გთავაზობთ ორ პუბლიკაციას მოუნათლავ ჩვილთა ხვედრზე. პირველი პუბლიკაცია არის ამონარიდი მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის – ა. ი. ოსიპოვის წიგნიდან “სიცოცხლე გარდაცვალების შემდგომ”. პროფ. ოსიპოვის ამ ამონარიდს და ზოგადად მის ნაშრომებს მოყვა არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) პასუხი (იხ. Какое согласие между Христом и… профессором А.И. Осиповым?), რასაც, თავის მხრივ, მოყვა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ლექტორის – ა. ა. ზაიცევის კრიტიკული პასუხი (“Распроси ближнего твоего прежде, нежели грозить ему” О брошюре архимандрита Рафаила (Карелина) “Какое согласие между Христом и… профессором А.И.Осиповым“). აქ მოყვანილი მეორე პუბლიკაცია წარმოადგენს ა. ა. ზაიცევის ამ პასუხიდან ამონარიდს.პუბლიკაციები ბლოგისათვის ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

როგორია აბორტით მოწყვეტილი ჩვილების ხვედრი?
პროფ. ა. ი. ოსიპოვი, მოსკოვის სასულიერო აკადემია

უცნაურია საკითხის ასე დასმა. მიკვირს, რომ კითხულობენ უდანაშაულო ჩვილების, რომლებსაც არ შეუცვნიათ არც სიკეთე და არც ბოროტებაც, და არა ამ სასიკვდინე ცოდვების ჩამდენი დედების ხვედრის შესახებ. განა ჩვილებმა ცოდვა ჩაიდინეს? განა მათი ქმედება იყო არა სწორი? მათ მოკლეს ადამიანი? რატომ საუბრობენ უცოდველ ჩვილებზე? ცნობილია ამ მცდარი წარმართული შიშის წყაროები. ის მოდის ცრუ მასწავლებლებისაგან, რომლებიც შეპყრობილები იყვნენ შუასაუკუნოებრივი კათოლიკური სწავლებით ე.წ. ლიმბის შესახებ. ლიმბი – ეს საიქიო სამყაროში სამოთხესა და განსაწმენდელს შორის ადგილია, სადაც შუასაუკუნოებრივი წარმოდგენების მიხედვით (ლიმბის იდეა გაჩნდა XIII საუკუნეში) მოუნათლავი ჩვილების სულებია. თუმცა თვით კათოლიციზმი უკვე აღარ ამტკიცებს მათ საბოლოო დაღუპვას. 1905 წელს რომის პაპი პიუს X ასე წერდა: ”ნათლობამდე გარდაცვლილი ბავშვები ხვდებიან ლიმბში, სადაც ისინი ვერ ტკბებიან უფლის სიახლოვით, მაგრამ ამავე დროს არც იტანჯებიან”. ხოლო ახალმა პაპმა ბენედიქტ XVI გადაწყვიტა კათოლიკური სწავლებიდან საერთოდ ამოეღო შუასაუკუნოებრივი სწავლება ლიმბის შესახებ როგორც მცდარი. ამ პაპის მიერ დამტკიცებულ საერთაშორისო თეოლოგიურ კომისიის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლიმბის ტრადიციული კონცეპცია საკმაოდ შეზღუდულად ასახავს ხსნის იდეას. ამჟამად, ახალი თეორიის მიხედვით, იმ ჩვილთა სულები, რომლების ნათლობაც ვერ მოესწრო, ხვდებიან სამოთხეში.

მაგრამ ზოგიერთმა ჩვენმა ”მასწავლებელმა” კათოლიკეების მცდარ შუასაუკუნოებრივ წარმოდგენებს გაუსწრო. ანთებული თვალებით ისინი აშინებენ არმცოდნე ადამიანებს: ”მოუნათლავი ჩვილები დაიღუპებიან”! ანუ, მათი აზრით, დედები, რომლებმაც შეგნებულად ჩაიდინეს ჩვილთა მკვლელობა, შეიძლება გადარჩნენ (თუ მოინანიებენ), ხოლო უდანაშაულო ჩვილები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც ნება და არც შეგნება, განწირულნი არიან დაღუპვისათვის. ალბათ, უკეთეს კარიკატურას მართლმადიდებლობაზე ვერც კი მოიგონებ.

განა ყველა ბავშვი ქრისტემდე დაიღუპა? ხოლო ჩვენი წინაპრების ჩვილები რუსეთის ნათლობამდე – გეენიაში არიან? არაქრისტიანი ხალხის ბავშვები – ჯოჯოხეთში? არა, ყველა ისინი ხსნილნი არიან ქრისტეს მსხვერპლით! თვით უფალმა ასე თქვა მოუნათლავ ბავშვებზე: ”აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე 19, 14). ვინ მონათლა ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოწყვეტილი ჩვილები, ძველი აღთქმის მართლები, გონიერი ავაზაკი, მოციქულები, თვით ღვთისმშობელი, მრავალი მოწამე, და საინტერესოა თუ რომელი წესით: წყალში შთაფვლით, წყლის დასხმით, პკურებით? ნუთუ გაუგებარია, რომ ნათლობა, როგორც ყველა სხვა საიდუმლო, არის საეკლესიო მსახურების წესი, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ხოლო საიდუმლოების მადლს გვაძლევს უფალი, როდესაც ხედავს მას, ვისაც შეუძლია ამ მადლის მიღება? საიდუმლოება არ არის საშვი, რომლის გარეშეც შეუძლებელია მარადიულ ცხოვრებაში შესვლა, არამედ ის არის ადამიანისათვის მისი ხსნის გზაზე მოქმედი დახმარების საშუალება. ამიტომ, ყველა გარდაცვლილი ჩვილი გადარჩება ” რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ”.

მოუნათლავი ბავშვების ნეტარი საიქიო ცხოვრების აზრის გასამყარებლად მოვიყვან რამდენიმე ავტორიტეტულ გამონათქვამს:

ეკლესიის ცნობილი მწერალი ტერტულიანე (~+220) წერს: ”თითოეული პიროვნების თავისებურებებიდან, ხასიათიდან და ასაკიდან გამომდინარე უკეთესია არ ვიჩქაროთ მისი ნათლობით, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვების შემთხვევაში… გაუშვი ისინი მოვიდნენ, როცა გაიზრდებიან. გაუშვი მოვიდნენ, როცა სწავლობენ, როცა ისწავლიან თუ საით უნდა წავიდნენ. გაუშვი გახდნენ ქრისტიანები, როდესაც შესძლებენ უფლის შეცნობას (Christum nosse potuerint). რატომ უნდა იჩქაროს უდანაშაულო ასაკმა ცოდვების მიტევების მიღება?” [1].

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: ჩვილი ბავშვები ”…რომლებიც მოუნათლავნი წავიდნენ, მართალი მსაჯულის წინაშე არ იქნებიან არც განდიდებულნი და არც დასჯილნი ვინაიდან მართალია დაბეჭდილნი არ არიან, მაგრამ არც დაწუნებულნი” [2]. რას ნიშნავს ”არ განიდიდებიან”? ვერ შევლენ ზეციურ სასუფეველში? – არავითარ შემთხვევაში. წმინდა გრიგოლის სიტყვების გაგება ადვილად შესაძლებელია მებრძოლი ჯარის მაგალითზე. ვის მიანიჭებენ დიდებას, ვის აჯილდოვებენ? მათ, ვინც გამოავლინა უფრო დიდი სიმამაცე, გმირობა. სხვა დანარჩენნი, რომლებმაც არ გამოამჟღავნეს ასეთი გმირობა, ბუნებრივია, არ მიიღებენ ასეთ ჯილდოს და დიდებას. მაგრამ განა ისინი დაისჯებიან?! წმინდა გრიგოლი ასე აგრძელებს თავის აზრს: ”რამეთუ არა ყოველი … რომელიც არ იმსახურებს პატივს, უკვე იმსახურებს დასჯას”[3] . აი რაზე მიანიშნებენ მისი სიტყვები. მათში არცაა ის აზრი, რომ მოუნათლავები მოაკლდებიან ცათა სასუფეველს.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თანამედროვე ღირსი ეფრემ ასური დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილი ჩვილი ბავშვები წმინდანებზე უფრო მაღლა იდგებიან. თანაც ის ამ დროს არც კი ახსენებს, მონათლულ თუ უნათლავ ბავშვებზეა საუბარი.

“დიდება შენდა, უფალო ჩვენო, ჩვილ ბავშვთა და ყრმათა ბაგეთაგან, რომლებიც, როგორც წმინდა კრავნი ედემში, საზრდოობენ ცათა სასუფეველში! როგორც წმინდა სულმა ბრძანა (იეზეკ. 34, 14), საზრდოობენ ისინი ხეებს შორის, და მთავარანგელოზი გაბრიელი – ამ სამწყსოს მწყემსია. უფრო აღმატებული და მშვენიერია მათი ხარისხი ვიდრე ქალწულებისა და წმინდანებისა; ისინი – ღვთის, წმინდა სულის შვილნი არიან. ისინი – მაღალთა თანაზიარნი, მეგობარნი ზესთა ნათლისა, მკვიდრნი წმინდა მიწის, წყეული მიწისაგან შორს მდგარნი. იმ დღეს, როდესაც ძე ღვთისას ხმას მოისმენენ, გაიხარებენ ძვალნი მათნი, თავს მოიხრის თავისუფლება, რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო მათი სულების აღშფოთება. მოკლე იყო დღენი მათნი ამ ქვეყნად; მაგრამ დღეგრძელნი არიან ისინი ედემში; და მათი მშობლებისათვის ყველაზე სანუკვარია მიუახლოვდნენ მათ სამკვიდრებელს”[4].

წმინდა ბასილი დიდის ძმა წმინდა გრიგოლ ნოსელი სპეციალურ ნაშრომში სახელწოდებით ”ნაადრევად მომწყდარ ჩვილთათვის” პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვილებს, როგორც არანაირი ბოროტის ჩამდენს, არაფერი არ აღუდგებათ წინ რათა ღვთის ნათელის თანაზიარნი იყვნენ. აი, როგორ ამბობს ის: ”ჩვილი, გამოუცდელი ბოროტისაგან, ვინაიდან მის სულიერ ხედვას არანაირი ავადმყოფობა არ ეღობება იყოს ნათლის თანაზიარი, იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და არ ესაჭიროება განწმენდა სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაში, რადგან დასაწყისშივე არ შეუშვია სულში ავადმყოფობა”[5].

შესანიშნავად წერდა წმინდა თეოფანე დაყუდებული მოუნათლავ ბავშვებზე:
”ხოლო ბავშვები – ყველანი ღვთის ანგელოზნი არიან. მოუნათლავები, ისევერ როგორც ყველანი რწმენის გარეთ მდგომარენი, უნდა მივანდოთ უფლის მოწყალებას. ისინი არ არიან გერები ღვთისათვის. ამიტომ მან იცის, რა და როგორ მიუსადაგოს მათ. უსაზღვროა უფლის გზანი!” [6].

თავისი მოღვაწეობრივი ცხოვრებით ცნობილი მღვდელმონაზონი არსენ ათონელი (XIX ს.) მოუნათლავი ბავშვების ხვედრის შესახებ შეკითხვაზე ასე პასუხობდა:
”რაც შეეხება ჩვილებს, რომლებზეც თქვენ გთხოვეს რომ ჩვენგან შეგეტყოთ, შეიძლება ითქვას ის, რომ მონათლულნი იხარებენ და საუკუნო ნეტარებაში იქნებიან ცათა სასუფეველში, თუნდაც მათი ბოლო იყო სამწუხარო. მათთან ერთად არ უნდა უარყო ის ჩვილნიც, რომლებიც მკვდრად დაიბადნენ ანდა ვერ მოასწრეს ნათელღებულიყვნენ: ისინი არ არიან დამნაშავენი, რომ არ მიიღეს წმინდა ნათლობა, ხოლო ჩვენს ზეციურ მამას მრავალი სამკვიდრებელი აქვს, რომელთა შორის არის ისეთიც, სადაც ასეთი ჩვილნი განისვენებენ მშობელთა რწმენის და კეთილმსახურების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, ღვთის გამოუკვლევი გზების გამო, არ მიუღიათ წმინდა ნათლობა. ამდაგვარად ფიქრი არ ეწინააღმდეგება რელიგიას, რაზეც მოწმობენ წმინდა მამები ხორციელის შაბათის სინაქსარში. მათთვის ლოცვა მშობლებს შეუძლიათ ღვთის მოწყალებისადმი რწმენით” [7].

მღვდელი ა. ბურგოვი წერდა: ”წმინდა წერილის სწავლების საწინააღმდეგოა პროტესტანტ მკაცრ ღვთისმეტყველთა ის მტკიცებულება, რომ პირველქმნილი ცოდვა თავის თავად არის ვერე სიტ პეცცატუმ [არის ნამდვილი ცოდვა], რომლის გამო ყველა მოუნათლავი და ასევე ჩვილი განწირულია საუკუნო სასჯელისათვის” [8].

ჩვენი ადრეული ეკლესიის უდიდესი ისტორიკოსი ბ. ბოლოტოვი პირდაპირ წერდა: ”ათანასე დიდის დროს ქრისტიანთა შემადგენლობა არც თუ ისე დიდი იყო, ვინაიდან ბევრი ინათლებოდა ზრდასრულ ასაკში, ხოლო ზოგიერთი ნათლობას გადადებდა მოხუცებულობამდე. ბავშვები მხოლოდ ემზადებოდნენ ქრისტიანად გახდომისათვის, ახალგაზრდები კათაკმეველთა რიგებში იყვნენ, და მხოლოდ მოწიფულ ასაკში მყოფნი ინათლებოდნენ, ხდებოდნენ რა სრულყოფილი ქრისტიანები და ესწრებოდნენ მართალთა ლიტურგიას” [9].

”IV საუკუნეში ქრისტიანული ეკლესია შედგებოდა იმ პირებისაგან, რომლებმაც ნათლობა მიიღეს ზრდასრულ ასაკში, და შესაბამისად კარგად ესმოდათ თავისი სურვილი და თავისი მოტივები ქრისტიანობაში გადასვლისათვის” [10].

ამიტომაც, ზოგიერთების მიერ ნეტარი ავგუსტინეს ციტირება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოუნათლავი ჩვილები დაიღუპებიან, არანაირ კრიტიკას არ უძლებს: არც ერთი წმინდა მამა, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ეკლესიისა, არც ერთხელ არ გამოთქვამდა ამდაგვარ აზრს. და მხოლოდ გვიანდელმა კათოლიკურმა ღვთისმეტყველებამ, რომელიც შეიარაღებული იყო ”ავგუსტინიზმით”, ”დააკანონა” ეს მცდარი წარმოდგენა, რომელიც, სამწუხაროდ, ეკლესიის წმინდა მამათა სწავლების მიუხედავად, შეითვისა ზოგიერთმა ჩვენმა თანამედროვე ”მასწავლებელმა”.

ასე რომ, არ უნდა ვიღელვოთ ჩვილთა ბედზე – ისინი ყველანი უფალთან არიან, მაგრამ აი ჩვენს დამოკიდებულებაზე ქორწინების, შვილთასხმის მიმართ და ჩვენს ”ქრისტიანულ” ცხოვრებაზე, ძვირფასო მშობლებო, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ.

———————————————————-
[1] О Крещении, 18.
[2] Святитель Григорий Богослов. Творения в 2-х томах. Т. 1. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. С. 558.
[3] Там же. С.558.
[4] Св. Ефрем Сирин. Надгробные песнопения, 44 (Блаженство умерших в младенчестве). Творения. Т.4. Издательство “Отчий дом”, 1995, с. 460-461.
[5] Твор. святого Григория Нисского. М. 1862. Ч.4, с. 345.
[6] Творения иже во святых отца нашего Феофана Затворника. Собрание писем. Выпуск I и II. Письмо 139. Издание Свято-Успенского Псково-Печерского монастыря и издательства «Паломник», 1994, с. 155.
[7] Письма в Бозе почившего афонского старца иеромонаха Арсения к разным лицам. Изд. Афонского русского Пантелеимонова монастыря. М.: 1899. Репринт: Галактика. 1994, с. 164 (Письмо № 42, вып. 3).
[8] Свящ. Алексий Бургов. Православно-догматическое учение о первородном грехе. Киев. 1904. С. 186.
[9] Болотов В.В. Лекции по истории Древней Церкви Т. 3. М. 1994. С. 24.
[10] Болотов В.В. Лекции по истории Древней Церкви Т. 3. М., 1994. С. 96.

———————————————————

დაიღუპებიან თუ არა უნათლავი ჩვილები?
ა. ა. ზაიცევი, ლექტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემია

არქიმანდრიტი რაფაელი გადარჩენის არანაირ იმედს არ უტოვებს უნათლავ ჩვილებს. არგუმენტები ისევ იგივეა: ნეტარი ავგუსტინეს აზრი (ერთადერთი წმინდა მამებიდან!) [1] და “სიმბოლური წიგნების” ავტორთა აზრი (რომელთაგან არც ერთი არაა წმინდანად შერაცხილი). არქ. რაფაელი აღნიშნავს:

“თუმცა აღმოსავლეთ პატრიარქთა 1723 წლის დოგმატურ მიმართვაში (მე-16 პარაგრაფი), რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლურ წიგნად იქცა, პირდაპირ წერია: “მოუნათლავი ჩვილნი არ გადარჩებიან”. ნუთუ აღმოსავლეთის პატრიარქნი და გამოჩენილი ღვთისმეტყველნი, რომლებმაც ეს მიმართვა შეადგინეს, არ იცოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და წმინდა მამათა შემოქმედება? ბატონ ოსიპოვს ან არა აქვს წაკითხული ეს მიმართვა ან მისი წაკითხვის მერე აღმოსავლეთის პატრიარქებს და მათ სინოდებს ღვთისმეტყველებაში დაუწერა “ორიანი” [2].

როგორც ადრე იყო ნაჩვენები (იხ. ა.ა. ზაიცევის სრული პუბლიკაცია ზემოთ ხსენებულ ბმულზე, დიაკვ. ი. წ.), ამ მიმართვის ავტორი იყო მხოლოდ ერთი პატრიარქი – პატრ. დოსითეოს იერუსალიმელი, რომელიც არც გამოჩენილი ღვთისმეტყველია და არც წმ. მამათა თხზულებათა ექსპერტი. და “ორიანი”, უკეთეს შემთხვევაში კი “სამიანი”, ღვთისმეტყველბაში მას დაუწერეს წმინდა მოწამემ არქიეპისკოპმა ილარიონმა (ტროიცკი), პატრიარქმა სერგიმ (სტაროგოროდსკი), მიტროპოლიტმა ანტონიმ (ხრაპოვიცკიმ), არქიეპისკოპოსმა ვასილიმ (კრივოშეინმა) და ა.შ. დავუსვათ ეს შეკითხვა ახლა თვით არქ. რაფაელს: ნუთუ ამ გამოჩენილმა იერარქებმა და მართლაც რომ თავისი დროის გამოჩენილმა ღვთისმეტყველებმა არ იცოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და წმინდა მამათა შემოქმედება?

იმისათვის, რომ ვუჩვენოთ, რომ არქ. რაფაელის აზრი მოუნათლავი ჩვილების უსათუო დაღუპვის შესახებ მცდარია, საკმარისია წმინდა გადმოცემის ის მოწმობები, რომელიც უკვე ნახსენები იყო ამ ნაშრომში. მხედველობაშია სწავლება ძველი აღთქმის ორი ფორმის – ბუნებრივი და დაწერილი კანონების – სულიერი იდენტობის შესახებ, სწაველბა ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის დროისაგან დამოუკიდებელ მნიშვნელობაზე, სწავლება უფლის სამყაროში მოსვლის მერე ძველი და ახალი აღთქმის თანაარსებობის შესახებ, და როგორც შედეგი ყველა აქ ჩამოთვლილი სწავლებებისა, სწავლება გარდაცვალების შემდეგ უფალთან შეხვედრის და მასთან შეერთების საშუალების შესახებ ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც სიცოცხლის დროს არ ჰქონიათ ასეთი საშუალება.

თუმცა არქ. რაფაელის აზრით, მოუნათლავი ჩვილების საიქიო, მისი ტერმინის მოშველიებით, “რეანიმაციის” შეუძლებლობაზე ყველა მტკიცებულებაზე უკეთესად მეტყველებს ეკლესიის ლიტურგიკული გამოცდილება. ის წერს: “ეკლესია, არ უშვებს რა მოუნათლავი ჩვილების ლიტურგიკულ მოხსენიებას და ქრისტიანულ წესის აგებას, მოწმობს, რომ მათი ხსნა და ღმერთთან თანაზიარება შეუძლებელია” [3].

მაგრამ, განა ამას მოწმობს შესაბამისი გამოცდილება? განა არის საფუძველი ასეთი დასკვნისათვის? – არც ერთი წყარო, რომელიც თუნდაც ირიბად დაამოწმებდა ამ აზრს, არქ. რაფაელის მიერ მოყვანილი არაა! გამოდის, რომ არქ. რაფაელი, მიუხედავად ადრინდელი მამების და უახლოესი წარსულის მოღვაწეების ავტორიტეტისა, ისევ თვითნებურად წყვეტს, თუ რას ასწავლის და რას არა მართლმადიდებელი ეკლესია.
ქვემოთ მოყვანილი იქნება ზემოთხსენებული მამების რამოდენიმე გამონათქვამი.

წმინდა თეოფანე დაყუდებული:
”ხოლო ბავშვები – ყველანი ღვთის ანგელოზნი არიან. მოუნათლავები, ისევერ როგორც ყველანი რწმენის გარეთ მდგომარენი, უნდა მივანდოთ უფლის მოწყალებას. ისინი არ არიან გერები ღვთისათვის. ამიტომ მან იცის, რა და როგორ მიუსადაგოს მათ. უსაზღვროა უფლის გზანი!” [4].

არქიეპისკოპოსი თეოფანე (ბისტროვი):
”თქვენ კითხულობთ: რა ელით გარდაცვლილ ებრაელ ჩვილებს და საერთოდ ებრაელებს? ჩვენთვის ეს არაა ცნობილი, და ამიტომ საკმარისია გვწამდეს, რომ მათ ელით ის რასაც ითხოვს ღვთიური სიყვარული და ღვთიური სამართალი. როდესაც ღირსი ანტონი დიდი ასეთ საკითხებზე ფიქრობდა, მას არ მიეცა ახსნა, მხოლოდ ზეგარდამო ესმა: “ანტონი! საკუთარ თავზე იფიქრე!”, ანუ იზრუნე შენი საკუთარი ხსნისათვის, ხოლო სხვა დანარჩენი ადამიანების ხსნა უფლის განგებულებას მიანდე და რომ ამის შესახებ ცოდნა ამ ცხოვრებაში არაა სასარგებლო შენთვის. ეს გამოცხადება ჩვენთვისაც საკმარისი უნდა იყოს ამ ცხოვრებაში” [5].

მღვდელმონაზონი არსენი ათონელი:
”რაც შეეხება ჩვილებს, რომლებზეც თქვენ გთხოვეს რომ ჩვენგან შეგეტყოთ, შეიძლება ითქვას ის, რომ მონათლულნი იხარებენ და საუკუნოდ ნეტარებაში იქნებიან ცათა სასუფეველში, თუნდაც მათი ბოლო იყო სამწუხარო. მათთან ერთად არ უნდა უარყო ის ჩვილნიც, რომლებიც მკვდრად დაიბადნენ ანდა ვერ მოასწრეს ნათელღებულიყვნენ: ისინი არ არიან დამნაშავენი, რომ არ მიიღეს წმინდა ნათლობა, ხოლო ჩვენს ზეციურ მამას მრავალი სამკვიდრებელი აქვს, რომელთა შორის არის ისეთიც, სადაც ასეთი ჩვილნი განისვენებენ მშობელთა რწმენის და კეთილმსახურების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, ღვთის გამოუკვლევი გზების გამო, არ მიუღიათ წმინდა ნათლობა. ამდაგვარად ფიქრი არ ეწინააღმდეგება რელიგიას, რაზეც მოწმობენ წმინდა მამები ხორციელის შაბათის სინაქსარში. მათთვის ლოცვა მშობლებს შეუძლიათ ღვთის მოწყალებადმი რწმენით” [6].

ადრეული ეკლესიის ნათლობის პრაქტიკიდან უფრო ნათლად ჩანს არქ. რაფაელის მსჯელობის მცდარობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით მოუნათლავი ჩვილები არ გადარჩებიან. შევჩერდეთ ამაზე უფრო დაწვრილებით:

ჩვილების მონათვლა არ იყო საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა ადრეულ ეკლესიაში, ის უფრო საკმაოდ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. საკმარისია გავიხსენოთ IV საუკუნის მამების სპეციალური მოწოდებები იმ ქრისტიანთათვის, ვინც ნათლობას გადადებდა. ეს მოწოდებები გამოჩნდა მაშინ, როდესაც ქრისტიანულ სარწმუნოებას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი და ამის გამო ეკლესიაში უამრავი ნომინალური ქრისტიანი შემოვიდა და გრძელვადიან კათაკმევლობის პრაქტიკას, რომელიც ადრე განიხილებოდა როგორც აუცილებელი მომზადება უდიდესი საიდუმლოებისათვის, უკვე ბოროტად იყენებდნენ, – საიდუმლოების აღსრულებას შეგნებულად გადაავადებდნენ არც თუ ისე იშვიათად ღრმა მოხუცებულობამდე. ნომინალურ ქრისტიანთა უმრავლესობას, რომლებმაც ვერ ამოძირკვეს თავიანთი გონებიდან წარმართული მენტალიტეტი, უნდოდა მიწაზეც ეცხოვრა, როგორც ამბობენ მთელი კმაყოფით, და ამის მერე კი სიკვდილის წინ მიეღო ნათლობის საიდუმლოება და ყოველგვარი მცდელობის გარეშე “უპრობლემოდ” შესულიყო ცათა სასუფეველში. საიდუმლოების ასეთმა ბოროტად გამოყენებამ, რომელიც გამომდინარეობდა ნათლობის და საერთოდ ქრისტიანული ცხოვრების აზრის სრული გაუგებრობით, გამოწვია წმ. ბასილი დიდის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის მკაცრი მხილებები.

მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხსენებული მამები, მიუხედავად იმისა, რომ აღიზარდნენ ქრისტიანულ ოჯახებში და წმინდა ადამიანებს შორის, თვითონ იყვნენ მონათლულნი ზრდასრულ ასაკში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადრეული ეკლესიის მამები არ თვლიდნენ, რომ მოუნათლავი ჩვილნი და, საერთოდ, მოუნათლავი ხალხი აუცილებლად დაიღუპებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათლობის მიმართ მათი ასეთი დამოკიდებულება შეიძლება განიხილოს როგორც სახიფათო, უფრო მეტი – მიუტევებელი უყურადღებობა. თუ აზრი იმის შესახებ, რომ არც ერთ მოუნათლავ ადამიანს არა აქვს გადარჩენის არანაირი იმედი მართლაც ეკლესიის სწავლება იყო, მაშინ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მას თავისი წმინდანების ბაგეებით მთელ ხმაზე უნდა ეყვირა ყველას გასაგონად: “მოინათლეთ ყველანი ახლავე, არ გადადოთ ნათლობა ერთი წამითაც კი, რამეთუ არ იცით, თუ როდის იქნებით მოტაცებულნი სიკვდილით!”
მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ სინამდვილეში? – ნათლობის წინ საკმაოდ ხანგრძლივი, ხანდახან 2 და 3 წლიანი, კათაკმევლობის პრაქტიკა. ვხედავთ, რომ მაგალითად წმ. ბასილი დიდი, რომელიც აღიზარდა ოჯახში, რომლის ერთბაშად რამოდენიმე წარმომადგენელი წმინდანი იყო (წმ. მაკრინე, წმ. პეტრე სებასტიელი, წმ. გრიგოლ ნოსელი), ინათლება 30 წლიან ასაკში! თანაც იმ დროისათვის მან უკვე გაატარა ბერულ მორვაწეობაში არცთუ ისე მცირე დრო და უკვე დაწერილი ჰქონდა რამოდენიმე ასკეტური ნაწარმოები. ჩვენ ვხედავთ, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც 24 წლიან ასაკში მოინათლა, თავის მსმენელებს ურჩევს (სწორედ რომ ურჩევს!): “…სამ წლამდე დალოდებისას, ან ცოტათი ადრე ან ცოტათი გვიან, მაშინ როდესაც ბავშვებს შეუძლიათ გაიგონ რაიმე საიდუმლო და უპასუხონ, თუმც მთლიანად არ ესმოდეთ, მაგრამ უკვე გონებაში აღიბეჭდებოდეს, უნდა მოხდეს მათი სულისა და სხეულის განათლება სრულყოფილების დიადი საიდუმლოებით” [7].

არქ. რაფაელისაგან განსხვავებით, რომელმაც ძლიერად შეითვისა კათოლიკური იდეა ღვთის მადლის ადამიანის თავისუფლებაზე აბსოლუტური პრიმატის შესახებ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს, ისევე როგორც ყველა სხვა აღმოსავლელ მამას, ესმოდა, რომ თავის თავად ნათლობა ადამიანის თავისუფალი ნების შემხვედრი ნაბიჯის გარეშე უბრალოდ დარჩება ღვთიურ ნიჭად, რომელიც ადამიანმა არ მიიღო. ის იქნება მხოლოდ გარეგანი კურთხევა, რომელიც არ იქნება შეთვისებული შინაგანად. ამიტომაც ის მოითხოვს:

”ორი ღვაწლი აღასრულეთ: განიწმინდენით ნათლობამდე და შეინახეთ ნათლობის მადლი” [8]. ზუსტად ამიტომ ის ურჩევს ბავშვების ნათლობას იმ ასაკში, როდესაც მათ უკვე შეუძლიათ მოისმინონ და გონებაში აღიბეჭდონ “რაიმე საიდუმლო”. ზუსტად ამიტომაც, სხვა ადგილას იგი გამოთქვამს აზრს, რომ მოუნათლავი ჩვილები “არ იქნებიან სამართლიანი მსაჯულის წინაშე არც განდიდებულნი, არც დასჯილნი” [9]. რამეთუ, ჭეშმარიტი განდიდება ეკუთვნით მხოლოდ “გამარჯვებულებს და გმირებს”, დანარჩენნი კი, რომლებმაც არ გამოიჩინეს თავისუფალი ძალისხმევა, ვერ აღწევენ ასეთ დიდებას, თუმცა არ ისჯებიან, ანუ არ იღუპებიან.

წმ. გრიგოლის ზემოთხსენებული ბოლო სიტყვების ასეთს გააზრებას იძლევა ა.ი. ოსიპოვი თავის ლექციებში. ხოლო არქ. რაფაელის ახსნას სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა მიზანმიმართულ სოფისტიკას:

”ბატონი ოსიპოვი მიმართავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის შემოქმედებას, კერძოდ კი მის ქადაგებას ნათლისღებასთან დაკავშირებით, სადაც მსოფლიო მასწავლებელი ამბობს, რომ უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები არ იქნებიან არ ტანჯვაში და არც დიდებაში. შესაძლებელია ცათა სასუფეველი იყოს დიდების გარეშე? არა, მას ეწოდა “დიდების სასუფეველი”, ხოლო ქრისტეს ერთ-ერთი სახელი, რომელსაც ხატწერაში იყენებენ, – დიდების მეუფეა. რა არის დიდება? მისი სინონიმია – ღვთის მადლი, თაბორის სინათლე, სამყაროს მაკურთხეველი ღვთიური ენერგიები და ძალები. … ამიტომაც, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი არ საჭიროებს ბ-ნ ოსიპოვისაგან კორეკტივებს და შესწორებებს” [10].

და მართლაც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი არ საჭიროებს სხვებისაგან კორეკტივებს და შესწორებებს. და გარკვევა იმისა, თუ რას გულისხმობდა წმინდა მამა ამ სიტყვებში, შესაძლებელია მხოლოდ განმანათლებლის მთელი სწავლების კონტექსტიდან და არა თანამევდროვე პოლემისტის ნაკლებად დამარწმუნებელი სილოგიზმებიდან. ხოლო, როგორც ცნობილია, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი უშვებდა აზრს სიკვდილის მერე ხსნისა ჯოჯოხეთის მეშვეობით, ან როგორც ის თვითონ გამოთქვამდა, იმ ადამიანების ცეცხლში ნათლობის გზით, ვინც გარდაიცვალნენ ისტორიული ეკლესიის ფარგლებს გარეთ:

“შესაძლებელია, ისინი იქ ცეცხლით იქნენ მონათლულნი – ამ ბოლო ნათლობით, ყველაზე რთულით და ხანგრძლივით, რომელიც სჭამს ნივთიერებას როგორც თივას და შთანთქავს ყოველ ცოდვას” [11].

აღსანიშნავია, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ მოყვანილი უნათლავი ადამიანების სიკვდილის მერე ხვედრზე ხედვა იმ დროს რაიმე უკიდურეს გამონაკლისს კი არ წარმოადგენდა, არამედ სწორედ საპირისპიროს. მაგალითად, მისი თანამედროვე ღირსი ეფრემ ასური დარწმუნებულია, რომ ყველა გარდაცვლილი ჩვილი მიუხედავად იმისა მონათლულია თუ არა, მიიღებს ღვთიური ნეტარების მთელ სისავსეს [12]:

“დიდება შენდა, უფალო ჩვენო, ჩვილ ბავშვთა და ყრმათა ბაგეთაგან, რომლებიც, როგორც წმინდა კრავნი ედემში, საზრდოობენ ცათა საფეველში! როგორც წმინდა სულმა ბრძანა (იეზეკ. 34, 14), საზრდოობენ ისინი ხეებს შორის, და მთავარანგელოზი გაბრიელი – ამ სამწყსოს მწყემსია. უფრო აღმატებული და მშვენიერია მათი ხარისხი ვიდრე ქალწულებისა და წმინდანებისა; ისინი – ღვთის, წმინდა სულის შვილნი არიან. ისინი – მაღალთა თანაზიარნი, მეგობარნი ზესთა ნათლისა, მკვიდრნი წმინდა მიწის, წყეული მიწისაგან შორს მდგარნი. იმ დღეს, როდესაც ძე ღვთისას ხმას მოისმენენ, გაიხარებენ ძვალნი მათნი, თავს მოიხრის თავისუფლება, რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო მათი სულების აღშფოთება. მოკლე იყო დღენი მათნი ამ ქვეყნად; მაგრამ დღეგძელნი არიან ისინი ედემში; და მათი მშობლებისათვის ყველაზე სანუკვარია მიუახლოვდნენ მათ სამკვიდრებელს” [13].

გამომდინარე მხოლოდ იქიდან, რომ უმეტესი წმინდა მამა დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს ხსნა და სიკვდილი შეუძლია მხოლოდ ნებაყოფლობით, შესაძლებელია აიხსნას ადრინდელი ეკლესიის საკმაოდ მშვიდი დამოკიდებულება ჩვილთა ნათლობის მიმართ – როგორც რაიმე არა აუცილებელის. და თუ დასავლეთში ანტიპელაგიური პოლემიკის შემდგომ (V საუკუნის დასაწყისი) ახლადდაბადებულთა ნათლობა იქცა თითქმის საყოველთაოდ მიღებულ ტრადიციად, აღმოსავლეთში ჯერ კიდევ კარგა ხანს არ ჩქარობდნენ ბავშვთა ნათლობით. აი მოკლე ისტორიული ცნობა:

“ცნობილია, რომ X საუკუნეში კონსტანტინეპოლში ბავშვებს არ ნათლავდნენ ძალიან ადრეულ ასაკში. ისინი უახლოვდებოდნენ ნათლობას ნელ-ნელა: დაბადებიდან მე-8 დღეს მათ არქმევდნენ სახელს, მე-40 დღეს – ხდებოდა მათი გაეკლესიურება, “ხდებოდნენ ქრისტიანები” ნათლობამდე, როგორც წყაროები მოწმობენ. მათ ეძლეოდათ უფლება შესულიყვნენ ტაძარში და მოესმინათ სახარება. დიდმარხვის მე-4 შვიდეულში, სავარაუდოა რომ რამოდენიმე წლის შემდგომ, ხდებოდნენ კათაკმეველნი. შემდეგ კი განუდგებოდნენ ეშმაკს და უერთდებოდნენ ქრისტეს დიდმარხვის მე-5 კვირეულში და ამას ასრულებდა პატრიარქი პირველშეწირული წირვის მწუხრის წინ. და ბოლოს, დიდი შაბათის მწუხრის დროს ისინი ინათლებოდნენ და მირონი ეცხობოდათ პატრიარქის მიერ” [14]. ეს ტრადიცია ბიზანტიაში არსებობდა XV საუკუნეში.

თუმცა არქ. რაფაელის აზრით, რომელმაც ასე ღრმად შეითვისა ცოდვისა და გადარჩენის კათოლიკური გაგება, ნათლობისადმი მრავალწლიანი მომზადების პრაქტიკა, რომელიც გათვლილი იყო ამ მადლმოსილი საიდუმლოების გააზრებულ და თავისუფალ მიღებაში, შეიძლება განიხილოს როგორც აბსურდული გაუგებრობა. ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ ის ასე აღშფოთებულია იმ აზრით, რომ ადამიანის სამუდამო დაღუპვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი თავისუფალი ნებით დათანხმდება ამაზე. არაა შემთხვევითი, რომ კაცობრიობის თითქმის საყოველთაო დაღუპვის დასაბუთებისას, ის მიდის უცნაურ და საშინელ (კალვინის სტილში) დასკვნამდე, რომ “ყველა ობიექტური მიზეზი”, რომლის გამოც ადამიანთა დიდ ნაწილს არ გააჩნია შესაძლებლობა რომ შეიცნოს ამქვეყნად ქრისტე, “დადის ერთ სუბიექტურ მიზეზამდე – ადამიანთა უუნარობამდე ირწმუნონ ქრისტე როგორც ღმერთი და მხსნელი” [15].

მაგრამ მამათა მსჯელობა დაიყვანება სწორედ რომ გონიერი არსების თავისუფალ ნებამდე – უთხრას თავის შემქმნელს არა მარტო “კი”, არამედ “არაც”. “ღმერთი ეშმაკსაც სთავაზობს სიკეთეს, თუმცა ამ უკანასკნელს არ უნდა ამის მიღება”. ახალ საუკუნეშიც ღმერთი ყველას აძლევს სიკეთეს, რამეთუ ის სიკეთის წყაროა და მადლის მომფენელი ყველაზე, ხოლო თვითოეული კი იმდენად ეზიარება ამ მადლს, რამდენადაც თვითონ მოამზადა საკუთარი თავი მის მისაღებად” [16].

თვით ფაქტი ადამიანის მიერ ნათლობის მიღებისა წმინდა მამების მიერ არ განიხილებოდა როგორც რაიმე ინდულგენცია. ნათლობის მადლმოსილება – ეს არის ნიჭი, და როგორც ყოველი ნიჭი, ის თავისუფლად უნდა იყო შეთვისებული. ჩვილთა ნათლობისას მადლი ღვთისმსახურებისას პოტენციურად მიეწოდება შესაძლებლობისდა მიხედვით [17] (“საწყისში”, როგორც “გარეგანი ბეჭედი” [18]), და მისი აქტუალიზაცია ხდება ადამიანის ნების გამოვლენისას, რამდენად თავისუფლად და შეგნებულად უახლოვდება იგი ღმერთს. წინააღმდეგ შემთხვევაში – “წყალი რჩება წყლად” [19], “რამეთუ ადამიანი არ იშვება სულისაგან წმიდისა ძალით …” [20]. ანუ, ნათლობის მადლი, რომელიც როგორც შეუქმნელი ენერგია ღვთისა თავის თავად სრულყოფილი და უცვლელია, ადამიანის თავისუფალ ძალისხმევაზე დამოკიდებულებით ან თავს იჩენს ადამიანში, “ანათებს” მასში, ანდა ადამიანის მიერ იკარგება და “ქრება” [21].

აღმოსავლეთის ადრეულ მამებს შორის საყოველთაოდ აღიარებული ეს მიდგომა დეტალურად ვლინდება ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შემოქმედებაში:

“მონათლული ჩვილები ვერ გრძნობენ ნათლობისას მიღებულ განწმედის მადლს, ვინაიდან ამის შეგრძნება გონების საქმეა, ხოლო ჩვილები ჯერ არ არიან გონებრივად სრულყოფილნი, რომ გაიაზრონ მიღებული მადლი. ამიტომ, დროთა განმავლობაში ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლებიან და გადაიხრებიან ცუდ მხარეს, და წმინდა ნათლობის მადლი ზოგიერთში თანდათანობით ქრება და საბოლოოდ იკარგება, ხოლო ზოგიერთში ნარჩუნდება მისი მცირე ნაპერწკალი, რომლისაგანაც მათში ეს დიდებული მოწყალება ისევ აალდება, თუ მივლენ სულიერ მამებთან და მოინანიებენ, როგორც უკვე ვახსენეთ, მიიღებენ კათაკმევლობას, აღადგენენ რწმენას, როგორც საჭიროა, და მიენდობიან უფალს” [22].

როგორც ვხედავთ, ნათლობის მადლი ჩვილებზე თავისთავად არ მოქმედებს (აღსრულებული მსახურების გამო – ex opere operato კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში), მათი თავისუფალი ნების გამოვლენისაგან დამოუკიდებლად, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა [23]. ნათლობის მხსნელი მადლი იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონათლული ბავშვები ზრდასთან ერთად შესძლებენ “აღიქვან მიღებული მადლი”, “მიიღებენ კათაკმევლობას, აღადგენენ რწმენას, როგორც საჭიროა, და მიენდობიან უფალს”. თვით ნათლობის მსახურება მიმართულია სწორედ რომ ამ საიდუმლოების გააზრებულ მიღებისაკენ, რაც შეუძლებელია ჩვილთათვის. ამიტომაც, თუმცა ადრეული ეკლესია ჩვილი ბავშვების ნათლობაზე უარს არ ამბობდა, როგორც ეს მაგალითად ბაპტისტებთანაა, ეს მოვლენა უფრო გამონაკლისს წარმოადგენდა ვიდრე წესს.

ზემოთთქმულიდან ნათელია, რომ აზრი უნათლავი ჩვილების სამუდამო დაღუპვის შესახებ არათუ არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას.

—————————————————————
[1] “დოგმატურად ეს საკითხი არაა გადაწყვეტილი, თუმცა ეკლესია არ იზიარებს ნეტარი ავგუსტინეს უკიდურესობას, რომლის მიხედვითაც უნათლავი ჩვილები აუცილებლად მოხვდებიან ჯოჯოხეთში”. (Иерей Олег Давыденков. Догматическое богословие. Курс лекций, ч. 3. М., 1997. С. 273).
[2] Архим. Рафаил. Какое согласие… С. 20.
[3] Там же. С. 19.
[4] Письмо 139. Творения иже во святых отца нашего Феофана Затворника. Собрание писем. Выпуск I и II. Издание Свято-Успенского Псково-Печерского монастыря и издательства “Паломник”, 1994. С. 155.
[5] Духовник царской семьи святитель Феофан Полтавский, Новый затворник. М., 1996. С. 329-330.
[6] Письма в Бозе почившего афонского старца иеромонаха о. Арсения к разным лицам”. Изд. Афонского русского Пантелеимонова монастыря. М. 1899. Репринт: @ Галактика. 1994. С. 164 (Письмо № 42, вып. 3).
[7] Святитель Григорий Богослов. Собрание творений в 2-х томах. Т. 1. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. С. 562.
[8] Там же. С. 564.
[9] Там же. С. 558.
[10] Архим. Рафаил. Какое согласие… С. 20-21.
[11] Святитель Григорий Богослов. Собрание творений в 2-х томах. Т. 1. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. С.543.
[12] იგივე აზრისაა წმ. გრიგოლ ნოსელიც
[13] Надгробные песнопения, 44 (Блаженство умерших в младенчестве). Цит. по: Святой Ефрем Сирин. Творения. Т. 4. Издательство “Отчий дом”, 1995. С. 460-461.
[14] Протоиерей Геннадий Нефедов. Таинства и обряды Православной Церкви. М., 1995. С. 32.
[15] Архим. Рафаил. Какое согласие… С. 27-28.
[16] Преп. Иоанн Дамаскин. Творения. М., 1997. С. 66.
[17] Творения преподобного Максима Исповедника. Кн. II. Вопросоответы к Фалассию. “Мартис”, 1994. С. 42 (вопрос 6).
[18] Там же.
[19] Св. Григорий Нисский. Большое огласительное слово, 40.
[20] Творения преподобного Максима Исповедника. Кн. II. Вопросоответы к Фалассию. “Мартис”, 1994. С. 42 (вопрос 6).
[21] См., например: Преп. Марк Подвижник. Ответ недоумевающим о святом Крещении. В кн.: Слова духовно-нравственные преподобных отцов наших Марка Подвижника, Исаи Отшельника, Симеона Нового Богослова. М., 1995. С. 77.
[22] Преп. Симеон Новый Богослов. Слова. М.1892. Сл. 51. С. 464.
[23] შედარებისათვის: “ასეთი მომზადების გარეშე რა სარგბლობა ექნება ნათლობას? რა სარგებლობა მოაქვს ნათლობას, როდესაც ჩვენ მას ვღებულობთ ისეთ ასაკში როცა საერთოდ არც გვესმის მისი მნიშვნელობა? რა სარგებლობა მოაქვს ნათლობას, როდესაც ჩვენ მას ჩვილ ასაკში ვღებულობთ, და მთლიანად არც კი გვესმის თუ რა მივიღეთ?” (Святитель Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. Т. 2. М., 1993. С. 391).