ზაჰესში საერთაშორისო ფესტივალის „Tbilisi JAM! Fest 2016-ის” ფარგლებში მიმდინარე როკ/მეტალკონცერტის თვითნებურ ჩაშლასთან დაკავშირებით:

თუ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება და სასულიერო პირების ქმედება, მრევლთან ერთად კონცერტის ჩაშლას პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება,  ვაცხადებთ, რომ სახელმწიფოში ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის არაა გადამწყვეტი ვის რა მოგვწონს და ვის რა – არა, ვის რა მიგვაჩნია სწორად თუ მცდარად. საუბარია უმთავრესზე – ყველა უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს კანონს. არავისა აქვს აქვს უფლება თვითნებურად დაარღვიოს კანონი და საკუთარი წესრიგი დაამყაროს სახელმწიფოში. არც უპირატესობა აქვს კანონის წინაშე ერთ მოქალაქეს მეორესთან შედარებით. ეს თუ ვერ გავიგეთ და შევიგნეთ ვერ იარსებებს ჩვენი ქვეყანა.
ვიცით, რომ ამაზე ზოგიერთი გვიპასუხებს: მე უპირველესად ღმერთის კანონს ვემორჩილები და სახელმწიფოს კანონები არ მაინტერესებსო.

გიპასუხებთ სახარების მცნებით. მსგავსად მოაზროვნენი მივიდნენ ერთ დღეს ქრისტესთან და გამოსაცდელად ჰკითხეს, უნდა დავემორჩილოთ თუ არა კეისარსო (სახელმწიფოს). ქრისტე მიხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: მაჩვენეთ ფული, რომელსაც ყოველდღე იყენებთ. მიაწოდეს რომაული ფულის მონეტა. ჰკითხა მათ ქრისტემ: ვინაა ზედ გამოსახული? უპასუხეს: – კეისარი. უპასუხა უფალმა: – მაშინ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა! ესაა სახელმძღვანელო მცნება ქრისტიანისთვის. კეისარი სიმბოლოა ამქვეყნიური სახელმწიფოსი და მისი კანონების და შენც თუ იყენებ ამ სახელმწიფოს (იმ მონეტის მსგავსად) და ცხოვრობ მასში, მოვალეც ხარ დაემორჩილო მის კანონს.

ყოველთვის შეგვიძლია და ზოგჯერ ვალდებულნიც ვართ მშვიდობიანად არ დავეთანხმოთ რომელიმე კანონს, გავაპროტესტოთ, უკეთესი შევთავაზოთ, ვიჩივლოთ, შევცვალოთ, მაგრამ თვითნებურად დავამყაროთ საკუთარი წესრიგი – დაუშვებელია. ესაა ცივილიზირებული მოქალაქეობა. ხოლო ის, რაც ღმერთს ეკუთვნის ანუ ჩვენი სული და სინდისი, უხილავი რწმენა, შინაგანი მრწამსი და ადამიანობა, რომელზედაც მიწიერ სახელმწიფოს არა აქვს ძალაუფლება, მივუძღვნათ ღმერთს და მის სულიერ მსახურებას.

“მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა” (მათეს სახარება, თავი 22, 21)

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი