სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ

ნაწილი II

მთარგმნელი იოანე კაზარიანი

წინასიტყვაობა, ნაწილი I

11. ადამიანი კი თავისი ხელებით შექმნა – აიღო მიწიდან უწმიდესი და უფაქიზესი, თავისი ძალა ზომით შეურია მიწას, რადგან ქმნილებას თავისი ფორმები განუსაზღვრა, რომ (ადამიანში) ხილული ღვთის მსგავსი იყოს. რამეთუ შექმნილი ადამიანი დედამიწაზე ღვთის ხატი იყო. და რომ (ადამიანი) ცოცხალი გამხდარიყო, (ღმერთმა) მის სახეში სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა, რომ ადამიანი შებერვითა და ქმნილებით ღვთის მსგავსი გამხდარიყო. შესაბამისად, თავისუფალი და თვითმპყრობელი18 გამხდარიყო, რადგან ღმერთმა შექმნა ის, რომ ებატონა ყოველივეზე, რაც კი მიწაზე იქნებოდა. და მთელი ეს შექმნილი სამყარო –  ადამიანის შემქნამდე ღმერთის მიერ გამზადებული – ადამიანს (საცხოვრებელ) ადგილად მიეცა და ყოველივეს შეიცავდა. და ამ ადგილას და ამ საქმეებში ღმერთის მსახურები იყვნენ, (ღმერთისა), რომელმაც ყოველივე შექმნა და სახლის მოურავს ეპყრო ეს ადგილი, რომელიც თანამსახურთა თავზე დადგინდა, ხოლო მსახურები ანგელოზები არიან, სახლის მოურავი კი – მთავარანგელოზი.

12. ამგვარად, უფალმა ადამიანი დედამიწის, და ყოველივესი რაც მასზეა, ბატონად გახადა და (ადამიანი) იდუმალად მათ (ანუ, ანგელოზების) ბატონადაც დაადგინა, რომლებიც დედამიწაზე მსახურები არიან. მაგრამ ისინი მათთვის დამახასიათებელ სრულყოფილებაში იყვნენ, და ბატონი კი, ანუ ადამიანი, მცირე იყო, რადგან ჩვილი19 იყო და მართებდა მას და ღირს იყო, ამგვარად, გაზრდილიყო და სრულყოფილებამდე მისულიყო. ადამიანის კვება და ზრდა სასიხარულო და ნაზი რომ ყოფილიყო, (ღმერთმა) მას ამ სამყაროზე უკეთესი ადგილი მოუმზადა – ჰაერით, სილამაზით, სინათლით, საკვებით, მცენარეებით, ნაყოფით, წყლებით, ასევე, სხვა, ყოველგვარი ცხოვრებისეული საჭიროებით აღმატებული და სამოთხე იყო სახელწოდება მისი. და იმდენად მშვენიერი და კარგი იყო სამოთხე, (რომ) ღვთის სიტყვა მუდამ დაიარებოდა მასში, მიმართავდა ადამიანს და ესაუბრებოდა მას მომავალზე, რომელიც უნდა ყოფილიყო და წინასწარ დაბეჭდავდა (მომავალს), რადგან (სიტყვა) მასთან მკვიდრობდა და ესაუბრებოდა და იყო ადამიანებთან და ასწავლიდა მათ სიმართლეს. მაგრამ ადამიანი ჩვილი იყო და არ გააჩნდა სრულყოფილი მსჯელობა და ამიტომაც ადვილად აცთუნა იგი მაცდურმა.

13. ამგვარად, სანამ ადამიანი სამოთხეში მკვიდრობდა, ღმერთმა მასთან ყოველი ცხოველი მიიყვანა და უბრძანა, სახელები დაერქვა მათთვის და ყოველს, რომელსაც ადამმა ცოცხალი არსება უწოდა – თავისი სახელი დაარქვა. და გადაწყვიტა, ადამიანისთვის შემწე შეექმნა, რადგან ასე თქვა ღმერთმა: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი“ (დაბ. 2, 18), რადგან ყველა სხვა არსებას შორის ადამის შესაფერისი და ღირსებით შესაფერისი შემწე, მსგავსი (მისი), არ აღმოჩნდა. ღმერთმა ადამს განკჳრვებაჲ მიჰგვარა და დააძინა იგი, რომ ქმნილებისგან ქმნილება შემდგარიყო, ხოლო (რადგან) სამოთხეში ძილი არ იყო, ეს ადამს ღვთის ნებით20 მოუვიდა. და აიღო ღმერთმა ადამის ერთ-ერთ ნეკნი და ის ადგილი ხორცით შეავსო, ხოლო ნეკნით, რომელიც ამოიღო, ცოლი შექმნა და მიჰგვარა ადამს. მან კი იხილა და თქვა: „აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი“ (დაბ. 2, 23).

14. ადამი და ევა, რამეთუ ეს არის დედაკაცის სახელი, შიშვლები იყვნენ და არ სცხვენოდათ, რადგან მათში უცოდველი და ჩვილური აზრები იყო და (ეს აზრები) არ მიდიოდა იმ აზრსა და შეგონებამდე, რომელიც ბოროტებასთან ერთად ვნებიანი და სამარცხვინო სურვილების მეშვეობით სულში იბადება. იმ დროს (ისინი) თავის ბუნებას სრულად ინახავდნენ, რადგან ქმნილებაში შთაბერილი იყო სიცოცხლის სუნთქვა. შესაბამისად, იმყოფებოდნენ რა ამგვარ მდგომარეობაში, სულისთვის, რომელიც ძალასა და ღირსებაში მდგომარეობს, მანკიერება მიუწვდომელ უგუნურებას წარმოადგენდა. ამიტომ, მათ არ სცხვენოდათ, როდესაც ერთმანეთს ჩვილებივით კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ სისუფთავით.

15. ადამიანს ბევრი რომ არ ეფიქრა (თავის თავზე) და არ განდიდებულიყო (ცუდად), თითქოს მეუფე არ ჰყავდა და მისთვის მიცემული თავისუფლების გამო თავისი შემოქმედი ღმერთის წინაშე არ შეეცოდა და მისთვის დაწესებული ზღვრისთვის არ გადაებიჯებინა და ღვთის საწინააღმდეგო ამაყ აზრამდე არ მისულიყო, ღმერთმა მას მცნება მისცა, რათა სცოდნოდა, რომ მეუფე ჰყავს – ყოველთა შემოქმედი. და გარკვეული ზღვარი დაუწესა. ამგვარად, თუ ღვთის მცნებას დაიმარხავდა მუდამ შეინარჩუნებდა უკვდავ მდგომარეობას, ხოლო თუ დაარღვევდა, მოკვდავი გახდებოდა და იქცეოდა მიწად, რომლისგანაც შეიქმნა. მცნება კი ასეთი იყო: „ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით სჭამო, ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (დაბ. 2, 16-17).

16. ადამიანმა ეს მცნება არ დაიმარხა და ღმერთს არ ემორჩილა – ის ანგელოზმა აცდუნა, რომელსაც ადამიანისთვის ღვთისგან მინიჭებული მრავალი ნიჭის შეშურდა. სიბოროტის გამო თავისი თავიც უხმარ ჰყო და ადამიანიც ცოდვილად აქცია, როდესაც ღვთის მცნებისადმი დაუმორჩილებლობა დააჯერა. შესაბამისად, ანგელოზი სიცრუის მიერ ცოდვის მამამთავარი და ბელადი გახდა; თავადაც დაენარცხა, ღვთის წინაშე შესცოდა და ადამიანი განაგდო სამოთხიდან. ამ ანგელოზს ებრაულ ენაზე სატანა ეწოდა, რადგან მაცდური მსჯელობით აშკარად აღუდგა ღმერთს21; სატანა კი მოწინააღმდეგეს ნიშნავს და მას, ასევე, ცილისმწამებელიც ეწოდა. ღმერთმა დასაჯა გველი, რომელიც თავის თავში ცილისმწამებელს ატარებდა – ეს სასჯელი როგორც თავად ამ ცხოველს დაატყდა, ასევე მასში დაბუდებულ და დამალულ ანგელოზს, ანუ სატანას. ადამიანი კი განიშორა ღმერთმა პირისაგან თვისისა და შეუცვალა მას ადგილსამყოფელი, რომელიც მას სამოთხემდე მიიყვანდა22, რადგან სამოთხე ცოდვილს ვერ მიიღებს.

17. ადამი და მისი ცოლი ევა სამოთხის გარეთ იყვნენ და შფოთის მრავალ უბედურებასა და მწუხარებაში ჩავარდნენ – სევდით, ტანჯვითა და ოხვრით დადიოდნენ ამ სამყაროში. მზის სხივქვეშ ამუშავებდა ადამიანი მიწას, ის კი, ცოდვისათვის სასჯელად, ეკალს და კუროსთავს აღმოაცენებდა. მაშინ აღსრულდა წერილი: „ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ“ (დაბ. 4, 1-2)23. მეამბოხე ანგელოზმა კი, რომელმაც ადამიანი უმორჩილებამდე მიიყვანა, ცოდვილად აქცია და მისი სამოთხიდან განდევნის მიზეზი გახდა, არ იკმარა ეს და მეორე ბოროტება ჩაიდინა – ამჯერად ძმებს შორის, – აღავსო კაენი თავისი სულით და ძმის მკვლელად აქცია იგი. აბელი ძმამ მოკლა. იმ დროიდან ეს იქცა ნიშნად, რომ ზოგიერთს დევნიან, შეავიწროებენ და მოკლავენ – არამართალნი მართალთ დევნიან და მოკლავენ. ღმერთი ამაზე კიდევ უფრო განრისხდა და დაწყევლა კაენი და ეს წყევლა მის მთელ მოდგმაზე გადავიდა, შთამომავლობის მიხედვით (შეცვლით), მთესველის მსგავსად. ღმერთმა ადამს, მოკლული აბელის ნაცვლად, სხვა ძე აღუდგინა.

18. ბოროტება კი მეტად განივრცო და გაიშალა, მთელი კაცთა მოდგმა მოიცვა, ისე რომ, მათში სიმართლის მცირე თესლი დარჩა. დედამიწაზე სტიქიები აირია24, რადგან შეერიენ ანგელოზები კაცთა მოდგმის ასულებს25, რომლებმაც მათ შვილები უშვეს, რომლებსაც ნამეტანი სიდიდის გამო მიწიერნი უწოდეს26. ამგვარად, ანგელოზებმა თავიანთ ცოლებს საჩუქრად ბოროტი სწავლება უბოძეს – ასწავლეს მათ ფესვებისა და ბალახების ძალა, საღებავთა ხელოვნება, სახის ფერი, ძვირფასი ქსოვილების გამოგონება, ასევე, სიძულვილის, სიყვარული, ვნების, სასიყვარულო ძალდატანების ჯადოები, ჯადოსნური საბმელები, ყოველგვარი ჯადოქრობა და ღვთივსაძულველი კერპთმსახურება. როდესაც ეს ყოველივე სამყაროში შემოვიდა, ბოროტების საქმე განივრცო, ხოლო სიკეთის საქმემ იკლო.

19. სანამ არ ეწია ამ ქვეყანას ღვთის მსჯავრი წარღვნის სახით პირველქმნილის შემდეგ მეათე თაობაში. ამ თაობაში ერთადერთი მართალი ნოე აღმოჩნდა, რომელიც თავისი სიმართლის წყალობით თვითონაც დარჩა ცოცხალი და თავისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები კიდობანში შეიყვანა ყველა ცხოველთან ერთად, რომელთა კიდობანში შეყვანა ნოეს ღმერთმა უბრძანა. დაღუპვა დედამიწაზე მყოფ ყველა ადამიანსა და ცხოველს ეწია – ცოცხლად მხოლოდ კიდობანში მყოფნი გადარჩნენ. ნოეს სამი ძე ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. მათგან კვლავ იმრავლა კაცთა მოდგმამ, რადგან წარღვნის შემდეგ ადამიანებმა მათგან მიიღეს საწყისი.

20. მაგრამ ერთი მათგანი წყევლას დაექვემდებარა, ხოლო ორმა კურთხევა დაიმკვიდრა თავისი საქმეებისთვის. რამეთუ, უმცროსმა მათგანმა, სახელად ქამმა, მამას დასცინა და უკეთურების ცოდვისათვის დაისაჯა, რადგან მამა შეურაცხჰყო და ზიზღისთვის სასჯელი მიიღო, რომელიც მის შთამომავალთ მემკვიდრეობად გადასცა. შედეგად, მის შემდგომ მთელი მოდგმა დაიწყევლა და ცოდვაში იზრდებოდა და მრავლდებოდა. სემმა და იაფეტმა, მისმა ძმებმა, მამის პატივისცემის წყალობით კურთხევას მიაღწიეს. ქამის წყევლა, რომლითაც იგი მამამისმა, ნოემ, დაწყევლა, შემდეგია: „დაწყევლილია ქანაანი; მონათა მონა იქნება ის თავის ძმებში“27 (დაბ. 9, 25). (ეს წყევლა) მის მოდგმაზე იყო, (რადგან) ბევრი შვილი შვა მან მიწაზე და ეს იყო მოდგმა, რომელიც თოთხმეტი თაობის (მანძილზე) იზრდებოდა და ღმერთმა დაანარცხა ქამის მოდგმა და მსჯავრს გადასცა იგი. ქანანელები, ხეთები, ფერიზეველები, იებელები, ამორეველები, იებუსეველები, გერგეშელები, სიდონელები, არაბები, ფინიკიის მკვიდრნი, ყველა ეგვიპტელი და ლიბიელი ქამისგან არიან წარმოშობით და წყევლას დაექვემდებარნენ და წყევლა დიდ ხანს დარჩა უკეთურებზე.

18 ტექსტში წერია ինքնիշխան [ink’nishkhan], რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, თვითმპრყობელი და ა.შ.

19 აქ წმ. ირინეოსი სულიერ ჩვილობას ან შექმნილი ადამიანის განზრახ არასრულყოფილებას გულისხმობს, იხ. „ერესების წინააღმდეგ“, წ. IV, თ. 38, 1. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმ. ირინეოსის აზრით, რადგან ადამი სულიერად არასრულყოფილი, ანუ ჩვილი იყო, ის თავისი მეუფების საიდუმლოს შეიცნობდა (მას ეს საიდუმლო გაეხსნებოდა) თავისი სულიერი ზრდის წილ: „მართებდა და ღირს იყო, ამგვარად, გაზრდილიყო და სრულყოფილებამდე მისულიყო“.

20 ანუ, აუცილებელი იყო ღვთაებრივი ნების აქტი, რომ ადამს ძილი მიჰგვროდა, რადგან ძილი ადამიანისთვის, მისი დედამიწისეულ სამოთხეში ყოფნისას, არაბუნებრივი მდგომარეობა იყო.

21 ანუ, ღმერთს განუდგა, მის წინააღმდეგ აღდგა.

22 ანუ, ადამიანს სამოთხისკენ მიმავალი გზა გადაუღობა.

23 დაბადების წიგნის დღევანდელ თარგმანში ეს მუხლები უფრო სრულად იკითხება: „შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი – მიწის მუშაკი“ (დაბ. 4, 1-2). რთულია რაიმეს თქმა ამ შეუსაბამაობაზე: ეს იმთავითვე ასე იყო (მითითებული მუხლების ასეთი მოკლე თარგმანი) წმ. ირინეოსის ტექსტში (ბერძნული ორიგინალი); თუ ეს არის სომეხი მთარგმნელის შესწორება დაბადების წიგნის იმ ტექსტის შესაბამისად, რომელიც მას ხელთ გაჩნდა და რომელსაც ის წმ. ირინეოსის ბერძნულ ტექსტთან შედარებისათვის იყენებდა. სხვა ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სეპტუაგინტის სხვადასხვა ხელნაწერი ტრადიცია არსებობდა. ასევე, არსებობს ალბათობა, რომ წმ. ირინეოსი წმინდა წერილს მეხსიერებით ციტირებდა. ამგვარი მაგალითი უკვე გვინახავს ჩვენი თხზულების მე-9 თავში, სადაც ესაია წინასწარმეტყველის ციტირებისას ავტორს სიტყვა გამორჩა.

24 ტექსტში წერია տարրաւրէն, ანუ տարրական [tarrakan], რაც სტიქიურს, ნივთიერს ან მატერიალურს (ანუ, მატერიას) ნიშნავს.

25 აქ საუბარია დაბადების წიგნის ეპიზოდზე (დაბ. 6, 2-4). უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში წმ. ირინეოსი გამოხატავს აზრს, რომელიც წმინდა მამებისა და ადრეული პერიოდის ავტორების ჰერმენევტიკაშია აღიარებული. იუდეველი განმმარტებლების ნაწილი და ადრეული ქრისტიანი ავტორების ნაწილი – იუსტინე ფილოსოფოსი (მეორე აპოლოგია, 5), ათენაგორა (თხოვნა ქრისტიანთათვის, 24), კლიმენტი ალექსანდრიელი (სტრომატები. 3, 59) – მიიჩნევდნენ, რომ საუბარია არა ადამიანებზე, არამედ ანგელოზებზე. ცნობილი იუდეველი ისტორიკოსი და სარდალი იოსებ ფლავიუსი, რომელიც I საუკუნეში ცხოვრობდა, წერს: „მრავალმა ანგელოზმა ქალებთან კავშირი დაამყარა და წარმოიშვა ამპარტავანი ადამიანების მოდგმა, რომლებიც თავის ფიზიკურ ძალას ეყრდნობოდნენ და ამიტომ ყოველივე კარგი ეზიზღებოდათ“ (იუდეველური სიძველენი. 1, 3). ვერსიას იმის თაობაზე, რომ ღვთის ძენი კეთილმსახური სეთის შთამომავლები არიან, ხოლო კაცთა ძენი მისი ძმის, კაენის, შთამომავლები, II საუკუნეში ქრისტიანი ისტორიკოსი იულიუს აფრიკანელი გვთავაზობს (PG, 10, 60). ამ აზრს მომავალში ისეთი ცნობილი განმმარტებლები უჭერდნენ მხარს, როგორებიც არიან, წმ. იოანე ღვთისმეტყველი, წმ. ეფრემ ასური და სხვ.

26 ტექსტში გვაქვს երկրածինք [erkratsink’], რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც მიწისგან წარმოქმნილნი, მიწიერნი.

27 ქანაანი ქამის ძე იყო.