ინტერვიუ დიოკლიის ეპისკოპოს კალისტესთან (უეარი)

კალისტე – დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) – (1934 – ) – დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოლკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში.

ინტერვიუ დაიბეჭდა კრებულში “ეკლესიის საზღვრები” 2000 წელს.
რედაქტორი თამარ გრძელიძე.

– რუსეთის ეკლესიასა და ზოგ სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენიზმი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაძაბული დისკუსიების საგანი გახდა. როგორია ეკუმენიზმის თქვენეული გაგება და რას წარმოადგენს „მართლმადიდებლური ეკუმენიზმი“?

– „ეკუმენიზმი“, როგორც მე მესმის, გათიშული ქრისტიანების გაერთიანებას ნიშნავს. ეკუმენიზმის ჩემეულ გაგებას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად. პირველ რიგში, როგორც მართლმადიდებელს, მტკიცედ მწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ეკლესია მთელს დედამიწაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის წიაღში მოიძიება ქრისტიანული ჭეშმარიტების სისავსე. ამ თვალსაზრისით, როდესაც მრწამსის წარმოთქმისას ვაღიარებ ერთ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, მე მწამს, რომ აქ სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიაზეა საუბარი.

რაც შეეხება მეორე პრინციპს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე საიდუმლო სერობაზე ლოცულობდა, რომ ყველა მისი მიმდევარი ერთად ყოფილიყო: „ რათა ყოველნი ერთ იყვნენ“ (იოან. 17:21). მაცხოვრის ამ ლოცვას დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენ, მართლმადიდებლები, გულგრილნი ვერ ვიქნებით იმ ფაქტის მიმართ, რომ დღევანდელი ქრისტიანები, ქრისტეს მიმდევრები, გათიშული არიან. ეს გათიშულობა დიდ გულისტკივილს უნდა იწვევდეს ჩვენში, ამიტომაც მართლმადიდებლები უნდა ვცდილობდეთ სხვა ქრისტიანებთან სიახლოვეს, ვაზიაროთ ისინი მართლმადიდებლური რწმენის საგანძურს, რათა არ აღმოვჩნდეთ გამოკეტილნი საკუთარი ეკლესიისა და სულიერი ცხოვრების კედლებში. არამართლმადიდებლებმა უნდა მოვუსმინოთ სხვა ქრისტიანებსაც და მათთან დიალოგი გავმართოთ. არ არის საკმარისი მათთან მართლმადიდებლობის შესახებ საუბარი, საჭიროა გავიზიაროთ მათი პრობლემები და იმედები. ერთი სიტყვით, აუცილებელია დიალოგი და არა მონილოგი.

ამასთან, როცა საქმე მართმადიდებლუ რწმენას ეხება, ჩვენ ვერანაირ კომპრომისზე ვერ წავალთ: ჭეშმარიტ ერთობას მხოლოდ სრულყოფილი რწმენის საფუძველზე შეიძლება მივაღწიოთ. ამასთანვე, არის განსხვავება საღვთისმეტყველო სწავლება-დოგმატებსა და კერძო შეხედულებებს შორის. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი სასოება არის სრული ერთობა მართლმადიდებელ ეკლესიაში.

– როგორ აფასებთეკუმენური მოძრაობის ამჟამინდელ მდგომარეობას. ცხადია, მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკუმენური მოძრაობის პიონერების – მამა სერგი ბულგაკოვისა და მამა გიორგი ფლოროვსკის მოღვაწეობის პერიოდში განსხვავებული ვითარება იყო ქრისტიანულ სამყაროში. ორმოცდაათი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით რა საკითხშია მიღწეული პროგრესი და რაშუ დავცილდით სხვა კონფესიის ქრისტიანებს?

– უეჭველია, რომ ეკუმენური მოძრაობა კრიზისს განიცდის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, ბევრ საკითხში ჩვენ უფრო დაშორიშორებული ვართ ამჟამად, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინათ. მაშინ პროტესტანტებისა და ანგლიკანების უმრავლესობა უპირობოდ აღიარებდა სწავლებას წმინდა სამების შესახებ, სწამდა უფალი იესო ქრისტეს ღვთაებრიობა, მისი ქალწულისაგან შობა, მის მიერ აღსრულებული სასწაულები და მისი აღდგომა. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი დასავლელი ქრისტიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ქრისტიანობის ამ ფუძემდებლურ დოგმატებს. დასავლეთში აღზევდა უკიდურესი ლიბერალიზმი არა მხოლოდ დოგმატურ საკითხებში, არამედ ცალკეული ეკლესიებისა და ზნეობრივ სწავლებებშიც. ჩვენ, მართლმადიდებლებმა, ეს უნდა დავინახოთ.

მაგრამ ამ ფაქტორის გაზვიადებაც არ ივარგებს. დასავლეთ ქრისტიანებს – კათოლიკეებს, ანგლიკანებსა და პროტესტანტებს შორის არიან ისეთი პორები, რომლებიც თავიანთი რწმენით ძალიან ახლოს დგანან მართლმადიდებლობასთან. ჩვენ მათთან უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ვაწარმოოთ დიალოგი.

– როგორია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს როლი თანამედროვე ეკუმენურ სიტუაციაში?

– ყველასათვის ცნობილია, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შფოთისა და ძნელბედობის ჟამი უდგას. მართმადიდებლებმა უნდა მოსთხოვონ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მისი მიზნების, მეთოდებისა და სტრუქტურის გარკვეული კორექტორება. მაგრამ მხოლოდ პირობების წამოყენებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა შეგვძელოს იმის მოსმენა, რასაც მეორე მხარე ამბობს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ მართლმადიდებლებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო დატოვონ, რადგან ჩვენი განდგომითა და დუმილით ვერაფერს ვარგებთ სხვა ქრისტიანებს. მიმაჩნია, რომ საჭიროა მათთან საუბრის გაგრძელება.

– მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა ორმხრივი დიალოგის მონაწილეა. თქვენი აზრით, როგორია რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დიალოგის დღევანდელი მდგომარეობა?

– საღვთისმეტყველო დიალოგს სიძნელეები შეექმნა უკრაინის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის უნიატებთან წამოჭრილი პრობლემების გამო. ვიმედოვნებ, რომ დიალოგი განახლდება და ჩვენ მივუბრუნდებით ფუძემდებლური საღვთისმეტყველო საკითხების განხილვას. ერთობლივად უნდა განვიხილოთ რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებაც პაპის პრიმატისა და უცდომელობის შესახებ. ეს სწავლება ჯერჯერობით არ ყოფილა დიალოგის ღრმა და დეტალური მსჯელობის საგანი. ვიცი, რომ უნიატებთან დაკავშირებით ადგილობრივ დონეზე დიდი სირთულეები დასტურდება, მაგრამ მთავარი აქცენტის ამისკენ მიმართვა არ მიმაჩნია მართებულად. ჩვენ საღვთისმეტყველო საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ.

მე ვერ ვხედავ პრობლემის სწრაფი და იოლი გადაწყვეტის გზას, მაგრამ ერთს კი ვურჩევდი მართლმადიდებელ დებსა და ძმებს: შევეცადოთ, პოზიტიური კუთხით განვსაზღვროთ, როგორ გვესმის პრიმატის ცნება. ხშირად მართლმადიდებლები იმით იფარგლებიან, რომ ვატიკანის I კრების მიერ მიღებული სწავლების მიუღებლობას აფიქსირებენ. ამ სწავლების მიხედვით, აღიარებულია რომის პაპის უმაღლესი და პირდაპირი იურისდიქციული პრიმატი მთელ ეკლესიაზე. მაგრამ, მოდით, შევეცადოთ არა მხოლოდ ვუთხრათ რომის კათოლიკეებს, რა არის ჩვენთვის მიუღებელი, არამედ პოზიტიურ ტერმინებში განვსაზღვროთ, როგორი იქნებოდა რომის პაპის როლი ეკლესიათა გაერთიანების შემდეგ, როგორი პრიმატი ეკუთვნის პაპს ნამდვილად. ჩვენ, მართლმადიდებლებმა ჩვენთვის ცხადად უნდა განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ საეკლესიო პრიმატის ქვეშ. საკმაოდ რთულია საკითხი იმის შესახებ, როგორც გვესმის მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის პრიმატობა. როგორც ბოლოდროინდელმა („ესტონეთის კრიზისმა“) გვაჩვენა, მართლმადიდებლები არა ვართ ერთსულოვანი ამ საკითხში. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ გაბედულად, პოზიტიური ტერმინებით განვსაზღვროთ როგორი იქნება რომის პაპის როლი ქრისტიანულ სამყაროში ერთობის აღდგენის შემდეგ. ჩემი აზრით, ჩვენ, მართლმადიდებლებს ეს საკითხი სათანადოდ არ დაგვიმუშავებია. ასე რომ, მოდით ნაკლები ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც უარვყოფთ, და მეტი ვისაუბროთ იმაზე, რისი დამკვიდრებაც გვსურს.

მიმაჩნია, რომ ამ დიალოგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, დადებითი შედეგი მალე არ მიიღწევა. აქვე შევნიშნავ, რომ არ მაკმაყოფილებს ეს ტერმინოლოგია, რომელსაც ზოგიერთი მართლმადიდებელი იყენებს. კერძოდ: ის რომ რომის კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესია „და – ეკლესიები“ არიან. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, „და – ეკლესიები“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არიან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიბი. და სანამ ჩვენ გვწამს, რომ რომის კათოლიკური ეკლესია დოგმატურ ცდომილებაში იმყოფება, ჩვენ არ უნდა ვუწოდოთ მას „და-ეკლესია“ იმავე მნიშვნელობით, როგორც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს ვუწოდებთ. მე ვიცი, რომ ამ შემთხვევაში გამოვდივარ იმ ტერმინოლოგიის წინააღმდეგ, რომელსაც ზოგიერთი მართლმადიდებელი იყენებს, მაგრამ პირდად ჩემთვის ეს ტერმინოლოგია მიუღებელია.

– როგორ შეაფასებდით მართლმადიდებელ ეკლესიისა და ორიენტალურ მართლმადიდებელ (ქალკედონამდელ) ეკლესიებს შორის დიალოგის შედეგებს?

– ამ დიალოგში მიღწეული პროგრესი მეტად შთამბეჭდავია. იმედი მაქვს, მოვესწრები მართლმადიდებელ ეკლესიასა და ორიენტალურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული ურთიერთობის სრულად აღდგენას. ჩემი აზრით 1964 წელს არაოფიციალურად დაწესებულმა, ხოლო 1976 წელს ოფიციალურად განახლებულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ ამ ორი საეკლესიო ოჯახის (მართლმადიდებელი და ორიენტალურ მართლმადიდებლურ) ქრისტოლოგიას შორის ფუნდამენტური სხვაობა არ არსებობს. ორივე მხარე სრულად თანხმდება იმაში, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი და რომ ის არის ერთიანი და განუყოფელი პირი. როგორც მე მეჩვენება, დისკუსიამ გამოავლინა, რომ ჩვენს შორის განსხვავება ტერმინოლოგიას ეხება, მაშინ როცა ჩვენი რწმენა ერთნაირია.

ამავე დროს, მე გაარებული მაქვს ისეთი პრობლემების არსებობა, როგორებიცაა ამ ორი ეკლესიის ოჯახის მიერ აღიარებული მსოფლიო საეკლესიო კრებების რაოდენობის საკითხი, ასევე ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩვენს მიერ წმინდანად შერაცხული ადამიანი ორიენტალური ეკლესიების მიერ ერეტიკოსებად არიან შერაცხულნი (და პირიქით, ჩვენს მიერ განკიცხულები იქ წმინდანებად მიიჩნევიან). ამ საკითებზე მომავალშიც იქნება მსჯელობა, მაგრამ თუ ჩვენ შევთანხმებით იმაში, რომ ჩვენი რწმენის საფუძველი – იესო ქრისტე – საერთო გვაქვს, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ სამუდამოდ გათიშულნი დავრჩეთ. იმედი მაქვს, დიალოგი მალე მიგვიყვანს ხილული ევქარისტიული ურთიერთობის აღდგენამდე.

– ღვთსმეტყველებს შორის დიალოგის შედეგებს ეკლესიის შვილები ყოველთვის არ იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ რთულად მიმდინარეობს ისეთი დოკუმენტების რეცეპციის პროცესი, როგორიცაა შამბეზის 1990 და 1991 წლების შეთანხმებები (მართლმადიდებელ ეკლესიებსა და ქალკედონამდელ ეკლესიათა შორის მიღწეული საღვთისმეტყველო შეთანხმებები ქრისტოლოგიის საკითხებზე). რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ დოკუმენტებს აკრიტიკებენ.

– ამ დოკუმენტებს ასევე აკრიტიკებენ საბერძნეთში და განსაკუთრებით ათონის წმინდა მთაზე. ეს კრიტიკა სარიოზულად უნდა აღვიქვათ და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო. სწორედ ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ მე იმედიანად ვუყურებ ჩვენ ურთიერთობის აღდგენას, ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ნაჩქარევი, თორემ იგი ახალ განხეთქილებებს გამოიწვევს. მე გეთანხმებით „რეცეპციასთან“ დაკავშირებით. დიალოგის სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება. უნდა დავარიგოთ მორწმუნეები, ავუხსნათ მათ, რომ აქ არ არის არავითარი კომპრომისი, არავითარი ღალატი ჩვენი რწმენისა ქრისტეში. ამან შესაძლოა დიდი დრო მოითხოვოს, მაგრამ ჩვენ ყველაზე წინ საქმე უნდა დავაყენოთ.

ბუნებრივია, ორიენტალური მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან აღნიშნულ შეთანხმებას. ასე რომ, ამ ეკლესიებშიც ქრისტიანებს უნდა განემარტოს საკითხის არსი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. შეუძლებელია განხორციელდეს ერთობა მხოლოდ ეკლესიათა მეთაურებისა და ღვთისმეტყველების დონეზე. ერთობის რეალური სურვილი უნდა ჰქონდეს მთლიანად ღვთს ერს. ამ სურვილის არსებობისათვის საჭიროა ხალხის დამოძღვრა და განსწავლა. ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ეს ამოცანა მეორე რიგში: ღვთის ერის კატეხიზაციის საკითი უმთავრესია.

– თქვენ მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდით ანგლიკანურ ეკლესიასთან დიალოგში. შეინიშნება თუ არა ამ დიალოგში რაიმე პროგრესი? აქვს თუ არა აზრი დიალოგს მას შემდეგ, რაც ანგლიკანურ ეკლესიაში ქალებს აკურთხებენ მღვდლად და ძლიერდება ანგლიკანური სარწმუნოებრივი მოძღვრების უკიდურესი „ლიბერალიზაციის“ ტენრენციები?

– დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ უწინ ანგლიკანური ეკლესია ბევრად უფრო ახლოს იდგა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე ამჟამად. XIX საუკუნის შუა ხანებში ანგლიკანურ ეკლესიაში არსებობდა მძლავრი მოძრაობა მართლმადიდებლობასთან დასაახლოვებლად. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში (20-30 იან წლებში) ეს მოძრაობა ახლოს მივიდა მართლმადიდებლობასთან შეერთებასთან. ეს მართმადიდებლურ-ანგლიკანური დიალოგის კულმინაცია იყო. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. 1973 წელს დაწყებულმა ამჟამინდელმა დიალოგმა, ჯერჯერობით ვერ მოიტანა არსებითი პრაქტიკული შედეგი. აქედან გამომდინარე, ადამიანურად, ანგლიკანებთან გაერთიანების ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი, მაგრამ ადამიანური თვალთახედვით, დღეს არსებული დაბრკოლებები გადაულახავად მეჩვენება.

ამავე დროს არიან ცალკეული ანგლიკანები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ჩვენ მათთან კონტაქტი უნდა ვიქონიოთ და პატივისცემით მოვეკიდოთ, რადგან მათი მდგომარეობა ტრაგიკულია. სამწუხაროდ, ისინი მთელ ანგლიკანურ ეკლესიაზე ვერ აგებენ პასუხს. ამჟამინდელი ოფიციალური დიალოგის დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მწამს იმ არაოფიციალური ჯგუფებისა (მართლმადიდებლებსა და ანგლიკანებს შორის), რომელთა ურთოერთობას საფუძვლად პიროვნული მეგობრობა უდევს. ამის მაგალითია წმინდა ალბანისა და წმინდა სერგის საზოგადოება, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია. მჯერა, რომ ასევე ბევრს მივაღწევთ სტუდენტთა გაცვლით. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ პირადი მეგობრობა მაშინაც კი, როცა ჩვენ ეკლესიათა ერთობაზე ლაპარაკი არ შეგვიძლია.

– თქვენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ბრძანდებით. ცნობილია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მთლიანობაში პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ეკუმენიზმისადმი. მაგრამ ისიც არის ცნობილი, რომ ამ საპატრიარქოს ცალკეულ წევრებს, კერძოდ ათონის წმინდა მთას, ეკუმენიზმისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

– ჩემი თვალთახედვით, ქრისტიანთა ერთობისადმი მეტად გაწონასწორებული და საღი შეხედულება აქვს დღევანდელ მსოფლიო პატრიარქს – ბართლომეს. კათოლიკებთან და ანგლიკანებთან შეხვედრისას იგი არ მალავს არსებულ სირთულეებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჭეშმარიტად მართლმადიდებელი აღმსარებლობა აქვს და ის არავითარ შემთხვევაში არ მიდის კომპრომისებზე იმაში, რაც მართლმადიდებელ რწმენას ეხება.

მე ძალიან დიდ პატივსა ვცემ ათონის მთაზე მოღვაწე მამებს. მათ ნათქვამს ყური უნდა მივუგდოთ და სერიოზულად მოვეკიდოთ. მაგრამ, ამავე დროს მეჩვენება, რომ მათ მიერ გამოთქმული ზოგიერთი მსჯელობა გაზვიადებულია, კერძოდ, ქალკედონამდელი ეკლესიებისა და რომის კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

– ათონის მთასა და მართლმადიდებელი სამყაროს ზოგ სხვა კერაში ხელახლა ნათლავენ მართლმადიდებლობისაკენ მობრუნებულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს. მასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი არამართლმადიდებელ კონფესიებში აღსრულებულ საეკლესიო საიდუმლოთა ქმედითობის შესახებ. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

– ეს ძალიან რთული საკითხია. პირადად მე ამ საკითში ვეყრდნობი რუსი ღვთისმეტყველის ვლადიმირ ლოსსკის სიტყვებს, რომელიც მე მრავალი წლის წინ ფრანგულად წავიკითხე ჟურნალში „დასავლეთ ევროპის საპატრიარქოს ეგზარქატის მოამბე“. ლოსსკი ამბობდა, რომ მართალია მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიაა დედამიწაზე და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მინიჭებული მადლის სისავსე საღვთო საიდუმლოებებში, ამავე დროს, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებს გარეთ მადლი არ არის. პირიქით, ვლადიმირ ლოსსკის სიტყვებით, მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფილი ზოგი ქრისტიანული კონფესია შეიძლება ფლობდეს საღვთო მადლის ელემენტებს და ამიტომ შეიძლება ჰქონდეთ საღვთო ძალის მქონე საიდუმლო. ეს კონფესიები მართმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფილი ჩანან, მაგრამ მათ შესაძლოა შენარჩუნებული ჰქონდეთ უხილავი კავშირები და ამ ეკლესიასთან. ასეთია ვლადიმირ ლოსსკის აზრი და მე იმავე თვალსაზრისს ვემხრობი.

მართლმადიდებელი ეკლესიისგან სხვა ქრისტიანული კონფესიების გამოყოფა ნიშნავს, რომ იქ აღსრულებულ ყოველ საკრამენტულ ქმედებას რაღაც აკლია. ეს საიდუმლოები ვერ ჩაითვლება სრულყოფილად, მაგრამ ამით არც იმის თქმა შეიძლება, რომ მათში არაფერია. ამიტომ ვლადიმირ ლოსსკისა და სხვა ღვთისმეტყველთა თვალსაზრისის გაზიარებით, მწამს, რომ წმინდა სამების სახელით წყლით მონათლული ქრისტიანები ჭეშმარიტად მონათლულები არიან, და ჩემი აზრით, მართლმადიდებლობაში ისინი მირონცხებით უნდა მივიღოთ და არა ხელახალი მონათვლით. ამ შემთხვევაში წმინდა მირონი უნდა გავიგოთ, როგორც ყოველი იმ დანაკლისის შევსება, რაც მათ უწინდელ ნათლობას ჰქონდა.

თუ ძველი ეკლესიის ცხოვრებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ განდგომილთა ხელმეორედ მონათვლა არ იყო საყოველთაოდ დამკვიდრებული წესი. არსებობდა ამ საკითხისადმი დიფერენცირებული მიდგომა. ჩემი აზრით, ახლაც, ყოველი კონკრეტული შემთხვევის დიფერენცირებული გადაწყვეტაა საჭირო. ზოგი შეიძლება მოუნათლავად მივიღოთ, ხოლო, იმ კონფესიების წარმომადგენლები, სადაც წმინდა სამების რწმენა სერიოზულად არის დარღვეული, ხელახლა უნდა მოვნათლოთ.

XX საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალმოწამე, დიდი თავადი ელისაბედ თევდორეს ასული მართლმადიდებლობაში მირონცხებით იქნა მიღებული. ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ამგვარად, ვინც ამბობს, რომ სხვა კონფესიიდან ნათლობის გარეშე მართლმადიდებლობაში გადასული ვერ მიიჩნევა ჭეშმარიტ ქრისტიანად, წმინდანების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. ეს კი ფრიად საშიშია!

– რა შეგიძლიათ გვითხრათ არამართლმადიდებელთა ცხონების შესაძლებლობის თაობაზე? მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილი ზოგიერთი სქიზმატური ჯგუფი ამტკიცებს, არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან. პრაქტიკულად, მათ ეს შეხედულება დოგმატის რანგში აიყვანეს. ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიათა წიაღშიც არიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც ეკლესიათა ხელმძღვანელებისგან მოითოვენ ამ დებულების საეკლესიო სწავლების სახით მიღებას. რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი მონასტრის ბერ-მონაზვნებმა ღია წერილით მოსთხოვეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და წმინდა სინოდს, რომ მათ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ არამართლმადიდებელთა ცხონების შეუძლებლობის შესახებ.

– კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ არამართლმადიდებლები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ ცხონებას. ბოლოს და ბოლოს პასუხი კითხვაზე – ვინ ცხონდება და ვინ არა – მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ გვესმის საღმრთო განგების უღრმესი საიდუმლო ცხონების შესახებ. კითხვა, რომელსაც ჩვენ გამუდმებით უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავს, არის – „ვცხონდები თუ არა მე? როგორია ჩემი ადგილი ცხონების გზაზე?“ რაც შეეხება იმას, ცხონდებიან თუ არა სხვები, ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. უმჯობესია საკუთარ თავზე ვიფიქროთ.

იესო ქრისტე არის საყოველთაო და ერთადერთი მაცხოვარი ამქვეყნად. როგორც უკვე ვთქვი, მართლმადიდებელი ეკლესია არის ქრისტეს ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არის მართლმადიდებლური ცხოვრების მრავალი ელემენტი, თუმცა არ არის სისავსე. სწორედ ამიტომაც მჯერა, რომ სავსებით შესაძლებელია მრავალმა არამართლმადიდებელმა მოიპოვოს ცხონება. მაგრამ, მოდით, ღმერთს დავუტოვოთ საბოლოო განაჩენის გამოტანის უფლება.

1995 წ.