ავტორი: – მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი
ქრისტესთან მიდის ორი ადამიანი და ეუბნება: „უფალო განგვსაჯე, ჩვენ ვდაობთ ქონებაზე“. პასუხობს უფალი: „ვინ დამადგინა თქვენს მსაჯულად?“ ღმერთი უარს ამბობს განსჯაზე! სამსჯავროსთვის არ არსებობს ნიადაგი. თუმცა – აგრძელებს უფალი თავის სიტყვას – „ერიდეთ ანგარებას, რადგან ადამიანის ცხოვრება არ არის მის ქონებაზე დამოკიდებული“ (ლკ.12:13-15).
იმ ორის სახით, მიწიერი სამართლიანობის მოთხოვნით რომ მივიდნენ, ქრისტეს წინაშე წარსდგა მთელი სოფელი. თუ გსურთ სოფლის ცქერა – აი ისიც, გამომჟღავნებული ჭეშმარიტების წინაშე – შეხედეთ მას.
ის ორი რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდა რომ მათი სახით მთელი ამსოფლიური დამოკიდებულება და ცხოვრების მოკვდავი სირთულე წარსდგა ქრისტეს წინაშე და გამოავლინა თავისი უფსკრული.
მაგრამ ღმერთი არ ჩაერთვა სამყაროს ცოდვილ სირთულეში, გაიწოდა ხელი და გვერდზე გასწია ის. აი რა უნდა დაიმახსოვრონ ადამიანებმა, რომელთაც სურთ „მიიღონ“ ან „არ მიიღონ“ ეს სოფელი.
„ვინ დამადგინა თქვენს მსაჯულად?“ – ქრისტეს შეკითხვაა. ადამიანთაგან არავის ძალუძს გასცეს პასუხი. შეკითხვაშივე თავად ქრისტე გვაძლევს პასუხს: „მე არავის დავუდგენივარ თქვენს განსასჯელად“, რამეთუ არავის შეეძლო ჩაესვა უფალი ამ სოფლის ცოდვითი ურთიერთობების ჩარჩოში.
აი გასაღები სამყაროს წყობის საკითხისა: უფალი არ ღებულობს ამ წყობას, როგორც ღმერთი და არ უარყოფს – როგორც ადამიანი.
სამყაროს წესრიგი ბზისა და პურის მოსავალია. უფალი ანგელოზებს უბრძანებს არ შეეხონ მას სამსჯავრომდე. არა განსასჯელად, არამედ გამოსახსნელად მოვიდა. ნუთუ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ ამ სიტყვებს? თუ იგი ამბობს რომ „არა განსჯისთვის“ მოევლინა სოფელს, განა შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს რომ სოფელი სამსჯავროს ღირსია? უფალი არ გადადებდა სამსჯავროს, სამყარო მოწიფული რომ არ იყოს მისთვის (სხვა რაღაა ხსნა?). თავად სიტყვა „სამსჯავროს“ არც კი ახსენებდა უფალი, დედამიწაზე ღვთის სამსჯავროს აუცილებლობა რომ არ იყოს.
სასმისი მიწიერ უსამართლობათა – სასმისი ღვთის ძისა აღივსო. უფალი შთამოხდა მიწად, მიწიერად შემოსილი. ის რომ სამყაროს განსასჯელად მოსულიყო მაშინ დედამიწის ყველა სტიქიები შეიძვრებოდნენ და აენთებოდნენ, როგორც აენთებიან ისინი მისი დიდებით მეორედ მოსვლისას. მან კი როგორღაც დაატყვევა სამსჯავრო, თავისი განუზომელი კაცთმოყვარეობის ხელში მოაქცია. ის მოგვევლინა მონის სახებით, ჩამოქვეითებული, თანალმობილი. სხვა შემთხვევაში სამაყრო დაიწვებოდა.
სამართლიანობა და სიმართლე შეკავებულნი არიან ღვთის წიაღში. ამიერითგან ვიდრე მეორედ მოსვლამდე გულმოწყალე მადლის მეუფებაა.
სოფელს გამოცხადებული, სამყაროში ჩაეტია, სიცოცხლე შემოსა, მაგრამ არ მიიღო ის – არამედ აღადგინა. ყველა მის სიტყვაში, ყველა მის ქმედებაში, მისი მსახურების ყოველ წამს უფალი არის სისავსე არასოფლიური ცხოვრებისა. ჩაიხედეთ სახარებაში – როგორ მძვინვარებს სამყარო მის გარშემო. როგორ მიიწევენ მასზედ ამ ქვეყნის ტალღები. ჯვარი უკვე მიღებული აქვს მაცხოვარს ბეთლემის ბაგაში და უფრო ადრეც კი – ყოვლადწმინდა სამების უჟამო მსჯელობაში. უდაბნოში სამი გამოცდა მხოლოდ ერთი ეპიზოდია უფლის ცხოვრებისა. ესენი მხოლოდ მკვეთრი გამოცდებია, ხანდახან კი მკვეთრი გამოცდა უფრო ადვილია ვიდრე მკრთალი, შეუმჩნეველი.
როგორ ცდილობს ადამიანთა სამყარო გამძვინვარებული ზღვასავით შთანთქას ერთადერთი სიყვარულის – ღვთის სახის ნთება… „მაგრამ არ მიეცემათ მათ სხვა ნიშანი გარდა იონასი.“
როგორ იკვრება, როგორ ბორგავს სოფელი უფლის გარშემო – მაგრამ ვერ ყლაპავს მას. უფალი დადის წყალზე.
ეს სწრაფვა სამყაროსი თავისი შემოქმედისადმი საშინლად, შემაძრწუნებლად და ნეტარებითაც იხილვება სახარებაში.
როდესაც სამაყრო იფერფლება მოჩვენებითი თავმდაბლობის უფსკრულში, მიუცუქდება ქრისტეს ფერხთით და ეკითხება მას: „მივცეთ კეისარს მოსაკრებელი?“ ერთი წმინდა მამის გამონათქვამით, უფლის პასუხი იქმნება არაფრისაგან: „მომიტანეთ მონეტა, რომლითაც უნდა გადაიხადოთ, ვისი გამოსახულებაა მასზე? მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“.
არა გარეგანი უარყოფა სოფლისა, არამედ შინაგანი – ასეა მთელს სახარებაში, მის ყოველ აბზაცში.
გარეგანი უარყოფა აღესრულება სამსჯავროზე, იმ დრომდე კი ხსნა შინაგანი უარყოფაა ამ სოფლის არსებისა – როგორც მეცნიერებაში იტყოდნენ „სოფლის ნეიტრალიზაცია“ – სიყვარულის ცეცხლის ქმედებისთვის (მარადიული ქმედითი მსგავსება ღვთისა, ანუ ხსნა).
საუბრობენ ავტორიტეტისაგან ქრისტიანულ თავისუფლებაზე… მაგრამ პირველ რიგში ქრისტიანული თავისუფება ხომ ამა სოფლისაგან თავისუფლებაა. იგი ქრისტესგან არარაობადაა შერაცხილი. თავის ბაბილონურ შემოქედებაშიც ის იყო არარაობა. უფალი მოვიდა, ამცნო ამის შესახებ სამყაროს და კაცობრიობას უბოძა იარაღი სოფლის მოთხოვნათა წინააღმდეგ: აღდგომა და ღვთის სიტყვა.
სოფელი ცარიელია ახლა ღვთის თვალში. ცარიელნი არიან მისი სასახლეები და მისი ქოხები, მისი დიდებულება და მისი არარაობა. ის რაც გრძელდება მასში, ქრისტემ არ უარყო, არ გათელა, უბრალოდ გვერდზე გასწია, რადგანაც სიყვარულის ფასეულობა არ გააჩნდა.
უფალს არ უარუყვია ცხოვრების მატერიალურობა, იგი მიიღო და დაემორჩილა მის დროებითობას და ივნო და განდიდდა. ეს ყველაფერი დღესაც გრძელდება და ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ არც კეისრის მონეტები, არც ადამიანში შემავალი და გამავალი საკვები და არც ქონებრივი დავები… უფალი ჩადგა ამ ყოველივეს შორის და უფალი დადგა ამ ყოველივეზე მაღლა.
„ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა მოხმობილი. მონად ხარ მოხმობილი? – ნუ შფოთავ… რადგან უფლის მიერ მონად ხმობილი ქრისტეს აზატია, ხოლო თავისუფლად ხმობილი – მონა… უკვე იწურება ჟამი ძმანო, ამიტომ ცოლიანნი ისე იყავით, როგორც უცოლონი, თვალცრემლიანნი ისე, როგორც უცრემლონი, მოხარულნი ისე, როგორც გაუხარელნი, მქონენი, როგორც არარას მქონენი, ამ ქვეყნით მოსარგებლენი, როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი, მე კი მსურს რომ უზრუნველნი ვიყოთ“ (1კორ.7:20-31).
ძალა მოციქულის სიტყვისა თავს ესხმის სოფლის ყოველგვარ გამოვლინებას და ანადგურებს მის მიწიერ აზრს. მოციქულის ეს სიტყვები უნდა ვიკითხოთ სახარებისეულ ნეტარებებთან ერთად, ეს სიტყვები 9 ნეტარების მეორე მხარეა: ქრისტე გვაძლევს ახალს, მოციქული წვავს ძველს.
მოციქული არ განსჯის „მქონებელს“, მხოლოდ ამბობს, რომ ის უნდა იყოს ვითარცა „არმქონებელი,“ მოციქული ეხმარება გაიგონ ქრისტე იმ ორს, რომელნიც მისგან ქონების გაყოფას ითხოვდნენ.
მწუხარება და სიხარული გრძნობათა სიმდიდრის მდგომარეობაა. ხრწნადისათვის მტირალი ან მოხარული უგუნურია. დრო უკვე ცოტაა, უნდა მივცეთ მარადიულ ჭეშმარიტებას ან სიხარული, ან მწუხარება, რადგან ამ სოფლის სახე უკვე აღარ არსებობს; „ის მოდის“ ასე მსუბუქად ამბობს მოციქული…
თარგმნა ბექა ებრალიძემ
წყარო: https://jtheologians.wordpress.com/









