რადგან…საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან” (მათე 25,36)

“სამწუხაროდ, დღეს გერმანიის სხვადასხვა ქალაქის ციხეში ბევრი საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს. გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსის, ლაზარეს ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სამღვდელოებას პერიოდულად გვიწევს ციხეებში მათი მონახულება და გამხნევება. პატიმრები ყველაზე მეტად გვთხოვენ ქართულ წიგნებს და სახარებას. მახსოვს ერთმა ქართველმა კაცმა გვითხრა, იმდენი წელია სულ მარტო ვარ ამ ციხეში, მეშინია ქართული საუბარი არ დამავიწყდეს, ერთი ქართული წიგნი გამომიგზავნეთ, მეტი არაფერი მინდაო. პატიმრებზე ზრუნვა უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა და ჩვენც გადავწყვიტეთ ერთად მოვაგროვოთ ქართული წიგნები ჩვენი პატიმრებისთვის.
გთხოვთ ყველას, გაიზიარეთ ეს წამოწყება და შემოგვწირეთ თითო ქართული წიგნი (ძირითადად მხატვრული ლიტერატურა ან სახარება) ჩვენი პატიმრებისთვის. შეგროვილ წიგნებს სასულიერო პირები წავიღებთ გერმანიის ციხეებში და გადავცემთ ციხის ბიბლიოთეკებს, საიდანაც ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულენი.
წიგნები მოგვაწოდეთ ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ნიურნბერგის, ფრანკფურტის და ინსბრუკის სამრევლოების წირვებზე ან გამოგვიგზავნეთ ფოსტით, მისამართზე: Georgische orthodoxe Kirche in München, Kristallstrasse 8, 80995 München.
დიდი მადლობა წინასწარ ყველას. დაგლოცოთ უფალმა თქვენი სიკეთისთვის.”

დეკანოზი თამაზ ლომიძე