სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ
ნაწილი III
მთარგმნელი იოანე კაზარიანი
წინასიტყვაობა, ნაწილი I, ნაწილი II
21. წყევლის მსგავსად კურთხევაც გადავიდა კურთხეულ მოდგმაზე – სათითაოდ ყველაზე. მათგან პირველად სემი იკურთხა ამ სიტყვებით: „კურთხეულ იყოს უფალი ღმერთი სემისა, ქამი კი მისი მონა იქნება“ (დაბ. 9, 26)28. ეს არის კურთხევის ძალა, რომ ღმერთი და ყოველთა უფალი სემის კეთილმსახურების მემკვიდრეობის შენაძენად იქცა; სემის კურთხევამ იმატა და აბრაამამდე მიაღწია, რომელიც სემის შვილთაგან მეათე თაობას განეკუთვნებოდა, მეათე თაობაში დაღმავალი წესით. ამიტომ ინება მამამ და ყოველთა ღმერთმა წოდებულიყო აბრაამის ღმერთად და ისააკის ღმერთად და იაკობის ღმერთად, რადგან სემის კურთხევა განმტკიცებით აბრაამამდე განივრცო. იაფეტის კურთხევა კი ასეთია: „განავრცოს ღმერთმა იაფეტი და მკვიდრობდეს იგი სემის კარავში, ქამი29 კი მისი მონა იქნება“ (დაბ. 9, 27). ეს ნიშნავს, რომ საუკუნეთა ბოლოს გამობრწყინდა უფალი გამოცხადებით წარმართთა ხსნაში და მათზე ღმერთის მოწოდება განავრცო, რომ „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ფსალ. 18, 5). ანუ, გავრცელდა [ხმა] წარმართთა მოწოდებაში, ანუ ეკლესიაზეა ნათქვამი; ხოლო სემის კარავში მკვიდრობა ნიშნავს, რომ მამათა მემკვიდრეობაში მკვიდრობს, ქრისტე იესოში და პირველშობილებას იძენს. ამგვარად, რა თანმიმდევრობითაც არის თითოეული კურთხეული, იმავე თანმიმდევრობით იღებს კურთხევის ნაყოფს წარმომავლობით.
22. წარღვნის შემდგომ კი ღმერთმა სამყაროსთან, პირუტყვებსა და ადამიანებთან აღთქმა დადო, რომ დედამიწის ყოველ თესლს წარღვნით აღარ დაღუპავს. და მისცა მათ ნიშანი: „და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა. და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა“ (დაბ. 9, 14-15). მან ადამიანთა საკვები შეცვალა – უბრძანა ხორცის ჭამა. პირველქმნილი ადამიდან წარღვნამდე ადამიანები მხოლოდ თესლს და ხის ნაყოფს ჭამდნენ, რადგან ხორცის ჭამა არ იყო მათთვის ნებადართული. ნოეს სამი ძე კაცთა მოდგმის საწყისად იქცნენ და ღმერთმა გამრავლებითა და ნაყოფიერებით აკურთხა ისინი და უთხრა: „და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი“ (დაბ. 9, 1-6). რამეთუ ღვთის ხატად შექმნა მან ადამიანი, ღვთის ხატი კი ძეა, რომლის ხატადაც წარმოიქმნა ადამიანი. ამიტომ, (ძე) ბოლო ჟამს მოევლინება, რათა ხატის მსგავსება თავად გვიჩვენოს. ამ აღთქმის შემდეგ გამრავლდა კაცთა მოდგმა, განივრცო სამთა თესლისგან და ერთი ბაგე იყო დედამიწაზე, ანუ ერთი ენა.
23. ისინი აღმოსავლეთის მიწიდან დაიძრნენ და სანამ კიდევ მიდიოდნენ (ამ) მიწაზე სენაარის ქვეყანაში შევიდნენ. (სენაარის მიწა) ძალიან დიდი იყო. იქ (მათ) გოდლის შენება დაიწყეს. (ისინი) იგონებდნენ საშუალებას, რომლითაც ცაზე ავიდოდნენ. (მათ) სურდათ თავიანთი ქმნილება მომავალი კაცობრიობისთვის სამახსოვროდ დაეტოვებინათ. მშენებლობა აგურისა და ფისის მოწვით მიმდინარეობდა და მათი მამაცი კადნიერების საქმე წინ მიიწევდა, რადგან ყველა ერთსულოვანი იყო და ერთი აზრი გააჩნდათ და ერთსულოვანი მუშაობით დასახული მიზნისკენ მიიწევდნენ. (მათი) საქმე კიდევ უფრო რომ არ წაწეულიყო წინ, ღმერთმა მათი ენა გაყო ისე, რომ აღარ ესმოდათ ერთმანეთის. ამგვარად, გაიფანტნენ, განივრცნენ და დაეუფლნენ სამყაროს და თითოეული თავისი ენის მიხედვით ჯგუფებად დამკვიდრდა; ამიტომაც არის დედამიწაზე მრავალი სხვადასხვა ენა. შესაბამისად, ადამიანთა სამი მოდგმა დაეუფლა ქვეყნიერებას და ერთი მათგანი წყევლაში იყო, ორზე კი კურთხევა. პირველი კურთხევა სემზე იყო, რომლის მოდგმა აღმოსავლეთით ცხოვრობდა და ქალდეველთა მიწას იკავებდა.
24. გარკვეული დროის, ანუ წარღვნიდან მეათე თაობის გასვლის შემდეგ, ჩნდება აბრაამი, რადგან წინაპრის კურთხევას ეძებს, რომელიც მას (აბრაამს) ეკუთვნის და რომელიც ღმერთისგან [იქნება] მისთვის (აბრაამისთვის) ღირსეული. მან თავისი სულის შინაგანი შთაგონებით მთელი სამყარო მოიარა, რადგან ეძებდა, თუ სად არის ღმერთი (ჭეშმარიტი). იგი დასუსტდა და მიზანთან შეჩერდა. ღმერთმა მოწყალება მოიღო მასზე. იგი ღმერთს მხოლოდ იდუმალად ეძებდა (უხმობდა). ღმერთი აბრაამს სიტყვის მიერ გამოეცხადა30, განუცხადა თავისი თავი, თითქოს სხივის მიერ. რამეთუ ელაპარაკა მას ღმერთი ციდან და უთხრა: „ გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ“ (დაბ. 12, 1). ის ზეციურ ხმას ენდო, როდესაც ჯერ სამოცდაათი წლის იყო და ცოლი ჰყავდა. ის ჯერ მომწიფებულ ასაკში იყო და მასთან ერთად მესოპოტამიიდან გაემართა და წაიყვანა ლოთი, (თავისი) გარდაცვლილი ძმისშვილი. როდესაც მივიდა მიწად, რომელსაც ახლა იუდეა ეწოდება, რომელზეც იმ დროს შვიდი ერი (ტომი) – ქამის შთამომავლები – მკვიდრობდნენ, ღმერთი მას ხილვისას გამოეცხადა და უთხრა: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“ (დაბ. 12, 7). [და იყვნენ მისი (აბრაამის) შთამომავალნი მიწაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნიდათ, უცხონი და იყვნენ იქ ტანჯვაში, მწუხარებასა და მსახურებაში ოთხასი წლის მანძილზე. მეოთხე საუკუნის31 დადგომისას კი აბრაამისთვის აღთქმულ ადგილას (მივიდნენ) და დასაჯა ღმერთმა ის ერი, რომელიც მის შთამომავლობას მონობაში ამყოფებდა]32. აბრაამს რომ შთამომავლობის სიმრავლე და დიდება გაეგო, ღმერთმა იგი ღამით კარვიდან გარეთ გაიყვანა და უთხრა: „აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი“ (დაბ. 15, 5). ღმერთმა მისი სულის ურყეობა და სიმტკიცე დაინახა და მასზე სული წმიდის მიერ დაამოწმა წერილში და თქვა: „და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ“ (დაბ. 15, 6). როდესაც ეს დამოწმდა აბრაამზე, ის წინდაუცვეთავი იყო. მისი რწმენის აღმატებულობა ნიშნით რომ ყოფილიყო ნაუწყები, ღმერთმა მას წინდაცვეთა მისცა – მისი, რომელიც წინდაუცვეთავი იყო, წინდაუცვეთაობის რწმენის ბეჭდად. ამის შემდეგ მან სარასგან, უნაყოფოსგან, შვა ძე, ისააკი, ღვთის აღთქმის თანახმად. აბრაამმა ისააკი წინადაცვითა ღმერთის მცნების თანახმად. ისააკისგან იშვა იაკობი. ამგვარად, აბრაამზე სემის პირველმა კურთხევამ მოიწია, აბრაამიდან კი ისააკზე, ისააკიდან იაკობზე და სული (წმიდის) მემკვიდრეობა დაიყო მათ შორის, რადგან ღმერთი წოდებულია ღმერთად აბრაამისა და ღმერთად ისააკისა და ღმერთად იაკობისა. იაკობმა თორმეტი ძე შვა, რომელთა მიხედვითაც ისრაელის თორმეტი შტო იწოდა.
25. როდესაც მთელს სამყაროში შიმშილი იყო, მოხდა (ისე, რომ) ეგვიპტეში საკვები იყო. იაკობი ეგვიპტეში გადასახლდა ყველა თავის შვილთან ერთად. ყველა გადასახლებულის რიცხვი სამოცდათხუთმეტი სული იყო. ოთხასი წლის მანძილზე, როგორც აღთქმით იყო ნათქვამი, მათი რიცხვი ექვსასსამოცი ათასი გახდა33. მათ ძლიერ აწვალებდნენ და ავიწროვებდნენ და ისინი ბოროტ მონობაში იყვნენ და ოხრავდნენ და ტიროდნენ ღვთის წინაშე, ამიტომ მამათა – აბრაამის, ისააკის და იაკობის – ღმერთმა ისინი ეგვიპტედან მოსესა და აარონის ხელით გამოიყვანა (მას შემდეგ, რაც) ეგვიპტელებს ათი სასჯელი დააწია; ბოლო სასჯელისას კი მმუსვრელი ანგელოზი გაუგზავნა, რათა მათი პირმშოები გაეწყვიტა ადამიანიდან პირუტყვამდე. ამგვარად იხსნა (სიკვდილისგან) ისრაელის ძენი, საიდუმლოდ აჩვენა ქრისტეს ტანჯვა უმანკო კრავის მოკვლით, რომლის სისხლიც დამცავ ნიშნად მიეცათ ებრაელთა სახლებზე სასხურებლად (მათი გადარჩენისათვის). ამ საიდუმლოებას ტანჯვა ჰქვია34, (რაც არის) განთავისუფლების მიზეზი. გაკვეთა წითელი ზღვა ისრაელის ძეთა ღმერთმა და უსაფრთხოდ გაიყვანა ისინი უდაბნოში, მათი მადევარი ეგვიპტელები კი, რომლებმაც მათ შემდეგ ზღვაში შეაბიჯეს, სრულიად დაიღუპნენ. ამგვარად მოიწია ღვთის მსჯავრმა მათზე, რომლებიც უსამართლოდ ტანჯავდნენ აბრაამის შთამომავლებს.
26. უდაბნოში მოსემ ღმერთისგან კანონები მიიღო – ათი მცნება, რომელიც ღვთის თითით ქვის ფილებზე იყო ამოტვიფრული; ღვთის თითი კი არის ის, რომელიც35 სული წმიდაში მამისაგან განივრცობა; (ასევეა) ბრძანებები და კანონი, რომელიც ისრაელის ძეთ მისცა, რათა დაიცვან ისინი. ღვთის ბრძანებით (მოსემ) მოწმობის კარავი დადგა – დედამიწაზე ხილული ხატი იმისა, რაც სულიერად ზეცაშია და უხილავია, ეკლესიის ხატების სახე და მომავლის წინასწარმეტყველება; (კარავში იყო) მსხვერპლშეწირვის ჭურჭელი, მაგიდები და კიდობანი, რომელშიც ფილები ჩადო. მღვდლებად აარონი და მისი ძენი დააყენა და მღვდლობა მთელს მათ მოდგმას გადასცა; (ისინი) ლევის წინაპრები იყვნენ. ღვთის ბრძანებით (მოსემ ლევის) მთელ ტომს ღვთის ტაძარში მსახურებისკენ მოუწოდა. (მოსემ) ლევიტელებს კანონი მისცა, რომლის თანახმადაც უნდა მოქცეულიყვნენ ისინი, რომლებიც ღვთის ტაძარში უწყვეტად მსახურობენ.
27. როდესაც (ისინი) მიუახლოვდნენ მიწას, რომელიც ღმერთმა აბრაამსა და მის შთამომავალთ აღუთქვა, მოსემ ყოველი ტომიდან თითო (კაცი) აირჩია და გააგზავნა, რათა დაეზვერათ ქვეყანა, მისი ქალაქები და მასში მცხოვრებნი. იმ დროს ღმერთმა მოსეს განუცხადა სახელი, რომელიც მორწმუნეებს აცხოვნებდა; და მოსემ ოსია ნავეს ძეს, ერთ-ერთ გაგზავნილთაგანს, სახელად იესო36 დაარქვა. ამგვარად, გააგზავნა ისინი სახელის ძალით და დარწმუნებული იყო, რომ ამ სახელის ძალით უკან უვნებელნი დაბრუნდებოდნენ. როდესაც გაგზავნილნი უკან დაბრუნდნენ, მათ თან წამოიღეს ვაზის მტევნები. ზოგმა მათგანმა ერს მოუყვა, რომ ქვეყანაში დიდი კედლებით გარშემოვლებული და გამაგრებული ქალაქებია, რომლებშიც გოლიათები ცხოვრობდნენ და ამიტომ მიწის დაპყრობა შეუძლებელი იქნებოდა. ერი შიშმა და ეჭვმა მოიცვა – იყო თუ არა მათთან ღმერთი, მისცემდა თუ არა მათ ძალას და დაუმორჩილებდა თუ არა მათ ქვეყანას. მზვერავები არც ქვეყანას აქებდნენ, თითქოს ის უვარგისია და არ ღირს მის გამო საფრთხეში გახვევა. მაგრამ თორმეტთაგან ორმა – იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ – სამოსი შემოიგლიჯეს და ევედრებოდნენ ხალხს, არ ჩავარდნილიყვნენ სასოწარკვეთაში და არ დაეკარგათ ვაჟკაცობა, რადგან ყველაფერი ხელთ მისცა მათ და აღქმული მიწა კარგი იყო. მაგრამ ერი ვერ დარწმუნდა და ღმერთმა მათი გზა შეცვალა, რათა ეხეტიალათ და სჯიდა (მათ) უდაბნოში. მზვერავნი ორმოცი დღის მანძილზე ზვერავდნენ მიწას და ღმერთმა თითო დღე თითო წლად მიუსაჯა მათ და ორმოცი წელი ამყოფა უდაბნოში; არც ერთი მათგანი, ვინც ასაკითა და გონებით სრული იყო თავისი ურწმუნოების გამო ვერ ეღირსა მიწაში შესვლას37. აღთქმულ მიწაზე მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე, ასევე, მცირეწლოვანნი შევიდნენ, რომელნიც მარჯვენას და მარცხენას ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან. ამგვარად, მთელი ურწმუნო ერი უდაბნოში მოკვდა – თავისი მცირედ მორწმუნეობის საკადრისი საზღაური მიიღეს. ორმოცი წლის მანძილზე გაზრდილმა ბავშვებმა კი სრულად შეავსეს მკვდართა რიცხვი.
28. როდესაც ორმოცი წელი შესრულდა, ხალხი იორდანეს მიუახლოვდა და იერიქონის წინ საბრძოლველად გაემზადა. მოსემ კვლავ მოუწოდა ხალხს და ღვთის დიადი საქმეების შესახებ მოუყვა მათ; უდაბნოში გაზრდილები მოაწესრიგა და სამართალი განუჩინა, რათა მათ ღვთის შიში ჰქონოდათ და მისი მცნებები დაეცვათ. განუახლა და დაუწესა მათ რჯული და ახალი კანონებიც დაურთო. ამას „მეორე რჯული“ ეწოდა. მასში ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ხალხის, წარმართთა მოწოდებისა და ცათა სასუფევლის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება ჩაიწერა.
29. და (როდესაც) მოსემ თავისი ცხოვრების გზა განვლო, ღმერთმა უთხრა მას: ადი ამ მთაზე და მოკვდი, რადგან ჩემ ხალხს ქვეყანაში არ შეიყვან. მოსე მოკვდა ღვთის სიტყვის თანახმად და მის ადგილას იესო ნავეს ძე დადგა. მან იორდანე განკვეთა და ხალხი ქვეყანაში შეიყვანა, მასში მცხოვრები შვიდი ერი კი დაამხო და გაანადგურა; ხალხს იერუსალიმი დაუნაწილა, რომელშიც დავით მეფე და მისი ძე სოლომონი ცხოვრობდნენ. სოლომონმა ღვთის სახელზე ტაძარი ააგო, რომელიც მსგავსი იყო მოსეს მიერ აღმართული კარვისა, ზეციურთა და სულიერთა ხატისა.
30. ღმერთმა აქ წინასწარმეტყველნი გამოაგზავნა, (რომლებიც) სული წმიდის მიერ ერს მოძღვრავდნენ და მამათა ყოვლისშემძლე ღმერთისკენ აბრუნებდნენ. (წინასწარმეტყველნი) ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ძე ღვთისას, მოვლინებას ქადაგებდნენ; აუწყებდნენ, რომ ის ხორციელად დავითის ტომიდან იქნებოდა; რომ მრავალი თაობის შემდეგ ის ხორციელად დავითის ძე იქნება, რომელიც აბრაამის ძე იყო, ხოლო სულით ძე ღვთისა იქნება, რადგან უწინ მამას ჰყავდა, სამყაროს შექმნამდე შობილი38, საუკუნეთა დასასრულს კი სამყაროს განკაცებული მოევლინა39; ამით ღვთის სიტყვამ თავის თავში ყოველივე აღასრულა40, რაც ზეცაზე და დედამიწაზეა.
28 წმ. ირინეოსთან ბიბლიური ციტატის ტექსტში წერია Քամ [K’am], ანუ ქამის სახელი, თუმცა სომხური ბიბლიის შესაბამის ადგილას გვხვდება ქანაანის სახელი „եւ եղիցի Քանան ծառայ նորա“ – „და იქნება ქანაანი მონა მისი“.
29 სომხური ბიბლიის ტექსტში, შესაბამის ადგილას მითითებულია ქანაანის სახელი – Քանան [K’anan].
30 ტექსტში არის ի ձեռն Բանին [i dzern Banin], რაც ნიშნავს, რომ აბრაამს ღმერთი ღვთის სიტყვის სახით გამოეცხადა.
31 იგულისხმება, რომ ეგვიპტეში ებრაელთა მონობის მეოთხე საუკუნეში ისინი აღთქმული მიწისკენ გავიდნენ.
32 ადოლფ ჰარნაკის აზრით, ოთხკუთხედ ფრჩხილებში მოთავსებული ტექსტი ინტერპოლაციას წარმოადგენს.
33 გამ. 12, 37-ში საუბარია მოსესთან ერთად გამოსულ ექვსასი ათას მამაკაცზე, ბავშვების გარდა.
34 აქ წმ. ირინეოსი იუდეველი ხალხის ძველაღთქმისეული ისტორიების ალეგორიული განმარტების მეთოდს იყენებს და პარალელს ავლებს ახალაღთქმისეულ ისტორიასთან ქრისტეს მსხვერპლის სახით.
35 საუბარია ლოგოსზე, ღვთის ძეზე, რომელიც არის ღვთაების ყველა ძველ აღთქმისეული წინასწარმეტყველების შუამავალი, რომლებსაც წმ. ირინეოსი მრავლად ახსენებს. აქ, წმ. ირინეოსი (როგორც II საუკუნის ავტორი) სამ ჰიპოსტასური ღმერთის ერთიანი ქმედების ძალიან კარგ აღწერას იძლევა.
36 აქ, წმ. ირინეოსი მოცემულ ძველ აღთქმისეულ ეპიზოდს ალეგორიულად განმარტავს, ავლებს რა პარალელს განკაცებული ლოგოსის, იესო ქრისტეს – მაცხოვრის, სახელთან. შეად. საქმე 3, 15, სადაც ქრისტეზე, როგორც ცხონების წინამძღვარზეა საუბარი.
37 ანუ, მათთვის აღთქმულ მიწაზე.
38 ტექსტში მოცემულია ծնեալ [t’cneal] – შობილი.
39 საუბარია ლოგოსის ხორციელი მოვლინებაზე ხილული ქმნილი რეალობების სამყაროში.
40 ტექსტშია գլխաւորել [glkhavorel] – „აღსრულება“, „საქმის ბოლომდე მიყვანა“, „დასრულება“, ანუ საუბარია კაცობრიობის ხსნის განგებაზე.









