ავტორი: გოჩა ბარნოვი
სტატია ჟურნალ ”გული გონიერიდან”
მონოთელიტიზმისა და მონოენერგეტიზმის წარმოშობა V მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ კირილე ალექსანრიელისეული თეოლოგიის, როგორც ქალკედონის მსოფლიო კრების ჰოროსის უცდომელ განმარტებად აღიარებას უკავშირდება. ფაქტობრივად, როგორც მონოთელიტიზმი, ისე მონოენერგიზმი მონოფიზიტობის გაგრძელებაა. ყველა მონოფიზიტი თავისთავად მონოთელიტიც იყო და მონოენერგისტიც, რა თქმა უნდა, მათი განსხვავებული მიმდინარეობების შესაბამისად იყვნენ ზომიერი და უკიდურესი მონოფიზიტები. აქედან, პირველნი, თუმცა ქრისტეში ერთ ნებელობასა და ერთ მოქმედებას აღიარებდნენ, არ აიგივებდნენ მას მხოლოდ საღვთო ნებელობასა და ენერგიასთან. მათთვის მისაღები იყო ტერმინები: „შედგენილი ნებელობა“ და „შედგენილი მოქმედება“, მსგავსად ეკლესიის მიერ აღიარებული განსაზღვრებისა – „შედგენილი ჰიპოსტასი“. ზომიერი მონოფიზიტებისათვის ქრისტეს ნებელობა და მოქმედება ერთია, რადგან ერთია მნებებელიცა და მოქმედიც–სიტყვა ღმერთი, რომელიც ერთდროულად მოქმედებს, როგორც ღმერთკაცი. უკიდურესი მონოფიზიტებისათვის კი ქრისტეში ერთი ნებელობა და ერთი მოქმედებაა და ისიც საღვთო.
გარეგნულად მონოთელიტობა და მონოენერგიზმი ქრისტეს ორ ბუნებას არ უარყოფდა (ყოველ შემთხვევაში ამ საკითხზე არც მსჯელობდა), მაგრამ მასში ერთი ნებელობისა და ერთი მოქმედების აღიარებით ნათლად წარმოაჩენდა თავის ნამდვილ არსს – იესო ქრისტეში ორი ბუნების უარყოფას. ერთი ნებელობა და ერთი მოქმედება, რომელიც ერთ პიროვნებას მიემართება, მაქსიმე აღმსარებლის მიერ შესაბამისი ტერმინების (ნებელობა – θέλησις, განზრახულება – γνώμη, მოქმედება, ენერგია – ενέργεια, ბუნებითი და განზრახულებითი ნება – φυσικό και γνωμικό θέλημα) გამოყენებისა და „განზრახველობითი ნებელობის“ შესახებ სწავლების ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. VII საუკუნის ამ უდიდესი თეოლოგის მრავალფეროვანი მოღვაწეობის მწვერვალი სწორედ მონოთელიტობისა და მონოენერგიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც თავისი ვერაგული ფორმითა და შინაარსით ფაქტობრივად უდიდეს საფრთხეს უქმნიდა, ერთი მხრივ, ეკლესიის ერთობასა და სიმშვიდეს, და, მეორე მხრივ, თავისუფლებისა და ადამიანის ცხოვრების უმთავრესი ღირებულებების შესახებ მართებულ სწავლებას.
634 წელი მაქსიმე აღმსარებლისათვის მონოთელიტობის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების თარიღია, თუმცა წმინდანი ამ ერესის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლას 638 წელს იწყებს. თავდაპირველად მისი მთავარი სამიზნე სევიროსის მონოფიზიტობა იყო, როგორც მონოთელიტობის საფუძველი[1]. მაქსიმე მცდარად მიიჩნევდა ქრისტეს ბუნებათა განსაზღვრისათვის რიცხვის გამოყენების მისეულ წესს; და განმარტავს, რომ რიცხვი არ განყოფს ბუნებებს, როგორც ამას სევიროსი ამბობდა, მას მხოლოდ განსაზღვრებითი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საგნებისათვის: განსხვავების მიმანიშნებელი და არა განყოფის. მაქსიმე აღმსარებლის ადრეულ შრომებში ვერ ვხვდებით მონოთელისტური დავების შესახებ ცხად ცნობებს. მისი ეტაპობრივი მონაწილეობა ხსენებული ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში მოგვიანებით იწყება. ზემოხსენებული ტერმინებიც წმინდანის გვიანდელ შრომებში უფრო დახვეწილი ფორმისა და შინაარსისაა.
ცნობილია, რომ ნებელობისა (θέλησις) და განზრახულობის (γνώμη) ტექნიკურ ტერმინებად ჩამოყალიბება სწორედ მაქსიმეს დამსახურებაა როგორც ფილოსოფიის, ისე პატერიკული აზროვნების სფეროში. უფრო მეტად, ის ამ ტერმინებს თეოლოგიურ და პოლემიკურ შრომებში იყენებს, ასევე, პიროსთან საუბრისას, მაგრამ ნაკლებად სხვა შრომებში. წინამდებარე სტატიის მიზანი არაა ამ ტერმინების შესახებ ვრცელი საუბარი; უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ მკაფიო განსხვავება ნებელობასა და განზრახულობას შორის მაქსიმესთან მონოთელიტობასთან ბრძოლის პერიოდის შრომებში გვხვდება, სადაც კარგად ჩანს ამ ტერმინების მკაფიო გამიჯვნა. პარალელურად გამოიყენება ეს ტერმინები მის მეორე ეპისტოლეში: „ბუნების ლოგოსის თანახმად, ყველას შეუძლია ჰქონდეს ერთი განზრახულობა და ერთი ნებელობა ღვთისა და ურთიერთისადმი; და ამდენად, არ გვქონდეს განყოფა არც ღვთისაგან და ურთიერთისგან მადლის არჩევისას, რომელიც განაახლებს განზრახულებისმიერად ბუნების რჯულს (νόμον τῆς φύσεως)“[2]. პარალელურად ეს ორი ტერმინი გამოიყენება, როგორც ღმერთთან შეერთების, ისე მისგან განშორების წარმოსაჩენად. მაქსიმე აღმსარებლის იმ შრომებში, რომელიც მონოთელიტური დავების უწინარეს დაიწერა, ნებელობა ადამიანის თვითუფლებრივობას (ანუ ავტონომიურობას) მიემართება როგორც ცხონებაში წარმატების, ისე წარუმატებლობის შემთხვევაში: „ჩვენს ნებაშია ჩვენივე ცხონება“[3]. ნებელობის მოქმედებაა, რაც წარმართავს ადამიანის მსვლელობას მისი ცხოვრების დასაწყისიდან ვიდრე მარადიულ მყოფობაში გადასვლამდე. ეს მსვლელობა განისაზღვრება, როგორც ენერგია, მოძრაობა, რომელიც ადამიანის ნებელობიდან მისი საბოლოო მიზნისაკენ–განღმრთობისკენაა მიმართული, ანუ ბუნებისმიერი მოძრაობა მისი დაწყებიდან ვიდრე განღმრთობამდე არის ბუნებრივი ნებელობის სრულყოფა.
მაქსიმე აღმსარებელი ზოგადად ნებელობას (θέλησις) ბუნებრივი ნების (φυσικό θέλημα) იგივეობრივად მიიჩნევს: ბუნებრივი ნება ბუნების მოსურვეობითი ძალაა, რომელსაც ამ ბუნების ყველა თვისება აქვს. ამიტომაც, ამისაგან შემტკიცებულ არსებას, სურს რა განსრულებული ყოფიერება, აქვს სურვილი, არსებობდეს, ცოცხლობდეს და მოძრაობდეს, როგორც გრძნობითად, ისე გონებითად; რადგან ბუნებას სურს თავისი ყველაფერი, რაც კი შემყარებული აქვს და რაც მის ლოგოსს ეფუძნება[4].
აქ მცირეოდენ განმარტებას გავაკეთებთ წმინდა მაქსიმეს ლოგოსების შესახებ სწავლებაზე. პატერიკული სწავლებით, შესაქმე ღმერთის ნებელობის საქმეა. მაქსიმე აღმსარებელი ხშირად მიანიშნებს იმ მტკიცე კავშირზე, რომელიც არსებობს უქმნელსა და ქმნილ ბუნებას შორის. ეს კავშირი ნათლად ჩანს იმ მიმართებაში, რომელიც არსებობს არსებების ლოგოსებსა და სამჰიპოსტასოვანი ღმერთის ნებას შორის. ჯერ კიდევ არეოპაგიტული კორპუსიდანაა ცნობილი ლოგოსებისა და საღვთო ნებათა ურთიერთმიმართება. რა თქმა უნდა, მაქსიმესათვის ცნობილია ეს სწავლება, თუმცა ის, განმარტების თვალსაზრისით, მას მნიშვნელოვან სქოლიოებს დაურთავს[5]. მაქსიმე თავის დატვირთვას აძლევს ლოგოსების შესახებ წარმოდგენებს და პარალელურად ორიგენეს პლატონურ შეხედულებებსაც ამხობს. ორიგენე ღმერთის მყოფობაში სულების მთელ სამყაროს განათავსებს, რომელნიც დაცემის შემდეგ უხეში მატერიალური სხეულებით შეიმოსებიან. მაქსიმემ სამყაროს გარდა არ იცის სხვა რამ მყოფობა, გარდა ღმერთისა. ქმნილებების მარადიულ ლოგოსებს არა აქვთ ჰიპოსტასი ღმერთის მყოფობაში, ანუ არსებები არ არსებობენ წინასწარ. ლოგოსები ღმერთის სამყაროს შესახებ მარადიულ ცოდნასთან იგივდება. მეცნიერთა შორის სხვადასხვა მოსაზრებებიც კი არსებობს მაქსიმესეულ ლოგოსებთან მიმართებაში. მხოლობით რიცხვში ლოგოსი ღმერთის სიტყვას ნიშნავს და ამასთან, ის შესაქმის მიზეზსაც გამოხატავს[6]. მაქსიმესთან ამგვარ გამოთქმასაც ვხვდებით: „ბუნებისეული ლოგოსი“, რაშიც ბუნების სტრუქტურა იგულისხმება[7]. მრავლობით რიცხვში, ლოგოსებში, ღმერთის ქმნილებების შესახებ ცოდნა და იმავდროულად, ამ ლოგოსების სიტყვა ღმერთთან ერთობა იგულისხმება. ღმერთი თავის თავში ნებელობით მოიცავს არსებების ლოგოსებს მათი განსრულებული სახით[8]. როგორც აღვნიშნეთ, მაქსიმე ქმნილებების ლოგოსებს ღმერთის სამყაროს შესახებ მარადიულ ცოდნას უკავშირებს. ამიტომაც ლოგოსები ცვლილებას არ განიცდიან. მაქსიმე ამით ორიგენეს არასწორ მოსაზრებას ამხელს, რომ, თითქოს, გრძნობადისა და მატერიალურის ქმნა იმ მიზეზით მოხდა, რომ ღმერთისაგან განშორებულ სულებს სიზრქელე შეემოსათო. მაქსიმე აღმსარებელი მიანიშნებს, რომ შესაქმეს არა აქვს სრულყოფილი სახე და არც ქმნილებები შემოდიან მყოფობაში განსრულებული სახით (სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია). შემოქმედს მარადიულად ნებავს თავის სრულყოფილებაში ქმნილებების წილმქონეობა მათივე ლოგოსის შესაბამისად. ამიტომაც მიაჩნია მაქსიმეს ლოგოსები ქმნილებების მტკიცე და მყარ საფუძვლად. ქმნილებებს აქვთ ნიჭიც და მადლიც თავისუფალი წინსვლისათვის[9]. ყოველი არსების შინაგანი სტრუქტურა სამყაროს შექმნისათვის ღმერთის ნებელობის შინაარსის შესატყვისია. ამიტომაც არსებების ლოგოსების შეცნობას საღვთო ნების შეცნობისაკენ მივყავართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საღვთო ნება შენივთებული სახით არსებობს ყოველი არსების ლოგოსში. შესაბამისად, შესაქმესა და შემოქმედს შორის არსებობს თვისობრივი და მადლისმიერი (არა არსებისმიერი) ურთიერთობა. შესაქმემდე არსებების ლოგოსები საღვთო განზრახვაში არსებობდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა პლატონური იდეების მსგავსად, არამედ როგორც ღმერთის „ნებანი“ (θελήματα). ეს ლოგოსები უხილავი და ერთიანია უქმნელ ღვთაებაში[10]. ლოგოსები არსებობს ღმერთის ნებელობაში, როგორც ყოველი არსების მყოფობის მიზეზი და სტრუქტურა. არეოპაგიტულ კორპუსში ლოგოსები შესაქმის პარადიგმებად იწოდება. ყოველ შემთხვევაში, ლოგოსებს არ აქვთ ავტონომია და არც არსებების დამოუკიდებელ არქეტიპს წარმოადგენენ. ლოგოსები არსებობენ ისე, როგორც ისინი ნებავს ღმერთს მარადიულად[11] (სიცოცხლის „პარადიგმატული ლოგოსი“, დიმიტრი სტანილოაეს თანახმად, არის თვით სიცოცხლე; რომ არა არსისგან შექმნა, არ ნიშნავს ონტოლოგიურად გაურკვეველი „არაფრისგან“ ქმნას, არამედ შესაქმეს, რომელიც არის შედეგი ღმერთის ნებელობითი ენერგიისა ლოგოსების წინასწარარსებული განწესების მიხედვით. არარსისაგან ქმნა ახალ მყოფობას ნიშნავს, რომელსაც არანაირი არსებისმიერი მსგავსება არ აქვს შემოქმედთან). ღმერთის ყველა ქმნილებას, თავის შინაგან წყობაში, აქვთ ეს ლოგოსები, რომელნიც რაღაცნაირად გამოხატავენ „საღვთო კანონზომიერებას“. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, ის, ვინც „ჯეროვანი სიბრძნით“ ჭვრეტს სამყაროს, აუცილებლად შეიცნობს შემოქმედის ლოგოსებს, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ეს სამყარო[12]. ამიტომაც მოაზროვნეობითობა (გონისმიერი მჭვრეტელობა) სიტყვა ღმერთის პიროვნებისაკენ მიისწრაფვის, რომელიც არის წყარო მოაზროვნეობითობისა და ყოველგვარი მყოფობის. გრძნობადისა და გონისეულის ერთობა ღმერთის მიერაა და, საბოლოოდ, მოაზროვნეობითობაა გამაერთიანებელი ელემენტი. იქ, სადაც არ არის მოაზროვნეობითობა როგორც პიროვნულ, ისე არაპიროვნულ არსებებში, არამოაზროვნეობითობა ბატონობს, რაც იწვევს კიდეც ქმნილებასა და შემოქმედს შორის კავშირის დარღვევას[13]. ლოგოსები ყველაზე არსებითი ელემენტები არიან შესაქმეში. ისინი წარმოაჩენენ ღმერთის სიდიადეს და მიჰყავთ ქმნილებები ღვთის შემეცნებისაკენ.
ნებელობის რაობის ზუსტი განსაზღვრისათვის ორი რამაა მნიშვნელოვანი: ბუნება და წადიერება (აზროვნებითი და ცხოველობითი, ὄρεξις). წადიერება, ანუ სურვილი სიცოცხლისათვის (არსებობა, მოძრაობა), ბუნებითად ეკუთვნის ადამიანს, ანუ წადიერობითი ძალა არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც შეამტკიცებს ადამიანის პიროვნულ ცხოვრებას. არ არის ის შემდგომი განსჯის ნაყოფი. ნებელობა „ბუნებითად აქვს ადამიანს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებელობა არის არასწავლისმიერი, რადგან არავინ სწავლობს იმას, რომ ნებავდეს. მაშასადამე, ადამიანი ბუნებითად არის ნებელობითი. ამასთანავე, ადამიანი ბუნებითად არის მოაზროვნე და ბუნებითად მოაზროვნე ბუნებითად თვითუფლებრივი; ხოლო თვითუფლებრივობა, მამების თანახმად, არის ნებელობა. ესე იგი, ადამიანი ბუნებითად არის ნებელობითი“[14]. ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი დანარჩენი ქმნილებებისაგან არის ხელმწიფებრივი ნებელობა – ბუნებრივი წადიერება, რომელიც პიროვნულად სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია მივმართოთ. თავისუფლება არის მოაზროვნე ბუნების მოძრაობა. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების, კავშირი სიტყვა ღმერთთან. მოაზროვნეობა (გონისმიერი მჭვრეტელობა) უბრალო ძღვენი როდია ადამიანისათვის, არამედ სიტყვა ღმერთთან შეხვედრის წერტილი; ანუ მოაზროვნეობა არ არის ბუნების უპიროვნო რამ ძღვენი, არამედ ადამიანური მყოფობის უპირველესი ნიშანი. შეუძლებელია მოაზროვნე ბუნება არ იყოს ნებელობითი, რადგან აზრი და გარჩევა თავისი ბუნებით არის ხელმწიფებრივი. ადამიანის თავისუფლება არის ღვთის ხატის თავისუფლება, მაგრამ არა თავად მისი არქეტიპისა. ეს თავისუფლება იწყებს მოქმედებას ახალი ადამიანური ჰიპოსტასის შექმნისთანავე. ამ თავისუფლებით ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად უპასუხოს ღმერთის მოწოდებას.
პიროსთან საუბრისას მაქსიმე აღმსარებელი ნებელობის თავისუფლებას ადამიანურ პიროვნებას განუკუთვნებს, ხოლო მის ბუნებას – აუცილებლობას[15]. მაგრამ ნებელობის, როგორც მოაზროვნე ბუნების, თვისებად წარმოჩენა გარკვეულ ახსნას საჭიროებს ზემოთქმულიდან გამომდენარე. მონოთელიტური დავის უმთავრესი კითხვებიც სწორედ ეს იყო: რას განეკუთვნება ნებელობა: ბუნებას თუ პიროვნებას? ხასიათდება თუ არა ნებელობა არჩევანის თავისუფლებითა და მეძიებლობით? მაქსიმე აღმსარებელი არ იღებს თვითუფლებრივი ნებელობის გამომხატველად კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის შესაძლებლობას. არჩევანის ამ თავისუფლებას ის განზრახულებას განუკუთვნებს და არა ადამიანის ბუნებრივ ნებელობას[16].
ნებელობაც და მოქმედებაც ბუნებრივი ძალებია, რომელიც არსობრივად აქვს ბუნებას შექმნისთანავე. ამ ძალების მეშვეობით ადამიანი ბუნებრივად მიისწრაფის იმისკენ, რაც სიცოცხლეს შობს და განეშორება იმას, რაც ამ სიცოცხლეს ხრწნის და ანადგურებს[17]. სიცოცხლისათვის დამახასიათებელია ყველაფერი ბუნებრივი და, აგრეთვე, უყვედრელი ვნებულებები: მყოფობა, სიცოცხლე, მოძრაობა, კვება. ქრისტოლოგია აქაც ჯეროვან ახსნას იძლევა ანთროპოლოგიასთან მიმართებაში: „მაცხოვარს, როგორც ადამიანს, ჰქონდა ბუნებრივი ნება, რომელიც განისაზღვრებოდა მისი საღვთო ნებელობის მიერ და ამიტომაც არ ეწინააღმდეგებოდა მას“[18]. ნებელობის, როგორც ბუნებრივი მოქმედების, ყველაზე თვისობრივ მაგალითად მაქსიმეს უფლის ლოცვა მიაჩნია: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“[19]. გეთსიმანიის ბაღში ლოცვისას ადამიანური ნება ავლენს სიკვდილისა და ვნებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან ერთიცა და მეორეც სიცოცხლეს ანადგურებს[20]. მაქსიმე აღმსარებელი ხშირად მიანიშნებს სხეულის ვნებადობაზე, რომელიც მაცხოვარმა შეიმოსა და იქვე განმარტავს, რომ სულისა და სხეულის განყოფილად განხილვა არ შეიძლება, რადგან ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენო[21].
სხეულის სნეულება პირველქმნილი ცოდვით გამოწვეულ შედეგებს უკავშირდება. თუმცა მაქსიმე აღმსარებელი სხვა, განსხვავებულ „სნეულებაზეც“ მიანიშნებს. ეს „სნეულება“ ქმნილი ბუნების ცვალებადობას მიემართება, რომელიც არა არსისაგან ქმნილი სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომაც განღმრთობისათვის ადამიანურ ბუნებას და მის ნებისმიერ მოქმედებას სიტყვა ღმერთთან შეერთების აუცილებელი საჭიროება აქვს. ნებელობის ღმერთთან შეერთების შედეგებზე საუბრისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ნებელობისა და განზრახულებითი ნების ურთიერთმიმართების ანალიტიკური განხილვა.
ნებელობა, ზოგადად, განისაზღვრება, როგორც „ბუნებრივი წადიერობითი ძალა“, განზრახულება კი არის „შინაგანი სურვილი (წადიერება) ყველაფერ იმისათვის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“. მაშასადამე, განზრახულება არის ძიებითი სურვილი, რომელიც მიემართება ყველაფერს, რისი აღსრულებაც ადამიანს შეუძლია[22]. ბუნების ამ მოქმედებებში შემაკავშირებელი რგოლი აუცილებლად ბუნების წადიერებითი ძალაა. მაგრამ ადამიანური ბუნება არ არის უპიროვნო, ანუ ის არ არსებობს პიროვნებების გარეშე. ამიტომაც ბუნებისეული ნებელობა პიროვნების მიერ გამოვლინდება, ანუ როგორ ნებავს პიროვნებას, როგორ იყენებს პიროვნება ბუნებით ნებელობას. სწორედ ნებელობის გამოყენების ეს გვარი არის კიდეც განზრახულება (γνώμη) და განზრახულებითი ნება (γνωμικόν θέλημα), რომელიც დამახასიათებელია ადამიანის ჰიპოსტასისათვის[23]. ნებელობა ადამიანურ ბუნებაში არის მხოლოდ ერთი–ბუნებითი. შეუძლებელია, ვთქვათ განზრახულების ნებელობა. განზრახულება არის ის ნიშანი, რითაც ერთი ადამიანი განსხვავდება სხვებისაგან და ღმერთისაგან. სამოთხეში ეშმაკის მოქმედების შედეგიც სწორედ ესაა, რომ მან განზრახულებისმიერად განყო ღმერთისა და ერთმანეთისაგან ადამიანები; შედეგად ადამიანური ბუნება ნაწილობითი გახდა სხვადასხვა აზრებისა და წარმოსახვების (ფანტაზიების) გამო[24]. რა თქმა უნდა, განზრახულება, როგორც ბუნების გამოყენების გვარი, არ არის თავისთავადად ცოდვა, მაგრამ არის ის ელემენტი, რომელიც უბიძგებს ადამიანს ცოდვისაკენ[25]. ეგოიზმი, როგორც უპირველესი ცოდვა, ადამიანის განზრახულებას მისივე ბუნების წინააღმდეგ წარმართავს.
განზრახულება, როგორც ადამიანური პიროვნების გამოხატულება ბუნების მოაზროვნეობის გამო, თვითუფლებრივად მოქმედებს და, ჩვეულებრივ, ბუნების წინააღმდეგაა მიმართული. ეს კი ბუნების დანაწილებას იწვევს განსხვავებულ განზრახულებებად. ეს განყოფა ადამიანურ ბუნებას შეეხება, რომელიც ზიარია ყოველი ადამიანისათვის; ამიტომაც განყოფილნი არიან ადამიანები ერთმანეთისაგან. პიროვნება ხდება ინდივიდი, რომელიც საკუთარ ღირსებას მხოლოდ თავის პრეტენზიებსა და განზრახულებებში ეძებს. პიროვნული ცხოვრება, ნაცვლად იმისა, რომ ამდიდრებდეს ადამიანურ ბუნებასა და მთელ შესაქმეს, სინამდვილეში მისი დაშლისა და განადგურებისაკენაა მიმართული.
ყოველი განზრახვის ეგოიზმს დაცემისაკენ მიყავს ადამიანი, რაც, თავის მხრივ, მის არსებობაში ახალ ვნებებს წარმოშობს. რა არის განზრახულება? დაცემის შედეგი თუ პირიქით, განზრახულება იწვევს დაცემას თავისი განცალკავებულობით? ადამს, როგორც უბოროტოს, არ ჰქონდა ბუნებითი ნებისაგან განსხვავებული განზრახვა, როცა ის ცოდვის გარეშე იყო. სამოთხისეულ ცხოვრებაში ბუნებისეული ნებელობა ბატონობდა. მაგრამ ადამის, როგორც პიროვნების მიქცევა არჩევანისაკენ (ანუ ბუნებითი ნებელობის „რა“ და „როგორ“), სწორედ განზრახულებითი ნებელობის გამოყენებას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განზრახულება თავის თავში მოიცავს უმეცრებას, ეჭვს, ძიებასა და ურთიერთსაპირისპიროთა შორის არჩევანს[26]. მხოლოდ ცოდვილი და უძლური ნებელობა ყოყმანობს, ცვალებადობს და ირჩევს,–წერს ცნობილი თეოლოგი გიორგი ფლოროვსკი. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, ნებელობის დაცემა სწორედ მთლიანობისა და სპონტანურობის დაკარგვაში მდგომარეობს, რომ ნებელობა ინტუიციურიდან სილოგისტურში (მსჯელობითში) გადადის. ეს განხილვა საკმარისია იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ, თუ რამდენად აღარ ვიმყოფებით სამოთხისეულ მთლიანობასა და ერთობაში. ცვალებადობა არჩევანის აუცილებელი შედეგი ხდება; იმ არჩევანის, რომელი მუდამ სხვადასხვა მისწრაფებებისაკენ მოძრაობს[27]. დავუბრუნდეთ ჩვენს შეკითხვას: არის თუ არა ეს მდგომარეობა ცოდვის შედეგი? მაქსიმე აღმსარებელი სწორედ ბუნების აწინდელ გაბატონებულ წესზე საუბრობს, როცა ადამიანი იძულებულია, ორ ურთიერთსაპირისპიროს შორის გააკეთოს არჩევანი. სხვა რამ წესი არ არსებობს – „განზრახულება არის არსებულთა ქმნადობის შედეგი“. ქმნადობა, როგორც დენადი და ცვალებადი, წარმოშობს მრავალ დიფერენციაციას ორ განსაზღვრულ არჩევანს – განსრულებისაკენ მსვლელობასა და განადგურებისაკენ მოძრაობას შორის, ამიტომაც ბატონობს განზრახულების ფაქტორი. განზრახულება განხეთქილებასა და ვარიაციებს წარმოშობს ყოველი ქმნილების ბუნებრივ მსვლელობაში. თვითუფლებრივობის მოძრაობა ორი მიმართულებით ქმნილებობის ფაქტორითაა განპირობებული. ამიტომაც მაქსიმე ესქატოლოგიურ სრულყოფილებაზე საუბრობს, სადაც გამოჩნდება საგნების ჭეშმარიტება. ესქატოლოგიურად განზრახულების არსებობა და მოქმედება დასრულდება[28]. ადამიანი მოწოდებულია სრული თავისუფლებისა და ღმერთთან ერთობისაკენ. ეს ერთობა თავად ღმერთს შემოყავს ისტორიაში ღვთის ძისა და სიტყვის პიროვნების განკაცებით. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ უარყოფს მაქსიმე აღმსარებელი ზემოთქმულის საფუძველზე ქრისტეში განზრახულებითი ნებელობის არსებობს. რამდენადაც განზრახულების მოქმედება ბუნების ცვალებადობას ადასტურებს და, აქედან გამომდინარე ცოდვის შესაძლებლობასაც, იმდენად შეუძლებელია ის ახასიათებდეს ქრისტეს ადამიანურ ბუნებას: „ღმერთის ადამიანური ბუნება ჩვენს მსგავსად როდი მოძრაობს არჩევანისაკენ, რათა არ ვიფიქროთ, რომ თავისი ბუნებით იცვლება არჩევანისაკენ“, – ამბობს წმინდანი[29]; წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტე თავშეკავებული იქნებოდა და არა უვნებელი[30]. გარდა ამისა, ქრისტე საკუთარ თავთან მებრძოლი იქნებოდა და იმავდროულად გაუცხოეული მამისა და სულიწმიდის ნებელობისაგან, რომელიც ზიარია წმინდა სამების სამივე პიროვნებისათვის. ადამიანური ბუნება სიტყვის ჰიპოსტასთან შეერთების შემდეგ განიღმრთო იმგვარად, რომ არ ნებავს მას ღმერთის ნებელობისაგან განსხვავებული რამ. წინააღმდეგობა, რომელიც განყოფს და ანაწილებს ბუნებას, ადამიანის განზრახულების მიერ ბუნების არაწესისმიერ გამოხატვას შემოაქვს. ეგოიზმის გამო ბუნების ლოგოსის დამახინჯებას პიროვნებების განყოფა მოსდევს. მაგრამ შეუძლებელია განზრახულებითი ნება მხოლოდ განყოფის მიზეზად მივიჩნიოთ. სწორედ განზრახულება ხდება ადამიანის ღმერთისაკენ სწრაფვის დასაწყისი, როცა ის თანხვდება ბუნების ლოგოსს, რადგან არაფერი ბუნებისმიერი (არც განზრახულება) არ ეწინააღმდეგება ღმერთს[31]. ღმერთთან წინააღმდეგობა ბუნებრივი ნებელობით არაა განპირობებული, არამედ მისი გამოყენების პიროვნული გვარით, რაც, როგორც აღვნიშნეთ, არის კიდეც განზრახულებითი ნებელობა[32]. ჩნდება კითხვა: ხომ არ ნიშნავს განზრახულების პიროვნული თანხმობითი მოქმედება ბუნების ლოგოსთან ამავე ბუნებასთან იდენტურობას? მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, თავისუფლება არის დათანხმება (გნებავთ, სიმფონია) ბუნების ზიარ ლოგოსთან. ლოგოსის კონცეპტი არ გულისხმობს ბუნების უპიროვნო ძალებთან ბრმა დაქვემდებარებას; ის აუცილებლად უკავშირდება ბუნებრივ ნებელობას და არა იზოლირებული ადამიანის განცალკევებულ აზროვნებას. მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, მათ, ვისაც წილად ჰხვდათ სიტყვიერების ნიჭი, ბუნებრივიცაა ერთი განწყობილება ჰქონდეთ. იგივეობრივ განწყობილებას ქცევისა და ცხოვრების მსგავსი წესები შემოაქვს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისინი ერთი თანხმიერი განზრახულებით ბუნების ზიარი ლოგოსისაკენ მიემართებიან, სადაც სრულებით არ არსებობს ბუნების ეგოიზმით გამოწვეული განყოფა[33]. მაშასადამე, საღვთო ნების მთელი არსი არა უპიროვნო – აბსტრაქტულ ბუნებაში ერთობაა, არამედ ამ ბუნებაში არსებული პიროვნებების მათ ჭეშმარიტ ლოგოსსა და ცხოვრების გვარში გამოვლინება. განსხვავებული განზრახულებებით გამოწვეული განყოფის დაძლევა და იმავდროულად ამ განზრახულების განწმენდა, ბუნების ლოგოსთან თანხმიერობით, აუცილებელი პირობაა მორწმუნის განღმრთობისაკენ სვლაში[34]. ამგვარად შეამზადებს ადამიანი განზრახულებას წყლისა და სულიწმიდის ენერგიების მისაღებად[35]. განზრახულების ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორწმუნის ღვთისაკენ მსვლელობის პირველ, განწმენდით სტადიაში. სათნოებების აღსრულება არის ადამიანის განზრახულებისა და საღვთო ნებელობის თანხვედრის ნიშანი. ამ მსვლელობას ადამიანი კეთილად არსებობისაკენ (εὖ εἶναι) მიჰყავს, რაც ადამიანის პირადი არჩევანის მართებულობაზეა დამოკიდებული[36].
ადამიანური ნებელობა თავის ჭეშმარიტ მისიას მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში აღწევს. ადამიანური ბუნების ნებელობა, რომელიც სხვადასხვა პიროვნებების განზრახულობებით გამოიხატება, საღვთო ნებასთან თანხვედრის გარეშე ვერ აღწევს ბუნების ლოგოსისმიერ მდგომარეობას. მაგრამ ხომ არ ნიშნავს ადამიანის ნებელობის ქრისტეს პიროვნებაში ერთობა და განღმრთობა ადამიანური ნებელობის იგნორირებას? ან როგორ შეეწყობიან ადამიანური და საღვთო ნებელობები თავად ქრისტეს ერთ პიროვნებაში? თუკი განკაცებულ ღმერთს არა აქვს განზრახულება, მაშინ როგორ მოქმედებს ეს საღვთო პიროვნება? ზოგადად, როგორ გამოჩნდება თავისუფლება ადამიანურ პიროვნებებში, რომელნიც ქრისტესადმი მიბაძველობისკენ არიან მოწოდებულნი? ესაა ის კითხვები, რომელსაც პასუხს სცემს მაქსიმე აღმსარებელი თავის თეოლოგიურ და პოლემიკურ თხზულებებში. ცნობილია, რომ მონოთელიტებისათვის მიუღებელია ქრისტეში ორი ნებელობის არსებობა ადამიანურისა და საღვთოს ურთიერთდაპირისპირების გამო. მაქსიმეს პასუხი ამგვარია, რომ არაფერი ბუნებითი, ისეთი, როგორიც ის შემოქმედმა შექმნა, არ შეიძლება იყოს ცოდვილი. განყოფას ბუნებრივი ნებელობის განზრახულებისმიერი გამოვლინება იწვევს. ამიტომაც ქრისტეს პიროვნებაში შეუძლებელია განზრახულების არსებობა. ადამიანური ნებელობა ქრისტეში არ არის საღვთო ნებელობის საწინააღმდეგო, რადგან არაა ეს განზრახულებითი, არამედ ბუნებითი, მისი ღმერთეების მიერ განსაზღვრული და აღძრული[37]. ადამიანი ღვთის სიტყვის ხატად შექმნილი არსებაა. პირველი ადამიანის ცოდვა მისი ნებელობის მარცხია (გნებავთ, წარუმატებლობა, ან უფრო ზუსტად მიზნის აცდენა, ἀστοχία). ამიტომაც ეს ნებელობაა პირველვნებული და სწორედ ის საჭიროებს განკურნებას[38]. ქრისტეს მიერ ადამიანური ბუნების მიღება არ ხდება თავისუფლების გარეშე – რაიმე აუცილებლობით, ისე, როგორც ადამიანებს აქვთ აუცილებლობით ადამიანური ბუნება უყვედრელი ვნებულებებით. ბუნების ეს თავისუფლება არ არის უბრალოდ ბუნებითი კვალადგება ანუ აღდგენა, არამედ ბუნებრივი წესის დაძლევა და გადასვლა განღმრთობის ზებუნებრივ მდგომარეობაში[39]. განკაცებულ სიტყვას, როგორც ადამიანს, ჰქონდა „ბუნებრივი ნებელობა, რომელიც აღიძვრებოდა (ამოძრავდებოდა) და განიწესებოდა საღვთო ნების მიერ“[40]. ადამიანური ნებელობის ეს თანხმობა საღვთო ნებასთან კარგად ჩანს გეთსიმანიის ბაღში ლოცვისას. თუმცა აქ ასევე ნათლად წარმოჩნდება ადამიანური ნებელობის ორმხრივი გამოხატულება. ადამიანური ბუნებრივი ნება, რომელიც გამოიხატება, როგორც წადიერობითი ძალა, თავდაპირველად, თავს არიდებს იმას, რაც ანადგურებს სიცოცხლეს – ესაა უარი ვნებასა და სიკვდილზე. მაგრამ, მეორე მხრივ, გამოხატავს „ნებელობას ადამიანის შესაფერისად, ის, ვინც არის ბუნებით ღმერთი“[41], უარს ამბობს ბუნებრივ ადამიანურ ნებაზე და ემორჩილება საღვთო ნებელობას – „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26, 39). რა თქმა უნდა, ეს გამოხატულება არ არის თავისუფლება თვითუფლებრივობასთან გაიგივებული, რომელიც დაასრულებს ადამიანური ნების გამოხატვას. ქრისტეში ადამიანური ნებელობის სუბიექტის ძიება სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. თუკი ადამიანური ნებელობის არსებობის გვარს თვითუფლებრივობას (თუნდაც გამოხსნილს) განვუკუთვნებთ, მაშინ საღვთო პიროვნებასთან ერთად მეორე პიროვნებაც უნდა ვთქვათ ქრისტეში. ადამიანური ნებელობა განიღმრთობა, რადგან ის გამოიხატება ერთი საღვთო პიროვნების მიერ, რომელიც მოქმედებს ადამიანისასაც, მაგრამ ჩვენგან განსხვავებული გვარით[42].
ადამიანური ბუნების მორჩილება და თანხმობა საღვთოსთან ონტოლოგიური აუცილებლობაა განღმრთობისათვის. ადვილი მისახვედრია, რომ განკაცებული სიტყვის შემთხვევაში ამგვარ ონტოლოგიურ აუცილებლობას არ აქვს ადგილი. ქრისტეს პიროვნებაში არ არის არჩევანის თავისუფლება[43], არამედ ადამიანური ნებელობის ნებსითი დაქვემდებარება და დამორჩილება საღვთო ნებასთან. მისი ადამიანური ნებელობის მოძრაობა არ არის ღვთისა და სხვა ადამიანების საპირისპირო, არამედ მოძრაობა განსრულებულად განსაზღვრული ღმერთისა და სხვა ადამიანებისაკენ. სიკვდილისადმი შიში განკაცებული სიტყვის პიროვნებაში განიკურნება. მაქსიმეს თანახმად, ბოროტება ადამიანის ნებელობის საღვთო ნებისაგან განზრახულებისმიერი განსხვავების გამო შემოვიდა; ხოლო ამ ცოდვისმოყვარე განზრახულების ჩვეულებით – ბუნების სნეულება. ამიტომაც ქმნილებამ განღმრთობისათვის თავისი ნებელობა საღვთო ნებელობისკენ უნდა წარმართოს. განზრახულებითი ნებელობა, რამდენადაც არ ეწინააღმდეგება ბუნების ლოგოსს, იმდენად აღარ მოდის დაპირისპირებაში ღმერთთან[44]. ქრისტეში განღმრთობილი ადამიანური ბუნების ნებელობა ყველა ადამიანში გავლით განკურნავს ამ ნებელობას.
ამრიგად, ქრისტე „შეგვარიგებს მამასთან და ურთიერთთან, რადგან აღარ არის ჩვენში განზრახულება, რომელიც წინ აღუდგებოდა ადამიანის ბუნების ლოგოსს. ვხდებით უცვლელნი როგორც ბუნებასთან, ისე განზრახულებასთან მიმართებაში“[45]. „ადამიანი განზრახულების გულმოდგინებით ხდება კეთილი“. სათნოებითი მდგომარეობა უცილობლად „საღვთო განწყობილებისა და განზრახულობის თანხმობას გულისხმობს, რომელმაც (განზრახულებამ) სიკეთის თვისობრიობას მიაღწია, უცვლელად განმტკიცდა ღმერთში და წინააღმდეგობრივთა შორის დაიცვა საკუთარი იდენტურობა“[46].
ადამიანის ნებელობის განღმრთობა ქრისტეს პიროვნებაში აღესრულა[47]. ადამიანისა და ღმერთის ნებელობების ამ ერთობასა და განზრახულების ღმერთთან შერთვა – შეერთებას მაქსიმე თვისობრივ შეერთებას უწოდებს, რადგან წმინდა მამას არ სურს, შერთვა გაგებულ იქნას, როგორც ადამიანური პიროვნებების გაქრობა. ღმერთთან ადამიანური ნებელობის შერთვა არ ნიშნავს ადამიანური პიროვნულობის გაქრობასა და გაუქმებას, არამედ მის ბუნებრივ ადგილსა და წესს.
ქრისტეს პიროვნებაში მყოფობის ახალი გვარი, რაც იცავს კიდეც ბუნების ლოგოსს, არის ადამიანური პიროვნების ნებელობის განღმრთობა; გაცილებით უფრო აღმატებული მდგომარეობა, ვიდრე ეს პირველი შესაქმის დროს იყო.
მაქსიმე აღმსარებელი განღმრთობასან მიმართებაში იყენებს ტერმინს – ურთიერთდამტევნელობა. ის ხშირად მიმართავს გავარვარებული მახვილის მაგალითს, რათა ნათლად წარმოაჩინოს სრული შეერთება, ისეთი, სადაც დაცულია ორივე ბუნების თვისებები, ურთიერთშორის დამტევნელობისა და ნაცვალბოძების წესის შესაბამისად. ამ ცხოვრებისაგან განსხვავებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია არჩევითობა, და, აქედან გამომდინარე, განზრახულებით გამოწვეული ტანჯვა და ვაება, სასუფევლისეული მდგომარეობა თავისუფალი იქნება ამგვარი დილემებისაგან. ეს იქნება ჭეშმარიტი თავისუფლების მდგომარეობა, რომელიც ბუნებრივ ძალებს საღვთო ნეტარებაში განათავსებს. თავისუფლების უმაღლესი საზომი საუფლო ლოცვის სიტყვებშია – „იყავნ ნება შენი“; ესაა აბსოლუტური თავისუფლების განხორციელება. საღვთო ნება არაა უცხო ადამიანური ნებელობისათვის; ის არის მისი წყარო, დასაწყისი და დასასრული, რადგან ადამიანური ბუნება ღმერთის ქმნილებაა, მისი ნების განხორციელებაა. რასაკვირველია, ამ მდგომარეობაში კვლავინდებურად იქნება სურვილი ბუნების მოძრაობისა, თუმცა განსხვავებული ტრაექტორიით. მოძრაობის გვარი მაქსიმესათვის არის განზრახულება, რომელიც მხოლოდ პიროვნებას ახასიათებს, თუმცა ამ კონკრეტული მდგომარეობისათვის ის თავს არიდებს ამ ტერმინის გამოყენებას იმ მიზეზით, რომ ადამიანური პიროვნების მოქმედება უნაკლო და უბიწო იქნება, რადგან მომავლისაკენ მსვლელობა არაა გაუცნობიერებელი და ბუნდოვანი. სიტყვა ღმერთის პიროვნებამ კაცობრიობას საუკუნეთა განსრულებისაკენ გაუხსნა გზა. ამიტომაც ყოველი ადამიანი მოწოდებულია განზრახვისმიერიდან საღვთო მსგავსებისაკენ ფერიცვალებისათვის.
____________________________________________________________________
[1] სევიროსის სწავლების პირველი უარყოფა წმინდა მაქსიმეს მე–12 ეპისტოლეში ჩანს, რომელიც იოანე კუბიკულარიოსისადმია მიწერილი. იხ. PG 91, 460-509.
[2] PG 91, 396C.
[3] PG 90, 953B.
[4] PG 91, 12C–13A.
[5] PG 91, 1328A: „ყველაფერი როგორც კი შეიქმნა ან შეიქმნება არსების მიხედვით, წინასწარაა ნებებული, განზრახული და ცნობილი (ღმერთის მიერ)“.
[6] PG 91, 1132C.
[7] PG 91, 1116C.
[8] PG 91, 1340A.
[9] არსებობს განსხვავება, რომელიც არის ლოგოსსა და მოძრაობის გვარს შორის: არსებები თავისი მყოფობის ლოგოსის მიხედვით უცვლელნი არიან, მაგრამ მოძრაობის გვარის მიხედვით ისინი ცვალებადობენ და ეცემიან.
[10] PG 90, 293D–296A.
[11] PG 3, 824.
[12] PG 90, 296A.
[13] PG 90, 877BC.
[14] PG 91, 304C.
[15] PG 91, 293B.
[16] PG 91, 308D: „ჩვენ მარტივად გვაქვს ბუნებრივი ნებელობა ბუნებითი სიკეთისადმი, ხოლო კონკრეტული სიკეთის გამოცდილებას ძიებითა და განზრახულებით შევიძენთ“.
[17] PG 91, 297BC.
[18] PG 91, 48D.
[19] მთ. 26.39.
[20] PG 91, 224C: „აბსოლუტური აუცილებლობაა, განზრახულება ბუნებასთან თანავიდოდეს და ბუნებას არ ნებავდეს სიკვდილი“.
[21] PG 91, 165B: „რათა აჩვენოს, რომ მრავალვნებული სხეული შეიმოსა, ამბობს: „შეწუხებულ არს სული ჩემი…“.
[22] PG 91, 12–17.
[23] PG 91, 53C.
[24] PG 91, 396D–397A.
[25] PG 91, 56B.
[26] PG 91, 312B.
[27] PG 91, 24BC.
[28] PG 91, 24C.
[29] PG 91, 32A.
[30] PG 91, 308B.
[31] PG 91, 48D, 80A.
[32] PG 91, 292A.
[33] PG 90, 724–725.
[34] ეს მსვლელობა არასოდეს განსრულდება, რადგან ის ჩვენი ბუნებრივი ნებელობის უფრო აღმატებულ თანხმობას გულისხმობს საღვთო ნებელობასთან. ეს თანხმობა, საბოლოო ჯამში, ფერს უცვლის ადამიანურ ბუნებას.
[35] PG 90, 281B: „როცა ძეობილობის მომნიჭებელ სულიწმიდას არ მივანდობთ განზრახულებას, მიდრეკილებისა და ცვალებადობის მიზეზით ნებელობით ვცოდავთ“.
[36] PG 91, 1116B და 1140B.
[37] PG 91, 81C.
[38] გრიგოლ ნაზიანზელის ცნობილი ფრაზის მსგავსად, „არ მიღებული უკურნებელი იქნებოდა“. PG 37, 181C.
[39] PG 91, 1280C: „ამგვარად არღვევს ის, ვინც არის ღმერთი, ბუნების წესს (რჯულს), იმსახურებს რა ადამიანურ ბუნებას ბუნებაზე აღმატებულად“.
[40] PG 91, 48AB.
[41] არ არის საუბარი პირდაპირი გაგებით ქრისტეს ადამიანურ ნებაზე, რომელიც ეთანხმება და მიჰყვება მამის ნებას ვნებისათვის, არამედ ადამიანური ნების გამოთქმის გვარზე.
[42] PG 91, 48A.
[43] ქრისტეს პიროვნება არის ერთადერთი გამოვლინება ღმერთის სრულყოფილი თავისუფლებისა ადამიანური სახით. ღმერთი, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი და რჩება ადამიანად, ასევე, აბსოლუტურად თავისუფლად. ის მყოფობს ამ აბსოლუტური თავისუფლებით არა მხოლოდ როგორც ღმერთი, არამედ როგორც ადამიანი. არის ადამიანი და დაითმენს ყველაფერს, რაც ადამიანურია აბსოლუტურ თავისუფლებასა და სიყვარულში.
[44] PG 91, 53.
[45] PG 90, 880A.
[46] PG 91, 372B.
[47] დიმიტრი სტანილოაეს თანახმად, ქრისტეს არ შეუცვლია თავისი ადამიანური ბუნება; მან ის განაღმრთო. განღმრთობა აშკარად შეცვლის საპირისპიროა. ის უფრო ბუნების განვითარებაა. მან განაღმრთო ბუნება, რადგან რეალურად განაღმრთო მისი ნებელობა და განაღმრთო ნებელობა, რადგან ჰიპოსტასი, რომელსაც ნებავდა კონკრეტულად ადამიანური ნებელობის მიხედვით, იყო ღვთის სიტყვა. ნებელობა, ზოგადად, ბუნებას ახასიათებს, ხოლო „როგორ“ ნებავს კონკრეტულ ადამიანს, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ჰიპოსტასს. ნებელობის განღმრთობა, რაც საღვთო ჰიპოსტასის მიერ ხდება, სხვა არაფერია იყო, თუ არა ნებელობის დადასტურება თავის ბუნებრივ მოძრაობაში, ანუ მის თანხმიერ მოძრაობაში საღვთო ნებელობასთან.









