ავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ამონარიდის ელექტრონული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსნებთ ჩვენი ცენტრის მეგობარს ქ-ნ მაია ავლოხაშვილს
უწინარეს ყოვლისა, მინდა განვსაზღვრო ის „მე“, რომელიც უნდა შევიცნოთ,-უამისოდ ერთმანეთს ვერ გავუგებთ და არა გვეცოდინება, საკუთრივ, რაზეა ლაპარაკი. ორი განსხვავებული ხერხით მეობას რომ განვსაზღვრავთ, ჯერ ერთი, შევეცდები აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მეობის ცოდნა შინაგანი ცხოვრების ასაწყობად, და მეორეც,- ვეცდები დაგანახოთ გზა თვითშემეცნებისკენ. არ ვიცი, შევძლებ თუ არა რაიმე დასკვნის გამოტანას, მაგრამ , ყოველ შემთხვევაში, მე მოგცემთ გარკვეულ მასალას, რომლის გამოყენებასაც თქვენ შეძლებთ.
სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით „მე“ ორი ასპექტით წარმოგვიდგება, მე მათ ორი განსხვავებული ტერმინით აღვნიშნავ, ხოლო შემდეგ შევეცდები ისინი განვმარტო. ერთი მხრივ, „მე“, როგორც ინდივიდი, ცალარსი, მეორე მხრივ- „მე“, როგორც პიროვნება, პერსონა. ეს ტერმინოლოგიური განსხვავება დასაბუთებულია პრაქტიკით და ღვთისმეტყველებით.
ინდივიდი, როგორც სიტყვა მიგვითითებს, დანაწევრების ზღვარია, ის, რისი დაყოფაც აღარ შეიძლება, რის შემდეგაც ირღვევა ადამიანური არსის მთლიანობა. თუ ჩვენ ადამიანის არსებობას განვიხილავთ მთლიანობაში-ადამიანთა მთელ მოდგმას, ცალკეულ ხალხებს, ოჯახს, ან ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს-დადგება მომენტი, როცა მივალთ ინდივიდამდე ანუ, რაღაც ერთეულამდე. თუ ჩვენ ვეცდებით უკვე ამ ინდივიდის დაყოფას, ჩვენ წინაშე აღმოჩნდება მკვდარი სხეული და სული, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება ადამიანური არსება, მყოფობა. მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ინდივიდი არის რა დაქუცმაცების ზღვარი, წარმოადგენს აგრეთვე დაყოფის ზღვარსაც-როგორც თავისგვარ არსებებს შორის, ასევე მასსა და ღმერთს შორის. ამ დაყოფის მიღმა ღმერთთან და ადამიანებთან ლაპარაკი იქნება არა ინდივიდზე, არამედ პიროვნებაზე , რასაც შემდეგ დავუბრუნდები.
როცა ჩვენ გვინდა განვმარტოთ , აღვწეროთ ინდივიდი, ჩვენ ეს შეგვიძლია მხოლოდ კატეგორიებით, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებსაც ამა თუ იმ ნიშნით ვაჯგუფებთ-გარეგნობის თვალსაზრისით, ვლაპარაკობთ სიმაღლეზე, თმის ფერზე, თვალების ფერზე, ადამიანის დამახასიათებელ თვისებებზე: ტანად მაღალია თუ დაბალი, ქერაა თუ შავგვრემანი, რა ფერის თვალები აქვს, მსუქანია თუ გამხდარი. შეიძლება გავავრცოთ ეს ანალიზი და ვილაპარაკოთ მისი ხმის ტემბრზე, გულის და გონების ხარისხზე და სხვა თვისებებზე მის გარშემო მყოფ ადამიანებთან შედარებით. საბოლოო ანგარიშით კი, ჩვენი აღწერა მიდის ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებამდე. ადამიანებს აჯგუფებენ ისე, როგორც კრავენ თაიგულს, რომელიც განსხვავებულია მეორე თაიგულისგან, მაგრამ იგივე ან ასეთივე ყვავილებისგან არის შედგენილი. და ბოლოს, იმისთვის, რომ ერთი ადამიანი მეორისგან განვასხვავოთ, კონტრასტის მეთოდს ვიყენებთ. ზოგჯერ ეს ურთიერთდაპირისპირებაა, ზოგჯერ-ანალოგიურია, მაგრამ ყოველთვის მონაწილეობს დიფერენციაციის ელემენტი. ასე რომ, ერთი ინდივიდის მეორისგან განსხვავება მხოლოდ დაპირისპირებულ ან კონტრასტულ კატეგორიებში შეიძლება.
როგორც ინდივიდი, მე ვარ იმდენად, რამდენადაც ღრმად განვსხვავდები ჩემი გარემომცველი ინდივიდებისგან. სწორედ ეს არის ჩემი „ინდივიდუალური ყოფნა“, და იმ წუთიდან, როცა ვლაპარაკობ კონტრასტის, დაპირისპირების, განსხვავების შესახებ ყველასთვის საერთო თვისებების მიხედვით, მე ვლაპარაკობ იმ მანძილზე , რომელსაც ვაფიქსირებ ჩემსა და სხვებს შორის, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ცოდვილობის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ბადებს დაშლას და არა მარტო ხელს უშლის ჰარმონიაში მონაწილეობას, არამედ ამყარებს მთელ რიგ თვითდამკვიდრებებს, რადგანაც როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სულიერი თვალსაზრისით ინდივიდისთვის სწორედ თვითდამკვიდრებაა დამახასიათებელი. ყველასთვის ნაცნობია: როცა ჩვენ გარემოცვის ნაწილი ვართ და არ გვსურს, ვიყოთ გათელილი, შეურაცხყოფილი, განადგურებული, ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ თავი გარემომცველი მასის ძალმომრეობისა და დაწოლის საწინააღმდეგოდ. და ეს თვითდამკვიდრება ქმნის კიდევ უფრო დაძაბულ სიტუაციას ყოფნისას, ანუ დაშლისას, რომელიც შედგება ერთის უარყოფის, მეორეზე უარის თქმისგან, რაც სხვის მიერ შთანთქმისა და განადგურების მიუღებლობის კორელაციურია, როგორიც არ უნდა იყოს ეს „სხვა“-ინდივიდუალური თუ კოლექტიური.
პიროვნება, პერსონა-სრულიად სხვა რამ არის. ეს ტერმინი არ შეესაბამება ჩვენეულ ემპირიულ შეცნობას; ის დასაბუთებულია ბიბლიაში, უფრო სწორად, ჩვენი წარმოდგენით ღმერთსა და ადამიანზე ბიბლიის დართვით. პიროვნებისთვის დამახასიათებელია, რომ ის კონტრასტით, დაპირისპირებით, თვითდამკვიდრებით კი არ განსხვავდება სხვა პიროვნებისგან-პიროვნება განუმეორებელია. ამომწურავი სახე, მე ვფიქრობ, მოცემულია გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ სასუფეველში ყველას მიეცემა თეთრი ქვა და ქვაზე დაწერილი ახალი სახელი, რომელიც არავის ეცოდინება მისი პატრონის და ღმერთის გარდა (გამოცხადება, 2,17). ეს სახელი(ამას მეტყველებს მთელი ებრაული ტრადიცია) სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საკუთარ სახელს, გვარს, მეტსახელს; ყველა ისინი შემთხვევითი სახელებია, რომელთაც ჩვენ ვარქმევთ საკუთარ თავს ან სხვებს, იმათ, ვინც ასევე კონტრასტების, დაპირისპირების, განსხვავების სისტემას განეკუთვნებიან. მაგრამ ეს სახელი შემთხვევითი არ არის: ის სრულიად შეესაბამება პიროვნების არსს, ეს-პიროვნებაა სახელით გამოხატული. ებრაული ტრადიციული მტკიცების თანახმად, რასაც ბიბლიაში და ბიბლიის გარემომცველ ტრადიციაში ვპოულობთ, სახელი და პიროვნება იგივეობრივია, თუ ამ სახელს ღმერთი წარმოთქვამს. და თუ ჩვენ გვინდა , წარმოვიდგინოთ პიროვნებისთვის ნათლობის სახელის სრული მნიშვნელობა , დასაშვებია ითქვას, რომ ეს სახელი ის ძლევამოსილი, შემოქმედებითი სიტყვაა, რომელიც ღმერთმა წამოთქვა ჩვენი უმყოფობიდან გამოყვანისას, სიტყვა განუმეორებელი და პირადი; და ამავე დროს ეს სიტყვა განსაზღვრავს განუმეორებელ, პირად, შეუდარებელ დამოკიდებულებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკავშირებს ღმერთთან. ჩვენ „შეუდარებელნი“ ვართ, ანუ ჩვენ ვერაფერი შეგვედრება, რადგან არავინ არავის გავს ერთი და იმავე კატეგორიებით მნიშვნელობებში. არსებობს განუმეორებელი მოვლენა, რასაც თითოეული ჩვენგანი წარმოადგენს ღმერთთან მიმართებაში. ამ აზრით, პიროვნების გამოხატვა შეუძლებელია, რადგან ის წინააღმდეგობრიობით არ განისაზღვრება. ის იმდენად განუმეორებელია, იმდენად შეუდარებელი, რომ არსებობს თავისთავად, მაგრამ შეუძლია თავის გამოხატვა ქმედებებით, გამოხატულებებით, იმით, რასაც პავლე მოციქულის ეპისტოლეში „ნათება“ ქვია. და როცა ჩვენ გვსურს შევიცნოთ საკუთარი სიღრმისეული არსი ან საკუთარი ემპირიული „მე“ , ჩვენ სხვადასხვანაირად გვიწევს მსჯელობა, რადგან ემპირიული „მე“ ის არსებაა, როგორიც ჩვენ ვართ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ან რომელსაც ვუპირისპირებთ სხვებს-აქ ჩვენ გამოვირჩევით, რადგან შედარებით განვსხვავდებით, – ამ არსებას ჩვენ, პიროვნებისგან განსხვავებით, სხვანაირად ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, რა არის „პიროვნება“ პირველქმნილი სახით იმ კატასტროფის გამო, რომელსაც ცოდვა ქვია და რის შედეგადაც იმის მაგივრად რომ ვიყოთ ჰარმონია, რომელიც განუმეორებელი, მაგრამ არა ერთმანეთს დაპირისპირებული არსებებისგან არის შემდგარი, შეხმატკბილება, რომლის გასაღებიც ღმერთია, ჩვენ პიროვნებას მხოლოდ ინდივიდის გამყოფი და ტრაგიკული პრიზმის საშუალებით შევიცნობთ.
ღვთისმეტყველება სრულყოფილი პიროვნების სრულყოფილი ბუნების სახეს მხოლოდ ღმერთში გვიჩვენებს, თუმცა, ჩვენი ადამიანური მოწოდება სწორედ ის არის, რომ უფლის ჯვრით, გმირობით, აღმავლობით, რომელიც თანდათან ქრისტეს სხეულის ცოცხალ , სულიწმინდით გაცოცხლებულ ტაძრებად გარდაგვქმნის, მოვიპოვოთ პიროვნებისა და ბუნების რეალობა, მოვერიოთ დაპირისპირებასა და დაყოფას, რისკენაც განცალკევებას მივყავართ.
და აი, ახლა შევადაროთ , რა და როგორ შეგვიძლია გავიგოთ ერთი მხრივ ინდივიდუალურ „მე“-ს და მეორე მხრივ, პიროვნულ „მე“-ს შესახებ. ძირითადი მომენტი, და ეს მე უკვე ვახსენე, ურთიერთდაპირისპირებაა, რომლებიც ინდივიდების განსხვავების საფუძველშივე ძევს. და ამ ურთიერთდაპირისპირებას ჩვენ არა მხოლოდ მემკვიდრეობით ვიღებთ, ვიბადებით რა განკერძოების, ღმერთისა და ადამიანებისგან გამოყოფის დასბამი ნიშნებით; ჩენ ვამკვიდრებთ მათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, რადგან თვლით, რომ ვუპირისპირდებით რა ერთმანეთს, ჩვენ ვაძლიერებთ, ვამტკიცებთ ჩვენ ინდივიდუალურობას, და რაც უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, მით უფრო ჩვეულებრივი ხდება ჩვენი ინდივიდუალურობა და ნაკლებად მყარი-ჩვენი არსებობა. და რაც უფრო რთულად უპირისპირდებით ერთმანეთს, მით მეტად გროვდება ყველასთვის საერთო თვისებები, ნაკლებად პიროვნული, ნაკლებად ორიგინალური, იმ ილუზიის მიუხედავად, თითქოს სწორედ ამ დაპირისპირებით ჩენ ორიგინალოას და განსაკუთრებულობას ვაღწევთ. ყველასთვის ცნობილია, რა ადვილია ექსცენტრიკული კაცის სახელის მოპოვება, არადა, არაფერია იმაზე მონოტონური, როგორც ექსცენტრიკულობა. საშუალებები, რითაც ორიგინალური ექსცენტრიკულობა მიიღწევა, ძალიან შეზღუდულია. იგივე შეიძლება ითქვას ცოდვის შედეგებზე, ანუ მაცდურთა ქმედებაზე და ჩვენ შინაგან ნგრევაზე, რადგან ცოდვა ერთფეროვანია და, ყველა შესაძლებლობის ამოწურვისთანავე, იგივეს ვუბრუნდებით.
ამ დაპირისპირებას განსაკუთებული ყურადება უნდა დავუთმოთ და თუ გვსურს საკუთარი თავის შეცნობა, უპირველესად უნდა ვხედავდეთ მის ერთ-ერთ შედეგს: საზოგადოებასთან მიმართებაში -სარეო საზოგადოებაა თუ მისტიკური ანუ ეკლესია-ჩვენ თავს სხვისი უარყოფის კატეგორიებით ვსაზღვრავთ. თვითდამკვიდრება ყოველთვის სხვისი უარყოფის და გაკიცხვის ტოლფასია და როგორც კი ვიღებთ სხვას, უკვე აღარ შეგვიძლია უაპელაციო და მკვეთრი თვითდამკვიდრება, აღარ შეგვიძლია განვდევნოთ ეს სხვა და არ გავუწიოთ ანგარიში მის რეალურ, კონკრეტულ, სრულ ყოფნას. ჩვენთვის ეს თვითუარყოფის ტოლფასია. და სარტრის სიტყვებით „ჯოჯოხეთი-სხვებს ეწოდება“ ჩვენ შეგვიძლია ასე გავიგოთ: ეს ის „სხვები“ არიან, რომლებიც მუდმივად გარს გვაკრავენ, რომლებსაც თავს ვერ დავაღწევთ, რომლებიც დაუნდობლად მოგვახვიეს თავს, მაშინ როდესაც თვითონ გვინდა სხვას მოვახვიოთ ჩვენი თავი, რათა ისინი იყვნენ პერიფერია, თითოეული ჩვენგანი კი -აბსოლუტური ცენტრი, ამ თვითდაჯერებითა და იმ სიმშვიდით, რომელიც ცენტრს გააჩნია პერიფერიასთან შედარებით.
მაშასადამე, თვითდამკვიდრება სხვისი უარყოფის ტოლფასია. მაგრამ ინდივიდის თვითდამკვიდრება ასევე უარის თქმაა სიყვარულის უნარზე, რადგან გიყვარდეს- ეს უპირველესად ნიშნავს აღიარო სხვა, აღიარო მეორის აქტუალობა; აღიარო , რომ ეს სხვა რადიკალურად, სავსებით , ბოლომდე ჩემგან განსხვავებულია; აღიარო იგი, როგორც ფაქტი და აღიქვამდე არა როგორც რაღაც სახიფათო, არამედ სასიკეთო რეალობად, როგორც მონაწილეს სამყაროს ჰარმონიაში და ეპყრობოდე შესაბამისად, ანუ მოწიწებით, პატივისცემით, მე ვიტყოდი თაყვანისცემითაც კი – იმ პატივისცემით, რომელიც ჩვენში სრულყოფილი და სრული მსახუების სურვილს და ნებას აღძრავს. გიყვარდეს სხვა – ეს პირველ რიგში არის ის, რომ აღიარო მისი არსებობის უფლება, მიანიჭო მას „მოქალაქეობის უფლება“ და დაიკავო მის მიმართ პერიფერიული ადგილი, შემდეგ კი ამ პერიფერიიდან მისკენ დაიწყო სწრაფვა და სულ უფრო მეტად დაივიწყო საკუთარი თავი.
რამდენად არარეალურად გვეჩვენება ყველაფერი ეს, განსაკუთრებით იმ ფორმით, რა ფორმითაც მე ამაზე ვლაპარაკობ! მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ჩვენ გამუდმებით ისეთი ადამიანების გარემოცვაში ვართ, რომელთა არსებობას ჩვენ თითქმის ვერ ვამჩნევთ; როგორც ავეჯი, ოღონდ დიდი გაბარიტის ავეჯი, რადგან ის მუდმივად ფეხებში გვედება ან წინ გვეღობება და ჩვენ იძულებული ვართ ან ფეხი გადავაბიჯოთ, ან გვერდი ავუაროთ. ჩვენ ხშირად ადამიანურ უთიერთობებს ვუწოდებთ იმას, რასაც უმეტეს შემთხვევაში შეჯახებები უნდა ერქვას. თუ გვერდის ავლა ვერ მოვასწარით, აუცილებლად შევეჯახებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ვერ ვამჩნევთ. ერთადერთი, რასაც ვამჩნევთ, არის რაღაც მოცულობა, დაბრკოლება, რომელიც ხელს მიშლის ვიმოძრაო ჩემს ტრაექტორიაზე; და ეს ტრაექტორია ,- თუ ის უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება არ არის, არამედ ჩემი ცხოვრების გზაა, — ის არის, რისი კეთებაც მე მინდა, ის „მეორე“ – საშიშორებაა, რომელიც ხელს მიშლის ვიყო ის, რაც მინდა.
მაგრამ კეთილგანწყობილი, მეგობრული ურთიერთობისას – მე სიყვარულზე არც ვლაპააკობ – ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ. იწყება იმით, რომ ვიღაც , ვინც აქამდე მხოლოდ მოცულობა, გაურკვეველი ყოფნა იყო, სახეს იღებს, ერთადერთ სახეს. თუ ჩვენთვის ამ სახეში რაღაც უერთიერთობების საშუალება გაიხსნება, ჩვენ უკვე აღარ ვართ ცენტრი , რომლის ირგვლივაც სატელიტები, თანამგზავრები ბრუნავენ. ჩვენ ახლა თითქმის თანამგზავრნი ვართ, მე ვამობ , თითქმის“, რადგან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რათა დავძლიოთ გრძნობა, რომ ცენტრი-მაინც მე ვარ. თუ ავიღებთ ისეთ მარტივ კატეგორიებს, როგორიცაა „მე შენ მიყვარხარ“, „მე“ არის ის, რაც მსხვილი შრიფტით იწერება, „მიყვარხარ“ – უბრალო კავშირია, ხოლო „შენ“ – საერთოდ რაღაც პირობითია. მე ვფიქრობ, მთელი პროცესი, რომელმაც ვიღაცასთან უნდა დაგვაკავშიროს, შემდეგია: ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ იმისდა მიხედვით, რაც „მიყვარხარ“ კარგავს კავშირის, შემაერთებელი ნაცვალსახელის ფუნქციას და რაღაც ხარისხს იძენს, „მე“ და „შენ“ თანასწორდება. დგება მომენტი, როცა ურთიერთობები იმდენად თანასწორდება, რომ შეყვარებული თავს შეიგრძნობს მთელი ინტენსივობით, მაგრამ ამავე ინტენსივობით ის შეიგრძნობს მეორესაც, ანიჭებს მას მნიშვნელობას, ღირებულებას; ხოლო შემდეგ, თუ ჩვენი გრძნობები უფრო ღრმა ხდება, თუ ჩვენში იზრდება „სხვისი“ აღიარება, დგება მომენტი, როცა გვესმის, რომ პერიფერიის წერტილი გავხდით, ის კი – სხვისკენ მიმართული ჩვენი არსების სტატიკური კი არა, დინამიკური დამოკიდებულების ცენტრი.
გახსოვთ იოანეს სახარების დასაწყისი, სადაც ნათქვამია: სიტყვა იყო ღმერთთან . ბერძნული სიტყვა pros, რომელსაც ჩვენ ვთაგმნით, როგორც „თან“- სტატიკური არ არის; ეს დინამიკური ტერმინია: „თან“, „თვის“, „კენ“. ეს დამოკიდებულება — არაა დამოკიდებულება ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ; ესაა დამოკიდებულება ერთ, აბსოლუტურად ცენტრალურსა და მეორეს შორის, რომელიც მხოლოდ პირველისთვის არსებობს, მხოლოდ მისკენაა მიმართული, მხოლოდ მასან დამოკიდებულებაში არსებოს. აი ახლა, ჩვენ შეგიძლია ვილაპარაკოთ სიყვარულზე, მხოლოდ ახლა „მე შენ მიყარხარ“-ში „მე“ ისე დაპატარავდა, რომ მხოლოდ ობიექტურად არსებობს, ხოლო სუბიექტურად ადამიანმა დაივიწყა საკუთარი თავი. ახლა მნიშვნელობა აქვს სიტყვას „მიყვარხარ“, რომელშიც შერწყმულია „მეც“, რადგან ცენტრი გახდა „შენ“- „მეორე“.
როცა ჩენ ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი ინდივიდუალური მეობის საზომი, პირველი, რაც შეიძლება ჩვენ თავს ვკითხოთ, შემდეგია: რა მოსაზრებით შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ისინი ვინც მიყვარს? მე არ ვსაუბრობ მათზე ვინც არ მიყვარს, – ისინი უამრავნი არიან; არ ვლაპარაკობ არც იმათზე, ვინც ჩემგან შორსაა და მათი სიყვარული არ მაბეზრებს, სულ იოლია, – გიყვარდეს ისინი, ვინც ცხრა მთის იქით არიან და ძალიან ძნელია გიყვარდეს მეზობელი, რომელსაც რადიოს მოსმენა უნდა, როცა მე მეძინება. და აი, პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: მე ვამბობ რომ მიყვარს ჩემი მეუღლე, ქალიშვილი, ძმა, ესა თუ ის ადამიანი. რას ნიშნავს ეს? მიყვარს კი ის ისევე, როგორც , ვთქვათ ნაღებიანი მარწყვი? სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველდღიურად ხომ არ ვიკვებები მისით, ხომ არ ვშთანთქამ მას, ხომ არ ვზღუდავ, ვამპირივით ხომ არ ვწოვ სისხლს? მაშინ მისი თანდასწრება ჩემთვის ნამდვილად ძვირფასია, მე არ შემიძლია უმისობა, ის აუცილებელია ჩემი სიცოცხლისთვის. ამის თქმა გვსურს? და თუ ჩვენ პატიოსანნი ვართ, ხშირად მოგვიწევს დავთანხმდეთ. დიახ, სწორედ ამის თქმა მსურს. და არაფერია გასაკვირი, რომ ვინც ჩვენი სიყვარულის მსხვერპლნი ხდებიან, ღმერთს სთხოვენ, რომ ისინი ნაკლებ უყვარდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია; რადგან , თუ ჩვენ მივხვდებით, რომ ჩვენი ქცევა მათთან, ვისთანაც საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, მტაცებლის საქციელია- რაღა ვთქვათ დანარჩენებზე? ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მტრებს უფრო გაუმართლა, ვიდრე მეგობრებს: ყოველ შემთხვევაში მათ არ ვერჩით მაინც!
აი, პირველი მომენტი: შევეცადოთ განვსზაღვროთ, შევაფასოთ ახლობელ ადამიანთან დამაკავშირებელი კეთილგანწყობის, მეგობრობის, სიყვარულის ხარისხი. შემდეგ დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა ჩვენსა და დანარჩენებს შორის არსებულ უარყოფის, ურთიერთდაპირისპირების კავშირზე და მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ მუდმივად მივისწრაფით თვითდამკვიდრებისკენ, რომ ყველაზე ახლობელი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე მეგობრული, ყველაზე ძმური ურთიერთობაც კი , რომელიც ორ ადამიანს აკაშირებს, თავისი არსით გამორიცხავს ამ ურთიერთობას: „ჩემგან შორს დაიჭირე თავი, რადგან მეშინია შენში არ ავითქვიფო, მეშინია გავქრე, მეშინია შენი სიყვარულის ტყვეობაში არ აღმოვჩნდე, მე მსურს დავრჩე იმად, რაც ვარ!“
და აქ ჩვენ შეგვიძია დაპირისპირების ელემენტი ასევე საკუთარ თავში გავზომოთ. როცა ვიწყებთ ჩვენი თავის ან ჩვენი განცალკევებული ცხოვრების დეტალების ამ თვალსაზრისით, ან რაიმე სხვა მიზნით კვლევას, ჩვენ ჭეშმარიტად მაცდურ მსჯელობამდე მივდივართ. არსებითად ის ასეთია: ყველაფერი, რაც მომხიბვლელია, რაც ჩემ თავში მომწონს, არის ჩემი „მე“. ყოველივე იმას კი, რაც მახინჯი, უაყოფითი მეჩვენება, ან იმას, რასაც სხვები ჩემში მახინჯს, უარყოფითს ხედავენ, რაც სხვებთან ურთიერთობისას მძაბავს, მე აღვიქვამ ლაქებად, რომლებიც ვიღაცამ გადმომდო ან დამადო. მაგალითად, ადამიანები ხშირად ამბობენ: „მე ხომ მთელი გულით რამისკენ მივისწრაფი, მაგრამ ცხოვრების გარემოებებმა გამხადეს ასეთი“. არა, ცხოვრების გარემოებებმა ნხოლოდ გამოააშკარავეს, რომ თქვენ ასეთი ხართ. ბერი მაკარის მიმოწერაში ორი თუ სამი წერილია პეტერბურგელი ვაჭრისადმი, რომელიც წერს: „ჩემგან მოსამსახურე წავიდა და მე სოფლელი გოგო შემომთავაზეს. რას მიჩევთ, ავიყვანო თუ არა?“ ბერი პასუხობს: „რასაკვირველია, აიყვანე.“ რამდენიმე ხნის შემდეგ ვაჭარი ისევ წერს: „ მამაო, უფლება მომეცით, მე ის ის გავაგდო, ნამდვილი ალქაჯია; მას შემდეგ, რაც ის აქ არის, მე სულ განრისხებული ვარ და ყოველგვარი თავშეკავება დავკარგე.“ და ბერი პასუხობს: „არც იფიქრო გაგდება, ეს ღმერთმა ცის ანგელოზი მოგივლინა, რომ დაინახო, რამდენი ბოროტებაა შენში, რომელსაც წინა მოსამსახურე ვერაფრით ამოსწევდა ზევით.“
და მე მგონია, თუ საკუთარ თავს მთელი სერიოზულობით დავაკვირდებით, ვეღარ შევძლებთ ვთქვათ: ყველაფერი, რაც ჩვენში კეთილგონივრული, მშვენიერი და ჰარმონიულია – ეს არის ჩემი „მე“, ყველაფერი დანარჩენი შემთხვევითობის ლაქებია და არაფერი აქვთ ჩემთან საერთო, ისინი უბრალოდ ჩემ კანს მიეწებნენ… სინამდვილეში ისინი კანს არ მიეწებნენ, არამედ ჩვენი არსის სიღმეში აქვთ ფესვი გადგმული. ოღონდ, ჩვენ ეს არ მოგვწონს, და ჩვენ ვადანაშაულებთ ყველას, ან ჩვენი ცხოვრების გაემოებებს. რამდენჯერ მომისმენია აღსარებაზე: „აი, ყველა ჩემი ცოდვა“, – მერე ჩერდება, რომ სული მოითქვას (საერთოდ ცოდვები საოცრად სწრაფად გადმოიცემა) და იწყებს გრძლად ლაპარაკს, რომ ღმერთის მიერ მინიჭებული ცხოვრების გარემოებები სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მას საერთოდ არავითარი ცოდვები არ ექნებოდა. ზოგჯერ , თუ მეუბნებიან: “ მე დამნაშავე ვარ, მაგრამ რას მთხოვ? მე სიდედრი მყავს, მე სიძე მყავს, მე რევმატიზმი და ართრიტი მაქვს, ჩვენ რუსეთის რევოლუცია გადავიტანეთ და ა.შ.“, – არაერთხელ მომხდარა , რომ როცა ადამიანი თავის თხრობას დაასრულებდა, გადამწყვეტი ლოცვის მოლოდინისას, მე მას ეუბნებოდი: „გული მწყდება, მაგრამ აღსარება – ეს ღმერთთან შერიგების საშუალებაა, ხოლო შერიგება – ორმხრივი საქმეა. ამიტომ, სანამ ღმერთის სახელით გადავწყვეტდეთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ პატიობთ მას ყველა ზიანს, ყველა ბოროტებას, რომელიც მან თქვენ მოგაყენათ, ყველა იმ გარემოებას, რომელშიც მან გაიძულათ არ ყოფილიყავით წმინდანი?“. როგორც წესი, ადამიანებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს ისეთი მნიშვნელოვანია, ისე არსებითია: ჩვენ ჩვენი თავი სრულად უნდა მივიღოთ, რაც ვართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით, თუ ვთვლით, რომ ჩვენ – ეს ის არის, რაც მშვენიერია, დანარჩენი კი ღმერთის ბრალია ( უფრო ხშირად ღმერთის და არა ეშმაკის, რადგან არსებითად, ღმერთს უნდა შეეშალა ხელი ეშმაკისთვის იმ ბოროტების კეთებაში, რომელსაც ის აკეთებს – ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიმართ მაინც!)
რა ვქნათ? შეიძლება კი ვიპოვოთ რაღაც შთაგონება, მხარდაჭერა საქმობაში, რომელიც იქიდან გამომდინარეობს, რაც ჩვენ ვნახეთ?
დიახ, რა თქმა უნდა შეიძლება, და ეს „რა თქმა უნდა“ ჩემთვის ორ მომენტს ემყარება. ჯერ ერთი, რაღაც ძლიერ შთამაგონებელი რამ თქვა იოანე კრონშტადტელმა დღიურში, სადაც ის თავის შინაგან გამოცდილებაზე გვიამბობს. ის ამბობს, რომ ღმერთი არ გვანებებს, დავინახოთ ბოროტება ჩვენში, თუ დარწმუნებული არ არის, რომ ჩვენი რწმენა , ჩვენი იმედი საკმაოდ მტკიცეა იმისთვის, რომ გაუძლოს ასეთ ხედვას. სანამ ხედავს რომ ჩვენ რწმენა არ გვყოფნის, იმედი არ გვყოფნის, ის გარკვეულწილად უმეცრებაში გვტოვებს; შინაგან წყვდიადში ჩვენ მხოლოდ საფრთხეს ვამჩნევთ, რომელსაც ხელის ცეცებით ვპოულობთ. ხოლო როცა ის ხედავს, რომ ჩვენი რწმენა მტკიცე და ცხოველი გახდა, ჩვენი იმედი კი საკმაოდ მყარი საიმისოდ, რომ გავუძლოთ ამ საზიზღრობას, რომელსაც დავინახავთ, და არ შევტორტმანდეთ, მაშინ ის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, რასაც თვითონ ხედავს, – ოღონდ ჩვენი რწმენის და იმედის ფარგლებში. ამრიგად, , აი , ორმაგი გამოცხადება, საიდანაც გარკვეული სარგებლობის მიღება შეიძლება; პირველი – ეს შიშველი ფაქტია: მე თავი მომთმენი მეგონა, მაგრამ ამ სოფლელმა გოგონამ დამანახა ჩემი მოუთმენლობა, უხეშობა და თავშეუკლავებლობა. მეორე მხრივ, თუ ღმერთმა მე დანახვის საშუალება მომცა, მაშასადამე, მან იცის, რომ ახლა მე მაქვს უნარი ამ პრობლემას გავუმკლავდე, მაშასადამე, მე შემიძლია მოვერიო ცდუნებას და შინაგანად შევიცვალო.
მეორე მომენტი ემყარება წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ არსებითად მთავარია საკუთარ თავს ვხედავდეთ მთლიანობაში, ანუ არა მხოლოდ იმას, რაც ჩვენში მშვენიერია, რაც პასუხობს ჩვენი მარადიული ცხოვრების მოწოდებას, არამედ ყოველივე დანარჩენსაც. რადგან ის, რაც უკვე ეხმიანება ქრისტე ღმერთს, რაც უკვე ღვთის საუფლოს ეკუთვნის, რაღაც გაგებით უკვე აღარ არის ჩვენთვის საინტერესო: მნიშვნელოვანია ყველაფერი დანარჩენი – უდაბნო თუ უღრანი – სამოთხის წალკოტად ვაქციოთ. და თუ აქ სერაფიმეს მიერ მოცემულ სახეს დაცილდებით, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საკუთარი თავი უნდა განვიხილოთ როგორც მასალა, რომელიც ღმერთმა ხელში მოგვცა და რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნების ნიმუში; ისეთი რამ, რაც ჰარმონიის, სილამაზის, ჭეშმარიტების და სიცოცხლის საუფლოში შემადგენელ ნაწილად შევა. ამ გაგებით ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთივე შემართება, ისეთივე ნათელი ხედვა, როგორსაც ხელოვანი ფლობს. ხელოვნების ნიმუში, რომელიც ხელოვანს სურს შექმნას, ორი ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ, ჩანაფიქრით, იმით, რის შექმნასაც ის აპირებს; მეორე მხრივ – მასალით, რომელიც მას ხელთ აქვს. თქვენ იცით, რომ განსხვავებული მასალით ერთნაირ ქმნილებას ვერ შექმნით; თუ თქვენ გსურთ, გააკეთოთ სპილოს ძვლის ჯვარი, ხელში გრანიტს არ აიღებთ; თუ თქვენ გსურთკელტური ჯვრის აგება, არ დაიწყებთ მისი ბერძნული მარმარილოსგან გამოქანდაკებას და ა.შ. -უბრალოდ იმიტომ, რომ რისი გამოსახვაც თქვენ გსურთ, მხოლოდ მოცემული მასალის ფარგლებში შეიძლება გამოისახოს. ამრიგად, თუ თქვენ უიმედოდ და უსასოოდ ჯიუტი არ ხართ (უსასოოდ როგორც ღვთისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც), და ხელთ არ გაქვთ რაღაც ერთი, გარკვეული მასალა, არ დასვამთ კითხვას, „როგორ გავაკეთო მარმალო სპილოს ძვლისგან, ან გრანიტი – ვაზის რქისგან.“ თქვენ უბრალოდ დახედავთ იმ მასალას, რომელიც გაქვთ და იტყვით, „როგორი ხელოვნების ნიმუში შეიძლება შეიქმნას იმისგან, რაც მე ხელში მიჭირავს?“ (რაც სულაც არ შეგიშლით ხელს განახორციელოთ სხვა შთანაფიქრი იმ მასალისგანაც, რომელიც გწადიათ, გქონდეთ).
ასევე უნდა ვიმოქმედოთ ჩვენს შინაგან ცხოვრებაშიც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გონივრული მზერით, გამჭრიახი მზერით, რაც შეიძლება მეტი რეალიზმით, ცხოველი ინტერესით დავაკვირდეთ იმ მასალას, რომელიც ხელში გვიჭირავს, ვინაიდან შენება ჩვენ მხოლოდ ამ მასალისგან შეგვიძლია. თუ თქვენ პეტრე ხართ, მაშინ ანტონი არ ხართ, და რაც უნდა აკეთოთ, ანტონი ვერ გახდებით. რუსები იტყვიან ხოლმე: „განკითხვის დღეს არავინ გკითხავს, იყავი თუ არა წმინდა პეტრე, შენ გკითხავენ, იყავი თუ არა პეტია.“ არავინ ითხოვს თქვენგან იყოთ ის, რაც არ ხართ, მაგრამ მოგეთხოვებათ , იყოთ ის, რაც ხართ. და ეს ძალიან არსებითია: თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ სრულად მასალას, ვერაფერს შექმნით. ნუ გგონიათ, რომ თუ ეცდებით თქვენი ტვინის, თქვენეული აღქმის, ანუ თქვენი ნახევარი ინდივიდუალობის დამკვიდრებას, შეძლებთ ჰარმონიული ადამიანის შექმნას. რაღაც მომენტში აღმოაჩენთ, რომ ვერ შეძელით ამის გაკეთება, მაგრამ მაშინ თქვენ წინაშე იქნება უკვე სიმახინჯე, რაღაც დაუსრულებელი ნაჩორკნი ქანდაკება და ბლომად გამოუყენებელი მასალა- მეტი არაფერი!
სწორედ აქ გმართებთ ვაჟკაცობა და რწმენა. პირველ რიგში, რწმენა იმ გაგებით, როგორც უკვე ვამბობდი, რომ ღმერთი მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რისი ატანაც შეგვიძლია; და ვაჟკაცობა: ჩვენ ხომ სულ არ გვსიამოვნებს მთელი ჩვენი სიმახინჯის ყურება. შეიძლება გახსოვდეთ, რა სიტყვები აღმოხდა სარკესთან მდგომ წმინდა ბიკენტი დე პოლს, შემთხვევით რომ გაიგონა იმ დროს ოთახში შემოსულმა მამამისმა: „ღმერთო, მე ძალიან მახინჯი ვარ ადამიანებისთვის, მაგრამ იქნებ შენ მიმიღო ასეთი? იქნებ ადამიანებისთვის მე ძალიან მახინჯი ვარ, მაგრამ ღმერთისთვის სასურველი, რადგან სხვაგვარად ის არ გამომიხმობდა მყოფობისთვის, არ ჩაიდენდა იმ შემოქმედებით, სარისკო აქტს გავემყოფებინე სწორედ მე – თანაც, არა ხანომკლე დროით, არამედ მარადისობისთვის.“
მეორე მხრივ, თუ ჩვენ გვსურს ადამიანებთან ურთიერობა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალური და არა ცრუმაგიერი პირნი. ჩვენ მაშინ შევძლებთ გააზრებულ, რეალურ ურთიერთობებს, როცა რეალური ვარ მე და რეალურია ჩემ წინ მდგომი ადამიანი. ამ რეალობამ ადამიანი მთლიანად უნდა მოიცვას, არ უნდა დასჯერდეს ნაწილობრივ რეალობას ან რეალობას რაღაც ზღვრამდე.
ამით აი, რისი თქმა მინდა. როცა ბავშვობაში რაღაც დავაშავეთ და დირექტორთან გვიბარებენ ჭკუაზე მოსაყვანად, ჩვენ მასში მხოლოდ დირექტორს ვხედავთ. აქ ადამიანი კი არ არის, არამედ დირექტორია, პოლიციელი, ჩინოვნიკი, პროკურორი, ექიმი. ჩვენ თავში აზრადაც კი არ მოგვდის, რომ მასში კიდევ ვიღაც არის. ევტუშენკოს აქვს ძალიან ძლიერი ლექსი, სადაც ის აღწერს მასწავლებელს, როგორსაც მას მოწაფე ხედავს. მოწაფე მას აკვირდება და ფიქრობს: რა დაემართა დღეს? დღეს რაღაც უცნაურია! ის მათემატიკის მასწავლებელია და მიმატებაში უკვე ორი შეცდომა დაუშვა… ახლა ცარცი გაუტყდა, გაჩერდა და დაფაზე ყველაფერი წაშალა, თუმცა გვითხრა, გადაიწერეთო, – და ა.შ. ლექსის ბოლოს ჩვენ ვხედავთ მასწავლებელს, რომელიც უპალყოოდ და უქუდოდ გადის გარეთ; და უკანასკნელი ფრაზა: „პროფესორი ცოლმა დატოვა.“ აი, სიტუაცია სხვის მიმართ და სიტუაცია, რომელშიც სხვებს ვაყენებთ ჩვენ მიმართ. სანამ ამას არ შევცვლით, ჩვენ რეალურნი არ ვიქნებით, რეალური არ იქნებიან არც სხვები. შეუძლებელია შეხვდე არსების ჩრდილს ან იმას, ვინც იმ ინდივიდზე ნაკლებია, რომელსაც მაინც აქვს რაღაც რეალური, თუნდაც ეს რეალობა ავადმყოფური იყოს, ჩაკეტილი, ყოველგვარ სიფართოვეს მოკლებული. ასევეა ღმერთის მიმართაც, ისევე როგორც ადამიანების მიმართ, რადგან თუ ჩვენ მხოლოდ მასწავლებელს ვხედავთ და არა ადამიანს, ღმერთთან მისვლისას ჩვენ ხშირად მასზე ნაწყვეტ-ნაწყვეტ აზრებს, რაღაც გაგებებს ვაგროვებთ და სალოცავად ვდგებით არა ცოცხალი ღმერთის წინაშე, არამედ კერპის წინაშე, ღმერთის შესახებ იმ სახეებისა და ცნობებისგან რომ ავაწყეთ, რომლებიც იმდენად არის უტყუარი, რამდენადაც თითოეული სახე და ცნება შეესაბამება რაღაცას ღმერთში, მაგრამ რომლებიც წინ გვეღობება იმ მომენტში, როცა საკუთარ თავს ვეუბნებით: აი, ღმერთი.
სულ სხვაა პიროვნებისადმი დამოკიდებულება. წეღან გითხარით, რომ აქ სულ სხვა პრობლემაა: საქმე ის კი არ არის, საკუთარ თავს ვხედავდეთ როგორც პიროვნებას, – ჩვენ ხომ ეს არ შეგვიძლია. პიროვნება – ის არის, რაც ჩვენ მოწოდებით უნდა გავხდეთ იმ ინდივიდის გადალახვით , რომელსაც ემპირიულად ვხედავთ ჩვენში. პიროვნება მხოლოდ მასში შეიძლება გაიხსნას, ვინც ის იცის, ანუ ღმერთში. გარედან პიროვნება ინდივიდად ჩანს. და აი, ანალოგია, ომელიც მინდა გაჩვენოთ: ჩვენ- ვართ ოსტატის ნახატი, რომელიც საუკუნიდან საუკუნემდე ახლდებოდა , სანამ ისე არ გადასხვაფერდა , რომ ვეღარ იცნობ. ჩვენ ღმერთის ხატის კარიკატურა გავხდით. თუ ნახატს მცოდნეს აჩვენებთ, ის ყურადღებით დაათვალიერებს და იტყვის: ამ პორტრეტში წარბი, სახის ნაწილი ნამდვილად ოსტატის ხელს ეკუთვნის, სხვა დანარჩენი-არა. მაშინ ამ წარბის – ტექნიკის, საღებავების, მისი შემქმნელი ფუნჯის სრულყოფილი მოძრაობის შესწავლისას, – შეეცადეთ ნელ-ნელა ჩამოხსნათ ყველა ეს ფენა. როცა ერთ ფენას მოვხსნით, ვიტყვით: ეს უფრო ღრმაა, ვიდრე წინა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ოსტატის ხელი; ეს წანასმი ყალბია წარბის ამ შტრიხთან შედარებით, იმ ფერთა გამასთან შედარებით, რომელიც უეჭველად ოსტატს ეკუთვნის… და ასე, თანდათან, ჩვენ ვახერხებთ ნახატის გაწმენდას, ვუბრუნდებით დაგროვილი დამახინჯებებისგან განთავისუფლებულ პირველსახეს.
და, სწორედ ასე უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ თავზე. მაგრამ როგორ? პავლე მოციქული გვირჩევს, ვიპოვოთ ჩვენი თავი ქრისტეში და ვიპოვოთ ქრისტე ჩვენში. ასეთი სახით ეს შეიძლება გამოწვევადაც კი მოგეჩვენოთ: როგორ ვიპოვო ქრისტე იქ, სადაც სრულიად ნათელია, ის არ არის, რადგან მთლიანად დაფარულია დამამახინჯებელი ფენების ქვეშ? მე შემიძლია მოგცეთ მარტივი რჩევა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ და რომელიც, ვფიქრობ, ნაყოფს გამოიღებს. როცა თქვენ ბიბლიას კითხულობთ, განსაკუთრებით სახარებას, თუ თქვენ პატიოსანნი ხართ და ავიდანვე ღვთისმოსავ პოზაში არ ჩადგებით, ნუ იტყვით: ყველაფერი , რასაც აქ ვნახავ, – სიმართლეა, რადგან ამას ღმერთი ამბობს და მე ყველაფერი უნდა მოვიწონო და დავიცვა, ვინაიდან ასე მე სწორ პოზიციას დავიჭერ განკითხვის დღის მოლოდინში, – თუ თქვენ უბრალოდ გულრფელნი ხართ საკუთარი თავის წინაშ, თქვენ დაინახავთ, რომ სახარებაში სამგვარი რამ არის. ერთი ჩვენ მაინცდამაინც არ გვაღელვებს, და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ადვილად ვთქვათ: რადგან ღმერთი ასე ამბობს, მაშასადამე ასეა… და ჩვენ ეს არანაირად არ გვაწუხებს, რადგან ვერ ვხედავთ, რომ ეს სიტყვები რამდენადმდე ეხებოდეს ჩვენ ცხოვრებას, და ამიტომ არ უქმნის არავითარ საფრთხეს ჩვენს ეგოისტურ კომფორტს და ჩვენს უარს, მივსდიოთ სახარებას.
არის სხვა ადგილები, და თუ ჩვენ მართლა გულწრფელნი ვართ, ვიტყვით: არა, მე ამას არ ვიზამ… მე მყავს პატიოსანი მრევლთაგანი, ქალი. ერთხელ, როცა წავიკითხე ლექცია ნეტარების მცნებების შესახებ, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: მეუფე, თუ თქვენ ამას ნეტარებას უწოდებთ, თქვენთვის დაიტოვეთ. მშიერი ვიყო, მციოდეს, მიტოვებული ვიყო, დევნილი ვიყო – არა… აი ასე, თუ თქვენ გაქვთ მისი პატიოსნების მეოთხედი მაინც, თქვენ სახარების სამ მეოთხედს უარყოფთ – და ნუ გგონიათ, რომ მე პესიმისტი ვარ.
ავიღოთ მაგალითი: ქრისტეს სახით ჩვენ ვხედავთ ღმერთს, მოწყვლადს,მ დაუცველს, დამარცხებულს და ამიტომ აბუჩად აგდებულს. ასეთი ღმერთის ყოლა საკმაოდ არასასიამოვნოა! მაგრამ, როცა ის თანაც გვეუბნება: მე მაგალითი მოგეცით, მომბაძეთო, მაშინ ნამდვილად შეიძლება თქვათ „არა“. კიდეც თქვით. მაგრამ ჩვენ მთლად შავები ხომ არ ვართ, და თუ თქვენ ორივე მხარეს პატიოსანი ხართ, ანუ თუ თქვენ სახარების მიზიდულობისგან თავს იცავთ იმის ამო, რომ ის თქვენთვის სახიფათოა, თქვენ დაინახავთ, რომ არის სახარებაში ერთი-ორი ადგილი, სამი ფრაზა, რომელიც ტვინს აბრწყინებს, გულში ცეცხლი გენთებათ, ნება იქცა წადილად მისდიოს სიტყვას, შთაგონებას, იმიტომ რომ ის ისე მშვენიერია, ისე ჭეშმარიტი, ისე სრულყოფილი და ისე ემთხვევა თქვენში იმას, რაც ყველაფერზე ღრმაა; თვით თქვენი სხეული მიისწრაფის ამ გზით. მოინიშნეთ ის ადგილები, რა იშვიათობაც არ უნდა იყოს ის ადგილები, სადაც თქვენი აზრი უკვე დაემთხვევა ქრისტესას, სადაც წანასმებით დაფარულ პორტრეტში თქვენ აღმოაჩენთ ოსტატის ხელს, პირველსახის ფერთა კუნძულებს. და მაშინ ერთი რამ გახსოვდეთ: ამ ფრაზაში ან ამ სახარებისეულ სახეში ერთდროულად ხართ გამოცხადებული თქვენც და ქრისტეც; და როგორც კი ამ აღმოჩენას გააკეთებთ , თქვენთვის საჭირო აღარ არის ებრძოლოთ თქვენ ბუნებას, იმისთვის რომ უფრო დაუხალოვდეთ სახარების სულს; საკმარისია მიყვეთ თქვენს ბუნებას, ოღონდ ნამდვილ ბუნებას, არა ყალბს, მოტანილ სახეს, არამედ იმ თვისებებს, რომლებიც ოსტატის ხელით არის დაწერილი. საქმე ის კი არ არის, ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ აკეთოთ, რისი გაკეთებაც გინდათ (ქრისტიანები ამას ხშირად ”მაღალზნეობრიობას“ უწოდებენ: რაც უფრო მეტად მინდა ამის გაკეთება, მით უფრო ზნეობრივია არ გავაკეთო), არამედ ის, რომ ვთქვათ: აი ერთი-ორი პუნქტი, რომელშიც მე აღმოვაჩინე, თუ რა არის ჩემში ყველაზე ნამდვილი. მე მსურს, ყველაზე ჭეშმარიტი სახით ვიყო ის, რაც ვარ… ასე ქენით და როცა ამას ყურადღებით გააკეთებთ, სიხაულით ეცდებით, იყოთ და სულ უფრო მეტად გახდეთ ის, რაც ხართ, მაშინ დაინახავთ , როგორ გამოჩნდება მეორე ნათელი წერტილი, იმ სიტყვების მსგავსი, ახლობელი ადგილი, რომელმაც ასე გაგაოცათ. თანდათან პორტრეტი სუფთავდება, გამოჩნდება ერთი ხაზი, მეორე ფერადოვანი წერტილი…. და მთელი სახარება დაგიპყრობთ, ოღონდ არა როგორც საოკუპაციო ჯარი, რომელიც ძალით გიპრობთ, არამედ გამათავისუფლებელი ქმედებებით, რომლის შედეგაც თქვენ უფრო და უფრო ხდებით ის, რაც ხართ. და თქვენ აღმოაჩენთ, რომ იყო ის რაც ხარ, ნიშნავს იყო იმის დარი, ვინც მოისურვა ყოფილიყო შენი დარი იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით და შევცვლილიყავით.
ამრიგად, აი თვითშემეცნების ორი განსხვავებული ,მაგრამ კორელაციური გზა: შემეცნება მეობის-ინდივიდისა, რომელიც თავს იმკვიდრებს, თავს უპირისპირებს, რომელიც უარყოფს და განდევნის სხვას; იმ მეობისა, რომელსაც არ სურს თავი ისეთად დაინახოს, როგორიც არის, რადგან რცხვენია და ეშინია თავისი სიმახინჯის; იმ მეობის, რომელსაც არასდროს სურს იყოს რეალური, რადგან იყო რეალური, ნიშნავს წარდგე ღმერთისა და ადამიანთა სამსჯავროს წინაშე; იმ მეობის, რომელსაც არ სურს გაიგოს რას ლაპარაკობენ მასზე ადამიანები, მით უმეტეს – რას ამბობს მასზე ღმერთი, ღმერთის სიტყვა. და მეორე მხრივ – პიროვნება, რომელიც თვითკმაყოფილებას, თავის სრულყოფილებას და თავის სიხარულს მხოლოდ თავისი პირველსახის გახსნით პოულობს, იმ სრულყოფილი სახის გახსნით, რაც არის. სახით, რომელიც თავისუფლდება, იფურჩქნება, იხსნება – ანუ სულ უფრო ვლინდება – და ამით სულ უფრო მეტად აქრობს ინდივიდს, სანამ მისგან არაფერი ურთიერთგამომრიცხავი, არაფერი თვითდამამკვიდრებელი არ დარჩება, არამედ დარჩება მხოლოდ პიროვნება -სახე (ჰიპოსტასი), რომელიც არის ურთიერთობა. პიროვნება – რომელიც ყოველთვის იყო მხოლოდ სიყვარულის მდგომარეობა იმისა, ვისაც უყვარს და იმისა, ვინც უყვართ, – ინდივიდის ტყვეობიდან თავისუფლდება და კვლავ შედის იმ ჰარმონიაში, ღვთიური სიყვარული რომ ჰქვია , ის სიყვარული, რომელიც გვასულდმულებს და გვათბობს ღვთიური ნათების მადლით.
/ წიგნიდან „ადამიანი ღვთის წინაშე“ . „სიესტა“. თბილისი. 2009წ. წიგნი რუსულიდან თარგმნა ნ. გუარაბანიძე-ქადაგიძემ (დ. ოკერიას, ა.ჟანიას, ნ . დოლიძის და მ . წულუკიძის თანამონაწილეობით) /








