ანკარამ თურქეთის მოქალაქეობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს 10 წარმომადგენელს მიანიჭა, მათ შორის 4 მიტროპოლიტს: ემანუილ გალელს(საფრანგეთი), ათენაგორა კიდონიელს, არსენი ავსტრიელს და მაქსიმე სილიბრიელს. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ინტერნეტ გამოცემა – ocl.org
ასევე, მოქალაქეობა მიიღეს კონსტანტინეპოლის სინოდის მთავარმა მდივანმა აქრიმანდრიტმა ბართლომემ, წმინდა სინოდის მდივნის მოადგილემ იოაკიმემ, არქიდიაკონმა ანდრიამ, დიაკონმა თეოდორემ, პროტოსინკლიკოსმა ამბროსიმ და ბიბლიოთეკარმა არქიმანდრიტმა აგაფანგელმა.
ყველა, ვინც მიიღო მოქალაქეობა, მანამდე საბერძნეთის მოქალაქეები იყვნენ. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში არ აზუსტებენ მოუწიათ თუ არა მათ საბერძნეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა.
დღესდღეობით, 35 ეპისკოპოსს და კლერიკოსს აქვს თურქეთის მოქალაქეობა. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს სხვა მაღალ იერარქებს, რომლებიც დაიბადნენ თურქეთის ტერიტორიაზე, მიიღონ მონაწილეობა კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევნებში. დღევანდელი თურქული კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ თურქეთის მოქალაქეს შეუძლია კონსტანტინეპოლის პატრიარქის თანამდებობის დაკავება.
ერთადერთი გამონაკლისი პატრიარქი ათენაგორა იყო, ყოფილი ამერიკის მთავარეპისკოპოსი, რომლის კანდიდატურაც აშშ-მ წარადგინა. ამერიკის პრეზიდენტი ტრუმანი უშუალოდ მონაწილეობდა ამ ამბებში. ათენაგორა ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩაფრინდა თურქეთში. ჩასვლისთანავე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ თვითმფრინავში მიანიჭა მას მოქალაქეობა.
ფანარმა 2009 წელს მიიღო ნებართვა, რომ კონსტანტინეპოლის კლიროსის წარმომადგენლებმა, რომელიც თურქეთში არ დაბადებულან, მიეღოთ ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
ამასთანავე, დადის ხმები, რომ კონსტანტინეპოლის ამჟამინდელი პატრიარქი ბართლომეოსი (რომელიც 74 წლისაა) არის მძიმედ ავად და ანკარაში მოელიან ახალი პატრიარქის არჩევნებს.