მართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
***
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დიდ მადლობას უხდის ბატონებს ოთარ ზოიძეს და ფრიდონ საყვარელიძეს მათ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის შრომების ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისათვის.
დღეიდან ვიწყებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი
***
წინასიტყვაობა
ეს წიგნი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, კიდევ უფრო ნაკლებადაა სამეცნიერო გამოკვლევა. ზოგადი ისტორიის ოთხას გვერდზე დაწერა ისტორიის სახელებისა და თარიღების ჩამოთვლამდე დაყვანა იქნებოდა. ამ წიგნში მკითხველი იპოვის ამგვარ ზოგად ისტორიაზე ერთგვარ კომენტარს მთავარ მოვლენებზე მითითებით, წარსულში
მომხდარი მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის მცდელობას, მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი გზის ნიშნულების (ძირითადის მაინც) აღნიშვნას.
მე არ ვმალავ მოვლენების ჩემეულ შეფასებებს, მაგრამ, ცხადია, ამ შეფასებებს არანაირად მივიჩნევ არც საბოლოო, არც ამომწურავ შეფასებებად. ვფიქრობ, რომ ფიქრი წარსულზე, მისი სინდისიერი შეფასება, ისტორიული სიმართლის უშიშრად მიღება დღეს განსაკუთრებით აუცილებელია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ყველა მისწრაფებისა და იმედის ცენტრში ეკლესია დგას. ჩემს საკუთარ შეფასებას ვთვლი უფრო კითხვად, ვიდრე პასუხად, ან “მსჯავრად”. ამ “განზოგადებას” საფუძვლად უდევს აღმოსავლეთის ეკლესიის
ისტორიის კურსი, რომელსაც 1945-1951 წლებში ვკითხულობდი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, პარიზში, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში – წმ. ვლადიმერის სასულიერო აკადემიაში, ნიუ-იორკში. ვასრულებ რა ამ წიგნს, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წლებში ქრისტიანული ჭეშმარიტების მსახურების შთამაგონებელი
მაგალითი იყო. უპირველესად, ვმადლობ ჩემს მასწავლებელს, პროფესორ ა.ვ. კარტაშევს, რომლის ხელმძღვანელობითაც დავიწყე ეკლესიის ისტორიის შესწავლა, ასევე ვმადლობ ჩემს მასწავლებლებსა და კოლეგებს პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, წმ. ვლადიმერის აკადემიის დეკანს პროტოპრესვიტერ გ. ვ. ფლოროვსკის. მკითხველი თავად ნახავს, რამდენად ვარ დავალებული მისგან. განსაკუთრებით კი მინდა ვახსენო პროფესორი ს. ს. ვერხოვსკი; მასთან მეგობრობისა და ურთიერთობისგან დავალებული ვარ მეტად, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია.
პროტოპრესვიტერი ა. შმემანი
ნიუ-იორკი,
მარტი, 1953 წ.
თავი 1.
ეკლესიის დასაწყისი
ნაწილი 1.
ეკლესიის ისტორიის პირველ წლებზე, საწყის მოვლენებზე მოთხრობილია “მოციქულთა საქმეში” (1), რომელიც დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ, როგორც მისივე სახარების გაგრძელება. მოციქულთა საქმეში აღწერილია პირველი ქრისტიანული თემი იერუსალიმში, ამ თემის დევნა იუდეის ხელისუფალთაგან, მოციქულების, განსაკუთრებით პავლეს ქადაგება და, ბოლოს, ქრისტიანობის გავრცელება იერუსალიმიდან რომამდე. ამ თხრობის ისტორიულ ღირებულებას ხშირად სადავოდ ხდიდნენ და, მართლაც, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი შორს დგას ისტორიის
ამოცანებისა და მეთოდების თანამედროვე გაგებისაგან; მასში ბევრია დუმილი, შეუვსებელი ადგილები, ზოგჯერ იგი უფრო განმარტებაა ან სქემა, ვიდრე მოვლენის უბრალო აღწერა. მაგრამ მოციქულთა საქმის კითხვისას უნდა გვახსოვდეს, რომ, მსგავსად სახარებებისა (რომელთა შინაარსი არ ამოიწურება ქრისტეს ცხოვრების აღწერით), მოციქულთა
საქმე თავისი ჩანაფიქრით ასევე არ არის მხოლოდ ისტორიული ქრონიკა. იგი დაიწერა იმ წლებში, როცა ეკლესია, რომელიც რომის იმპერიის ბევრ დიდ ცენტრში განმტკიცების შემდეგ გამოვიდა თავისი განვითარების პირველი სტადიიდან, სრულად აცნობიერებდა თავის დანიშნულებას და თავისი პირველდაწყებითი გამოცდილების
აღნუსხვასა და `ფორმულირებას~ იწყებდა წერილობითი ფორმით, რამაც შემდეგში ახალი აღთქმის წიგნი შეადგინა. ახალი აღთქმის ყველა ავტორს შორის ლუკას სხვებზე მეტად შეიძლება ეწოდოს ისტორიკოსი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით; და მაინც, მისი ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ისტორიაზე, როგორც ასეთზე. მისი თემა არის ეკლესია, როგორც დასრულება ახალი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ქმედებათა აღსრულება სამყაროში, ესე იგი ადამიანთა
საზოგადოებაში, ისტორიაში. არა უბრალოდ ეკლესიის ისტორია, არამედ, უწინარესად, თვით ეკლესია, მისი ცოცხალი სახე, მისი არსი, როგორც ისინი გაცხადდა ეკლესიის არსებობის პირველივე წლებში – აი, ეკლესიის ისტორიის ამ ფუძემდებლური ძეგლის (მოციქულთა საქმის) შინაარსი. ესაა ეკლესიის შესახებ პირველი სწავლება, რომელიც
გადმოცემულია ეკლესიის ცხოვრების ფაქტებით; ამიტომ შერჩეულია მხოლოდ ის ფაქტები, რაც ემსახურება ამ მიზანს, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ სწავლების გასაგებად. ამ წიგნს (მოციქულთა საქმეს) სწორედ ასე აღიქვამდნენ ქრისტიანთა შემდგომი თაობები, რომლებიც იერუსალიმის თემში, მოციქულთა ქადაგებაში, პავლეს ცხოვრებასა
და სწავლებაში ხედავდნენ საეკლესიო ცხოვრების ნიმუშსა და საზომს ყველა დროისათვის, ხედავდნენ შთამაგონებელ საწყისს – ეკლესიის მთელი შემდგომი ისტორიის წყაროსა და საფუძველს.
მოციქულთა საქმის თხრობა იწყება მოვლენებით, რომლებიც ისტორიკოსისათვის ჯერ კიდევ ეკლესიის ისტორიის მიჯნაზე დგას: თხრობა იწყება ამაღლებითა და სულთმოფენობით. მაგრამ ლუკას ხედვაში სწორედ ამაღლებასა და სულთმოფენობაში არის ეკლესიის დასაწყისი, ესე იგი, მოცემულია ეკლესიის არსებობის საზრისი, რომელიც შემდეგ თავებში იქნება გაცხადებული.
მოწაფეთა მცირე ჯგუფი, რომელიც შეიძლება მოთავსდეს ერთ ოთახში: მეთევზეები, რომლებიც, ლუკას აღწერით, `… უწიგნონი არიან და უმეცარნი(2), ქალები, მოძღვრის რამდენიმე ნათესავი და მეგობარი; აი, მთელი `მცირე სამწყსო~(3), რაც დარჩა იესო ნაზარეველის შემდეგ. რამ აქცია ისინი უშიშარ მქადაგებლებად, რამ მიიყვანა ისინი `დასასრულადმდე ქუეყანისა,(4) რამ დაუმორჩილა მათ რწმენას ოდესმე არსებულ ცივილიზაციათა შორის უდიდესი, რამ გარდაქმნა სამყარო ისე, რომ უკვე ვერანაირი ძალა ვერ განდევნის სამყაროდან იმის სახეს, ვის შესახებაც აუწყებენ ქვეყანას მოწაფეები? თავისი წიგნის პირველივე გვერდებზე ლუკა პასუხობს: სულიწმინდის გარდამოსვლამ, საიდუმლო ხელახალმა შობამ, რის შემდეგ ყველაფერი ის, რასაც აკეთებდა, რასაც ასწავლიდა იესო, გახდება მოწაფეთა ძალა და თვით ქრისტე იმოქმედებს თავის მიმდევრებში და თვით ქრისტე იქნება ქვეყანაზე. არამედ მოიღოთ ძალი მოსვლასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა~ (საქმე, 1:8).~ რის შესახებაა ეს მოწმობა? აქ, უწინარესად, თვით ეკლესიის ისტორიის თხრობის დაწყებამდე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რათქმაუნდა, ფრიად ზოგადი სახით, ის სახარება, ესე იგი, ხარება (სიხარულის უწყება), რაც შეადგენს კიდეც საეკლესიო ცხოვრებისა და ქრისტიანული ქადაგების შინაარსს სამყაროს წინაშე. თავისი ამქვეყნიური მსახურების ჟამს იესო ქრისტემ ადამიანებს აუწყა ღმრთის სასუფეველი. და მისი ქადაგებისა და საქმეთა არსი იყო ის, რომ ქრისტეს მოსვლა არის დასაწყისი სასუფევლისა, რომ ძე ღმრთისა მოვიდა იმისათვის, რომ ადამიანებისათვის განეცხადებინა და აღეთქვა სასუფეველი. ღმრთისაგან ცოდვით განშორებულებს, ბოროტსა და სიკვდილს დამორჩილებულებს, ნამდვილი ცხოვრების დამკარგველებს – ადამიანებს კვლავ შეუძლიათ ქრისტეს რწმენის მეშვეობით შეიცნონ ერთიანი ჭეშმარიტი ღმერთი და ღმრთის სიყვარული ამა სოფლისადმი, ქრისტესთან შეერთებით მიიღონ ახალი – მართალი, ჭეშმარიტი და მარადიული სიცოცხლე, რისთვისაც არიან შექმნილნი ადამიანები. ქრისტე გვასწავლიდა, რომ სოფელი არ იღებს ღმრთის ამ სასუფეველს იმიტომ, რომ `…ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას(5) და სოფელმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარა. და ამიტომ, ძე ღმრთისამ ადამიანებს მოუტანა არა მხოლოდ სწავლება, არა მხოლოდ ცოდნა სასუფევლის შესახებ, არამედ ხსნაც. ბოროტებასა და ცოდვას, რაც ადამიანებზე ბატონობდა, მან თავად სძლია. მთელი თავისი ცხოვრებით იგი ავლენდა ხატებას სრული ადამიანისა, ესე იგი ადამიანისა, რომელიც ბოლომდე მორჩილია ღმრთისა. და მხოლოდ ამ მორჩილებასა და ამ სიყვარულში იყო მისი ძალაუფლება და ძალმოსილება, რომლითაც იგი უტევებდა ცოდვებს, კურნავდა სნეულებებს, აღადგენდა მკვდრებს. თავის თავში იგი მოავლენდა ღმრთის სასუფეველს, როგორც სრულ შეერთებას ღმერთთან, როგორც ღმრთისა და ადამიანებისადმი სიყვარულისა და მსხვერპლის გაღების ძალას.
მან, სამარცხვინო სიკვდილს მიცემულმა, ყველასაგან მიტოვებულმა, აღასრულა სახე სრული თავდადებისა, სრული სიყვარულისა, უკიდურესი მორჩილებისა. მაგრამ ამ თავდადებაში იყო სწორედ მისი გამარჯვება ბოროტებასა და ცოდვაზე: სიყვარულმა იზეიმა სიძულვილზე, ჭეშმარიტებამ – სიცრუეზე, სიცოცხლემ – სიკვდილზე: ღმერთმა იგი მკვდრეთით აღადგინა. ქვეყნიერების ყველა ბოროტება, რღვევის მთელი ძალა, რომელიც ბატონობს ქვეყანაზე, უძლური აღმოჩნდა ამ სიმართლის მიმართ და იგი დამარცხდა ერთ ადამიანში (ძე ღმრთისაში). ერთი ადამიანის ცოდვისა და სიკვდილის სამეფოში შევიდა ღმრთის სასუფეველი – სასუფეველი სიყვარულისა, სიკეთისა და მარადიული სიცოცხლისა. მაგრამ ეს გამარჯვება ქრისტემ მოიპოვა არა თავისთვის, არამედ სხვებისთვის, ყველასათვის – რათა იხსნას ყველა და ყველა შეიყვანოს მის მიერ განხორციელებულ სასუფეველში. და ამიტომ ქრისტემ თავიდანვე აირჩია თორმეტი მოწმე, რათა ისინი ყოფილიყვნენ მასთან, მოესმინათ მისი სწავლება, დაენახათ მისი საქმენი, მისი სიკვდილი, აღდგომა და განდიდება. და ღამეს, როცა ჯვარზე აღსრულებული სიკვდილით ქრისტე შევიდა თავის დიდებაში, მან მოწაფეებს აღუთქვა სასუფეველი: ქრისტემ აღუთქვა, თავისი დიდებით თავისი ძალა მიეცა მათთვის, რათა ის, რასაც მხოლოდ იგი აკეთებდა, გამხდარიყო ყველას მონაპოვარი, რათა მოწაფეებს ადამიანებისათვის არა მხოლოდ მოეთხროთ მის შესახებ, არამედ ადამიანები მიეყვანათ მასთან, შეეერთებინათ მასთან და გაეხადათ ისინი ქრისტეს სასუფევლის მონაწილენი.
ასეთი იყო აღთქმა და იგი აღსრულებულ იქნა სულთმოფენობის დღეს. ამ დღეს მოწაფეთა მცირე ჯგუფმა მიიღო მოწმობის ძალმოსილება – არა მხოლოდ მოძღვრის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ მოწმობა, არამედ მოწმობა იმის შესახებაც, რომ მასწავლებელი არის მაცხოვარი, სამყაროს მეუფე და უფალი. მოწაფეთათვის ეს მოწმობა, ან მტკიცებულება არის ეკლესია, რომელშიც ქრისტე აგრძელებს ცხოვრებას, რომელშიც, მოწაფეთა ხელით, ახორციელებს თავის ძალაუფლებასა და ძალმოსილებას, რომელშიც მისი ცხოვრება ხდება ახალი ცხოვრება ყველა იმ მორწმუნისა, რომელსაც სწამს იგი. სულიწმინდის გარდამოსვლა ნიშნავს ყოველივე ზემოთქმულს. სულიწმინდის გარდამოსვლა `მცირე სამწყსოს~ აქცევს ეკლესიად.
ეს აღსრულდა იერუსალიმში. ამასთან ერთად, სახარებიდან ვიცით, რომ მოციქულები გალილეველნი, ე. ი. ჩრდილოეთ პალესტინის მცხოვრებნი იყვნენ და მათ პირველად სწორედ იქ იხილეს აღმდგარი უფალი. მაგრამ ლუკა განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას მაცხოვრის სიტყვებზე: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ
მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან(6) . ეკლესიის დასაწყისს – ასეთია ამ სიტყვების აზრი – საფუძველი უნდა დაედოს იერუსალიმში და ეკლესიის ისტორიის გასაგებად ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია. იერუსალიმი იყო ებრაელთა რელიგიურ- ნაციონალური იმედების ცენტრი, ძველი აღთქმისეული ისტორიის
გული. სოლომონისეული დიდების ოქროს ლეგენდით შემოსილი, ისრაელის წარსული სახელმწიფოებრივი აღმავლობის მოწმე – იგი, ტყვეობის, დამცირებისა და მონობის წლებში, უფრო და უფრო მკაფიოდ აღიქმებოდა ისრაელის მისტიკურ ცენტრად, როგორც წმინდა სიონი, სადაც იდუმალ უფლის დღეს (7) უნდა მოევლინოს მესია, რათა იხსნას თავისი ხალხი და აღადგინოს ამ ხალხის მეფობა. და ეს ვიწრონაციონალური, პოლიტიკური რესტავრაციის `მესიანური სამეფო~ – მოცემული წინასწამეტყველთა ხილვებში – გარდაიქმნა სამყაროს რელიგიურ განახლებად, ჭეშმარიტებისა და
სამართლიანობის ზეობად, ხოლო მესია – ცოდვისა და სიკვდილისაგან ადამიანების მხსნელად. ამიტომ, როცა სულთმოფენობის დღეს ბრბოს გაკვირვებას პეტრემ წინასწარმეტყველ იოელის სიტყვებით უპასუხა:
`და იყოს უკანაისკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა…(8) , როცა მან აღიარა, რომ მომხდარის შედეგად დადგა უფლის დიდი და საშინელი დღე (9), რისიც სწამდა ყოველ მართლმორწმუნე იუდეველს, ეს ქრისტიანთათვის ნიშნავდა იმას, რომ მესია მოვიდა, რომ ძველი აღთქმის ყველა აღთქმა, ყველა მოლოდინი აღსრულდა და დადგა `მესიანური მეუფება~. ეს ნიშნავდა იმას, რომ უფლის დიდება, დაპირებული იერუსალიმისათვის, გარდამოვიდა მასზე, და რომ ეკლესიაში დასრულდა ხსნის ძველი
აღთქმისეული ისტორია.
ასეთია მოციქულთა საქმის პირველი თავების აზრი. ურწმუნოს შეიძლება ჰქონდეს ეჭვი ამ თავების ìსტორიულობის~ მიმართ, მაგრამ მანვე უნდა აღიაროს, რომ არ იყო დღე, როცა ქრისტიანებს არ სწამდათ ეკლესიის ეს ღმრთაებრივი დასაბამი და ის, რომ თვით ეს რწმენა უკვე არის ეკლესიის ისტორიის ფუძემდებლური აქტი, რომლის გარეშეც
ძნელად თუ გაიგებ ეკლესიის შემდგომ განვითარებას.
_________________________________________
1
“საქმე მოციქულთას” სრული სახელწოდებაა “საქმე მოციქულთაი აღწერილი ლუკა მახარებლისაი”. იგი ახალი აღთქმის ერთ-ერთი კანონიკური წიგნია, რომელიც ეკლესიის წმინდა გარდამოცემის შესაბამისად და მკვლევართა უდიდესი ნაწილის აზრით დაწერილია წმინდა მოციქულისა და მახარებლის ლუკას მიერ. წიგნი თარიღდება პირველი საუკუნის სამოციანი წლებით.
2
საქმე, 4:13
3
შდრ.: `ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან
ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი~ (ლუკა, 12:32).
4
საქმე, 1:8
5
1 იოვანე, 5:19
6
საქმე, 1:4
7
შდრ.: `მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე
დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა~ (საქმე, 2:20).
8
საქმე, 2:17, იოელი, 3:1;
9
იხ. მე-4 სქოლიო











