თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ცენტრში, მდინარე დიმბოვიცას მარცხენა სანაპიროზე, მისამართზე Romania, Bucuresti, str. Radu Voda, nr. 24A, sector 4, მდებარეობს დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავისი ერთ-ერთი ქტიტორის რადუ ვოდა-ს(1) სახელს ატარებს და რომელიც 1613 წელს ქტიტორის მიერ იქნა შეწირული ათონის მთის ივერონის (ივერთა) მონასტრისთვის და 1863 წლამდე მის მეტოქიონს წარმოადგენდა და იმართებოდა ივერონიდან ჩამოსული წინამძღვრებისა და ბერების მიერ.
მონასტრის მშენებლობა დაიწყო 1568 წელს უნგრო-ვლახეთის (ცარა-რომინეასკას) მთავარმა ალექსანდრუ II მირჩეა-მ. აღდგენა-მშენებლობა ეტაპობრივად გააგრძელეს მისმა შვილმა მიხნეა ტურჩიტულ-მა (1591), შვილიშვილმა რადუ ვოდა-მ (1613-1614 წწ.) და საბოლოოდ მშენებლობა დაასრულა შვილთაშვილმა ალექსანდრუ ვოევოდა-მ (1625).
ალექსანდრუ II მირჩეა-მ გადაწყვიტა წმინდა სამების სახელზე ამ მონასტრის დაარსება თავისი პოლიტიკური მოწინაამღდეგეზე ვინტილა ვოდა-ზე გამარჯვების მადლიერების ნიშნად, რომელთანაც ბრძოლა გაიმართა ზუსტად იმ ადგილას, სადაც აშენდა შემდგომში ეს მონასტერი(2). მონასტრის მშენებლობის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ აქ თან უნდა ყოფილიყო უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტების რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი, ეს ფაქტი დასტურდება მთავრის მიერ, 1577 წელს 15 ივნის, შედგენილი ერთ-ერთი დოკუმენტით, სადაც წერია: “ჩემი მმართველობის დასაწყისშივე დიდი სურვილითა და მოშურნეობით გადავწყვიტე და აღვაშენე ეს წმიდა და ღვთისგან ნაკურთხი სამიტროპოლიტო [ტაძარი-რეზიდენცია](3). როგორც სამიტროპოლიტო, მონასტერი რადუ ვოდა იხსენიება ასევე XVI და XVII საუკუნეების სხვა დოკუმენტებშიც(4), ხოლო 1613 წლის 10 თებერვლის დოკუმენტში იხსენიება, როგორც “დიდი ლავრა”(5).
ამ მონასტრის დაარსების და შემდეგ ძნელბედობის მოკლე ისტორია გადმოცემულია ერთ-ერთ ძველ დოკუმეტში, რომლის დედანიც დღეს დაკარგულად ითვლება, მაგრამ დაკოპირებული სახით შემოინახა XIX საუკუნის ორი მკვლევარის მიერ – ალ. პელიმონ-ის და მღვდელ გრ. მუსჩელეანუ-ს მიერ, ბოლო ამათგანი ამ მონასტრის მღვდელმსახურიც იყო. ამ დოკუმენტში ნათქვამია:
“ეს წმიდა და ღვთისგან ნაკურთხი წმიდა სამების სახელობის მონასტერი აღშენებულია მირჩეა ვოევოდა-ს ძის, მიხნეა ვოევოდა უხუცესის შვილიშვილის უბრწყინვალესი ბატონ ალექსანდრუ ვოევოდა-ს მიერ [სამყაროს შექმნიდან] 7076 [ქრისტეს შობითგან] (1568) წელს; და იყო მშვიდობა მიხაი ვოევოდა-ს ბატონობის წლებამდე, როდესაც 7103 (1595) წელს მოვიდა სინან ფაშა სპით მიხაი ვოდა-ს წინაამღდეგ, და რომ დაამარცხა მან მიხაი ვოდა, შეიტანა წმიდა ტაძარში ტყვია-წამალი; ხოლო მიხაი ვოდა უნგრეთში შეეკრა ბატარ ჟიკმან-თან და დაბრუნდა სინან ფაშასთან საბრძოლველად. სინან ფაშა გაიქცა მაგრამ [მანამდე] მოუკიდა ცეცხლი ტყვია-წამალს ტაძარში და დაინგრა ის საძირკველამდე, და გავიდა მის მერე 27 წელი. დაინგრა რა [მონასტერი], იყო ის უდაბნოდ ქცეული სანამ ღმერთმა არ გვიბოძა ალექსანდრუ ვოევოდა-ს შვილიშვილი და მიხნეა ვოევოდა-ს ძე, უბრწყინვალესი რადუ ვოევოდა, და იყო ის უნგროვლახეთის მთავარი 7122 (1614) წლამდე. და სანამ იყო ის მთავარი, აღაშენა მან ხელახლა საძირკველიდან ბოლომდე, რაც მანამდე იყო დანგრეული; გავიდა 31 წელი. ხოლო მის მერე, რაც უბოძა ღმერთმა რადუს მოლდოვის ქვეყანა და გადავიდა რადუ მოლდოვაში მთავრად, მისი საყვარელი ძე, ალექსანდრუ დარჩა ვოევოდად უნგროვლახეთში. და რაც დარჩა რადუ ვოევოდას დასამთავრებელი [მონასტერში], დაასრულა უკვე მისმა ძემ, ალექსანდრუ ვოევოდამ; იყო წელი 7133 (1625).(6)”
ისტორიული წყაროების მიხედვით რადუ ვოდას მონასტრის ქტიტორები არიან: მთავარი ალექსანდრუ II მირჩეა (1568-1577), ის იწყებს მონასტრის აშენება ტახტზე ასვლისას 1568 წელს; მონასტრის აშენებას ასრულებს მისი შვილი, მთავარი მიხნეა, ზედმეტსახელად გათურქებული, (1577-1583; 1585-1591), 1591 წლის 9 აპრილს, რომ არ დასჯილიყო სიკვდილით თავისი თურქი მევალეების მიერ, ის ღებულობს მახმადიანობას. გამახმადიანების შემდეგ ის ინიშნება ნიკოპოლეში სინჯაკ ფაშად(7). მიხნეა გათურქებულს, მეუღლე ნეაგა-სთან, ყავდა ოთხი შვილი: რადუ, ალექსანდრე მცირე, ვლადი და ელენა; ხოლო საყვარელ ქალთან ვიშა-სთან, ერთი ვაჟი – რადუ(8). მიხნეას გამახმადიანების შემდეგ, რადგან მის არაკანონიერ შვილს პოლიტიკური მოწინაამღდეგების მხრიდან ემუქრებოდა სიკვდილი(9), დედა მისი ვიშა გააპარებს რადუს და გადამალავს მას ათონის მთაზე ივერონის (ივერთა) მონასტერში, სადაც ის გაატარებს რამოდენიმე წელს და განსწავლული ბერებისგან ღებულობს პირველ საფუძვლიან განათლებას. ამის შემდეგ ის მიდის ევროპაში ვენეციის და პადოვას წამყვან სასწავლებლებში(10), სადაც ის: “სწავლობს ბერძნულს(11), ლათინურს, ფრანგულს და ზოგადად ღებულობს სიღრმისეულ განათლებას.(12)”
მიხნეა გათურქებულის შემდეგ ქვეყნის მთავრად მოდის მიხაი ვიტეაზულ (რაინდი) (1591-1601), რომლის დროსაც თურქი დამპყრობლები საძირკველამდე ანგრევენ მონასტერ რადუ ვოდას. ის ვერ ასწრებს მონასტრის აღდგენას, რადგან 1601 წელს მას შეთქმულებით კლავენ. იმავე წელს ევროპიდან ბრუნდება მიხნეა გათურქებულისა და ვიშას შვილი, რადუ და იკავებს უნგროვლახეთის ტახტს. ქვეყანას ის მართავს სამი პერიოდით, რომლებიდანაც პირველი ორი მოკლე, ხოლო მესამე შედარებით ხანგრძლივია: (1601 წლის ნოემბერი – 1602 წლის მარტი; 1611 წლის აპრილი – მაისი; და ბოლოს 1611-1626 წლები). რადუ ვოდა საფუძვლიანად აღადგენს მონასტერს, ხოლო დაუმთავრებელ დეტალებს დაასრულებს მისი მემკვიდრე – მისი შვილი, ალექსანდრუ კოკონულ (მცირე), რომელიც ბევრწილად ქვეყანას მართავდა პარალელურად თავის მამასთან ერთად 1623-1627 წლებში(13).
ვლახეთის ტახტზე რადუ ვოდას მოსვლით მონასტრის ბედი მკვეთრად იცვლება უკეთესობისკენ. მონასტერი, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში იყო განადგურებული, რომლის ტაძარიც თურქების მიერ იყო გამოყენებული ხან ცხენების სადგომათ ხან კი მეჩეთათ, იძენს ახალ სიცოცხლეს. როგორც ჩანს წყაროებიდან, მთავარმა რადუ ვოდამ დაშალა ძველი მცირე ზომის ეკლესია და მის ადგილას ააშენა დიდი, რომელიც დღემდე არის შენარჩუნებული. ჟამთააღმწერელი კონსტანტინ კაპიტანულ წერ: “მის მერე, რაც მოვიდა მთავარი [რადუ ვოდა], უპირველეს ყოვლისა გაწმინდა ყველაფერი და ისევ დააბრუნა ბერები რომ განეახლათ ღვთისმსახურებები, ხოლო მეორე მართვის დროს მან დაშალა მცირე [ეკლესია] და მის ადგილას ააშენა დიდი, რომელიც დღემდეა.(14)”
გარდა კელიებისა რადუ ვოდამ აქ ააშენა ვლახეთის მთავრებისთვის და მიტროპოლიტების სარეზიდენციო სასახლე. 1614 წელს ახლადაშენებული ტაძარი იკურთხა ალექსანდრიის პატრიარქ კირილ ლუკარის-ის მიერ, რომელიც თავის დროზე რადუსთან ერთად სწავლობდა ვენეციაში და პადოვაში, ხოლო ერთი წლით ადრე, 1613 წელს მოხდა ძალზედ მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკლესიის ისტორიასთან, კერძოდ უცხოეთში ქართულ სამონასტრო კერების არსებობასთან. მთავარმა რადუ ვოდამ მადლიერების ნიშნად ქართველი ბერების მიმართ, რომლებმაც წლების მანძილზე შეიფარეს ის და მისცეს მას გამორჩეული განათლება, შესწირა მათ საკუთრებაში ეს განახლებული მონასტერი.
მონასტრის ტაძრის კარის თავზე 1624-1625 წლებში ქვაზე ამოკვეთილ წარწერაზე ვკითხულობთ: “განსვენებულმა ალექსანდრუმ, დიდი ხნის წინ, შესწირა წმინდა სამებას ეს ეკლესია. ჩვენმა მთავარმა რადუ ვოდამ აღადგინა [ეს ეკლესია] საძირკველიდან და შესწირა ივერიელთა მონასტერს 7123 (1614) წელს. მაგრამ ვერ მოასწრო მისი დამთავრება, რადგან გადავიდა მთავრად მოლდოვაში (1623-1626); ხოლო ალექსანდრუ კოკონულ-მა, რადუ ვოდა მიხნეა-ს ძემ, 1625 წელს დაასრულა [ეს] რადუ ვოდას მონასტერი.(15)” ალექსანდრუ კოკონულ-ის დროს ეკლესია მოიხატა კიდევაც; მოხატულობა დაჯდა ერთი მილიონი ოქროს დუკატი(16).
250 წლის განმავლობაში, 1613 წლიდან 1863 წლამდე, როდესაც რუმინეთში მოხდა ყველა მონასტრის ქონების სეკულარიზაცია და უცხო საპატრიარქოებისადმი შეწირული ეკლესია-მონასტრების ნაციონალიზაცია, მონასტერი რადუ-ვოდა იმართებოდა მონასტერ ივერონიდან ჩამოსული სასულიერო პირების მიერ. სხვა წყაროთა შორის, ამის შესახებ მოწმობს 1860 წელს 25 ნოემბერს დაწერილი რადუ-ვოდას მონასტრის წინამძღვრის, გრიგორის წერილი უნგროვლახეთის მიტროპოლიტ, ნიფონის სახელზე, სადაც ვკითხულობთ: “დავინიშნე რა ამ რადუ-ვოდას მონასტრის წინამძღვრად ჩემი მაკურთხეველი ათონის მთის მონასტრის ივირონის მიერ, ყოველთვის ჩემს გვერდით მყავდა ექვსი ივერიელი ბერი: ანუ, ბერი ვენიამინი, როგორც დამხმარე მდივანი; ბერი მაკარი, როგორც ეკონომოსი; მღვდელმონაზონი აზარი, როგორც მგალობელ-მედავითნე; და ბერები გენადი და ავრამი, როგორც მსახურნი.(17)”
რუმინულ წყაროებში წერია, რომ რადუ-ვოდას მონასტერს მართავდნენ “ბერძენი” წინამძღვრები(18). სწორედ, რომ გავიგოთ ეს ტერმინი “ბერძენი”, უნდა ვიცოდეთ, რომ ოსმალეთის იმპერიაში, რომლის დაქვემდებარებაშიც რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო ათონის მთაც და ვლახეთიც, ეროვნების განმსაზღვრელი აყო არა ეთნიკური, არამედ რელიგიური კუთვნილება, შესაბამისად, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუხედავად მისი რეალური ეთნიკური წარმოშობისა, იწერებოდა, როგორც “ბერძენი”. თანაც, იმ დროს რუმინეთის ეკლესიაში ლიტურგიკული ენები ეყო ბერძნული ან სლავური; ხოლო, საკანცელარიო – სახელმწიფო ენა იყო ბერძნული, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ღვთისმსახურნი, რომლებიც რადუ-ვოდაში მოდიოდნენ ათონის მთის ქართველთა მონასტრიდან ივერონიდან, იყვნენ ბერძნული ენისა და ღვთისმსახურების ზედმიწევნით მცოდნენი. ზოგადად, ათონის მთა რუმინელების გაგებაში საბერძნეთათ აღიქმებოდა, ამიტომ იქიდან ჩამოსული მონაზონნი, რომლებიც მეტყველებდნენ და მსახურობდნენ ბერძნულად, რადგან მხოლოდ ქართულის მცოდნე ადამიანი რუმინეთში ვერაფერს ვერ გახდებოდა, იყვნენ აღქმულნი, როგორც ბერძნები.
ისიც აღსანიშნავია, რომ რადუ-ვოდას მონასტრის წევრი ბერები ეთნიკურად რეალური ბერძნებისაგან განსხვავდებოდნენ ჩანს იქიდანაც, რომ მაშინ, როდესაც ვლახეთის მთავრების კარზე ზოგადად ბერძნები დიდად მიღებულები არ იყვნენ, რადუ-ვოდას წინამძღვრები მაინც დიდ პატივში იყვნენ. მაგალითად, ზუსტად, ვლახეთში ბერძნებისთვის არასახარბიელო ერთ-ერთ ასეთ პერიოდში, ორი რადუ-ვოდელი წინამძღვარი სრულიად უნგროვლახეთის მიტროპოლიტებად იყვნენ ნაკურთხი: გრიგორი (1629-1636) და დიონისე (1672 წლის 24 ივნისი – დეკემბერი)(19).
ამ ფაქტს ასევე აღნიშნავს მკვლევარი, მეცნიერებათა დოქტორი, არქიმანდრიტი პოლიკარპ კუცულესკუ: “რადუ-ვოდას წინამძღვრები, არა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ბერძნები მოწონებულნი იყვნენ [ვლახეთის] მთავრების მიერ, არამედ სხვა დროსაც. ორი მათგანი, გრიგორი (1629-1636) და დიონისე (1672 წლის 24 ივნისი – იმავე წლის დეკემბერი) ქვეყნის მიტროპოლიტებაც იყვნენ არჩეულნი.(20)”
ანუ, ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტია, ირკვევა, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელამდე კიდე ორი სრულიად უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი იყო ათონის მთიდან, ივერონის მონასტრიდან ჩამოსული ეთნიკურად ქართველი სასულიერო პირები.
აქვე უნდა გავიხსენოთ ივერონის მონასტრის ქტიტორების, წმინდა იოანე და ექვთიმეს მთაწმინდელების ანდერძი, სადაც ნატქვამია, რომ ივერონელებს არHჰქონდათ უფლევბა მონასტრის წევრ სასულიერო პირებად მიეღოთ ბერძენი ეროვნების ბერები(21); Dე. ი. XVII-XVIII-IXX ს.ს. ივერონის მონასტრიდან ბუქარესტის რადუ-ვოდას მონასტერში სამოღვაწეოდ ეთნიკურად ბერძენი ბერები ფიზიკურად ვერ ჩავიდოდნენ, რადგან არ არსებობდნენ.
ცნობილი ფაქტია, რომ ამჟამად ივერონის მონასტერი ბერძნების ხელშია და იქ არცერთი ქართველი ბერი აღარ მოღვაწეობს, მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე მონასტერს კიდე ქართველი წინამძღვრები და ბერები მართავდნენ. ერთ-ერთი ბოლო წინამძღვარი იყო ვინმე ბ. ბარკალაია. რადგან იმ დროს საქართველოს უკვე დაკარგული ქონდა სახელმწოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია, ბ. ბარკალაია ხშირად მიმართავდა ხოლმე რუს ხელისუფალთ და ქართველ გამორჩეულ მოღვაწეებს მატერიალური დახმარებისათვის; წერილებში წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში და განვითარებაში; ამხელდა ბერძენი სამღვდელო პირების მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას; ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას ათონზე; თანამამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისაკენ, რომ ქართველთა მონასტერი არ ჩავარდნილიყო ბერძრნთა ხელში. ცნობილია, რომ 1900 წელს მონასტერში კიდე 51 ქართველი ბერი მოღვაწეობდა(22) და რომ ბოლო ქართველი ბერი აქ გარდაიცვალა 1955 წელს(23).
ყველაფერი ზემოდ თქმულთაგანი ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ 1863 წლამდე, სანამ დიდი მთავრის ალექსანდრუ იოან კუზას რეფორმატორულმა ხელისუფლებამ არ მოახდინა ყველა ეკლესია-მონასტრის ნაციონალიზაცია, რადუ-ვოდას მონასტერი ეკუთვნოდა ათონის ივერონის მონასტერს და იქ მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები.
შეწირულობის წიგნებიდან, გუჯრებიდან და მონასტრის სხვა დოკუმენტებიდან, რომლებიც ინახება რუმინეთის ეროვნულ არქივში, პროფესორმა ნიკოლაე მ. პოპესკუმ შეადგინა რადუ-ვოდას მონასტრის წინამძღვრების სახელების სია ქრონოლოგიის მიხედვით: პირველი არის ნახსენები გრიგორი (1614-1628), ათანასე (1626-1647), პაისი (1648;?-1654), გალაქტიონი (1649-?), სერაფიმე (28 ივლისი 1654 – 5 მაისი 1655), იოაკიმე (1662-1663), კიპრიანე (1663-1668), დამასკინე (1668-1670), დიონისე (1671-1672 ივნისი), პართენი (1673-1682), პაისი (1686-1689), პართენი (1690-1697), კირილე (1705-1708), ტიმოთე (1709-1715), ბესარიონი (1722-1724), იერემია (1726-1730), დავითი (1730), მაკარი (1741 წლის 29 ოქტომბერი), იოსები (1743-1750), იოანიკე (1750-1751), ფილარეტი (1752-1758), თეოდოსი (12 მარტი – 1761 წლის 17 მარტი), ათანასე (1763-1772), ხრისანტი (1781-1786), ეგნატე (1792), თეოდოსი (1813-1818), Gრიგორი (1819), თეოკლიტე (1823 წლის მარტი – 1827 წლის მარტი), რომანი (1827), აბრამი (1837), საბა (1837-1844), სერაფიმე (1849-1853), იოაკიმე (1853-1860), Gრიგორი (1860-1863).
როგორც უკვე ითქვა, ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ რადუ ვოდას წინამძღვრები ყოველთვის დიდი სიმპატიით სარგებლობდნენ ქვეყნის მთავრების თვალში. ორი მათგანი: გრიგორი (1629-1636) და დიონისე (24 ივნისი – 1672 წლის დეკემბერი) ქვეყნის მიტროპოლიტებათაც იყვნენ ნაკურთხი(24).
მაგალითად 1810 წლის ბუქარესტის ეკლესია-მონასტრების აღწერის წიგნში ვკითხულობთ, რომ რადუ ვოდაში “მსახურობს მღვდელი ზოე ათანასეს ძე, 60 წლის, კარგად მკითხველი, ყველანაირი ვნებისა და ნაკლის გარეშე, ეროვნებით ბერძენი, ერისკაცობიდან ქალწული, მღვდლად ნაკურთხი მიტროპოლიტ იოანიკო მეუფე მაკარის მიერ იქაურ სამიტროპოლიტო ტაძარში 1784 წლის 1 ნოემბერს, და ჩამოვიდა აქ და მოღვაწეობა დაიწყო ამ ეკლესიაში 1807 წლის 22 აგვისტოს”(25).
მონასტრის ქონების სეკულარიზაციამდე 1863 წელს რადუ ვოდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონასტერი იყო რუმინეთში, მას ეკუთვნოდა ათამდე მეტოქიონი და მრავალი მამული და სოფელი. ამ შემოსავლებიდან მონასტერი არა მხოლოდ საკუთარ თავს ინახავდა, არამედ ივერონსაც ეხმარებოდა, ასევე მონასტერი ეწეოდა საგანმანათლებლო და სოციალურ საქმიანობას. მაგალითად 1839 წლის 20 ივნის აქ დაარსდა სასულიერო სემინარია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს 1916-1918 წლებში სწავლა იყო შეწყვეტილი, სამაგიეროდ 1916 წელს ამ მონასტერში ფუნქციონირებდა წითელი ჯვრის საავადმყოფო. ხოლო 1949 წლის იანვარში მონასტერში დამატებით გაიხსნა სამღვდელო პირთა დახელოვნების კურსების სკოლა.
მონასტერი ასევე გაჭირვებულებსაც აქტიურად ეხმარებოდა. ისტორიკოსი ი. ბრეზოიანუ წერს, რომ “მონასტერი ყველა ქვრივს და გაჭირვებულს ეხმარებოდა, ყოველ დილას წინამძღვარი ყველა მსურველს აძლევდა ორ-ორ პურს და ერთ დოქს ღვინოს, და რომ ვინმეს არ აეღო ორჯერ, წინამძღვარი ხალს ღებულობდა რიგ-რიგობით მონასტრის ჩრდილოეთის კარით და უშვებდა სამხრეთის კარებიდან”(26).
სეკულარიზაციის შემდეგ მონასტერმა შეწყვიტა არსებობა და გააგრძელა ფუნქციონირება, როგორც სამრევლო ტაძარი სადაც თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები მსახურობდნენ. 1946 წლის 28 მაისს მონასტერში განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება, მაგრამ ძმობა იყო მცირე რიცხოვანი, მოღვაწეობდა მხოლოდ ორი იღუმენი და ერთი ბერდიაკონი. მაგრამ სულ რაღაცა ხუთ წელიწადში, ანუ 1951 წელს, კომუნისტური რეჟიმი მონასტერსაც და სასულიერო სემინარიასაც ხურავს. ბერები და სტუდენტები გადადიან ბუქარესტიდან 150 კილომეტრში მდებარე მონასტერ კურტეა დე არჯესში. რადუ ვოდაში კი ჯერ კომუნისტური პარტიეს სკოლა იხსნება, ხოლო 1954 წელს აქ საერო ლიცეუმი იწყებს ფუნქციონირებას. 1960 წლის 16 დეკემბერს, ისევ კომუნისტური რეჟიმის დეკრეტის თანახმად, რადუ ვოდას ისევ ერთმევა მონასტრის სტატუსი.
1968-1973 წლებში პატრიარქ იუსტინიანეს დროს მონასტერს ჩაუტარდა კაპიტალური რესტავრაცია, ხოლო 1974-1979 წლებში ტაძარი ხელახლა სრულად იყო მოხატული.
1998 წელს პატრიარქ თეოქტისტეს ლოცვა-კურთხევით რადუ ვოდას მონასტერში დაიწყო ბერ-მონაზვნური ცხოვრების განახლების პროცედურა. 2000 წლის 31 აგვისტოს მოხდა ახალი წინამძღვრის, იღუმენ ვარსანუფი გოგესკუს ოფიციალური დანიშვნა. მონასტრის ძმობის დიდი შრომით მოიწყო ახალი კელიები, სატრაპეზო და საჯარო ბიბლიოთეკა; მონასტრის მცირე ეკლესიაში რეგულარულად დაიწყო ყრუ-მუნჯებისთვის წირვების ჩატარება. მონასტერმა ასევე დაარსა ორი სკიტი, სადაც ასევე მონასტრის წევრი ბერები მსახურობენ და თანაც დიდ მეურნეობებს უვლიან. ამჟამად მონასტრის ძმობა 20 ადამიანს ითვლის, ყველა არის ახალგაზრდა უმაღლესი სასულიერო განათლების მქონე, ზოგიერთი არის დაკავებული სოფლის მეურნეობით, ზოგიერთი კი აკადემიური საქმიანობით, კითხულობენ ლექციებს სემინარიაში, მუშაობენ წმინდა სინოდის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში. ბერ-მონაზვნური ცხოვრების განახლების შემდეგ ტაძარში მრევლიც მრავალრიცხოვანი გახდა და მონასტერი ეწევა აქტიურ მისიონერულ და სოციალურ საქმიანობას. Dდიდი სულიერობისა და მოღვაწეობის შედეგად წინამძღვარი ვარსანუფი 2002 წელს ჯერ პატრიარქის ვიკარ ეპისკოპოსად იკურთხა, ხოლო ახლა არის რიმნიკუს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. იმავე 2002 წელს მონასტერში ჩამოიტანეს წმინდა ნექტარი ეგინელის წმინდა ნაწილი და დაასვენეს შუა ტაძარში. 2006 წლის 29 იანვრიდან მონასტრის წინამძღვარი არის არქიმანდრიტი ნექტარი შოფელეა.

დანართი
1613 (7121) წლის 10 თებერვალი,
[ქალაქი] ტირგოვიშტე(27)
ასლი გუჯრისა მისი დიდებულების, აწ გარდაცვლილი, რადუ ვოევოდას, მიხნეა ვოევოდას ძისა, რომელმაც განაახლა და განამშვენა წმინდა მონასტერი და შეწირა ის მეტოქიონად ივერონს და შეადგინა განწესება რომლითაც ნებავდა, რომ მართებულიყო ეს მონასტერი.
“მე, უფალი იესო ქრისტეს მიერ კეთილმორწმუნე და ქრისტეს მოყვარე, თვითმპყრობელი იო რადუ ვოევოდა, ძე დიდისა და კეთილისა და აწ გარდაცვლილისა მიხნეა ვოევოდასი, წყალობითა და მადლითა ყოვლისა მძლისა ღვთისათა სრულიად უნგრო-ვლახეთისა და ალმაშისა და ფეგერაშ-ჰერცეგ მთების იმიერ მხარეთა მთავარი. წმინდა და ნათელი გულითა კეთილი ვინებე ვადიდო მაღალი ღმერთი, რომელმაც განმადიდა და დამაბრძანა ჩემს წინაპართა ტახტზე.
აჰა, ეს ყოველ პატიოსან ძღვენსა ზედა აღმატებული და პატიოსნად და კეთილად დაწერილი ჩემი შეწირულობის გუჯარი ვუბოძე წმინდასა და ღვთივკურთხეულსა ათონის მთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს, რომელსაც ქვია ივერია. ამ მონასტერში მოღვაწეთა მამათა და ძმათა შევწირე წმინდა და ღვთივკურთხეული წმინდა სამების სახელობის მონასტერი, რომელიც წმინდა სამების სახელობისა და მდებარეობს ბუქარესტის ახლოს, აღშენებული და გამშვენებული ჩემი ბაბუის, იო ალექსანდრუ ვოევოდას მიერ. შევწირე, რომ ეს დიდი ლავრა და პატიოსანი სამიტროპოლიტო იყოს მათთვის მეტოქიონად.
აწ განსვენებული მიხნეა ვოევოდას დროს ეს წმინდა და ღვთივკურთხეული წმინდა სამების სახელობის მონასტერი შესუსტდა და სრულიად დაინგრა. ხოლო აწ განსვენებული ჩემი ბაბუის ალექსანდრუ ვოევოდას მიერ შეწირულნი მონასტრის სოფელნი და სხვა ქონებანი გაიცა სხვა მონასტრებზე.
მას შემდეგ, რაც, ღვთის წყალობით, უფალმა ღმერთმა მიბოძა განსვენებულთა წინაპართა ჩემთა ტახტი, რუმინეთის ქვეყნის ხელმწიფობა და სკიპტრა, მთელი ჩემი გულით დავიწყე შრომა და ამ წმინდა და ღვთივკურთხეული სამების სახელობის მონასტრის განახლება, [რომ იდგეს] სანამ დრო არ დაშლის და არ დაანგრევს მას. გავიხსენე ჩემი წინაპარნი და გადავწყვიტე შემეწირა ეს წმინდა და ღვთივკურთხეული მონასტერი წმინდა მთის ივერიის წმინდა მონასტერს მეტოქიონად. ხოლო, ათონის მთის ივერიის წმინდა მონასტრის მამებმა, მღვდლებმა და ბერებმა გამოგზავნონ აქ სამების სახელობის მონასტერში მღვდლები, კეთილი და ბრძენი ადამიანები, ღირსნი, რომ პატიოსნობით იზრუნონ და მართონ ამ წმინდა მონასტრის საქმენი.
როდესაც შევწირე წმინდა სამების სახელობის ეს წმინდა მონასტერი, მაშინ გადავწყვიტე და განვაწესე, რომ მამებმა და ძმებმა, რომელნიც ნებითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა ჩამოვლენ [ივერონიდან] სამოღვაწეოდ ამ წმინდა სამების სახელობის მონასტერში, იცოდნენ, რომ მათ ევალებათ [მონასტრის კუთვნილ] ყველა ადგილიდან შეაგროვონ შემოსავალი. ამავდროულად, მონასტრის შემოსავალი უნდა დაიცვან, ქონება და სანოვაგე უნდა გაამრავლონ, რომ არ დააკლდეთ არც საკვები და არც სხვა რომელიმე საჭირო საგანი. თუ უფალი ღმერთი ჩვენი მოიყვანს აქ მთავარს, ან მღვდელმთავარს, ან თავადს, ან ბერს, ან მსახურს, მდიდარს თუ ღარიბს, [აქაურმა ბერებმა] ყოველთვის მათ უნდა გაუწიონ მასპინძლობა, წმინდა მონასტერს არაფერი უნდა აკლდეს, რომ არ დაირღვეს ქტიტორების მიერ დაწესებული მოწყალება. წლიდან წლამდე მთელი შემოსავლიდან თუ დარჩება ზედმეტობა, მაშინ ბერებმა ის ნაშთი გააგზავნონ წმინდა მთის ზემოდ ხსენებულ მონასტერში. რადგან ეს ადგილი და წმინდა მონასტერი მდებარეობს ახლოს მთავრის სასახლესთან, ამიტომ ყოველთვის აქ არსებობდა ასეთი წესი: როდესაც, უფალი ღმერთი ჩვენი მოიყვანდა ამ წმინდა მონასტერში მთავარს, ან მღვდელმთავარს, ან თავადს, ან ნებისმიერ სხვა მოგზაურს თუ სტუმარს საზრდოს მისაღებად, მონასტერს ყოველთვის ქონდა საშუალება პატიოსნად გამასპინძლებისა.
მაშასადამე, ასეთივე წესით შევწირე მე ეს წმინდა და ღვთივკურთხეული მონასტერი, რომელიც ვახსენე ზემოდ.
ხოლო, ამ ქვეყნიდან ჩემი წასვლის შემდეგ, ვისაც უბოძებს უფალი ღმერთი ჩვენი მთავრობას ქვეყანასა რუმინეთისასა, იქნება ის ჩემი გულის ნაყოფისაგანი(28), ან ჩემი ნათესავთაგანი, ან ჩვენი ცოდვათაგანი(29), ან სხვა ვინმე, გევედრებით სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისა წმინდისა სამებისა, მიიღეთ და განამტკიცეთ და განაახლეთ ეს ჩემი შეწირულობის გუჯარი და წესი რომელიც დავწერე ზემოდ. და ვინც მიიღებს, დაამტკიცებს და განაახლებს ამ ჩემს შეწირულობის გუჯარს, უფალმა ღმერთმა ჩვენმა წმინდა სამებამ აკურთხოს ქვეყანასა ამას ზედა და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, და შეეწიოს საშინელსა სამსჯავროსა ჟამსა და მეოხ იყოს მისთვის ყოვლადწინდა ღვთისმშობელი და ყოველნი წმინდანი რომელნი სათნო ეყვნენ უფალსა საუკუნითგან, ამინ; ხოლო, ვინც არ მიიღებს, არ დაამტკიცებს და არ განაახლებს ამ ჩემს შეწირულობის გუჯარს, უფრო მეტიც, უარყოფს, დაარღვევს და დავიწყებას მისცემს მას, პასუხი აგოს მან საშინელსა სამსჯავროსა ჟამსა და უფალმა ღმერთმა გვემოს ხორცი მისი ცხოვრებასა ამას შინა და სული მისი ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, და წყეულ და შეჩვენებულ იყოს ის 318 მამათაგან, რომელნი შეიკრიბნენ ნიკეასა შინა, და იყავნ თანაზიარ იუდასა და წყეულ არიოზსა თანა და სხვა ურწმუნო ჰურიათა თანა რომელთა ღაღადეს უფალსა ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტესა ზედა: “აღიღე და ჯვარს აცუ ესე და სისხლი მისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა” და იყავნ ასე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აჰა, მოწმედ ვიყენებ შემდეგ პირებს ჟუპანიდან ვისტიერამდე(30): ჟუპანი ვინტილა დიდი ვორნეკი, და ჟუპანი ნიკა დიდი ლოგოფეტი, და ჟუპანი დედულ დიდი ვისტიერი, და ჟუპანი კერსტეა დიდი სპატარი, და ჟუპანი პანაიტი დიდი სტოლნეკი, და ჟუპანი ბრატულ დიდი კომისი, და ჟუპანი ლუპუ დიდი პახარნიკი, და ჟუპანი ფოტა დიდი პოსტელნიკი. და ისპრავნიკი ჟუპანი ნიკა დიდი ლოგოფეტი.
და ლოგოფეტმა იერემიამ დავწერე [ეს გუჯარი] ქალაქ ტირგოვიშტეში 7121 (1613) წლის 10 თებერვალს.(31)”

 

 

1 ვოდა / ვოევოდა – ძველი რუმინული ტერმინებია, რაც ქართულში მთავრის შესატყვისი სიტყვები. რუმინელი მთავრები ყოველთვის ტიტულის სახით თავის ნათლობის სახელს ურთავდნენ ხოლმე ამ სიტყვებს. ვოდა, ვოევოდას უფრო არქაული და შემოკლებული ფორმაა.

2 B.P. Hașdeu, Ion Voda cel Cumplit, 1894, გვ. 174.

3 Documente privind Istoria Romȃniei sec. XVI-XVIII, Țara Romȃneascǎ, XVI/4, გვ. 281.

4 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, Editura Basilica a Patriarhiei Romȃne, București, 2009, გვ. 4.

5 Documente privind Istoria Romȃniei sec. XVI-XVIII, Țara Romȃneascǎ, XVII/2, გვ. 151.

6 Gr. Musceleanu, Bucur, Istoria fundǎrei Bucureștilor, 1858, გვ. 209-210.

7 სინჯაკ ფაშა – ოთომანურ იმპერიაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, რაც ფაშას მოადგილობას გულისხმობდა.

8 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 5.

9 ოსმალეთის იმპერია, შარიათის კანონების მიხედვით, არ სცნობდა “არაკანონიერი შვილის” ცნებას და ასეთი შვილი, თუ იყო მამაკაცი, ჩვეულებრივად ხდებოდა მამის ქონების და ტახტის მემკვიდრედ.

10 Istoria romȃnilor, volum V, editat de Academia Romȃnǎ, București, 2002, გვ. 55.

11 აქ სავარაუდოდ იგულისხმება კლასიკური ძველი ბერძნული, რადგან იმ დროისთვის არსებულ სალაპარაკო ბერძნულს თავადის შვილები სწავლობდნენ ბავშობიდანვე, რადგან რუმინულ სახელმწიფოებში (უნგროვლახეთში და მოლდოვაში) თანამედროვე ბერძნული იყო ოფიციალური საკანცელარიო ენა. თანაც იმ დროს ევროპულ უნივერსიტეტებში სასწავლო ენები იყო კლასიკური ენები: ძველი ბერძნული და ლათინური.

12 Nicolae Iorga, Istoria domnilor Țǎrii Romȃnești, București, 1902, გვ. 107.

13 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 8.

14 Magazin Istoric, Tom I, Bucuresti, 1845, p. 280-281.

15 Gheorghe Șincai, Chronica romȃnilor, Tom III, გვ. 22.

16 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 13.

17 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 50.

18 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 13, 49.

19 Popescu, Diac. Nicolae M., Dionisie, Mitropolitul Ungrovlahiei, Bucuresti, 1914, გვ. 8-9.

20 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 14.

21 ქართული მწერლობა, ტომი მეორე, გამომცემლობა, “ნაკადული”, თბილისი, 1987 წელი, გვ. 15.

22 https://ka.wikipedia.org/wiki/ათონის_მთის_ივერთა_მონასტერი 13.10.2023
ლ. მენაბდე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 1, 1975, გვ. 229.

23 https://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atoni/iveroni.htm     13.10.2023

24 Popescu, Diac. Nicolae M., Dionisie, Mitropolitul Ungrovlahiei, Bucuresti, 1914, გვ. 8-9.

25 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, გვ. 49.

26 Brezoianu, I., Mǎnǎstiri zise ȋnchinate, București, 1861, გვ. 28.

27 დოკუმენტის დედანი ინახება ათონის მთის ივერონის მონასტერში.
28 აქ იგულისხმება “ჩემი სისხლის და ხორცის ნაყოფისაგან”.
29 აქ ალბათ იგულისხმება თუ ვინმეს არაკანონიერი შვილი მიიღებდა მთავრის ტახტს, ამის ალბათობა არსებობდა, რადგან თვითონ რადუ ვოდაც იყო არაკანონიერი შვილი, ანუ დედა მისი მამა მისის საყვარელი იყო. როგორც ჩანს იმ დროს რადგან რუმინეთი თურქეტის ვასალი ქვეყანა იყო, რუმინეთშიც ზოგიერთი თურქული კანონი მოქმედებდა, ხოლო ისლამურ სამართალში არ არსებობს არაკანონიერი შვილის ცნება, ხარჭისანაც გაჩენილი შვილიც ჩვეულებრივად ხდებოდა მამის ქონების ან სულთნობის მემკვიდრე.
30 ჟუპანი, ვისტიერი, ვორნეკი, ლოგოფეტი, სპატარი, სტოლნეკი, კომისი, პახარნიკი, პოსტელნიკი, ისპრავნიკი: რუმინელი მთავრების კარზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობების ტიტულები.
31 Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, gv. 10-13.

გამოყენებული ლიტერატურა

B.P. Hașdeu, Ion Voda cel Cumplit, 1894.

Documente privind Istoria Romȃniei sec. XVI-XVIII, Țara Romȃneascǎ, XVI/4.

Arhimandrit Policarp Chițulescu, Mǎnǎstirea Radu Vodǎ, Editura Basilica a Patriarhiei Romȃne, București, 2009.

Gr. Musceleanu, Bucur, Istoria fundǎrei Bucureștilor, 1858.

Istoria romȃnilor, volum V, editat de Academia Romȃnǎ, București, 2002.

Nicolae Iorga, Istoria domnilor Țǎrii Romȃnești, București, 1902.

Magazin Istoric, Tom I, Bucuresti, 1845.

Gheorghe Șincai, Chronica romȃnilor, Tom III.

Popescu, Diac. Nicolae M., Dionisie, Mitropolitul Ungrovlahiei, Bucuresti.

Brezoianu, I., Mǎnǎstiri zise ȋnchinate, București, 1861.

ლ. მენაბდე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 1, 1975.

https://ka.wikipedia.org/wiki/ათონის_მთის_ივერთა_მონასტერი    13.10.2023

https://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atoni/iveroni.htm     13.10.2023