ავტორი იოანე კაზარიანი
XIII ს. 20-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოსა და რომის საყდარს შორის დაიწყო მიმოწერა, რომლის თანახმადაც ქართველებს ჯვაროსნებისთვის დახმარება უნდა გაეწიათ წმინდა მიწაზე დაგეგმილ ლაშქრობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ხსენებულ მოლაპარაკებებამდეც დადებითად იყო განწყობილი ლევანტის ლათინურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართ. ასეთი დადებითი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ლევანტში ჯვაროსნების გამოჩენისთანავე (1098 წ.) და XII-XIII საუკუნეებშიც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული მოლაპარაკებების შემდეგ ქართველებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ქართველებსა და ლათინელებს შორის თბილი ურთიერთობები შენარჩუნდა როგორ საეკლესიო, ისე პოლიტიკურ დონეზე. მათ შორის ერთობის გაძლიერების სურვილი არ ჩამქრალა. ახტალის ცნობილი მონასტრის ხატწერის პროგრამამ ეს ურთიერთობები თავის კედლებზე ასახა და უკვდავყო. ეს ფრესკები დღესაც გვახსენებენ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ყოფილ საეკლესიო და პოლიტიკურ ერთობას და ამ ერთობის თვალსაჩინო სიმბოლოს წარმოადგენენ.

რომისა და საქართველოს ეკლესიების, ასევე, საქართველოსა და ლევანტის ჯვაროსნულ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მრავალი ნაშრომი დაიწერა. დღეს ეს უკვე ისტორიული ფაქტია, რომლის უარყოფასაც აზრი არ აქვს. მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსაც. ამ სარბიელზე განსაკუთრებით იღვაწა მიხეილ თამარაშვილმა – იმდენად ცნობილმა პიროვნებამ, რომ საჭიროდაც არ მიგვაჩნია, რომ მის ნაშრომებზე აქ ცალკე მივუთითოთ სქოლიოში. აღარაფერს ვიტყვით მრავალ თანამედროვე ქართველ ისტორიკოსზე, რომლებმაც ხსენებული საკითხის გაღრმავებას არც თუ ცოტა დრო დაუთმეს (რაც ჯერ კიდევ მ. თამარაშვილის მიერ იყო დაწყებული).
1071 წლის მერე, როდესაც მანციკერტთან თურქ-სელჩუკებმა ბიზანტიელები დაამარცხეს, სომხეთის ცენტრსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მართლმადიდებელი სომხური ეპარქიები, რომლებიც მანამდე ბიზანტიელებს ემორჩილებოდნენ, თანდათანობით საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში გადმოვიდნენ. ამ საეპისკოპოსო საყდრებს შორის აღმოჩნდა ანისის საყდარიც [1], რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის ფრიად მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქი გახლდათ. ჩვენამდე შემორჩა XIII ს. ეპისკოპოსთა სია, რომელშიც გვხვდება საქართველოს ეკლესიაზე იერარქიულად დამოკიდებული ეპისკოპოსები. მათ შორის დასახელებულია ანისის, ანუ ქალაქ ანის ეპისკოპოსიც [2]. ეს ქალაქი 1124 წლიდან, დავით აღმაშენებლის დროს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო. კიდევ რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკლესია სულიერად მწყემსავდა ამ ქალაქს, რომელშიც მართლმადიდებელ (ქალკედონიტ) სომხებთან ქართველებიც ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ.
ქართველებს ქალაქი ანისი XIII საუკუნის პირველ მეოთხედშიც (ანუ, თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ) ეკავათ. რომის პაპ ჰონორიუს III (1216 – 1227 წწ.) მიმართ წერილებში, რუსუდან დედოფალი (თამარის ქალიშვილი) და ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მთავარსარდალი ივანე მხარგრძელი ახსენებენ ანისის ეპისკოპოს დავითს, როგორც მეფის ელჩს ჯვაროსნულ ლაშქრობაში ქართველების დაგეგმილი მონაწილეობის კონტექსტში [3]. რუსუდანის და ივანეს წერილებიდან ჩანს, რომ დავით ეპისკოპოსი იყო საქართველოს დედოფლის მინდობილი და უფლებამოსილი პირი. ანისის ეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიის გავლენიანი იერარქია, რომლის დაქვემდებარებაშიც მსხვილი ოლქები შედიოდა, როგორებიცაა „ზარიშთიანი, შირაქოანი და მაგასბერდი“ [4]. მირონკურთხევის ქართულ ცერემონიაში „დიდი სომხეთის მიტროპოლიტი“ (როგორც ჩანს, ანისის ეპისკოპოსი) მესამე ადგილს იკავებდა, რაც ხაზს უსვამს ანისის მართლმადიდებლური ეპარქიის მაღალ მნიშვნელობას [5]. ანისის (სომხურ-ქალკედონური) კათედრის წარმომადგენლები მოიხსენიებოდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის დოკუმენტებშიც (ამ საყდრის საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში შესვლამდე დიდი ხნით ადრე). მაგალითად, XII საუკუნის შუა პერიოდში კონსტანტინოპოლის კრების აქტებში მოხსენიებულია იოანე – ანისის სომეხი-ქალკედონიტი ეპისკოპოსი [6]. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის ქართველი მონარქები მათ კანონიკურ ტერიტორიაზე მყოფ სომეხ მოსახლეობაში მართლმადიდებლობის გავრცელებით იყვნენ დაინტერესებულნი. ეს მნიშვნელოვანი იყო როგორც საეკლესიო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამგვარად, შეიქმნა დიდი ეპარქიები არა მხოლოდ ანისში, არამედ ვაღარშაკერტსა და ყარსშიც. გარდა ამისა, დიდი მართლმადიდებლური ეპარქია დაარსდა ლორის რეგიონშიც, სადაც მრავლად იყო სომეხი მოსახლეობა. ამ ეპარქიის მისიონერული ცენტრი იყო ახტალის მონასტერი, სადაც ქართველები და სომეხი-ქალკედონიტები ერთად მოღვაწეობდნენ. მონასტერი ივანე მხარგრძელის საგვარეულო მემკვიდრეობაში შედიოდა. ის იყო მონასტრის ქტიტორი, როგორც ორი კულტურის წარმომადგენელი, რომელიც მეგობრობას კრავდა.

1223 წელს, ფერენტინოს კრებაზე, პაპმა ჰონორიუს III მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. მან აღმოსავლეთზე გალაშქრების თარიღად 1225 წლის ივნისი დაასახელა. ლაშქრობას უნდა გაძღოლოდა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II გოგენშტაუფენი. დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ საქართველოში იმავე წელს გახდა ცნობილი. 1223 წელს, გარდაცვლილი მეფის – ლაშა-გიორგის – მემკვიდრე დამ, დედოფალმა რუსუდანმა, რომში გააგზავნა ანისის ეპისკოპოსი, რომელსაც წერილი გაატანა. ამ წერილში ის წუხილს გამოხატავდა, რომ მონღოლთა შემოსევის გამო მისმა ძმამ ჯვაროსნებს მეხუთე ლაშქრობაში დახმარება ვერ აღმოუჩინა (ანუ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დაგეგმვის დროსაც ქართულ-ლათინურ მიმოწერას ქონდა ადგილი). ადგილზე ჩასულმა ეპისკოპოსმა დავითმა აუწყა პაპს, რომ საქართველოში იციან დაგეგმილი ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ და მზად არიან, ათაბაგისა და ამირსპასალარ ივანეს მეთაურობით ჯვაროსნებს შეუერთდნენ. რუსუდანის წერილი არ დათარიღებულა, მაგრამ შედგენილია არაუგვიანეს 1223 წლისა, რადგან პაპ ჰონორიუსის საპასუხო წერილი დათარიღებულია 1224 წლით [7]. სავარაუდოდ, პაპის საპასუხო წერილი იმავე დავით ეპისკოპოსმა ჩამოიტანა.
რუსუდანის წერილი ამაღლებული ტონით არის დაწერილი. ის პაპს მოიხსენიებს როგორც „მთელი ქრისტიანების მთავარს“, „უწმიდესს“ და „მამას“, „წმ. პეტრეს საყდარზე მჯდომარეს“[8]. თავის თავს დედოფალი რომის პონტიფიკოსის „მდაბალ“ და „ერთგულ მხევალს და ასულს“ მოიხსენიებს. წერილში ნახსენებია მონღოლების საქართველოში შემოსევა [9] და მათი გაძევება და რომ ამის გამო ვერ შეძლეს ქართველებმა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება; რომ რუსუდანსა და მის ქვეშევრდომებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც გაიგეს, რომ იმპერატორი აპირებს სირიაში გალაშქრებასა და წმინდა ადგილების განთავისუფლებას [10]. დედოფალი პაპს სთხოვს, რომ მან შეატყობინოს დასავლეთის იმპერატორის აღმოსავლეთში ჩამოსვლის დრო, რათა მოხერხებულიყო ივანე მხარგრძელის მეთაურობით ქართული ჯარის ერთდროული გასვლა ჯვაროსნებთან ერთად. რუსუდანი აღნიშნავს, რომ ივანემ და სხვა ქართველმა დიდებულებმა მიიღეს ჯვარი (ტრადიციულად ასე ლათინელები ამბობდნენ) და ელიან პონტიფიკოსის კურთხევას სალაშქროდ. დედოფალი წერილის დასასრულს ახსენებს ელჩს – დავით ეპისკოპოსს და ამბობს, რომ პაპი ამ უკანასკნელს ყველაფერში ენდოს, როგორც თავად დედოფალს [11]. ეს გარემოება ამ ეპისკოპოსისადმი ქვეყნის მმართველი ელიტის მაღალ ნდობას ადასტურებს.
რუსუდანის წერილთან ერთად პაპ ჰონორიუსს ივანეს წერილიც გაუგზავნეს. ეს წერილი მცირედ თუ განსხვავდება დედოფლის წერილისგან. ივანე პაპს უწოდებს უწმიდესს მამას, რომელიც წმ. პეტრეს საყდარზე ბრძანდება. თავის თავს ივანე მოიხსენიებს „მორჩილ კაცად“, „საქართველოსა და სომხეთის მხედართმთავრად“. ის დიდ სიხარულს გამოხატავს, რომ პაპმა ბრძანა აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობის მოწვევა. მხედართმთავარი პაპს აცნობებს, რომ ქართველები მის ბრძანებას ელიან და მზად არიან, მთელი ძალებით გაეშურონ აღმოსავლელი ქრისტიანების დასახმარებლად. ივანეს განკარგულებაშია 40 000 მხედარი, რომლებმაც ჯვარი მიიღეს და მზად არიან გაემართონ, საითკენაც პონტიფიკოსი მოისურვებს. წერილის ბოლოს, ივანე პაპს კურთხევას სთხოვს და რუსუდანის მსგავსად ახსენებს „ჩვენს მამას, დავით ეპისკოპოსს“, რომ პაპმა მას ყველაფერში დაუჯეროს [12].

აღსანიშნავია, რომ ივანეს პოლიტიკური ნაბიჯები და მისი ხედვის დასავლეთ-ევროპული კურსი მისი სამკვიდროს ერთ-ერთ მთავარ მონასტერში აისახა – ახტალის მონასტერში (სომხ. Պղնձահանք – „პღნძაჰანქ“, ან „პღინძაჰანქ“ ანდა „სპღენძაჰანქ“. ამჟამად, მონასტერი თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, ჩრდილოეთ ნაწილში, ლორის ოლქში). ახტალის მონასტრის ღვთისმშობლის შობის მთავარ ტაძარში ფართოდაა წარმოდგენილი ფრესკული ფერწერა (1205-1216 წწ-ბით დათარიღებული), სადაც წმინდანების გამოსახულებებთან ერთად ლათინელი ეპისკოპოსებისა და ნეტარების სახეები გვხვდება: წმინდა პაპები სილვესტრი და კლიმენტი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. ბენედიქტე ნურსიელი – ლათინური ბერ-მონაზვნობის რეფორმატორი. ეს სახეები სრულიად უცხოა ამიერ კავკასიის რეგიონისთვის. ლოგიკურია, რომ ამ რეგიონში ლათინური თემატიკის ასეთი წამოწევა აიხსნება XII-XII საუკუნეებში საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური ვითარებით. ამ ეპოქაში, საქართველოსა და სომხურ-ქალკედონურ სამყაროში ჯერ კიდევ პოპულარული იყო ეკლესიების გაერთიანების იდეა [13]. ისტორიული ფაქტები თვალსაჩინოდ მოწმობს, რომ ეკლესიების გაერთიანების ან კავშირების გამყარების იდეა ახტალის ტაძრის ქტირორ ივანე მხარგრძელისთვისაც ახლო იყო (ის იქვეა დაკრძალული). აღსანიშნავია, რომ ივანე ეკუთვნოდა სომხეთის სათავადო ელიტას და სავსებით გაცნობიერებულად მიიღო ქალკედონიტობა, რითიც ქართულ და სომხურ კულტურებს შორის გამტარად იქცა. ამ ტაძრის მოხატულობაში ცნობილი ლათინელი წმინდანების გამოსახულებების გამოჩენა უნდა გვესმოდეს არა მხოლოდ როგორც ივანეს, არამედ საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური საზოგადოების ოფიციალური და საეკლესიო პოზიცია.

ეს ფრესკები საეკლესიო ერთობისკენ სწრაფვის გამოვლინებაა, ხოლო რომის პაპების როლი აშკარად აქცენტირებული ამ ტაძრის მოხატულობაში. რომის პაპების – კლიმენტისა და სილვესტრის, წმ. ამბროსი მედიოლანელის – გამოსახულებები საპატიო ადგილას – საკურთხეველში გვხვდება. ეკლესიების ერთობის ძლიერი სურვილის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ტაძარში არსებული წმ. პეტრეს გამოსახულება, რომელშიც ის გასაღებით ხელში ცათა სასუფევლის კარიბჭესთან დგას, რაც ქრისტიანულ სამყაროში რომის პაპის პირველ როლსა და ავტორიტეტზე მიგვანიშნებს. ქართველების ასეთი მჭიდრო სიახლოვე დასავლეთ ქრისტიანებთან და ახტალის ფრესკები მოწმობს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე, რომლებიც რომის დასავლეთსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ახტალის მონასტრის ფრესკები ქართველებსა და ქალკედონიტ-სომხებს შორის კულტურული კონტაქტის სინთეზის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია. ეს იყო ქართული მონასტერი, ანუ საქართველოს ეკლესიას ექვემდებარებოდა, მაგრამ აქ მოღვაწე ბერთა საძმოს შემადგენლობა შერეული იყო – აქ ერთად ცხოვრობდნენ ქართველები და ქალკედონიტი-სომხები, რომლებიც ქმნიდნენ და გადაიწერდნენ ხელნაწერებს, ეწეოდნენ მთარგმნელობით საქმიანობას (მონასტერს თავისი სკრიპტორიუმი ჰქონდა). მაგ., ჩვენთვის ცნობილია ქალკედონიტი სომეხი მღვდელმონაზონის სახელი – სვიმეონე, რომელმაც წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომების კრებულის კოლოთონზე (რომელიც მან სომხურ ენაზე გადაწერა) მიუთითა, რომ ეს ხელნაწერი გადაწერილ იქნა „1227 წლის ზაფხულში“ „ათაბაგ ივანეს თავადობისას“, სპღენძეხანის მონასტერში და მას წმინდა ღვთისმშობელი მფარველობს“ [14]. ქართველები და მართლმადიდებელი სომხები ახტალის საკათედრო ტაძრის კედლები ერთად მოხატეს. ეს კარგად არის ნაჩვენები ა. ლიდოვის მონოგრაფიაში, სადაც ამ ისტორიული ფაქტის ყველა დასტური თვალსაჩინოდაა მოცემული [15]. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მეშვეობით მართლმადიდებელი სომხებიც მოწოდებულნი იყვნენ, რომ რომის დასავლეთთან საეკლესიო ერთობისთვის მხარი დაეჭირათ.
პაპ ჰონორიუს III საპასუხო წერილები რუსუდანსა და ივანეს ასევე ეხმიანება ერთმანეთს. პაპი ქართველებს აკურთხებს, აქებს მათ გულმოდგინებას წმინდა ადგილების განთავისუფლებაში, მათ რწმენასა და შეუპოვრობას. პონტიფიკოსი გახარებულია, რომ ქართველებს სურთ დაეხმარონ „ფრედერიკ ბრწყინვალეს – რომის იმპერატორსა და სიცილიის მეფეს“ [16] და ქართველ მეომრებს იმავე პრივილეგიებს უბოძებს, რაც ლათინელ მეომრებს. თავის ორივე წერილს პაპი ასრულებს სამოციქულო საყდრის მხრიდან წყალობისა და განწყობის დაპირებით. წერილები დათარიღებულია 1224 წლის 12 მაისით. როგორც ჩანს, ეპისკოპოსი დავით ანელი, საქართველოში იმავე წელს დაბრუნდა.
წმინდა მიწაზე მეექვსე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ დააყოვნა. ფრიდრიხ II აღმოსავლეთში მხოლოდ 1225 წელს ჩავიდა. ამ დროისათვის საქართველოში ხორეზმ შაჰ ჯალალ ედ-დინის ჯარები შემოიჭრნენ. ქართველები ჯვაროსნებს ვეღარ დაეხმარებოდნენ მუსლიმებთან ომის გამო. სომხეთის გარნისთან ივანეს მხედართმთავრობით ქართველების დამარცხების შემდეგ სამეფო საყდარი კვლავ ქუთაისში გადავიდა. 1226 წელს, ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო და გააპარტახა თბილისი. ქართველები იძულებულნი იყვნენ, თავისი სახელმწიფოებრიობის უფლება დაეცვათ და აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობის თავი აღარ ჰქონდათ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах Византийской Империи (XI в.). – Ереван, 1980.
2. Арутюнова-Фиданян В.А. Армяно-византийская контактная зона (X-XI вв.). М., 1994. С.75-76, 178).
3. Бакрадзе A. Археологическое путешествие по Грузии и Адчаре. – СПб. 1878.
4. Бартикян Р.М. Роль игумена Филиппопольского армянского монастыря Иоанна Атмана в армяно-византийских церковных переговорах при католикосе Нерсесе IV Благодатном (1166-1173) // Вестник обществ. наук АН Арм. ССР. – 1984. – № 6.
5. Киракос Гандзакеци.История Армении / Перевод, предисловие и комментарии Л.А. Ханларян. М., 1976. С. 148, 155.
6. Лидов А. М. Росписи монастыря Ахтала. История, иконография, мастера. М.: Русский Фонд Содействия Образованию и Науке, 2014,
7. Манандян Я.А. Критический обзор истории армянского народа. – Ереван. 1977-1978. – Т. 3.
8. Мурадян П.М. Культурная деятельность армян-халкидонитов в XI-XIII вв. // 2-й международный симпозиум по армянскому искусству. – Ереван, 1978. – Т. 3.
9. Памятные записи армянских рукописей. XIII век. Ереван, 1984, № 110, 119.
10. Hiestand R. Friedrich II. und der Kreuzzug // Tagung des Deutschen Historischen Instituts in Rom im Gedenkjahr 1994 / ed. A. Esch, N. Kamp. – Tubingen, 1996. – P. 128-149.
11. МPG – Migne J.P. Patrologiae cursus completus. Series Graeca.
12. Van Cleve Th.C. The Crusade of Frederick II // A History of the Crusades. – 2th ed. / ed. K.M. Setton. – Madison, 1969. – Vol. 2. – P. 429-462.
13. ქართლის ცხოვრება. სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა. – თბილისი, 1959. – ტ. II. – გვ. 115-226.
14. თამარაშვილი მ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. – თბილისი. 1902.
15. ქართული სამართლის ძეგლები / ი. დოლიძის გამოცემა. – თბილისი, 1970. – ტ. III.
16. Պատմութիւն Մատթէոսի Ուռհայեցւոյ. – Յերուսաղէմ, 1869.
შენიშვნები:
1. Арутюнова-Фиданян В.А. Армяне-халкидониты на восточных границах … С. 98-99.
2. Бакрадзе A. Археологическое путешествие по Грузии и Адчаре. СПб. 1878. С. 81.
3. თამარაშვილი მ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. თბილისი. 1902. თა. I. გვ. 8-9.
4. ქართული სამართლის ძეგლები / ი. დოლიძის გამოცემა. თბილისი. 1970. ტ. III. გვ. 245.
5. Мурадян П.М. Культурная деятельность армян-халкидонитов в XI-XIII вв. // 2-й международный симпозиум по армянскому искусству. – Ереван, 1978. Т. 3. გვ. 325-335.
6. MPG. Vol. 140. Col. 198-202, 282.
7. თამარაშვილი მ. მითით. თხზ. გვ. 7-8.
8. იქვე.
9. იქვე.
10. იქვე.
11. იქვე. გვ. 8.
12. იქვე. გვ. 9.
13. См. Лидов А. М. Росписи монастыря Ахтала. История, иконография, мастера. М.: Русский Фонд Содействия Образованию и Науке, 2014, с. 82-83. გავიხსენოთ ქართველი მეფეების – დავითისა და თამარის – მცდელობები, რომ საეკლესიო კრებებზე გაეერთიანებინათ ორი მხარე (ქართული და სომხურ-ანტიქალკედონიტური); ბერძნული (ბიზანტიური) ორიენტაციის ქალკედონიტი სომხების როლი სომხურ (კილიკიური)-ბიზანტიურ საეკლესიო მოლაპარაკებებში XII საუკუნის დასასრულს, იმპერატორ ემანუილ კომნინის დროს (Бартикян Р.М. Роль игумена Филиппопольского армянского монастыря Иоанна Атмана в армяно-византийских церковных переговорах при католикосе Нерсесе IV Благодатном (1166-1173) // Вестник обществ. наук АН Арм. ССР. – 1984. – № 6). ან გავიხსენოთ ანისში, ტიგრან ჰონენცის ტაძრის (თანამედროვე თურქთის ტერიტორიაზე) ხატწერის პროგრამა, რომელიც ასევე ქართველებისა და სომხების გაერთიანების საკითხს ემსახურებოდა.
14. См. Памятные записи армянских рукописей. XIII век. Ереван, 1984, № 110, с. 154 (სომხ. ენაზე). არსებობს კიდევ მეორე კოლოთონი, რომელიც 1248 წლის სხვა ხელწერილიდან შემორჩა და პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის პირველსაფუძვლების“ თარგმანია ქართულიდან სომხურზე, რომელიც იმავე ბერმა სვიმეონმა შეასრულა „ქართულ მონასტერში, რომელსაც ეწოდებ პღინძაჰანქ“. (იქვე., № 199, с. 248-249). სვიმეონ ახტალელმა ასევე თარგმნა წმ. იოანე დამასკელის და წმ. იოანე სინელის ანუ კიბის აღმწერელის ტრაქტატები, და ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ოქტოიხოსი. ამ ნაწარმოებებს იგი თარგმნიდა ტრაპეზუნტელი ქალკედონიტი სომეხი მღვდელ-მონაზონ მინასის დახმარებით (Арутюнова-Фиданян В.А. Армяно-византийская контактная зона (X-XI вв.). М., 1994. С.75-76, 178).
15. Лидов А. М. Росписи монастыря Ахтала. История, иконография, мастера. М.: Русский Фонд Содействия Образованию и Науке, 2014, С. 180-194.
16. თამარაშვილი მ. მითით. თხზ. გვ. 5-28.










