კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო საპატრიარქო ტაძრის პირველიერარქი მთავარეპისკოპოსი ბართლომე I გამოთქვამს პროტესტს თურქეთის მთავრობისადმი, წმინდა სოფიის ტაძრის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. ჩვენ გვსურს რომ ტაძრის სტატუსი შენარჩუნდეს; რაკი აქციეს ის მუზეუმად, დაე დარჩეს მუზეუმად – ბრძანებს პატრიარქი ბართლომე. მე ვიყავი ტრაპზონში მდებარე მონასტერში პანაღია სუმელა, სადაც საღმრთო ლიტურღია აღვასრულე და ვეწვიე იქვე მდებარე წმინდა სოფიის ეკლესიასაც. სწორედ მაშინ ვუპასუხე ჟურნალისტთა კითხვას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე,
სადაც ვთქვი, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ეს ტაძარი მუზეუმად დარჩებოდა, რადგან ამ შემთვევაში მისი ნახვის საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. რაც შეეხება სტამბულში მდებარე წმინდა სოფიის ტაძარს, ის ათასზე მეტი წელი იყო მოქმედი ქრისტიანული ტაძარი. თუკი იქ უნდა აღესრულოს ღვთისმსახურება, დაე ეს ქრისტიანული მსახურება იყოს, რადგან ის აშენდა როგორც ქრისტიანული ტაძარი და არა როგორც მეჩეთი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ წმინდა სოფიის ტაძარი მუზეუმად დარჩეს – ბრძანა დასასრულს პატრიარქმა.
წმინდა სოფიის ტაძარი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I ის მმართველობის პერიოდში 537 წელს აიგო, გადაკეთდა მეჩეთად კონსტანტინოპოლის დაცემის დროს, 1453 წელს. 1935 წელს მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეყვანილი.











