ამ მცირე ხნის წინ, რუმინეთში ღვთივ განისვენა, დიდმა მოღვაწე ხუცესმა მამა იუსტინე პარვუმ, დაკრძალულ იქნა Petru Vodă- ში მოლდოვეთი; მამა იუსტინე პარვუ დაიბადა სოფელ პოიანა ლარგულიუში (Poiana Larguliu), რუმინეთი, 1919 წლის 10 თებერვალს, 1936 წელს დურაუ (Durău) მონასტერში მიდის (სადაც შემდგომში დაიკრძალა კიდეც), 1939 წლიდან სწავლობს ჩერნიკას (Cernica) მონასტრის სემინარიში, მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც კაპელანი იყო აღმოსავლეთ ფრონტზე, 1942-1944 წწ.ში დაპატიმრებულ იქნა პოლიტიკური მიზეზით და ხოლო შემდეგ 1948-1964 წწ.ში ათეისტური რეჟიმის მიერ რელიგიური მიზეზებით, 1966 წელს ის უბრუნდება სეკუს (Secu) მონასტერს, და 1975 წლიდან უკვე მოღვაწეობს ბისტრიტას (Bistrita) მონასტერში, 1991 წელს აარსებს პეტრუ ვოდას ( Petru Voda) მონასტერს, სადაც მღვდელმსახურობდა კიდეც, აღადგინა პალტინის (Paltin) დედათა მონასტერიც; გარდაიცვალა 2013 წლის 13 ივნისს; მის სახელს უკავშირდება უამრავი სასწაული, ღვთივსულიერი , მოყვასის სიყვარულით გაჯერებული დარიგებანი და ამიტომაც მას რუმინეთის სულიერ მამადაც მოიხსენიებდნენ.
რუმინულმა საიტმა Blog de Dogmatica Empirica გაავრცელა პროფესორ მარიან მარიკურუს მოწმობა იმ სასწაულების შესახებ რაც მოღვაწე ბერის დაკრძალვას მოყვა; გარდაცვალების შემდეგ ხუცესი დასვენებულ იქნა მის მიერ აშენებულლ პეტრუ ვოდას მონასტერში (მოლდოვეთი), საიდანაც დაკრძალეს 20 ივნისს, უამრავი ადამიანი, ვინც დაესწრო ამ დღეებს იქცა მოწმედ, რომ განსვენებულის ცხედარს მიცვალებულისათვის დამახასიათებელი არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი არც ბალზამირება მომხდარა და არც სხვა რაიმე გარეგანი ჩარევა, მეტიც მისგან კეთილსურნელოვანი რამ სურნელება იფრქვეოდა, ისინიც კი ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ფაქტისადმი, იხილეს როგორ დაეცვარა 4 დღის გარდაცვალებულს მარჯვენა ხელი და შუბლი, რაღაც ზეთისმაგვარი სითხით, შეინიშნა ცრემლდენა ტაძარში დასვენების პირველ ღამეს; როგორც რუმინული საიტი წერს, მონასტერში მისულ უამრავ ხალხში გლოვა ფაქტიურად არც ყოფილა, მათ ხუცესის სასწაულებრივმა ცხოვრებამ და გარდაცვალებამ ღმერთის სადიდებელი ლოცვები აღავლინინა, დაკრძალვის შემდეგ კი რუმინულმა საიტმა http://www.ziartarguneamt.ro გაავრცელა ვიდეო, სადაც სჩანს, როგორ მიყავთ ეშმაკის მიერ შეპყრობილი ქალი ბერის ცხედართან და ხმამაღალი შეძახილით – E’ SFANT (“იგი წმინდანია”), როგორ განიკურნება;
ყურადღება, ვიდეო რგოლი შეიძლება ზოგიერთი მაყურებელისათვის მძიმე საყურებელი აღმოჩნდეს.
ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს ხუცესი იუსტინეს კეთილი სული.
მამა იუსტინე პარვუს დარიგებებიდან:
– გიყვარდეთ ღატაკნი და იტანჯეთ მათთან ერთად, რათა შემდგომ უფალმა თქვენც შეგიწყალოთ
– გახსოვდეს, რომ მოკვდავ სხეულს ატარებ, ყველას სიკეთე გაუკეთე, გამონაკლისების გარეშე.
– არავინ დაამცირო მისი ცოდვების გამო, არამედ მარად საკუთარი თავი ჩათვალე დამნაშავე, თუნდაც მოყვასის ცოდვების გამო.
– სჯობს იყო შეძულებული, ვიდრე გძულდეს; სჯობს თავად იყო შეურაცხყოფილი, ვიდრე სხვას შეურაცხყოფდე!
– სჯობს იყო დევნული, ვიდრე მდევნელი, სჯობს ჯვარსგაცვან, ვიდრე სხვებს აცვამდე ჯვარს!
– ვინც ამასოფლის ცრუპატივს გაურბის ის მომავალი ცხოვრების დიდებას გრძნობს მის სულში.
მომზადებულია არქიმანდრიტ დემეტრიუს ათანასიუსის სტატიისა და სხვადახვა წყაროების მიხედვით
ავტორი: სერგო ფარულავა









