
ლეონიდე ებრალიძე
ვახტანგ VI-ის სტამბაში 1710 წლის პირველნაბეჭდი ქართული კონდაკი პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიას ასათაურებს როგორც: „საღმრთო წირვა სიწმიდის განახლებისა, წმიდისა მამისა ჩვენისა დიდისა გრიგოლისა“1. ვახტანგისეული კონდაკიდან მოყოლებული, რომის პაპი გრიგოლ დიდი (540-604), რომელიც აღმოსავლეთში „დიოლოღოსის“ სახელით არის ცნობილი, გვხვდება უკლებლივ ყველა ბეჭდურ გამოცემაში, რომელიც პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიასთან არის დაკავშირებული.
მართალია, 1824 წელს, მოსკოვში დაბეჭდილ კოდაკში, წირვა სახელდებულია, როგორც მხოლოდ „საღმრთო მსახურება პირველშეწირულისა“2, ავტორის გარეშე, მაგრამ იმავდორულად ავტორობაზე მიანიშნებს, ერთი მხრივ, წინა გვერდზე მოთავსებული გრავიურა გრიგოლ დიდის გამოსახულებით, მეორე მხრივ კი ჩამოლოცვა, რომელიც მეოხად უხმობს: „წმიდათა შორის მამასა ჩვენსა, გრიგოლ დიოლოღოსს“3. იგივე ითქმის 1899 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაბეჭდილ კონდაკზეც4.
1908 წელს, ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, დეკანოზების, კორნელი კეკელიძისა და კალისტრატე ცინცაძის რედაქტორობით გამოცემული სამღვდელთმთავრო კონდაკში (რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქართულ საღვთისმსახურო წიგნთა შორის ყველაზე გამართულ ტექსტად), ლიტურგია სახელდებულია როგორც „წესი საღმრთოჲსა ლიტურღიისა პირველ-შეწირულთა ძღუენთაჲსა“5. აქაც, ჩამოლოცვა იხსენიებს „წმიდათა შორის მამასა ჩვენსა გრიგოლ ჰრომთა პაპსა“, წირვის დასასრულს კი გრიგოლ დიდის ტროპარ-კონდაკიც აქვს დართული6.
როგორც ვხედვათ, პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიის ასოცირება გრიგოლ დიდის სახელთან ფართოდ არის გავრცელებული ქართულ ბეჭდურ საღვთისმსახურო წიგნებში.
სლავური საღვთისმსახურო წიგნების დიდი ნაწილი იმეორებს 1824 წლის მოსკოვური ქართული კონდაკის პრინციპს: გრიგოლ დიდი მოიხსენიება არა სათაურში, არამედ ჩამოლოცვაში7. ხოლო რაც შეეხება ბერძნულ საღვთისმსახურო წიგნებს, მათ უმრავლესობაში ამოღებულია დიოლოღოსის ხსენება, როგორც სათაურიდან, ასევე ჩამოლოცვიდანაც, რისი მაგალითიც 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული იერატიკონია8.
რასთან გვაქვს საქმე?
ბურუსით მოცული ატრიბუციის საკითხი რამდენიმე წლის წინ საფუძვლიანად შეისწავლეს სტეფანო პარენტიმ9 და სტეფანოს ალექსოპულოსმა10, მანამდე კი მოკლე სტატიაში მიხეილ ჟელტოვმა11. ჩვენი წერილის მიზანიც სწორედ ხსენებული კოლეგების რამდენიმე დაკვირვების გაზიარებაა.
ძველ ქართულ ევქოლოგიურ წყაროებში პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია მოიხსენიება როგორც: „წესი განახლებისა“ და ორი ძირითადი რედაქციით მოგვეპოვება: პირველი მათგანი ასახავს პალესტინურ (იერუსალიმურ), მეორე კი ბიზანტიურ (კონსტანტინოპოლურ) ლიტურგიულ ტრადიციას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა, Sin.Geo.O.89, სტეფანე დვალის მიერ გეთსამანიაში გადაწერილი XII საუკუნის ქართული ლიტურგიკონი სინის მთიდან12.
ლიტურგიკონი, ბასილი დიდისა (1r-45v)13 და იოანე ოქროპირის (46r-69v)14 ჟამისწირვების შემდეგ შეიცავს ორი „სიწმიდის განახლების“ წესს:
„ჟამისწირვაჲ მარხვათა განახლებაჲ თქმული წმიდისა ბასილისი“ (71r-86v)
„წესი სიწმიდისა განახლებისაჲ წმიდისა მოციქულისა იაკობისი“ (88r-93v)
რამდენადაც ჩვენი ინტერესის საგანი არ არის პალესტინური ტრადიციის მიმოხილვა, რომელიც გარდა ხსენებული ხელნაწერისა, შესულია ასევე მიხეილ თარხნიშვილის მიერ გამოცემული გრაცის ქართული ხელნაწერის შემადგენლობაში15, მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლებით, რომ პალესტინური ლიტურგიული ტრადიციის კონტექსტში, სადაც ძირითადი ევქარისტიული ფორმულარი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, მოციქულ იაკობს მიეწრება, ბუნებრივია სიწმიდის განახლების წესის მისთვისვე ატრიბუციაც.
რაც შეეხება ბიზანტიურ ლიტურგიულ ტრადიციას, როგორც ვნახეთ, Sin.Geo.O.89 და სხვა უადრესი ქართული წყაროები პირველშეწირულ ძღვენთა მსახურებას მიაწერენ კესარიის მთავარეპისკოპოს ბასილის16. საინტერესოა, რომ ზოგადად, ბიზანტიური ლიტურგიების კონტექსტში, Sin.Geo.O.89 კურთხევანთა შორის უადრესია ატრიბუციის თვალსაზრისით, რადგანაც ყველა ადრეულ ბერძნულ ხელნაწერში, დაწყებული VIII საუკუნის ბარბერინის ევქოლოგიონიდან (Barb.Gr.33617), ვიდრე XII საუკუნის მიწურულამდე, ხსენებული ლიტურგია ავტორობის გარეშეა მოცემული.
ბერძნულ ევქოლოგიონებში XII-XIII საუკუნის მიჯნაზე ჩნდება მითითებები ლიტურგიის ავტორებზე: უპირველეს ყოვლისა გერმანე კონსტანტინოპოლელსა და ბასილი დიდზე, მოგვიანებით, XIV საუკუნიდან ეტაბორივად იზრდება ავტორობაზე „პრეტენდენტების“ რიცხვი და მოიცავს ათანასე ალექსანდრიელს, ეპიფანე სალამინელს, პაპ აგათონს, გრიგოლ ნაზიანზელს და სულ ბოლოს გრიგოლ დიდს.
ევქოლოგიურ წყაროებში ამ დამაბნეველ მრავალფეროვნებას შესანიშნავად გადმოსცემს XVI საუკუნის ერთი სლავური ხელნაწერის ზედწარწერა (БАН. 21.4.13): „განგება საღმრთო მსახურებისა პირველშეწირულთა, წმინდისა ღირსისა მამისა ჩვენისა ეპიფანე კვიპრელ მღვდელმთავარისა. სხვანი მიიჩნევენ მის შემქნელად აგათონ რომის პაპს. მთაწმინდელნი კი მიიჩნევენ მის შემქნელად გრიგოლ რომის პაპს“.
მართლაც, უადრეს ხელნაწერებს შორის, რომლებიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდებიან და გრიგოლ დიოლოღოსს იხსენიებენ ლიტურგიის ავტორად, განსაკუთრებულ როლს სწორედ ათონური ხელნაწერები ასრულებენ, როგორიცაა Dyonis. 469, Kutlum. 341 და სხვ. თუმცა, რამდენიმე ათეული წლით ადრეული სინური ხელნაწერი, Sin.gr. 1109-ც მის ავტორად გრიგოლს პაპს მოიხსენიებს.
რაც შეეხება არაევქოლოგიურ წყაროებს, აქ ავტორების ქრონოლოგიური დიაპაზონი კიდევ უფრო იზრდება. უპირველეს ყოვლისა, უძველეს ატრიბუციებს შორის არის ბასილი დიდი. მაგალითად, XI საუკუნეში ნიკიტა სტითატი მას სწორედ ბასილი დიდის კალამს მიაწერდა18. ამავე საუკუნის ბიზანტიური ლიტურგიული კომენტარი „პროთეორია“ თოდორე / ნიკოლოზ ანდიდელებისა გადმოგვცემს: „ზოგი მას იაკობ მოციქულის ქნილებად მიიჩნევს, სხვები პეტრე მოციქულისა… სხვანი კი სხვა ავტორებს ასახელებენ“19. XV საუკუნეშიც კი, სვიმეონ თესალონიკლეს უჭირს ავტორის დასახელება და ზოგადი ტენდენციის კვალობაზე აცხადებს, რომ პირველშეწირული ძღვენის ლიტურგია უეჭველად სამოციქულო წარმოშობისაა20.
როგორც ვხედავთ, ლიტურგიული და ასევე არალიტურგიული წყაროები (რომელთაგანაც მხოლოდ მცირე ნაწილი დავიმოწმეთ), ერთსულოვანნი არიან ორ საკითხში: არ არსებობს ერთი და მკაფიო აზრი პირველშეწირულ ძღვენთა ლიტირგიის ავტორობის შესახებ; გრიგოლ დიოლოღოსის სახელი კი ამ ლიტურგიას მხოლოდ XV საუკუნიდან მოყოლებული ებმის.
როგორ დაუკავშირდა რომის პაპის სახელი ბიზანტიურ ლიტურგიას?
ჟელტოვის აზრით, საქმე გვაქვს „პეტრეს ლიტურგიის“ სახელით ცნობილი21 რომაული კანონის ბერძნულ თარგმანთან. ზოგიერთ ათონურ თარგმანში ხსენებული წესი გრიგოლ დიოლოღოსის სახელით არის შესული. მას შემდეგ კი რაც რომაული კანონით ექვარისტიის შესრულება დავიწყებას მიეცა, ამ ხელნაწერთა მეშვეობით სახელი უნდა გადასცემოდა, ბასილისა და ოქროპირის შემდეგ „უსახელოდ“ დარჩენილ მესამე – პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიას.
ალექსოპულოსი ატრიბუციის საფუძვლებს ბერძნულ-ლათინურ კონტროვერსიაში ხედავს: რომის ეკლესიაში დღემდე არსებობს პრაქტიკა დიდი პარასკევის არა-ლიტურგიულ დღედ შენახვისა და ამ დღეს წინასწარ კურთხეული ძღვენით ზიარებისა. რადგანაც ზოგიერთ ძველ რომაულ საკრამენტარიუმში (კურთხევანი) ეს წესი გრიგოლ დიდის სახელს უკავშირდება, ბერძნებს ლათინებთან დისპუტის ფარგლებში სწორედ მისთვის უნდა მიაწერათ დიდი მარხვის არა-ლიტურგიულ დღეების სიწმინდის განახლების ლიტურგიაც.
პარენტის აზრით კი ლეგენდის საფუძველი კონსტანტინოპოლური სინაქსარების გვიანდელი ინტერპოლაციაა, სადაც პაპი გრიგოლი მოიხსენიება რომში სიწმიდის განახლების წესის დამამკვიდრებლად. მკვლევარის შენიშვნით, ეს ცნობა, გარდა იმისა, რომ გვაინდელი ბერძნული სვინაქსარების მიერ ადრეული ცნობების სახეცვლილებაა, თავად რომის ეკლესიასთან მიმართებაშიც, ისტორიულად გაუმართლებელია.
მართლაც, უადრეს კონსტანტინოპოლურ სინაქსარებში, მათ შორის გიორგი მთაწმინდელისეულ ქართულ თარგმანში, გრიგოლ დიდის შესახებ სრულიად საპირისპირო ინფორმაციაა მითითებული, რომ მან არა თუ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, არამედ მარხვის დღეებში ევქარისტიული ლიტურგია დაამკვიდრა რომში: „ხოლო ამასცა იტყჳან, ვითარმედ სრულისა ჟამისწირვისა აღსრულებაჲ წმიდათა დღეთა მარხვისათა ამან განუწესა ჰრომთა, რომელი-იგი ვიდრე აქამომდე უპყრიათ მათ“22.
მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდური წიგნების წყალობით „კანონად“ ქცეული ლეგენდის წარმომავლობის შესახებ მოსაზრებები განსხვავებულია, თავად ფაქტი, რომ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიის გრიგოლ დიდისადმი ატრიბიუციის ისტორიულობის მტკიცება შეუძლებელია, ყველას მიერ გაზიარებულია.
1 კონდაკი, თბილისი 1710, 159.
2 კონდაკი, მოსკოვი 1824, 287.
3 იქვე, 322.
4 კონდაკი, თბილისი 1889, 271-313.
5 სამღვდელთმთავრო კონდაკი, თბილისი 1908, 136.
6 იქვე, 158-159.
7 М. Желтов, “Литургия Преждеосвященных Даров”, Православная энциклопедия 41, Москва 2016, 263-278.
8 Ιερατικόν, Εκδοσις Οικουμενικού Πατριαρχείου 2020, 311-344.
9 S. Parenti, S. PARENTI, “L’attribuzione a S. Gregorio “Dialogos” papa di Roma della Liturgia bizantina dei Doni Presantificati”, Id. A Oriente e Occidente di Costantinopoli. Temi e problemi liturgici di ieri e di oggi, Città del Vaticano 2010, 75-87.
10 S. Alexopoulos, The presanctified liturgy in the Byzantine rite. A comparative analysis of its origins, evolution, and structural components, Leuven 2009, 47-55.
11 М. Желтов, “Римский папа – автор византийской литургии? К вопросу об авторстве литургии Преждеосвященных Даров”, Византийский временник (2004), 64 (89), 61-63.
12 ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, III, თბილისი 1987, 201-202. Н. Марр, Описание грузинских рукописей Синайского монастыря, Москва, 1940, 250-251.
13 ტექსტისთვის იხ. ნ. ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, თბილისი 1992, 277-297.
14 ტექსტისთვის იხ. A. Jacob, “Une Version géorgienne inédite de la liturgie de Saint Jean Chrysostome,” Le Muséon 77 (1964), 65-119.
15 ტექსტისთვის იხ. M. Tarchnišvili, Liturgiae ibericae Antiquiores, CSCO 122 / Iber 1 / Vol. I, Louvain 1959., 93-101
16 ნ. ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა…,140.
17 S.Parenti, E.Velkovska, eds. L’eucologio Barberini gr. 336, Roma 2000, 83-87.
18 PG 120, 1019.
19 PG 140, 460.
20 PG 155, 904.
21 ქართული თარგმანისთვის იხ. M. Tarchnišvili, Liturgiae ibericae Antiquiores, 84-92.
22 მ.დოლაქიძე, დ. ჩიტუნაშვილი, დიდი სჳნაქსარი: გიორგი მთაწმინდელი, თბილისი 2017, 187.










