პატრიარქი ირინეოსი (იერუსალიმის ეკლესიის მეთაური 2001 – 2005 წწ.ში) რამდენიმე თვის წინ „დავითის კარიბჭის“ გარეთ (საუბარია უწმიდეს ირინეოსის პატრიარქობის პერიოდზე – ს.ფ.)  , ძველ იერუსალიმში, ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა მოეწყო, რომლის ძირითადი იდეა იყო „თანაარსებობა“. ჩვენზე ნამდვილად განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთი ხელოვანის ქმნილებამ, მისი „მესიჯის“ სიმარტივემ და ძალამ: მან დიდ თეთრ დაფაზე უბრალოდ დაწერა სიტყვა „თანაარსებობა“ იმგვარად, როგორც ქვემოთ არის წარმოდგენილი…

მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენამდე. წამში ყოველგვარი თავდაჯერებულობა ქაღალდის კოშკებივით გაცამტვერდა, დაიმსხვრა, თან გაიყოლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამერიკული ოცნებით ნარცისული ქაღალდი. მილიონობით შოკირებული მოქალაქე, რომელმაც ამ მომენტამდე არც კი იცოდა, სად მდებარეობდა ავღანეთი, რომელსაც უჭირდა სიტყვების: „ალ-ქაიდა“, „ალ-გამაა“, „ალ-ისლამია“, „ჰარაქათ ალ-მუჯაჰედით“ და ა.შ. გამოთქმა, მოულოდნელად იძულებული გახდა გადაეწყვიტა, არის თუ არა ისლამური ფუნდამენტალიზმი დასავლური ცხოვრების წესისა და უსაფრთხოების ახალი მტერი…

არაფერს ვიტყვი ამდენი ადამიანის სიცოცხლის დანაკარგსა და მათ ოჯახებში ამ ტრაგედიის ხილულ და უხილავ კვალზე და ვისაუბრებ იმ განსაკუთრებით საშიში ფენომენის შესახებ, რომლის სათავეს დანაშაულის მოთავეები. ისლამის „დემონიზაცია“ და მთელი მუსლიმანური სამყაროს კოლექტიური დადანაშაულება მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც დასავლეთს ნამდვილად არ სურს.

კაცობრიობამ უკვე გადაიხადა მძიმე სისხლიანი საფასური მასობრივი დისკრიმინაციის, დევნის ისეთი ზოგადი ხასიათის კატეგორიების გამო, როგორიცაა რელიგია, კანის ფერი, ეროვნული კუთვნილება, ეთნიკური წარმომავლობა, ენა…

ებრაელების, ბერძნების, სომხების ჰოლოკოსტი და ახლანდელი ტრაგედია ბალკანეთში არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, რასაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნეში. ყოველ ერს, ყოველი ეროვნების ადამიანს მთელ მსოფლიოში უფლება აქვს, იცხოვროს მშვიდად და თავისუფლად.

ისლამისა და არაბების ტერორიზმთან სისტემატურად უსამართლო და არაისტორიული გაიგივება შედეგად მოიტანს უფრო დიდ დაპირისპირებას, რასაც, რა თქმა უნდა, მეტი ძალადობა, სისხლი და სიკვდილი მოჰყვება.

ისლამი არ არის მხოლოდ ოსამა ბინ ლადენი. ის არის აგრეთვე ავეროესი (იბნ რუშდი), რომელმაც დასავლეთის ქრისტიანულ შუასაუკუნეებში „წმინდა“ ინკვიზიციისაგან შეშინებულ ევროპელებს გააცნო არისტოტელური იდეები. ისლამი არ არის მხოლოდ არაბული უნივერსიტეტები, საიდანაც გამოვიდნენ ომარ ხაიმი, ალ-ხორეზმი და აბუ ალ-უაფა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალგებრასა და თანამედროვე მათემატიკას, როგორც მეცნიერებას…

ასევე არ არის ქრისტიანობა მხოლოდ, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საერთოდ არ არის ბნელი საუკუნეების ბარამბოს ჯვაროსანთა ბრბო, რომელიც რწმენისა და ქრისტეს სახელით სისხლს ღვრიდა წმინდა მიწაზე.

ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ფაქტს, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი სიღატაკის, შიშის და შეშლილობის ზღვარზე დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ან უფლებების მოთხოვნის საბაბით. შეუძლებელია იმის ატანა, რომ ხარ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ასეთი დარღვევის მოწმე. ამა ქვეყნის ძლიერნი არ უნდა დუმდნენ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების გამო.

ადამიანთა შორის ყოველი კონფლიქტისთვის არსებობს ერთადერთი ქმედითუნარიანი გამოსავალი: დიალოგი და ურთიერთშერიგება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ბედნიერი და იმედის მომცემი მომავლის შესაქმნელად მთელი კაცობრიობისათვის არსებობს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა – ეს არის მშვიდობა მთელს დედამიწაზე. იერუსალიმის ეკლესია გადარჩა და ვითარდება 19 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მმართველთა ხელისუფლების ქვეშ. მმართველები მოდიან და მიდიან, ჩვენ კი ისევ აქ ვართ… ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ურთიერთგაგება, ურთიერთშერიგება და ტოლერანტობა არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ნამდვილად ეფექტური „რეცეპტი“. იერუსალიმს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქს, შეუძლია იარსებოს და განვითარდეს მხოლოდ როგორც ერთიან და განუყოფელ ქალაქს მშვიდობიან და წყნარ ატმოსფეროში. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ ბედიერების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად წმინდა მიწაზე და ისეთი დაცული გარემოს შექმნისათვის, რომელშიც შევძლებთ ცხოვრებას. ამისთვის კი არ არსებობს სხვა გზა გარდა მშვიდობის დამყარებისა.

ისლამთან ცამეტი საუკუნისა და იუდაიზმთან ოცი საუკუნის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობაში მყოფთ, მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი გამოცდილებიდან ბევრი რამ შეგვიძლია გაუზიაროთ ხალხს და მსოფლიო ლიდერებს. გვწამს, რომ სამი მონოთეისტური რელიგიის თანაარსებობას, რაც იერუსალიმის ყოველდღიური რეალობაა, ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს საერთაშორისო გაერთიანებას მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს განსაზღვროს მეტ-ნაკლებად ექსტრემისტული და ფანატიკური მოქმედებებისათვის ნიადაგის შემამზადებელი მოვლენების ხასიათი და თავისებურებები.

ჩვენ გვაქვს ის პრივილეგია, რომ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ერთადერთნი ვართ, ვისაც არასოდეს დაგვიჭერია მხარი ძალადობისათვის, რასიზმის, დისკრიმინაციისა და საზოგადოებისაგან მოკვეთისათვის. ჩვენ მოვედით დღეს ამ წმინდა მიწაზე, ადგილზე, სადაც ღვთის განკაცებული სიტყვა, ჩვენი უფალი იესო ქრისტე იშვა, ცხოვრობდა, ევნო და აღდგა. ახლა ეს ადგილი ნაგლეჯებად იყოფა ომის, ძალადობის, ფანატიზმისა და ადამიანური ტკივილის გამო. და ჩვენ პროტესტის ხმას ვიმაღლებთ ადამიანური არსებობის უსამართლო და უგუნური განადგურების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმაღლებთ ხმას, რომ ვთხოვოთ ამა ქვეყნის ძლიერთ, ამ მიწის ყველა ლიდერს და ვუთხრათ: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სისხლისღვრა, რასაც შედეგად, უმეტესწილად, უდანაშაულო და დაუცველი ხალხის ტკივილი, სასოწარკვეთა და სიკვდილი მოაქვს!“

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი გეოპოლიტიური შეხედულებები და ინტერესები „ტერორისა და სისხლისღვრის სტრატეგიის“ გამოყენებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ომი, დაიწყოს მოლაპარაკება, რათა ამ ტანჯული ხალხების თანაარსებობისათვის იპოვოს საბოლოო და ქმედითუნარიანი მშვიდობიანი გადაწყვეტილება.

ყოველი ჩვენგანის, ვისაც სწამს სიყვარულის ღმერთის, როგორც სამყაროს წარმომშობი მიზეზის არსებობა, ვალია, დაიცვას სამყარო მათგან, ვინც ავრცელებს ძალადობას, ხდება მიზეზი ადამიანების დასახიჩრებისა და ნგრევის, ღმერთის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და მათი საკუთარი ეროვნული უფლებების სახელით.

ყოველი ჩვენგანი, ვისაც სჯერა, რომ ადამიანებს აქვს უფლება, ემსახურონ ღმერთს, სადაც მათ მოესურვებათ და როგორც მათ სწამთ, შეზღუდვების, გამონაკლისის გარეშე და რასობრივი განსხვავებულობის მიუხედავად; ვისაც სწამს, რომ ადამიანებს აქვთ თანასწორი უფლებები; სჯერა, რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ მშვიდად და შექმნან უკეთესი სამყარო, მოვალეა, აუწყოს ჩვენს სამწყსოს ჭეშმარიტება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ძალადობას.

ყოველი ჩვენგანისთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთისადმი ადამიანის სიყვარულის არის კაცობრიობის მზიანი, აღთქმული ხვალინდელი დღის იმედი და ხედვა; და ბოლოს, მათთვის, ვისაც სწამს, რომ ადამიანს შეუძლია იარსებოს მხოლოდ ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში, წმინდა მოვალეობაა განვაცხადოთ ყველანაირად, ყველა ენაზე და ყველა ტონალობაზე, რომ ტერორიზმი და ძალადობა არასოდეს ყოფილა ხალხებს შორის ნებისმიერი ხალხის განსხვავების დაძლევის საშუალება.

ჩვენი მხრივ, გვსურს და მზად ვართ გამოვიჩინოთ ყოველგვარი ინიციატივა იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ არსებული კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი.

ჩვენ ვლოცულობთ წმინდა მიწაზე იმედის დაბრუნებისათვის.

ყველამ ერთად ვილოცოთ მშვიდობისათვის!

ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა

წყარო: ჟურნალი “ზღვარი”