ავტორი: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

თანამედროვე ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში, დიდი შაბათის ცისკრის დასასრულს, „დიდება მაღალიანის“ შემდეგ, „წმიდაო ღმერთოს“ გალობისას აღესრულება პროცესია გარდამოხსნით[i]. ბერძნულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში კი გარდა „წმინდაო ღმერთოსი“, შესაძლებელია სხვა ტროპართა გალობაც, მათ შორის არის Τὸν ἥλιον κρύψαντα[ii]-ც, რომელიც ქართულ მარხვანში არ მოიპოვება.

ტროპარის ტექსტი ძირითადად წარმოადგენს იოსებ არიმათიელის ემოციურ მონოლოგს პილატეს წინაშე, სადაც იესო ქრისტე გამოცხადებულია უცხოდ (ξένον), რომელიც შემომწირდა სოფელში (ξενωθέντα ἐν κόσμῳ) და როგორც უცხოსა (ὡς ξένος) და ნამდვილ მწირს, არა აქვს თავის მისადრეკი ადგილი, თვინიერ საფლავისა.

ზოგიერთი მკლველვარი ცდილობს ტროპარში „უცხოსა“ და „მწირის“ ასეთი აქტიური გამოყენება უშუალოდ მის ავტორს, ცნობილ ბიზანტიელ დიპლომატს, გიორგი აკროპოლიტისს (1217-1282) დაუკავშიროს, რადგან კონსტანტინოპოლის ლათინთა ხელში გადასვლის გამო (1204 წ.) აკროპოლიტების ოჯახმა გიორგი  ნიკეაში მიავლინა საიმპერატორო კარზე აღსაზრდელად (1233 წ.)[iii], რასაც მის უცხოობაში მწირობად მიიჩნევენ. თუმცა იესო ქრისტეს ვნებასთან მიმართებით ასეთი ლიტერატურული სახეების გამოყენება უცხო არ არის ძველი ქრისტიანული მწერლობისათვის. მას ვხვდებით ფსევდო-ეპიფანე სალამინელის VII საუკუნის ტექსტში „ჰომილია დიდი შაბათისათვის“[iv]. დიდი ალბათობით ავტორი სწორედ ამ უძველესი ქადაგებით არის შთაგონებული ჰიმნის შედგენისას, რომლის ახალ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს:

მხილველი მზის სხივის დაბნელებისა,
და ტაძარში, მაცხოვრის სიკვდილისას, კრეტსამბელის გაპობისა,
შეუვრდა იოსები პილატეს, მვედრებელი:
მიბოძე ეს უცხო,
ამა სოფლად ბავშვობიდან უცხოდ ხიზნული;
მიბოძე ეს უცხო,
თვისთა ძმათაგან სიძულვილით უცხოდ მოკლული;
მიბოძე ეს უცხო,
მხედველსა მისი უცხოდ სიკვდილისა;
მიბოძე ეს უცხო,
მოყვარული უცხოთა და უპოვართა მასპინძლობისა;
მიბოძე ეს უცხო,
ებრაელთაგან შურით სოფლისათვის უცხოქმნილი;
მიბოძე ეს უცხო,
საფლავად დადებად,
რადგან უცხოსავით არა აქვს ადგილი, თავის მისადრეკი;
მიბოძე ეს უცხო,
რომელსაც მისი მკვდრად მხილველი დედა შეჰღაღადებდა:
“ოჰ! ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო,
მეწვის სხეული და მემსხვრევა გული შენ მკვდრად მხილველსა,
თუმც შენი აღდგომის მოიმედე, მაინც გადიდებ.”
ევედრებოდა პილატეს ამ სიტყვებით ის მშვენიერი
და მიიღო მაცხოვრის სხეული,
კრძალვით წარგრაგნა ტილოსა და მირონში
და დადო საფლავად,
ყველასათვის საუკუნო სიცოცხლისა და დიდი წყალობის მომნიჭებელი.

როგორც ითქვა, ტროპარის ტექსტი მიეწერება გიორგი აკროპოლიტისს, მისი ლიტურგიაში დანერგვა და მუსიკალური გაწყობა კი ცნობილ ბერძენ მუსიკოლოგს, ძველი პატრას[v] მიტროპოლიტ გერმანეს (დაახ. 1625-1685).

გერმანეს სახელს უკავშირდება არაერთი საეკლესიო ჰიმნის გაწყობა[vi]. საეკლესიო გალობა მას კონსტანტინოპოლში, საპატრიარქს ცნობილ პროტო-ფსალტ პანაგიოტისისგან შეუსწავლია. ჩანს ნიჭიერ მუსიკოსს საკმაოდ დაბალი ზოგადი განათლება ჰქონდა, რადგან მისი ავტოგრაფი ხელნაწერები სავსეა ფილოლოგიური შეცდომებით. გერმანემ 1683 წლისათვის მიატოვა ეპისკოპოსობა და გადასახლდა ვლახეთში, სადაც აგრძელებდა მუსიკალური ხელნაწერების შედგენასა და ბიზანტიური მუსიკალური ტრადიციის შესანიშნავი გამგრძელებლების აღზარდას, როგორიც არიან ბალასიოსი და კოზმას მაკედონოსი[vii].

მიზეზი იმისა, რომ Τὸν ἥλιον κρύψαντα ქართულ მარხვანში არ მოიპოვება, მისი შედგენის ეპოქაში უნდა ვეძებოთ. პირველად ქართული ლიტურგიულ წიგნთა შორის მარხვანი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული XI საუკუნიდან ჩნდება, ძირითადად ე.წ. სტუდიური რედაქციისა. კორნელი კეკელიძე მიიჩნევს, რომ XV-XVI საუკუნეებში ეს წიგნები იერუსალიმური რედაქციის მიხედვით გამართულა, ხოლო 1728 წლიდან მარხვანის შესწორება ბერძნულის ნაცვლად რუსული საღვთისმსახურო წიგნების მიხედვით დაწყებულა[viii]. ამდენად ცხადია, რომ გერმანეს გამართული ტროპარი ქართულ მარხვანში ვერ მოხვდებოდა, რადგან ერთი მხრივ ის ბერძნული მარხვანის ფორმაციის დასრულების შემდეგ გაიმართა მუსიკალურად, ამის გამო ძირითადად ბერძნულ საგალობელ ხელნაწერებში გვხვდება, მეორე მხრივ კი XV-XVII საუკუნეების მძიმე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართველი მოღვაწეები ვეღარ ახერხებდნენ აქტიურად ეთარგმნათ და გაემართათ ლიტურგიული წიგნები ბერძნულ მოდელზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. XVIII საუკუნიდან დღემდე კი საქართველოს ეკლესიის ლიტურგიულმა ორიენტირმა ბერძნულიდან რუსულზე გადაინაცვლა.


[i] შდრ. ტრიოდიონი, რომელ არს სამ-საგალობელი, ტფილისი 1901, 574.

[ii] შდრ. Anthologhion di tutto l’anno, ed. M. B. Artioli, Roma 2000, 1127-1128,

[iii] იხ. J. Massay, “Georges Acropolite”, in Dictionnaire d’Histoire et de Géographie Ecclésiastiques, Vol. 20, ed. R. Aubert, Paris 1984, 581-582.

[iv] იხ. Homilia in sabbato magno, PG 43:440-464.

[v] არ უნდა აგვერიოს ცნობილ ბერძენ რევოლუციონერში, ახალი პატრას მიტროპოლიტ გერმანესთან (1771-1826); რომელმაც დიდი როლი ითამაშა 1821 ბერძნულ აჯანყებაში. იხ. C. G. Patelos, “Germain, métropolite de Paléon Patron”, in Dictionnaire d’Histoire et de Géographie Ecclésiastiques, Vol. 20, 925-927.

[vi] გერმანეს მუსიკალური მემკვიდრეობის დეტალური აღწერისათვის იხ. А. Ю. Никифорова, С. И. Никитин, “Герман”, in Православная энциклопедия, Vol. 11, Mосква 2006, 241-245.

[vii] იხ. A. Lingas, Germanos of New Patras [Germanos Neōn Patrōn]. 

[viii] იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, 495-496.