას, რომელიც არც ერთ ადამიანს მტრად არ მიიჩნევს, არამედ მისთვის ყველა მოყვასია, ამიტომ არც გაიშვერს არასოდეს ხელს შურისგებისთვის; არ მოეთხოვება მეათედი (მას, რომელიც) მთელ ქონებას ღმერთს სწირავს, რომელმაც დედა, მამა და მთელი თავისი სანათესაო დატოვა და ღვთის სიტყვას შეუდგა (ანუ, ქრისტეს); არ მიეცა მცნებად ერთი დღის უქმედ დაცვა მას, რომელიც ყოველდღე შაბათს იცავს ანუ ღვთის ტაძარს (იცავს), რომელიც ადამიანის სხეულია და რომელიც ღმერთს მსახურობს და ყოველ საათს სიმართლეს იქმს. ამბობს (ღმერთი): „რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი“ (ოსია. 6, 6); „თუ უკეთური ხარს შემომწირავს, ეს იგივეა, რომ ძაღლი მოეკლა; პურის შემომწირველი იგივეა, რაც ღორის სისხლის შემომწირველი“ (ესაია. 66, 3), მაგრამ: „ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს (იოველ. 2, 32); „არ არსებობს ცის ქვეშ სხვა უფლის სახელი, რომლითაც ცხონდებოდა ადამიანი“ (საქმე. 4, 12)87, გარდა ღვთის, ანუ იესო ქრისტეს, ღვთის ძის სახელისა, რომელსაც დემონები, ბოროტი სულები და მეამბოხე ძალები ემორჩილებიან.

97. პონტოელი პილატეს ჯვარზე ცმული იესო ქრისტეს სახელის მოხმობით კაცობრიობა გაიყო. სადაც მორწმუნენი მას საშველად მოუხმობენ და მის ნებას აღასრულებენ, ის იქ მათთან ახლოს არის და მათ თხოვნას ასრულებს, ვინც მას სუფთა გულით მოუხმობს. ღვთის მიერ ვიღებთ ცხონებას და მუდამ მისდამი სამადლობელს აღვავლენთ, რომელიც თავისი მრავალი მიუწვდომელი და ურყევი სიბრძნით გვიცავს და ზეციდან ცხონებას გვიქადაგებს, ანუ ჩვენი უფლის ხილულ მოსვლას, მის კაცობრივ ცხოვრებას; ცხონებას ჩვენით ვერ მივაღწევდით, რადგან კაცთათვის შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია (შეად., ლუკა. 18, 27). ამიტომ ამბობს მის შესახებ იერემია: „ვინ ავიდა ზეცად და მისი სიბრძნე ჩამოიტანა ღრუბლებიდან? ვინ გადაიარა ზღვა, იპოვა ის და მოიტანა, ოქროზე ძვირფასი? არავინ არის, ვინც მისდამი გზას იპოვიდა და მისი გზა სცოდნოდა, არამედ მხოლოდ ის, ვინც ყოველივე იცის და თავისი გონებით სჭვრეტს მას; რომელმაც დედამიწა შექმნა სამარადისოდ და ოთხფეხა საქონლით აავსო; რომელიც სინათლეს ავლენს და თუ ის კვლავ მოუხმობს მას, ის დაემორჩილება. ვარსკვლავები, თავის მწყობრში, სიხარულით განათდნენ და როდესაც ის მათ მოუხმობს, ისინი პასუხობენ: აი, ჩვენ და სიხარულით ნათდებიან მათი შემოქმედისთვის. ეს ჩვენი ღმერთია, ვერავინ შეედრება მას. მან სიბრძნის ყველა გზა იპოვა და თავის მონას, იაკობს, თავის საყვარელ ისრაელს მიანიჭა ის. ამის შემდეგ კი ის დედამიწაზე გამოჩნდა და ადამიანთა შორის დადიოდა. აი, ღვთის მცნებებისა და რჯულის წიგნი, რომელიც მარადიულია. ყველა, ვინც მას იცავს, იცოცხლებს, ხოლო ვინც მიატოვებ – მოკვდება“ (ბარ. 3, 29-38; 4, 1)88. მაგრამ (წინასწარმეტყველი) იაკობსა და ისრაელს ღვთის ძეს უწოდებს, რომელმაც მამისაგან ჩვენს ცხოვრებაზე მეუფება მიიღო; ხოლო, როდესაც მიიღო, ჩვენთან მოიტანა, რომელნიც შორს ვიყავით მისგან, როდესაც ის დედამიწაზე მოვიდა და ადამიანთა შორის მიმოიქცეოდა. მან მამა-ღმერთის სული ქმნილებას შეურია და შეუერთა, რათა ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსება ყოფილიყო.

98. ეს არის ჭეშმარიტების საყვარელი ქადაგება და ჩვენი ცხონების სახე, სიცოცხლის გზა, რომელიც წინასწარმეტყველებმა გვამცნეს, ქრისტემ კი აღასრულა, მოციქულებმა გადმოგვცეს, ეკლესია კი მთელს მსოფლიოში მას თავის შვილებს ანდობს. ის (ანუ, ჭეშმარიტება) მთელი სისავსითა და საღი ნებით უნდა დავიცვათ – კეთილი საქმეებითა და სურვილის საღი მიდრეკილებით.

99. ჭეშმარიტი მამა-ღმერთი ჩვენი შემოქმედისგან არ უნდა განვასხვავოთ, როგორც ამას მწვალებლები89 წარმოისახავენ: ცოცხალი ღმერთი სძულთ, რაღაც არარსებულს კი აღმერთებენ; იქმნიან მამას, რომელიც ჩვენს შემოქმედს აღემატება და ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტებაზე აღმატებული რაღაც უპოვიათ. ეს უღვთოები თავის შემოქმედსა და მამას გმობენ, როგორც ვაჩვენეთ ცრუმეცნიერების მხილებასა და გმობაში90. სხვებმა კი ღვთის ძის მოსვლა და მისი განკაცების განგება მოიძულეს, რომელიც მოციქულებმა გადმოგვცეს, მანამდე კი წინასწარმეტყველებმა გვამცნეს, რომ (ამით) აღსრულდება კაცობრიობის სრულყოფა, როგორც მცირედით გიჩვენეთ91. ასეთნი მცირედმორწმუნეებს განეკუთვნენ. ზოგნი კი სული წმიდის ნიჭებს არ იღებენ და წინასწარმეტყველურ ნიჭებს გმობენ, რომლებიც ადამიანს ღმერთში ცხოვრებით ნაყოფად მოაქვს. მათზე ამბობდა ესაია: „იქნებიან ისინი, როგორც მუხა, რომელსაც ფოთოლი ჩამოცვივდა და როგორც ბაღი, რომელშიც წყალი არ არის“ (ესაია. 1, 30). ასეთნი ღმერთს არ ესათნოვებიან, რადგან ვერანაირი ნაყოფი ვერ მოაქვთ.

100. ასეთია ჩვენი ბეჭდის92 სამ თავთან დაკავშირებული (გნოსტიკოსების) ცდომილებები, რომლებიც მეტისმეტად განუდგნენ ჭეშმარიტებას. (გნოსტიკოსებს) ან მამა სძულთ, ან ძეს უარყოფენ და მისი განკაცების განგების საწინააღმდეგოდ ასწავლიან, ან სულს უარყოფენ, ანუ სძულთ წინასწარმეტყველება. ასეთებს უნდა ვუფრთხილდეთ და მათ ზნეს ვერიდოთ, თუ ნამდვილად გვსურს ღვთის სათნოები ვიყოთ და მისგან ცხონება მივიღოთ.

ირინეოსის მიერ სამოციქულო ქადაგების (გაცხადება) მოწმობა.

დიდება ყოვლადწმიდა სამებას და ერთ ღვთაებას – მამასა და ძესა და ყოვლადმოწყალე სული წმიდას, უკუნისამდე, ამინ!

ღვთაებრივი და სამგზის ნეტარი არქიეპისკოპოსი, მეუფე იოანე, წმინდა მეფის ძმა, რომელმაც ეს წერილი მიიღო და მისი უბადრუკი მწერალი უფალში მოიხსენიეთ.

Paris, le 25 aout, 1913 (პარიზი, 25 აგვისტო, 1913).

85 ტექსტში ჰიპოსტასური ღვთის სიტყვა იგულისხმება – ლოგოსი (Բանն)

86 წმ. ირინეოს აქაც მეხსიერებით მოჰყავს ოსია წინასწარმეტყველის სიტყვები (ოსია. 2, 23; 1, 10; შეად. რომ. 9, 25).

87 საქმე 4, 12 ამონარიდი მეხსიერებით მოჰყავს ავტორს, რადგან ის ზუსტი არ არის.

88 აქ წმ. ირინეოსმა, სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომა დაუშვა: ბარუქის არაკანონიკური წიგნის ციტირებისას, ციტატის ავტორად იერემია წინასწარმეტყველს ასახელებს.

89 მწვალებლებში აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან, რომლებიც ერთ ღმერთს დემიურგისგან (შემოქმედისაგან) განასხვავებენ და რომლებსაც წმ. ირინეოსი ეკამათებოდა. ტექსტში გამოიყენება სიტყვა այլաղանդքն [ailag’andk’n], ანუ ის, ვინც კრებულისგან განდგომილია, ან სექტას ეკუთვნის.

90 აქ წმ. ირინეოსი მკითხველს თავის ვრცელ აპოლოგეტიკურ ნაშრომს ახსენებს და სრულად ასახელებს მას – „ცრუმეცნიერების მხილება და გმობა“, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „ერესების წინააღმდეგ“. აღსანიშნავია, რომ წმ. ირინეოსის ამ ვრცელი ნაშრომის სახელწოდება პავლე მოციქულის სიტყვების (1 ტიმ. 6, 20) ალუზიაა: „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას“.

91 ანუ, მარკიანეს, რომელსაც გაუგზავნა წმ. ირინეოსმა ეს ნაშრომი (იხ. 1-ლი თავი).

92 იგულისხმება სამი თავის სახელით ნათლობა: სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, რაზეც წინა თავშია საუბარი (იხ. 99-ე თავი).