წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ოფიციალური განცხადება 17 მაისს მომხდარ  ინციდენტთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ ა.წ. 17 მაისს მომხდარ ინციდენტს.

როგორც ცნობილია, ქრისტიანული რწმენა და ქრისტეს ეკლესია ცოდვად აღიარებს ჰომოსექსუალურ და სხვა არატრადიციულ სექსუალურ კავშირებს და წმინდა წერილიც ცალსახად განიხილავს მათ როგორც ცოდვად:

_ “ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.”

წმ. მოციქული პავლე
1 კორინთელთა 6, 9-10″

“რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.”

წმ. მოციქული პავლე
რომაელთა. 1:23-27

შესაბამისად, ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანულ მოსახლეობას აქვს უფლება დაიცვას ოჯახის ქრისტიანული და ტრადიციული გაგება და გამოხატოს ეს საჯაროდაც, მაგრამ გამოხატოს ის მშვიდობიანად, ქვეყნის კანონისა და კონსტიტუციის დაცვით.

ამავე დროს, ჩვენ ცალსახად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და მოწოდებას ძალადობისკენ, რადგან ძალადობას არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან.

მოციქულთა კანონი 27

“ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23)”.

“სამოციქულო და საღვთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცმენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესების ცილისმწამებლები კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის გაგებას ასე არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც მცემელსა და მტანჯველს უწყალოდ, სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნას განკანონების გარეშე. კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღვთო მღვდელმა სწავლითა და სჯულდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესობას და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება საერო ხელისუფალთა მიერ.”

კონსტანტინეპოლის ორგზისი კრების მე-9 კანონი

ჩვენი იარაღი მხოლოდ სიყვარულია, სიტყვა და ლოცვა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ უნდა შევიძულოთ ცოდვა, რომელიც ადამიანშია და არა ადამიანი, რომელიც ღვთის ხატებაა.