time-is-running-outმღვდ. პეტრე სავინი – “ბიბლიური ქრონოლოგია”

თარგმანი:  დიაკ. ერეკლე წაქაძე

დღემდე მიღებული ქრონოლოგიით სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე, რომლითაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს, ჩაიარა 5508 წელმა, თუმცა უკვე დიდიხანია ცნობილი იყო (ხუთწიგნეულის შექმნის დროიდან დაწყებული), რომ ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს სხვადასხვა ხალხის, რომელთანაც ებრაელებს შეხება ჰქონდათ, ისტორიულ წარსულს თუ გავითვალისწინებთ, და საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ იმ პერიოდზე, რომელიც კაცობრიობის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. რიცხვი 5508-ის ირგვლივ ბევრი კამათი იყო და ბევრი კომენტარიც დაიწერა, მაგრამ თვით ეს რიცხვი და ეს აღრიცხვა არსად ბიბლიაში, როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის წიგნებში, არ არსებობს. უფრო მეტიც, ის არასდროს არ იყო დამტკიცებული, დადასტურებული ანდა დეკრეტირებული რომელიმე საეკლესიო ხელისუფლების ანდა რომელიმე მსოფლიოს საეკლესიო კრების (რომელსაც განსაკუთრებული უფლება აქვს დაამტკიცოს მართლრწმენის საფუძვლები და ეკლესიური დისციპლინის საკითხები, რომელიც სავალდებულო ხდება მთელი ეკლესიისათვის) მიერ, – ანდა რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის კრების მიერ, რომელიც ამ რიცხვს მისცემდა ეკლესიაში გამოყენების ძალას. ეს რიცხვი არსად არ ჩნდება, არც ეგრედ წოდებულ “თეოლოღუმენებში”, რომელსაც ეკლესია დროებით ღებულობდა ხოლმე. ფაქტად რჩება ის, რომ ეს რიცხვი – 5508 წელი სამყაროს შექმნიდან – არასდროს არ ყოფილა დამტკიცებული ეკლესიის მიერ. შესაბამისად, ყოველი დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ, ანდა საღვთო გამოცხადების და ბიბლიური სიწმინდეების წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი შეტევა და კრიტიკა, აზრს მოკლებულია.

მაშ საიდან მოდის ეს “ბიბლიური” ქრონოლოგია?  მისი ავტორი იყო სექსტი იულიუს აფრიკელი (170-250 ჩვ.წ.), მეორეხარისხოვანი საეკლესიო მწერალი, რომელსაც სამღვდლო ხარისხიც კი არ ჰქონდა. მან შეადგინა ბიბლიური ქრონოლოგია თავის ნაშრომში – “ქრონოგრაფია” (რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია – მთარგმნ.). მოგვიანებით მისი ქრონოლოგია მიიღეს და თავის ნაშრომებში ჩართეს (ხშირი ციტირებით) ევსევი კესარიელმა და ნეტარმა იერონიმემ. იულიუს აფრიკელის ქრონოლოგია იმდროისთვის პროგრესული მოვლენა იყო; იმ ეპოქაში წელთაღრიცხვის რამდენიმე სისტემა არსებობდა – რომაული (რომის დაფუძნებიდან), ბერძნული (თუ რამდენმა ოლიმპიადამ ჩაიარა), ეგვიპტური (ფარაონთა დინასტიების მიხედვით), ასირიულ-ბაბილონური (წლის კვირების მიხედვით), ებრაული (ეგვიპტიდან გამოსვლით დაწყებული). წელთაღრიცხვის ასეთი სისტემა, (როგორც მღვდ. პეტრე სავინი აღნიშნავს) საკმაოდ ხელსაყრელი იყო ძველი ისტორიკოსებისათვის, რომლებიც განიხილავდნენ მოვლენებს თავიანთ სახელმწიფოსთან კავშირში – მაგრამ ის უვარგისი იყო ქრისტიანებისათვის, რომლებიც მოვლენებს ქრისტიანული ეკლესიის უნივერსალურ ჭრილში განიხილავდნენ, ეკლესიისა, რომლისთვისაც არ არსებობდა ამა თუ იმ ერის ამქვეყნიური, დროებითი ხელმწიფების ტერიტორიული საზღვრები, თუნდაც ის ყოფილიყო რომის იმპერია, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი ქვეყნიერების ხელმწიფედ თვლიდა თავს. იულიუს აფრიკელის ქრონოლოგიური გამოთვლები სწორედ რომ ხელს უწყობდა ქრისტიანული სამყაროს ასეთ მოთხოვნილებას და სწორედ ამიტომ მისი ქრონოლოგია მიღებული იყო.

დასასრულს, მღვდ. პეტრე სავინი ხაზს უსვამს ბიბლიის შინაგან არსს და არა მასში მოცემულ ქრონოლოგიურ თარიღებს: “მორწმუნე ადამიანს აინტერესებს არა თუ წლები სამყაროს შექმნიდან, არამედ თვით უფლის მიერ სამყაროს შექმნა”.

წყარო:

“Богословские исследования” (сентябрь-октябрь 1960 г.) // Журнал Московской Патриархии. 1961, № 10. сс. 76-77; реферат статьи румынского священника Петра Савина. Библейская хронология.