ავტორი: იოანე კაზარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში სხვა პლანეტებისა და მზის სისტემის თანამგზავრების კოლონიზაცია ფანტასტიკურ იდეად ჩანდა (რომლის შესახებაც იმავე საუკუნეში უტოპიური ინტერესით წერდნენ ფანტასტი ავტორები), მაგალითად, მარსის და მთვარის კოლონიზაციის საკითხი ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან რეალობის ხასიათს იძენს.

რატომ მაინც და მაინც მარსი და მთვარე? იმიტომ, რომ ისინი დედამიწასთან ახლოს მდებარეობდნენ და ამასთან, თავისი აგებულებითა და შემადგენლობით დედამიწასთან ახლოს არიან.  ამიტომ, პირველ ეტაპზე ადვილი იქნება ზუსტად ამ კოსმიური სხეულების კოლონიზაცია. მარსი შედის პლანეტების დედამიწისეულ ჯგუფში. მას აქვს თავისი ატმოსფერო, რომელიც, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუხშოებულია და არ ვარგა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მაგრამ თეორიულად, დედამიწის ტექნოლოგიების განვითარებისას, ადამიანი შეძლებს მარსის კლიმატური პირობების გადალახვას ამ პლანეტაზე ყოფნისას. NASA (National Aeronautics and Space Administration) — აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში და კერძო ამერიკული კომპანია SpaceX უკვე შეიმუშავებენ მარსზე მცირე დასახლებების მშენებლობის გეგმას და ამუშავებენ ყველა ამ ვარიანტს (ყველა პრობლემის გათვალისწინებით, რომლებიც ადამიანს ამ პლანეტაზე წარმოექმნება) ამ პლანეტის კოლონიზაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მარსზე ადამიანი წააწყდება ბევრ წინაღობას, როგორებიცაა სასიკვდილო რადიაცია ან ადამიანის სხეულისთვის არაჯანსაღი გრავიტაცია, მაგრამ ყველა ეს წინაღობა თეორიულად გადაწყვეტადია და წყდება (შორეულ პერსპექტივაში კი არსებობს მარსის ტერამორფირების გეგმები). მსგავსი პრობლემები არსებობს მთვარის კოლონიზაციასთან დაკავშირებითაც. თუმცა დედამიწის ეს თანამგზავრი კაცობრიობისთვის საინტერესოა არა მხოლოდ მარსისკენ გზაზე „შესასვენებელი პუნქტი“, არამედ მთვარის გრუნტიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების თვალსაზრისითაც, ისევე როგორც, მარსის გრუნტი თავის მხრივ შეიცავს კაცობრიობისთვის სასარგებლო წიაღისეულს, მაგალითად, ლითიუმს.  გარდა ამ მიზეზებისა, არის სხვა, სავსებით „მიწიერი“ სერიოზული მიზეზები მარსის და მთვარის კოლონიზაციისა (დღეს, დედამიწის თანამგზავრის კოლონიზაციის საკითხზე მუშაობს ძირითადად ამერიკული მთვარის პროგრამა „არტემიდა“/ Artemis program). ეს არის ვირუსების ხშირი გავრცელების პროგრამა, რომელიც მომავალში შეიძლება მეტად გაართულებს კაცობრიობის არსებობას ჩვენს პლანეტაზე. ჩვენ არ ვიცით, რა სიმძიმის (ხარისხის) მქონე ვირუსები შეიძლება გაჩნდნენ დედამიწაზე და როგორ შეებრძოლება მათ კაცობრიობა (დედამიწაზე ვირუსის გაჟონვის პრობლემის მაგალითზე მარსზე და მთვარესე ის დროულად აღიკვეთება). სულ ამას წინათ გახდა ცნობილი, რომ პლანეტაზე უკვე 8 000 000 000 ადამიანი ვართ (1) და ეს რიცხვი გაიზრდება, რაც აორმაგებს მომაკვდინებელი ვირუსების შესაძლო გავრცელებისა და გაჩენის ხარისხს. გარდა ამ ყველაფრისა, სუფთა კლიმატური საკითხები, როგორებიცაა: ოზონის ხვრელები რომლებიც ფართოვდება (თუმცა ამ პრობლემას უკვე წყვეტენ დამანგრეველი ქიმიური საშუალებების გამოყენების აკრძალვით (2) მაგრამ ოზონის ხვრელების გაფართოების შესაძლო საფრთხე ჯერ კიდევ რჩება), რის შედეგადაც ძლიერდება რადიაცია და გლობალური დათბობა;  უდაბნოების გაფართოება, წყალდიდობები და ა. შ. ეს აფიქრებინებს მეცნიერებს კაცობრიობის მომავალზე.  იმის საფრთხე, რომ დედამიწას ასტეროიდი დაეჯახება ან დიდი მეტეორიტი მოხვდება (რაც ჩვენთვის შეიძლება საბედისწერო მოვლენა აღმოჩნდეს), რაც სავსებით რეალურია, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.  ყველა ეს სავსებით რეალური საფრთხე მთელი მსოფლიოს მეცნიერებსა და განსაკუთრებით კი კოსმოსურ სააგენტოებს აიძულებს მარსისა და მთვარის კოლონიზაციის გეგმის შემუშავებას და ამავდროულად ამით კაცობრიობისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას: საჭირო სასარგებლო წიაღისეულის ან დამატებითი მზის ენერგიის მოპოვება (რომელიც აქტუალურია მთვარის კოლონიზაციის პროგრამისთვის).

მაგრამ შეიძლება ვინმეს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ კოლონიზაციის იდეისადმი, თუმცა აღვნიშნავთ, რომ კოლონიზაციის პროცესი უკვე დაიწყო (მარსზე მუშაობენ რობოტიზებული მარსმავლები, მთვარე კი უკვე არის „არტემიდას პროგრამის“ სამიზნე, რომელიც უკვე წინასაკოლონიზაციო სამუშაოებს ატარებს რეალურად). კოსმოსური ტექნოლოგიის და განსაკუთრებით კოსმოსური კოლონიალური ტექნოლოგიების სფეროში ბოლო შემუშავებებით ადამიანი ნამდვილად ახლო მომავალში მიაღწევს მარსისა და მთვარის კოლონიზაციის დასახულ მიზანს.  როდესღაც ადამიანი ვერც იფიქრებდა, რომ ის კოსმოსში გავიდოდა, ეს შესაძლებლობის ზღვარს მიღმა ჩანდა და ასე ფიქრობდნენ სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რეალობად იქცა.  დღეს ადამიანი ორბიტულ სახეობად იქცა და ეს უკვე ფაქტია, რომლის უარყოფაც შეუძლებელია: დედამიწის ახლო ორბიტაზე მუდმივად იმყოფება ადამიანი ან მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (The International Space Station) (ISS), ეს არის პილოტირებადი ორბიტალური სადგური, რომელიც გამოიყენება, როგორც მრავალმიზნიანი კოსმოსური კვლევითი კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს 14 ქვეყნის ერთობლივ საერთაშორისო პროექტს. ISS-ის პარალელურად დედამიწის ახლო ორბიტაზე უკვე მუშაობს მეორე (ჩინური) კოსმოსური პილოტირებადი სადგური „ტიანგუნი“. ამგვარად, ადამიანი, როგორც ფაქტი, უკვე ორბიტული სახეობა გახდა, შემდეგი ნაბიჯია პლანეტათშორისი სახეობად გახდომა (და ძალიან შორეულ პერსპექტივაში კი ინტერგალაქტიკურ სახეობად გახდომა), რისკენაც მიისრწაფვის კაცობრიობის მეცნიერული ნაწილი.

ამ ყველაფერში არის რაღაც შეხსენება იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა სახეობათა წარმოქმნის პროცესი ბიოლოგიური ევოლუციის პროცესში.  ჩვენი ბიოლოგიური ევოლუცია არის არაპროგნოზირებად და სასტიკ  სამყაროში გადარჩენის საშუალება. ევოლუცია არის კაცობრიობის გადარჩენის ბიოლოგიური ისტორია და განა დღეს რამე შეიცვალა? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ დღესაც ვაკეთებთ პრინციპში ყველაფერ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდით, შეიცვალა მხოლოდ ტექნოლოგია. ადამიანი დღესაც ცდილობს გააუსაფრთხოოს თავისი ცხოვრება და ამისათვის ყველაფერ შესაძლოს აკეთებს.  ადამიანი ხომ უბრალოდ არაგონიერი ჰომინიდისგან მრავალ ეტაპობრივი ბიოლოგიური ევოლუციის სტადიაში მივიდა homo-sapiens-ის სახეობამდე და სახეობათა წარმოქმნის პროცესი არ დასრულებულა, რამდენადაც უცნობია ჯერ რომელი სხვა სახეობა ელის ადამიანის ბიოლოგიას მომავალში და ზუსტად როგორ მუტაციას განიცდის მისი გენები. სანამ არსებობს ადამიანი – მის ევოლუციაში იქნება პროგრესი. ჩვენი სწრაფვა კოსმოსისკენ აბსოლუტურად იმანენტურია ჩვენი ბიოლოგიური ბუნებისა, ჩვენს მიერ კოსმოსური სამყაროს კოგნიტური შეცნობაც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენს წინაისტორიამდელ გონიერებას (კოგნიტურ განვითარებას), რომელიც ევოლუციის პროცესში გამოუმუშავდა ჰომინიდს, როგორც ამ სასტიკ სამყაროში გადარჩენისა და მისი შემდგომი შეცნობისკენ მისწრაფება.    კოგნიტური განვითარება არ ჩერდებოდა ჩვენი ევოლუციის რომელიმე ეტაპზე, ამ პროცესს ჰქონდა და აქვს პერმანენტული ხასიათი, – სანამ ადამიანი ცოცხალია, სანამ ის მოქმედებს – ის ვითარდება და კაცობრიობა გააგრძელებს პროგრესს.  კოსმოსური კოლონიზაცია არ წარმოადგენს მხოლოდ მარსისა და მთვარის ან ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტური თანამგზავრების (შორეულ პერსპექტივაში კი ეგზოპლანეტების) კოლონიზაციას, არამედ ე. წ. თავისი ატმოსფეროსა და შიდა გრავიტაციის მქონე ორბიტული ქალაქების მშენებლობას, ამასთან, ჩვენი ახლანდელი თანამედროვე ორბიტული კოსმოსური სადგურები წარმოადგენენ მომავალი ორბიტული ქალაქების სრულყოფის ერთგვარ მოდელებს. ერთი სიტყვით, გადასახლება როგორც პროცესი ან როგორც მოვლენა ადამიანის პრეისტორიულ ან ისტორიულ ცხოვრებაში არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა და ის ადეკვატურად ასახავს ჩვენი (წინა)ისტორიის რეალობებს ისევე, როგორც ჩვენს თანამედროვეობასა და მომავალში.  თუ თავისი ბუნების ჩამოყალიბებისას ჩვენი არაგონიერი, ნახევრად გონიერი წინაპრები მკვიდრდებოდნენ გამოქვაბულებში და მთის ხეობებს, შეიძინეს რა გონება, გამოვიდნენ რა ველური, ცხოველური სამყაროდან, დატოვეს რა იგი, მათ ადამიანური რეალობის სამყაროში შემოიტანეს კულტურის ფენომენი და კულტურის მეშვეობით ააშენეს თავისი ცხოვრება, მაქსიმალურად უსაფრთხო გახადეს იგი მათ მიერ უკონტროლო და ველური ბუნების გარე უარყოფითი გამოვლინებებისგან.  დღეს ადამიანი ამას აგრძელებს, უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიები (პრე)ისტორიული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით უკვე დიდი ხანია ახალ დონეზე გავიდნენ, თუმცა, არსით არაფერი შეცვლილა. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს ჩვენი (პრე)ისტორიული რეალობისგან განსხვავებით, უბრალოდ, ვითარდება და სრულყოფილი ხდება ჩვენი ტექნოლოგიები და ისტორიაშიც სულ ასე იყო.

თვითონ ადამიანი მიესწრაფვის რაღაც ახლის, გამოუკვლეველის შეცნობას, ის თავისთვის ხსნიდა და ხსნის ცოდნის ახალ ჰორიზონტებს.  ამ სამყაროს დამუშავების (და ე. ი. შეცნობის) და მისი ფლობის უნარი და ნებართვა ადამიანს მიეცა ღმერთისგან  (დაბ. 1, 28). მთელი ბიბლია აჭრელებულია იმის აღწერით, თუ როგორ გადაადგილდებოდა კაცობრიობა და ჩვენი პლანეტის ამა თუ იმ ადგილას სახლდებოდა და თან ჰქონდა ამის ღვთაებრივი რეზოლუცია. ამიტომ, ნებისმიერი კოლონიზაცია ჩვენი ბუნების იმანენტურია. ჩვენ ისტორიამდელი ხანიდან ვცდილობდით ამ სამყაროს „დამორჩილებას“, რომ მას ჩვენებურად ეცხოვრა, ჩვენ ვისწავლეთ ზოგი კლიმატური მოვლენის მსვლელობაში ჩარევა და ამას გავაგრძელებთ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ვსრულყოფთ რა იმ გონებას, რომელიც შევიძინეთ. ძველად, ჰომო-ერექტუსები ტოვებდნენ თავის ბიოლოგიურ სამშობლოს – აფრიკას – და ახალი ცხოვრების ძიებაში მიდიოდნენ უფრო შორს. და ეს გრძელდება და ასე იქნება ყოველთვის, სანამ ადამიანი ცოცხალია.   უცნაური და გასაკვირი იქნებოდა, თუ ადამიანი ამ ევოლუციური განვითარებაში გაჩერდება, თუ ამ პროცესს ჩვენ გავაჩერებთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დეგრადირდა და ნელი კვდომის გზას დაადგა.

საინტერესო აღსანიშნავია, რომ გენეტიკის ბოლო მონაცემებმა საკმაოდ გაგვაკვირვა. თურმე, ჩვენს დნმ-ში არის გენი DRD4. მას უწოდებენ „გადაადგილების“ გენს. ეს არის ერთი ადგილიდან მეორეზე მუდმივად გადასვლის გენი. ეს არის მობილობის გენი, თუ შეიძლება ასე ითქვას და იგი ძირითადად არა-აფრიკული წარმოშობის ადამიანებში აღმოჩნდა (თუმცა აფრიკელებმაც შეინარჩუნეს იგი, მაგრამ ნაკლებ გამოხატულად) სრულიად გასაგები მიზეზების გამო: მათ, ვინც აფრიკაში დარჩნენ, წაერთვათ ის მობილობა, რომელიც გამოიმუშავეს იმათ წინაპრებმა, ვისაც დღეს ევროპელები, კავკასიელები ან აზიელები ეწოდებათ. ეს გენი გვხვდება ადამიანებში, რომლებიც უფრო მიდრეკილები არიან გადაადგილებისკენ. ის გვხვდება ადამიანებში აფრიკის ფარგლებს გარეთ.  ეს გენი მოქმედებს ტვინში რეცეპტორების სინთეზზე დოფამინთან. ამ გენს ათობით ვარიანტი გააჩნია, რომლებიც აღინიშნება  1R, 4R, 11R და ა. შ.  მაგალითად, DRD4 7R. რაც მეტია R, მით მეტია სიახლისადმი, კვლევისადმი, ახალი ცოდნის ძიებისადმი და ა. შ. ინტერესი, მაგრამ ამავდროულად მეტია ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ალბათობა.  ვისაც R მეტი აქვს, უფრო შორს წავიდნენ აფრიკიდან: ყველაზე მეტი R აქვს ევროპელებსა და ამერიკელ ინდიელებს.  ისინი მართლაც ყველაზე შორს წავიდნენ.  აფრიკელებში ჭარბობს გენი მცირე R-თი. ამგვარად, აფრიკელები სხვებივით მოუსვენრები არ არიან და ამიტომაც დარჩნენ აფრიკაში.  როგორც მიიჩნევა, ეს გენი წარმოიქმნა დაახლ. 50 000 წლის წინ. ზოგჯერ მას „მიგრაციის გენს“ უწოდებენ (გადაწყვეტილებების სწრაფი მიღების და გადაადგილების უნარი), მაგრამ ჩვენს მობინადრე საზოგადოებაში ის შეიძლება გაქრეს.  ეს გენი ჩვენს ქცევაზე მოქმედებს, ისე, როგორც გენები განსაზღვრავენ ქცევის გარკვეული ტიპებისადმი მიდრეკილებას, თუმცა არ განსაზღვრავენ მას, ანუ ჩვენი ქცევა არა მხოლოდ გენებზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა ჩვენი ტვინი, დამოკიდებულია გარემოზეც, რომელშიც ვცხოვრობთ და თავისუფალ არჩევანზეც.  ამიტომ, „მიგრაცია“, როგორც ასეთი, გენეტიკური დონეზეც იწერება და შევინარჩუნებთ თუ არა მას ჩვენ, დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენი ცხოვრების წესზე.  როგორც ჩანს, გრძელვადიან კოლონიალურ კოსმოსურ პერსპექტივაში, ჩვენ არა მარტო ეს გენი შეგვინარჩუნდება, არამედ ახალიც გამოგვიმუშავდება, ისევე როგორც ჩვენი სახეობა – homo-sapiens – ახალ კლიმატურ პირობებში შეიძლება ახალ/სხვა სახეობად გადაიზარდოს.  ამიტომ მარსის ან მთვარის კოლონიზაცია თუ შეიძლება ასე ითქვას ჩვენი შემეცნებითი ბუნების იმანენტურია და ამაში არაფერია გასაკვირი და მით უმეტეს ანტირელიგიური არ არის, რადგან რელიგია და ბუნებრივი ევოლუცია ერთმანეთის სიმეტრიულია.  ამგვარად, კოლონიზაცია ადამიანის ევოლუციურ განვითარებას შეესაბამება და ჩვენი ბუნების იმანენტურია, ადეკვატურად ასახავს ჩვენს (პრე)ისტორიულ რეალობას თანამედროვეობაში და აგრძელებს ჩვენს (პრე)ისტორიულ ევოლუციურ გზას მომავალში და აქ არაფერია გასაკვირი არ არის, იცვლება მხოლოდ ტექნოლოგიები და გადაადგილების საშუალებები, მაგრამ რჩება შინაგანი სწრაფვა შემეცნებისკენ გენეტიკურ დონეზე – ვეძიოთ ახალი დასახლებები ან ანთროპოლოგიის ენაზე რომ ვთქვათ – „სადგომები“, რადგან ძველი სადგომები საშიშროებას წარმოადგენენ ან საშიშროებისა და საფრთხის პერსპექტივაში განიხილებიან.

შეიძლება შეგვეკამათონ, რომ წერილის თანახმად, ღმერთმა ადამიანი შექმნა დედამიწაზე და მიწისგან და ამიტომ მან აქ უნდა იცხოვროს.  დიახ, ადამიანი პლანეტა დედამიწაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წერილის სიტყვები მხოლოდ ვიწრო ან პირდაპირი გაგებით გვესმოდეს.  მაგალითად, წმ. ბასილი დიდისთვის პირველი ბიბლიური კოსმოლოგიური დღის  „ცა და მიწა“ (დაბ. 1, 1) არის მთელი ხილული კოსმოსის აღნიშვნა და არა კონკრეტულად სტიქიებისა,  რადგან ეს სტიქიები „მიწაში“ (იხ. შემდ. მუხლები) მოიაზრება (PG. 29, col 20). მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური „ცისა და მიწის“ წარმომავლობა შეიძლება დავუკავშიროთ შუმერულ-აქადურ ცნებას „AN-KI“ („ცა და მიწა“), რაც ამ მესოპოტამურ მითოლოგიურ-კოსმოლოგიურ ტრადიციებში მთელი სამყაროს აღნიშვნას ემსახურებოდა, ანუ ეს სუფთა ახლო აღმოსავლური ბიბლიამდელი პერსპექტივა ძალიან მწყობრად აისახება ბიბლიის მთავარ კოსმოლოგიურ ტექსტში – დაბადების წიგნში, იმავე გაგებით, როგორც ეს იყო მესოპოტამურ კოსმოლოგიებში. ამიტომ  დაბ. 2, 7 მუხლის:   „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან“  პირდაპირი წაკითხვა არ არის ყოველთვის დროული. მით უმეტეს, საუბარია მიწის მტვერზე (χοῦν), რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ითქვას, რომ თავად პლანეტა დედამიწა ჩამოყალიბებულია კოსმოსური (მზის ნამსხვრევები და მტვერი) მტვრისგან და ყველა ის ელემენტი, რომელიც არის კოსმოსში და სხვა პლანეტებზე ან ჩვენს მზეში, არსებობს ჩვენშიც, როგორც ბიოლოგიურ ორგანიზმებში (წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი და ა. შ.). პლანეტა დედამიწა და ადამიანი ჩვენი მნათობის – მზის – ჩამოყალიბების „გვერდითი“ ეფექტია (სხვათა შორის, ქრისტიანული თავმდაბლობისთვის ეს ძალიან კარგი აზრია) თუ სუფთა მეცნიერული ენით ვილაპარაკებთ, მაგრამ ზუსტად დედამიწა და მისი ცენტრალური მოვლენა – ადამიანი – არის ბიბლიური რეალობის ფიზიკური სამყაროს მთავარი სახე, რომელიც ღვთის „სახემდე და მსგავსებამდეა“ არის ამაღლებული.  ამიტომ, ერთის მხრივ, ადამიანი არის მზის ჩამოყალიბების თითქოს „გვერდითი“ ეფექტი, მაგრამ იმავე მომენტში ის არის მთავარი მოქმედი პირი ღვთაებრივ ქმნილ კოსმოლოგიაში.  მთვარეც და მარსიც, რომლებიც გვინდა ახლო მომავალში „მეორე სახლად“ ან „მესამე სახლად“ ვაქციოთ, იმავე ელემენტებისგან შედგებიან, რაც ჩვენი პლანეტა დედამიწა, რომელსაც არ აქვს სხვაობა არც ბუნების სტრუქტურაში (მეცნიერული ენით რომ ვთქვათ), არც ბუნების ლოგოსში ან ტროპოსში (ღვთისმეტყველების ენით რომ ვთქვათ). ხოლო იქ, სადაც არის ადამიანი, პოტენციურად ეკლესიაც არის.

მაშ, რაღა არის ეკლესია ასეთ შემთხვევაში? ეკლესია, თავდაპირველი გაგებით, ხომ არის ქრისტეს მორწმუნეთა კრებული. პეტრე მოციქული (1 პეტ. 1, 1) ეკლესიის წევრებს უწოდებს „განთესილ ხიზნებს“ (παρεπιδήμοις), ამასთან მოციქული მიმართავს არა რომელიმე ქრისტიანულ თემს, ის მიმართავს მცირე აზიის მთელ ეკლესიას, რომელიც განთესილია რომის ვრცელ პროვინციებში. თავად სიტყვა παρεπιδήμοις წარმოქმნილია სიტყვისგან παρ-επίδημος – რაც ნიშნავს „უცხოეთში მყოფს, უცხოეთში ჩასულს, უცხოელს“, რაც აისახება სხვა ტერმინით – παροικία, რომელსაც მოციქული თავისი წერილის მომდევნო თავში იყენებს. ამგვარად, პირველი ქრისტიანების და თანაც მოციქულების ცნობიერებაში ეკლესია, ისევე როგორც მისი ყველა წევრი არის უცხოელი, გადმოსახლებული, უცხოეთში მყოფი, სახლიდან მოშორებით. მაგრამ, თუ ასეა, სად არის სახლი?  პირველი ქრისტიანების გაგებით სახლი არის ცათა სასუფეველი. „რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული“ (2 კორ. 5, 1, 11). ანუ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, თუ სად არის ადამიანი გადასახლებული – დედამიწაზე თუ მარსზე, ის მოცემულ მომენტში უცხოა ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ სახლს – ცათა სასუფეველს – ის კვლავ ელის, იმყოფება რა ფიზიკურ სხეულში. ამიტომ რეალობისა იმისა, ვიყოთ გადასახლებულები ან ვიყოთ უცხოეთში სახლიდან შორს – პირდაპირ ეხმიანება იმ კოსმოსურ კოლონიალურ პროგრამას, რომელიც კაცობრიობამ დაისახა.  მარსის კოლონიზაციის დროსაც კი ქრისტიანი მაინც დარჩება „უცხოეთში“, იქნება ახალი გადასახლებული, რომელიც „სახლის გარეთაა“. აზრის არსი არ იცვლება მოცემულ შემთხვევაში, იცვლება მხოლოდ ლოკაცია, ადგილმდებარეობა მიწიერი პირობებიდან უცხო პლანეტურზე გადადის.  აღსანიშნავია, რომ უკვე I საუკუნეში ქრისტიანებს შორის ფართოდ გავრცელდა წარმოდგენა, რომ ისინი მწირნი არიან და მოგზაურნი არიან დედამიწაზე, უკვე მაშინ მოციქული განთესილ ქრისტიანებს განსაზღვრავს, როგორც  „ὡς παροίκους“ – გადასახლებულებს (1 პეტ. 2, 11). ყოველი ადგილობრივი (ქალაქის) თემი საკუთარ არსებობას პარიკიად (παροικία) მიიჩნევდა, ანუ „დროებით ყოფნა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება“, თუ უფრო ზუსტნი ვიქნებით, ეს ნიშნავს „სახლს გარეთ ყოფნაა“. თუ ამ აზრებს კოსმოსური კოლონიალური პროგრამის რეალიებში გადავიყვანთ, მაშინ, ნებისმიერი მარსიანულ ან მთვარის ქრისტიანული თემი ისეთივე პარიკია იქნება, ანუ „სახლის გარეთ“ მყოფი, რომელიც იმყოფება რა ფიზიკურ ფარგლებში, ელის ჭეშმარიტ სახლს.

ეს ყველაფერი იმისთვის არის ნათქვამი, რომ დასაბუთდეს ქრისტიანული თემების სუფთა სახარებისეული პრინციპი კოსმოსურ კოლონიალურ კატეგორიებში და როგორც ჩანს, ეს პრინციპი კარგად ჯდება და სავსებით თავსებადია კოსმოსური კოლონიალური თემის სუფთა ქრისტიანულ გაგებაში.  ამგვარად, სახარება, როგორც მარადიული გამოცხადების წიგნი, შეიძლება შევთავაზოთ მარსისა და მთვარის ახალმოსახლეებს, რადგან: „ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის;  ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც“ (იოანე. 3, 8), ანუ ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორ მოქმედებს სული წმიდა და ღვთის განგებას ვერ შევიმეცნებთ და ეს მოციქულისგან იკიცხება კიდევაც გარკვეული გაგებით: ღვთის განგებასა და სიბრძნეზე მოციქული მოწმობს: „ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!  რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.  (რომ. 11, 33-36);

ამ სტატიის დასრულებისას შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მიერ სხვა პლანეტების და ჩვენი (და არა მარტო ჩვენი) მზის სისტემის კოლონიზაციის პერსპექტივა სავსებით რეალურია და სავსებით გამართლებულია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით და მთლიანობაში ეტევა ეკლესიურობის, როგორც თემის საღვთისმეტყველო ხედვაში.  თუ გვწამს, რომ ღმერთი არის მთელი კოსმოსის, მთელი სამყაროს შემოქმედი (და ჩვენ ზუსტად ასე გვწამს!), ადამიანი კი არის ამ ქმნილი სამყაროს გვირგვინი, მაშინ, უკვე ამ თვალსაზრისით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რომ დასახლდეს ის სამყარო (კოსმოსი), რომელიც ღმერთმა შექმნა, განწმინდა და აკურთხა თავის მყოფობით და მისცა იგი ადამიანს მემკვიდრეობად.

(მინდა მადლობა გადავუხადო სტატიის რეცენზირებისთვის დიაკონ ერეკლე წაქაძეს (ფიზიკოსი) და ზურაბ ჯაშს (თეოლოგი), ცალკე მადლობა მინდა გამოვხატო მამა ანტონ ლაკირევს (ბიოლოგი) დროული და საჭირო რჩევებისათვის)

_ _ _ _ _

There are now 8 billion people on Earth, according to a new U.N. report https://www.npr.org/2022/11/15/1136709784/there-are-now-8-billion-people-on-earth-according-to-a-new-u-n-report?fbclid=IwAR315NV_Y620fnm_bIebTziUgbJI9_cdTgYxDfyj76948JYNKpg4N97DjsM
Antarctic ozone layer hole keeps shrinking in 2022: NASA, NOAA https://www.downtoearth.org.in/news/environment/antarctic-ozone-layer-hole-keeps-shrinking-in-2022-nasa-noaa-85674?fbclid=IwAR0ITweUxMNXPGjHNdNOzcWiLLxT5MTVPPoPxTJuvkgdqM9EzXS8rjpacwQ

შემოკლების სია:

PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66.

გამოყენებული ლიტერატურა:

Carl Sagan. COSMOS. NY. 2013.

There are now 8 billion people on Earth, according to a new U.N. report https://www.npr.org/2022/11/15/1136709784/there-are-now-8-billion-people-on-earth-according-to-a-new-u-n-report?fbclid=IwAR315NV_Y620fnm_bIebTziUgbJI9_cdTgYxDfyj76948JYNKpg4N97DjsM

Antarctic ozone layer hole keeps shrinking in 2022: NASA, NOAA https://www.downtoearth.org.in/news/environment/antarctic-ozone-layer-hole-keeps-shrinking-in-2022-nasa-noaa-85674?fbclid=IwAR0ITweUxMNXPGjHNdNOzcWiLLxT5MTVPPoPxTJuvkgdqM9EzXS8rjpacwQ