ვფიქრობთ, მკითხველისთვის ცხადი გახდება, რომ ესოდენ თავდადებული სასულიერო პირის კრიტიკული წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც ეს XX საუკუნის დასაწყისში იყო.
მღვდელ ილარიონ ჯაშის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ამ “სულით და ნაყოფიერებით მდიდარი ადამიანის” დავიწყების გამო სინანულით წერს 1917 წლის ჟურნალი “სვეტიცხოველი”-ც. მღვდელი ილარიონ ჯაში მსახურობდა თბილისში ამაღლების ტაძარში. 1904-1907 წლებში იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკაფელიის აღდეგნისათვის. იგი ესწრებოდა ავტოკეფალისტთა ყველა კრებას და შეხვედრას. მისი მონდომებით და მოხერხებით 1905-1906 წლებში გავრცელდა წმ.ნინოს ჯვრიანი ბეჭდით შემოწმებული პროკლამაციები. ილარიონ ჯაში იყო ასევე გაზეთ “სიტყვის” ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელსაც ეგზარქოსი ნიკონი “სინოდისთვის გამზადებულ ჯოჯოხეთის მანქანას” უწოდებდა. მთავრობამ ი.ჯაში მისი “სითამამისათვის” თბილისიდან გადაასახლა ჯერ ბაქოს გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში, მოგვიანებით კი რუსეთის სხვა უფრო შორეულ პროვინციაში. ილარიონ ჯაში, რომელმაც ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს “უშიშრად შესწირა კარგი ადგილი, მშვენივრად მორთული კარ-მიდამო, იშვიათი ცოლ-შვილი და ყოველივე პირადული”, გარდაიცვალა 1911 წელს რუსეთში. ის თავად ვეღარ მოესწრო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიიის აღდგენას.
ფოტოს მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ნინო ჯაშს.
ავტორი: მ ღ ვ დ ე ლ ი ილარიონ ჯაში
(1905 წლის 15 ნოემბერი)
რომ მღვდელსა და ერს შორის, განსაკუთრებით მღვდელსა და ინტელიგენციას შორის განცალკავებამ მიაღწია უკიდურეს საზღვრამდის, ეს ყველასთვის ცხადია, ამას აღიარებს თვით სამღვდელოება. აწინდელი მწყემსი არ გრძნობს თავს „სამწყსოსთან“ ერთად, უკანასკნელიც არ სცნობს, მწყემსს თავის ხელმძღვანელად, სულიერ მამად, უყურებს მას, როგორც ცხოვრების ახალი მიმართულების მტერს და შორს გაურბის.
ამ ტყუილად. „სენმა“ აქაც მაგრად მოიკიდა ფეხი. საუკეთესო ძალებმა მღვდლობას სხვა სარბიელზე მოქმედება ამჯობინა, სულიერს მამებად-კი წავიდნენ უმეტესად გონება განუვითრებელნი და ზნეობის მხრით არც თუ მაგდენად საქებნი. ან კი შეუძლიან ჩვენს სასულიერო სკოლას აღზარდოს ნამდვილი მოძღვარი?! სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს სკოლები დამყარებულია ისტორიაზე, წარსულზე. იგი არის თეორიული, იქ მოწაფეებს აძლევენ, გადასცემენ მშრალს, უსიცოცხლო, სხოლასტიკურს ცოდნას! იქ აცნობებენ კლასიკურს იდეალებს და ყურადღებას არ აქცევენ სახალხო თანამედროვე იდეალებს – ხალხის ნამდვილს ცხოვრებას, მის აუცილებელს საჭიროებას და არსებითს ინტერესებს. ამისთვის. საკვირველი არ არის, რომ ათი-თორმეტი წლის სწავლის შემდეგ ამ სკოლაში ნამოწაფარი, როდესაც მღვდლის ხარისხით ხვდება პირის-პირ ხალხს, ვერც კი ახერხებს მასთან დალაგებულს ლაპარაკს. მღვდელი გრძნობს, რომ იგი არ არის მომზადებული ამ საქმისათვის, რომელიც იტვირთა და იკეტება თავის სახლში. მის წირვა-ლოცვას, წესების ასრულებას, მრევლთან საუბარს აქვს ოფიციალური ხასიათი. მრევლიც, რასაკვირველია, ხედავს ამას და შორს გაურბის თავის მოძღვარს. სიმართლე მოითხოვს ვთქვათ, რომ ამ სკოლაში ჩვენს ერს აღეზარდნენ თუ ბევრი არა, ცოტა მაინც ისეთი მოღვაწეც, რომელთაც სახელი გაითქვეს ხალხში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. სამწუხაროდ, ასეთ მოღვაწეთა რიცხვი მცირეა.4. მღვდელი არის ქრისტეს სწავლის წარმომადგენელი. ამისთვის ის მოვალეა, დაეხმაროს ტანჯულთ და გაჭირვებულთ, ამოიღოს ხმა, როდესაც ხედავს უსამართლობას. ძველად უმეტნაკლებოდ ესე სჩადიოდნენ მღვდლები. შემდეგში მათ დაივიწყეს ეს წმინდა მცნება, თვალი მოარიდეს უსამართლობას და გულგრილად დაუწყეს ცქერა ხალხთა შორის არა სასურველს დამოკიდებულებას და ცხოვრებას. რა იგრძნეს თავიანთი სისუსტე, იგინი, როგორც ზევით ვთქვით, მიუდგენენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და მათ სასარგებლოდ დაიწყეს მოთმინებაზე ქადაგება. ამის საბადლოდ იგინი პირდებოდნენ ნეტარ ცხოვრებას საიქიოს და თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად უთითებდნენ საღმრთო წერილის იმ ადგილებზედ, სადაც საუბარია მოთმინებისა და თავისი სვე-ბედით კმაყოფილების შესახებ. იმ სიტყვებს-კი, სადაცაა მოძმეთათვის თავის დადების შესახებ, თითქოს განძრახ ხელს აფარებდნენ, რომ არ დაეკარგა თავისი წოდებრივი მდგომარეობა. სამღვდელოება ხალხის ინტერესთათვის მებრძოლთ არ თანაუგრძნობდა დაბეჩავებული ხალხის შავი დღის გასაუმჯობესებლად ხმის ამოღებაში და თვითონ ამ საკითხის გამოსარკვევად მაინცა და მაინც ბევრი არა გაუკეთებია რა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთთა ლიტონს და თბილს სიტყვებს.
5. მოძღვრები ამბობენ, რომ იგინი არიან შუამდგომელნი ღვთისა და ერის შუა, საიდუმლოების აღმსულებელნი, უმაღლესი სწავლის მქადაგებელნი. ამისთვის ისინი მოვალენი არიან, იყვნენ შემკულნი ქრისტეს სათნოებით, მოშორებულნი ყოველს ბოროტებას, თავიანთი ზნეობრივის ცხოვრებით და საქმით ერისთვის სამაგალითონი. მაგრამ ხალხი ამისთანა ღირსებებს ვერ ხედავს მწყემსებში, პირიქით, ეს უკანასკნელნი აღსავსენი არიან იმავე ნაკლულევანებით, რითაც მდაბიო ხალხი. მღვდელიც სწორედ ისევე, თუ მეტად არა, ფიქრობს ნივთიერი კმაყოფილების, სამსახურში ამაღლების, ჯილდოების მიღების, დროების გატარების შესახებ, როგორც ერის კაცი. მოძღვართა შორის სუფევს ისეთივე მტრობა, შურისძიება, განხეთქილება, თუ მეტი არა, როგორც ერის კაცთა შორის, როგორც ეს უკანასკნელნი, ისე პირველნი ზრუნავენ ამა სოფლისათვის; იშენებენ ორ-სამ სართულიანს სახლებს, სდგამენ ოთახებში ძვირფასს ავეჯს, მართავენ ტელეფონებს (ქალაქებში), იდგამენ როიალებს და სხვ. სამწყსომ გაახილა თვალი და დაინახა რომ მათ მწყემსების სიტყვა და საქმე ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან…
აი მოკლედ ის უმთავრესი მიზეზები, რომელთაც აღმართეს მღვდელსა და
ერს შორის გაუვალი კედელი. რით შეიძლება ამ კედლის დაქცევა, რომ
დამყარდეს მწყემსა და ერს შორის ჩვენის ქვეყნის წარმატების
მოტრფიალეთათვის ესოდენ სასურველი ნამდვილი გულითადი ერთობა?
ამის პასუხი სხვა დროისათვის გადავდოთ.
“საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მაცნე”-ს დამატება (რუს.), 1905,
#21-22, 15 ნოემბერი











