ავტორი: იოანე კაზარიანი
პანსპერმია ბერძნულიდან – πανσπερμία – სხვადასხვა თესლის ნარევს ნიშნავს, სიტყვიდან πᾶν – „ყველაფერი“ და σπέρμα – „თესლი“. ეს არის ჰიპოთეზა ცოცხალი ორგანიზმების ან მათი „ჩანასახების“ (რომელიღაც მოლეკულური „სამშენებლო მასალის“ ბიოლოგიური სიცოცხლის შესაძლო ფორმირებისთვის) ჩვენს პლანეტაზე (და სხვა პლანეტებზე) კოსმოსური სივრცით გადმოტანის შესაძლებლობის შესახებ.
ინგლისში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნატეხი
ასეთი მასალა ჩვენს პლანეტაზე შეიძლება მოხვდეს ბუნებრივი პროცესების წყალობით – მეტეორიტების, ასტეროიდების, კომეტების (1) მეშვეობით, ასევე (უკვე თანამედროვე რეალობაში) ხელოვნურადაც – სხვადასხვა კლასის კოსმოსური აპარატების მეშვეობით. ამ ჰიპოთეზის შედეგს წარმოადგენს ვარაუდი, რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე ჩაისახა მისი „სამშენებლო მასალის“ შემოტანით ჩვენი მზის სისტემის კოსმოსური სივრციდან ან ჩვენთან ახლო ასეთივე სისტემებიდან (ანუ ბუნებრივი გზით). ვარაუდები კოსმოსური სივრცით სიცოცხლის ჩვენს პლანეტაზე გადმოტანის შესაძლებლობის შესახებ მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ XIX ს-ში გაჟღერდა, მაგრამ ყველაზე აქტიურები ამ საკითხში იყვნენ XX საუკუნის ცნობილი მეცნიერები: ბრიტანელი ასტრონომი და კოსმოლოგი ფრედ ჰოილი და ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტრობიოლოგი ნალინ ჩანდრა ვიკრამასინგჰე. გასული ასწლეულის 70-80-იან წლებში მათ შესთავაზეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ვარსკვლავთ შორის სივრცის კოსმოსური მტვერი ძირითადად ორგანული ნივთიერებებისგან შედგება, რაც შემდგომში დაკვირვებებით დამტკიცდა (2). შემდგომი კვლევები ამ სფეროში სხვა მეცნიერებმა გააგრძელეს. XXI საუკუნის დასაწყისში ამერიკული მისიის (Deep Impact) მიერ 9P/Tempel კომეტაში კომეტური ნივთიერების კვლევების შედეგებმა აჩვენა მასში წყლის და უმარტივესი ორგანული შენაერთების არსებობა. ამ კვლევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კომეტები შეიძლება იყვნენ ბიოლოგიური სიცოცხლის „სამშენებლო ბლოკების“ გადამტანები. პანსპერმიის სფეროში ყველაზე ბოლო სამეცნიერო კვლევები სულ ამას წინათ მივიღეთ იმ ანალიზის წყალობით, რომელიც მიღებულ იქნა ინგლისში, ქალაქ ვინჩკომბის შემოგარენში, 2021 წლის თებერვალში ჩამოვარდნილი მეტეორიტის გამოკვლევის საფუძველზე; კვლევების მონაცემები გამოაქვეყნეს სამეცნიერო გამოცემაში Science Advances (3). ამ მეტეორიტს „ვინჩკომბური“ ეწოდა. ის ყურადღებით შეისწავლეს მკვლევრებმა, რომლებმაც უკვე 2022 წელს აღმოაჩინეს, რომ ეს მეტეორიტი შეიცავს წყალს, რომელიც მსგავსია ჩვენი დედამიწის წყლისა. „კოსმოსური სტუმრის“ შესწავლის მსვლელობისას დადგინდა, რომ „ვინჩკომბის“ მეოტეორიტი (რომელიც წარმოადგენს ჩვენს მზის სისტემაში წარმოქმნილი და იუპიტერის ორბიტაზე მდებარე ასტეროიდის მოწყვეტილ ნაწილს) თავის თავში შეიცავს დაახლოებით 2% ნახშირბადს და 11% წყალს. მკვლევარების თანახმად, სხვადასხვა ტიპის წყალბადის ატომების თანაფარდობის მიხედვით ეს წყალი ფაქტიურად არ განსხვავდება იმ წყლისაგან რაც დედამიწაზე მოიპოვება. გარდა ამისა, მეტეორიტში აღმოაჩინეს არადედამიწისეული ამინომჟავები, რომლებიც სიცოცხლის „სამშენებლო ბლოკების“ სასტარტო ნაკრებს წარმოადგენენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეტეორიტებს შეეძლოთ დედამიწაზე მოეტანათ არა მხოლოდ წყალი, არამედ ორგანული მასალები, რომლებმაც ეს პლანეტა შედეგად ცოცხალ სამყაროდ აქციეს. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ამყარებს ჰიპოთეზას იმაზე, რომ საკვანძო ქიმიური კომპონენტები, რომლებმა შედეგად ხელი შეუწყვეს სიცოცხლის წარმოშობას, მოტანილ იქნა ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან მილიარდობით წილის წინ.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ახალგაზრდა დედამიწა, თავის ჩამოყალიბების სტადიაში იმდენად ცხელი იყო, რომ უნდა მოეცილებინა თავიდან აქროლადი შენაერთების უმეტესობა, მათ შორის, წყალი. მეცნიერები ამახვილებენ ყურადღებას დომინანტ თეორიაზე იმის შესახებ, რომ წყლის უზარმაზარი მარაგი დედამიწამ მიიღო ასტეროიდების წყალობით , რომლებიც ინტენსიურად ბომბავდნენ მის ზედაპირს შორეულ წარსულში. ხოლო თუკი მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეს მისი ზედაპირის 70% დაფარულია ოკეანეებით, მაშინ, მთელი ეს წყალი მას მოგვიანებით უნდა მიეღო. არსებობს ვარაუდი, რომ ის დაექვემდებარა ბომბარდირებას ყინულიანი კომეტებით, ხოლო ისეთი მეტეორიტები, როგორიცაა „ვინჩკომბური“ (მეცნიერულად – ნახშიროვანი ხონდრიტები) ძალიანაც უხდებიან ამ როლს. სპეციალისტები, რომლებიც მეტეორიტის ნახშირბადისა და აზოტის შემცველ ორგანულ კომპონენტებს, მათ შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამინომჟავებს შეისწავლიდნენ, იგივე დასკვნამდე მივიდნენ: ზუსტად ასეთი ქიმიური შემადგენლობა იყო საჭირო დედამიწაზე სიცოცხლის პირველი „სამშენებლო ბლოკების“ შექმნას. მოცემული საკითხის ზემოთ მოყვანილი მოკლე ანალიზიდან გამომდინარე, დარწმუნებულობის გარკვეული წილით შეიძლება ვთქვა, რომ პანსპერმიის ჰიპოთეზა უკვე თანდათან იძენს ფაქტიური რეალობის ხასიათს. თუ მომავალში ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ იქნება დამტკიცებული, მაშინ, როგორ გავიაზროთ სიცოცხლის ჩასახვა რელიგიურ, უფრო ზუსტად კი, საღვთისმეტყველო კატეგორიებში, როდესაც წმინდა წერილის პერსპექტივაში ვიცით, რომ ადამიანი დედამიწაზე შეიქმნა?
ადამიანი იმ ბიოლოგიური ფორმით, როგორითაც ის შეიქმნა და ამ შექმნის აღწერა მოცემულია დაბადების წიგნში, როგორც ღვთის ქმნილება, ეს არის უკვე პიროვნება თავისი ჩამოყალიბებული ბიოლოგიური სახით, როგორც გონივრულად მოფიქრალი, ე.ი. ადამიანი გონიერი – homo-sapiens. ადამიანის ასეთი სახე, ეს უკვე არის პლანეტა დედამიწის ჩამოყალიბებული პროდუქტი, და არანაირად „სამშენებლო მასალა“, რომელიც ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტმა კოსმოსიდან შემოიტანა, არადა პანსპერმიის ჰიპოთეზა ზუსტად ამის შესახებ ამბობს. ამგვარად, მეცნიერება და რელიგია მოწმობენ ადამიანის ჩამოყალიბების ისტორიის სხვადასხვა სტადიებს: თუ წერილი გვიჩვენებს ადამიანს ჩამოყალიბებული პიროვნების სახით, მეცნიერება გვიჩვენებს მოლეკულურ ასპექტს ადამიანის ბიოლოგიაში, მოწმობს რა მის პრეისტორიულ ბიოლოგიურ მოლეკულურ ევოლუციას. და ეს ყველაფერი გასაგები და ლოგიკურია, თავად წმინდა წერილი ხომ არ გვაძლევს ადამიანის და მთლიანი ხილული ბიოლოგიური სამყაროს ჩამოყალიბების ბიოლოგიური მექანიზმის (ევოლუციის) აღწერას, ეს ხომ ზუსტად მეცნიერების საქმეა – კვლევებით აჩვენოს და ამტკიცოს ექსპერიმენტულად და დაკვირვების მეთოდით, თუ როგორ ვითარდებოდა მთელი ქმნილება, მთელი ქმნილი კოსმოსი, მაშინ როდესაც რელიგიის/ღვთისმეტყველების საქმეა ამ ევოლუციური პროცესების, როგორც ბიოლოგიურის, ისე არაბიოლოგიურის, ინტერპრეტაცია. დაბადების წიგნის ავტორი/ავტორები იმ ცოდნიდან გამოდიან, რომელიც მათ შეეძლოთ ჰქონოდათ ცნობილი ბიბლიური კოსმოლოგიური ტექსტების დაწერის პერიოდში. წმინდა წერილს არ ჰქონდა მიზნად, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ზუსტი ბიოლოგიური აღწერა მოეცა. წერილის მიზანია, აჩვენოს და მოყვეს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთდამოკიდებულების სახის შესახებ, მისი (ადამიანის) დაცემისა და ამაღლების შესახებ, ღმერთის წინაშე მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შესახებ და ას. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, წერილი გვიჩვენებს, ზუსტად როგორ უნდა ააგოს ადამიანმა თავისი ურთიერთდამოკიდებულება ღმერთთან და იყოს სინერგიაში შემოქმედთან, ე. ი. წერილი ქმნილი კოსმოსის სულიერ მხარეზე გვეუბნება, მეცნიერება კი მის ფიზიკურ მხარეზე. ამიტომ, ყველაფერი, რაც წერილში დაკავშირებულია ბიბლიურ ფიზიკურ კოსმოლოგიასთან, ატარებს ფორმალურ ხასიათს და ზედაპირულ აღწერას, ე. ი. ღვთაებრივ შემოქმედებით ბიბლიურ კოსმოლოგიას აქვს ფონური ხასიათი, წარმოადგენს ფონურ შემავსებელს ღმერთისა და ადამიანის სინერგიის შესახებ ცენტრალური აზრის ასპექტში და ამიტომ, ბიბლიური კოსმოლოგიის ფიზიკური ასპექტი არ ისახავს მიზნად, რომ იყოს პირველხარისხოვანი ასპექტი წერილში, რამდენადაც წერილში პირველხარისხოვანი და მთლიანობაში ცენტრალური აზრი არის ადამიანი, როგორც „ღვთის სახე“, რომელმაც ეს „სახე“ თავის ღვთაებრივ შემოქმედს უნდა დაამსგავსოს. მოკლედ რომ ვთქვათ, წერილი არის ადამიანის შესახებ, რომელიც თეოზისისკენ უნდა ისწრაფოდეს და მიაღწიოს მას. ამიტომ, 1) ბიბლიურ კოსმოლოგიას და კოსმოგონიას ახასიათებს სიმბოლური და მითო-პოეტური აღწერა, და შესაბამისად 2) მთელი ფიზიკური კოსმოლოგია და კოსმოგინია მოწოდებულია, რომ იყოს დამატებითი, ფონური აზრი წერილში და ამიტომ 3) ბიბლიური კოსმოგონია და კოსმოლოგია საკმაოდ მოკლედ აღწერს ღმერთის მიერ ადამიანის შექმნას და ზოგადად კოსმოსის შექმნას. შესაბამისად, არც წმინდა წერილს, არც მთლიანობაში ღვთისმეტყველებას, ვერანაირად ვერ ექნება ანტაგონისტური დამოკიდებულება პანსპერმიის ჰიპოთეზასთან მიმართებაში დედამიწაზე ბიოლოგიური სიცოცხლის შესაძლო წარმოშობის მეცნიერული აღწერის საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ პანსპერმია საუბრობს ჩვენი მიწიერი ბიოლოგიის მოლეკულური საფუძვლის პერსპექტივაში (რნმ-ს და დნმ-ს წარმოშობა). მეცნიერება საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, რელიგია საუბრობს იმაზე, თუ ვინ შექმნა ის და ამასთან, შემოაქვს კოსმოსის მიზნობრივი და აზრობრივი დანიშნულებები და ამასთან, ღვთისმეტყველებამ ამ მოვლენების ინტერპრეტაცია უნდა მოგვცეს.
პანსპერმული ჰიპოთეზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ მრავალი ელემენტებიდან და ატომებიდან, რომლებიც კოსმოსში არსებობენ, ჩვენთვის, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის, და მთელი ჩვენი ბიოლოგიური სამყაროსთვის წარმოადგენენ „სამშენებლო მასალას“, ანუ იმას, რასაც თავისი ევოლუციის პერიოდში, თერმობირთვული პროცესებისას გამოიმუშავებდა, მაგალითად, ჩვენი მზე: წყალბადი, ნახშირბადი, აზოტი და ა. შ. – ეს ყველაფერი, შემდგომში, გახდა ჩვენი ფიზიკური არსებობის ამოსავალი (4). წყალზე, როგორც ბიოლოგიური სიცოცხლის ჩასახვის ერთ-ერთ წყაროზე, აქცენტირებისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ წყალბადი, როგორც ქიმიური ელემენტი არის კოსმოსში ყველაზე გავრცელებული ელემენტი და ადამიანის სხეულის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. წყალი ითვლებოდა წმინდა სტიქიად ან ასეთად მოიაზრებოდა არა მარტო ძველ იუდეველებში, არამედ უფრო ძველ ცივილიზაციებშიც, როგორებიცაა ეგვიპტე, უგარიტი, აქადი, სადაც თვით სამყაროს შექმნა წყლის სტიქიაში მოიაზრება. უკვე ახალ აღთქმაში მოციქული პეტრე ამტკიცებდა: „რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით“ (2 პეტრე. 3, 5). ამის შესახებ ცოდნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის „ადამიანური ინტუიცია“ გენეტიკურ დონეზე. ან თუ გავიხსენებთ, რომ თვით ემბრიონის ჩამოყალიბება ამნიოტურ სითხეში (სანაყოფე წყლები) ხდება, რაც ჩვენი ბიოლოგიის ევოლუციურ წარსულს მოწმობს: ამნიოტური სითხე ემბრიონის გარშემოა და მისთვის ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს და ამასთან, ორგანიზმის საწყის ბიოქიმიურ პროცესებში მის ცხოველმოქმედებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წყალი არ არის პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ერთადერთი ფაქტორი. წყლის, როგორც სიცოცხლის საფუძვლის, მთელი მნიშვნელოვნების მიუხედავად, წყალი თავის საკვანძო როლს არ ითამაშებდა სიცოცხლის ფორმირებაში, რომ არა დედამიწისა და მისი თანამგზავრის – მთვარის – გრავიტაციული ურთიერთქმედება; ან რომ არა ის ფაქტორი, რომ ჩვენს მზის სისტემაში არსებობს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა პლანეტა-გიგანტი იუპიტერი, რომელიც თავისი შთამბეჭდავი გრავიტაციით ითრევს თავის თავში ჩვენი პლანეტისათვის ყველა სახიფათო ობიექტს და ამით ჩვენთვის მხსნელის როლს თამაშობს; ჩვენ უმალ არ ვიქნებოდით, რომ არა დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნა 66 მილიონის წლის წინ, რამაც გამოიწვია ე. წ. „მელ-პალეოგენურ განადგურება“. ზემოთ აღწერილის გარდა, ჩვენს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის კიდევ ბევრი სხვა კოსმოსური მიზეზი არსებობს. ამგვარად, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოქმნა არა მხოლოდ წყლის წყალობით, არამედ გარკვეული გარემოებების თანხვედრით იყო შესაძლებელი. თუმცა, წყალმა, როგორც ჩვენი ორგანიკის ძირითადმა კომპონენტმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩვენი ევოლუციის საწყის სტადიაზე, ხოლო მრავალი კლიმატური ფაქტორის წყალობით წყალი კონდენსირდებოდა და ასე გაჩნდა სიცოცხლე. ეს გასაკვირია, მაგრამ პლანეტაზე ჩვენი სიცოცხლის გაჩენის საფუძვლებში კოსმოსური კანონები დევს. ყველაფერი საკვირველად ურთიერთქმედებს კოსმოსში და შობს რაღაც დიდებულს ადამიანის სახით. ამგვარად, ადამიანის გაჩენისა და ევოლუციისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დრო და სივრცე, მანძილი და კოსმოსური ობიექტების ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ა. შ. ადამიანი ონტოლოგიურად არის დაკავშირებული კოსმოსთანაც და ღვთაებრივ რეალობასთანაც. სამყაროში კვანტური ქაოსის პირველი მომენტებიდან ადამიანის გაჩენამდე პროცესი წარმოადგენს მიმართულ გართულებას (პან-ენ-თეიზმის ენით რომ ვთქვათ). ადამიანი რთულია თავისი ფიზიკური ბუნებით და თავად ეს სირთულე (ამავდროულად) არის ევოლუციური განვითარების თავისუფლება, რომელსაც მას ღმერთი ანიჭებს. მაგრამ, ის რაც ჩვენთვის არის ქაოსის და უწესრიგობის საზომი სამყაროს ენტროპიული განვითარების სახით, ის ღმერთისთვის არის მარადიული აზრი (იდეა) კოსმოსზე, სადაც მისი გვირგვინი ხდება ადამიანი, რომელიც მარადიულად იყო ღმერთის გონებაში (ეფეს. 1, 4) (5).
_ _ _ _ _
იხ. მაგალითად.: Rampelotto, P. H. Panspermia: A promising field of research // Astrobiology Science Conference. 2010. Т. 1538. С. 5224; Wickramasinghe, Chandra. Bacterial morphologies supporting cometary panspermia: a reappraisal // International Journal of Astrobiology: journal. 2011. Vol. 10, no. 1. P. 25-30.
იხ. მაგალითად.: Line, M.A. Panspermia in the context of the timing of the origin of life and microbial phylogeny // Int. J. Astrobiol.: journal. 2007. Vol. 3, no. 3. P. 249-254; Wickramasinghe, D. T.; Allen, D. A. The 3.4-µm interstellar absorption feature // Nature. 1980. Vol. 287, no. 5782. P. 518-519.
ამ კვლევის შედეგები მთლიანად იხ. სტატიაში „The Winchcombe meteorite, a unique and pristine witness from the outer solar system“ https://www.science.org/doi/10.1126/sciadv.abq3925?cookieSet=1
იხ. ჩვენი სტატია: „განკაცებული ლოგოსის კოსმიური ბუნების შესახებ“ https://orthodoxtheology.ge/archives/8644
იხ. ჩვენი სტატია: „მეცნიერული და რელიგიური კოსმოგენეზი“ https://orthodoxtheology.ge/archives/8590
გამოყენებული ლიტერატურა:
„The Winchcombe meteorite, a unique and pristine witness from the outer solar system“ https://www.science.org/doi/10.1126/sciadv.abq3925?cookieSet=1
Rampelotto, P. H. Panspermia: A promising field of research // Astrobiology Science Conference. 2010.
Wickramasinghe, Chandra. Bacterial morphologies supporting cometary panspermia: a reappraisal // International Journal of Astrobiology: journal. 2011.
Line, M.A. Panspermia in the context of the timing of the origin of life and microbial phylogeny // Int. J. Astrobiol.: journal. 2007.
Wickramasinghe, D. T.; Allen, D. A. The 3.4-µm interstellar absorption feature // Nature. 1980.
„განკაცებული ლოგოსის კოსმიური ბუნების შესახებ“ https://orthodoxtheology.ge/archives/8644










