არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით

(ასტროთეოლოგიური პერსპექტივა)

ნაწილი III

ავტორი: იოანე კაზარიანი

მრავალი სხვა სამყარო არსებობს თუ არის მხოლოდ ერთი სამყარო? ეს არის ერთერთი ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც ბუნების შემეცმებისკენ გვაიძულებს

ალბერტ დიდი
XIII ს-ის გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, მეცნიერი

მოცემული სტატიის წინა ორ ნაწილში* წმინდა წერილში არამიწიერი გონების ჰიპოთეტური არსებობის შესაძლო  ირიბი ალუზიები მოგვყავდა. ჩვენი სტატიის ამ მესამე ნაწილში გვსურს, ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ: რამდენად უფლებამოსილნი ვართ, ვიფიქროთ, რომ ბიბლიაში არამიწიერი გონებაა მოხსენიებული? თუ, იქნებ, წმინდა ტექსტებში ასეთი რამ საერთოდაც არ არის ნახსენები? ღირს თუ არა ბიბლიაში ამ ინფორმაციის ძებნა? ასევე, ამ სტატიის ბოლოს, გვსურს, ქმნილი სამყაროს ესქატოლოგიის, ღვთაებრიობასთან ზიარებაში მისი განმღრთობის სისავსის საკითხი ავხსნათ.

წმინდა წერილი და არამიწიერი გონება

ანტიკურობაში, მრავალი ბერძენი ფილოსოფოსი და მოაზროვნე არამიწიერ სამყაროებზე საუბრობდა. ამავე საკითხზე საუბრობდნენ შუა საუკუნეების ქრისტიანი ღვთისმეტყველები და მეცნიერები. ჩვენი აზრით, მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო გვიანი რენესანსის ეპოქის ერთერთი წარმომადგენელი, ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, ტომაზო კამპანელა (1568-1639). თავის ცნობილ ნაშრომში – Apologia di Galileo (1616) – იტალიელი მოაზროვნე არამიწიერი ცივილიზაციების ჰიპოთეტურ არსებობაზე საუბრობს და ამ საკითხიდან გამომდინარე, არამიწიერ არსზე ამარტოლოგიურ და სოტერეოლოგიურ ჭრილში მსჯელობს. დღეს, ასეთ ღვთისმეტყველებას ასტროთეოლოგია ეწოდება. თუმცა, ტექნოლოგიების ზრდასა და სრულყოფასთან ერთად, ტერმინი „ასტროთეოლოგია“ ერთობ სხვაგვარ, ახალ დატვირთვას იძენს. ცნობილმა ამერიკელმა ღვთისმეტყველმა, თედ პიტერსმა, ასტროთეოლოგიის შესახებ კარგად თქვა: „ასტროთეოლოგია თეოლოგიის დარგია, რომელიც იძლევა თანამედროვე კოსმოლოგიის და კლასიკური დოქტრინების, ისეთი როგორიცაა ქმნილება და ქრისტოლოგია, ერთობლიობის კრიტიკულ ანალიზს, და რომლის მიზანს წარმოადგენს ჩამოაყალიბოს გარეშემოუწერელ კოსმოსში კაცობრიობის ადგილის/როლის ყოვლისმომცველი და გააზრებული წარმოდგენა/სურათი“ (1). ამიტომ, ასტროთეოლოგია, ეჭვგარეშე, მკითხველს სამყაროში სიცოცხლის არსებობის და უსაზღვრო კოსმოსში ჩვენი ადგილის შესახებ ფართო მსჯელობისკენ იწვევს. ბუნებრივია, ამგვარ მსჯელობებში, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ობიექტური მეცნიერული მონაცემები და კრიტიკული ანალიზი, რასაც, ჩვენი სტატიის სამი ნაწილის მანძილზე ვაკეთებთ.

თავიდანვე დავსვათ კითხვა: შეიძლება თუ არა, ბიბლია როგორმე ეწინააღმდეგებოდეს მეცნიერებას? და შეიძლება თუ არა, ამ წმინდა წიგნში არამიწიერი გონიერი რეალობა მოიხსენიებოდეს? ჩვენი აზრით, ბიბლიის პრეროგატივა, როგორც წიგნის, რომელიც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის მაგალითს გვიჩვენებს და საერო მეცნიერების პრეროგატივა ძირეულად განსხვავდება. მათ სხვადასხვა მიზნები და ამოცანები აქვთ. ისინი კონკრეტულად დასმულ კითხვებს პასუხობენ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. არა. ისინი ერთმანეთს ავსებენ – თითოეული თავისი ცოდნის დონეზე. ის, რაც მეცნიერებას არ ჰყოფნის რწმენით ივსება და ის, რაც არ ჰყოფნის რწმენას, (მეცნიერული) ცოდნით ივსება. რწმენა გვეუბნება, თუ ვინ შექმნა ეს ხილული კოსმოსი, მეცნიერება კი ემპირიულად მოწმობს იმას, თუ როგორ იქმნებოდა ეს კოსმოსი. მეცნიერება კოსმოსის და სამყაროში სიცოცხლის არსებობის აზრსა და მიზნის შესახებ კითხვებს არ სვამს. მას ასეთი მექანიზმები არ გააჩნია. რწმენა ამ ხილული კოსმიური არსებობის რეალობას ღრმა აზრითა და მიზნობრივი ამოცანებით ავსებს, განსაკუთრებით, ესქატოლოგიურ პერსპექტივაში. ბიბლიის დაბადების წიგნის პირველი თავები კოსმოლოგიურია, ანუ ღმერთის შემოქმედებით აქტზე გვიყვება: კოსმოსის და შემდეგ კი ადამიანის შექმნა, ადამიანისა, როგორც არსებისა, რომელიც თავის თავში ხილულ კოსმოსს რეალობას სძენს და მას აცნობიერებს და შექმნილი სამყაროს დამკვირვებელია (ანთროპული პრინციპი). ამიტომ, ასეა თუ ისე, ბიბლიური კოსმოლოგიური თხრობა, თუნდაც ფონურ ასპექტში, მაინც ეხება ფიზიკურ სამყაროს და ქმნილების ანთროპოლოგიას. ეს მეცნიერებას სრულ და მორალურ უფლებას აძლევს, შემოგვთავაზოს თავისი დამაზუსტებელი აზრი ბიბლიური კოსმოლოგიური რეალობის შესახებ. მას შეუძლია დააზუსტოს ქმნილი კოსმოლოგიური პროცესის მექანიზმები და იმავე დროს არ ჩაერიოს ბიბლიური ტექსტის ღვთისმეტყველურ სიუჟეტში. ბიბლიის ქმნილი კოსმოლოგიური ასპექტები ობიექტური მეცნიერების კომპეტენციით შეიძლება დაზუსტდეს. ეს მოგვცემს ღვთისმეტყველებისა და მეცნიერების სინთეზს მათ აზრობრივ ურთიერთშევსებაში. ასტროთეოლოგია ამ სამეცნიერო-საღვთისმეტყველო სინთეზში კარგად ჯდება. მეცნიერებით და სარწმუნოებით დაინტერესებულ ადამიანს ის აძლევს სამყაროში გონების შესახებ ცოდნის სისავსეს და მიზნობრივ კატეგორიებში გააზრებას.

ჩვენ ტყუილად არ გვიხსენებია სიტყვათშეწყობა „გონება სამყაროში“. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს ხილული სამყარო გონიერმა გამწყობმა შექმნა. წმინდა წერილის ნარატივი პირდაპირ უკავშირდება იმ აზრს, რომ ამ ხილული კოსმოსის შემოქმედია ღმერთი, რომელიც სამყაროთა შემოქმედია (2). ამგვარად, ბიბლია აცხადებს, რომ 1) ამ ხილული კოსმოსის (ასტროფიზიკის ენაზე რომ ვთქვათ – კოსმოლოგიური სინგულარობის) წყარო და დასაწყისი მარადიული გონებაა. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და ობიექტურია ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის, აზრი: „დრო დიდი აფეთქებიდან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ისეთი კითხვები, როგორებიცაა – ვინ შექმნა დიდი აფეთქების პირობები – მეცნიერების ფარგლებს მიღმაა“ (3); 2) ეს იძლევა პირდაპირ მინიშნებას იმაზე, რომ როდესაც მარადიული ღმერთი უსაზღვრო კოსმოსს (პირობითად ვამბობთ) და მრავალრიცხოვან ფიზიკურ სამყაროებს ქმნიდა, მან, თავის შემოქმედებითი აქტით, ეს კოსმოსი უსასრულო შეცნობადობით აღჭურვა; და 3) შექმნა ადამიანი, რომელიც ქმნილი სამყაროს საიდუმლოებებს შეიმეცნებს და ჭვრეტს. წმინდა წერილის ასეთი გაგების ფონზე გასაგები ხდება, რომ წმინდა წერილის ტექსტები ინტუიციურად შეიცავენ არამიწიერ ბიოლოგიურ (გონიერ თუ არაგონიერ) რეალობას, რაც ადამიანისთვის არის ფიზიკური კოსმოსის შეცნობის სტიმული. გონების, როგორც ასეთის, გაგებას უკვე ძველ დროში ჰქონდა ღრმა გააზრება. ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიურ აზროვნებაში, ჰერაკლიტეს სწავლებაში ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ ფიზიკურ საწყისებთან ერთად ერთიანი საწყისიც არსებობს, რომელიც ყველა გარე პროცესსა და მოვლენას განსაზღვრავს და რომელიც მან ლოგოსად (λόγος) აღნიშნა. ცნობილი ბერძენი ღვთისემტყველი იოანე ზიზიულასი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ლოგოსის“ ძირითადი და შესაძლოა აშკარა მნიშვნელობაც უკავშირდებოდა „გონებას“. პარმენიდედან მოყოლებული, ბერძენი ფილოსოფოსები არსებობას (ყოფიერებას) უკავშირებდნენ აზროვნებას, „ლოგოსს“ კი „ნუსს“, ანუ ჭკუას (გონებას) (4). მრავალი ქრისტიანი ღვთისმეტყველი კიდევ იმიტომ არ სცილდებოდა ამ მიმართულებას, რომ იოანეს 1, 1-3-ში პირდაპირ ცხადდება, რომ ამ სამყაროს შემოქმედი არის მარადიული ჰიპოსტასური ღვთაებრივი ლოგოსი. ამასვე იმეორებს პავლე მოციქული (კოლ. 1, 15-18). ამგვარად, წმინდა წერილის თანახმად, მთელი ქმნილება ქრისტეს პრიზმაში განიხილება, როგორც მისი შემოქმედება. აქ ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა: თუ წმინდა წერილის თანახმად, ღმერთი არის სიყვარული (1 იოანე. 4, 8), ანუ აბსოლუტური სიყვარული, მაშინ ღმერთის შეუცნობელი ბუნებიდან და მისი უსაზღვრო კოსმოლოგიური შემოქმედებითი რეალობიდან გამომდინარე სრული უფლებით შეგვიძლია დავსვათ კითხვა: ჰქონდა რა ღმერთს აღუწერელად ლამაზი და უსაზღვრო კოსმოსი და ქმნიდა რა მას გონიერი არსებებისთვის, ნუთუ მან თავისი სიყვარული მხოლოდ ჩვენი ანთროპული რეალობით შემოფარგლა? რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაციურ-ფილოსოფიური კითხვა, მაგრამ ის მაინც ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ზემოთ ვთქვით აბსოლუტური სიყვარულის ღვთაებრივი თვისების შესახებ. მთელი სამყარო ადამიანს მემკვიდრეობად და სამფლობელოდ მიეცა და მან იგი თავისი ცოდნითა და კვლევით უნდა „დაამუშაოს“ (დაბ. 2, 15; 1, 28). ეს არის ღმერთის კოსმოლოგიური მცნება, რომელიც ადამიანს მიეცა. ამიტომ, არამიწიერი სიცოცხლის ძიება და მისი ჰიპოთეტური არსებობა სავსებით ჯდება ბიბლიურ პერსპექტივაში ჩვენს მიერ ყოველივე ზემოთქმულის ფონზე და ამაზე თავად ღმერთის ლეგიტიმაცია არსებობს.

ახლა, დავსვათ ყოველივე ზემოთქმულის სრულიად საპირისპირო შეკითხვა: რატომ არ არის ბიბლიაში პირდაპირი მინიშნებები არამიწიერი გონების არსებობაზე? ჩვენს მიერ დასმულ ამგვარ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს:

  • წმინდა წერილი, პირველ რიგში, არის გზავნილი დედამიწის მკვიდრთათვის, მათთვის, ვინც პლანეტა დედამიწაზე ბინადრობს. ბიბლია არის ჩვენი სახეობის – Homo sapiens – თავის შემოქმედ ღმერთთან ურთიერთობის ისტორია, ანუ მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ააწყოს ადამიანმა (რომელიც თავისუფალი არსებაა) ღმერთთან ურთიერთობა სწორად და ჭკვიანურად და რა შეცდომებს უნდა ერიდებოდეს ადამიანი ღმერთთან ამ სინერგიასთან მიმართებაში. ამიტომ, ბიბლია პირდაპირ სხვა მიზნებს არ ისახავს, გარდა ქმნილებისა და შემოქმედის ამ სინერგიული ურთიერთობისა, რომელმაც ადამიანი თეოზისამდე უნდა მიიყვანოს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად არის ცნობები საყოველთაო კოსმოსის შესახებაც, არის ხილული სამყაროს დიდებულებაც, არის ცნობები თავდაპირველ ქაოსსა და ენტროპიაზე და ა. შ., მაგრამ ეს ყველაფერი მოცემულია ფონად და ამ ფონზე ხაზი ესმევა ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, თანაც ღმერთთან, რომელიც განკაცდა, რითაც ამ ბიბლიურ გზავნილს ძლიერი ანტროპული, მიწიერი აქცენტი შესძინა.
  • წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანს მიწის დამუშავების კურთხევა მისცა (დაბ. 1, 28; 2, 15). ეს შეიძლება ფართო გაგებითაც გავიგოთ: დედამიწა, როგორც სამყაროს შემეცნება; შემეცნება, როგორც კოსმოსური სივრცის კვლევა მთელი მისი ასტროფიზიკური მრავალფეროვნებით, რის შესახებაც ჩვენ სტატიის მეორე ნაწილში ვწერდით (5) (ანუ, ხსენებული ტექსტი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე ალეგორიულად, მისი გაგების ჰერმენევტიკის გაფართოებით თანამედროვე სამეცნიერო მონაცემების მეშვეობით).
  • წმ. ბასილი დიდი „ექვსთა დღეთათვის“ განმარტებაში ამბობს, რომ ღმერთი განგებ უშვებს ბუნდოვანებას წერილში, რომ ადამიანმა, შესწავლის მეთოდით, თავად შეძლოს ღმერთის აზრის გაგება. ამიტომ უშვებს ღმერთი წერილში ბუნდოვანებას (ασάφεια), რადგან ეს ადამიანის გონებისთვის სასარგებლოა, ეს მის საქმიანობას ასტიმულირებს (PG. 30, Col. 128). ანუ, წმინდა მამის თანახმად, წმინდა ტექსტებში არსებული გაუგებრობები და არასრული თქმა ღმერთის პედაგოგიური მოტივებით არის განპირობებული, რაც მკითხველს და ზოგადად ადამიანს ქმნილი სამყაროს შემეცნებისა და კვლევის სტიმულს აძლევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ წერილის ტექსტებში ღმერთის კოსმოლოგიური აზრის ასეთი „ბუნდოვნება“ და თუ შეიძლება ითქვას „დაუსრულებლობა“ მიუთითებს ტექსტის ფარულ ასპექტებზე, რომლებიც ადამიანმა თავად უნდა გახსნას შესწავლის მეთოდითა და თავისი კოგნიტიური, ანუ ევოლუციური ზრდის მეშვეობით.
  • ჩვენ ხშირად ერთ რამეს არ ვითვალისწინებთ მთელ ბიბლიურ კოსმოლოგიურ რეალობაში: ღმერთს აქვს განგება, რომელსაც ჩვენ, ხშირად, ვერ ვიგებთ. ჩვენ, ჩვენი მცირე ანატომიური ორგანოთი, რომელსაც „ტვინი“ ეწოდება, ვერ მოვიცავთ მთელ ამ ღვთაებრივ შემოქმედებით აქტს. ჩვენი ნეიროფიზიოლოგიური რეალობა გონებით ვერ შეწვდება მთელ ქმნილ კოსმოსს (სწორედ, ამისათვის გვჭირდება კომპიუტერები ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, ანუ ხელოვნური, დამხმარე მექანიზმები, რომლებიც, გარკვეულ წილად, დაგვეხმარებიან ამ გარშემოუწერელი კოსმოსური სივრცის მოცვაში). ღმერთს ჩვენთვის არ გაუმხელია სამყაროში თავისი კოსმოგენეზური და აბიოგენეზური საიდუმლოებები. მას სრული უფლება ჰქონდა, რომ ეს ჩვენთვის არ გაეზიარებინა. ჩვენს გონებას არ ძალუძს ფიზიკური სამყაროს მასშტაბების მოცვა. მაშ, როგორ შევძლებთ მეტაფიზიკური ღმერთის განგების შემეცნებას? ამიტომ აძლევს ღმერთი ადამიანს მოძრაობის, პროგრესის, ფარულის და ჯერ კიდევ არაცხადისა და ბუნდოვნის ძებნის სტიმულს.
  • თუ ჩვენ, წმინდა წერილის თანახმად, ვიყავით და ვართ ღმერთის მარადიული იდეა (ეფეს. 1, 4; 2 ტიმ. 1, 9), მაშინ არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ მთელი სამყარო (რომელშიც წარმოვიქმენით და რომლის ფიზიკური ნაწილიც ვართ) და ჰიპოთეტურად არსებული არამიწიერი გონება, ასევე, იყო და არის ღმერთის იდეა მის მარადიულ რეალობაში. აქ ერთი აზრი მეორეს არ ეწინააღმდეგება. თუ იდეა ადამიანის შესახებ პირდაპირ არის გაცხადებული, ეს ავტომატურად არ აუქმებს აზრს, რომ არამიწიერი გონების შესახებ იდეა შეიძლება იმავე წერილში ჰიპოთეტურად იგულისხმებოდეს.
  • ღმერთი შეიძლება სხვა გზებით გამოეცხადოს არამიწიერ ჰიპოთეტურად არსებულ სხვა ცივილიზაციებს. ეს არის მისი ონტოლოგიური ღვთაებრივი თავისუფლება, რომელსაც ამ მეტაფიზიკური პიროვნებისა და მისი ბუნების აბსოლუტურობის დემონსტრირება შეუძლია. ჩვენ ხშირად არ ვუშვებთ ამ აზრს და ეს გვავიწყდება.
  • წმინდა წერილს თავის დროის მიღმიერი აქტუალობა გააჩნია (შეად. ძველი და თანამედროვე ღვთისმეტყველებისა და ბიბლიის მკვლევართა აზრს – წმ. პაპი გრიგოლ დიოლოღოსი, ალან რიჩარდსონი, იოანე კარავიდოპულოს (6)), თუმცა, ის თავისი დაწერის პერიოდის ეპოქალურ ლიტერატურულ და ინტელექტუალურ რეალობასაც ასახავს. ეს უნდა გვახსოვდეს და არ გვავიწყდებოდეს. ამიტომ, წმინდა წერილი გარე ტექსტის მიღმა ვხედავთ მის შინაგან სიმდიდრეს, რომელიც ტექსტის ფართო ჰერმენევტიკის შესაძლებლობას იძლევა მომავალში ეპოქალური გამოწვევებისა და მეცნიერული აღმოჩენებიდან გამომდინარე.
  • წმინდა წერილი თავის თავში არ შეიცავს აზრს მისი დასრულებულობის ან თვითმყოფადობის შესახებ.

ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხის ვარიანტებიდან გამომდინარე: რატომ არ არის ბიბლიაში პირდაპირი მითითებები არამიწიერ გონზე? შეგვიძლია სრული მორალური უფლებით და ლოგიკურად განვაცხადოთ: წმინდა წერილი, როგორც დროის მიღმიერი აქტუალობის მქონე წიგნი, გაცილებით უფრო ღრმა არის თავისი ნარატივით და შიდა ინტუიციით, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება. ამიტომ, ჩვენს წინა გამოთქმას გავიმეორებთ: უცხო, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა არ აუქმებს არც რწმენას, არც ღმერთს, არც წმინდა წერილს. პირიქით, წმინდა წერილი შეიძლება იყოს პასუხი სკეპტიკოსთათვის არამიწიერი გონების და არამიწიერი ბიოლოგიის არსებობის საკითხში: თუ ღმერთს მათი არსებობა ნებავს, მაშინ, ვინ ვართ ჩვენ, რომ ვედავოთ ღმერთს მისი შემოქმედებითი განგების საკითხზე? (შეად. რომ. 9, 20; ესაია. 45, 9). თანამედროვე ღვთისმეტყველებს სრული მორალური უფლება აქვთ და თავისუფალნი არიან, თეორიულად დაუშვან არამიწიერი გონების ჰიპოთეტური არსებობა, რითიც წმინდა წერილის ტექსტს ახალ ჰერმენევტიკულ აზრს შესძენენ, როგორც ეს ყველა ეპოქაში ხდებოდა წინა საუკუნეებში და მომავალშიც მოხდება განვითარებადი კოსმოსური ტექნოლოგიების ფონზე.

ზოგადად, აღსანიშნავია, რომ კოსმოსის ათვისების, მისი შემეცნების და კოსმოსში ფრენის შესახებ აზრი XIX საუკუნის ბოლოს დაიბადა, როგორც უზარმაზარი ფილოსოფიურ-რელიგიური სკოლის ნაწილი, როგორც კაცობრიობის ფიზიკური სრულყოფის იდეა. არამიწიერი გონების ან არამიწიერი ბიოლოგიის აღმოჩენის და მასთან კონტაქტის დამყარების მიზნით ძიებისა და არამიწიერი ფიზიკური რეალობის შემეცნების საფუძველზე კაცობრიობამ კოსმოსში ფრენაზე დაიწყო ფიქრი, რაც, რა თქმა უნდა, სრულყოფისკენ გზაა. თავად აზრიც კი შეუცნობელ და იდუმალის  შესახებ ადამიანს კვლევების სტიმულს აძლევდა. კოსმოსური სივრცის პერმანენტული ინფლაცია ენტროპიის ზრდასთან ერთად (თერმოდინამიკის მეორე კანონი) ყოველ ჯერზე ჰმატებს სამყაროს შეუცნობლობას, რადგან სამყაროს გაფართოების ფონზე მისი შეუცნობლობის/უცნობობის პროცენტიც იმატებს. ჩვენ ვერ გავეკიდებით ჩვენი შემეცნებით გაფართოებად სამყაროს. არადა, მეცნიერების საბოლოო მიზანია ერთიანი თეორიის შექმნა მთელი სამყაროს აღწერისთვის. მაგრამ, შესაძლებელია, რომ სამყაროს სურათის ერთიანი თეორია მივიღოთ მუდმივი ინფლაციის ფონზე? არც კოსმოსი და არც ადამიანი არ არიან სრულყოფილნი. ისინი სრულყოფისკენ ისწრაფვიან და თავის თავში ატარებენ განახლების პოტენციას ლოგოსის რეალური ფიზიკური განკაცების მიერ, რომელიც (ქმნილების განახლება სისავსეში) თავს იჩენს მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში. საბოლოო ჯამში, სამყაროს ბუნებაც ხომ ხრწნადია, ექვემდებარება დაძველებას, ნგრევას, კვდომას, ატომებად გახლეჩას და ა. შ. მაგრამ, მას განახლებისთვის შინაგანი ძალები გააჩნია. როგორ და რის საფუძველზე ხდება ბუნების განახლება? ეს ხდება ქრისტეს ხორცში ბუნებათა პერიქორიზისის საფუძველზე (ბერძნ. περιχώρησις – ურთიერთობა, ურთიერთგანმსჭვალვა): ქმნილ და უქმნელ, მოკვდავ და უკვდავ, ხრწნად და უხრწნად ბუნებათა საფუძველზე. თუმცა, წმ. იოანე დამასკელი წერს, რომ პერიქორიზისი არის ცალმხრივი და ღვთაების მხრიდან მომდინარეობს და არა ხორცის მხრიდან (PG 94, col. 1013). ეს გასაგებიცაა, რადგან აქტუალური, გონიერ-ჰიპოსტასური ბუნება არაჰიპოსტასურ (გარკვეული გაგებით – არააქტუალურ) ადამიანურ ბუნებაში განკაცდება და ამ კინეტიკური აქტის მეშვეობით შეხებაში შედის ქმნილ ფიზიკურ სამყაროსთან. ამის წყალობით განახლების შესაძლებლობა მთელ კოსმოსს ეძლევა. წერილის თანახმად ხომ მთელი ბუნება მონაწილეობს წმინდანთა ნეტარებაში (გამოცხ. 21, 1): „ცა და მიწა“ შეიცვლება, რათა ემსახურონ ნეტარი სასუფევლის მონაწილეთა მარადიულ კურთხევას (იხ. ენოქის წიგნი. 45, 4-5) (7).

სამყაროს კოსმიური სისავსის განსულიერება ან განმღრთობა

ზოგიერთი ღვთისმეტყველის თანხმად, კოსმიური ბუნების სრული განმღრთობა შეუძლებელია, რადგან ჩვენს ბიოლოგიურ რეალობაში არ გაგვაჩნია სამყაროს მთელ მატერიალურ სისავსესთან თანაზიარება და ურთიერთქმედება, ანუ ჩვენ არ ვიცით, რისგან შედგება სამყაროს ნივთიერების 96% და ეს არის ესქატოლოგიურ პერსპექტივაში სამყაროში კოსმიური ბუნების სისავსის სრული განმღრთობის რწმენისათვის დიდი წინაღობა. ჰიპოსტასურმა ლოგოსმა როდესაც ჩვენი სხეული მიიღო, ავტომატურად ხომ ნივთიერების ის დარჩენილი 4%-იც მიიღო (წყალბადი, აზოტი, ნახშირბადი, კალციუმი, რკინა და ა. შ., ანუ ჩვენი მზის თერმობირთვული პროდუქტი და მისი მოლეკულური ნარჩენი ევოლუციური შედეგები), რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და რომლებიც ჩვენს სხეულთან ურთიერთქმედებენ. ასე ფიქრობენ ღვთისმეტყველები, რომლებიც სრული კოსმიური განმღრთობის კრიტიკოსები არიან. რა შეიძლება ვუპასუხოთ ამ არგუმენტს? ნაწილობრივ ჩვენ მას წინა სტატიაში ვუპასუხეთ (8). აქ კი უფრო ვრცლად ვუპასუხეთ ამ კითხვას. ქვემოთ მოვიყვანთ პასუხის ჩვენს ვარიანტებს, რომლებმაც შეიძლება გარკვეული სიცხადე შეიტანონ სამყაროს სრული განმღრთობის საკითხში:

  • როგორც ჩვენი სტატიის მეორე ნაწილში აღვნიშნავთ, სულაც არ მიგვაჩნია აუცილებლად და მით უმეტეს სავალდებულოდ, რომ სამყაროსთან სრული ბუნებრივი იგივეობა ვამტკიცოთ, რადგან ისიც საკმარისია, რომ ქრისტემ მიიღო ჩვენი ქმნილი ფიზიკური ბუნება და ქმნილ კოსმოსთან ნათესაობაში და პირდაპირ შემხებლობაში შევიდა. არ მიგვაჩნია საჭიროდ და მართებულად, რომ ამ საკითხს ასეთი სკრუპულოზობით და პირდაპირი გაგებით მივუდგეთ.. ზოგად-კოსმოსური თეოზისი ადამიამური ბუნების მეშვეობით  ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება. ამას თავად წმინდა წერილი გვიჩვენებს, რადგან გვეუბნება, რომ ჩვენ მოველით „ახალ მიწას და ახალ ცას“ (გამოცხ. 21, 1). ღმერთის სიტყვები მთელ ქმნილ კოსმოსს ეხება, რადგან „აჰა, ვქმნი ყველაფერ ახალს“ (გამოცხ. 21, 5), ყველაფერი ახალი (καινὰ ποιῶ πάντα) კი არის ქმნილი კოსმოსის მთელ სისავსეს აღნიშნავს და ამავე ქმნილი კოსმოსისადმი სიყვარულისთვის – „τὸν κόσμο“ (იოანე. 3, 16) განკაცდა ლოგოსი ამ სამყაროში.
  • ქმნილი კოსმოსური სისავსის განწმენდა/განახლება შესაძლებელია ღვთაებრივი სისავსის საფუძველზე (πλήρωμα) განკაცებული ლოგოსის ქმნილ ხორცში, რაც ქრისტეს ადამიანურ სხეულში მოხდა (კოლ. 1, 19; 2, 9). ქმნილ კოსმოსთან ჩვენი იგივეობის მხოლოდ 4% ვერ იქნება თეოზისის წინაღობა, რადგან ღვთაებრივი რეალობის განკაცებული სისავსის ძალა გამოუთქმელად დიდია.
  • ასტროფიზიკის მონაცემების თანახმად, ჩვენ არ ვიცით, რა ნივთიერებისგან შედგება „ბნელი მატერია“ ან რა არის „ბნელი ენერგია“, მაგრამ განა შეიძლება ამ დროებითი უცოდინრობის (თავის დროზე, მეცნიერება ამ კოსმოლოგიურ საიდუმლოებასაც ამოხსნის) საფუძველზე კოსმოსის სრული განმღრთობის უარყოფა ან იმაზე საუბარი, რომ ქმნილი კოსმოსის მთელ სისავსესთან არ გვაქვს სრული ურთიერთობა? მეცნიერება თანდათან ხსნის სამყაროს საიდუმლოებებს და მას დრო უნდა მივცეთ. და ზოგადად როგორ შეიძლება უარყო ის, რაც არ იცი? თუ ჩვენ არ ვიცით „ბნელი მატერიის“ ონტოლოგია, როგორ შეიძლება, უარვყოფდეთ მის იგივეობრიობას ჩვენს ანთროპულ რეალოაბსთან? მეორეს მხრივ, თუ ზოგიერთი ღვთისმეტყველის ამ კრიტიკულ ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ თუ ჩვენ კოსმოსთან იდენტობის და მის შესახებ ცოდნის მხოლოდ 4% გვაქვს, ამ ლოგიკით, კოსმოსის 4%-ზე აისახა ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგი, ეკლესიის წმინდა მამათა აზრის თანახმად კი ადამიანის დაცემა ტროპოსულად აისახა მთელი ქმნილი კოსმოსის ხარისხზე. რა ვუყოთ ამას?
  • ამიტომ, ზოგიერთი ღვთისმეტყველის ასეთი კრიტიკული ლოგიკიდან გამომდინარე ყველაფერი კარგავს აზრს – კოსმოსის უსასრულობა (სისავსე) არ განიღმრთობა (შეად. გამოცხ. 21, 5), ანუ წმინდა წერილის ეს სიტყვები ქმნილების განღმრთობის შესახებ („ცა და მიწა“) აზრს კარგავენ; სამყაროს უდიდესი ნაწილი აზრისა და მიზნის გარეშე არსებობს, ანუ ესქატოლოგიური რეალობისთვის არ არსებობს. მაგრამ განა ღმერთი ქმნის რაიმეს აზრისა და მიზნის გარეშე? რა თქმა უნდა, არა. სიტყვა „λόγος“ კიდევ აზრსაც ნიშნავს. ღმერთის მთელ ქმნილებაში აზრი დევს და თავად ღმერთი იყო და არის აზრი. თავად ღმერთი იყო ქმნილებაში აზრის საწყისი და ამიტომ, ყველაფერი, რამაც დაიწყო არსებობა, მასში შეიძინა არსებობის აზრი და არ იყო არაფერი, რასაც აზრი არ ჰქონდა (შეად. იოანე. 1, 1-4).
  • როდესაც კოსმიური სამყაროს განმღრთობის სისავსეს უარვყოფთ, უნებლიედ ვუახლოვდებით ადრექრისტიანულ პროგნოსტიკურ სწავლებებს მატერიის შესახებ, რომელთა თანახმადაც მატერია არ განახლდება (არ იცვლის სახეს), რაზედაც მშვენივრად წერს იურგენ მოლთმანი:
  • მთელი ქმნილების სახეცვლილება და აღდგომა არა მხოლოდ ადამიანს ეხება, არამედ ქმნილი სამყაროს სისავსეს. ამის შესახებ წერს ცნობილი გერმანელი ღვთისმეტყველი იუ. მოლთმანი (9). მისი სიტყვები იმდენად გამსჭვალულია რწმენის სულითა და კოსმოლოგიური რეალობის ესქატოლოგიურ პერსპექტივაში ხედვის ჭვრეტით, რომ ამ ღვთისმეტყველის ციტირება აუცილებლად ღირს: „ქრისტიანული ესქატოლოგია კოსმიურ ესქატოლოგიამდე უნდა გავაფართოვოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ცხონების შესახებ გნოსტიკურ სწავლებად გადაიქცევა და გვასწავლის არა სამყაროს ცხონებაზე, არამედ სამყაროსგან თავის დაღწევაზე; არა ხორცის ცხონებაზე, არამედ ხორცის სულისგან გადარჩენაზე. მაგრამ, ადამიანები არ არიან ანგელოზობის კანდიდატები – ანგელოზობისა, რომელთა მამული ზეცაშია და რომლებიც დედამიწაზე თავს უცხოდ გრძნობენ. ადამიანები არიან „ხორციელი და სულიერი“ არსებები. მათი ესქატოლოგიური მომავალი არის მიწიერი და ადამიანური: „მკვდრეთით აღდგომა და მომავალი საუკუნის სიცოცხლე“. ქრისტიანული წარმოდგენით, მხსნელი არის მხოლოდ ღმერთი. ის საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში იქნებოდა, უარი რომ ეთქვა იმ ყოველივეს ცხონებაზე, რაც თავად შექმნა. ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, ერთხელაც იქნება „ყოველივე ყოველივეში“ (1 კორ. 15, 28). მაშინ, რისთვისღა შექმნა მან ეს ყველაფერი? კოსმიური ესქატოლოგია არ გამომდინარეობს რომელიმე „უნივერსალიზმიდან“, არამედ იგი თავად ღმერთზე წარმოდგენიდან გამომდინარეობს. არ არსებობს ორი ღმერთი: შემოქმედი და მხსნელი. ღმერთი ერთია. მისთვის უნდა ვიფიქროთ ცხონებისა და ქმნილების ერთიანობაზე“ (10).

აქ უნდა გავიხსენოთ წმ. მაქსიმე აღმსარებლის აზრი (11). იგი მთელ კოსმიურ განმღრთობას ხედავდა ქმნილებისთვის ლოგოსის განკაცების ერთიანობაში. რა თქმა უნდა, იგი ამ ქმნილებას სისავსეში განიხილავდა. იუ. მოლთმანი აღნიშნავს: „კერძო „ეგზისტენციასა“ და რეალურ „ისტორიას“ შორის განცალკევება, ისევე, როგორც განცალკევება ადამიანურ „ისტორიას“ და ადამიანურ „ბუნებას“ შორის განცალკევება ხელოვნურია და ის დიდხანს ვერ გასტანს. ადამიანური ყოფა არის ხორციელი ყოფა, რომელიც მთელი გრძნობებით უკავშირდება ბუნებრივ სამყაროს და მასზეა დამოკიდებული. ადამიანური ცხოვრება – ბუნებაში მონაწილეობაა. მთელი ცოცხალი სამყარო – დედამიწა, მზის სისტემა, ჩვენი გალაქტიკა და კოსმოსი იმ ჩვენი ადამიანური სამყაროს პირობებს წარმოადგენენ, რომელიც მათ არსებობაშია ჩართული. არ არსებობს რომელიმე სული, რომელიც შეიძლება ხორცისგან გამოვაცალკევოთ ან რაიმე ადამიანობა, რომელიც შეიძლება ცოცხალი ბუნებისგან, დედამიწისგან ან კოსმოსისგან შეიძლება გამოვაცალკევოთ, ამიტომ ადამიანის ცხონება ბუნების ცხონების გარეშე არ არსებობს. კაცობრიობის ცხონება ადამიანობას განეკუთვნება, რომელიც თავისი ყოფით ბუნებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, „ახალი ცის და ახალი მიწის“ გარეშე ადამიანურ ცხონებას ვერ წარმოვიდგენთ. კოსმიური ცხოვრებისეული სახეცვლილების გარეშე ადამიანისთვის მარადიული ცხოვრება შეუძლებელია“ (12). „ქრისტიანული ესქატოლოგიის საფუძველი არის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის გამოცდილება. ამგვარადვე, კოსმიური ესქატოლოგიაც ქრისტეს იმედში თავსდება: საყოველთაო ახალი ქმნილება, რომელსაც მოველით, „ახალი ცა და ახალი მიწა“ სამყაროს სიკვდილისა და აღდგომის წყალობით დადგება“ (13).

ამგვარად, ქმნილი კოსმოსის განმღრთობა არის კოსმიური სისავსის განსულიერება, რაც პირდაპირ აკავშირებს ქმნილებასა და შემოქმედს და მის კენოტიკურ აქტს. ცნობილია, რომ ბერძნული სიტყვა Σωτηρια მომდინარეობს σαος (მთლიანი, უვნებელი) ფუძისგან, რომლის გაგების საფუძველში დევს „განკურნების / გამოჯანმრთელების“, ანუ სიმრთელის (სისავსის) შესახებ წარმოდგენა. განკაცებულ ლოგოსს ზუსტად იმიტომ ეწოდება Σωτήρ (მაცხოვარი), რადგან მას ქმნილი ბუნება სიმრთელეში მოჰყავს. ამ სიმრთელის საფუძველი კი მან თავის თავში დააფუძნა, რითიც ქმნილი და უქმნელი, ხრწნადი და უხრწნელი, სასრული და უსასრულო ონტოლოგიურად დააკავშირა ერთმანეთთან, რათა სასრულისთვის უსასრულობა მიეცა ადამიანისადმი და მთელი ქმნილი კოსმოსისადმი თავისი მარადიული სიყვარულის კეთილი ნიჭით.

_ _ _ _ _

*მოცემული სტატიის პირველი და მეორე ნაწილები იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/ https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva-2/

_ _ _ _ _

  1. Astrotheology: Where Science and Theology Meet ETIeds., Ted Peters, Martinez Hewlett, Joshua Moritz, Robert John Russell. Oregon, 2018. P. 447.
  2. იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/
  3. Хокинг, Стив. Кратчайшая история времени. М., 2021. С. 83.
  4. Зизиулас, Иоанн. Общение как инаковость. Новые очерки о личности и церкви. ББИ, 2012. С. 26.
  5. იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva-2/
  6. იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/
  7. Протоиерей Александр (Смирнов). Мессианские ожидания и верования иудеев около времени Иисуса Христа. СПб., 2010. С. 35.
  8. იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva-2/
  9. Юрген, Мольтман. Пришествие Бога. Христианская эсхатология. М., 2017. С. 371-372.
  10. Юрген, Мольтман. იქვე. с 285.
  11. იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva-2/
  12. Юрген, Мольтман. იქვე. С. 286.
  13. Юрген, Мольтман. იქვე. С. 288

_ _ _ _ _

გამოყენებული ლიტერატურა:

Astrotheology: Where Science and Theology Meet ETI eds., Ted Peters, Martinez Hewlett, Joshua Moritz, Robert John Russell. Oregon, 2018.

Nesteruk, Alexei V. Soldatov, Alexander V. Christian Theology, Extraterrestrial Intelligence and a Hypothesis of Multiple Incarnations // Journal of Siberian Federal University. Humanities & Social Sciences 6 (2019 12). Pp. 1048-1071.

Nesteruk, Аlexei V. The Motive of the Incarnation in Christian Theology Consequences for Modern Cosmology Extraterrestrial Intelligence and a Hypothesis of Multiple  https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/14746700.2018.1525225?journalCode=rtas20

Nesteruk, Alexei V. From Deep Incarnation to Deep Anthropology: Hypostatic Union and the Universe in the Image of Imago Dei From Deep Incarnation to Deep Anthropology Hypostatic Union and the Universe in the Image of Imago Dei  https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/14746700.2022.2155912

Arnould, Jacques (2008). Does Extraterrestrial Intelligent Life Threaten Religion and Philosophy? Theology and Science, 6(4), 439–450. 

Sagan, Carl. The Cosmic Connection: An Extraterrestrial Perspective. New York: Dell, 1973.

Sagan, Carl. COSMOS. NY. 2013.

Moltmann, J. Man. Christian Anthropology in the Conflicts of the Present. London: SPCK. 1974.

Küng, Hans. Eternal Life? New York: Doubleday, 1984.

Richardson, Alan. The Rise of Modern Biblical Scholarship and Recent Discussion of the Authority of the BibleCahiers de Biblia Patristica III. 1963.

წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ https://orthodoxtheology.ge/aramicieri-civilizaciebis-shesaxeb/?fbclid=IwAR0Hq0MFN9JxfF4NKuQayrDNOx4yJEWWTPkT-ducwFp_q5Pi0U4mmLv_c7w

Каравидопулос, Иоанн. Откровенность и богодухновенность Писания: толкование Нового Завета в Православной Церкви // Библия в Церкви. Толкование Нового Завета на Востоке и Западе. 2-ое изд. Москва. Библейско-богословский институт вс. Апостола Андрея. 2011. Сс. 148-157.

Фотий, святитель, Патриарх Константинопольский. Антилатинские сочинения: пер. с древнегреч. [пер. с древнегреч. Афиногенова Д. Е., Кузенкова П. Е.; под ред. Фокина А. Р.]. 3-e изд. Москва: Издательский дом «Познание», 2019.

Хокинг, Стив. Кратчайшая история времени. М., 2021.

Зизиулас, Иоанн. Общение как инаковость. Новые очерки о личности и церкви. ББИ, 2012.

Протоиерей Александр (Смирнов). Мессианские ожидания и верования иудеев около времени Иисуса Христа. СПб., 2010.

Юрген, Мольтман. Пришествие Бога. Христианская эсхатология. М., 2017.

შემოკლებების სია:

PL – J. P. Migne, ed. Patrologiae latinae cursus completus. Paris, 1844-66.

PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66.