არამიწიერი გონება, როგორც „ღვთის ხატი“ მიწიერი პერსპექტივის თვალსაზრისით
(ასტროთეოლოგიური პერსპექტივა)
ავტორი – იოანე კაზარიანი
„ახალი სისტემა გულისხმობს, რომ
გარდა იმ სისტემისა, რომელშიც ჩვენ ვმკვიდრობთ,
არსებობს პლანეტებისა და მზეების მრავალი სხვა სისტემა;
კერძოდ, ყოველი ფიქსირებული ვარსკვლავი არის მზე
და გარემოცულია პლანეტების სისტემით.
ეს პლანეტები არის ბინადრობის სამყაროები, ანუ ადგილები“
ვილიამ დერემი,
ინგლისელი მღვდელი, ღვთისმეტყველი,
ნატურფილოსოფოსი და ფიზიკოსი (XVII-XVIII სს.)
ამ სტატიაში შეთავაზებულ თემას, ნაწილობრივ, ერთ–ერთ წინა სტატიაში შევეხეთ (1). ამ ნაშრომში, გვსურს, უფრო დაწვრილებით ვიმსჯელოთ „ღვთის ხატის“ შესახებ ჰიპოთეტურად არსებულ გონებასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, რთულია მსჯელობა იმაზე, რაც ჯერ კიდევ უტყუარი რეალობის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად იგი რეალისტურად მოიაზრება, როგორც ჰიპოთეტურად არსებული. არამიწიერი გონებისადმი მიძღვნილ წინა სტატიებში არაერთხელ აღვნიშნავდით, რომ არამიწიერი გონების ბუნებრივი შემადგენელი და მისი პიროვნული კატეგორიზაცია შეიძლება ძლიერ კონტრასტირებდეს ამ საგნების შესახებ ჩვენს მიწიერ წარმოდგენებთან, მაგრამ ეს არანაირად არ ზღუდავს ჩვენს მისწრაფებას ერთგვარი სპეკულატიური ღვთისმეტყველებისკენ, რომელიც შეიძლება სავსებით რეალური და გამართლებული აღმოჩნდეს SETI-ს (search for extraterrestrial intelligence – არამიწიერი გონების ძიება) საკითხთან დაკავშირებულ სამომავლო აღმოჩენებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ანთროპოლოგიაში „ღვთის ხატის“ საკითხი ჯერ არ არის სრულად შემუშავებული და შემდგომ კვლევებსა და შემუშავებას საჭიროებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში, ამ მიმართულებით, ჯერ ვერანაირ ძვრას ვერ ვაკვირდებით და ეს იმიტომ, რომ თანამედროვე მართლმადიდებლური ანთროპოლოგია არ პროგრესირებს და ჩვენი დროის სამეცნიერო გამოწვევებზე არ რეაგირებს (განსაკუთრებით, გენეტიკის სფეროში და ზოგადად ბიოლოგიაში და საერთოდ არ ითვალისწინებს ადამიანის ევოლუციურ ისტორიას) (2). ამიტომ, „ღვთის ხატის“ საკითხის ამგვარი დაუსრულებლობა და შეუმუშავებლობა უკვე გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის ჩვენ, ვისაც გვსურს, რომ ამ საკითხზე ასტროთეოლოგიის ჭრილში ვიმსჯელოთ. თუმცა, ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ ამ საგანზე გარკვეული წარმოდგენა შევქმნათ. ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება მონაცემები, რომლებიც უკვე გვაქვს როგორც პატრისტიკული „ღვთის ხატის“ ღვთისმეტყველებიდან, ისე არამიწიერი გონების შესახებ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენიდან.
ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, პიროვნება (ყველაზე მარტივი განმარტებით) არის ფიზიკური სხეულისა და მეტაფიზიკური სულის კავშირი. როგორც ასეთი, პიროვნულობის გაგება ფრიად ღრმა და ბოლომდე აუხსნელია, რადგან იგი ადამიანის (თვით)შეგნების (ცნობიერების) გაგებას უკავშირდება, რაც ჯერ კიდევ თავად საჭიროებს შესწავლას. მაგრამ, ჩვენ ახლა ამაზე არ გვსურს საუბარი. ფიზიკური სხეული შესწავლილია და მისი შესწავლა გრძელდება და ამ სფეროში დიდ პროგრესს ვხედავთ, მაგრამ რა არის სული ამ შემთხვევაში? ერთიანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ეს მეტაფიზიკის, ანუ რწმენის წილია და აქ ჩვენ ხშირად მივმართავთ არა მხოლოდ ეკლესიის წმინდა მამებს, არამედ ფილოსოფიური და რელიგიური აზრის ანტიკურ წამომადგენლებს, ასევე აღმოსავლური რელიგიების წარმომადგენლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კათოლიკე ღვთისმეტყველის, ჯანფრანკო რავაზის, მშვენიერი ნაშრომი „სულის მოკლე ისტორია“ (3), რომელშიც ავტორს მოჰყავს სხვადასხვა რელიგიურ კულტურაში სულის შესახებ არსებული სხვადასხვა მტკიცებულება. ავტორს სული წარმოუდგება, როგორც სუნთქვა, ქროლვა, ქარი (4), მეტაფიზიკური ძალა და იგი არის (თვით)შეგნებული, პიროვნული და წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს იმ გაგებისა, რასაც „ადამიანს“ ვუწოდებთ. ანუ, ადამიანი არის ფსიქოსომატური არსება, რომელიც თავის თავში ერთდროულად ორ სამყაროს მოიცავს: ფიზიკურს და მეტაფიზიკურს, ხილულსა და უხილავს. მეცნიერების სამყარო ხილული სხეულის ბიოლოგიას შეისწავლის, ღვთისმეტყველების სამყარო კი შეისწავლის სულს, როგორც ჩვენი ყოფის ტრანსცენდენტულ რეალობას. ყველაფერი, რაც ადამიანზე ვიცით, არის ჩვენივე მიწიერი წარმოდგენა ჩვენზე. ამ წარმოდგენების ნაწილი მეცნიერულად (ბუნებათმცოდნეობით) არის შესწავლილი, ნაწილი კი ღვთისმეტყველების (გამოცხადების) კუთხით. წმინდა მამების უმეტესობა, „ღვთის ხატის“ ძირითად ნიშან–თვისებად გამოყოფენ – გონებას, რომელიც ადამიანმა შექმნისას მიიღო, მაგრამ ზოგი ერთი მამა ფიქრობდა, რომ ადამიანი შექმნილია განკაცებული ლოგოსის – მამა ღმერთის სიტყვის – ხატად (რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ). წმ. ათანასე დიდი წერს ადამიანებზე, რომ ღმერთმა „ისინი არ შექმნა პირუტყვების მსგავსად, არამედ თავის ხატად შექმნა ისინი და უზიარა მათ თავისი სიტყვის ძალა, რათა ჰქონოდათ თავის თავში სიტყვის ერთგვარი ელფერი და გახდებოდნენ რა მეტყველნი, შეძლებდნენ ნეტარებაში ყოფნას, ჭეშმარიტი ცხოვრებით – სამოთხეში წმინდანთა ცხოვრებით – ცხოვრებას“ (PG. 25, Col. 101). მაშასადამე, წმ. ათანასეს თანახმად, ადამიანს გონება თავად ღმერთმა უზიარა და უმთავრესად ეს განასხვავებს ადამიანს ყოველივე სამყაროში არსებული და კაცობრიობისთვის იმხანად ცნობილი არაგონიერი (პირუტყვი) ქმნილებისგან. ამავდროულად, ათანასესთვის აშკარაა უზენაესი გონების – ღვთაებრივი სიტყვის (Λόγος) და ადამიანის მეტყველების (λογικὸν) ბმა, რასაც ის ერთ ფრაზაში – „ღვთის ხატში“ – მოიაზრებს. ამგვარად, ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობით არის დაკავშირებული, რაც მას მთელი ქმნილებისგან გამოჰყოფს. წმინდა მამები „ღვთის ხატს“ თავისუფლების, ძალაუფლების, შემოქმედებითი ძალის, (თვით)შეგნების გაგებასაც უკავშირებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით (თეისტური ევოლუციის პერსპექტივით), გონიერება და მეტყველება „ღვთის ხატის“ გაგებაში პირველ როლს უნდა თამაშობდნენ. გონიერების თემა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე არის ლოგოსი (ὁ λόγος) (იოანე. 1, 1). ეს არის ბერძნული მრავალმნიშვნელოვანი ტერმინი – λόγος, რომელსაც ძალიან სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამ ტერმინს მნიშვნელობების ფართო დიაპაზონი გააჩნია: დაწყებული „ენიდან“, დამთავრებული „სამყაროს კოსმოსური წყობით“, მაგრამ მისი ერთ–ერთი უპირველესი მნიშვნელობაა გონება. ეს სამყაროსეული გონება არის ლოგოსი, ქრისტე, რომლის ხატსაც ატარებს ადამიანი. წმ. ირინეოს ლიონელის თანახმად, ასედაც არის: : „Զի կերպարան Աստուծոյ արար զմարդն, եւ կերպարան Աստուծոյ Որդին է, որոյ ըստ կերպարանին եղեւ մարդն: Եւ վասն այսորիկ ի վերջին ժամանակս երեւեցաւ, զի զկերպարանն նման ինքեան ցուցցէ:“ – „რამეთუ ღვთის ხატად შექმნა [ღმერთმა] ადამიანი, და ღვთის ხატი კი – ძე არს, რომლის ხატადაც წარმოიშვა ადამიანი. ამიტომ, [ძე] მოევლინა ბოლო ჟამს, რათა ხატების მსგავსება თავად ეჩვენებინა“ (იხ. „სამოციქულო ქადაგების გაცხადება“, თ. XXII, რომელიც ჩვენამდე მოაღწია გრაბარის (ძველ.სომხური თარგმანის სახით). ჩვენ განგებ არ შევეხებით ახლა „მსგავსების“ საკითხს, რადგან ეს უკვე სხვა საკითხია, რომელიც სხვა მსჯელობებისკენ წაგვიყვანს. ჩვენ ვიცით, რომ მიწიერი (ქრისტიანული) პერსპექტივისთვის ადამიანი ღმერთთან მსგავსებას ღვთაებასთან სინერგიაში (თანამშრომლობაში) გამოიმუშავებს არის რა „ღვთის ხატი“ ამავდროულად. ანუ, ადამიანი, რომელსაც ღვთის ხატი აქვს, ამ ხატებას ფლობს, როგორც ზეგარდამო ნიჭს, ატარებს მას თავის თავში, როგორც თავისი ბუნების ლოგოსს (ჩანაფიქრს, იდეას). ადამიანის შესახებ ეს ლოგოსი ღმერთს ჯერ კიდევ მარადიულობაში ჰქონდა (ეფეს. 1, 4). ადამიანი მას ნიჭად იღებს. ეს ნიჭი – ხატება – ადამიანს უნდა დაემსგავსებინა თავისი ღვთაებრივი შემოქმედისთვის, ანუ ეს ლოგოსი თავისი ყოფის გარკვეულ ტროპოსამდე უნდა მიეყვანა, ანუ უნდა განმღრთობილიყო. წმინდა წერილიდან ვიცით, თუ როგორ უნდა შევიდეთ ღმრთთან სინერგიულ ურთიერთობაში, რათა ეს ხატება ღმერთისთვის დაემსგავსებინა და ღმერთის მსგავსი გამხდარიყო (თეოზისი). მაგრამ, როდესაც „ხატებაზე“ არამიწიერი გონების პერსპექტივაში ვმსჯელობთ, ამ საკითხზე ვერაფერს ვიტყვით. ჩვენთვის ჯერ უცნობია, როგორ მუშაობენ ტროპოსული „მექანიზმები“ ეგზოპლანეტურ პერსპექტივაში, რადგან წმინდა წერილში ადამიანისთვის მიცემული სინერგიული მოდელი წარმოადგენს თეოზისის მიღწევის საშუალებას მიწიერ პერსპექტივაში და შრომა თავის თავზე კონკრეტულ მუშაობას ეხება, მაშინ როდესაც, „ღვთის ხატზე“ მხოლოდ თეორიულად მსჯელობა შეგვიძლია, რადგან ეს მხოლოდ ზეგარდამო ნიჭია, რომლის მიღებისას არანაირ მუშაობას თუ ასკეტიკას არ გულისხმობს.
წმ. ირინეოს ლიონელი არაორაზროვნად აცხადებს, რომ ადამიანში „ღვთის ხატი“ შეესაბამება ზუსტად განკაცებულ ლოგოსს, ანუ ღმერთს, რომელმაც ფიზიკური ხორცი შეიმოსა. წმ. ირინეოს ლიონელის ტექსტის ღვთის ძე, რომლის ხატებასაც ადამიანი ატარებს, არის არა უბრალოდ სიტყვა, არამედ გონიერი, პიროვნული, ჰიპოსტასური, თვითშემეცნებადი სიტყვაა და თუ ეს ღვთაებრივი პერსპექტივა ანთროპოლოგიაში გადაგვაქვს, მაშინ ადამიანი, როგორც „ღვთის ხატი“ არის თავის ღმერთი–ლოგოსის „მცირე ლოგოსი“, მცირე გონება, რომელმაც გონიერების ნიჭი ზეგარდამო მიიღო. ადამიანი მცირე ლოგოსის მატარებელია. წმ. გრიგოლ ნოსელი (PG. 44, Col. 145) ადამიანს განსაზღვრავს, როგორც „λογικὸν ζῶον“ – „გონიერი (მეტყველი) ცხოველი“, გონიერება და მეტყველება – λογικὸν – კი ყველაზე გამომხატველი ნიშან–თვისებებია, რომლებიც ადამიანს ცხოველისგან გამოარჩევს. თავისი ბუნების ამ თვისებების წყალობით ადამიანი მთელ ქმნილებაზე მაღლა დგება, მსოფლიო კოსმოსური ცხოვრების განმმარტებლად და მჭვრეტელად იქცევა, ამიტომ, ამ თვისებებით აიხსნება ადამიანის წარმოშობის მიზანიც და მისი ქმნილებისადმი დამოკიდებულებაც. წმ. გრიგოლ ნოსელს მიაჩნია, რომ ადამიანში „ღვთის ხატი“ მისი სხეულის გარეგან ფორმაში კი არ უნდა დავინახოთ (როგორც ეს ესმის წმ. ირინეოსს), არამედ მისი გონიერი სულის ბუნებაში. ამას თავისთავად მოითხოვს ჭეშმარიტი გაგება ღვთაების შესახებ, რომლისთვისაც მატერიალური ყოფის ჩრდილიც კი სრულიად უცხოა. ასე რომ, თუ ადამიანი „ღვთის ხატია“, მაშინ, ეს ხატი შეიძლება იყოს მხოლოდ სულში, რომელიც ღმერთთან ახლოსაა თავისი სულიერების ძირითადი თვისებით (PG 44, Col. 177-180). ხატებისა და სულის ცნებების ახსნისას, წმ. გრიგოლი გამოხატავს აზრს, რომ ადამიანი თავის თავში ღმერთს ასახავს თავისი ბუნების სულიერებით (PG. 46, Col. 509) რათქმა უნდა, წმ. გრიგოლს ესმის, რომ ღმერთის სულიერება აბსოლუტურია, ადამიანის სული კი შეზღუდულია (PG. 46, Col. 41). ამიტომ მიუთითა წმ. გრიგოლ ნოსელმა „ღვთის ხატზე“ სულის ბუნებაში. მან იგი ჰპოვა თავად სულიერებაში, რომელიც არის უხორცო და რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი სივრცითი განსაზღვრება. ამიტომ, წმ. გრიგოლის თანახმად, მისთვის „ღვთის ხატის“ ცნება პირველ რიგში მეტაფიზიკურია.
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რისი ციტირებაც აქ წმინდა მამათა პატრისტიკიდან მოვახდინეთ, ეხება „ღვთის ხატის“ მიწიერ გაგებას და თანაც შუა საუკუნეებისა და ანტიკურობის პერსპექტივაში. როგორც ვხედავთ, „ღვთის ხატის“ საკითზე წმინდა მამათა გამონათქვამები განსხვავდება. წმინდა მამებს, როგორც პლანეტა დედამიწის მკვიდრებს და თავის დროის შვილებს, გარკვეული წარმოდგენები ჰქონდათ ანთროპოლოგიასა და მათ გარშემო სამყაროზე ვიზუალური დაკვირვებიდან გამომდინარე. მრავალი წმინდა მამა ბუნების მკვლევარი იყო და ამიტომაც ქმნილი ხილული სამყაროს ფიზიკაზეც მსჯელობდნენ, რაც მათ მოსაზრებებს (პროტო)მეცნიერულ საფუძველს სძენს. რას გვაძლევს ეს ჩვენ, არამიწიერ გონებაზე თანამედროვე მსჯელობისას? შეიძლება, რომ ეს მიწიერი პროექციები და მოდელები ეგზოპლანეტური რეალობის მიმართ გამოვიყენოთ? ამაოდ არ აღვნიშნეთ ზემოთ, რომ თანამედროვე მართლმადიდებლური ანთროპოლოგია ძლიერ მოიკოჭლებს, რადგან ბიოლოგიისა და გენეტიკის დარგების თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებს არ ითვალისწინებს. ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით, ასტრობიოლოგიის განვითარების ფონზე, რომელიც სხვა ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის არსებობას და მათ ევოლუციურ რეალობას უშვებს, რომელსაც შეიძლება ჩვენგან განსხვავებული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ჰყავდეს ან არსებობის სხვა ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს, მაგალითად, სილიციუმის ან პლაზმის ან კიდევ რომელიმე სხვა. სხვა კლიმატურ პირობებში საუბარი „სუნთქვაზე“, როგორც პირდაპირი გაგებით გონიერი სულის გაგებაზე, უადგილოა და ასეთი არამიწიერ რეალობაში როგორ წარმოვიდგინოთ „არამიწიერი გონიერი სულის“ გაგება? აშკარაა, რომ მომავალში, შეიძლება ზოგიერთ ანთროპოლოგიურ პრობლემას წავაწყდეთ, თუკი „ღვთის ხატის“ გაგებას საბოლოოდ „გონიერი სულის“ შესახებ წარმოდგენებს მივაბამთ და ამ ცნებას სხვადასხვა აზრობრივ კატეგორიაში არ განვავითარებთ. ეგზოპლანეტური გონიერი სიცოცხლის ფორმის აღმოჩენა უნდა გახდეს (გარკვეულ წილად) „ღვთის ხატის“ ქრისტიანული ანთროპოლოგიის ხელახალი გააზრების მიზეზი. ყველაფერი, რაზედაც შუა საუკუნეებისა და ანტიკურობის ავტორები წერდნენ, არის მათი დროის რეალობა და მათი რწმენის პროექცია. ჩვენ (ჯერ) ვერ გვეცოდინება, შეიძლება თუ არა, რომ არამიწიერ გონიერებას სული ჰქონდეს და საერთოდ, როგორ გვესმოდეს სული ამ პროცესში? დედამიწის გონიერ მკვიდრთათვის (დამკვირვებლებისთვის), რომლებიც სულის განსაზღვრებას იძლევიან, სული არის სიცოცხლის სუნთქვა. ზოგჯერ, სული (ვიზუალური დაკვირვებებით) ადამიანის სხეულის სუნთქვით ორგანოებთან თანხვედრაში მოდიოდა, რაც ჩვენს პლანეტაზე გარკვეული კლიმატური პირობების სტაბილიზაციის ფონზე სიცოცხლისა და სუნთქვის ორგანოების განვითარების საშუალებას იძლეოდა. მაგრამ, რა არის „სუნთქვა“ არამიწიერ გონიერ რეალობასთან მიმართებაში? სულისა და სუნთქვის ჩვენი მიწიერი განსაზღვრებები მომდინარეობს იქიდან, თუ რას ვხედავთ და ვაკვირდებით ვიზუალურად დედამიწაზე – ვხედავთ, თუ როგორ ავსებს ჰაერი მკერდს ჟანგბადით და სუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ეგზოპლანეტებზე არსებულმა სხვა კლიმატურმა პირობებმა სიცოცხლის სულ სხვაგვარი გაგება შეიძლება მოგვცენ და აქ შეიძლება სიტყვები „სუნთქვა“ და „სული“ ვერ გამოვიყენოთ. ამგვარად, ბიოლოგია (და განსაკუთრებით, ასტრობიოლოგია) ასტროთეოლოგიაში არსებით როლს თამაშობს „ღვთის ხატის“ თეორიულად ალტერნატიული გაგების საკითხში. ეჭვგარეშეა, რომ ეგზოპლანეტური სიცოცხლის ნებისმიერი გონიერი ფორმა უნდა განვსაზღვროთ, როგორც „ღვთის ხატი“, რადგან ამ სამყაროს შემოქმედი – ღმერთია (იოანე. 1, 1-3; ებრ. 11, 3 და სხვ.). არამიწიერი გონების არსებობის აღმოჩენა მომავალში გვაიძულებს, რომ „სულისა“ და „სუნთქვის“ ცნებები ხელახლა გავიაზროთ. ამიტომ, ნეტარი ავგუსტინეს ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა, რომ „ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა და ეს პირველ რიგში სულს ეხება“ ძალას დაკარგავს და მათი გადახედვა გახდება საჭირო (5). თუმცა, აქ აუცილებელია ამ სიტყვის განმარტებაში კონკრეტიკა შემოვიღოთ. თუ სულში ვხედავთ გონებას, როგორც სუფთა მეტაფიზიკურ რეალობას „სიცოცხლის სუნთქვა“-სთან (დაბ. 2, 7) შემხებლობის გარეშე (დედამიწის ბიოლოგიურ და კლიმატურ პერსპექტივაში რომ ვთქვათ), მაშინ ეგზოპლანეტურ პერსპექტივაში სულის როგორც „ღვთის ხატის“ გაგებას არსებობის უფლება ექნება.
ამგვარად, თუ „ღვთის ხატი“ მეტაფიზიკურ გონებაში მდგომარეობს, მაშინ, არამიწიერი სიცოცხლის ნებისმიერი გონიერი გამოვლინება შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ღვთის ხატი“, რომელიც ჩვენი თანაბარია ღირსებით („დედამიწისეული შოვინიზმის“ თავიდან არიდებისთვის), რადგან მეტაფიზიკურ შემოქმედ ღმერთს ჩვენი ფიზიოლოგიური იდენტობა არ გააჩნია მის მარადიულ უქმნელ ონტოლოგიაში. ღმერთი სამყაროში არსებული ყველა სახის გონიერი სიცოცხლის ფორმებისთვის თანაბრად არის შემოქმედი და ისინი მის ხატებას ატარებენ და ეს ხატი ღმერთმა მათ უზიარა მადლით, როგორც ნიჭი. თუ განვავრცობთ პავლე მოციქულის აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი არის ღმერთის მარადიული იდეა (ეფეს. 1, 4), არ შევცდებით, თუ ამ მუხლს სამყაროში ჰიპოთეტურად არსებულ სიცოცხლის გონიერ ფორმებს მივუსადაგებთ. ჩვენ უკვე დაწვრილებით ვისაუბრეთ (6) იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა განკაცება კონკრეტულად ჩვენთან – ჩვენს პლანეტაზე და შეიძლებოდა თუ არა, რომ იგი მომხდარიყო ეგზოპლანეტებზე. ამიტომ, ამ თემას აღარ დავუბრუნდებით. ვიტყვით მხოლოდ ერთს: ლოგოსის განკაცება კაცობრიობას არ აყენებს პრივილეგირებულ, აღმატებულ მდგომარეობაში, არამედ, პირიქით, ლოგოსის დედამიწაზე განკაცება მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩვენს ცივილიზაციას კონკრეტული მიზეზების გამო ესაჭიროებდა, შესაბამისად, სხვა ცივილიზაციებს ამის საჭიროება შეიძლება არც ჰქონოდათ (7).
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ „ღვთის ხატის“ გაგება მრავალ განსაზღვრებას მოიცავს, მაგრამ არ არსებობს ერთი მკაფიო განსაზღვრება, ხოლო არამიწიერი რეალობის ასპექტში „ღვთის ხატის“ გაგება უნდა გაფართოვდეს. ამ გაგებას მკაფიო განსაზღვრება შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს, რადგან მისი წყარო მეტაფიზიკური ღმერთია, რომელიც თავის მარადიულ ონტოლოგიაში შეუმეცნებელი რჩება. ღმერთის აპოფატურობა მისი გონიერი ქმნილების გარკვეულ აპოფატურობასაც გულისხმობს (წმ. ათანასეს მიხედვით, ეს არის ადამიანში „ლოგოსის ელფერი“). თუმცა, ეს არ უნდა იქცეს წინაღობად ამ მიმართულებით მომავალი კვლევებისთვის. ამიტომ კაცობრიობა კვლავ არის კვლევისა და შემეცნების ობიექტი და თავადაც აგრძელებს კვლევას და შემეცნებას, რითიც ადგილს ტოვებს სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენის და მათი განსაზღვრების შესაძლებლობისთვის. სამყაროს შემოქმედი ღვთაებრივი ლოგოსია, ამიტომ, ჩვენ, როგორც „მცირე ლოგოსებს“, ქმნილებაში თანამონაწილეობა გვეძლევა. ჩვენ ამ სამყაროს შევიმეცნებთ და ამ შემეცნებაში სრულყოფას განვიცდით. წმ. მაქსიმე აღმსარებელს, „ლოგოსების“ შესახებ სწავლებაში კარგი აზრები აქვს შემეცნების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად სიტყვა „ლოგოსი“ მრავალმნიშვნელოვანია და მისი გაგება და განმარტება კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე ხდება. წმ. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, გნოსეოლოგიის თვალსაზრისით, სამყაროში „ლოგოსები“ ჩვენი გონიერი შემეცნების უშუალო ობიექტად და მიზნად წარმოგვიდგება. ადამიანი თავად ფლობს ლოგოსს, ანუ გონებას (λόγος) და ამიტომ მას შეუძლია შეიმეცნოს ბუნების ლოგოსების (ანუ, აზრების, მიზნების, იდეების და ა. შ.), ანუ ქმნილი სამყაროს მაფორმირებელი პრინციპები და კანონები, რომლებიც არიან უხილავნი და ხილულ საგნებში იმალებიან (PG. 90, Col. 296). გარკვეულ წილად, ეს „ანთროპულ პრინციპს“ გვაგონებს. მეცნიერული „ანთროპული პრინციპის“ თანახმად, ჩვენ სამყაროს ასეთად ვხედავთ, რადგან მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლებოდა გაჩენილიყო გონიერი დამკვირვებელი – ადამიანი, რომელსაც უნარი აქვს შეიმეცნოს ეს სამყარო და თავისი თავი ამ სამყაროში. მაგრამ, როგორ გავიგოთ ეს არამიწიერი გონების მიმართებაში? ის როგორ განახორციელებს თავის თავში ღმერთის „ხატებას“? ამ შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაშინ მივიღებთ, როდესაც გონიერი სიცოცხლის ეგზოპლანეტურ ფორმას აღმოვაჩენთ.
წმინდა წერილი მოწმობს, რომ ყველაფერი, რაც ღვთაებრივმა შემოქმედმა შექმნა „კარგი“ იყო (დაბ. 1, 1-30), ხოლო როდესაც ღმერთი ქმნის ადამიანს, წერილი ამბობს „და აჰა კეთილ ფრიად“ (დაბ. 1, 31). ადამიანი, როგორც „ღვთის ხატად“ შექმნილი გონიერი არსება, თავის თავში უმაღლეს ფასეულობას ატარებს წმინდა წერილის თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ არ შეიძლება ადამიანის მოკვლა ზუსტად იმიტომ, რომ ის ამ „ღვთის ხატის“ მატარებელია (დაბ. 9, 6). შესაბამისად, ასეთივე ფასეულობას უნდა ატარებდეს ნებისმიერი ჰიპოთეტურად არსებული არამიწიერი სიცოცხლის გონიერი ფორმა. ამ ფასეულობის მნიშვნელოვანი ნიშან–თვისება მდგომარეობს „ღვთის ხატის“ გონიერებაში, გონიერება კი შეიძლება და უნდა შეიცავდეს კიდევაც მეტყველებას. გონიერება და მეტყველება არსებითად იმდენად მჭიდრო ცნებებია, რომ ერთი აზრობრივი ტერმინით განისაზღვრებიან – λογικὸν. ბერძნულმა ენამ, რომელიც ფილოსოფოსების ენაა, ამ ტერმინის ეტიმოლოგიური არსი მშვენივრად გაიაზრა. გონიერ და მეტყველ არსებას შეუძლია გაცნობიერებულ კავშირში შევიდეს ღვთაებრივ შემოქმედთან, რომელსაც თავად ჰქვია „ლოგოსი“. აქ გვესმის, რომ ენა ერთმანეთის გაგებაში და მჭიდრო კონტაქტში შესვლაში გვეხმარება. ენა არის ნიშნების სისტემა, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და აზრების ჩამოყალიბება. ენის მეშვეობით აისახება ხელოვნება, კულტურა, ისტორია, ტრადიცია, მსოფლმხედველობა და ა. შ. ენა ჩვენი ბიოლოგიური სახეობის თვისებაა და ჩვენში რომ გონება არ ყოფილიყო, ენა არ ჩამოყალიბდებოდა (მეტყველება ჩვენი სახეობის განმასხვავებელი ნიშან–თვისებაა). ენა კაცობრიობის უნივერსალური თვისებაა, თუმცა, ენა სხვადასხვა ხასიათის შეიძლება იყოს: სიტყვიერი, აზრობრივი, ჟესტების ენა, ციფრული და ა. შ. კიდევ არის მათემატიკური ენა. მათემატიკის ენა მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალურია. თუ ცივილიზაცია განვითარებულია, მისთვის და სხვა ცივილიზაციებისთვის მათემატიკის ენა ერთი და იგივე უნდა იყოს და მას ყველა გაიგებს, ისევე, როგორც გაიგებენ ფიზიკის კანონებს, რომლებიც კოსმოსშიც ერთი და იგივეა. არსებობს მოსაზრება, რომ არამიწიერი ცივილიზაციების (თუკი ისინი არსებობენ) ბინადრობა შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენს „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში, არამედ მეზობელ გალაქტიკებში, მაგალითად, „ანდრომედაში“. ამ გალაქტიკებამდე მანძილი ძალიან დიდია და ასეთ გამაოგნებელ მანძილებზე მათთან კონტაქტში ვერ შევალთ სინათლის სიჩქარითაც კი (დაახლ. 300 000 კმ/სთ), რათა ინფორმაცია გავუცვალოთ. ჩვენ (და ზოგადად ბუნებაშიც) არ გვეყოფა სიჩქარე (ბუნებაში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარე არ არსებობს), რათა დიდი კოსმიური მანძილები დავძლიოთ. უზარმაზარი მანძილების გამო მეცნიერებმა ახალი განზომილების ერთეულიც კი შემოიღეს – პარსეკი. ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ ობიექტი ვერასოდეს მიაღწევს სინათლის სიჩქარეს, რადგან ამ სიჩქარესთან მიახლოებისას ობიექტის მასა უსასრულობისკენ მიისწრაფვის და მასისა და ენერგიის ეკვივალენტობის პრინციპის თანახმად, სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად უსასრულო ენერგია იქნება საჭირო. ამ მიზეზის გამო, ნებისმიერი ჩვეულებრივი ობიექტი (ინფორმაციის პოტენციური მატარებელი) მუდმივად განწირულია იმისთვის, რომ სინათლის სიჩქარეზე ნელა იმოძრაოს – ის მხოლოდ სინათლის სიჩქარესთან ახლოს იმოძრავებს. უახლოეს დროში ასეთი სიჩქარეებიც კი ვერ მოგვცემენ საჭირო შედეგებს. მაგრამ, სულ ბოლო ხანს, ჩვენმა ქართველმა მეცნიერებმა არამიწიერი გონების აღმოჩენის საკითხზე სხვა გადაწყვეტა შემოგვთავაზეს.
ფიზიკოსებს, ზაზა ოსმანოვსა და გია დვალს, მიაჩნიათ, რომ კვანტური ინფორმაციის შენახვა შესაძლებელია კოსმიურ „შავ ხვრელებში“, სადაც მატერიის სიმკვრივე წარმოუდგენლად დიდია და ეს სავსებით გამოსადეგია მაქსიმალურად მკვრივი ინფორმაციის შენახვისა და დამუშავებისთვის. მეცნიერებს ლოგიკურად მიაჩნიათ, რომ თუ არამიწიერი ცივილიზაცია მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამდე მივა, ის აუცილებლად მივა კვანტური ინფორმაციის შენახვისა და გადამუშავების აზრამდე და ამისათვის მას ინფორმაციის შენახვის პირობა დასჭირდება. ასეთი პირობა შეიძლება იყოს კოსმიური კვანტური კომპიუტერები და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტექნოლოგიურ ბაზაზე იქნებიან ისინი აწყობილი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება არამიწიერი ტექნოლოგია, რომელიც კვანტების ამოცნობასა და მათთან მუშაობას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპიუტერები შეძლებენ ინფორმაციის დიდი სიმკვრივის შენახვა–დამუშავებას. ამისათვის კი, საჭირო იქნება მატარებლის დიდი სიმკვრივე. მატარებელი კი იქნება „შავი ხვრელი“, რომელშიც მატერიის სიმკვრივე წარმოუდგენლად დიდია კვანტური ნაწილაკების მაქსიმალური სიმკვრივის გამო, რომლებიც ქმნიან ძლიერ გრავიტაციას, რომელიც „შავ ხვრელებში“ დროსა და სივრცეს ამრუდებს. ამიტომ, „შავი ხვრელების“ ბაზაზე დაფუძნებული კომპიუტერები წარმატებით და ოპტიმალურად შეძლებენ ინფორმაციის მაქსიმალური სიმკვრივის შენახვას. ამის შესახებ იდეა თეორიულად სწორია და „შავი ხვრელები“ ხელოვნური პროტოტიპების შექმნის სპეციალური ექსპერიმენტები უკვე ტარდება. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით შეიძლება წაიკითხოთ ზემოხსენებული მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომში: Dvali G. & Osmanov, Z.N., Black holes as tools for quantum computing by advanced extraterrestrial civilizations (8).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკის კანონები მთელს სამყაროში ყველგან იდენტურია. ამიტომ, ამ კანონებისადმი მიდგომა მეტ–ნაკლებად იდენტური იქნება როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა არამიწიერი ცივილიზაციისთვის. ხელოვნური „შავი ხვრელების“ სახით კვანტური ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების შესაძლებლობამ ლოგიკურად შეიძლება არამიწიერი გონებაც მიიყვანოს იქამდე, რომ ამავე მიზნებით იგივე ხელოვნური „შავი ხვრელები“ გამოიყენოს. „შავი ხვრელები“ ბოლომდე შეუსწავლელია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მათ წიაღში გრავიტაციის ძალა მატერიას კუმშავს და დროსა და სივრცეს ამრუდებს. დროისა და სივრცის უწყვეტობა (იგულისხმება ამ უწყვეტობის ხანგრძლივობა) არის ზუსტად ის პრობლემა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის არამიწიერი გონების აღმოჩენაში და მასთან შემდგომ კონტაქტში შესვლაში. ტექნოლოგიების განვითარებასა და „შავი ხვრელების“ შესწავლაში პროგრესთან ერთად სავსებით შესაძლებელია კაცობრიობამ აღმოაჩინოს „შავი ხვრელების “ სხვა, ჯერ კიდევ დაფარული თვისებები, და შეძლებს ახალი ალტერნატივების შეთავაზებას არამიწიერ გონებასთან აღმოჩენისა და კონტაქტის საკითხში.
რა ამოძრავებს ადამიანს არამიწიერი გონების ძებნისკენ? მარტოობის გრძნობა? ცნობისმოყვარეობა და ამოუცნობის ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა? დიახ, ეს ყველაფერი გვამოძრავებს. მაგრამ, ადამიანში არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება – სიყვარული. ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია და სიყვარული გვამოძრავებს და სურს ამ კოსმიური სამყაროს შემეცნება, სამყაროს სილამაზის შემეცნება. სოლომონის სიბრძნეში 11, 20-21 ნათქვამია, რომ ქმნილება ადიდებს ღმერთს, რომელმაც „ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესა“. თუ ღმერთმა კოსმიური სილამაზე თვლითა და წონით განაწესა, სამყაროს მათემატიკური სილამაზე ადამიანს, როგორც მკვლევარს, უყურადღებოდ ვერ დატოვებს. ღმერთის კოსმიურ ქმნილებაში მის ღვთაებრივ სიყვარულს ვხედავთ. ეს სიყვარული ამოძრავებს ადამიანს ახლის აღმოჩენისა და წვდომისკენ. შეუცნობლის სილამაზე იზიდავს ადამიანს სამყაროს ღვთაებრივი საიდუმლოებების აღმოჩენისა და შეცნობისკენ. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ღვთაებრივი შემოქმედებით ძალის სამყაროს შემეცნება. სამყაროში „გონებით ნათესავების“ არსებობის აღმოჩენა ძლიერი მამოძრავებელია სიყვარულის სახით. ადამიანი ხომ „ღვთის ხატია“ და ე. ი. თავის თავში სიყვარულს ატარებს, როგორც მადლის მიერ ნიჭს, რადგან ამ სამყაროს ღმერთი არის სიყვარული (1 იოან. 4, 7-8). სამყარო თავის თავში ირეკლავს ღმერთის, როგორც მეტაფიზიკური გონიერი სულის, მიუწვდომელი არსის გამოძახილს. სამყაროს იგი სულიერი სამყაროს თანაზიარად აქცევს. ეს გვაძლევს ადამიანში „ღვთის ხატის“, როგორც უხრწნელების, გაგებას. და არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სამყაროში ჰიპოთეტურად არსებულ გონიერ ქმნილებაში, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ „ღვთის ხატის“ სტატუსს ფლობდეს.
_ _ _ _ _
1. იხ.: ი. კაზარიანი. არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/
2. იხ.: А. Г. Дунаев. Существует ли православная антропология: https://cyberleninka.ru/article/n/suschestvuet-li-pravoslavnaya-antropologiya
3. იხ.: Равази, Джанфранко. Краткая история души. ББИ., 2012.
4. “სულისა” და “სუნთქვის” კავშირი ბევრ კულტურაში შეინიშნება. მაგ., იტალიური სიტყვა anima (“სული“) მომდინარეობს ბერძნული άνεμος –დან (ბერვა), რომელიც თავის მხრივ სანსკრიტული aniti-დან წარმოიშვა (“სუნთქავს“, “უბერავს“). პლატონს მიაჩნდა, რომ სიტყვა ψυχή (“სული“) სიტყვიდან “სუნთქვა“, “გაგრილება” – ψυχραίνομαι – გაგრილება. ებრაული ენაში nefesh-ის პირველი მნიშვნელობა არის “ხახა“, მეორე მნიშვნელობა კი “სული“, “ცოცხალი არსება“. სანსკიტში, ბუდისტური atman-ის პირველი მნიშვნელობაა “სუნთქვა“. სხვათა შორის, ეს სიტყვა შენარჩუნდა მეცნიერულ ტერმინში “ატმოსფერო“
5. იხ.: Равази, Джанфранко. იქვე. С. 85.
6. იხ.: ი. კაზარიანი. არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/
7. იხ.: ი. კაზარიანი. არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/
8. Gia Dvali, Zaza N. Osmanov. Black holes as tools for quantum computing by advanced extraterrestrial civilizations. 2023 International Journal of Astrobiology (Accepted for publication): https://arxiv.org/abs/2301.09575?fbclid=IwAR152el6LRogNCaPsW2gqD_k6V4lnUJal9934UlxkkpBqBPeWMVZn6CAXt0








