სტალინის კულტი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ბუნებრივია, მისი როლი განუზომელია სამამულო ომთან მიმართებაში. სტალინის მისტიფიცირებული პერსონა მრავალი ლეგენდის წარმოშობას უწყობს ხელს, მათ შორის „მართლმადიდებლური“ მითებიც ფიგურირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ საინტერესო სტატიის თარგმანს:

„მართმადიდებლური“ მითები დიდ სამამაულო ომზე

რუსი (საბჭოთა. მთარგმნ. შენ.) ხალხის დიდი გამარჯვების 60 წლისთავთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ზოგიერთ საეკლესიო გამომცემლობაში გამოქვეყნებული, ამ ეპოქასთან დაკავშირებული რამოდენიმე მითი. ეს მითოლოგია, საეკლესიო და საარქივო წყაროებით განუმტკიცებელი, წიგნიდან წიგნში მომთაბარეობს.

ამ მითების უმრავლესობის ავტორს პროტოპრესვიტერი ვასილი შვეცი წარმოადგენს. მეტ-ნაკლები სისრულით მისი თხზულებები წარმოდგენილი იყო წიგნში – „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ (მ.,1993, 1994 და ა.შ.) , რომელიც მართლმადიდებლური მითოლოგიური შემოქმედების თავისებურ ენციკლოპედიას წარმოადგენს და მისი შემდგენელი სერგეი ფომინი გახლავთ. ეს მითები მღვდელმონაზონ ფილადელფოს (მოისეევი) წიგნშიც – „გულმოდგინე შემწე“ (მ.,1992) არის შესული.

პროტოპრესვიტერი ვასილი შვეცის მონათხრობები (ყოველგვარი წყაროს მიუთითებლად) შეიძლება წარმოგვიდგნენ ფრიად ღმრთივსათნოდ, რადგან ისინი დაკავშირებული არიან მორწმუნე რუსი ხალხის მიერ დიდად პატივცემულ ყაზანის ღვთისმშობლის ხატთან – ქრისტიანული მოდგმის გულმოდგინე შემწესთან. ოღონდაც აუცილებელია დავიცვათ მალედმრწმენი მკითხველი, რათა ბრმად არ ენდოს ყოველივე იმას, რაც გამოვიდა პროტ. ვასილი შვეცის კალმიდან და შემდეგ ომის შესახებ გამოცემულ სხვადასხვაგვარ კრებულებშიც შევიდა.

არ გავარჩევთ მამა ვასილის აღწერილ ყველა მოვლენას, მოკლედ გამოვყობთ მხოლოდ იმას, რაც არანაირად არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.

მაგალითად, პროტ. ვასილი შვეცის თანახმად, ლიბანის მთების მიტროპოლიტის – ილიას (კარამე) (ანტიოქიის საპატრიარქო) რჩევით, რომელიც დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გულმხურვალედ ლოცულობდა რუსეთის გადარჩენისათვის, იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი ლენინგრადის ბლოკადის დროს შეხვდა მიტროპოლიტებს – ალექსის (სიმანსკი) და სერგის (სტრაგოროდსკი). (გვ.273).

არადა არავითარი ისტორიული ცნობა აღნიშნულ შეხვედრაზე არაა აღმოჩენილი და მეტიც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ის არც შეიძლება ყოფილიყო. და საერთოდ, ძალიან საეჭვოა სტალინს რჩევა ეკითხა ანტიოქიის ეკლესიის არქიეპისკოპოსისთვის 1941 წელს, როცა რუსი იერარქები მხოლოდ 1943 წელს მიიღო თავისთან.

ამის მსგავსია სხვა მითი, მოყვანილი წიგნში „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“: „უტყუარი ფაქტია ი.ბ. სტალინის მისვლა ნეტარ მატრონასთან ცარიცინოში 1941 წლის ოქტომბერში“. (გვ.271).

პირველი ისტორიული შეხვედრა სტალინსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მიტროპოლიტს – სერგის (სტრაგოროდსკი), ალექსისა (სიმანსკი) და ნიკოლოზს (იარუშევიჩი) შორის, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საბჭოთა სახელმწიფოს ეკლესიასთან დამოკიდებულება, როგორც ცნობილია, შედგა 1943 წლის 4 სექტემბერს. სტალინმა მაშინ მაღალი შეფასება მისცა მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიოტულ მოღვაწეობას, აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ფრონტიდან სამღვდელოებისა და მრევლის ასეთი პოზიციის მომწონებელი მრავალი წერილი მოდიოდა, თანხმობა მისცა კრების მოწვევისა და პატრიარქის არჩევისა, შესთავაზა სასულიერო აკადემიისა და სასწავლებლების გახსნა ღვთისმსახურების მოსამზადებლად, ნება დართო ყოველთვიური საეკლესიო ჟურნალის (მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი) გამოცემისა და ზომები მიიღო გადასახლებაში, ბანაკებსა და ციხეებში მყოფი იერარქებისა და სასულიერო დასის განთავისუფლებისათვის. სახელდობრ 1943 წლის სექტემბრიდან დაიწყო ყველგან უღმერთო ხუთწლედების ეპოქაში დაკეტილი ათასობით ტაძრის გაღება.

დავუბრუნდეთ პროტ. ვასილი შვეცის თხზულებებს. ნაკლებად შეესაბამება სინამდვილეს მისი მონათხრობი, ისევ ლიბანის მიტროპოლიტ ილიას მიერ საბჭოთა ხელისუფლებისადმი რჩევით, ბლოკადაში მყოფი ლენინგრადის ირგვლივ კაზანის ღმრთისმშობლის ხატის შემოტარების შესახებ (გვ.273).

რას წარმოადგენდა ლენინგრადი ბლოკადაში? განუწყვეტელი ბომბარდირება და საარტილერიო ცეცხლი, შიმშილი და უწყლობა, უკუნი სიბნელე და საშინელი ყინვები ზამთარში – ესაა რეალური სურათი ქალაქისა ნევაზე, რომელიც ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილთან ლადოგის ტბაზე გამავალი ერთადერთი „სიცოცხლის გზით“ იყო დაკავშირებული.

ბლოკადის დროს, რომელიც 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1943 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდა, მიტროპოლიტი ალექსი (სიმანსკი) მუდმივად იმყოფებოდა ალყაშემორტყმულ ლენინგრადში, ასე რომ მის სტალინთან შეხვედრაზე, რაც არ უნდა უნდოდეთ ეს პროტოპრესვიტერ ვასილი შვეცსა და „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ წიგნის შემდგენელს, ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს. მეუფე ალექსი მუდმივად აღასრულებდა მსახურებას საკათედრო ტაძარში, მასზე მინდობილ მრევლთან ერთად გმირულად იდგა ალყაშემორტყმულ ქალაქში. მსახურებდა მეუფე მარტო, დიაკვნის გარეშე, მოსახსენებელს შიმშილითა და წყლულებით მომწყდართათვისაც თავად კითხულობდა და ყოველ საღამოს არასრულებდა წმ. ნიკოლოზის პარაკლისს, შემოუვლიდა რა სასწაულთმოქმედი ხატით ტაძარს, სადაც იმ დროს ცხოვრობდა კიდეც.

მიუხედავად შიმშილისა და დაბომბვისა, შიმშილისაგან ძალაგამოცლილი ხალხი მიდიოდა ტაძარში, სადაც მსახურებდა მათი ალყაშემროტყმული ქალაქის საყვარელი მწყემსი. თავისი სიტყვით მეუფე ალექსი ყველაზე მძიმე წუთებში ამხნევებდა თავის მრევლს გამარჯვების იმედით, სასოებდა ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის საფარველითა და ლენინგრადის ზეციური მეოხის – წმ. ალექსანდრე ნეველის იმედით.

ასეთ გარემოებაში არც პირობები, არც შესაძლებლობა, არც ძალა, არც სამღვდელოება ფაშისტებით გარშემორტყმულ ქალაქზე ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ხატის შემოტარებისთვის უბრალოდ არ იყო.

აი რას იხსენებდა ლენინგრადელი კეთილმოწესე ნიკოლოზ ლომაკინი, რომელიც მთელი ბლოკადის განმავლობაში მუდმივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მიტროპოლიტ ალექსისთან: “მეუფე უშიშრად, ხშირად ფეხით, შემოივლიდა ლენინგრადის ტაძრებს, აღასრულებთა მათში ღმრთისმსახურებას, ესაუბრებოდა სამღვდელოებასა და მრევლს, ყველგან შეჰქონდა სულის სიმხნევე, გამარჯვების რწმენა, ქრისტიანული სიხარულის განცდა და ლოცვითი სიმშვიდე. მეუფე, ხანდახან ავადმყოფიც, დღის ნებისმიერ დროს იღებდა მასთან მისულ სამღვდელოებასა და ერისკაცებს. ყველასთან თანასწორი, გულღია – ყველასთვის ნახულობდა ალერსს, შეეძლო მცირედმორწმუნეთა გამხნევება და სუსტების გამაგრება. არავინ არ მიდიოდა ჩვენი მეუფიდან დამწუხრებული და სულიერად ფრთაშეუსხამი. იგი პირადი სახსრებიდან ძალიან ბევრს უწევდა დახმარებას,

იკლებდა რა თავად, ქრისტიანულად ანაწილებდა საკვებს. სურდა რა ლოცვით დაემშვიდებია და სულიერად გაემხნევებია საწმყსო ლენინგრადის ბლოკადის დღეებში, მეუფე ალექსი არცთუ იშვიათად თავად უგებდა წესს შიმშილისგან გარდაცვლილ ერისკაცებს…” (მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი, 1945, #4, გვ.26-27)

ბლოკადის გარღვევამ მიტროპოლიტ ალექსის მხოლოდ 1943 წლის იანვარში მისცა შესაძლებლობა უმძიმეს პირობებში განეხორციელებია მოგზაურობა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სერგი სტრაგოროდსკისთან შეხვედრისა და მოლაპარაკებისათვის. 1943 წლის ადგილობრივი კრების შემდეგ მიტროპოლიტი ალექსი დაბრუნდა თავის ტანჯულ ქალაქში. 1943 წლის 11 ნოემბერს მას მიენიჭა სახელმწიფო მედალი – “ლენინგრადის დაცვისათვის”.

“რუსეთი მეორედ მოსვლის წინ” კრებულის გამოსვლის შემდეგ, მუდმივად მეორდება ლეგენდა 1941 წელს მოსკოვის ირგვლივ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატით შემოფრენაზე. (გვ.275). კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტალინის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მიტროპოლიტთან შეხვედრამდე 1943 წელს, არავითარ რელიგიურ პროპაგანდაზე, მეტადრე საჯარისო დანაყოფებში, ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ მოსკოვის დაცვის სირთულე და სიტუაციის ტრაგიზმი 1941 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, რათა გავიგოთ, რა ელოდებოდა ასეთი “ხატით შემოფრენისთვის” მფრინავს, როცა გერმანელები უკვე მოსკოვის მისადგომებთან იყვნენ. ასეთი რამის გამბედავს აუცილებლად ელოდა დაუნდობელი სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი.

პროტოპრესვიტერი ვ. შვეცი წერს, რომ სტალინგრადის დაცვის დროს კაზანის ღვთისმშობლის ხატი იდგა მათ მეომრებს შორის ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე და ამიტომაც გერმანელებმა ვერ შეძლეს გამარჯვება: “ცნობილი სტალინგრადის ბრძოლა დაიწყო ამ ხატთან ლოცვით და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს თავდასხმის სიგნალი. ხატი მიჰქონდათ ფრონტის მძიმე უბნებზე, სადაც მდგომარეობა კრიტიკული იყო… სამღვდელოება პარაკლისებს იხდიდა, ჯარისკაცებს ნაკურთხ წყალს ასხურებდნენ…”

აღწერდა რა ასეთ სიმართლესთან შეუსაბამო იდილიას (რუსი სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი ამ დროს ციხეებსა და ბანაკებში იყვნენ). პროტ. ვ. შვეცს ალბათ ერთმანეთში ერევა სტალინგრადისა და ბოროდინოს ბრძოლები. მსგავს ქმედებას, პროტოპრესვიტერი ვასილის მიერ ყოველივე აღწერილს, უბრალოდ ადგილი არ ქონია, რაც არ უნდა ლამაზად და სათნოდ გვეჩვენებოდეს ეს.

სტალინგრადის ბრძოლის მონაწილეთა მოწმობით ( ამ სტროფების დამწერის მამა ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე წითელი არმიის რიგებში მოქმედი ოფიცრის ხარისხით, მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში), არავითარი პარაკლისი ბრძოლის დაწყების წინ კაზანის ღვთისმშობლის ხატთან არ ყოფილა, თავად ხატიც კი არ ყოფილა. ფრონტის მონაწილეები ამოწმებენ მხოლოდ იმას, რომ ყველა შემორჩენილ ტაძარში სასულიერო დასი ლოცულობდა მათი არმიის გამარჯვებისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტალინგრადის ბრძოლა გაიმართა, სტალინის რუსეთის ეკლესიის სამ მაღალიერარქთან, ეკლესიის მომავლისათვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე.

სტალინგრადის ბრძოლისა და იმდროინდელი მოვლენების უშუალო მონაწილეები ყოველ წელს სულ უფრო ცოტანი რჩებიან, ხოლო საეკლესიო მითების შემოქმედთა შეუკავებელი ფანტაზია მზადაა შეთხზას არარსებული, წარმოადგინოს როგორც “გარდამოცემა” და ჭეშმარიტი სასწაული. და მომთაბარეობენ მსგავსი “გარდამოცემები” და “სასწაულები” წიგნიდან წიგნში, ამახინჯებენ რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის ისტორიას და აკნინებენ რუსი (საბჭოთა. მთარგმნ. შნ.) მეომრის როლს დიდ სამამულო ომში.

რომელ მართლმადიდებელს შეეპარება ეჭვი, რომ ქრისტიანთა მოდგმის უანგარო შემწის მეოხებით მოიპოვეს გამარჯვება მოსკოვთან, სტალინგრადთან და გაარღვიეს ლენინგრადის ბლოკადა. ღვთის შეწევნამ და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვამ, რომელსაც მთელი რუსეთი ევედრებოდა, შეეწია ჩვენ ხალხს მტრის გატეხვაში და მიიყვანა ისინი დიდებულ გამარჯვებამდე დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს 1945 წლის აღდგომისთვის.

მაგრამ, როდესაც კითხულობ იგივე წიგნში – “რუსეთი მეორედ მოსვლის წინ” კენისბერგის ბრძოლაზე ასეთ სიტყვებს: -“რუსების შტურმის წინ ცაში გამოჩნდა “მადონა” (ასე უწოდებდნენ გერმანელები ღვთისმშობელს), რომელსაც ხედავდა მთელი გერმანული არმია და აბსოლიტურად ყველა გერმანელს უღალატა იარაღმა – მათ ვერ განახორციელეს ერთი გასროლაც კი… ამ გამოცხადების დროს გერმანელები მუხლებზე ეცემოდნენ და ბევრი მიხვდა თუ რაში იყო საქმე და ვინ ეხმარებოდა რუსებს” (გვ.276) – მაშინ ნამდვილად გმირული და ვაჟკაცური საქციელი რუსი (საბჭოთა. მთარგმნ. შნ.) ჯარისკაცისა იქცევა იაფფასიან და სულელურად გადაღებულ რეჟისორულ ეპიზოდებად ფილმიდან “ბერლინის დაცემა”…

და ბოლოს, ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ეკლესიის ცნობილი იერარქი ლენინგრადის მიტროპოლიტი ანტონი (მელნიკოვი;†1986) მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი პროტ. ვასილი შვეცის თხზულებების მიმართ.

ჩვენ ვთხოვეთ, ყოვლაწმინდა სულის მოციქულებზე გარდამოსვლის ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ სერგის (რიბკო) თავისი აზრი გადმოეცა დიდი სამამულო ომის ამბებზე, რომელზეც ყვება პროტ. ვასილი შვეცი.

მე ვფიქრობ, რომ მამა ვასილის მოთხრობები დიდ სამამულო ომზე, გამოქვეყნებული 80-იანი წლების ბოლოს, სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. მეტსაც ვიტყვი, არაჯანსაღ რამეებს წერს და მოგვითხრობს მამა ვასილი. რაღათქმაუნდა, შესაძლებელია იგი არის “საღვთო გამოცხადებების მჭვრეტელი” და მხოლოდ მას გაეხსნა ეს საიდუმლოებანი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფაქტები, რაზეც ის საუბრობს, ისტორიულად დაუდასტურებელია. არავინ მამა ვასილის თანამედროვეებიდან არ ადასტურებს მის მიერ მოტანილ ცნობებს, მოსკოვსა და სტალინგრადთან ლოცვით მსვლელობებზე. იყო სრულიად სხვა ეპოქა და ჩემი ხედვით ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ დროს. რასაც მამა ვასილი აღწერს, ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ “გარდაქმნა” და მეორედ “რუსეთის ნათლობა” გაცილებით ადრე დაიწყებოდა, ჯერ კიდევ სტალინის ეპოქაში! საქმეც იმაშია, რომ ჩვენ ვიცით: კრემლში 1943 წლის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, 1949 წელს იყო რეპრესიები, კვლავ იჭერდნენ სამღვდელოებას და მორწმუნე ადამიანებსაც კი. ამიტომაც მამა ვასილის მონათხრობი უფრო ზღაპრებს და სათნო აპოკრიფებს გავს.

მე ვიცნობდი ერთ ღვთისმსახურს, სამოცდაათი წლის ასაკში ხელდასხმულს ,რომელიც ომის პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა. ის იყო ღვთისმოშიში, ყმაწვილობიდან ტაძარში მოსიარულე. და როდესაც მას ჩემთან ერთად მოუყვეს ეს “ისტორია” კაზანის ღვთისმშობლის ხატისა, რომლის წყალობითაც თითქოს შეჩერდა ფაშისტების მსვლელობა მოსკოვზე, მან მოისმინა, გაჩუმდა და შემდეგ თქვა: “ძალიან ტკბილადაა ნათქვამი… არ ცხოვრობდით თქვენ იმ დროს და არც იცით”. ასე რომ, მისი აზრითაც ეს არ შეიძლება მომხდარიყო, მან პირდაპირ გამოხატა უნდობლობა და მიუღებლობა მამა ვასილის მიერ მოყვანილი “ფაქტებისა” .

მამა ვასილის ეს მოთხრობები მოსკოვის და სტალინგრადის დაცვაზე ბევრ წიგნშია დაბეჭდილი ახლა, მაგრამ “მოწმე” ამ ამბებისა რატომღაც მხოლოდ თვითონაა. სხვა მოწმე არ არსებობს! მაგრამ საეკლესიო ისტორიისთვის ეს ცოტაა. ფაქტი უნდა იყოს დადასტურებული სხვა ვიღაცის მიერაც, რომელმაც ნახა იგივე. ეს ამბები ხომ “…არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს …” (საქმ.26:26)

ეკლესიაში ჯანმრთელი სკეპტიციზმი აუცილებელია. სხვანაირად ნებისმიერი მატყუარა უბრალოდ გაგვაცურებს, მოიგონებს რაღაც “ღვთივსათნო” ისტორიებს. მართმადიდებლური სარწმუნოება გამოირჩევა განსჯის უნარით და სულიწმინდა არის “სული სიბრძნისა, სული გონიერებისა”, როგორც გალობს ეკლესია ერგასის დღეს. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ ყველა სწავლება, ნებისმიერი მქადაგებელის, მასწავლებლის და სულიერი მამის სიტყვა, აუცილებელია გადავამოწმოთ წმინდა მამებთან. თუ მამა ვასილი შვეცის მონათხრობს წმ. მამებთან გადავამოწმებთ, განსაკუთრებით წმ. ეგნ. ბრიანჩანინოვის სიტყვით “სასწაულებსა და გამოცხადებებზე”, დავინახავთ რომ ისინი უფრო ცრუსასწაულებს შეესაბამება, ვიდრე ღვთის გამოცხადებებს. ის რასაც წერდა და ამბობდა მამა ვასილი – უბრალოდ ლამაზი ზღაპარია, არანაირი სულიერი მნიშვნელობის მქონე. ვფიქრობ ცოდვაა დაუჯერო მსგავს მოვლენებს, არაფრით განმტკიცებულს.

უპირობოდ, დედა ღვთისა მონაწილეობდა ჩვენი სამშობლოს ბედში, ყოფილა მისი გამოცხადებაც დიდი სამამულო ომის დროს, მაგრამ ის რასაც მოგვითხრობს მამა ვასილი, ჩემში ძალიან დიდ ეჭვს იწვევს

ნიკოლოზ კავერინი

წყარო

თარგმნა დიაკვანმა მაქსიმემ (აზნარაშვილი)