ავტორი – დიაკვანი ანდრეი კურაევი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

მე 13 თავი აპოკალიფსიდან, რომლის ციტირებაც ყველაზე ხშირად ხდება. აპოკალიფსის ის ადგილი, სადაც “ანტიქრისტეს ბეჭედზეა” საუბარი. მის ციტირებას შეშფოთება ახლავს თან: ჩვენს შესახებ ხომ არ არის ეს წინასწარმეტყველება?

დიახ, ის ჩვენს შესახებ არის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ამ თავს რაღაც სიხარულის ელფერი დაჰკრავს. ეს წინასწარმეტყველება ხომ ანტიქრისტესა და ქრისტიანების ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ესე იგი, ის არა მხოლოდ ანტირისტეზე, არამედ ჩვენზეც, ეკლესიაზე საუბრობს. შესაბამისად, თუკი ჩვენ ამ ამონარიდში უკანასკნელი დღეების ქრისტიანთა ცხოვრების სიცოცხლისა და რწმენის მოწმობას დავინახავთ , ნამდვილად გამოჩნდება საბაბი სიხარულისა. მოდით გადავიტანოთ ეს ტექსტი “ანტიქრისტიანობრივი” პერსპექტივიდან აპოლოგეტიკურში. აპოლოოგეტიკა გვიხსნის, თუ რატომ აქვთ უფლება ქრისტიანებს სწამდეთ, ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვწამს, ვფიქრობთ და ვმოქმედებთ. მართლმადიდებლური ცხოვრების ამ რეალიათა შორის, რაც მავანთა მხრიდან ხშირად ყველაზე დიდი კრიტიკის ქვეშ ექცევა, არის ჩვენი დამოკიდებულება ხატების მიმართ. სწორედ ეს ზღვარი ჩვენი რწმენისა შეიძლება აიხსნას აპოკალიფსის მეშვეობით.

რა ვიცით ჩვენ ანტიქრისტეს მიზნის შესახებ? ჩვენ ვიცით რომ ის მოვა, “ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა” (მათ. 24:24). მას არ სჭირდება დამორჩილება წარმართი სამყაროსი, რომელიც თაყვანს სცემს “სულებს” ან უბრალოდ მიწიერ ფასეულობებს. ეს სამყარო მას უბრალოდ მორჩლებაში ეყოლება. ის ვინც ამა სოფლისაა, ანტიქრისტესადმი მორჩილებით მხოლოდ ღიად გამოაცხადებს მის ჭეშმარიტ რწმენასა და მისწრაფებებს, რაც არც აქამდე ყოფილა დიდი საიდუმლო.

მაგრამ არიან ასევე ისინიც, რომლებიც აირჩია ქრისტემ “ამა სოფლისგან”. “უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა”. (იოან. 15:19) სწორედ ეს ქრისტეს მიერ “რჩეული” და დაცული ხალხი გახდება ანტიქრისტეს მთავარი თავის ტკივილი.

მას ძალაუფლების სისავსე ესაჭიროება, მას სჭირდება ძალაუფლება არა მარტო მათზე, ვინც “ამა სოფელში” მკვიდრობს, რადგან ეს ბატონობა არა მხოლოდ მათ საფულეებზე, ჯიბეებზე და ქონებაზეა, არამედ მათ სულებზეც, ადამიანების სიყვარულსა და სიძულვილზეც. სწორედ ასე “უფროს ძმისთვის” ორუელის რომანიდან “1984”, არ იყო საკმარისი მარტოოდენ ადამიანთა მორჩილება, არ იყო საკმარისი ერთმანეთისადმი ღალატი ან განდგომა ყველა სხვა მიჯაჭვულობისგან. მას ესაჭიროებოდა მათი “სიყვარული”, ვისაც აწამებდა.

ანტიქრისტეს სჭირდება ქრისტიანთა სიყვარული. მას სურს რომ ის გრძნობა რომელსაც ქრისტიანები განიცდიან ქრისტეს მიმართ, თავისკენ მიმართოს. ის ასაღებს თავს იმათ, ვისთანაც რეალურად ომს აწარმოებს. შესაბამისად, ანტიქრისტეს მიზანი არის “რჩეულთა ხიბლში ჩაგდება”, ანუ მიაღწიოს იმას, რომ ქრისტიანებმა მიიღონ ის როგორც მათი დაბრუნებული უფალი.

მაგრამ ვინ არიან ეს “რჩეულები”? რადგან ქრისტიანთა სამყარო დანაწევრებულია. ქრისტიანთა ყოველი სამწყსო დარწმუნებულია იმაში, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი. რომ სწორედ ის არის მატარებელი სამოციქულო საგანძურისა და წინასწარმეტყველებათა კანონიერი მემკვიდრე. ყოველი ასეთი ჯგუფი მზად არის ჩათვალოს თავი ჭეშმარიტ ქრისტიანთა ამ “რჩეულ ნაწილად”, რომელიც წინ აღუდგება ანტიქრისტეს. როგორ დავასაბუთოთ, რომ სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან “რჩეულნი”?

რა არის ცნობილი ჩვენთვის? ცნობილია – ვინ ნადირობს. ცნობილია მონადირის საბოლოო მიზანი (მას სურს ვინმე იმსხვერპლოს), და ცნობილია მონადირის სანადირო აღჭურვილობა და საშუალებები.  უცნობია მხოლოდ ის, თუ ვისზე ნადირობს იგი. თუმცა, ეს გაურკვევლობა შეიძლება აღმოვფხვრათ, თუკი კარგად დავაკვირდებით ნადირობის მეთოდებს. მისი ბრძოლის იარაღი ჩვეთვის ცნობილია: ის ხიბლავს სასწაულების მეშვეობით. მისი სასწაულები, ისევე როგორც მთელი მისი საქმიანობა სრული სიყალბეა (იმ მნიშვნელობთ, რომ არ მომდინარეობს სასწაულთა ჭეშმარიტი შემქმენილსგან – შემოქმედისგან).

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყალბი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იქ, სადაც არსებობს ნდობა ორიგინალისადმი. მხოლოდ იმის ყალბ ასლს აკეთებენ, რაც ფასეულია. ანტიქრისტე ყალბი ასლების სპეციალისტია. მაგრამ აყალბებს იმას რაც ჭეშარიტად ფასეულია. ის შეინიღბება იმის ქვეშ, რაც ღირებულია “რჩეულ” ქრისტიანთა შორის. და თუკი გვეცოდინება როგორი შეიძლება იყოს მისი ნიღბები, შეიძლება გავიგოთ, თუ რა იქნება დაფასებული უკანასკნელი თაობის ქრისტიანთა შორის (რჩეულ ნაწილში).

აი, ანტიქრისტეს “იარაღი”: მისი წინასწარმეტყველის მიერ “ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა” (გამოცხ. 13.13) და ქმნის სასწაულებრივ იერს (და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ.(გამოცხ. 13.15))

თუკი ანტიქრისტე აყალბებს სასწაულმოქმედ ხატს – ეს იმის მანიშნებელია, რომ აკეთებს ამას იმ ქრისტიანთა გამო, ვინც პატივს მიაგებს ჩვენი უფლის მიერ ქმნილ სასწაულებს, რასაც ის სასწაულებრივი წმინდა ხატების მიერ ახორციელებს.  აქვთ თუ არა მსგავსი რწმენა (ხატებისადმი) პროტესტანტებს? არა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის ამგვარ სამონადირეო ხაფანგს მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის აგებს. თუკი ანტიქრისტე აყალბებს ზეციერ ცეცლხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აკეთებს ამას იმ ქრისტიანთა გამო, ვისაც აქვს ნდობა ამგვარი ცეცხლის მიმართ. დაარწმუნებს თუ არა კათოლიკებს და პროტესტანტებს ზეციდან გადმოსული ცეცხლის ნიშანი რამეში? მათთვის ეს ჩვეულებრივი თვალთმაქცობა იქნება. მათი რწმენა არ ავალდებულებს მათ რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭონ ან რელიგიური ნდობით მიიღონ ამგვარი ფენომენი. მაგრამ მართლმადიდებელთათვის ზეციური ცეცხლი სიწმინდეა. ცრუწინასწარმეტყველის სასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არსებული ერთ-ერთი უდიდესი სასწაულის იმიტაცია  იქნება – ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული ყოველი წლის დიდ შაბათს იერუსალიმში. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამ მართლმადიდებლური რწმენის  უკან იქნება შენიღბული ანტიქრისტე.

სწორედ ამაშია სიხარული ბიბლიური წინასწარმეტყველებისა. სიხარული იმისა, რომ მხოლოდ მართმადიდებლები აღმოჩნდებიან რჩეულ უმცირესობაში, რომლებიც ქვეყნის დასასრულის ზღვარზეც კი მყარად შეინარჩუნებენ სამოციქულო სარწმუნოებას. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ მართლმადიდებელთა გაფრთხილების მიზნით დაიწერა აპოკალიფსი.  ანუ – მართლმადიდებლებისათვის. ესე იგი, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია არის წერილში მოხსენიებული ეკლესია. ბიბლია დაწერილია ჩვენთვის და ჩვენს შესახებ. ეს სასიხარულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს პატივი ვიყო წევრი იმ ეკლესიისა, რომელიც მიაღწევს საკაცობრიო ისტორიის ზღვარს და გამარჯვებით გადალახავს მას (თუმცა დანაკარგის გარეშე ვერ შეძლებს ამის განხორციელებას).

პროტესტანტი მოპაექრენი მეტად ნაჩქარევად განმარტავენ ამ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მათთვის ეს ადგილი ძვირფასია როგორც ანტიმართლმადიდებლური არგუმენტი: თითქოსდა ერთადერთი ადგილი ახალი აღთქმიდან, სადაც ნახატ ხატებზეა საუბარი და ის ანტიქრისტეს შესახებ არის. და გამოდის, რომ მართმადიდებლური ხატთაყვანისცემა ანტიქრისტეს თაყვანისცემისკენ მიმართული გზაა…

დიახ, მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემა სწორედ ის წერტილია, საითაც მიმართავს ანტიქრისტე თავის დარტყმას. მაგრამ ამ შეტევას ის ჩვენს მიმართ – მართლმადიდებლების მიმართ განახორციელებს და არა პროტესტანტების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ხატები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია იქნება მისთვის ერთადერთი დაუძინებელი მტერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის, ვისაც სურს იყოს ყველაფერ ამის “შემანარჩუნებლებთან” ერთად, ვისაც სურს იყოს იმ ეკლესიასთან ერთად, ვისზეც საუბარია წერილში, უნდა შეუერთდეს მართლმადიდებლობას.

© Московский церквоный вестник. No. 19 (225) ოქტომბერი 2001 წ.