სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ

ნაწილი V

მთარგმნელი იოანე კაზარიანი

წინასიტყვაობანაწილი Iნაწილი IIნაწილი III, ნაწილი IV

41. მისმა წინამორბედმა, იოანე ნათლისმცემელმა წინასწარ შეამზადა და განანათლა ხალხი სიცოცხლის სიტყვის მისაღებად. მან ქრისტეს შესახებ აუწყა, რომელზეც ღვთის სული დაივანებდა; ღვთის სული ქრისტეს სხეულს შეუერთდა. ქრისტეს მოწაფეები და მისი კეთილი საქმეების, სწავლების, წამების, სიკვდილის, აღდგომისა და შემდგომში ზეცად ხორციელად ამაღლების მოწმენი – მოციქულები სულიწმიდის მიღების შემდეგ მან მთელს მსოფლიოში გააგზავნა; ისინი წარმართებს მოუწოდებდნენ, სიცოცხლის გზას უჩვენებდნენ, კერპებისა და გარყვნილებისგან48, მევახშეობისგან მოაქცევდნენ მათ, წყლითა და სულიწმიდით ნათლობით მათ სხეულებსა და სულებს განწმენდნენ. სულიწმიდა მათ უფლისგან მიიღეს და მორწმუნეებს გაუნაწილეს იგი და ამგვარად დააფუძნეს და გააძლიერეს ეკლესია. რწმენითა, სიყვარულით და იმედით (მოციქულებმა) წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები წარმართთა მოქცევა დაამკვიდრეს – ეს მათ ღვთის წყალობით შეძლეს, თავისი (სამოციქულო) მსახურებით. მათ წარმართები მამათა აღთქმაში მიიღეს, რომელთაც უყვარდათ ღმერთი და სწამდათ. მკვდრეთით აღდგომით, სიწმინდის, სიმართლისა და მოთმინების წილ ღმერთი მარადიულ ცხოვრებას გვიბოძებს, რომელიც მან მის მიერ აღგვიქვა, რომელიც მოკვდა და აღდგა – იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც მან ყოველივე არსებულზე, ცოცხალსა და მკვდარზე მეფობა, მეუფება და მსჯავრი გადასცა, როგორც ქრისტეს. (მოციქულები) ჭეშმარიტი სიტყვით მოძღვრავდნენ და ასწავლიდნენ, რომ სხეული წაუბილწავად შეგვენახა აღდგომისთვის, სული კი უხრწნელად.

42. ამგვარნი უნდა იყვნენ მორწმუნენი, (რადგან) მათში მუდმივად სულიწმიდაა, რომელიც  ქრისტესგან მიეცათ ნათლობაში, სულიწმიდის მიმღები კი მას ინახავს და ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიმართლითა და მოთმინებით დადის. ასეთი იქნება სული აღდგომისას, მართალთა სხეულები კი ისევ მიიღებენ განსხვავებულ სახეს და სულთან ერთად სულიწმიდის ძალით აღდგებიან და ღვთის სასუფეველში შევლენ. ეს არის იაფეთის კურთხევის ნაყოფი, რომელიც წარმართთა მოწოდებაში ეკლესიის მიერ გამოჩნდა და მზად არის სემის სახლში დასახლდეს ღვთის აღთქმის თანახმად49. ეს ყოველივე ასე უნდა იყოს – ღვთის სულმა წინასწარ აუწყა ამის შესახებ წინასწარმეტყველთა მიერ, რათა მტკიცე იყოს რწმენა მათში, რომელნიც ღმერთს ჭეშმარიტებით ემსახურებიან. ყველაფერი, რაც ჩვენი ბუნებისთვის შეუძლებელი იყო და ამიტომ ადამიანებისთვის დაუჯერებელი ჩანდა, ღმერთმა წინასწარ გვაუწყა წინასწარმეტყველთა მიერ; მრავალი საუკუნით ადრე ნათქვამი ბოლო ჟამს აღსრულდა, რათა ჩვენ გაგვეგო, რომ ის, ვინც ჩვენს ცხონებას წინასწარ გვაუწყებდა, ღმერთი იყო.

43. ღმერთის ყველაფერში უნდა გვწამდეს, რადგან ღმერთი ყველაფერშია ჭეშმარიტი, ღვთის ძის არსებაშიც. ღვთის ძე არა მხოლოდ სამყაროში მოვლინებამდე არსებობს, არამედ სამყაროს შექმნამდეც, რაზეც მოსეც წინასწარმეტყველებდა და ამბობდა ებრაულად: „Baresit bara elowim basan benuam samentares“, რაც ასე ითარგმნება სომხურ ენაზე50: „ძე დასაწყისშია: შემდეგ კი დააფუძნა ღმერთმა ცა და მიწა“. ამასვე მოწმობს იერემია წინასწარმეტყველი და ამბობს: „მთიების უწინარეს გშობე შენ და მზის უწინარეს არის შენი სახელი“51 – ეს ნიშნავს: სამყაროს შექმნამდე, რადგან ვარსკვლავები სამყაროსთან ერთად წარმოიშვა. ისევ ამბობს: კურთხეულ არს, რომელიც ადამიანის შექმნამდე იყო. რამეთუ, ღმერთისთვის ძე სამყაროს შექმნაზე უწინარეს იყო, ხოლო ჩვენთვის ახლა არის, როდესაც მოგვევლინა. მოვლინებამდე (ძე) ჩვენთვის არ იყო და ჩვენ მას არ ვიცნობდით, ამიტომ მისი მოწაფე, იოანე, მოგვითხრობს: რომელიც არის ღვთის ძე, რომელიც ღმერთთან იყო სამყაროს შექმნამდე და მის მიერ წარმოიქმნა ყოველივე. (იოანე) ასე ამბობს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.  ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“ (იოანე. 1, 1-3). (იოანე) ჭეშმარიტად აჩვენებს, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც დასაწყისში იყო ღმერთთან და მის მიერ შეიქმნა ყველაფერი და ის ღმერთის ძეა.

44. და ისევ ამბობს მოსე, თუ როგორ ესაუბრა ღვთის ძე აბრაამს: „გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან შუადღით. დაინახა მან, აი, სამი კაცი დგას მის წინ. მან მიწამდე თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ ვპოვე შენს თვალი მადლი“52. შემდეგ ელაპარაკა ის უფალს და უფალი ელაპარაკა მას. სამიდან ორი ანგელოზი იყო, ერთი კი – ღვთის ძე, რომელსაც აბრაამი ელაპარაკა და სოდომელებს ესარჩლებოდა, რომ არ გაენადგურებინა ისინი, თუ იქ ათი მართალი მაინც აღმოჩნდებოდა. სანამ ისინი ლაპარაკობდნენ, ორი ანგელოზი ჩავიდა სოდომში და ლოთი მიიღეს. შემდეგ წერილი ამბობს: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24). ანუ, აბრაამს ძე ესაუბრებოდა. ის იყო უფალი, რომელიც ყოველივეზე მეუფებს და რომელიც უფლისაგან არის, ზეცითგან, მამისაგან და ძემ სოდომელთა დასჯის ძალაუფლება მიიღო.

აბრაამი იყო წინასწარმეტყველი და მომავალს ჭვრეტდა, რომელიც ადამიანური სახით უნდა მომხდარიყო; ხედავდა ღვთის ძეს, თუ როგორ საუბრობდა ის ადამიანებთან და ჭამდა მათთან ერთად და შემდეგ მათზე მამის მსჯავრი უნდა აღასრულოს, რომელიც ყოველივეზე მეუფებს, (როგორც) სოდომელთა დასჯის ძალაუფლების მქონე.

45. იაკობმა, მესოპოტამიაში ყოფნისას, ხილვა ნახა, რომ (ის) კიბეზე ადიოდა, ანუ ხეზე, რომელიც დედამიწიდან ზეცამდე იყო აღმართული, რამეთუ კიბით ადიან ზეცად ძის მორწმუნენი, რამეთუ მისი ვნება ჩვენი ზეცად აღმყვანებელია. ყველა მსგავსი ხილვა ღვთის ძეზე ანიშნებს, თუ როგორ იყო ის ადამიანებს შორის და ესაუბრებოდა მათ. აბრაამს არ ესაუბრებოდა ყოველივეს უხილავი მამა და შემოქმედი, რომელიც მუჭაში იტევს დედამიწას და ცას განფენს და რომელიც ამბობს: „ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე; რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?“ (საქმე. 7, 49; ესაია. 66, 1), (ანუ არა მამა) მცირე ადგილას მყოფი ესაუბრებოდა მას (აბრაამს), არამედ აბრაამს ღვთის სიტყვა ესაუბრა, რომელიც მუდამ იყო კაცობრიობასთან, წინასწარ აუწყებდა მოსახდენელს და ადამიანს ღვთიურს ასწავლიდა.

46. ის ელაპარაკა მოსეს მაყვლოვანში53 და უთხრა: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა… და გარდამოვედ განრინებად მათა“ (გამ. 3, 7-8). ის ტანჯულთა გადასარჩენად ადიოდა და ჩამოდიოდა, გამოვყავდით ეგვიპტელთა მონობიდან, ანუ ყოველგვარი კერპთმსახურებისა და უკეთურებისგან; მან გვიხსნა წითელი ზღვისგან, ანუ წარმართთა მომაკვდინებელი ღელვისგან და მათი ღვთისგმობის სიმწრისგან. ღვთის სიტყვამ მათ მიერ აღგვზარდა და მოგვამზადა ჩვენ – მაშინ მომავლის სახე გვიჩვენა, ახლა კი ჭეშმარიტად გვიხსნა წარმართთა სასტიკი მსახურებისგან და ქვიდან წყლის ნაკადი უდაბნოში უხვად გამოადინა; ხოლო ქვა კი თავად ის არის. (სიტყვამ) თორმეტი წყარო მოგვცა, ანუ თორმეტ მოციქულთა სწავლება; მცირედმორწმუნენი უდაბნოში შემუსრა და მოაკვდინა, ხოლო მისი მორწმუნენი და ბოროტებაში ჩვილნი (სიტყვამ) მამათა მემკვიდრეობაში შეიყვანა, რომელიც მოსემ კი არა, არამედ იესომ დაუნაწილა მემკვიდრეობად, რომელმაც ჩვენც გვიხსნა ყამალეკისგან თავის ხელთა გაშლით54 და მამის სასუფეველში შეგვიყვანა.

47. ამრიგად მამა არის უფალი და ძეც არის უფალი; მამა არის ღმერთი და ძეც არის ღმერთი, რადგან ღმერთისგან შობილი არის ღმერთი. ამგვარად, მისი არსების ყოფიერებითა და ძალით ერთ ღმერთს უნდა ვაღიარებდეთ, ხოლო ჩვენდამი არსებული განგების მიხედვით მამა და ძე დავამოწმოთ. ყოველთა მამა შექმნილთათვის უხილავი და მიუდგომელია, ამიტომ დამორჩილებულნი მამასთან ძეს უნდა მიეყვანა, რომელნიც მამასთან დაახლოვებისთვის  წინასწარგანგებით არიან გამზადებულნი. დავითი კიდევ უფრო ცხადად და დიდებულად ამბობს მამასა და ძეზე: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა“ (ფსალ. 44, 7-8). ძე, რამდენადაც ის ღმერთია, მამისგან, ანუ ღმერთისგან, მარადიული სასუფევლის ტახტს და ცხებას მის თანამონაწილეთა მეტად იღებს. ხოლო ცხება არის სული, რომლითაც ის ცხებულია, მისი თანამონაწილენი კი წინასწარმეტყველნი, მართალნი, მოციქულნი და მისი სასუფევლის ყველა თანამონაწილე, ანუ მისი მოწაფენი არიან.

48. ისევ ამბობს დავითი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა. შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ. ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი. საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა. ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი“ (ფსალ. 109). ამით განცხადდა, რომ (ძე) დასაბამიდან მყოფია და წარმართებზე იმეფებს, ყველა ადამიანსა და მეფეს განსჯის, რომელთაც ამჟამად სძულთ მისი სახელი და დევნიან მას55, რადგან მისი მტრები არიან. ხოლო როდესაც მას ღვთის მღვდელი უწოდა, ამით მისი უკვდავობა განაცხადა და ამიტომ თქვა: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი“ – ამით მისი კაცობრივი (ბუნების) დამცირების შემდეგ მისი დიდებული ამაღლება განაცხადა.

49. ესაია წინასწარმეტყველი ისევ ამბობს: „ასე ეუბნება უფალი ღმერთი თავის ცხებულს, უფალს56, რომლის მარჯვენა ხელი უპყრია, რათა წარმართნი დაუმორჩილოს მას“ (ესაია. 45,1)57. მაგრამ როგორ არის ქრისტე ღვთის ძედ და წარმართთა, ანუ ყველა ხალხის მეფედ წოდებული? მართლაც არის ღვთის ძე და ყველას მეფე? ასე ამბობს დავითი: „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი“ (ფსალ. 2, 7-8).

ეს არ არის დავითზე ნათქვამი, რადგან ის არც წარმართებზე მეუფებდა, არც მთელ ქვეყანას ფლობდა, არამედ მხოლოდ იუდეველებზე მეფობდა. მაშასადამე, ცხადია, რომ ქვეყნის კიდეებზე მეფობის აღთქმა ღვთის ძეს ეხება, რომელსაც თავად დავითი თავის მეუფედ აღიარებს და ასე ამბობს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ (ფსალ. 109, 1) და შემდგომი, როგორც ჩვენ ადრე ვთქვით. დავითი ამბობს, რომ მამა ძეს ესაუბრება, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ ესაიასგან, რომელიც ამბობს: „ღმერთი თავის ცხებულს, უფალს, ეუბნება, რომ წარმართებს დაუმორჩილებს მას“ (ესაია. 45, 1). ეს არის ორი წინასწარმეტყველის მიერ მიცემული იგივე აღთქმა, რომ ის არის მეფე; ე. ი. ღვთის სიტყვა ერთი და იგივეს ეხება, კერძოდ კი – ქრისტეს, ღვთის ძეს. რადგანაც დავითი ამბობს: „უფალმა მრქუა მე“, აუცილებელია ითქვას, რომ არც დავითი და არც ერთი წინასწარმეტყველი თავისი პირით არ ლაპარაკობს, რამეთუ წინასწარმეტყველებას გამოთქვავს არა ადამიანი, არამედ ღვთის სული; ის წინასწარმეტყველებში სახეს იღებს იმ პირის მიხედვით, რომელსაც ეხება და ზოგჯერ ქრისტეს სახელით, ზოგჯერ კი მამის სახელით ლაპარაკობს.

50. შესაბამისად, ქრისტე დავითის მიერ ამბობს, რომ მამა მას (ქრისტეს) ელაპარაკებოდა. ქრისტე წინასწარმეტყველთა მიერ, ღირსეულად, ლაპარაკობს თავის თავზე. მათ შორის, ესაიას მიერ: „და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა. და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა“ (ესაია. 49, 5-6).

48 ტექსტში წერია պոռնկութենէ [pornkut’ene] სიტყვისგან – պոռնկութիւն, რაც ნიშნავს სიძვას, გარყვნილებას და ა.შ.

49 იხ. დაბ. 9, 27

50 Եւ այս թարգմանեալ ի հայ լեզու – მოცემულ წინადადებაში სომეხი მთარგმნელის ჩამატებაა (სომეხი მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები ყოფილიყო). წმ. ირინეოსის ორიგინალურ ბერძნულ ტექსტში ძველი აღთქმის შესაბამისი მუხლები ებრაულად იყო მოყვანილი (შეიძლება ბერძნული ასოებითაც). სომხურ წინადადებაში ეს სტრიქონები სომხური ასოებით არის მოცემული, მაგრამ ებრაული შინაარსის შენარჩუნებით. ჩვენ ეს წინადადება ლათინური ასოებით გადმოვეცით. ეს წინადადება შეიძლება შევადაროთ იგავ. 8, 22-ს – „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე“. მაგრამ რადგანაც წმ. ირინეოსი მოსე წინასწარმეტყველს ეყრდნობა, აქ დაბ. 1, 1 უნდა ვიგულისხმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად ჩანს, რომ წმ. ირინეოსს ძველი აღთქმიდან ამონარიდები ზეპირად მოჰყავს.

51 აქ წმ. ირინეოსი იერემიას შეცდომით მიაწერს ფსალმუნების სიტყვებს (109, 3 და 71, 17 კომბინაციაში), რომლებიც ზეპირად მოჰყავს.

52 წმ. ირინეოსს დაბ. 18, 1-3 ზეპირად მოჰყავს.

53 ტექსტში წერია სიტყვა մորենւոջն [morenvojn], რაც მაყვლის ბუჩქსაც ნიშნავს, ჟოლოსაც და უბრალოდ ბუჩქნარს.

54 ამ შემთხვევაში წმ. ირინეოსი ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს გულისხმობს, როდესაც მან ჯვარზე ხელები სამყაროს კიდეებისკენ გაშალა.

55 სავარაუდოდ, აქ წმ. ირინეოსი იმდროინდელი რომაული წარმართული ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულებას უჩვენებს.

56 სამოცდაათი მთარგმნელის ტექსტში აქ წერია Κύρω – კიროსი, ანუ საუბარია სპარსეთის მეფეზე. „უფალს“ წერია, რადგან ბერძნული სიტყვები Κύρω – კიროსი და Κυρίω – უფალს – ერთმანეთს ჰგავს. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში წმ. ირინეოსი ქრისტეს გულისხმობს და ამიტომ წერს զՏէր [zTer] – უფალს.

57 ამ შემთხვევაშიც წმ. ირინეოსს ესაიას წიგნიდან ამონარიდი ზეპირად მოჰყავს.