სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ
ნაწილი IX
მთარგმნელი იოანე კაზარიანი
წინასიტყვაობა, ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III, ნაწილი IV, ნაწილი V, ნაწილი VI, ნაწილი VII, ნაწილი VIII
81. ისევ ამბობს იერემია წინასწარმეტყველი: „და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ (მათე. 27, 9-10)77. რადგან იუდა ქრისტეს მოწაფეთაგანი იყო, იუდეველებს დაპირდა და დათქვა მათთან, რადგან ხედავდა, რომ მისი მოკვდინება სურდათ, რადგან (ქრისტე იუდას) კიცხავდა78; აიღო მაშინ ოცდაათი ვერცხლი79 და მისცა მათ ქრისტე, მაგრამ შემდეგ ინანა თავისი საქციელი და ვერცხლი იუდეველთა მთავრებს დაუბრუნა, თვითონ კი თავი ჩამოიხრჩო. მათ მიიჩნიეს, რომ მათი შესაწირავში ჩაყრა არ ეგებოდა, რადგან ეს სისხლის ფასი იყო და ველი იყიდეს, რომელიც ვინმე მექოთნეს ეკუთვნოდა, რათა იქ უცხოტომელები დაეკრძალათ.
82. როდესაც ის ჯვარს აცვეს და მან წყალი მოითხოვა, (მას) (ნაღველთან) შერეული ძმარი მისცეს და ამასაც ყვებოდა დავითი: „..და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.“ (ფსალმ. 68, 22).
83. და რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის ზეცად ამაღლდება, დავითი ასე ამბობს: „…ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის…“ (ფსალ. 67, 18-19), ტყვეების დაბრუნებაში კი ამბოხებული ანგელოზების განადგურებას გულისხმობს. (წინასწარმეტყველი) იმ ადგილსაც აცხადებს, სადაც (ქრისტე) დედამიწიდან ზეცაზე ავა, რადგან ამბობს: უფალი სიონიდან ამაღლდა. მან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავისი მოწაფეები მთაზე შეკრიბა, რომელიც იერუსალიმის პირდაპირ არის და რომელსაც ზეთისხილის ეწოდება და ცათა სასუფევლის შესახებ შთააგონა მათ; და დაინახეს მათ, რომ (ის) ამაღლდა – ზეცა გაიხსნა და მიიღო ის.
84. იგივეს კიდევ ამბობს დავითი: „მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა“ (ფსალ. 23, 7), მარადიული კარიბჭეები კი ზეცაა. სიტყვა (ქმნილებისთვის) უხილავად ჩამოვიდა და ამიტომ ქმნილებას მის შესახებ არ ეუწყა; ხოლო როდესაც სიტყვა განკაცდა, ზეცაზეც ხილულად ავიდა. როდესაც ძალებმა (ანუ, ზეციურმა ანგელოზებმა) იხილეს იგი, ქვედა ანგელოზებმა შესძახეს მათ, რომლნიც მყარზე იმყოფებოდნენ: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.“; ხოლო როდესაც მათ გაოცებულებმა იკითხეს: „ვინ არს ესე?“, მაშინ მათ, რომელთაც ის უკვე იხილეს, მეორედ დაამოწმეს: „უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა.“ (ფსალ. 23, 8-10).
85. მაშასადამე, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ (ქრისტე) მამის მარჯვენით ზის, მამის მიერ დადგენილ დროს კი მისი მტრები მის სამსჯავროს დაექვემდებარებიან; ხოლო მტრები არიან ისინი, ვინც ამბოხი შექმნეს: ანგელოზები და მთავარანგელოზები, ძალნი და საყდარნი, რომელთაც ჭეშმარიტება მოიძულეს; დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“ (ფსალ. 109, 1). ხოლო, ის რომ იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა, დავითი ამის შესახებ ასე ამბობს: ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე“ (ფსალ. 18, 7); ხოლო მის სამსჯავროზე კი ასე ამბობს: „და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.“ (ფსალ. 18, 7).
86. ამრიგად, წინასწარმეტყველები ღვთის ძეზე წინასწარმეტყველებდნენ, რომ ის დედამიწაზე გამოჩნდება; წინასწარმეტყველებდნენ სად და როგორ გამოჩნდება დედამიწაზე, უფალმა კი თავის თავზე მიიღო ყველა ეს წინასწარმეტყველება, ამიტომ ჩვენი მისდამი რწმენა მტკიცედ არის გამყარებული და ჭეშმარიტია წინასწარმეტყველების გადმოცემა, ანუ მოციქულთა ქადაგება, რომლებიც უფალმა გააგზავნა, რათა მათ მთელი სამყაროსთვის ღვთის ძე ექადაგებინათ, რომ ის ევნო სიკვდილის გაუქმებისა და ხორცის გაცოცხლებისათვის, რათა (ჩვენ) ღმერთთან მტრობა მიგვეტოვებინა, რაც უკანონობაა და გადაგვეწყვიტა მასთან მშვიდობით მისვლა და მისთვის სათნო საქმის კეთება. ეს წინასწარმეტყველებმა გვამცნეს, როდესაც ამბობდნენ: „ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი“ (ესაია. 52, 7). ისინი რომ იუდეასა და იერუსალიმიდან უნდა გამოსულიყვნენ და ჩვენთვის ღვთის სიტყვა გადმოეცათ, რომელიც ჩვენთვის კანონიც არის, (ამის შესახებ) ესაია ამბობს: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით. (ესაია. 2, 3). დავითი (იმის) შესახებ ამბობს, რომ (მათ) მთელ სამყაროში უნდა ექადაგათ: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.“ (ფსალ. 18, 5).
87. ესაია ამბობს, რომ ხალხი კანონის მრავალსიტყვაობის მიხედვით კი არა, არამედ რწმენისა და სიყვარულის თვინიერებითა და უბრალოებით იცხოვრებს: “რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა, რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა“ (ესაია. 10, 22-23). პავლე მოციქულიც ამბობს: “აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.“ (რომ. 13, 10), რადგან, ვისაც ღმერთი უყვარს, მან კანონი აღასრულა. როდესაც უფალს ჰკითხეს, რომელია უპირველესი მცნება, მან უპასუხა: „ შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. 38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან “ (მათე. 22, 37-40; მარკ. 12, 30-31). ამრიგად, (კანონი) მისდამი რწმენით ჩვენში მისდამი სიყვარულს ამრავლებს და ჩვენ კეთილმსახურნი, მართალნი და კეთილნი ვხდებით. ამიტომაც ნათქვამია, რომ თვინიერი სიტყვა აღასრულა (მან) დედამიწაზე, სამყაროში80.
88. ამაღლების შემდგომ ის რომ ყველაზე ამაღლებული იქნება და რომ მას ვერავინ შეედრება, (ამის შესახებ) ესაია ასე ამბობს: „ვინ არის მსაჯული? მოვიდეს! ვინ არის გამართლებული? მიუახლოვდეს ღვთის ძეს! ვაი თქვენ, რადგან სამოსივით გაცვთებით და ჩენჩი შეგჭამთ; ყოველი ხორცი დამდაბლდება და მხოლოდ უფალი ამაღლდება ყველა ამაღლებულს შორის“81. ხოლო (ჟამთა) აღსასრულს რომ მისი სახელით ცხონდებიან ღვთის მსახურნი, (ამის შესახებ) ესაია ამბობს: „ მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა“ (ესაია. 65, 15-16). ხოლო ამ კურთხევას რომ თავად აღასრულებს და თავად გვიხსნის თავისი სისხლით, (ამაზე) ესაია ამბობს: „არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა იგინი“ (ესაია. 63, 9).
89. ხსნილთა მოსეს რჯულზე დაბრუნება რომ არ სურს, რადგან რჯული ქრისტემ აღასრულა და რომ ღვთის ძის რწმენითა და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, განახლების სიტყვით, (ამის შესახებ) ესაია გვაუწყებს: „ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ.აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი. მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა, ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით. (ესაია. 43, 18-21). უდაბნო და ტრამალი ადრე წარმართებს ერქვა, რადგან მათში სიტყვა82 ვერ აღწევდა და სულიწმიდა არ არწყულებდა მათ; სულიწმიდამ კეთილმსახურებისა და სიმართლის ახალი გზა დაადგინა; მდინარის უხვი ნაკადები გაადინა; ანუ, წმიდა სული მოჰფინა83 ქვეყანას, როგორც დაპირდა წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ბოლო დღეებში ქვეყანას სულიწმიდით აღავსებდა (შეად. იოილ. 2, 28-29).
90. მაშასადამე, ჩვენი მოწოდება სულის განახლებაშია და არა ჩვენს სიძველეში84, როგორც წინასწარმეტყველებდა იერემია: „აჰა, დღენი მოვლენ, – იტყჳს უფალი, – და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი, არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, – თქუა უფალმან, რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, – თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, – თქუა უფალმან, – რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე. ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ – სახელი მისი. (იერ. 31:31-35).
77 აქ წმ. ირინეოსს მათეს 27, 9-10 მოჰყავს, მაგრამ ამ სიტყვების ავტორად იერემია წინასწარმეტყველს ასახელებს, რაც მათეს 27, 9-ში მოყვანილ მოწმობას შეესაბამება; მაგრამ უნდა აღინიშნოს თავად მათე მახარებელი ცდება (ან მათეს სახარების გადამწერი), როდესაც ამ სიტყვების ავტორად იერემიას ასახელებს, რადგან ეს წინასწარმეტყველება ზაქარიას ეკუთვნის (11, 12-13): „და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ“. ეს სიტყვები იერ. 32, 6-14-ს შორიდან მოგვაგონებს.
78 აქ დგას ზმნა յանդիմանեալ [yandimaneal], რაც შეიძლება „კიცხვად“, „შენიშვნად“, „საყვედურად“ ითარგმნოს.
79 აქ გამოიყენება ტერმინი սատերսն [satersn] (მრავლ. რიცხვში), რომელიც მხოლობით რიცხვის սատեր-სგან წარმოდგება, რაც „სტატერს“ ნიშნავს (ძვ. ბერძნ. στᾰτήρ) – ვერცხლის მონეტა, რომელიც ქრისტეს დროინდელ პალესტინაში იყო გავრცელებული (იხ. მათე 17, 27), ანუ წმ. ირინეოსის თანახმად, ოცდაათი ვერცხლი ოცდაათ ვერცხლის სტატირს უდრის.
80 წმ. ირინეოსს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია. 10. 23) მეხსიერებით მოჰყავს.
81 წმ. ირინეოსი აქაც მეხსიერებით ახდენს ესაია წიგნებიდან კომპილაციას (ესაია. 50, 8-9; 2, 11, 17).
82 ტექსტში გამოიყენება სიტყვა Բանն [Bann], ანუ მამის ჰიპოსტასური სიტყვა.
83 სიტყვასიტყვით – սերմանել [sermanel] – დათესა.
84 სომხურ ტექსტში წერია: նորոգութեամբ Հոգւոյն է կոչումս մեր, եւ ոչ ի հնութեան մերոյ, რაც წმ. ირინეოსის მხრიდან პავლე მოციქულის სიტყვებზე ალუზიაა, მათი ციტირება (რომ. 7, 6); შეცვლილია მხოლოდ წინადადების დაბოლოება: նորոգութեամբ Հոգւոյն եւ ոչ հնութեամբ գրոյն – „სულის განახლებაში და არა ასოს სიძველეში“.