სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ
ნაწილი VI
მთარგმნელი იოანე კაზარიანი
წინასიტყვაობა, ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III, ნაწილი IV, ნაწილი V
51. პირველ რიგში, აქ საუბარია იმაზე, რომ ძე ღვთისა დასაბამიდან იყო, რომ, სანამ ის ხორციელად იშვებოდა და ადამიანებისთვის ხილული გახდებოდა, მას მამა ესაუბრებოდა; შემდეგ ღირს იყო და ეგებოდა, რათა ადამიანებს შორის ხორციელად შობილიყო. თავად ღმერთი წარმოშობს მას საშოდან, ანუ ღვთის სულისგან უნდა შობილიყო; ის ყველა ადამიანის უფალი და მორწმუნეთა მხსნელია, როგორც იუდეველთაგან, ასევე სხვათაგან. ისრაელი ეწოდება იუდეველ ერს მამით – იაკობით, რომელსაც პირველს ეწოდა ისრაელი, სხვა ერებს კი წარმართები ეწოდება (წერილის თანახმად). ძე ღვთისა თავს მონად უწოდებს მამისადმი მორჩილების გამო, ისევე როგორც ადამიანებში ძე მამის მონაა.
52. ამრიგად, წერილი მოგვითხრობს, რომ ძე ღვთისა (ქრისტე), სამყაროს შექმნამდე არსებული, მამასთან ჰგიეს; იგი მამასთანაა და ადამიანებთანაც იყო და ყოველივეს მეუფეა, რადგან მამამ ყოველივე დაუმორჩილა; ის მორმწუნეთა მაცხოვარია. შეუძლებელია წერილის ყოველი მოწმობის აღრიცხვა58, ამიტომ წერილის სხვა გამოთქმებიც ამის შესაბამისად უნდა გესმოდეს59 – გწამდეს ქრისტესი, ღმერთს სიბრძნესა და გონიერებას სთხოვდე, რომ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული გაიგო.
53. ქრისტე იყო მამასთან – მამისგან გამომავალი სიტყვა; განკაცდა და ხორციელ იქმნა, ქალწულისგან იშვა და ხორციელი შობის არსი დაიტია; ადამიანებს შორის მიმოიქცეოდა, მისი განკაცება კი ყოველთა მამისაგან არის. ამის თაობაზე ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ. ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი; რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი“ (ესაია. 7, 14-16). ამრიგად, (წინასწარმეტყველმა) ქალწულისგან შობა ამცნო და (ის) ჭეშმარიტი ადამიანია. მისი ჭამით მოგვამზადა და ამის გამო ყრმად უწოდა მას; ასევე, მისი ადამიანური სახელის გამო; ამაშია (იუდეველთა) ცდომილება შობილის მიმართ60. მისი სახელი ორმაგია: ებრაულად – ქრისტე მესია, სომხურად – იესო მაცხოვარი61. ეს სახელები აღნიშნავს საქმეებს, რომლებიც მან აღასრულა. ამიტომ წოდებულია ის ქრისტედ (ცხებულად), რამეთუ მის მიერ მამამ ყოველივეს სცხო და ყოველივე განამშვენა; ადამიანად მოვლინებისას ღმერთისა და თავისი მამამის სულით იყო ცხებული, როგორც თავის თავზე იტყოდა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე“ (ესაია. 61,1). მაცხოვარი კი იმიტომ არის, რომ მათი ცხონების მიზეზი გახდა, რომელნიც მაშინ მრავალი სენისა და სიკვდილისგან იხსნა; ხოლო მათთვის, ვინც მისი შემდგომში იწამა, მომავალი მარადიული ცხონების მომხვეჭელი გახდა.
54. ამიტომაც არის ის მაცხოვარი, ხოლო ემანუელი თარგმანებით ნიშნავს: „თქვენთან არს ღმერთი“ ან აღსრულებული აღთქმის თანახმად, როგორც სხვა ადგილას ამბობს წინასწარმეტყველი: „ჩვენთან არს ღმერთი“ (ესაია. 8, 10). ამას შეესაბამება აღთქმულის განმარტება და გამოცხადება. რამეთუ, „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე“, – ამბობს წინასწარმეტყველი (ესაია. 7, 14) და შობილი ღმერთი არის და იქნება ჩვენთან. წინასწარმეტყველი მომავალს გვამცნობს, რომ ღმერთ ჩვენთან იქნება და ამასთან თითქოს თავადაც უკვირს. მის შობაზე იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „პირველ, ვიდრე ლმობისა შობაჲ, და პირველ, ვიდრე მოსლვად ტკივილსა ლმობათასა, განერა და შვა წული“ (ესაია. 66, 7). ამგვარად გვამცნობს წინასწარმეტყველი ქალწულისგან შობას, მოულოდნელსა და აზრით მიუწვდომელს. იგივე წინასწარმეტყველი კვლავ ამბობს: „რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე და ჰრქჳან სახელი მისი – საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი“ (ესაია. 9, 6)62.
55. საკვირველ თანგანმზრახს უწოდებს მას, ანუ მამის მრჩეველს, რაც ნიშნავს, რომ მამა ყველაფერს მასთან ერთად ასრულებს, როგორც მოსეს პირველ წიგნშია ნათქვამი, რომელსაც „დაბადება“ ეწოდება: „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბ. 1, 26). ამ ადგილიდან ჩანს, რომ მამა ძეს მიმართავს და ძე საკვირველი თანგანმზრახია. უკეთესია ვთქვათ, რომ ის ჩვენი თანაგანზმრახიც არის, რჩევებს გვაძლევს, არ გვაძალებს ღმერთივით, თუმცა კი არის ღმერთი ძლიერი, მაგრამ რჩევას გვაძლევს, რათა უმეცრება მოვიშოროთ და შემეცნება შევიძინოთ, ცდომილებას განვეშოროთ, ჭეშმარიტებასთან მივიდეთ, ხრწნა ვუარყოთ, უხრწნელება კი მივიღოთ.
56. და კვლავ ესაია ამბობს: „და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ, რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი – დიდისა განზრახვისა ანგელოზი, … რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე“ (ესაია. 9, 5-7). აქ ნაწინასწარმეტყველებია ძე ღვთისა, როგორც შობილი და როგორც მარადიული მეფე. სიტყვები – „და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ“ – ეხება მათ, რომელთაც არ იწამეს იგი და მის მიმართ ის ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს. (ამიტომ) ნათქვამია, რომ სამსჯავროზე (ისინი) იტყვიან: „იქნებ უკეთესი იქნებოდა, ცეცხლში დავმწვარიყავით ღვთის ძის შობამდე, ვიდრე მისი შობის შემდეგ რომ არ ვიწამეთ მისი?“. რამეთუ მათ, ვინც ქრისტეს მოვლინებამდე მოკვდა აღმდგარის სამსჯავროზე ცხონების მიღწევის იმედი აქვთ – მათ ჰქონდათ შიში და ღმერთში სიმართლით მიიძინეს; თავის თავში ღვთის სულს ატარებდნენ პატრიარქების, წინასწარმეტყველებისა და მართლების მსგავსად. ხოლო მათთვის, ვინც ქრისტე არ იწამა მისი მოვლინების შემდეგ სამსჯავროზე ანგარიშსწორება გარდაუვალია. „მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ – ეს სიტყვები იგავურად მის ჯვარზე მიანიშნებს, რომელზეც მისი ზურგი მიაჯაჭვეს; რამეთუ ჯვარი, რომელიც იყო და არის მისი დამცირება, მისთვისაც და ჩვენთვისაც მის მეუფებას ნიშნავს, რომელიც მისი სამეფოს ნიშანია. დიდი მრჩევლის, მამის მოვლენილი იყო, რომელიც [მამა] გვაუწყა ჩვენ63.
57. ღვთის ძე რომ იშვება, თუ რა სახით იშვება და რომ მოევლინება, რათა ქრისტე გვიჩვენოს, ეს თქმულიდანაც ცხადად ჩანს, რადგან ძველთაგანვე წინასწარმეტყველთა მიერ არის ნაუწყები. ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, თუ რომელ ქვეყანაში და ვისგან იშვებოდა. ამის მსგავსად, მოსეს მიერ ნათქვამია დაბადების წიგნში: „ არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა… განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი“ (დაბ. 49, 10-11)64. იუდა იუდეველთა პატრიარქია, იაკობის ძე, რომელმაც დაარქვა სახელი. არ აკლდებოდათ იუდეველთ მთავარი და წინამძღვარი ქრისტეს მოსვლამდე. ქრისტეს მოსვლის დროიდან კი შესუსტდა იუდეველთა მშვილდის ძალა, მათი მიწა რომაელებს დაემორჩილა, ასე რომ, აღარ ჰყავდათ თავიანთი მეფე ან თავადი. რადგან მოვიდა ის, რომელსაც განემზადა სამეფო ზეცაში, რომელმაც ღვინოში გარეცხა თავისი სამოსი და ყურძნის მტევნის სისხლით სამოსელი თვისი. მისი სამოსი და სამოსელი მორწმუნენი არიან, რომლებიც მან განწმინდა და თავისი სისხლით იხსნა; მის სისხლს ყურძნის მტევნის სისხლი ეწოდა. ყურძნის მტევნის სისხლს ადამიანი არ ამზადებდეს, არამედ ღმერთი ამტკიცებს და ამხიარულებს მის მსმელთ, ასევე ღვთის ძის განკაცება და მისი სისხლი არ არის ადმიანისგან, არამედ ღვთისგან. თავად უფალმა მარიამს ნიშანი მისცა – ეს არის ემანუელი, ქალწულისგან შობილი, ამხიარულებს მის მსმელთ, მათ, რომელნიც მის სულს მარადიული სიხარულისთვის იღებენ. ამიტომაც ის წარმართთა იმედია, მათი, ვისაც მისი იმედი აქვთ; ჩვენ გვაქვს მისი იმედი, რომ ის კვლავ განამტკიცებს სამეფოს.
58. და კვლავ მოსე ამბობს: „გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან“ (რიცხვ. 24, 17). ამით მოსე გვამცნობს, რომ ღვთის განგებით მოსახდენი იუდეველთა შორის მოხდება. ის, რომელიც იუდასა და იაკობის გვარიდან იყო, რომელი გარდამოხდა ზეცით, იშვა და თავის თავზე ამგვარი განგება აიღო. ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა, რამეთუ ბელადი მეფის მსგავსია, რადგან ის არის ყველა ცხონებულის მეფე. მისი შობის ჟამს აღმოსავლელ მოგვებს ვარსკვლავი გამოეცხადა. ვარსკვლავის მეშვეობით მოგვებმა გაიგეს, რომ ქრისტე იშვა და ვარსკვლავის გზამკვლეობით იუდეაში მივიდნენ. ვარსკვლავმა მოგვები ბეთლემში მიიყვანა იმ სახლამდე, რომელშიც ჩვილი იწვა; ვარსკვლავი სახლის თავს დაადგა და მოგვებს ღვთის ძე, ქრისტე, უჩვენა.
59. თავად ესაია უკეთ ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა, სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს, არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ. და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი. მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, … და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას და არარაჲ ძვირი უყონ,… და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და მისი აღდგომა იყოს – დიდება“ (ესაია. 11, 1-10)65. ესაია დავითისა და აბრაამის შთამომავალთაგან შობილზე საუბრობს (ანუ ქრისტეზე). რადგან იესე აბრაამის შთამომავალი და დავითის მამა იყო. ხოლო (მათი) შთამომავალი კი ქალწული იყო, რომელმაც ქრისტე შვა, შესაბამისად, კვერთხი (ქრისტე) იყო. ამიტომაც კვერთხით უჩვენებს მოსე ფარაონს სასწაულებს. სხვა შემთხვევებშიც კვერთხი ძალაუფლების სიმბოლოა. ყვავილს კი ქრისტეს ხორცს ეძახის, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, სული წმიდისგან ამოიზარდა იგი.
60. და (სიტყვებით): „არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს, არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა“ (ესაია. 11, 3-4) – (წინასწარმეტყველი) მის ღვთაებრიობას აჩვენებს. პირმოთნეობის გარეშე, არა დიდებისაებრ განსჯა ღვთის უზენაეს სიმართლეს შეეფერება. ღმერთს არავისგან განუცდია ყალბი თანაგრძნობა, არც არავისთვის გამოუვლენია ამგვარი რამ – ღმერთი მხოლოდ მართალთა მიმართ არის მოწყალე. ღმერთს განსაკუთრებით მოწყალება ახასიათებს. ღმერთს ძალუძს მოწყალებით ცხონება და ის მიწას სიტყვით ჰგვემს, ერთი სიტყვით აკვდინებს უღმერთოს – ეს ყოველივე ღვთისგანაა, რომელიც ყველაფერს სიტყვით აღასრულებს. და ნათქვამი: „სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე“ (ესაია. 11, 5) – მის ადამიანობას გვიჩვენებს ხატების მეშვეობით, მის უტყუარ და უზომო სიმართლეს.
58 ანუ, წერილის ყოველი მოწმობის სათითაოდ განმარტება.
59 აქ წმ. ირინეოსი პირდაპირ მიმართავს თავის ადრესატს – მარკიანეს.
60 იგულისხმება იუდეველთა ცდომილება, რომლებმაც ქრისტეში ერთდროულად ღმერთი და ადამიანი არ აღიარეს.
61 მესია (ებრ.מָשִׁיחַ, – ცხებული) ბერძნულად ითარგმნება, როგორც ქრისტე (Χριστός) (იოანე. 1, 41). უფლის სახელი იესო (ישוע) ხსნას ნიშნავს (შეად. მათე. 1, 21). ტექსტში მითითებულია, რომ სომხურად იესო მხსნელს ნიშნავს წარმოადგენს სომეხი მთარგმნელის მიერ ბერძნული ტექსტის სომხურ ენაზე ადაპტაციას.
62 ესაია წინსასწარმეტყველის ბოლო ორი ამონარიდი წმ. ირინეოსს მეხსიერებით მოჰყავს.
63 შეად. იოანე. 17, 25-26; 20, 21.
64 დაბადების წიგნის 49 თავის მუხლები წმ. ირინეოსს ბოლომდე არ მოჰყავს.
65 ესაიას წიგნის ამ თავის მუხლები წმ. ირინეოსს სრულად არ მოჰყავს. წმ. ირინეოსთან ამ მუხლის დაბოლოება ესაიას წიგნის ძველ სომხური გავრცელებული ტექსტისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. წმ. ირინეოსის სომხურ ტექსტში წერია „եւ եղիցի յարութիւնն նորա պատիւ“, ანუ „და მისი აღდგომა იყოს – დიდება“, თუმცა ესაიას წიგნის აღიარებულ ძველ სომხურ ტექსტში წერია „եւ եղիցի հանգիստ նորա պատուով“, ანუ „და იყოს განსუენება მისი დიდებით“.









