იღუმენი ლეონიდე ებრალიძე

გასულ დღეებში არაერთხელ გაჟღერდა მოსაზრებები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს მომავალი სამ არჩევანს შორის დააყენონ: ევროპა, რუსეთი და ღმერთი.  საკითხის ამგვარად დასმა საფუძველშივე არასწორია და წარმოადგენს იმ შეცდომის გამეორებას, რასაც გარკვეული დროით მოციქულებმაც კი ვერ აარიდეს თავი: „უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ (საქმ. 1:6).

კაცობრიობის მხსნელში პოლიტიკური დანიშნულების ძიება საუკუნიდან საუკუნემდე წარმოადგენდა და წარმოადგენს რელიგიურ საცდურს და ეს საცდური იმდენად სერიოზულია, რომ საბოლოოდ ანტიქრისტემდე მიიყვანს კაცობრიობას, რადგან, სოლოვიოვის შესანიშნავი მოთხრობისა არ იყოს („მოკლე მოთხრობა ანტიქრისტეს შესახებ“), სწორედ ანტიქრისტე იქნება პოლიტიკური მესია.

ახალი აღთქმა, უპირველეს ყოვლისა, არის არა ბიბლიური წიგნების კრებულის სახელი, არამედ ღმერთისგან კაცობრიობასთან დადებული ახალი ხელშეკრულება (იერ. 31:31-34; ებრ. 8:6-13), რომელიც ითვალისწინებს ახალი ერისეკლესიის ხსნას. დიახ, ეს აღთქმა დადებულია არა რომელიმე ერთან ან ქვეყანასთან, არამედ ეკლესიასთან. სახარებაში ვერ ვიპოვით ერთ ფრაზასაც კი, რომელიც ეკლესიის მიღმა რომელიმე ერს, ან სხვა ნებისმიერი ნიშნით გაერთიანებულ საზოგადოებას ხსნას ჰპირდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ხსნა არ არის პოლიტიკური გადარჩენის დაპირება.

სად არის ხსნა, ევროკავშირში თუ საბჭოთა კავშირში? ხსნა, სოტერიოლოგიური და არა პოლიტიკური თვალსაზრისით არის ღმერთში, მთავარია ეს ორი კონცეპტი არ აგვერიოს.

გასული საუკუნის ორი დიდი წმინდანიდან, ერთიგაბრიელ სალოსი საბჭოთა კავშირში, ხოლო მეორესოფრონ ესექსელი ევროკავშირში მოღვაწობდნენ. თუ ადამიანს უნდა ღვთის გზების ძიება, ის ამას შეძლებს ნებისმიერი პოლიტიკურ თუ კულტურულ გარემოში. რკინის ფარდა და სასაზღვრო შეზღუდვები ღვთის მადლის მოქმედებას ვერ აჩერებს და ამისი მოწმეები ხსენებული წმინდანები არიან.  ამიტომ, არა თუ უადგილოდ, საზიანოდაც კი მიმაჩნია სოტერიოლოგიურ ჭრილში საქართველოს პოლიტიკური მომავლის განხილვა. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საქართველო ატარებდა სხვადასხვა ხასიათის პოლიტიკურ კურსს და ამას ხელი არ შეუშლია ათასეულობით ჩვენი წინაპრისათვის, გამხდარიყვნენ წმინდანები და მოქალაქეები ღვთის მომავალი სამეფოსი.

ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი დაიპყრობს საქართველოს, როგორც წარსულში არაერთხელ გააკეთა და აწმყოშიც კვლავ ცდილობს ამას, ეს ხელს არ შეუშლის ღვთის მაძიებელ სულებს მარადიული ცხოვრების დამკვიდრებაში. თუ ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო, არც ეს შეუშლის ხელს მას, ვინც გულში ატარებს სული წმინდის მოხმობას.

რომელი კავშირის წევრი იქნება საქართველო, ამას შეუძლებელია ჰქონდეს გავლენა იმაზე, გავხდებით თუ არა ჩვენ, პიროვნებები, ზეციდან ჩამომავალი იერუსალიმის მოქალაქეები: „ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც. და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:27-28).

მაშასადამე პოლიტიკას უნდა ვუყუროთ პოლიტიკურად და არა რელიგიურად. რა გვსურს როგორც ქვეყანას და საით გვირჩევნია სვლა? გვსურს კი გავიმეოროთ 300 წლიანი ტრაგიკული ისტორიული ურთიერთობა რუსეთთან თუ გვსურს ვცადოთ სრულად ახალი რეალობა, ევროკავშირთან ურთიერთობისა?

უტოპიურია „არც ერთი და არც მეორე“. არა თუ პატარა ერებს, დიდ ერებსაც კი სჭირდებათ პოლიტიკური მოკავშირეები, რისი მაგალითიც დღევანდელი რუსეთია, რომელიც მიუხედავად მისი შთამბეჭდავი რესურსებისა, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, გარშემო მოკავშირეებს ეძებს.

ევროკავშირი არ არის იდეალური კავშირი, როგორც ხშირად ცდილობენ მის წარმოჩენას. ყველა ის ისნტუტუციური მანკიერება, რაც სხვა ქვეყნებშიც გარდაუვლად არის, ევროკავშირშიც არსებობს. თუმცა, როდესაც ინსტიუტუციურ მანკიერებებზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ შედარებითობის პრინციპით ევროკავშირში იგი დაბალი ხარისხით არის წარმოდგენილი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერება ევროკავშირისა არის ე.წ. დისფუნქციური დემოკრატია – სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების სირთულეები, მოწყვლადობა სხვადასხვა სახის იდეოლოგიების მიმართ, რომელნიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდიან იმ მორალთან, რომელიც სახარებაშია გადმოცემული და ა.შ.

მეორე მხრივ გვაქვს ფუნქციური ტოტალიტარიზმი, რუსეთის სახით, სადაც გადაწყვეტილებები შედარებით სწრაფად მიიღება და პროპაგანდის დონეზე (და არა ცხოვრებაში) იქადაგება ზოგიერთი მორალური პოსტულატი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სექსუალური მორალისა თუ სოციალური ეთიკის საფუძველში დევს პიროვნების ღირსება, რომელიც ინკარნაციის დოგმატს ეფუძნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკლესიისათვის მისაღები მორალის ფრაგმენტების სახელმწიფო პროპაგანდირებით შეუძლებელი არის პიროპვნების დათრგუნვის და მოსპობის (უმთავრესი ამორალურობის) კონპენსირება.

ამ მოცემულობაში, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური არჩევანი ძალიან ლიმიტირებულია: არა-იდეალურ დისფუნქციურ დემოკრატიებსა და ანტი-იდეალურ ფუნქციურ ტოტალიტარიზმს შორის. რაც უფრო ფუნქციურია ტოტალიტარიზმი, მით უფრო რეპრესიულია, შესაბამისად პიროვნების დათრგუნვასა და მოსპობაზეა ორიენტირებული, რასაც დისფუქნციურ დემოკრატიებზე პირდაპირ ვერ ვიტყვით.

როგორც ქრისტიანებმა, უდაოდ და უკითხავად უნდა გავაკეთოთ არჩევანი „ზეციური იერუსალიმის – ყველა ჩვენგანის დედის“ (გალ. 4:26) სასარგებლოდ; ხოლო, რადგანაც იდეალურ ზეციურ იერუსალიმში – ღვთის სამეფოში არ არის ადგილი ქვეყნების პილიტიკური მომავლისათვის, და არც დედამიწაზე არსებობს იდეალური გაერთიანებები, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, საით სურს აიღოს პოლიტიკური გეზი, არა-იდეალური თუ ანტი-იდეალური რეალობისაკენ.