არამიწიერი გონების, ან არამიწიერი ბიოლოგიის საკითხისათვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით – ნაწილი II

(ასტროთეოლოგიური პერსპექტივა)

ნაწილი II

«თანამედროვე კოსმოლოგიამ გვაჩვენა, რომ არც ჩვენ, არც დედამიწა, – არ არის სამყაროს ცენტრი, რომელიც მილიარდობით გალაქტიკებისგან შედგება, რომელთაგან თითოეული შეიცავს უამრავ ვარსკვლავს და პლანეტას. … ჩვენ თავიდან უნდა გავიაზროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და როგორ არ აღფრთოვანდეთ იმ სასწაულებით, რომლებიც მეფსალმუნემ გამოხატა (ფს. 8:4–5)”

ბენედიქტე XVI

ზემოთ ვახსენეთ*, რომ ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი არამიწიერ გონებასთან დაკავშირებით სოტერიოლოგიურ საკითხზე მსჯელობენ. შეიძლება თუ არა, რომ არამიწიერი გონება „პირველქმნილი ცოდვის“ თანაზიარი იყოს? ჩვენ მხოლოდ რამდენიმე აზრით შემოვიფარგლებით იმის შესახებ, რომ ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნების ცხონება  (პატრისტირკული პერსპექტივა) შეიძლება მხოლოდ მიწიერი მოვლენა იყოს და არ ეხებოდეს სხვა, არამიწიერ სამყაროს. მით უმეტეს, რომ კოსმოლოგიური სინგულარობის დროიდან და ინფლაციის დაწყების წუთიდან, კოსმოსური ენტროპია – თერმოდინამიკის მეორე კანონი – თავის უწყვეტ ზრდას აგრძელებს და ამ მეცნიერულ რეალობაში „დაცემული“ კოსმოსის ადგილი არ რჩება (ადამიანის ცოდვის გამო), ისე, როგორც ეს ეკლესიის (ანტიკურ და შუა საუკუნეების ხანის) მამების დიდ ნაწილს წარმოედგინა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სამყაროს სიცოცხლეში, მისი შექმნის დროიდან, არაფერი შეცვლილა, ანუ, ადამიანის ცოდვით დაცემა არ შეხებია კოსმოსის ქმნილ ბუნებას, მაგალითად, როგორც ამაზე წერს წმ. ათანასე დიდი: რა თქმა უნდა, არც მზემ, არც მთვარემ, არც ცამ, არც ვარსკვლავებმა, არც წყალმა, არც ეთერმა არ შეიცვალა თავისი წესი, არამედ, პირიქით, იცნობენ რა თავიანთ შემოქმედსა და მეფესსიტყვასარიან ისეთები, როგორებადაც შეიქმნენ, ადამიანები კი განერიდნენ სიკეთეს: ჭეშმარიტების ნაცვლად არარაობა გამოიგონეს თავისთვის, ხოლო ღმერთის ღირსი პატივი და მის შესახებ ცოდნა ქვისგან გამოქანდაკებულ ეშმაკებსა და ადამიანებზე გადაიტანეს (PG. 25, Col. 172-173). ამარტოლოგიის (ადამიანის ცოდვის ასახვა ქმნილი არაგონიერი ბუნების ხარისხზე) საკითხში წმ. ათანასეს აზრი ყველაზე სწორად გვეჩვენება. ანუ, ამგვარი ალტერნატივიდან გამომდინარე, კოსმოსის ბუნების ხარისხობრივი ცვლის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.  ცოდვით დაცემას შეეძლო მხოლოდ ადამიანურ სამყაროს შეხებოდა.

ჩვენი წარმოდგენით, როდესაც არ გვაქვს ზუსტი დამადასტურებელი მონაცემები არამიწიერი გონიერების არსებობის შესახებ, ჩვენ ვერ შევყვებით ღრმა მსჯელობებს არამიწიერი გონიერების სოტერიოლოგიის შესახებ.  მაგრამ, შეგვიძლია და უნდა დავსვათ კიდევაც კითხვა, რომ თუ რაღაც ცივილიზაციები ჰიპოთეტურად არსებობს  (?), მაშინ, ისინი იმავე ფიზიკის კანონებს ემორჩილებიან და იდეაში ისინიც უნდა ვითარდებოდნენ ბიოლოგიური ევოლუციის გზით, რასაც (სხვა ბიოლოგიურ სახეობებთან) კონკურენციის და ხისტი ბიოლოგიური გადარჩევის (მიწიერი ბიოლოგიური რეალობის მსგავსად) გზით გონიერებამდე მივიდნენ. ეს კი არამიწიერი ცივილიზაციების ბიოლოგიურ/ბუნებრივ სიმდიდრეზე შეიძლება მეტყველებდეს.  თუმცა, სავსებით შესაძლებელია ისედაც იყოს, რომ არამიწიერი ბიოლოგიური ევოლუცია „მინიმალიზებული“ იქნება (ანუ, უფრო სწრაფად მიედინება ჩვენთან შედარებით) ან პირიქით – „მაქსიმალიზებული“ იყოს და გონებას, რომელიც ჩვენ მიწიერ პირობებში ბუნებრივი და ხისტი გადარჩევის კვალობაზე მივიღეთ, არამიწიერ პირობებში სულ სხვა ევოლუციური ისტორია და განვითარების პერიოდიკა ექნება.  თუ არამიწიერი გონიერებაც ევოლუციის შედეგია, შესაბამისად, ისიც შეზღუდული იქნება და ისიც, როგორც გონიერი, თავის თავს დაუსვამს კითხვებს სიცოცხლის სასრულობისა და მარადიულობის შესახებ, რადგან ყოველი გონიერი არსება უნდა ფიქრდებოდეს თავისი არსებობის აზრსა და მიზანზე (თუ ამ საკითხზე მიწიერი მაგალითებიდან გამომდინარე ვიაზროვნებთ).  ამას მივყავართ აზრამდე, რომ სხვა გალაქტიკურ ცივილიზაციებს შეიძლება თავიანთი ფილოსოფია და რელიგია, კულტი და სოტეოროლოგიაც კი გააჩნდეთ (თუკი არამიწიერ გონიერებაზე „დაცემული“ ბუნების კატეგორიებით ვისაუბრებთ). ეს ყოველივე ლოგიკურია, რადგან თავის თავად გონიერება, თუკი მას ევოლუციურ პერსპექტივაში განვიხილავთ, ჯამში, რელიგიურობამდე მივყავართ და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მიწიერი მაგალითებიდან გამომდინარე, რადგან სხვა მაგალითები არ გვაქვს.   რას ვგულისხმობთ? ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგზე:  ჩვენ ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქიდან ვიცით, რომ Homo neanderthalensis და Homo sapiens არიან Homo erectus-ის შთამომავლები.  ნეანდერტალელები ევროპაში ჩამოყალიბდნენ, საპიენსები კი აფრიკაში.  ადამიანთა ორივე სახეობას ტერიტორიულად ათასობით კილომეტრი ჰყოფდა. ერთნიც და მეორენიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გონიერების და  რელიგიურობის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ფორმებამდე მივიდნენ. ნეანდერტალელები, ზოგჯერ მაინც, თავიანთ მკვდრებს მარხავდნენ და სამარხში საკვებ პროდუქტს, ყვავილებს დებდნენ და ზედ ჟანგმიწას აყრიდნენ. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ნეანდერტალური საფლავი შანიდარში (ერაყი). აღვნიშნავთ, რომ ჟანგმიწა, როგორც ფერი, ეგვიპტური მხატვრობის უფრო სრულყოფილი გაფორმებით, მაგალითად, სიხარულის ან მარადიული ნეტარების სიმბოლო იყო, რაც მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ იმ არსებებს, რომლებიც მას იყენებდნენ, შეეძლოთ, იმქვეყნიური ცხოვრების რაღაც იმედები ჰქონოდათ (ქრისტიანულ ხატწერაში, ჟანგმიწა, როგორც ნარინჯისფერი, შეცვალა ნარინჯისფერ-ოქროსფერმა იმავე მნიშვნელობით, რაც ეგვიპტურ მაგალითშია).  საპიენსების რელიგიურობაზე უკვე საკმაოდ ბევრია ცნობილი, ამიტომ ამ საკითხს აღარ ჩავუღრმავდებით.  ჩვენ არ შევყვებით გონიერი ადამიანების (ჩვენთვის ცნობილი ადამიანური სახეობების) რელიგიურობის საწყისი ფორმების ნიუანსებს. ვიტყვით მხოლოდ, რომ პირველი რელიგიური ფორმები შამანურ ხასიათს ატარებდნენ.  ეს არის პირველი გონიერი ჰომინიდების რწმენის პირველი საწყისები.   ამიტომ, გვაქვს რა ნეანდერტალელებისა და საპიენსების შედარებითი რელიგიურობის მიწიერი მაგალითები, შეგვიძლია, დაშვების გარკვეული დონით ვთქვათ, რომ (შესაძლებელია) სიცოცხლის არამიწიერ გონიერ ფორმებს, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდებიან, რელიგიურობა გააჩნიათ.  და არ არის საჭირო იმის წარმოდგენა, თითქოს ღმერთი სამყაროს ყველა გონიერ არსებას ერთი და იგივე ჭეშმარიტებებს ერთნაირად უცხადებს. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ცივილიზაციები ღმერთს მრავალი სხვა გზით შეიცნობენ და ეს ერთმანეთს რაღაც ასპექტებში ეხმიანება.

ჩვენი მიწიერი სოტერიოლოგიური წარმოდგენების კვალობაზე არამიწიერი სოტერიოლოგიის შესახებ მხოლოდ მცირე შენიშვნას გავაკეთებთ: მიღებული პატრისტიკული ღვთისმეტყველების თანახმად, ღვთაებრივი ლოგოსი ადამიანის ცოდვით დაცემის გამო განკაცდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცოდვით დაცემას ადგილი უნდა ჰქონდეს არამიწიერი ცივილიზაციის პერსპექტივაშიც.  სავსებით შესაძლებელია, რომ ღვთაებრივი ლოგოსის ერთი და იგივე კენოტიკური აქტი (თუკი გვწამს, რომ ის სამყაროს შემოქმედია. ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ყველა ლოგოსური (გონიერი) ფორმები ონტოლოგიურად მისი თანაზიარნი არიან) სხვადასხვა გონიერ ბიოლოგიურ რეალიებში სულ სხვადასხვაგვარად აისახება: ლოგოსის განკაცება კაცობრიობისთვის არის განახლება, აღდგენა, ცხონება და შედეგად ადამიანური ბუნების განმღრთობა, ხოლო არამიწიერი გონიერი სიცოცხლის პერსპექტივაში კი (შესაძლოა, „არადაცემულ“ პერსპექტივაში), ლოგოსის კენოტიკური აქტი იმ ბუნების მხოლოდ განახლება და მისი ლოგოსთან შეერთება – თეოზისი და ამისათვის სულაც არ არის საჭირო იმ კონკრეტული (არამიწიერი) გონიერი ბუნების რაღაც დაცემა.  ჩვენი, მიწიერი პერსპექტივიდან ჩვენთვის ხომ უკვე ცნობილია, რომ იქნებოდა თუ არა დაცემა ადამიანის ცხოვრებაში (ანუ, ადამიანი ცოდვით დაეცემოდა თუ არა), ლოგოსი მაინც განკაცდებოდა, რადგან მთელი ქმნილება თავის ყოფიერებასი ლოგოსის თანაზიარია და ეს ღმერთის მარადიული გადაწყვეტილება იყო (შეად. 1. პეტ. 1, 20). წმმაქსიმე აღმსარებელი, ზუსტად ამ სამოციქულო პერსპექტივიდან გამომდინარე ამბობს, რომ ღვთაებრივი შესაქმისა და განკაცების მოტივები განუყრელად არის ერთმანეთში გადაჯაჭვული და დაკავშირებული, რასაც ხსნის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის და კოსმოლოგიისა, და კვანტური ფიზიკის პროფესორი . ნესტერუკი (1). საბოლოო თეოზისი კი მთელს სამყაროს ელის ჩვენთვის გამოუთქმელ ესქატოლოგიურ აქტში.

ადამიანის უნიკალობის შესახებ საკითხს არაერთი გადაწყვეტა აქვს, მაგრამ ამ ადამიანური უნიკალობის შენარჩუნებისას მას ახალი განმარტება ეძლევა ასტროთეოლოგიურ ჭრილში.  ალტერნატივის სახით ერთი ვარიანტი შეიძლება მოვიყვანოთ: სავსებით შესაძლებელია, რომ ზუსტად კაცობრიობას აკისრია მისია, რომ სამყაროში ჰიპოთეტურად არსებული ყველა ცივილიზაცია შეუერთოს ღმერთს/გააცნოს მათ ღმერთი.  დავუშვათ ასეთი თეორიაც.  ჩვენ გვესმის, რომ სამყაროს უსაზღვრო სივრცით რეალობაში, პლანეტა დედამიწა და მისი მოსახლენი უმცირეს როლს თამაშობს, თუ ამაზე სუფთა ქმნილ-სივრცით კატეგორიაში ვისაუბრებთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, თუ რა გვიშლის სამყაროში კაცობრიობის როლის ამგვარ გააზრებას? დიახ, ეს ძალიან ხმამაღლა ჟღერს კოსმოსური მასშტაბის გათვალისწინებით, მაგრამ აზრებს ნება მივცეთ.  მსგავს საკითხებს ა. ნესტერუკი (2) და სხვა თანამედროვე ღვთისმეტყველები წყვეტენ, თუმცა ჩვენ აქ ამ საკითხის ჩვენებურ ალტერნატიულ გადაწყვეტას გთავაზობთ.  ჩვენს მაგალითში სულაც არ არის ანთროპოლოგიური შოვინიზმი და გეოცენტრული ექსკლუზივიზმი.  მრავალი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჰიპოთეტურად არსებული ცივილიზაციები შეიძლება ჩვენზე ადრეულები არიან.  დავუშვათ, რომ ასეა.  თუნდაც ჩვენი ცივილიზაცია იმ სხვა ჰიპოთეტურად არსებულ ცივილიზაციებზე ახალგაზრდა (თუნდაც ისინი ჩვენზე მილიონობით წლობით ძველი იყოს) და ესე იგი ტექნოლოგიურად ჩვენზე განვითარებული იყოს, ეს არანაირად არ უშლის ხელს ჩვენს წარმოდგენას, რომ ზუსტად ადამიანურ რელიგიას შეუძლია, სხვა ცივილიზაციებს დაუკონკრეტოს/დაუზუსტოს აზრი ჭეშმარიტი ერთი ღმერთის შესახებ.  რა თქმა უნდა, უსასრულო სამყაროს რეალობის გათვალისწინებით, ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ რატომ ვფიქრობთ ასე და რატომ ვუშვებთ ასეთ აზრს (ამას როგორც დაშვებას ვამბობთ და არა როგორც მტკიცებას)? ჩვენ ამის მიწიერი მაგალითები გვაქვს.  გავიხსენოთ ებრაელი ერის ისტორია.  რას წარმოადგენდნენ აბრაამისა და მოსეს პერიოდის ებრაელები? ეს იყო მომთაბარე ერი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა.  ებრაელი ერი ეგვიპტის ძველი ცივილიზაციის ფონზე ჩამოყალიბდა.  ებრაელი ერის ჩამოყალიბების პერიოდისთვის, ზოგიერთი ძველი ცივილიზაცია, როგორებიც არიან შუმერი და აქადი, საერთოდ გაქრნენ.  ებრაელები მათ ჩამორჩებოდნენ ტექნოლოგიებში, განათლებაში და პრაქტიკულად ყველაფერში, მაგრამ ღმერთი მაინც ებრაელებთან დებს კავშირს და ზუსტად მათ მიერ სამყარო გაიგებს ერთი ღმერთის შესახებ. ზუსტად ებრაელებს შორის განკაცდება ჰიპოსტასური ღვთაებრივი ლოგოსი და სამყაროს ახარებს თავისი თავისა და იმის შესახებ, რომ „თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის“ (იოანე. 4, 22) და ებრაელებთან ახალი აღთქმა დადო სიონზე.  ეს პირდაპირ შეესაბამება პავლე მოციქულის სიტყვებს: „მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე“ (1 კორ. 27-29). ამგვარად, შეიძლება, ჩვენსა და სხვა გონიერ ცივილიზაციებს რელიგიური ჭეშმარიტებისადმი სხვადასხვა მიდგომა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ კაცობრიობის (როგორც ყველაზე ახალგაზრდა ცივილიზაციის) ცოდნას ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეუძლია უფრო ზუსტად ასახოს მეტაფიზიკური ჭეშმარიტება, რომელიც კაცობრიობას შეუძლია რომ გააცნოს მთელ არამიწიერ სამყაროს.  რატომაც არა? დავუშვათ, რომ ეს ასეა.  ებრაელი ხალხის ისტორიის კონკრეტული მაგალითი (თუმცა კი ეს მიწიერი მაგალითია, რადგან არამიწიერი მაგალითები არ გვაქვს) სავსებით შეიძლება იყოს  ადამიანისა და სხვა არამიწიერი გონიებების ურთიერთობის რეალური მოდელი.  შეიძლება, ზუსტად ასე გამოდის კაცობრიობა მთელი ქმნილი კოსმოსისა და ღმერთის გამაერთიანებლის როლში. ჩვენ ხომ ქმნილებისა და ღმერთის გაერთიანებას ესქატოლოგიურ პერსპექტივაში ველით: „ახალი ცა და ახალი მიწა“ (გამოცხ. 21, 1). ამაში შეიძლება მდგომარეობდეს ადამიანის უნიკალური როლი კოსმოსურ მასშტაბებში (ამ როლის ჩანასახი თავად ამ როლის გაგების მიწიერი გაგების საწყისებში შეიძლება მდგომარეობდეს, სულ მცირე, ჩვენი პლანეტის მასშტაბებში, ადამიანი, როგორც მთავარი არსება, უმთავრეს როლს თამაშობს – მეუფის როლს, ფსალმუნის თანახმად (ფს. 8, 6-7). თავის დროზე, ებრაელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს საღვთო გამოცხადებაში და ამასთანავე, პატივითა და ღირსებით, დედამიწის დანარჩენი ხალხების თანაბარნი დარჩნენ, რადგან მიკერძოება უცხოა ღვთისათვის (რომ. 2, 11).  ასევე, შეიძლება, თავის მხრივ, კაცობრიობამაც ითამაშოს თავისი შუამავალი როლი ღვთაებრივ მისიაში და ამავე დროს, ის იქნება პატივითა და ღირსებით თანაბარი გვირგვინი ღვთაებრივი ქმნილებისა, სიცოცხლის არამიწიერი გონიერი ფორმების მსგავსად.  ძველ სამყაროში, ღმერთი ებრაელებს ირჩევს, მაგრამ სხვა ერებს არ ამცირებს მათ პატივსა და ღირსებაში – მის წინაშე ყველა თანაბარია.

თუ ჩვენ განკაცების ერთჯერად აქტს ვამტკიცებთ, მაშინ, განკაცებული ლოგოსის სიკვდილი კაცობრიობისთვის ერთხელ უნდა მოხდეს. ზუსტად ამას ასწავლის წმინდა წერილი: ქრისტე ერთხელ (άπαξ) ევნო  (1 პეტ. 3, 18). ლოგოსის ერთჯერადი მსხვერპლი სიმეტრიულია მისი ერთჯერადი განკაცებისა. ეს წმინდა წერილის მოწმობაა (1. ტიმ. 3, 16;  ებრ. 10, 10-12; ებრ. 9, 28). როდესაც ამის შესახებ ასტროთეოლოგიის კონტექსტში ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განკაცების ერთსა და იმავე კენოტიკურ აქტს შეიძლებოდა ჰქონოდა სხვადასხვა სამოტივაციო მიზეზები სხვადასხვა ცივილიზაციების შემთხვევაში.  ამის გათვალისწინებით, არ ვსაჭიროებთ საუბარს მრავალჯერად განკაცებებზე სხვადასხვა ცივილიზაციების რეალიებში (როგორც ამას ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი გვთავაზობს) არამიწიერი ცივილიზაციების ჰიპოთეტური არსებობის ფონზე (მათი ცხონებისთვის).  აქ, ძნელია, სრულად დავეთანხმოთ „ღრმა განხორციელების“ ღვთისმეტყველებასაც, რომელსაც ცნობილი დანიელი ღვთისმეტყველი Niels Henrik Gregersen ანვითარებს. იგი თავის მოსაზრებას (ქრისტეს ხორცის მთელი ქმნილი კოსმოსისადმი თანაზიარობის შესახებ) აფუძნებს შემდეგზე: სიტყვა ხორცად იქცა“ (σὰρξ)» (Иоан. 1, 14) მაგრამ არა ადამიანად (3); თუ ჩვენს საღვთისმეტყველო კონსტრუქციებში წმინდა წერილის ტექსტებს გამოვიყენებთ, მაშინ, ისინი საღვთისმეტყველო აზრის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, წერილის კონტექსტი კი გვეუბნება, რომ ლოგოსი არა მხოლოდ ხორცად იქცა, არამედ ადამიანადაც (άνθρωπος) (1 ტიმ. 2, 5). ლოგოსის ერთდროული განხორციელებისა და განკაცების შესახებ პირდაპირ არის საუბარი ქალკედონის კრების (451 წ.) ტექსტში (καὶ ἄνθρωπον ἀληθῶς). თუმცა, ამავე დროს, „ღრმა განხორციელების“ ძირითადი აზრი – ქრისტეს ხორცის თანაზიარობა მთელი კოსმოსისადმი – ჩვენთვის მისაღებია (ზოგიერთი დაზუსტებებით, რომელთა შესახებ ქვემოთ ვიტყვით). ჩვენ, პირადად, განხორციელების ისეთ მოდელს ვუჭერთ მხარს, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

როდესაც ვსაუბრობთ არამიწიერ ცივილიზაციებსა და ღმერთს შორის კაცობრიობის საშუამავლო როლზე, გარდა ისტორიულ-ბიბლიური პერსპექტივისა, სუფთა საღვთისმეტყველოდაც შეგვიძლია ჩვენი აზრის გამოხატვა.  პავლე მოციქული ამბობს, რომ: „ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო“ (1 ტიმ. 2, 5), ხოლო ქალკედონის კრების (451 წ.) დოგმატი აზუსტებს აზრს იმის შესახებ, რომ ჰიპოსტასური ლოგოსი განკაცდება საერთო ადამიანურ ბუნებაში, რომელიც ჩვენი ერთარსია  (καὶ ὁμοούσιον τὸν αὐτὸν ἡμῖν κατὰ τὴν ἀνθρωπότητα)  და მას თავის თავში აინდივიდუალებს (4). ანუ, ღვთაებრივი ლოგოსის ჰიპოსტაზირებული საერთო ადამიანური ბუნება არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანებს შორის თამაშობს შუამავლის როლს განკაცებული ლოგოსის სახით, არამედ, მას სავსებით შეუძლია ჰიპოთეტურ არამიწიერ გონიერ სამყაროებსა და ღმერთს შორისაც ითამაშოს როლი.  ან ვთქვათ ასე: ჩვენს ერთარს ადამიანურ ბუნებაში ლოგოსი თამაშობს შუამავლურ როლს არამიწიერ სამყაროებსა და ღმერთს შორის (რადგან თავის ჰიპოსტასში ორ ბუნებას აერთიანებს: ქმნილს და უქმნელს, სასრულსა და უსასრულოს, ხრწნადსა და უხრწნელს) და მთლიანობაში შეუძლია ითამაშოს მთელი სამყაროსა და ღმერთის გამაერთიანებლის როლი, მიჰყავს რა ქმნილი კოსმოსი თეოზისამდე ესქატოლოგიაში.  თუკი ლოგოსის განკაცებას მოლეკულარული ბიოლოგიის ენაზე გადმოვცემთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ლოგოსმა, თავის თავში, მოლეკულურად გააერთიანა ფიზიკური კოსმოსი, ანუ ჰიპოსტაზირებულ იქნა ქმნილი კოსმიური ბუნება, რომელიც შედგება მთელს სამყაროში გაბნეული აზოტის, ჟანგბადის და სხვ. მოლეკულებისა და ატომებისგან (რომელთაგან შედგება ჩვენი მზე და მილიარდობით სხვა ვარსკვლავი და გალაქტიკური ნისლეულები). ეს კოსმოსურის „სამშენებლო ბლოკები“ არის ჩვენს ადამიანურ ორგანიზმშიც, რომელიც ლოგოსმა თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში შეითვისა და ჩვენდამი ამ მოლუკულარული თანაზიარობის მეშვეობით, ლოგოსი, ჩვენი ბუნების მიერ, ფიზიკურად ენათესავება ყველა სხვა არამიწიერ გონიერ არსებას, რადგან, მოლეკულები, რომლებისგანაც ჩვენი სხეული შედგება, მთლეს სამყაროშია მიმობნეული. ჰიპოსტასური ღვთაებრივი ლოგოსი ადამიანი გახდა  (1 ტიმ. 2, 5).  რადგან, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად: „ადამიანი უნდა განწმენდილიყო ღმერთის ადამიანობით“ (PG. 36 Col. 653), ეს კი კაცობრიობას აძლევს სანქციას, რომ გახდეს შუამავალი სამყაროში, რადგან ადამიანი არის ღმერთის „ხატი და მსგავსი“ (ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ ასე გვითხრეს) (სხვათაშორის, აუცილებელია ამის დაშვება არამიწიერი გონიერების, როგორც ღვთის ქმნილების, მიმართებაშიც). მოცემულ შემთხვევაში, სულაც არ არის აუცილებელი იმის დაჟინება, რომ რადგან ჩვენ, როგორც ადამიანებს, ჩვენს ფიზიკურ სხეულში სამყაროსთან ატომურ და მოლეკულურ დონეზე  სრული ქიმიური იგივეობა არ გაგვაჩნია (რადგან კოსმოსური ბუნების შესახებ ჩვენი ცოდნის 100%-დან ჩვენთვის მხოლოდ 4%-ის წარმოშობაა ცნობილი), ამიტომ, სამყაროს სრული თეოზისი, თითქოს, შეუძლებელია.  საერთოდ არ მივიჩნევთ აუცილებლად და მითუმეტეს სავალდებულოდ, რომ სამყაროსთან ჩვენი სრული ბუნებრივი იგივეობა (იდენტობა) დავიჟინოთ, რამდენადაც, საკმარისია ის, რომ ქრისსტემ უკვე, უბრალოდ, მიიღო ჩვენი ქმნილი ფიზიკური ბუნება და ქმნილ კოსმოსთან ნათესაობაში და პირდაპირ შემხებლობაში შევიდა.  ჩვენ არ მიგვაჩნია საჭიროდ და უპრიანად, რომ ამ საკითხს ასეთი მეცნიერული სკრუპულოზობით და ზედმიწევნობით მივუდგეთ.  განკაცებული ლოგოსის ადამიანური ბუნების მეშვეობით ზოგად კოსმიური თეოზისი მაინც მოხდება.  ამას თავად წმინდა წერილი გვიჩვენებს. ის გვეუბნება იმაზე, თუ რას მოველით ჩვენ: „ახალი ცა და ახალი მიწა“ (გამოც. 21, 1). ღმერთი მთელს ქმნილ კოსმოსს ეხება, რადგან: „აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს“ (გამოც. 21, 5). ყველაფერი ახალი (καινὰ ποιῶ πάντα) მთელი ქმნილი კოსმოსის სისავსის აღნიშვნაა, ამავე ქმნილი კოსმოსის სიყვარულის გამო „τὸν κόσμο“ (იოანე. 3, 16) ლოგოსი ამ სამყაროში განკაცდება.  ქმნილი კოსმიური სისავსის საბოლოო (ესქატოლოგიური) განწმენდა/განახლება შეიძლება იყოს განკაცებული ლოგოსის ქმნილ სხეულში ღვთაებრივი სისავსის საფუძველზე, რაც, ქრისტეს ადამიანურ სხეულში მოხდა (კოლ. 1, 19; 2, 9). მაგალითად, წმ. ბასილი დიდისთვის,  პირველი ბიბლიური კოსმოლოგიური დღის „ცა და მიწა“  (დაბ. 1, 1)  არის მთელი ხილული კოსმოსის აღნიშვნა  (PG. 29, col 20). მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური „ცისა და მიწის“ წარმოშობა შეიძლება „AN-KI“-ის (ცა და მიწა) შუმერულ-აქადურ გაგებას დავუკავშიროთ. ამ მესოპოტამურ მითო-პოეტურ კოსმოლოგიურ ტრადიციებში მთელ სამყაროს აღნიშნავდა. ეს სუფთა ახლო-აღმოსავლური ბიბლიამდელი პერსპექტივა ბიბლიის მთავარ კოსმოლოგიურ ტექსტში – დაბადების წიგნში – აისახება იმავე გაგებით, როგორც მესოპოტამურ კოსმოლოგიებში.  ამგვარად, თუნდაც ადამიანის სხეულს სამყაროსთან 100%-იანი ქიმიური, ბუნებრივი იდენტობა არ ჰქონდეს, თეოზისი ყველაფრის მიუხედავად მოხდება.  ეს ეკლესიის რწმენაა.  ეს წერილის მტკიცებულებაა.  მოცემულ შემთხვევაში, კოსმოსის ფიზიკურ სივრცეში მეტაფიზიკური ლოგოსის განკაცების ფაქტი ყველაზე რელევანტურ აზრად რჩება. ე. ი. ქმნილება მეტაფიზიკურ რეალობას აღიქვამს და თავის თავში გამოხატავს მას და ეს არის სავსებით საკმარისი.

თუკი არამიწიერი გონების „დაცემული“ ბუნების შესახებ აზრს დავუშვებთ, მაშინ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია აზრის დაკონკრეტება და იმის თქმა, თუ „დაცემულობის“ რომელ კატეგორიაზე შეგვიძლია საუბარი და რა ფიზიკურ პირობებში? თუ ჰიპოთეტურად არსებულ გონიერ არამიწიერ სამყაროს აქვს, ვთქვათ, სილიციუმის ან ფოსფორის საფუძველი, მაშინ, როგორ გავიგოთ ამ შემთხვევაში „დაცემულობის“ მდგომარეობა და ბუნების რომელი ტროპოსი ექნება? როგორ აისახება „დაცემულობა“ ფიზიკურად ან თუნდა მეტაფიზიკურად ამ ჰიპოთეტურად გონიერ ბუნებაზე?  ეს რთული საკითხებია, რომლებსაც უსაზღვრო თეორიული მსჯელობები მოჰყვება, რასაც ჩვენ არ დავიწყებთ, რადგან არამიწიერი გონიერების არსებობის შესახებ არანაირი მოწმობა არ გაგვაჩნია.  პატრისტიკული პერსპექტივის საფუძველზე (თუ, ძირითადად, წმ. მაქსიმე აღმსარებლის ლოგოსის განკაცების მიზეზების ღვთისმეტყველებას და წმ. ათანასე ალექსანდრიელის ცოდვით დაცემის ასახვა ქმნილი კოსმოსის ფიზიკური ბუნების ღვთისმეტყველებას დავეყრდნობით), უფრო ადვილი იქნება ჰიპოთეტური არამიწიერი გონიერების „დაუცემლობაზე“ ვიმსჯელოთ, ვიდრე მისი „დაცემული“ მდგომარეობის კონტექსტში ვიმსჯელოთ.  ბოლოსდაბოლოს, შეიძლება ისედაც იყოს, რომ ქრისტეს იგავი უდაბნოში დატოვებული 99 ცხვრის შესახებ ინტუიციურად მოგვაგონებდეს „დაუცემელ“ არამიწიერ გონიერებას (მისი მრავალი გალაქტიკური გონიერი გამოვლინებებით), ხოლო დაკარგული ცხვარი მოგვაგონებდეს ჩვენს თავს (ლუკა. 15, 1-7). თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თეორიებია და მეტი არაფერი.

კაცობრიობა საუკუნეებია შესცქერის ვარსკვლავიან ცას და თითქოს იქიდან სულ მოელოდა რაღაც ღვთაებრივ გამოცხადებას, რაღაც სიგნალს ან მოწოდებას.  ასე გაჩნდა ასტრონომია, შემდეგ კი ასტროფიზიკა.  შევიცანით რა კოსმოსი, ვსრულვყავით რა ჩვენი ცოდნა ბუნებისმეტყველებაში, ჩვენ გავიგეთ, თუ რაოდენ წარმოუდგენელ მასშტაბებთან გვაქვს საქმე.  „მოვიცავით“ უსაზღვრი კოსმოსის უსაზღვრო სამყარო და ლოგიკურად დავსვით კითხვა: მარტონი ვართ? ეს არის გონიერებისა და მეტყველების მქონე მოაზროვნე და მაძიებელი ადამიანის სავსებით სამართლიანი და ლოგიკური კითხვა. მარტოობის შიში ადამიანის წარმოსახვას რთავდა.  ჩვენ სასოწარკვეთილად ვცდილობდით, ჩვენს თვალწინ შეგვექმნა ეს არამიწიერი, უცხო პლანეტური რეალობა: ვდგამდით ფანტასტიკური და ფენტეზის ჟანრის მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ჩვენ მსგავს უცხო პლანეტელებს ვიგონებდით. ჩვენი მხატვრული წარმოსახვის ნაყოფი, ხშირ შემთხვევაში, ანთროპომორფულ სახეს ატარებდა: „ჩვენ ხატად და მსგავსად“ ვქმნიდით ჩვენს მსგავს უცხოპლანეტელებს. შევქმენით მთელი სალიტერატურო ჟანრი, რომელსაც „ფანტასტიკა“ დავარქვით.  დღესაც ვაგრძელებთ ჩვენი ადამიანური ფანტაზიების რეალიზებას.  ძველ და ანტიკურ ხანაში, ადამიანი ხშირად მიმართავდა წარმოსახვას, ქმნიდა თავისთვის „ღმერთებსა“ და „ტიტანებს“, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარებოდა.   ეს ყოველივე იყო და არის ჩვენი შემმეცნებელი ბუნების იმანენტური. ეს ბუნება უკვე პალეოლითის ხანიდან ფლობდა აბსტრაქტულ აზროვნებას.  ძველი შუმერული ანდაზა ამბობს: „შეიცანი შენი თავი“. ეს რეალობა ჩვენში დღემდეა. როგორც ჩანს, ის არსად არ წავა. ეს შემეცნება აიწევს ახალ (სავარაუდოდ, სამეცნიერო ნეირო-ფიზიოლოგიურ) დონეზე.  ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დღემდე ვაკვირდებით ცას არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ: „პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაციზეციერი“ (1 კორ. 15, 47). თუმცა კი აქ ზეცაზე საუბარია, როგორც მაღალ, სულიერ სამყაროზე, თავად ცის ცნება თავის თავში რაღაც დიდებულს, მიუწვდომელსა და ამაღლებულს ატარებს, რისკენაც ადამიანმა უნდა ისწრაფოს განკაცებული ლოგოსის სახით. განკაცებული ლოგოსის მეთაურობით ყველაფერი გაერთიანდება, ზეციურიც და მიწიერიც (ეფეს. 1, 10). როგორც ჩანს, ამიტომაა, რომ ამ ღვთაებრივი ზეციური მიუწვდომლობის და ამაღლებულობის სიმბოლო იყო ვარსკვლავი, როგორც ეს იყო შუმერში, რომელშიც ვარსკვლავი იყო უზენაესი ღვთაება  ANU-ს და მისი ძეების EN-KI და EN-LIL-ის სიმბოლო (შუმერული ტრიადა).  ამავე ალუზიას ვხედავთ სახარების ფრაგმენტში, რომელიც ქრისტეს შობას უკავშირდება – ზეციური (ბეთლემის) ვარსკვლავი აუწყებს ხალხს ღმერთის ხორციელი შობის შესახებ.  თუმცა, რა თქმა უნდა, ძიების სუფთა სულიერი „ზეციური“ პერსპექტივა არ არის და არც უნდა იყოს ხელისშემშლელი მიწიერი, კოსმიური ძიებისთვის.  მთელი სამყარო მიეცა ადამიანს მემკვიდრეობად და სამფლობელოდ და მან უნდა „დახნას“ იგი თავის ცოდნითა და კვლევით  (შეად. დაბ. 1, 28). ამიტომ, არამიწიერი სიცოცხლის ძიება სავსებით ჯდება ბიბლიურ პერსპექტივაში ჩვენს მიერ ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე და ამის ლეგიტიმურობა თავად ღმერთისგან გააჩნია (მაგრამ ამ საკიტხზე ჩვენ ვისაუბრებთ ამავე სტატიის მესამე ნაწილში).

უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროს ფიზიკური კანონები ყველგან ერთნაირია და ამ სავარაუდო არამიწიერი გონიერების ევოლუციისა და გენების მუტაციების სავარაუდოდ მათემატიკურად გათვლილ სიხშირეს ისეთივე მიმდევრობა აქვს, როგორც ჩვენ, ჩვენს მიწიერ რეალობაში.  ამგვარად, ჩვენს პერსპექტივაში, ევოლუცია გვეხმარება იმ ცივილიზაციის შესაძლო ასაკის გაგებაში, რომელსაც ჩვენთან კავშირზე გამოსვლა შეუძლია.  ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ფიზიკური კანონები ყველგან ერთნაირია, მაშინ, ვერც ისინი შეძლებენ სინათლის სიჩქარის დაძლევას, რათა ჩვენ მოკლე ხანში დაგვიკავშირდნენ (იმ კოსმიური მანძილების გათვალისწინებით, რომელთა გონებით წვდომა ადამიანისთვის საკმაოდ რთულია) ან, მაგალითად, მათ შეიძლება ჩვენთან კონტაქტისთვის სულ სხვა, ჩვენთვის უჩვეულო, რადიო სიხშირეები გამოიყენონ ან შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები კონტაქტისთვის ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ტალღებს იყენებენ; იქნებ, ისინი ნეიტრინოს კვანტებით (ტალღებით) კონტაქტობენ და ჩვენ ეს (ნეიტრინოს კვანტები) ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით და ა. შ. სავსებით შესაძლებელია, რომ მათი კვანტური კავშირი ჩვენგან სრულიად განსხვავებულია.  შეიძლება, ჩვენ არასოდეს გადავეკვეთოთ არამიწიერ ცივილიზაციებთან. ეს ვერსიაც უნდა დავუშვათ, რისი მიზეზები არც თუ ისე ცოტაა.  შეიძლება, ეს ჩვენი მსჯელობები ვინმეს უბრალოდ მსუბუქ ეკზოთეოლოგიურ მსჯელობებად მოეჩვენოს, მაგრამ ამით საკითხის არსი არ იცვლება: 1) ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ თუ არამიწიერი ცივილიზაციები არსებობს, ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ და 2) შეიძლება, ყველა ჩვენი თვითმყოფადი რელიგია კონკრეტულად პლანეტა დედამიწაზე არის მისადაგებული.  სხვა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა არც ღვთის რწმენას, არც ღმერთს, არც წმინდა წერილს არ აუქმებს. პირიქით, წმინდა წერილი შეიძლება პასუხი იყოს სკეპტიკოსებისთვის არამიწიერი გონიერების და ზოგადად არამიწიერი ბიოლოგიის არსებობის საკითხში: თუ ღმერთს მათი არსებობა სურს, ვინ ვართ ჩვენ, რომ ღმერთს ვეკამათოთ მისი შემოქმედებითი განგების თაობაზე (შეად. რომ. 9, 20; ესაია. 45, 9). ჩვენ გვაქვს სრული მორალური უფლება და თავისუფლება, რომ თეორიულად დავუშვათ არამიწიერი გონიერების არსებობა, მით უმეტეს, რომ მრავალი ღვთისმეტყველი უშვებს ამ თეორიას, მაგალითად, ისეთი ცნობილი ღვთისმეტყველები, როგორებიც არიან ჰანს კიუნგი (5), თეოფანე დაყუდებული (6), თედ პიტერსი და მრავალი სხვა 7).  წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ ხილული კოსმოსი სავსეა სხვა სამყაროებითა და საიდუმლოებებით, რომლებიც ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს. ადამიანი მოწოდებულია ამ სამყაროს შემეცნებისკენ და იმისკენ, რომ მასში ღვთის ნების დიდებული ძალა ამოიცნოს და მასთან ერთობაში შევიდეს.   შეიძლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის ბედია, რომ სხვა ცივილიზაციებს ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ იდეა გააცნოს.  ასტრობიოლოგია, ასტროფიზიკა და ასტრონომია, მთლიანობაში, ამ შემეცნებაში გვეხმარებიან. ისინი რაღაც ახალს ქმნიან ახალი ღვთისმეტყველების სახით, რომელსაც ასტროთეოლოგია ეწოდება და რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ვილიამ დერემი ეხებოდა, უკვე დღეს საღვთისმეტყველო ეგზეგეტიკური კვლევის სრულიად ახალ დონეზე  გადის. ჩვენ აქ ვხედავთ მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების სინთეზს და ამ სინთეზს ვუწოდებთ ერთ ტერმინს – ასტრო-თეოლოგია.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვამოძრავებს ჩვენს მიერ თეორიულად აღიარებული სხვა კოსმიური სამყაროების შემეცნების სურვილი და ეს სავსებით სამართლიანია და ადამიანური ბუნების იმანენტურია.  ადამიანი – მკვლევარია, მაგრამ ჩვენი აზრი იმაზეა აქცენტირებული, რომ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს და ვანსხვავებდეთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს.  კაცობრიობის მთელი ისტორია ამის მაგალითია.  რა თქმა უნდა, არამიწიერი გონიერების ძიება ადამიანისთვის დიდი სტიმულია და ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან სამყაროში იმდენი საიდუმლოებაა, რომელიც ჩვენ ჯერ არ აღმოგვიჩენია და თავად ეს საიდუმლოება კოსმიურ პერსპექტივაში უნდა გავიგოთ, როგორც ღვთის ნიჭი, რადგან ადამიანის თავისუფალი ნებისა და სამყაროს საიდუმლოებების პირობებში ჩვენ გვეძლევა ძიების და კვლევების თავისუფლება და ეს მშვენიერია.  ნაწილობრივ, გვამოძრავებს იმის შიში, რომ კოსმიურ რეალობასა და სამყაროს უსაზღვრობაში მარტონი აღმოვჩნდებით და სამყაროში სიცარიელის, სიცოცხლის სიცარიელის პრობლემა ჩვენს გაყინულ მზერას წარუდგება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვთის რწმენა ყოფიერების სისავსეს (πλήρωμα) (კოლოს. 1, 19; 2, 9) გვაძლევს, სიცოცხლის კოსმოსური აზრის ღვთაებრივი სისავსე ჩვენ სწორ ორიენტირებს გვაძლევს ამ საკითხების კვლევისას.  რწმენა არის ძლიერი მამოძრავებელი და შინაგანი სტიმული იმისა, რომ არამიწიერი გონიერება აღმოვაჩინოთ (არა მხოლოდ ღვთაებრივი მეტაფიზიკური), თუნდაც ეს იყოს არამიწიერი გონიერება, რადგან სამყაროში მრავალი საიდუმლოა, რომელთა, ქმნილი კოსმოსის შემეცნების გზით,  აღმოჩენის სანქცია ღმერთმა მოგვცა (დაბ. 1, 28), რადგან მან ადამიანი თავისუფალ მკვლევრად შექმნა.  ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო დადასტურებული (სიბრძნე. 9, 16): „ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია?“ მან თითქოს წინასწარ დაინახა ჩვენი დრო, რომელშიც უკვე ვიწყებთ ამ ფიზიკური „ცის“ შესწავლას.  მაგრამ, ჩვენი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ადამიანში ყოველთვის იყო და არის გარკვეული sensus divinitatis – ღვთაებრიობის გრძნობა, რომელიც ყოველგვარი დასკვნების გარეშე ადამიანებში აჩენს ღმერთის არსებობის შესახებ ცოდნას და აუწყებს შემეცნების ფიზიკურ შესაძლებლობებს, თუნდაც ადამიანი მეცნიერებით დაკავდეს და მოიაროს კოსმიური სამყაროს სივრცეები.  ეს გრძნობა ჩვენთვის ონტოლოგიურად იმანენტურია და „ადამინში ზის“. ის ამოძრავებს ჩვენს სახეობას მომავალში ახალი ადამიანური სახეობის ჩამოყალიბებისკენ და ამ სახეობას Homo spiritus უნდა ეწოდოს.  ზოგად ადამიანური ანდაზის თანახმად – „სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს“. ეს ნიშნავს, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, მანამდე ცოცხალია მისი ნება სიცოცხლისადმი და ხილული/უხილავი კოსმოსის, ფიზიკური/მეტაფიზიკური სამყაროს შემეცნება.  ადამიანის ევოლუცია გრძელდება …

_ _ _ _ _

*სტატიის პირველი ნაწილი იხ.: https://orthodoxtheology.ge/astroteologiuri-perspeqtiva/

_ _ _ _ _

  1. Nesteruk, Alexei V. Soldatov, Alexander V. Christian Theology, Extraterrestrial Intelligence and a Hypothesis of Multiple Incarnations // Journal of Siberian Federal University. Humanities & Social Sciences 6 (2019 12). P. 1064.
  2. Nesteruk, Аlexei V. The Motive of the Incarnation in Christian Theology Consequences for Modern Cosmology Extraterrestrial Intelligence and a Hypothesis of Multiple.pdf Pp.6-7
  3. Astrotheology: Where Science and Theology Meet ETIeds., Ted Peters, Martinez Hewlett, Joshua Moritz, Robert John Russell. Oregon, 2018. P. 315.
  4. Фотий, святитель, Патриарх Константинопольский. Антилатинские сочинения: пер. с древнегреч. [пер. с древнегреч. Афиногенова Д. Е., Кузенкова П. Е.; под ред. Фокина А. Р.]. 3-e изд. Москва: Издательский дом «Познание», 2019. С. 96.
  5. Küng, Hans. Eternal Life? New York: Doubleday, 1984. P. 42/
  6. წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ https://orthodoxtheology.ge/aramicieri-civilizaciebis-shesaxeb/?fbclid=IwAR0Hq0MFN9JxfF4NKuQayrDNOx4yJEWWTPkT-ducwFp_q5Pi0U4mmLv_c7w
  7. იხ. სტატიათა კრებული თედ პიტერსის რედაქციით: Astrotheology: Where Science and Theology Meet ETIeds., Ted Peters, Martinez Hewlett, Joshua Moritz, Robert John Russell. Oregon, 2018.