ქალკედონიტი სომხების ახლო აღმოსავლური სამთავროები და მათი პოლიტიკური ურთიერთკავშირები ჯვაროსნებთან (1098-1104 წწ.)

იოანე  კაზარიანი

წინამდებარე სტატია ქალკედონიტი სომხების და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეთა პოლიტიკური ურთიერთკავშირების გაშუქების პირველ მცდელობას წარმოადგენს.  სტატიაში განხილულია ლათინთა (ჩვენი აზრით შესაძლებელი) პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც მათ მიმართეს ხსენებულ ახლო აღმოსავლურ თემთან კონტაქტების დასამყარებლად.   სტატიის ბოლოში მოცემულია ამ რთული ურთიერთობების შედეგი [*].

მკვლევრები, რომლებიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროინდელ (1096-1099 წწ.) სომხურ-ლათინურ ურთიერთობებს იკვლევენ, ქალკედონიტ სომხებს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ.  ქალკედონიტ სომხებს, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური ურთიერთ-გათიშულობის გამო, დამოუკიდებელ ძალად არ განიხილავენ. ამასთან, იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ისინი რელიგიურად ერთიანობას ინარჩუნებდნენ. მკვლევრები, თითქოს, არ ამჩნევენ ამ სომხურ თემს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ფართოდ იყო წარმოდგენილი.  ქალკედონიტები ჯვაროსნებთან უშუალო კონტაქტებს ამყარებდნენ და მრავალი მათგანი სიხარულით მიესალმებოდნენ ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა თურქ-სელჩუკთაგან ახალ განმანათავისუფლებლებს.  ბუნებრივია, ჯვაროსნული მოძრაობის ბელადები მიესალმებდნენ იმ ოპტიმიზმს, რომლითაც მათ სომხური სახელმწიფოების მოსახლეობა ეგებებოდა და მათთან კავშირის სტრატეგიულ სარგებელს კარგად აცნობიერებდნენ.  ამგვარად, მათი თანამშრომლობა ურთიერთ-სასარგებლო იყო.  ჯვაროსნები შემდეგ გეგმებს ისახავდნენ: ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიების განთავისუფლება მათი შემდგომი ათვისების მიზნით. ამ გეგმების რეალიზაციისთვის, მათ, პირველ რიგში, აუცილებლად სჭირდებოდათ კონტაქტების დამყარება ადგილობრივ ქრისტიანებთან, რომელთა შორისაც სომხებიც იყვნენ.

საინტერესოა, რომ პირველ სომხურ სანთავროებს, რომლებთანაც ჯვაროსნებმა ურთიერთობის დამყარება დაიწყეს, იყვნენ სამთავროები, რომლებიც ქალკედონიტი სომხების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. აქამდე, მკვლევრები ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდნენ.  ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ჯვაროსნების პირველი კონტაქტები მართლმადიდებელ სომხებთან შემთხვევითი არ იყო.  ჯვაროსნები მშვენივრად აცნობიერებდნენ, თუ რა რისკზე მიდიოდნენ, როდესაც ისლამური სამყაროს წინააღმდეგ საპასუხისმგებლო და რთულ ლაშქრობებს აწყობდნენ.  მათი წინამძღვრები წინდახედული ადამიანები იყვნენ და სავარაუდოდ ელემანტარული სტრატეგიის წესები მათ მათთან კონფესიურად ახლოს მყოფ ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებთან (მართლმადიდებლებთან) ურთიერთობის დამყარებას აიძულებდა.  თუმცა კი, ჯვაროსნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ამ ქრისტიანებში ერეტიკოსებს ხედავდა [1], რომის ეკლესიის წარმომადგენლები და თავად პონტიფიკოსი, რომელმაც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დალოცა, განსხვავებულად ფიქრობდნენ [2]. ახლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მოსახლეობას შეადგენდნენ ბერძნები, ქალკედონიტი სომხები (რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენდნენ) და მელქიტი სირიელებისა და ქართველების (ძირითადად ბერ-მონაზვნური) თემები, რომლებიც რიცხობრივად ნაკლებ თემს წარმოადგენდნენ.  ახლო აღმოსავლეთში, ბერძნებისგან (რომელთა მიწებიც მუსულმანებს დაეპყროთ) განსხვავებით, ქალკედონიტ სომხებს რამდენიმე სამთავრო ჰქონდათ.  ეს მიწები ჯვაროსნებისთვის იქცა იმ საყრდენ პუნქტად, სადაც მათ დამკვიდრება და სხვა ქრისტიანებთან, მათ შორის, ანტი-ქალკედონიტ სომხებთან, ურთიერთობის დამყარება შეძლეს,  მით უმეტეს, რომ ქალკედონიტი სომხების სამთავროებში ანტი-ქალკედონელების (სომხებისა და სირიელების) თემები საკმაოდ მრავალრიცხოვნი იყო.

უნდა ითქვას, რომ ანტი-ქალკედონიტი სომხები, თავიანთი ავტოკეფალური ეკლესიით, რომთან ლიტურგიულ კავშირში არ იყვნენ [3] და ლათინელებისთვის უცხო კონფესიას წარმოადგენდნენ, ხოლო  ახლო აღმოსავლეთის ქალკედონიტი სომხები ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდნენ [4] და ამიტომ, მათ მიწებზე მოსულ ჯვაროსნებთან ერთობაში იყვნენ. საინტერესოა, რომ რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის განხეთქილება (1054 წ.) ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანებს შორის ურთიერთ-დამოკიდებულებაზე მცირედ აისახა.  ჯვაროსნები მართლმადიდებელ ტაძრებსა და მონასტრებში ეზიარებოდნენ, ხოლო იერუსალიმში ლათინური საპატრიარქოს შექმნის (1099 წ.) და ანტიოქიის საპატრიარქოს რომის საპატრიარქოსადმი დამორჩილების, ასევე, დაპყრობილ ოლქებში (ბეთლემი, ტირი, კესარია, ნაზარეთი და სხვა ქალაქები) ახალი საეპისკოპოსოების გაჩენის შემდეგ, დიდ მონასტრებიანი მართლმადიდებელი ეპარქიები რომის ეკლესიის მორჩილებაში გადავიდნენ.  მართლმადიდებელი სომხების რომის საყდართან საეკლესიო ურთიერთობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში, იმ პერიოდში, როდესაც მართლმადიდებელი სომხების საეკლესიო ორგანიზაციები ემორჩილებოდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, რომელიც რომის კათედრასთან ლიტურგიურ ურთიერთობას ინარჩუნებდა.  VII საუკუნეში, ჩნდება მოწმობები, რომ  ლათინური ეკლესიას ჰქონდა უშუალო კონტაქტები ქალკედონიტ სომეხთა კლირიკოსებთან, რომლებიც პირდაპირ რომის პონტიფიკოსს ემორჩილებოდნენ.  ამის მაგალითია, რომის წმინდა რენატეს მონასტერი, რომელიც ქალკედონიტ სომხებს ეკუთვნოდა და „სომეხთა სავანე“ ეწოდებოდა.  ეს მონასტერი ლატერანის კრების დოკუმენტებშია ნახსენები ( 649 წ.) [5]. აღარაფერს ვამბობთ წმინდა სომეხ მქადაგებლებზე, რომლებიც იტალიაში ან რომის საყდრის კანონიკურ ტერიოტრიაზე იღწვოდნენ და რომელთა კანონიზაციაც რომის ეკლესიამ მოახდინა. მათგან ყველაზე ცნობილნი არია: გრიგოლ მაკარე [6], მაკარე გენტელი [7], სვიმეონ სომეხი [8], დავინუს ლუკიელი [9] და გრიგოლ ეპისკოპოსი [10]. ამგვარად, ლათინური სამყარო მართლმადიდებელ სომხებს პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დიდი ხნით ადრე იცნობდა და ამ ურთიერთობების ტრადიცია ადრეული შუასაუკუნეებიდან მოდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ლათინელთა პირველი კონტაქტები ახლო აღმოსავლეთის სომხებთან განეკუთვნება ბიზანტიელი მხედართმთავრის, ქალკედონიტი ფილარეტ ვარაჟნუნის, დროს. იგი (ბიზანტიური) აღმოსავლეთის დომესტიკოს სქოლის ტიტულს ატარებდა, რომელიც 1071 წელს იმპერიას გამოეყო და 1078 წლამდე კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა თავის ქალკედონიტ სომეხ (და ნაწილობრივ ქართველ) ოფიცერთა კორპუსთან ერთად [11]. ვარაჟნუნის სამსახურში დაქირავებული 800-ნი ფრანკების კორპუსი იდგა, რომლის სათავეში „გრაფი რმბაგატი“ (სომხ. «կոմսն Ռմբաղատն», ფრანგ. Raimbaud) იდგა[12], რომელიც მისი (ფილარეტის) ჯარის ბირთვს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში სომეხთა და ლათინელთა ურთიერთკავშირების გამომხატველებად ქალკედონიტი სომხები გამოდიოდნენ. სხვა თუ არაფერი, მართლმადიდებელმა სომხებმა ამ ურთიერთკავშირებს საფუძველი ჩაუყარეს.

ფილარეტ ვარაჟნუნის ყოფილი მხედართმავრის, ტოროს ხეთუმიდის, ედესური სამთავრო [13] იყო ქალკედონიტი სომხების პირველი სამთავრო, რომელშიც ჯვაროსნები შევიდნენ.  ამ მოვლენების წინა ისტორია ამგვარად გამოიყურება.

ფილარეტ ვარაჟნუნის სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ედესა თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა.  სირიელმა სულთანმა ტუტუშმა (1074-1095 წწ.) ედესა 1094 წლის ზაფხულში დაიპყრო და ქალაქის მმართველად დანიშნა ტოროსი [14], ვინმე ხეთუმის ვაჟი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ბიზანტიელებთან მსახურობდა და ფილარეტ ვარაჟნუნის შუამდგომლობით მათგან მელიტინის მართველად დაინიშნა.  ამავე დროს, ედესაში თავისი კონტროლის გასაძლიერებლად, ტუტუშმა ქალაქის ციტადელში სელჩუკთა გარნიზონი განალაგა [15]. ამავდროულად, ქალაქში მოქმედებდა თორმეტი კაცისგან შემდგარი ე.წ. „იშხანთა საბჭო“ , რომელსაც ედესის მოსახლეობა ყურს უგდებდა  [16].

1095 წელს ტუტუში დაიღუპა, რის შემდეგაც თურქები ქალაქიდან გააძევეს.  ედესა, მისი მიმდებარე ტერიტორიებით, იქცა ავტონომურ ოლქად, რომელსაც მეთაურობდნენ ტოროსი და „თორმეტი იშხანის საბჭო“. თუმცა, ედესაში ცუდად შენახული წარწერა, რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წინა პერიოდს ეხება, ბიზანტიის იმპერატორს ალექსი I კომნინს (1081-1118 წწ.) ახსენებს და ქალაქის თურქთა ბატონობისგან განთავისუფლებას იუწყება.    ა. პ. კაჟდანს, აღნიშნულმა გარემოებამ იმის დასკვნის საშუალება მისცა,  რომ ედესის დამოუკიდებლობას ტოროსმა ბიზანტიელთა მხარდაჭერით მიაღწია, რისი ნათელი დასტურიცაა ტოროსის ტიტული – „კურაპალატი“.  ამის გარდა, აღნიშნული იმაზეც მოწმობს, რომ ტოროსი, მთელი ალბათობით, იმპერატორ ალექსი I-ის სუზერენი იყო [17]. ასევე, ე. ჰონიგმანი მიიჩნევს, რომ ტოროსი ავტონომური იყო, მაგრამ მოგვიანებით იმპერიამ იგი ედესის მმართველად აღიარა და კურაპალატის ტიტული უბოძა[18].

განდევნილმა თურქებმა დასახმარებლად სუქმან იბნ ართუკს და სამოსატის ემირს, ბალდუკს, მოუწოდეს.  მუსლიმთა კოალიციამ ედესას მალევე ალყა შემოარტყა. ალყა მძიმე იყო, მაგრამ ტოროს კურაპალატმა არ დათმო ქალაქი.  მან რიდვანის, ალფ-ილეკის და იაგა-ზიანის შეტევები წარმატებით მოიგერია  [19]. ტოროსს ესმოდა, რომ სელჩუკთა ალყაში მისი სამთავრო დიდხანს ვერ გაძლებდა.  კურაპალატი მთელი ძალისხმევით ეძებდა მალიქ რიდვანთან და რუმის სულთან კილიჩ-არსლან I-თან (1086-1107 წწ.) დაპირისპირებაში მოკავშირეებს [20]. უკანასკნელი ცდილობდა მელიტინის დამორჩილებას, რომელიც ქალკიდონელი არისტოკრატ გაბრილეს, ტოროსის სიმამრის, მეთაურობის ქვეშ იყო.  შედეგად, ტოროსი იძულებული გახდა, სულთანი ალფ-ილეკი მოეწვია თავისთან [21]და მისთვის სამთავროზე ნომინალური ძალაუფლება გადაეცა (მათი შეხვედრა მელიტინაში შედგა). მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს მის გეგმებში არ შედიოდა, ალფ-ილეკმა ტოროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ უკანასკნელმა ემირს დაასწრო და იგი თავის სიძეს, გაბრილეს მოაწამლინა.  ტოროსი კვლავ მარტოობაში აღმოჩნდა და ახალი მოკავშირეების ძებნა დაიწყო.  ამასთან, ბიზანტია მას არსებით დახმარებას ვერ უწევდა, რადგან დასავლეთში აქტიურ ომებს აწარმოებდა და აღმოსავლეთის მიმართულებით თავისი ძალების კონცენტრირების შესაძლებლობა არ ჰქონდა.  აშკარად, საკუთარი მდგომარეობის გაძლიერებისა და თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში მოკავშირეების პოვნის სურვილმა აიძულა ტოროსს ჯვაროსნებს მისალმებოდა [22].

მცირე აზიის ტერიტორიაზე სელჩუკებთან ბრძოლაში ჯვაროსანთა წარმატებებმა ადგილობრივ ქრისტიანებს ოპტიმიზმი ჩაუნერგა.  სომხები ლათინელებს აქტიურად ეხმარებოდნენ, ასრულებდნენ რა ადგილზე გამცილებლების როლს და ამარაგებდნენ მათ პროვიზიითა და ყოველივე აუცილებლით.   რაც შეეხება ედესას, ამ ქალაქის ხელსაყრელმა მდებარეობამ მოსახერხებელ პლასდარმად აქცია ის თურქებთან ბრძოლაში, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ჯვაროსანთა არჩევანზე [23].

ტოროსმა შეიტყო ჯვაროსნების მიერ რავენდანის და თელ-ბაშირის აღების თაობაზე და ჯვაროსანთა ჯარების მეთაურ, გრაფ ბალდუინ ბულონელს, ელჩები მიუვლინა და თავისთან მოიწვია, რათა გრაფს მისთვის სელჩუკებთან ბრძოლაში დახმარება აღმოეჩინა [24]. ეს მოვლენები 1097-1098 წლების ზამთრით თარიღდება. როგორც მათე ედესელი იუწყება, „კურაპალატ ტოროსმა გრაფთან დიდი (მრავალი) მოყვრობა და კავშირი დაამყარა, ბევრი საჩუქარი მისცა მას“ [25]. ამავდროულად, ტოროსი ბალდუინში მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულს ხედავდა [26], თუმცა, ბულონელმა გრაფმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ტოროსს არა მხოლოდ ქალაქში დაქირავებული ჯვაროსნების დატოვება, არამედ თავისი შვილად აყვანა და თანამმართველად აღიარება აიძულა [27].

გახდა რა თანამმართველი, ბალდუინმა თავისი ახლად შეძენილი ტერიტორიების სელჩუკთაგან განთავისუფლება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ედესაში კონსტანტინე გარგარის (ან კარკარის) სომეხი თავადი ჩამოვიდა, ბალდუინმა შეკრიბა ჯარი, რომელიც ჯვაროსნებისა და ადგილობრივი სომეხი მეომრებისგან შედგებოდა და დაესხა (1098 წლის 9 თებერვლიდან 14-ის ჩათვლით) სამოსატს, რომლის ემირი იყო ბალდუკი.  სამოსატში ჰყავდათ ქრისტიანი მძევლები – ედესის სომეხ იშანთა შვილები. ეს კი ლაშქრობის კიდევ ერთი მიზეზი გახდა [28]. თუმცა, სომხურ-ლათინური შეტევა ჩავარდა. თურქებმა საგრძნობი მარცხნი განაცდევინეს ქრისტიანებს, რომლებმაც დაახლოებით ათასი მეომარი დაკარგეს, ლაშქრობის წინამძღოლები კი – ბალდუინი და კონსტანტინე – იძულებულნი გახდნენ ედესაში ტოროსთან დაბრუნებულიყვნენ.  სამოსატთან მარცხმა ტოროსის პოპულარობის კლება მოიტანა [29].

რთული ვითარება, რომელშიც ედესის მმართველი მისი დამოუკიდებლობის დროს აღმოჩნდა, აიძულებდა მას, რომ არაპოპულარული ზომებისთვის მიემართა. ტოროსი იძულებული იყო, რომ სელჩუკთა წნეხისგან თავი გამოესყიდა ოქროთი და ძვირფასეულობებით, ეს ყველაფერი კი ხდებოდა გადასახადების ზრდის ხარჯზე, რომლებიც იზრდებოდა როგორც მოსახლეობის დაბალი ფენებისთვის, ისე ედესის ელიტისთვის [30]. სამოსატთან დამარცხებამ „ცეცხლში ზეთი დაასხა“ და ედესის ელიტაში, რომლის სათავეშიც იდგა „თორმეტი იშხანის საბჭო“, კურაპალატის წინაარმდეგ შეთქმულება გაჩნდა.  შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე გარგარელმაც თავისი გარემოცვით.  შეთქმულებმა გადაწყვიტეს, რომ ნელი და მოხუცებული ტოროსი ახალგაზრდა და ძალით სავსე ბალდუინით შეეცვალათ.  სავარაუდოდ, ტოროსის წინააღმდეგ შეთქმულების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ სამოსატთან მნიშვნელოვანი დანაკარგები ზუსტად რომ სომეხმა მეომრებმა განიცადეს, მაშინ, როდესაც ჯვაროსნებს შორის დანაკარგები უმცირესი იყო [31]. მათე ედესელი გვამცნობს, რომ „ამ დღეებში, ორმოცი ადამიანი შეეკრა ერთმანეთ იუდას შეთქმულებაში. ღამით ისინი გრაფ ბალდუინთან, გრაფ გოტფრიდის ძმასტან, მივიდნენ, და შეიყოლიეს ის თავიანთ ბოროტ ზრახვებში და დაპირდნენ მას ედესის მიცემას.  ამ უკანასკნელმა მათი ბოროტი ზრახვა მოიწონა.  მათ სომეხთა თავადი კონსტანტინეც შეიყოლიეს და დიდი მარხვის მეხუთე კვირას ქალაქის მთელი ბრბო აწიეს ტოროს კურაპალატის წინააღმდეგ“ [32]. 1098 წლის 9 მარტს, ედესაში აჯანყებამ იფეთქა და „კვირას, მათ ყველა მისი (ტოროსის) იშხანის სახლი დაარბიეს და ზემო ციხე-სიმაგრე დაიპყრეს, ორშაბათს კი შეიკრიბნენ  და დაესხნენ თავს ქვემო ციხე-სიმაგრეს, სადაც ტოროსი იმყოფებოდა და სასტიკი ბრძოლა მისცეს მას. იმყოფებოდა რა გამოუვალ მდგომარეობაში, [ტოროსი] მათ სთხოვდა, რომ [მათ] მისთვის ხელი არ ეხლოთ და დაპირდა ციხე-სიმაგრის, ქალაქის ჩაბარებას და თავის ცოლთან ქალაქ მელიტინაში წასვლას“, ეჭვგარეშე, თავის სიმამრთნა, დუკსა და სევასტი გაბრიელთან.  მათეს თანახმად, ბალდუინმა საშინელი ფიცები მოიტანა [33], რის შემდეგაც ტოროსმა გადასცა გრაფს სრული მმართველობა ქალაქით. თუმცა, საქმეში მოქალაქები ჩაერთვენენ და 9 მარტის საღამოს, „სამშაბათს, ორმოცი წმინდა მოწამის დღესასწაულს, მოქალაქეები, შეიკრიბნენ რა, სასტიკად დაესხნენ თავს (ტოროსს), ხანჯლებით და ხელკეტებით ჩამოაგდეს [ის] (ციხე-სიმაგრის) კედლიდან უზარმაზარ ბრბოში, რომელიც, როგორც ერთი, დაესხა მას, ხანჯლებით მრავალი დარტყმა მიაყენა და მტანჯველ სიკვდილს მისცა. მათ ღვთის წინაშე დიდი ცოდვა ჩაიდინეს.  შეუკრეს რა ფეხები თოკით, [ისინი] სამარცხვინოდ დაათრევდნენ მას ქალაქის მოედანზე.  ამ დღეს ისინი გახდნენ ფიცის დამრღვევნი„ [34].

ლათინური და სომხური ქრონიკების შედარებისას ცხადი ხდება, რომ ლათინელი ქორონიკოსები ბალდუინის გამართლებას ცდილობდნენ.   ეს იყო პატივმოყვარე და პრაგმატული ადამიანი, რომელიც ედესაში თავის საკუთარ პოლიტიკას ატარებდა.  გაიგო რა შეთქმულების შესახებ, მან შემდგომში მოიწონა იგი, თუმცა, უშუალოდ თავად მასში მონაწილეობა არ მიიღო, გადაწყვიტა რა დალოდებოდა ჩანაფიქრის შედეგს და მერე კი, შედეგიდან გამომდინარე, მიმხრობოდა გამარჯვებულ მხარეს [35].

გვიბერტ ნოჟანელისგან და ალბერტ ააჰენელისგან განსხვავებით, რომლებიც ტოროსის გადარჩენის მცდელობებს ახსენებენ [36], მათე ედესელი ამის შესახებ არაფერს ამბობს. ასე თუ ისე, მაგრამ იმ მომენტზე, ედესის მოსახლეობას შორის ბალდუინის, როგორც თურქებთნ მებრძოლის პოპულარობა, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი იყო და ბულონელ გრაფს სავსებით შეეძლო კურაპალატის სიცოცხლე გადაერჩინა.  არ არის ცხადი მხოლო ერთი – მან ეს ვერ გააკეთა, თუ არ მოინდომა.  უფრო სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ ალფ-ილექის სიკვდილის შესახებ მონათხრობს გავიხსენებთ, რომ ბულონელმა გრაფმა ეს არ მოისურვა [37]. ნამეტანი არახელსაყრელი იყო ედესის ყოფილი კურაპალატის ცოცხლად დატოვება.

ედესა იყო პირველი სომხური სამთავრო, რომელიც გადავიდა ჯვაროსანთა მმართველობაში, რომლის სათავეშიც იდგა ქალკედონიტი ტოროს ხეთუმიდი და მასთან დაახლოებული თავადები, დიდი ალბათობით ასევე ქალკედონიტები, რომელთა სახლებიც, მათეს თანახმად, კურაპალატის მომხრეებიმა დაარბიეს.

შემდეგი სამთავრო, რომელსაც ჯვაროსნები მიადგნენ, მდებარეობდა კილიკიაში, ცენტრით ქალაქ მარაშში, სადაც მმართველი იყო ტატული ბაკურიანის ძე (ბერძ. Πακουριανος) [38], რომელიც, ალბათობით, ასევე, ფილარეტ ვარაჟნუნის წრიდან გამოვიდა [39].

მათე ედესელი ყვება, რომ დაახლოებით 1100 წელს, მარაშში ბიზანტიელთა გარნიზონის მეთაური იყო ტატული „თავადთა თავადი … რომალეთა მეფის, ალექსის, ხელქვეით“ [40]. ჯვაროსნებმა სელჩუკებს მარაში წაართვეს და იმპერატორ ალექსი კომნინს გადასცეს, რომაელთა და ლათინელთა შორის ბიზანტიელი ვასილევსის ძალაუფლებაში ქალაქების გადაცემის შესახებ შეთანხმების თანახმად.  ვ. პ. სტეპანენკო თვლის, რომ სელჩუკთა პერიოდში, მარაში გარკვეულ ავტონომიას ფლობდა, როგორც ედესა და მელიტინა. ბიზანტიელებს ის 1099 წელს გადაცა, რასაც მათე ედესელი და ანა კომნინა ადასტურებენ [41]. როდესაც ბიზანტიელი პროტონოველისიმი ტატული იმპერატორ ალექსის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, ისიც ინარჩუნებდა ავტონიმიას, რაც ტატულის ტიტულიდან ჩანს – „თავადთა თავადი“ (ბერძნ. „άρχοντος των αρχόντων“). თუმცა, ბიზანტიელებსა და ჯვაროსნებს შორის მალევე დაწყებული უთანხმოებების შედეგად, ამ უკანასკნელებმა დაიწყეს ამ ტერიტორიებზე პრეტენზიების გამოხატვა.  შედეგად, ბომუნდმა, ანტიოქიის თავადმა, ალყა შემოარტყა მარაშს, სადაც გამაგრდა ტატული თავისი გარნიზონით.  ბოემუნდმა ტატულს ქალაქის დათმობა მოსთხოვა, მაგრამ ტატულმა, „… თავადთა თავადმა არაფრად ჩააგდო მისი (ბოემუნდის) ომი, რადგან მამაცი კაცი და მეომარი იყო და ქალაქ მარაშში მრავალ აზატთან ერთად იმყოფებოდა, ბოემუნდი კი მარაშის მდელოზე ბანაკით იდგა და მთელი გარშემო ოლქი დაიმორჩილა“ [42]. ამავე დროს, სებასტიის ემირმა მელიქ დანიშმენდმა შემოავლო ალყა ქალკედონიტი სომეხის – გაბრიელ მელიტენელის – სამთავროს. რომელიც იყო ფილარეტ ვარაჟნუნის ყოფილი მხედართმთავრი და მოკლული ტოროს ხეთუმიდის სიმამვრი[43].

მარაშის ალყის პერიოდში, გაბრიელმა ბოემუნდს დახმარება სთხოვა და მელიტინის გადაცემას დაპირდა.  გაუგებარია, რითი დამთავრდებოდა მარაშის ალყა, ბოემუნდს რომ არ მოეხსნა იგი და  გაბრიელის დასახმარებლად არ წასულიყო.  ჯვაროსნლებისა და სელჩუკების შეტაკებაში ამ უკანასკნელებმა გაიმარჯვეს.  1100 წლის დაახლოებით 15 აგვისტოს, ბოემუნდი და მისი ნათესავი როჟერი ტყვედ ჩავარდნენ [44]. მიქაელ სირიელის თანახმად, ეს გაბრიელის პოლიტიკის გამო მოხდა. გაბრიელი ბოლო მომენტამდე ორგულობდა – ერთის მხრივ, მას ბოემუნდის ნამეტანად დიდ პრეტენზიების ეშინოდა, მეორეს მხრივ კი, თურქ-სელჩუკების [45]. გაბრიელს მშვენივრად ესმოდა, რომ თურქთა ბატონობას ვერ გაუძლებდა.  ასე თუ ისე, მას ჯვაროსნებთან კავშირი ესაჭიროებოდა.  ამ მხრივ, უფრო წარმატებული აღმოჩნდა, იმ დროს ჯერ კიდევ ედესის გრაფის, ბალდუინ ბულონელის ლაშქრობა მელიტინაში. მან ემირს მელიტინიდან ალყის მოხსნა აიძულა [46]. გაბრიელმა იგი თავის სუზერენად აღიარა. მელიტინაში გრაფმა დატოვა მცირე გარნიზონი, რომელიც 50 რაინდისგან შედგებოდა [47], ხოლო მისმა მემკვიდრემ, გრაფმა ბალდუინ დე ბურკმა, გაბრიელის ქალიშვილი – მორფია – შეირთო ცოლად [48]. გაბრიელის მოქმედებებს იგი ჯვაროსნებთან უფრო მჭიდრო უნდა შეეკრა და მისი პოზიციები სამთავრო ქალაქის როგორც შიგნით, ისე გარეთ უნდა გაემაგრებინა. თუმცა, ბალდუინ დე ბურკმან (რომელმაც ვერ შეძლო ან არ მოისურვა თავისი სიმამრის დახმარება) ვერ იხსნა იგი 1103 წელს ტრაგიკულად დაღუპვისგან.

გაბრიელ მელიტენელი ბიზანტიური კულტურის ადამიანი იყო [49] ისევე როგორც სხვა ქალკედონიტი სომხები, რომლებიც ფილარეტ ვარაჟნუნის კართან იყვნენ დაახლოებულები  (რომელიც, არ დაგვავიწყდეს, ბიზანტიელი დომესტიკ სქოლის თანამდებობაზე იყო). სხვა ქალკედონიტი სომხების მსგავსად, გაბრიელი ბერძნულ და სომხურ თვისებებს ატარებდა: ლათინელი ქორონიკოსის, გიომ ტირელის, თანახმად, გაბრიელი აღმსარებლობით ბერძენი, ენობრივად და ადათ-წესით კი სომეხი იყო [50]. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მელიტინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტი-ქალკედონელებისგან შედგებოდა (სირიელები და სომხები), რომლებსაც ქალკედონიტი მმართველი სძულდათ და ეს სიძულვილი ორმხრივი იყო [51]. ანტი-ქალკედონიტი სამღვდელოება ამ შუღლს აქტიურად უჭერდა მხარს [52]. გაბრიელს მხოლოდ ქალაქის მართლმადიდებელ მოსახლეობაზე შეეძლო დაყრდნობა (ბერზნებსა და ქალკედონიტ-სომხებზე). ქალკედონიტი მმართველისა და მისი ქვეშევრდომების ორმხრივი სიძულვილი სისხლიან რეპრესიებსა და ძალადობაში გამოიხატა. კერძოდ, გაბრიელის ბრძანებით მოკლეს მელიტინის სირიელი ანტი-ქალკედონელი ეპისკოპოსი [53]. ყოველივე ამან ქალაქის ლაშქრობაში უკმაყოფილება გამოიწვია და გაბრიელის მეომართა ღალატი მოიტანა. სელჩუკთა ახალი ალყისას, მეომრებმა ქალაქის დაცემას ხელი შეიწყვეს. 1103 წლისთვის, დაუღალავი დანიშმენდის თურქ-სელჩუკებმა მელიტინა აიღეს, გაბრიელი კი, ქალაქის ალყის დროს, ტყვედ ჩავარდა.  თურქებმა საშინლად აწამეს იგი და დასაგლეჯად მისცეს ანტი-ქალკედონიტელთა ბრბოს, რომელმაც თავს ლაფი დაასხა თავის ქალკედონიტ მმართველს და ახალი ტაჯნვა მიაყენა მას.  ბოლოს, მუსლიმებმა გაბრიელი მოკლეს და მისი გვამი ძაღლებს მიუგდეს.

ამავე დროს (1103 წ.), ბიზანტიელებსა და ჯვაროსნებს შორის საერთო ახლო აღმოსავლური ნეგატიური პოლიტიკის ფონზე, ტატულ მარაშელისა და ჯვაროსნების ურთიერთობები გამწვავდა. ბიზანტიის იმპერია ანტიოქიურ სამთავროს ეომებოდა ვაკე-კილიკიისთვის. ჯვაროსნები ძლიერდებოდნენ, ტატულს კი ბიზანტიის დახმარების იმედი არ ჰქონდა.  ამავე დროს, ჟოსლენ დე კურტენემ, ედესის გრაფის, ბალდუინ ბურგელის ნათესავმა, უკანასკნელისგან თელ-ბაშირი და მარაშის მიმდებარე ციხე-სიმაგრეები მიიღო.  ამან ტატულს ფატალური შედეგი მოუტანა.  1104 წლის დასაწყისისთვის, იგი იძულებული იყო, მთელი სამთავრო ჟოსლენ დე კურტენესთვის გადაეცა, თავად კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც (სიგილოგრაფული მონაცემების წყალობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ) ტატულმა  ბიზანტიის სამსახურში კარიერა 1104-1105 წლების შემდეგაც განაგრძო[54]

მთელი ალბათობით, საკვლევი პერიოდის ქალკედონიტ თავადებს შორის ფილარეტ ვარაჟნუნის ვაჟებიც იყვნენ.  მათ შესახებ ცნობები მეტად მწირია.  ანონიმური სირიული ქრონიკა (1234 г.) გვაუწყებს, რომ: „ქრისტიანები, დომესტიკოს ფილარეტის ვაჟები, მარაშსა და შავ მთას ფლობდნენ“ [55]. როგორც ჩანს, საუბარია 1098 წლის ივნისიდან (ტოროს ხეთუმიდის მკვლელობის შემდეგ) 1099 წლის ივლისამდე (ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღება) პერიოდზეა.  ამგვარად, ფილარეტის ვაჟებს შეიძლებოდა ჰქონოდათ რაღაც პოლიტიკური კონტაქტები ჯვაროსნებთან, რომელთა წყალობითაც მარაში მუსლიმებისგან გაანთავისუფლეს და ბიზანტიელებს გადასცეს (1099 წ.) თავადთა-თავადის ტატულ ბაკურიანისძის სახით (მუსლიმებს, სავარაუდოდ, ფილარეტის ვაჟები ემორჩილებოდნენ). როგორც ჩანს, ბიზანტიელთათვის მარაშის გადაცემის შემდეგ, ფილარეტის ვაჟების ძალაუფლება მხოლოდ შავი მთის რაიონზე ვრცელდებოდა, სადაც, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ქალკედონიტი სომეხი ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ [56].

აღსანიშნავია, რომ ტოროს ხეთუმიდსა და გაბრიელ მელიტინელს ერთი ბედი ეწია.  ტოროსი და გაბრიელი ფილარეტ ვარაჟნუნის ოფიცრები და მისი ერთმორწმუნეები იყვნენ.   ტოროსმა და გაბრიელმა გარკვეული დროით აღიარეს სელჩუკთა ძალაუფლება, შემდეგ კი, გააძევეს რა ქალაქის ციხე-სიმაგრიდან თურქთა გარნიზონი, ბიზანტიაზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ არქონტებად იქცნენ. გაბრიელივით, ტოროსიც საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობდა ერთის მხრივ თავს ქალაქის შიგნით არსებულ ანტი-კალედონელი მოსახლეობის შუღლის, მეორეს მხრივ კი სელჩუკთა თავდასხმების ფონზე.  გაბრიელივით, ტოროსიც ეძებდა ჯვაროსნებთან კავშირს.  გაბრიელისა და ტოროსისადმი მოსახლეობის სიძულვილმა ხელი შეუწყო მათთვის ძალაუფლებისა და სიცოცხლის დაკარგვას. კილიკიასა და ჩრდილოეთ სირიაში ქალკედონიტ სომეხ არისტოკრატებს (რომლებიც ბიზანტიამ დააყანე ან რომლებიც ბიზანტიაზე იყვნენ ორიენტირებულნი) მხოლოდ ბერძნები და ქალკედონიტი სომხები უჭერდნენ მხარს.  მათ იმპერიის დახმარების იმედი შეეძლოთ ჰქონოდათ, თუმცა ეს დახმარება ხშირად საკმაოდ ეპიზოდური იყო, რადგან აღმოსავლეთსა და დასავლეთში ომებით დაკავებული ბიზანტია თავის ქვეშევრდომებს ყოველთვის ვერ ეხმარებოდა [57]. ზუსტად ეს მხარდაჭერა აკლდა ტატულ მარაშელს, ტოროს ედესელს და გაბრიელ მელიტინელს [58], რომლებიც მუსლიმთა ალყაში აღმოჩნდნენ, ანტიქალკედონელი სომეხი არისტოკრატები კი მათთან მჭიდრო კავშირით თავს არ იწუხებდნენ, არამედ, პირიქით, მათ დაცემას შეუწყვეს ხელი, მაგალითად, ტოროს ხეთუმიდის წინააღმდეგ კონსტანტინე გარგარელის ედესურ შეთქმულებაში მონაწილეობით. რაც შეეხება ჯვაროსნებს, მათთვის ქალკედონიტი სომხები, მართალია, მოკავშირეები, მაგრამ მაინც ბიზანტიური, ლათინელებისთვის მტრული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ. გარდა ამისა, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროისათვის, ახლო აღმოსავლეთში, ქალკედონიტები ადგილობრივ მრავალრიცხოვან ანტი-ქალკედონიტებს შორის უკიდურესად არაპოპულარულ უმცირესობას შეადგენდნენ. ყველა ეს მიზეზი მართლმადიდებელ სომეხ არისტოკრატებს კატასტროფად მოუტრიალდა.   ქალკედონიტმა სომხებმა მსხვილი სანთავროები დაკარგეს (1098 – 1104 წწ.), რამაც ახლო აღმოსავლეთში მათი პოლიტიკური გავლენის დაცემას დაუდო სათავე. ამ მომენტიდან, მოცემული რეგიონის სომხურ-ქალკედონური ელემენტი კლებას განიცდის.  საინტერესოა, რომ ჯვაროსნებმა, წაართვეს რა მართლმადიდებელ სომხებს მათი სამფლობელოები, თავიანთი ყურადღება ანტიქალკედონიტ სომხების სამთავროებზე გადაიტანეს. ამ სამთავროებიდან მრავალმა დაკარგა თავიანთი ძველი მფლობელი, ხშირად, მათივე სიცოცხლის ფასად [59]. სომეხთა კონსოლიდაცია მხოლოდ კილიკიის სომხურმა სამეფომ შეძლო და მცირე აზიის ამ ნაწილში, გარკვეული დროით, შეძლო თავისი პოლიტიკური პოზიციების გამყარება. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი სომხები, რომლებიც ჯვაროსნებთან მჭიდრო კონტაქტში შევიდნენ, იყვნენ ქალკედონიტები, რომლებმაც იერუსალიმის სამეფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.   ამის ხსოვნა კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდა არდენ-ანჟუის დინასტიაში, რომელსაც განეკუთვნებოდნენ გაბრიელ მელიტინელის შთამომავლები – დედოფალი მორფია იერუსალიმელი და მისი სახელგანთქმული ქალიშვილი – დედოფალი მელისანდა [60].

 _ _ _ _ _

ილუსტრაციები:

  1. ედესის სომეხი იშხნები ბალდუინ ბულონელს თავიანთ მმართველად აღიარებენ.  ილუსტრირებული ხელნაწერი, გიომ ტირელის ქრონიკა, 1286 წ., ინახება საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, Ms. 9084, f. 42v.
  2. ტოროს ედესელის მკვლელობა.  ილუსტრირებული ხელნაწერი, გიომ ტირელის ქრონიკა, 1286 წ., ინახება საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, Ms.fr. 2630, f. 30v.

შემოკლ. სია:

АДСВ – Античная Древность и Средние века.

ВВ – Византийский Временник.

MPL. – Migne J.P. Patrologiae cursus completes. Series Latina.

RHC. Occ. – Recueil des historiens des croisades. Historiens Occidentaux.

წყაროები და ლიტერატურა:

Albert of Aachen. Historia Ierosolimitana: History of the Journey to Jerusalem / ed., trans. S.B. Edgington. – Oxford, 2007.

An Armenian Pilgrim in Medieval Italy. Cult and Iconography of St. Davinus of Lucca // Armenian Studies Today and Development Perspectives, atti del convegno internazionale (Erevan, 15-20 settembre 2003). – Erevan, 2004.

Anne Comnene. Alexiade. – Paris, 1934.

Armenia and the Crusades, tenth to twelfth centuries: the Chronicle of Matthew of Edessa / Tr. A.E. Dostourian. – Lanham, 1993.

Benedictine Monks of St. Augustines Abbey Ramsgate. Book of the Saints. – London, 1921.

Benedictine Monks of St. Augustines Abbey Ramsgate. Book of the Saints. – 2003.

Cahen C. La premiere penetration turque en Asie-Mineure // Byzantion. – 1948.

Cahen С. La Syrie du Nord a l’époque des croisades et la la principauto franque d’Antioche. – Paris, 1940.

Epistulae et chartae ad historiam primi belli sacri spectantes quae supersur aevo aequales ac genvinae. Die Kreuzzugsbriefe aus den Jahren 1088-1100. Ein Quellensammlung zur Geshichte der ersten Kreuzzugs / hrsg. H. Hagenmeyer. – Innsbruck, 1901.

Gravett C., Nicolle D. The Normans: Warrior Knights and their Castles. – Oxford, 2006.

Head T. Hagiography and the Cult of Saints. The Diocese of Orleans, 800-1200. – Cambridge, 1990.

Historia quae dicitur Gesta Dei per Francos edita a vemerabili Domno Guiberto, abbte monasterii Sanctae Mariae Novigenti // RHC. Occ. – Paris, 1879. – T. IV. III:14.

Honigmann E. Die Ostgrenze des byzantinischen Reiches von 363 bis 1071. – Bruxelles. 1961.

Kolmer L. Die Inschriften aus dem Grab des Bischofs Gregorius und die Herkunft der Baiern aus Armenien // Ostbaierische Grenzmarken. – 1986.

Laurent J. Des Grecs aux Croisés: Etude sur l’histoire d’Edesse entre 1071 et 1098 // Byzantion. – 1924. – T. I.

Mansi. -T. X. 903.

Michel le Syrien. Chronique. – Paris, 1905.

Runcimen S. A history of the Crusades. – Cambridge, 1951.

Southern R.W. The Making of the Middle Ages. – New Haven, 1953.

The First and Second Crusades from an Anonymous Syriac Chronicle / ed. A.S. Tritton, H.A.R. Gibb // Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland. – London, 1933.

Zacos G. Byzantine Lead Seals/ comp., ed. J.W. Nesbitt. – Bern, 1984. – № 464.

Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах Византийской империи (XI в.). – Ереван, 1980.

Арутюнова-Фиданян В.А. Повествование о делах армянских. (VII в.). – М., 2004.

Герд Л.А. Армяне и грузины в антиохийских монастырях XI в. (по «Тактикону» Никона Черногорца) // Русь и южные славяне. Сборник статей к 100-летию со дня рождения В.А. Мошина. – СПб., 1998.

Избранные жития святых, в европейских землях просиявших. – М., 2009.

Каждан А.П. Армяне в составе господствующего класса Византийской Империи в XI-XII вв. – Ереван, 1975.

Казарян О. Филарет Варажнуни и характер его отношений с национальной Армянской Церковью (1071-1086 гг.) [Электронный ресурс] / DEUSVULT.RU. – Электрон. дан. – [Б. м.], 2011. – Режим доступа: http://deusvult.ru/12-filaret-varazhnuni.html.

Марр Н.Я. Аркаун, монгольское название христиан в связи с вопросом об армянах-халкидонитах // ВВ. – СПб., 1906. -Т. 12.

Пападопуло-Керамевс А.И. Symbolai eis ten historian Trapezuntos // ВВ. – СПб., 1905, Вып. 12.

Ришар Ж. Латино-Иерусалимское королевство. – СПб, 2002.

Степаненко В.П. Государство Филарета Варажнуни (Врахамия). 1071-1086 // АДСВ. – Свердловск, 1975. – Вып. 12.

Степаненко В.П. Граф и ишханы Эдессы (кон. XI – пер. пол. XII вв.) // АДСВ. – Свердловск, 1988. – Вып. 24.

Степаненко В.П., Шандровская В.С. Татул и Пакурианы // АДСВ. – Свердловск, 2005. – Вып. 36.

Творения преподобного Максима Исповедника. – М., 1993.

Մատթէոս Ուռհայեցի. Ժամանակագրութիւն. – Վաղարշապատ, 1898.

Քրիստոնյա Հայաստան. – 2003. – հունվար Բ, թիվ 2 (142).

შენიშვნები:

*. ავტორი გულწრფელ და ღრმა მადლიერებას გამოხატავს ყველასადმი, ვინც, შეძლებისდაგვარად, მონაწილეობა მიიღო ამ თემის განხილვაში მის გამოქვეყნებამდე, განსაკუთრებით  ა. სტრელეცკის,  გ. ლიტვინოვს და ე. გურინოვს.

1. Epistulae et chartae ad historiam primi belli sacri spectantes quae supersur aevo aequales ac genvinae. Die Kreuzzugsbriefe aus den Jahren 1088-1100. Ein Quellensammlung zur Geshichte der ersten Kreuzzugs / hrsg. H. Hagenmeyer. Innsbruck, 1901. S. 161-165.

2. ეს იმ ფაქტიდან ჩანს, რომ მას მერე, რაც ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს (1098 წ.), ლათინელი სამღვდელოება ადგილობრივ მართლმადიდებლებთან კავშირში შევიდა. 1100 წელს, ანტიოქიის მართლმადიდებელი საპატრიარქო ლათინურად გარდაიქმნა, რის შედეგადაც, ყველა ანტიოქიური ეპარქია ლათინელთა მორჩილებაში აღმოჩნდა (Cahen С. La Syrie du Nord a l’époque des croisades et la la principauto franque d’Antioche. Paris, 1940. Р. 535).

3. დვინის მეორე კრებაზე, 554 წელს, სომხურმა ეკლესიამ ქალკედონის კრება ოფიციალურად დაგმო და რომის, კონსტანტინოპოლის და ქალკედონური ტრადიციის სხვა საპატრიარქოებთან კავშირი გაწყვიტა, რითიც მსოფლიო კონსენსუსს გამოეყო (Арутюнова-Фиданян В.А. Повествование о делах армянских. (VII в.). М., 2004. С. 169-171, 237-238).

4. Марр Н.Я. Аркаун, монгольское название христиан в связи с вопросом об армянах-халкидонитах // ВВ. СПб., 1906. Т. 12. С. 36-37.

5. ლატერანის კრების მონაწილე იყო წმ. რენატეს მონასტრის წინამძღვარი (აბატი), თალასიუსი (Mansi. T. X. P. 903; Творения преподобного Максима Исповедника. М., 1993. Кн. I. С. 52-53).

6. ნიკოპოლის ეპისკოპოსის და ორლეანის მქადაგებლის, გრიგოლის, სიკვდილი 1010 წლით თარიღდება. (Head T. Hagiography and the Cult of Saints. The Diocese of Orleans, 800-1200. Cambridge, 1990. Р. 78-79, 262-265; ქრისტიანული სომხეთი. 2003, იანვარი 2, № 2 (142) (Քրիստոնյա Հայաստան. 2003, հունվար Բ, թիվ 2 (142), էջ 6).

7. გენტის ეპისკოპოსის, მაკარის, სიკვდილი 1012 წლით თარიღდება. (Избранные жития святых, в европейских землях просиявших. М., 2009. C. 22-25; Book of the Saints. London, 1921. P. 172).

8. იტალიელი მოღვაწის, ბენედიქტელი სიმეონ სომეხის სიკვდილი 1016 წლით თარიღდება (Benedictine Monks of st. Augustines Abbey Ramsgate. Book of the Saints. 2003. Р. 245; Southern R.W. The Making of the Middle Ages. New Haven. 1953. Р. 70).

9. დავინუს ლუკიელის სიკვდილი 1051 წლით თარიღდება (An Armenian Pilgrim in Medieval Italy. Cult and Iconography of St. Davinus of Lucca // Armenian Studies Today and Development Perspectives, atti del convegno internazionale (Erevan, 15-20 settembre 2003). Erevan, 2004. P. 548-558).

10. ბავარიის ეპისკოპოს გრიგოლის სიკვდილი 1093 წლით თარიღდება (Kolmer L. Die Inschriften aus dem Grab des Bischofs Gregorius und die Herkunft der Baiern aus Armenien // Ostbaierische Grenzmarken. 1986. S. 13-20).

11. ფილარეტ ვარაჟნუნის და მისი სახელმწიფოს შესახებ იხ..: Степаненко В.П. Государство Филарета Варажнуни (Врахамия). 1071-1086 // АДСВ. 1975. Вып. 12. С. 86-103; Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах Византийской империи (XI в.). Ереван, 1980. С. 152-169; Казарян О. Филарет Варажнуни и характер его отношений с национальной Армянской Церковью (1071-1086 гг.). 2011. URL: http://deusvult.ru/12-filaret-varazhnuni.html (дата обращения: 21.03.2012).

12. Մատթէոս Ուռհայեցի. Ժամանակագրութիւն, Վաղարշապատ, 1898. Էջ 206-207. ეს „რმბაგატი“ იყო ვინმე ნორმანდიელი რაინდი Raimbaud , ანუ რემბო, რომელიც ფრანკ დაქირავებულებს მეთაურობდა ფილარეტ ვარაჟნუნის ჯარში. რემბო დაიღუპა ფილარეტ ვარაჟნუნისა და თორნიკე მამიკონიანის ომში (1072-1073 წწ.) (Gravett C., Nicolle D. The Normans: Warrior Knights and their Castles. Oxford. 2006. P. 63); Степаненко В. П. Государство Филарета Варажнуни (1071—1084/86 гг.) / В. П. Степаненко // Античная древность и средние века. Свердловск, 1975. Вып. 12. С. 88.

13. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 160, 176. ჟ. დედეიანი და ჟ. ლორანი ტოროსის მმართველობის  შესახებ წერდნენ: (Dedeyan G. Les Armeniens entre Grecs, Musulmans et Croises. Etude sur les pouvoirs Armeniens dans Le Proche-Orient Mediterraneen (1068-1150). 2003 T. II: De L’Euphrate au Nil: Le reseau diasporique. Lisbonne; Laurent J. Des Grecs aux Croisés: Etude sur l’histoire d’Edesse entre 1071 et 1098 // Byzantion. 1924. T. I. P. 367-449.

14. მათე ედესელი. ქრონოგრაფია. ვაღარშაპატი. 1898. С. 252 (Մատթէոս Ուռհայեցի. Ժամանակագրութիւն, Վաղարշապատ. 1898. Էջ 252). თუმცა, გიომ ტირელს მიაჩნდა, რომ ედესაში ტოროსი კონსტანტინოპოლმა დანიშნა (Migne J.P. Patrologiae cursus completus. Series latina. T. 201, Col. 301. AB).

15. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 176-177.

16. ედესის სამთავროს პოლიტიკურ სისტემაში „იშხანთა საბჭოს“ შესახებ იხ..: Степаненко В.П. Граф и ишханы Эдессы (кон. XI – пер. пол. XII вв.) // АДСВ. 1988. Вып. 24. С. 74-88.

17. Каждан А.П. Армяне в составе господствующего класса Византийской Империи в XI-XII вв. Ереван, 1975.С. 128-129. ს. რანსიმენის აზრით, როდესაც ტოროსი ხელისუფლებაში მოვიდა, მან მოახდინა „მისი ლეგიტიმაცია, როდესაც ალექსი კომნინისგან კურაპალატის მაღალი წოდება მიიღო“ (Runcimen S. A history of the Crusades. Cambridge. 1951. P. 196). ვ. პ. სტეპანენკოს აზრით, ტოროსი „ფაქტიურად … მეზობელ მუსლიმურ ემირატებს შორის ლავირებდა“. მისი სტატუსის ორმაგობა აისახა ტოროსის ბეჭდის წარწერამ („ემირი და კურაპალატი“, რომელიც აშკარად მოცემულ დროს განეკუთვნება). См.: Степаненко В.П., Шандровская В.С. Татул и Пакурианы // АДСВ. 2005. Вып. 36. С. 186.

18. Honigmann E. Die Ostgrenze des byzantinischen Reiches von 363 bis 1071. Bruxelles. 1961. P. 145.

19. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 177-178.

20. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ადრე, ტოროსის მსგავსად, თავიდ გაბრიელს ჰქონდა ორმაგი სტატუსი, რაც გაბრიელის ბეჭედში აისახება „ემირი, დუკა და პროტოკურაპალატი“,  რასაც გ. ზაკოსი 1090 წლით ათარიღებს. (Zacos G. Byzantine Lead Seals/ comp., ed. J.W. Nesbitt. Bern. 1984. № 464).

21. Cahen C. La premiere penetration turque en Asie-Mineure // Byzantion. 1948. P. 49, 56.

22. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 178-179.

23. Laurent J. Op. cit. T. I. P. 418-420.

24. Матфей Эдесский. Указ. cо. С. 260.

25. Там же. С. 260-261. თუმცა, „ანონიმური სირიული ქრონიკის თანახმად“, ტოროსი ძალიან არ ესწრაფოდა „ფრანკების“ დაძახებას, როგორც ამას „ქალაქის მოსახლეობა“ სთხოვდა. როდესაც მან დაინახა, რომ მათ ჯვაროსნების დაძახება მისი ნების წინააღმდეგ შეუძლიათ, „მან თავი მოაჩვენა, რომ თანახმაა, სინამდვილეში კი ის მათი მოსვლით არ იყო კმაყოფილი. მას ძალიან ეშინოდა ქალაქის ბევრი მაცხოვრებლის, რომლებსაც ის სძულდა“ (The First and Second Crusades from an Anonymous Syriac Chronicle / ed. A.S. Tritton, H.A.R. Gibb // Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland. London, 1933. P. 70).

26. Albert of Aachen. Historia Ierosolimitana: History of the Journey to Jerusalem / ed., trans. S.B. Edgington. Oxford, 2007. P. 168-170.

27. Laurent J. Op. cit. P. 421-423.

28. Albert of Aachen. Op. cit. P. 170-172.

29. Laurent J. Op. cit. P. 429-433; Armenia and the Crusades, tenth to twelfth centuries: the Chronicle of Matthew of Edessa / trans. A.E. Dostourian. Lanham, 1993. P. 169.

30. ტოროსის წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი მცდელობა, რომ გავლენიანი იშხნების ძალაუფლება შეეზღუდა (Степаненко В. П. Граф и ишханы Эдессы. С. 84).

31. Albert of Aachen. Op. cit. P. 172.

32. მათე ედესელი. იქვე. გვ. 262.

33. იქვე.

34. იქვე.

35. Laurent J. Op. cit. P. 435-438.

36. Historia quae dicitur Gesta Dei per Francos edita a vemerabili Domno Guiberto, abbte monasterii Sanctae Mariae Novigenti // RHC. Occ. Paris, 1879. T. IV. P. 165; Albert of Aachen. Op. cit. P. 172-174.

37. Laurent J. Op. cit. P. 435-438.

38. Степаненко В.П., Шандровская В.С. Указ. соч. С. 171-193. ტატულის შესახებ, ასევე, წერდა ა. კაჟდანი. Указ. соч. С. 127-128 და ავ. ა. არუთუნოვა-ფიდანიანი. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 60, 173, 177.

39. Степаненко В.П., Шандровская В.С. Указ. соч. С. 185.

40. მათე ედესელი. იქვე. გვ. 272.

41. Степаненко В.П., Шандровская В.С. Указ. соч. C. 184.

42. მათე ედესელი. იქვე. გვ. 272.

43. Каждан А. Указ. соч. С. 29-30.

44. მათე ედესელი. იქვე. გვ. 272-273.

45. Michel le Syrien. Chronique. Paris, 1905. T. III. P. 188.

46. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ტრაპიზონის დუკამ – თეოდორს გავრასმა, სომხური წარმოშობის ბიზანტიელმა მმართველმა, როგორც ჩანს, იცოდა რა მცირე აზიაში ჯვაროსნების გადაადგილების შესახებ, 1098 წლამდე, მცირე აზიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დანიშმენდიდების წინააღმდეგ წარმატებულ და აქტიურ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა, რაც კარგად არის ნაჩვენები თეოდორ გავრასის ცხოვრების აღწერაში (Пападопуло-Керамевс А.И. Symbolai eis ten historian Trapezuntos // ВВ. 1905, Вып. 12. С. 135-136). თეოდორე გავრასის შესახებ, ასევე, ანა კომნინა გვამცნობს (Anne Comnene. Alexiade. Paris, 1934. T. 2. P. 152).

47. ეს მოვლენა 1100 წლის აგვისტოთი თარიღდება (Albert of Aachen. Historia Ierosolimitana: History of the Journey to Jerusalem / ed., trans. S.B. Edgington. Oxford, 2007. P. 526).

48. Michel le Syrien. Op. сit. P. 188.

49. Каждан А.П. Указ. соч. С. 129-130.

50. MPL. F. 201. Col. 178 A.

51. Каждан А.П. Указ. соч. С. 129-130.

52. Michel le Syrien. Op. сit. Р. 181-186.

53. იქვე.

54. Степаненко В.П., Шандровская В.С. Указ. соч. С. 188-189.

55. The First and Second Crusades… P. 73.

56. Герд Л.А. Армяне и грузины в антиохийских монастырях XI в. (по «Тактикону» Никона Черногорца) // Русь и южные славяне. Сборник статей к 100-летию со дня рождения В.А. Мошина. СПб., 1998. С. 198-203.

57. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 180-181.

58. ცნობები ფილარეტ ვარაჟნუნის შვილების შესახებ იკარგება წყაროებში.

59. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах. С. 182-183.

60. Ришар Ж. Латино-Иерусалимское королевство. СПб, 2002. Ч. I.