წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმინდა და დიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობის შესახებ;

2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაადგინეს:

ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართის მიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ- ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს.შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1(14ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.

ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალისტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.

3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისმოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები,ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია.

ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც.

ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით.

გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს,საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიისთვის.

ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს,სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევართ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.

ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქმედებისათვის ზრუნვა.

4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ.

ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მამოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი.

მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე.

წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, – „მე და საზოგადოების” შესახებ და დაადგინა:წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც.

5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი.

დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.

6. წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა.

დაადგინეს: კონსტანტინოპოლის II კრების 6-ე* და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება”

წყარო

* წყაროში გაპარული იყო ტექნიკური შეცდომა “26-ე” კანონი, მეორე მსოფლიო კრებას (კონსტანტინეპოლი 381 წ.) მიღებული აქვს მხოლოდ 7 კანონი, აღნიშნულ მუხლში შინაარსობლივად იგულისხმება მე 6 კანონი.

მოგვყავს ორივე ხსენებული კანონი

კონსტანტინოპოლის II კრების 6-ე

კანონი 6


ვინაიდან ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო კონსტანტინოპოლში მოწვეულ წმიდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას განურჩევლად არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი უნდა იპოვოს – რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. პირველ რიგში არ უნდა მიეცეთ მწვალებლებს უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხილნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ანდა განყენებულია ზიარებიდან, კლირიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, – სანამ თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან დასის სხვა წევრზე ბრალდება იმათგან, ვინც მანამდე თვითონ იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო არ აღმოჩნდება. თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმიდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი მცდელობის მიუხედავად შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა. ხოლო, ვინც უგულებელყოფს დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ანდა საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას – რაც ადგილობრივი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება – და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდ
ა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი.

(მოც. 34,37,74,75; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8,10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).

კართაგენის კრების კანონი 19


ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს.

თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე. სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო. ზიარებისაგან ნუ იქნება განყენებული, თუ მივიდეს დათქმულ დღეს, ესე იგი ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მიიღებს ეპისკოპოსთა წერილობით შეტყობინებას. თუ წარმოადგენს მართალ და ჭეშმარიტ მიზეზს, რომელსაც მისთვის ხელი შეუშლია მასზე დადებული ბრალდების გამო პასუხის საგებად წასვლაში, კიდევ ერთი თვე ჰქონდეს ზიარების უფლება. ხოლო მეორე თვის შემდეგ ნუღარ ეზიარება, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ბრალი არ მიუძღვის. თუ  ყოველწლიურ კრებაზე მისვლა არ მოისურვოს, რომ იქ განიხილონ მისი საქმე, თვითონ გამოუტანია საკუთარი თავისთვის განაჩენი. მისთვის დადგენილ უზიარებლობის ვადაში იგი ნუ ეზიარება ნურც თავის ეკლესიაში, ნურც სხვა სამრევლოში. თუ მისი ბრალმდებელი იმ დღეებში, როცა საქმე ირჩევა, არსად წავა, ნუ შეუბრკოლდება ზიარება. თუ წავა და მიიმალება, უზიარებლობით დაისაჯოს. ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს.

ხოლო ესეც ცხადი იყოს, რომ, როცა ხდება ეპისკოპოსთა სამსჯავროს წინაშე რაიმეს გამოძიება, თუ ბრალმდებელი არის მხილებული და ბოროტებით ცნობილი პირი, იგი არ შეიძლება ვცნოთ ბრალმდებლად. მის მიერ აღძრული საქმე განიხილება მაშინ, თუ იგი პირადად მას შეეხება, ხოლო საეკლესიო საქმის ხსენება მან ვერ უნდა გაბედოს.

წყარო